ნიკა შენგელია: „კიდევ ერთი „ლოქდაუნი“ საქართველოს ეკონომიკას ჩამოშლის“
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი ყოველდღიურად ფიქსირდება. პროგნოზის მიხედვით ნოემბრის შუა რიცხვებში შესაძლოა, დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს მიაღწიოს.
რა საფრთხეები ელოდება საქართველოს ეკონომიკას მორიგი „ლოქდაუნის“ გამოცხადების შემთხვევაში? უნდა ველოდოთ თუ არა პროდუქტებზე ფასების ზრდას? რა გავლენას ახდენს საქართველოზე რეგიონში მიმდინარე მოვლენები ეკონომიკური თვალსაზრისით?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ეკონომისტ ნიკა შენგელიას ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, ჯერ კიდევ ვირუსის გავრცელების საწყისს ეტაპზე ეკონომისტები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლებას ე. წ. შვედური მოდელი უნდა აერჩია, რათა ეკონომიკაზე სრული „ლოქდაუნი“ უარყოფითად არ ასახულიყო. ამ გადმოსახედიდან რამდენად ეფექტიანი იყო ხელისუფლების პოლიტიკა?
_ ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები მაშინაც არასწორი იყო, როდესაც სრული „ლოქდაუნი“ გამოაცხადეს და აღდგომის პერიოდში ის ორი კვირა საერთოდ გააჩერეს სიცოცხლე. ჩვენ მაშინვე გამოვთქვით მოსაზრება, რომ ეს კატასტროფამდე მიიყვანდა ეკონომიკას და მართლაც, მაშინ ეკონომიკური ვარდნა თითქმის 18%-მდე იყო. ხოლო რასაც ანტიკრიზისულ გეგმას უწოდებდნენ, ეს ნამდვილად არ იყო ანტიკრიზისული გეგმა. ჯერ კიდევ არ დასრულებულა პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და როგორც 6 თვის წინ ვთქვით, კრიზისი შემოდგომიდან დაიწყებოდა და ასეც მოხდა. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი ექსპერტების აზრს ჩვენი მთავრობა ყურადღებას არ აქცევს. მას ჰყავს თავისი ექსპერტები, რომლებიც საკუთარ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილები და ერთმანეთს უკრავენ ტაშს და ხოტბას ასხამენ. ფაქტობრივად, ყველა ის პროგნოზი, რომელიც 6 თვის წინ დავდეთ, გამართლდა. მთავრობის დაპირება, რომ 9 პროდუქტზე არ გაძვირდებოდა ფასი და პურის ფქვილის ფასი 51 ლარი შენარჩუნდებოდა, არ შესრულდა. ამასთანვე, დღგ-ს დაბრუნება მხოლოდ იმ კომპანიებმა მოახერხეს, რომლებიც ხელმწიფის ნავში სხედან.
ყველაზე მნიშვნელოვანი: უმუშევრებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება, რომელიც 400 000 ათასამდე ადამიანზე იყო გათვლილი, მხოლოდ მეოთხედმა მიიღო, დანარჩენი დახმარების გარეშე დატოვეს.
_ გაზაფხულზე მთავრობის არგუმენტი იყო, რომ მათ პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლეს მიანიჭეს და არა _ ეკონომიკას. შესაძლებელი იყო თუ არა ისე ემოქმედათ, რომ პარალელურად, ეკონომიკური სტაბილურობაც შეგვენარჩუნებინა?
