ქართული ტერაქტების ანატომია

მართალია, არჩევნების შედეგებმა, უფრო სწორად, ეგზიტპოლებისა და ცესკოს პირველადი მონაცემების შეუთავსებლობამ კორონაპანდემიაც დაგვავიწყა და ზუგდიდის ბანკის ძარცვაც, მაგრამ მოვა დრო და, ყველაფერს, მათ შორის, 31 ოქტომბრის „საუკუნის გაყალბებასაც“ თავისი სახელი დაერქმევა. ისიც ცხადია, რომ ოდესმე ბადრი ესებუას რებუსიც ამოიხსნება და დეტალურად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გავიგებთ, რა მოხდა ზუგდიდში, ანუ რა ამოძრავებდა ბადრი ესებუას და, საერთოდ, სად გაქრა იმ ნახევარი მილიონით, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მიართვეს. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ყველაფერი ის, რაც 21 ოქტომბერს სადადიანოში ხდებოდა, ჩვეულებრივი კრიმინალი არ იყო და საქმე სხვა რამესთან, თუნდაც ტერაქტთან გქვონდა. თავდაპირველად ამის შესახებ ხელისუფლება მინიშნებითაც არაფერს ამბობდა, თუმცა ბოლოს, საქმეს სწორედ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და… აი, ასე: საქართველოს უახლეს ისტორიაში ტერორისტის სახელით უკვე მეორე ადამიანი შევა, თუმცა პირველის, ე. ი., გოჩა ესებუასგან განსხვავებით, ბადრი ესებუას გაუმართლა _ გოჩა ესებუა მოკლეს, მისი მოგვარე ბადრი კი 500 ათასი დოლარით ისე გაუშვეს, რომ დღემდე არ ვიცით, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გოჩა და ბადრი ესებუებს ნათესაური კავშირი არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა მათ, გვარის გარდა, ისიც აერთიანებთ, რომ ორივემ მძევლები აიყვანა. ეგაა ოღონდ: გოჩა ესებუას, რომელიც 1998 წლის 9 თებერვალს მაშინდელ პრეზიდენტზე, აწ განსვენებულ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტშიც ფიგურირებდა, პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. ბადრი კი, უბრალოდ, თანამედროვე ქართველ რობინ ჰუდად მოგვევლინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მის მიმართ არათუ სიმპათიით არის განწყობილი, არამედ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მოწმობს, ბიულეტენს ხელით მიაწერა _ „ბადრი ესებუა _ თავისუფალი კრედიტორები“.
ხუმრობა იქით იყოს და, ბადრი ესებუას ქეისი, წეღანდელი თქმისა არ იყოს, უკვალოდ არ ჩაივლის, თუმცა მანამდე თვალი გადავავლოთ ქართული შემდგარი თუ არშემდგარი ტერაქტების ანატომიას.
საერთოდ, ტერორიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობაა, რომელიც საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით გამოიყენება. მსოფლიო ისტორიას არაერთი ტერაქტი ახსოვს, თუმცა ტერორიზმის წინააღმდეგ მთელი ცივილიზებული სამყარო 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ გაერთიანდა. ქართველები კი ამ კუთხითაც „მოწინავეთა რიგებში“ ვართ, ანუ ჯერ კიდევ შავ-ბნელ 90-იანებში ე. წ. მინი თუ მაქსი ტერაქტები ლამის ჩვენი ყოველდღიურობა იყო.


