გიორგი გიუაშვილი: „ოპოზიციამ მაშინ წააგო, როცა ივანიშვილის გადმოგდებულ 120/30-ზე მოდელს დასთანხმდა“

ასეთი აქტივობითა და შემადგენლობით ოპოზიცია არჩევნებს რომ ვერ მოიგებდა, ამის შესახებ ბორჯომის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, გიორგი გიუაშვილი, ჯერ კიდევ, წლის დასაწყისში საუბრობდა. ის „ქრონიკა+“-სთან უკმაყოფილებას გამოთქვამდა ოპოზიციის პასიურობის გამო და შეშფოთებული იყო იმითაც, რომ ოპოზიცია ივანიშვილის მიერ გადმოგდებულ 120/30-ზე მოდელს დასთანხმდა. გიუაშვილის აზრით, ოპოზიცია ოლიგარქს არ უნდა გარიგებოდა და სრულად პროპორციული სისტემისთვის უნდა ებრძოლა. სრულ პროპორციულზე უარის თქმა გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მას ლეიბორისტული პარტია დაეტოვებინა.

გაურიგდა თუ არა ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს? რატომ ეგონათ, რომ ასე ადვილად იგებდნენ არჩევნებს? რა შეცდომები დაუშვეს არჩევნების წინ? რატომ დატოვა ლეიბორისტული პარტია? _ ამ თემების შესახებ გიორგი გიუაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, მას შემდეგ, რაც „მთავარმა“ არხმა ეგზიტპოლები გამოაცხადა, ოპოზიციამ საყოველთაო ზეიმი დაიწყო. ნიკა გვარამიას რომ არ აეტეხა განგაში, შეიძლება ისიც კი ვერ გაეგოთ, რა შედეგებს უწერდა ცესკო. თქვენი აზრით, რატომ დაიწყო ასე ნაადრევი ზეიმი ოპოზიციამ? ეგონა, რომ ივანიშვილი ასე იოლად დათმობდა?
_ მართლა ნიკა გვარამიამ გამოაფხიზლა ოპოზიცია, მაგრამ ამ ერთმა ადამიანმა და ერთმა ტელევიზიამ რა ქნას? რაც შეუძლიათ, აჯანჯღარებენ და ამხელენ ამ კორუმპირებულ რეჟიმს. არჩევნებსაც ეგ ვერ მოიგებდა. თვეების მანძილზე ხმამაღლა გავიძახოდი, რომ ოპოზიციაში მთლად კარგად არ იყო საქმე. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვთქვი „ქრონიკა+“-სთან, რომ ოპოზიცია არასწორად მოქმედებდა. სოციალურ ქსელშიც მწვავედ ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას. მინდოდა, რამენაირად გამომეფხიზლებინა ოპოზიციონერი კოლეგები.
ბოლო ხანებში სოციალურ ქსელებში აქტიურობა შევწყვიტე, აღარც მწვავე პოზიციებით ვჩანდი, რადგან არ მინდოდა, რომ არჩევნების წინ ოპოზიციური სპექტრისთვის რამე სახის ზიანი მიმეყენებინა. ისედაც როგორც მტერს, ისე მიყურებდნენ.
_ როგორც მტერს რატომ გიყურებდნენ?
_ არ მოსწონდათ, ღიად რომ გამოვთქვამდი ჩემს უკმაყოფილებას. ამის გამო ლეიბორისტული პარტიის დატოვება და პარტიის პოლიტიკურ ლიდერთან დაპირისპირებაც კი მომიხდა. ჩემი აზრის დაფიქსირება არც იქიდან წამოსვლის შემდეგ შემიწყვეტია. მხოლოდ არჩევნების წინ გავჩერდი და ისიც იმიტომ, რომ არ მსურდა, ოპოზიციისთვის მევნო და ვინმეს პროვოკატორი ვგონებოდი.
სამწუხაროდ, მათ ჩემი კრიტიკა ვერ გაიგეს ან არ უნდოდათ, გაეგოთ. ვიღაცები თავს უკვე გამარჯვებულებად თვლიდნენ და ეიფორიაში იყვნენ. ზოგიერთმა დეპუტატის სავარძელში წარმოიდგინა თავი, ზოგს კიდევ პრემიერობის ამბიციები გაუჩნდა. არასწორად აწარმოეს საარჩევნო კამპანია. არასწორი ხალხი წამოწიეს წინა პლანზე.