_ თუ მთავრობის პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე იყო, რით აიხსნება ის, რომ 8 თვის თავზე ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელია ყოველდღიურად?! ვხედავთ, რომ ვერც „ლოქდაუნმა“ გაამართლა და ხელისუფლება ვერც იმით იწონებს თავს, რომ ნაკლები ინფიცირებული გვყავს და ასევე ვერც ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. ფაქტობრივად, არ გამართლდა ხელისუფლების ე. წ ანტიკრიზისული გეგმა და არც ერთი ის ნაბიჯი, რასაც დღემდე დგამს, არ არის ეკონომიკის გამაჯანსაღებელი და გამაძლიერებელი ღონისძიება. მთავრობის მიერ განხორციელებულ გეგმებში განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ. ბოლო პერიოდშიც გამოაქვეყნეს სამოქმედო გეგმა და პროექტები. მთავარია, როგორ შესრულდება ეს ყველაფერი და როგორ იმუშავებს ის საგრანტო ფონდი, რომელიც 300-მილიონიანია და, ჩემი აზრით, ძალიან მცირე. ეს ფონდი 1 მილიარდის ფარგლებში უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის პროექტებშიც, მინიმუმ, 800 მილიონი უნდა იყოს გათვლილი. ამ ნაწილში კი ყველაზე მთავარია, ვინ განკარგავს ამ თანხებს და ვინ გადაწყვეტს, თუ ვისზე უნდა გაიცეს ეს გრანტები და ვისი პროექტები დამტკიცდეს. თუ სისტემაში მომუშავე ნეპოტიზმით დანიშნული კადრებით აპირებენ ამ პროექტების მომსახურებას, ეს შედეგს ნამდვილად ვერ მოიტანს, რადგან „აწარმოე საქართველოს“ და სხვა პროექტებით ყოველთვის სარგებლობდნენ სახელმწიფო ჩინოვნიკებთან დაახლოებული პირები და მათი ნათესავები, _ ეს თემა ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ძაღლის თავი დამარხულია არაკომპეტენტურობასა და ნეპოტიზმში, ამიტომ ვართ ამ უბედურებაში, როცა ეკონომიკა იზრდება იმ ვალების ხარჯზე, რომელსაც სახელმწიფო 2013 წლიდან იღებს.
_ საგარეო ვალი ახსენეთ, რომელიც პანდემიის პირობებში საგრძნობლად გაიზარდა და 20 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რა კითხვები ჩდება ამ ნაწილში მთავრობასთან მიმართებით?
_ სად დაიხარჯა პანდემიის პერიოდში აღებული ვალი? _ ეს არის მთავარი შეკითხვა. საზოგადოებისთვის უცნობია, სად დაიხარჯა ეს თანხა. სასტუმროებში, რომლებშიც საქართველოში შემოსული ქართველები თვითიზოლაციის პერიოდს ატარებდნენ, არარაციონალურად იხარჯება თანხები. როგორც ვიცით, კარანტინში 12 დღეს ატარებენ და მათთვის 1500 ლარამდეა გამოყოფილი, რაც ბადებს ეჭვს, რომ სასტუმროების მეპატრონეებთან გარკვეული გარიგებებია „ატკატების“ სახით. მაშინ, როცა შესაძლებელია საქართველოში შემოსულ ჩვენს მოქალაქეებს სწრაფი ტესტები ჩაუტარონ, რომელიც, დაახლოებით, 6 დოლარამდე ღირს, რა საჭიროა 12-დღიანი კარანტინი, რომელიც ძალიან ძვირი უჯდება მთავრობას?! ჩემთვის ძალიან გამაოგნებელია ამ ნაწილში ხელისუფლების მიდგომა, ფაქტობრივად, არ ვიცით, ბოლო 5 მილიარდი ლარი რაში დაიხარჯა! ერთადერთი, რაც გავიგეთ არის ის, რომ მილიარდ 600 მილიონი ისევ საბანკო დეპოზიტებზე განათავსა მთავრობამ და იქცა სამევახშეო კაპიტალად. როდესაც მოსახლეობას არ აქვს ფული, პროდუქციასა და ელემენტარულ საყოფაცხოვრებო მომსახურებას ვერ ყიდულობს, ეს ეკონომიკისთვის გაცილებით უფრო დამანგრეველია. სამომავლოდ, გაიზრდება გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ჯერ პოსტკრიზისული პერიოდი ნამდვილად არ დამდგარა, ამ დროს კი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდი თავს იწონებს მსოფლიოს სავალუტო ფონდის პროგნოზით, რომ გაისად 5%-იანი ზრდა იქნება. ეს პროგნოზები საპნის ბუშტივით არის.
_ მაშინ, როცა კორონავირუსის სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს, გაძვირდება თუ არა ფასები პროდუქტებზე? პროგნოზი მესმის, რომ რთულია, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით რომ ვიმსჯელოთ, რა გველის ამ კუთხით?