_ არასწორი ხალხის წამოწევის გამო წინა ინტერვიუებშიც ბევრს საუბრობდით, რომ ეს ოპოზიციას კარგ შედეგს არ მოუტანდა. განსაკუთრებით ძველი სახეები გაღიზიანებდათ.
_ მარტო ძველი სახეები არ მაღიზიანებდა. პოზიტივი შეიძლება, ზოგიერთ ძველ სახეშიც დაინახო. ჩემს პროტესტს პოლიტიკური ნეხვის ტივტივი იწვევდა. ხომ არ შეიძლება, 30 წელი ერთი და იგივე სახეები ტრიალებდნენ? თან ასე უცბად წარსულის დავიწყებაც წარმოუდგენელია. წლების მანძილზე ერთმანეთს მიწაში დებდნენ და ახლა უცბად ჩაეხუტნენ. ეს ძალიან უშნოდ ხვდება მოსახლეობას თვალში. ან ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის გადმობარგება რა უბედურება იყო?! ამათ შემხედვარე ამომრჩეველს იმედი უცრუვდება. ისინი ამბობენ, ჩვენი რაც არ უნდა გავაკეთოთ, ადრე თუ გვიან, ესენი მაინც საერთო ენას გამონახავენო. ძალიან ცუდი სანახავია, როცა ადამიანები პარტიიდან პარტიაში გადადიან.
ივანიშვილმა ნამდვილად გააყალბა არჩევნები, მაგრამ ნორმალური ადამიანები რომ წამოეწიათ წინა პლანზე, ოპოზიცია ბევრად მეტ ხმას მიიღებდა. ხალხი ოლიგარქებს მხარს აღარ დაუჭერს. მამუკა ხაზარაძე და კახა ოქრიაშვილი მოსახლეობისთვის მიუღებელია.
_ გინდათ თქვათ, რომ ასეთი შედეგი მარტო გაყალბებას არ უნდა დაბრალდეს?
_ ცხადია, არა. ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ დარღვევებიც იყო. უბნებზე გაყალბებას არ დასჯერდნენ და კრიმინალები გამოყარეს გარეთ. ყველა რეგიონში აქტიურობდა კრიმინალური სამყარო, მაგრამ ბორჯომში განსაკუთრებით საშინელება ხდებოდა.
_ რა ხდეოდა ასეთი?
_ ბორჯომში კრიმინალებს საარჩევნო უბნებთან პირდაპირ დერეფნები ჰქონდათ მოწყობილი და საშინელებებს სჩადიოდნენ.
_ ის რატომღა ეგონა ოპოზიციას, რომ არჩევნები მოიგეს? თავადვე არ ამბობდნენ ხოლმე, რომ ივანიშვილი ასე იოლად არ დათმობსო?
_ ივანიშვილი იოლად რომ არ დათმობდა, ეს არ დავიწყებიათ, უბრალოდ, ხალხის რაოდენობამ მოატყუა.
_ რანაირად ან რატომ მოატყუა ისინი ხალხის რაოდენობამ?
_ მოგეხსენებათ, რომ ამ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მივიდა. საარჩევნო უბნებთან რიგები იდგა. ოპოზიციამ ეს რიგები რომ დაინახა, სიხარულისგან ერთი ამბავი ატეხა. მათ ჩათვალეს, რომ არჩევნებზე ოპოზიციის მხარდამჭერები მივიდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერები მართლა ჭარბად მივიდნენ არჩევნებზე, ხალხს მართლა სურს ცვლილებები. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა, რომ საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების მომხრეებიც მრავლად იყვნენ. ხელისუფლებამ მათი მობილიზებისთვის ყველაფერი გააკეთა.
მე სულ მეშინოდა და ამაზე ხმამაღლაც ვსაუბრობდი. დარწმუნებული ვყავი, რომ „ქართული ოცნება“ პირველსავე ტურში მოგვიწყობდა მეორე ტურს.
_ პირველ ტურშივე მეორე ტურის მოწყობაში რას გულისხმობთ?
_ იმას, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოხდა. ხელისუფლება მეორე ტურში იყენებს ხოლმე ყველანაირ რესურსს სასურველი შედეგის მისაღებად. გაყალბების პარალელურად ახდენს მხარდამჭერების მაქსიმალურ მობილიზებას. ახლა ეს პირველივე ტურში გააკეთა ივანიშვილმა. ჭარბამომრჩევლიანობამ ოპოზიციას ცრუ იმედები გაუჩინა. ვერ გათვალა, რომ ბევრ ხალხში ხელისუფლების მხარდამჭერებიც იქნებოდნენ.
_ მარტო ბევრი ხალხის დანახვამ მოადუნა და მოატყუა ოპოზიცია? მგონი, ისინი დასავლეთის მხარდაჭერის იმედითაც მოდუნდნენ.
_ დასავლეთის მხარდაჭერის იმედიც ჰქონდათ. დასავლეთი მართლა ჩვენს გვერდით დგას, მაგრამ ის ყველაფერს არ გააკეთებს. ეს შენ უნდა მოაწონო ამომრჩეველს თავი, გათვალო რისკები და საჭირო თუ გახდა, ხმების დასაცავადაც უნდა გახვიდე აქციაზე. ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. სიტუაციის შემობრუნება კიდევ შეიძლება. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მთლად გამარჯვებულად თავს არც „ქართული ოცნება“ გრძნობს.
_ კი გაჰყვირიან, არჩევნები მოვიგეთო, მაგრამ სახეზე დიდი სიხარული არ აწერიათ.
_ იმიტომ, რომ სასიხარულოდ არ აქვთ საქმე. მათ სულ სხვა მოლოდინი ჰქონდათ. ეგონათ, რომ 100 კაცს შეიყვანდნენ. იმ მონაცემებით, რომელიც იმ დროს ქვეყნდება, როცა ინტერვიუს ვწერთ, „ოცნებას“ პარლამენტში 100 კაცი ვერ შეჰყავს.
_ ამის გამო ჰქონდათ მჟავე სახეები?
_ ამის გამო. მათ ხომ მოიგეს, მაგრამ არ მოიგეს. ასეთი განწყობა აქვთ. ამ განცხადებებსაც არ გააკეთებდნენ, მაგრამ სად გაგონილა, გამარჯვებულმა ძალამ არაფერი თქვას? უკეთესს შედეგს ელოდნენ, ამისთვის ყველაფერი იკადრეს, არც მოსყიდვაზე უთქვამთ უარი და _ არც დაშინებაზე. ხალხს იმდენად უნდოდა ცვლილება, რომ ამანაც არ გაჭრა და ივანიშვილმა სასურველი შედეგი ვერ დადო. მან მართალია, მოიგო არჩევნები, მაგრამ, როგორც იტყვიან, თავი ქუდში მაინც არ აქვს. ოპოზიციას სხვანაირად რომ ემოქმედა, ხელისუფლებას კიდევ უფრო მწუხარე სახეები ექნებოდა. მათ, ფაქტობრივად, არაფერი დაუპირისპირეს ივანიშვილს. საარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაატარეს ნორმალურად. როცა ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნებია, ყველა სადარბაზო და სახლი უნდა მოიარონ ოპოზიციონერებმა.
ძალიან მძიმე სურათი მივიღეთ, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. თამამად ვიტყვი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო, უბრალოდ, ოპოზიცია ვერ იცავს ხმებს. მე რამდენიმე თვის წინ ვუთხარი ოპოზიციას, შეიძლება მოიგოთ, მაგრამ ხმები ვერ დაიცვათ-მეთქი. სამწუხაროდ, გამართლდა ჩემი პროგნოზი. ოპოზიცია ხმებს რომ ვერ დაიცავდა, ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ივანიშვილს პროპორციული დაუთმეს.
_ პროპორციული როდის დაუთმეს?
_ დათმობაა, აბა, რა არის, როცა სრულად პროპორციულ წესს ითხოვ და მერე 120/30-ზე თანხმდები?! გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ მდგომარეობა ძალიან გამწვავდა. სიტუაციის დასამშვიდებლად ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ მომავალი არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებაო. ამ წესზე გადასვლას დიდი ხანია ითხოვს ოპოზიციაც და მოსახლეობაც. სრულად პროპორციულ წესზე გადასვლას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდებოდა. „ოცნებამ“ ეს ცვლილება ჩააგდო. მოიმიზეზა, მაჟორიტარები წავიდნენ ამის წინააღმდეგიო. ამ ჩაგდებას აქციები მოჰყვა. საქმეში დასავლეთი ჩაერია და დაიწყო მოლაპარაკებები. ხელისუფლებამ უკან დაიხია და დათმობაზე წავიდა. ოპოზიცია რომ არ გაჩერებულიყო, სრულად პროპორციულ წესსაც მივაღწევდით, მაგრამ ივანიშვილმა გადმოაგდო 120/30-ზე მოდელი და ოპოზიციაც დასთანხმდა. ვფიქრობ, რომ მაშინ წააგო ოპოზიციამ არჩევნები.