_ ჩათვალეთ, რომ ეს თითქმის 100%-იანი პროგნოზია. მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე ხორბლის, სიმინდის, სოიის ფასებმა მაქსიმუმს მიაღწია. უკრაინამ, რომელიც ხორბლის ბეღლად მიიჩნევა, პროგნოზირებულზე ნაკლები მოსავალი მიიღო, აქედან გამომდინარე, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იანვრის ბოლოდან პურპროდუქტებზე ფასები გაიზრდება. გაზრდილი სიმინდის ფასი კი, შესაბამისად, ხორცპოდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს. თებერვლიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, პროდუქტებზე ფასები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის. რამდენად მოახერხებს მთავრობა ამის სუფსიდირებას ეს სხვა საკითხია. გაზრდილი სიმინდის ფასი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ირიბად ასევე მოქმედებს ბენზინის ფასზე, რადგანაც სიმინდი არის პროდუქტი, რომლისგანაც მიიღებენ მეთანოლს და ეს უკანასკნელი ტექნოლოგიურად ესაჭიროება ხარისხიანი ბენზინის წარმოებას. ამიტომ მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპეკის ქვეყნები ნოემბერში, ბენზინის ფასიც მსოფლიო ბაზარზე, სავარაუდოდ, მაღალი იქნება.
_ თქვენ ახსენეთ სუბსიდირება. მოახერხებს მთავრობა ამ მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას, ამის რესურსი არსებობს?
_ ჯერ კიდევ 21 მარტს მთავრობას მოვუწოდეთ, რომ მაქსიმალურად დახმარებოდნენ რეგიონებში სოფლის მეურნეობის კუთხით, ანუ დახმარებოდნენ უშუალოდ გლეხებს, რომლებსაც სურდათ ტექნიკის შეძენა თავიანთი ტერიტორიის დასამუშავებლად (საუბარია მცირეგაბარიტიან ორთვლიან ხელით სამართავ ტრაქტორებზე), რათა მოეყვანათ მეტი ერთწლიანი კულტურა, სიმინდი, ლობიო დაემუშავებინათ შედარებით მეტი საბოსტნე ადგილები და ა. შ. მთავრობამ ჩვენი რჩევა არ გაითვალისწინა და ერთწლიან კულტურებთან დაკავშირებით სოფლის მოსახლეობას არანაირი რეალური დახმარება არ მიუღია. სოფლის მეურნეობის პროგრამები აამუშავეს 20 მაისის შემდეგ, რაც დროში დაგვიანებული გახლდათ. სწორედ ამას ვიმკით დღეს ჩვენ. საქართველოში მოყვანილი სოფლის აგრარული კულტურები უკვე მილევად რეჟიმშია, ძვირდება, დახლზე კი უკვე გვხვდება თურქეთიდან იმპორტირებული გაძვირებული საქონელი. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, გლეხებისთვის შეეწყოთ ხელი და ისეთ მოსავალი ყოფილიყო, რომ მარაგი დეკემბრის ბოლომდე არ ამოწურულიყო, რათა შედარებით დაბალი ფასები შეგვენარჩუნებინა. მთავრობამ არასწორად იმოქმედა მაისში, როცა, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 20 მაისიდან აამოქმედეს სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამები. და როცა ვრეკავდით ინფორმაციის მისაღებად, ინსტრუქციებიც არ ჰქონდათ, რა კრიტერიუმებით უნდა გაეცათ. ახლა მნიშვნელოვანია, ის პროექტები, რაც აქვთ, მაქსიმალურად აამოქმედონ რეგიონებში მოსახლეობაზე და არა თავიანთ ნათესავებზე. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ამ პროცესებში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთოთ და მათი დაკვირვების ქვეშ სამართლიანად გადაენაწილებინათ ეს დახმარებები პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის.
_ თქვენ ახსენეთ მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამები და პროექტები. იმ შემთხვევაში, თუ ეს წარმატებით განხორციელდა, რა კუთხით აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე?