ახლა ცოტა დაგვიანებულია არჩევნების გაყალბებაზე წუწუნი. ამაზე მაშინ უნდა ეფიქრათ, როცა ივანიშვილის გადმოგდებულ სატყუარას დასთანხმდნენ. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება. ახლა ოპოზიციის აქტიურობაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.
_ არჩევნების შედეგებით „პატრიოტთა ალიანსიც“ უკმაყოფილო დარჩა. არადა, ისინი „ოცნების“ სატელიტად ითვლებოდნენ. ვითომ, მაგათაც გაუყალბა ბიძინამ არჩევნები?
_ „პატრიოტებს“ რა ეგონათ, რომ მეტ ხმას აიღებდნენ? რაც მაგათ ბორჯომში გააკეთეს, იმის შემდეგ რისი იმედი ჰქონდათ? ბორჯომის საკრებულოში, რომელიც 28 წევრისგან შედგება, ალიანსმა 13 კაცი გაიყვანა. საკრებულოს თავმჯდომარეც მათი წევრი იყო. საქართველოში ბორჯომი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ოპოზიციური საკრებულო გვყავდა. ინაშვილმა რა გააკეთა? დაშალა თავისი ფრაქცია და ბორჯომშიც „ქოცები“ აღმოჩნდნენ უმრავლესობაში.
_ ეს ინციდენტი მერიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, ხომ, რომელიც მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას ითხოვდა?
_ დიახ. ხელფასების გაზრდას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა საკრებულო. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობდით ხელისუფლებას. სერიოზული ამბავიც ავტეხეთ, მაგრამ ჩამოვიდა ინაშვილი და ყველაფერი ჩაგვიშალა. ეს კარგად ახსოვს ბორჯომელებს. მათმა კანდიდატმა ბორჯომში ისედაც ბლომად აიღო ხმები. ალიანსის წუწუნის არ მჯერა.
_ ოპოზიციის შეცდომებზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთი შედეგი არ დამდგარიყო?
_ ხალხზეც მძიმე რამეები უნდა ვთქვა, ძალიან არ მინდა, მაგრამ მომიწევს. თავად საზოგადოებაშიც სერიოზული პრობლემაა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ინარჩუნებს. ოპოზიცია რომ სათანადო დონეზე არ დგას, ეს გასაგებია, თუ მცასაზოგადოებასაც შეუძლია, რიგ საკითხებზე საკუთარი ინიციატივით პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ბევრი მათგანი ჯერ ისევ კომუნისტურ მენტალობაშია ჩარჩენილი.
ჩვენი საზოგადოება რომ სათანადო სიმაღლეზე იდგეს, ხელისუფლება ვერც კი გაბედავს მათ მირეკვას არჩევნებზე. იმას ხომ საერთოდ ვერ აიძულებს, რომ არჩევანი ხელისუფლების სასარგებლოდ გააკეთოს. ნორმალურ ქვეყნებში ნორმალური საზოგადოება თავის მოვალეობად მიიჩნევს არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას. ნორმალურ საზოგადოებას არც ოპოზიციისა და არც რომელიმე პოლიტიკოსის შეძახილი არ სჭირდება, რომ უსამართლობა გააპროტესტოს. აქ მაინცდამაინც ვიღაცამ უნდა მოგიწოდოს, რომ გარეთ გამოხვიდე პროტესტის გამოსახატავად.
_ არადა, ჩვენთან რამდენი რამეა გასაპროტესტებელი, მაგრამ არჩევნებზე არ მიდიან და აქციაზე წავლენ?
_ ძალიან ცუდია ასეთი დამოკიდებულება. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს არჩევანის გაკეთებას.
_ ჩვენი საზოგადოება არჩევნებზე იმიტომ არ დადის, რომ პოლიტიკურ სპექტრში არავინ მოსწონს. ცოტა ძნელია, რომ ამ პოლიტიკურ ველზე ვინმე მოგეწონოს.
_ ეს სერიოზული პრობლემაა და გაგებით ვეკიდები ამ განწყობას, მაგრამ ასეთი ამომრჩეველიც უნდა წავიდეს არჩევნებზე. არავინ მოსწონს? _ გადახაზოს ყველა. ასე მის ბიულეტენს ვერავინ გამოიყენებს. საზოგადოებასაც ბევრი რამე აქვს სასწავლი. პირველ რიგში საკუთარი უფლებების დაცვა უნდა ისწავლოს. ხალხს სათანადო პროტესტი რომ გამოეხატა, არც ლარი იქნებოდა გაქცეული, არც ფასები გაიზრდებოდა და არც ქვეყანა დაგვექცეოდა თავზე.
_ კრიმინალებიც ვერ ინავარდებდნენ ასე თავისუფლად.
_ რა თქმა უნდა. როცა უკანონობას გაგებით ეკიდები და თვალს ხუჭავ, ხვალ ხელისუფლება უარესს გააკეთებს. „ქართულ ოცნებაზე“ გაკეთება არ უნდა მეთქვა, რადგან მათ მხოლოდ გაფუჭება შეუძლიათ. ჩამოშალეს მთელი ქვეყანა. არაფერი ამათ არ შეუძლიათ. ერთადერთი, მშვიდობიანი აქციების დარბევა და ბავშვებისთვის თვალების დათხრა ეხერხებათ.
ჩვენს სამეზობლოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი მძვინვარებს. ვუყურებ და თეთრი შურით მშურს სომხებისა და აზერბაიჯანელების.
პირველ რიგში იმიტომ, რომ არც სომეხი და არც აზერბაიჯანელი თავის ხელისუფლებას არ ადანაშაულებს ომის დაწყებაში. ამის გარდა შეხედეთ, რა საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება აქვს ორივე მხარეს. ჩვენ დიდი ხანი ვერ მივალთ მათთან. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდება, ვინმემ რომ ომი გამოგვიცხადოს. ჩათვალეთ, ეგრევე წაგებული გვაქვს. რით უნდა ვაწარმოოთ ომი, როცა ტექნიკაც კი არ გაგვაჩნია. ხანძარს ვერ ვაქრობთ და ომში წინააღმდეგობას გავუწევთ ვინმეს? სასაზღვრო-პოლიციას ერთი საწყალი ვერტმფრენი ჰყავს და იმას დაარბენინებენ ხანძრის ჩასაქრობად.
_ მარტო ხანძარს არ აქრობენ, სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლადაც სასაზღვროს ვერტმფრენით მიდიან.
_ მერე, ეს ნორმალურია?! თავად სასაზღვროს რომ დასჭირდეს, სად მიდიან?! ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, სახელმწიფო აღარ გვაქვს. ხელისუფლებისა და ოპოზიციის უმოქმედობა ხომ უბედურებაა, მაგრამ არანაკლები უბედურებაა ხალხის გულგრილობა. არ შეიძლება, ყველაფერს გაგებით ან ჰაიჰარად მოეკიდო. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს შენს ქვეყანას ეხება.
_ იქნებ, ჩვენს საზოგადოებას მიზეზი აქვს იმისთვის, რომ ასე მოიქცეს? რამდენჯერ შეცვალეს ხელისუფლება, მაგრამ არც ერთი გამოდგა. იქნებ, ახლაც იმას ფიქრობს, რა აზრი აქვს შეცვლას, მაინც უვარგისები მოვლენო.
_ ამ წლების მანძილზე პოლიტიკოსებმა იმდენი ცუდი რამე გააკეთეს, რომ ხალხს უკეთესის იმედი მოუსპეს. საზოგადოების დიდი ნაწილი ნიჰილიზმშია. ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ხალხმა თავად უნდა მოინდომოს, რომ ნიჰილიზმს თავი დააღწიოს.
ხალხს ნიჰილიზმში ჩავარდნა არ აკმარეს და გააღატაკ-გაამათხოვრეს. ეს სპეციალურად გააკეთეს, რომ მერე არჩევნებზე უფრო იაფად და იოლად იყიდონ მათი ხმები. სერიოზულად მუშაობს გათიშე და იბატონეს პრინციპიც. გათიშე ხალხი, გაამათხოვრე და მერე არჩევნების წინ გადაუგდე 150 ლარი, ხმას მოგცემს და იქნები 4 წელი ხელისუფლებაში. გაჭირვებული ადამიანებისთვის არ მინდა იმის თქმა, რომ ფულს როგორ იღებთო. აიღეთ, თქვე დალოცვილებო, მაგრამ „ქოცებს“ მაინც ნუღარ შემოხაზავთ. შენი და შენი შვილების მომავალს ნუ გაყიდი, თორემ ხვალ უფრო მძიმე დღეში ჩავარდები. კი მიკვირს, ასეთი რამეები რომ ხდება, მაგრამ რატომ უნდა გამიკვირდეს?! _ ჩვენი საზოგადოება ხომ ყველაფერზე თვალს ხუჭავს.
_ ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით არ უყვარს სოციალური თემების გაპროტესტება. ეს, რატომღაც, სირცხვილად ითვლება. ფასების გაზრდაზე ღატაკ საქართველოში რეაქცია არ აქვთ, მაშინ როცა მდიდარი გერმანია ფასების ზრდის გამო თავზე იმხობს ყველაფერს. ეს რა ფენომენია?
_ ეს ქართული ფენომენია. ჩვენთან სირცხვილად ითვლება სოციალური თემების გაპროტესტება. დასავლეთში ამას სხვანაირად უყურებენ. საკმარისია, მგზავრობის ღირებულება, საკვები პროდუქტები და საწვავი გაძვირდეს, რომ დიდ გამოსვლებს აწყობენ. უყურადღებოდ არც იმას ტოვებენ, თუ ხელისუფლებას რამე გადაცდომა ექნება. აბა, ვინმეს რამეზე ხელი წაუცდეს, იქაურობას წვავენ და ბუგავენ. მე გადაწვისა და გადაბუგვის მომხრე არ ვარ, მაგრამ ყველაფერს ჩუმად და მორჩილად არ უნდა შევხვდეთ.
არც მაფიოზების პოლიტიკაში შემოსვლას უნდა ვხვდებოდეთ ტაშით. ჩოჩელისთვის და ოქრიაშვილისთვის როგორ შეიძლება ტაშის დაკვრა, ან ხაზარაძისთვის, რომელიც 30 წელია, რაც ხალხს აღატაკებს?! იმ ფრონტზე რაღაც პრობლემები შეექმნა და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. თან გამოიყოლა ბადრი ჯაფარიძეც. მათ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ. ხალხის ნაწილი კი ამათაც მხარს უჭერს. კარგისა და ცუდის გარჩევა ძალიან უჭირს ჩვენს საზოგადოებას. ოპოზიციაც შეცდა, „ლელო“ გვერდით რომ დაიყენა.
_ მთლად გვერდით არ დაუყენებია, ამათ ოდნავ განზე უჭირავთ თავი.
_ ეგ იმიტომ, რომ ბიძინასთანაც თამაშობენ. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ. ხალხის გამო დიდად არც სხვა ოპოზიციური პარტიები იკლავენ თავს. პრემიერობის გამო კინაღამ დაჭამეს ერთმანეთი. ყველამ საკუთარი კანდიდატი დაასახელა.
არჩევნებამდე პრემიერობის კანდიდატების დასახელება შეცდომა იყო. არჩევნები ოქტომბრის ბოლოს დაინიშნა, ამათ კიდევ ზაფულში დახოცეს ერთმანეთი, _ არა მე უნდა ვიყო პრემიერი, არა _ მეო. ამბიციებს ვერ შეელივნენ და ერთიანობის შენარჩუნებაც გაუჭირდათ.
ოპოზიციის ყველაზე დიდ შეცდომად კი მაინც 120/30-ზე მოდელზე დათანხმება მიმაჩნია. ეს მოდელი მათ ივანიშვილმა ძვალივით გადმოუგდო და ისინიც დახარბდნენ. ცოტაც კიდევ რომ ებრძოლათ, ოლიგარქი სრულად პროპორციულ მოდელს დადებდა. ამ შემთხვევაში ივანიშვილს ნამდვილად დაამარცხებდნენ. ივანიშვილთან ბრძოლის ნაცვლად ერთმანეთს დაუწყეს კბენა. ამით ხელისუფლებამ ისარგებლა.
_ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია, თითქოს, ისევ გაერთიანდა.
_ ახლა სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვს. სხვანაირად ვერ აჯობებენ ივანიშვილს. ჭკვიანურად თუ იმოქმედებენ, სიტუაციას გამოასწორებენ. ხაზს ვუსვამ: საქმე აქამდე არ მივიდოდა, 120.30-ზე მოდელს რომ არ დასთანხმებოდნენ.

შორენა მარსაგიშვილი