_ ეს პროექტები მაქსიმალურად რომ განხორციელდეს და 2021 წლის ბიუჯეტი სამართლიანად აითვისონ, ეს შედეგს მოიტანს, დაახლოებით, 2 წლის შემდეგ. მთავრობას ხელს არავინ უშლიდა, როცა ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მეორე წლიდანვე დაეწყო ასეთი ტიპის პროექტები. მოგეხსენებათ, როდესაც დაიწყო პროექტი „აწარმოე საქართველოში“, მისი ბიუჯეტი 50 მილიონი ლარი გახლდათ, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ძირითადად, ეს თანხები კახეთზე გაიცა, გაშენდა ვაზის, ატმისა და თხილის ბაღები, წლების შემდეგ კი გვაქვს შედეგი, წელს ატამიც და თხილიც ბევრი გავიდა საზღვარგარეთ. ანუ სადაც იმუშავეს, იმ მიმართულებით გარკვეული შედეგები აქვთ. ვფიქრობ, რომ „აწარმოე საქართველოს“ ბევრად მეტი დაფინანსება უნდა ჰქონოდა _ არა 50 მილიონი, არამედ 500 მილიონი, რასთან დაკავშირებითაც ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, მაგრამ _ ამაოდ. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს, გაშენდეს ბაღები და, შესაბამისად, ხილი გავიდეს ექსპორტზე. დღევანდელ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ექსპორტზე პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, მეორეზე _ რუსეთი. აზერბაიჯანი პირველ ადგილზე ავტომობილების ექსპორტის ხარჯზეა, თუმცა ავტომობილების ექსპორტი ბიუჯეტში, ფაქტობრივად, არაფერს ტოვებს, მცირედი თანხაა, რასაც გასაფორმებლად სააგენტოში იხდიან. რეალურად, ექსპორტის თვალსაზრისით, რუსეთი პირველ ადგილზეა. ამიტომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა, რომ ექსპორტი გაიზარდოს. სამთავრობო ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ახლა ხელი უნდა შევუწყოთ ექსპორტის გაზრდის პოლიტიკას, რაც თავისთავად ჩაანაცვლებს იმპორტსო. მე მინდა მკითხველს ავუხსნა, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი. დავუშვათ, იმისთვის, რომ თქვენ ექსპორტის დონის პროდუქცია მოიყვანოთ, ეს იქნება ბადრიჯანი, ბულგარული თუ სხვა სასოფლო აგრარული პროდუქტი, იგი სათბურში უნდა გამოიყვანოთ შესაბამისი ტექნოლოგიებით. ეს იმდენად ძვირი ჯდება, რომ, ფაქტობრივად, იმპორტირებული პროდუქციის ფასს უტოლდება. საქართველოში ახალი ტექნოლოგიებით მოყვანილი პროდუქცია ფასებით ვერ გაუწევს კონკურენციას თურქეთში მოყვანილ ანალოგიურ პროდუქციას. ამიტომ ვერ დავეთანხმები ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომ ადგილობრივი იმპოტრშემცვლელი პროდუქცია მოძველებულია და საჭიროა მხოლოდ ექსპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოება. იმპორტშემცვლელი პროდუქცია შეიძლება ვიზუალურად არ იყოს ისეთი მიმზიდველი, როგორიც იმპორტირებული პროდუქცია ან საექსპორტოდ ადგილზე შექმნილი პროდუქტი, მაგრამ გენმოდიფიცირულობის მხრივ და გემოს თვალსაზრისით უკეთესი იქნება და შედარებით იაფიც ადგილობრივი ბაზრისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განვავითაროთ ამ კუთხით სასათბურე მეურნეობა. უბრალოდ, ვამბობთ იმას, რომ ამის პარალელურად გლეხობას საშუალება უნდა მივცეთ და დავეხმაროთ იმპორტშემცვლელი პროდუქციის მოყვანაში.
_ ამ ყველაფრის პარალელურად, მცირდება ხელფასების რაოდენობა, უმუშევრთა კი _ იზრდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კიდევ ერთ „ლოქდაუნს“ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რა კუთხით აისახება ეს ეკონომიკაზე?
_ გაზაფხულზე ოქტომბრის მეორე ტალღაზე ვწუხდით და ჩვენი შიში გამართლდა. თუ „ლოქდაუნს“ გამოვაცხადებთ, ეს ეკონომიკისთვის სრული კატასტროფა იქნება. ანუ ჩვენი პროგნოზი, რომ საქართველოს ეკონომიკა 5-დან 7%-მდე დავარდებოდა, შესრულდება. მთავრობას ამ კუთხით ოპტიმისტური პროგნოზი აქვს, რომ ეკონომიკური ვარდნა 4.9%-მდე იქნება, მე კი მინდა მათ ვუთხრა, რომ მხოლოდ 1-2 ქვეყანა თუ მოახერხებს იმას, რომ 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდეს 2019 წლის თავის მაჩვენებელს. თუმცა სავალუტო ფონდმა 5%-იანი ზრდა გვიწინასწარმეტყველა, რომელიც ვერ შესრულდება, რადგან დღევანდელი მოცემულობით და იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, ეს შეუძლებელია. უმუშევართა რიცხვი იმაზე გაცილებით მეტია, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ძალიან დამახინჯებულია მონაცემები. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 12%-ია, ეს სრული სიყალბეა, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მეტია. რეალობასთან ასეთი აცდენა იმით არის განპირობებული, რომ თუ, მაგალითად, ადამიანი თევზაობს, ქათამი ან გოჭი დაურბის ეზოში, მეზობელს მიეხმარა საქმეში და სადილი აჭამა და სხვა _ დასაქმებულად ითვლება. სწორედ ამ მეთოდოლოგიით სარგებლობენ და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. დასაქმების მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, 8 წლის განმავლობაში ვერ გადაწყდა ისეთი მტკივნეული პრობლემები, როგორიც არის უმუშევრობა, ფასების ზრდა და ვალუტის კურსი. რაც შეეხება „ლოქდაუნს“, არსებობს ვარაუდი, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში ხელისუფლებამ ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ჯერ კიდევ ივლისში გავაკეთე განცხადება, რომ სექტემბრიდან მთავრობა შეზღუდვებსა და ჩაკეტვებზე დაიწყებდა ფიქრს. მაშინ ძირითად ფაქტორად აღებული იყო ის გათვლა, რომ მსოფლიო მასშტაბით მეორე ტალღა დაიწყებოდა, ამას მოყვებოდა კვლავ უმუშევართა ზრდა, ერთობლივი მოთხოვნის შემცირება და დღის წესრიგში დადგებდა მოსახლეობისთვის თანხების დარიგება. ამისთვის კი ახალი სესხები და დახმარებები გახდებოდა საჭირო. აღნიშნული დახმარება რომ მიიღოს მთავრობამ და ბანკებიც დაავალდებულოს, შეღავათებზე წავიდეს მსესხებლებთან, ამისთვის საჭიროა „ლოქდაუნები“ და შეზღუდვები. დღევანდელი გადმოსახედიდან ამას რომ დავამატოთ საარჩევნო პროცესი, დარწმუნებული ვარ, ნოემბერში მთავრობა აუცილებლად დაიწყებს შეზღუდვებს, შეიძლება გააჩეროს ტრანსპორტი, მეტრო, რაც ირიბად ნიშნავს სამსახურების გაჩერებას. ონლაინრეჟიმზე გადავა სწავლის პროცესი. მხოლოდ ვაჭრობის სერვისი, მშენებლობა და პროდუქციის შექმნა ონლაინ რეჟიმში ნამდვილად ვერ იმუშავებს. ამიტომ შესაძლოა, ხელისუფლებამ საფრანგეთის მაგალითი გამოიყენოს, სადაც დაკეტეს კაფეები, სასკოლო დაწესებულებები, თუმცა ქარხნები არ დაუკეტავთ, მიუხედავად კოვიდინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებლისა. მათ იციან, რომ ქარხნების დაკეტვა უკიდურესად უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან ქარხნების გუგუნი ნაკლებადაა იმ გაგებით, რასაც ქარხანა ჰქვია. მრეწველობის მხრივ ძალიან სუსტად განვითარებულები ვართ. ჩვენი ეკონომიკა, რომელშიც მოსახლეობა მასობრივად იყო ჩართული, ტურიზმის სექტორი გახლდათ. მთავრობამ წლების მანძილზე ეკონომიკა, ძირითადად, ტურიზმის სფეროს ჩამოჰკიდა მხრებზე, ვალუტის კურსი კი _ ემიგრანტების შრომას. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და ახლაც იგივეს ვიმეორებთ, რომ 2-3 წელიწადი კიდევ ტურიზმის სრული დატვირთვის ამოქმედების იმედი არ უნდა გვქონდეს.
_ მთავრობა ბოლო თვეების განმავლობაში ტურიზმის სექტორისთვის მოლოდინებს ქმნიდა, გვპირდებოდა, რომ ფრენებს გახსნიდა, ჯერ ივლისიდან შემდეგ აგვისტოდან, ოქტომბრიდან და ახლა აცხადებენ, რომ ნოემბერში გახსნიან ფრენებს. ამ დაპირებების ფონზე ტურისტულ სფეროში დასაქმებულებმა ვალების საშუალებით შეინარჩუნეს ნაქირავები ფართები, მაისამდე კი გადაუვადეს გადასახადები ფართების მეპატრონეებმა, მაგრამ შემდეგ მოუწიათ გადახდა. ფაქტობრივად, მთავრობამ ეს ხალხი გადააგდო.
_ კიდევ რომ გამოცხადდეს „ლოქდაუნი“, ეს ჩამოშლის ეკონომიკას. თუ ნოემბერში გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას, არ გამოვრიცავ, რომ ნოემბრისა და დეკემბრის ეკონომიკური ზრდა თუ იქნა, „ლოქდაუნი“ 14%-მდე კვლავ ჩამოაგდებს.
ამ ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია ის მდგომარეობა, რაც ჩვენს რეგიონშია, ვგულისხმობ სომხეთ-აზერბაიჯანის ომს. არის ნიშნები, რომ შესაძლოა, ირანიც ჩაერთოს პროცესებში. აქედან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში არასატაბილური სიტუაციაა. ყველაფერი კარგად რომც დამთავრდეს, ინვესტიციების კუთხით მაინც რთული მდგომარეობა გვექნება, რადგან რეგიონშია ზოგადად პრობლემები. ამ ნაწილში პოლიტიკური თვალსაზრისით გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც. თუ ჩვენს მთავრობას რეალურად სურს გვიჩვენოს, რომ მოსახლეობაზე, ზრუნავს, პირველ რიგში, პრობლემური სესხების საკითხი უნდა მოაგვაროს. კერძოდ, უზრუნველყოს საბანკო საკითხები ისე, რომ ვადაგადაცილებულ საბანკო სესხებზე, რომლის მომსახურებაც არ შეუძლია მოსახლეობას, შეწყდეს ჯარიმებისა და პროცენტების დარიცხვა (შეგახსენებთ: ასეთი სესხების უმრავლესობა არის წლიური 36%-იანი!!!). დაფიქსირდეს დავალიანება და მიეცეს მოვალეებს საშუალება, „დაფიქსირებული“ დავალიანება დაფაროს გრაფიკით, რომელიც გადანაწილდება ხანგრძლივი დროის პერიოდზე შეთანხმებისამებრ.
ექსპერტები აღნიშნავენ ეროვნულ მეურნეობაში პოზიტიური ტენდენციების გაძლიერებასა და ეკონომიკის მდგრადობას. ამის დასტურად მშპ-ს ზრდას ასახელებენ, ანუ თუ აპრილში შემცირდა 16.6%-ით, ივნისში _ 7.7%-ით, აგვისტოში _ 5.3%-ით და ა. შ. ციფრებით, რა თქმა უნდა, ვარდნა შეჩერებულია და ზრდა შეინიშნება.
მინდა, მოსახლეობას შევახსენო რომ ჩვენთან ციფრების ეკონომიკის გარდა არსებობს რეალური ეკონომიკა. ისინი ერთმანეთისგან თითქმის რადიკალურად განსხვავებული არიან. მშპ-ს ზრდა კარგა ხანია, არ ასახავს პირდაპირპროპორციულად მოსახლეობის კეთილდღეობას.
ამ უკანასკნელის განსასაზღვრად უკეთესი საზომია შრომის მწარმოებლურობა, რომელიც ნიშნავს დროის კარკვეულ ერთეულში თუნდაც საათში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების რაოდენობას. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ნუმბეოს ინდექსით საქართველოს მოსახლეობა კეთილდღეობით მსოფლიო ქვეყნებს შორის გახლდათ 61-ე ადგილზე, ხოლო 2020 წელს 121-ზე გადავინაცვლეთ.
ნენე ინჯგია