ყველაფერი კი 1994 წლის 3 დეკემბერს დაიწყო _ ამ დღეს ედპ-ს იმჟამინდელი ლიდერი, გია ჭანტურია, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, მანქანაში ჩაცხრილეს. ჭანტურიასთან ერთად მისი დაცვის წევრი, მერაბ ბარამიაც დაიღუპა. ირინა სარიშვილი კი, რომელიც ასევე მანქანაში იჯდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტული აქტი „მხედრიონის“ წევრებმა მოაწყვეს. მართალია, დამნაშავეები დააპატიმრეს და მერე მალევე შეიწყალეს, მაგრამ ამ ტრაგედიიდან 26 წლის მერეც ზუსტად არ ვიცით, გია ჭანტურიას მკვლელობა ვინ და რა მიზნით შეუკვეთა.
სხვადასხვა ვერსიით კი, ჭანტურიას მკვლელობის ერთ-ერთ შემკვეთად _ არც მეტი, არც ნაკლები _ ედუარდ შევარდნაძეც სახელდებოდა. ასევე ეჭვი არსებობდა უშიშროების ყოფილ მინისტრებზე _ შოთა კვირაიასა და იგორ გიორგაძეზე.
ისე, იგორ გიორგაძეს ტერაქტებისკენ მიდრეკილება რომ აქვს, ეს ბავშვმაც კი იცის. ყოველ შემთხვევაში, ორ ათეულ წელზე მეტია, „ნომერ პირველ ქართველ ტერორისტად“ ითვლება, ანუ მართალია, ჭანტურიას მკვლელობაში გიორგაძის ბრალეულობა არ დამტკიცდა, სამაგიეროდ, ის 1995 წლის 29 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძეზე, რომელიც მაშინ სახელმწიფო მეთაური გახლდათ, განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორადაა მიჩნეული.


სხვათა შორის, აწ განსვენებულ შევარდნაძეს ტერაქტი სულ სამჯერ მოუწყვეს და სამივეჯერ გადარჩა.
პირველად 1992 წლის 3 ოქტომბერს, აფხაზეთში რუსი სამხედროები დაესხნენ თავს. მეორედ _ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის („იმელი“) ეზოში იმ დროს ააფეთქეს, როცა ქართული პოლიტიკური ელიტა „მოსწავლეთა სასახლეში“ კონსტიტუციის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალზე იყო შეკრებილი. შევარდნაძეც სწორედ ამ წვეულებაზე მიდიოდა…
მოულოდნელად, „იმელის“ ეზოში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. მალევე გაირკვა, რომ თეთრი ფერის „ნივა“ აფეთქდა, რომელიც იქვე, ავტოსადგომზე იდგა. ცეცხლმა ედუარდ შევარდნაძის მანქანამდეც მიაღწია. დაცვამ სახელმწიფო მეთაური ალმოდებული ავტოდან უსწრაფესად გადმოიყვანა… მანქანა მთლიანად დაიწვა.
პირადი დაცვის წევრებმა შევარდნაძე „ჟიგულიში“ გადასვეს და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს… ექიმებმა დაადგინეს, რომ ამბროსის ძეს სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდა, ანუ შუშის ნამსხვრევებმა სახე და მკერდი უმნიშვნელოდ დაუზიანა.
მართალია, ამ თავდასხმას დიდი რეზონანსი მოყვა და საუკუნის საქმედაც მოინათლა, მაგრამ მომხდარზე პასუხი მხოლოდ „მხედრიონის“ ლიდერებმა, უშიშროების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, თემურ ხაჩიშვილმა და იგორ გიორგაძის მიერ ჩამოყალიბებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ნაწილობრივ აგეს, ანუ სასამართლოს მიერ ტერაქტის ორგანიზატორებად ცნობილი პირები შეიწყალეს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებიდან დამნაშავედ ერთიც არ სცნობდა თავს.
რაც შეეხება იგორ გიორგაძეს, რომელიც ამ ტერაქტის ორგანიზატორადაა მიჩნეული, მან საქართველო მალევე დატოვა და მოარული ხმით, ქვეყნიდან გასვლაში რუსები დაეხმარნენ. ეს მთლად უსაფუძვლო ეჭვი არაა, რამეთუ 25 წელია, იგორ გიორგაძე მოსკოვში ცხოვრობს და იქიდან „გვმოძღვრავს“.


29 აგვისტოდან გაივლის თითქმის ოთხი წელი და შევარდნაძე ტერორისტების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდება: 1998 წლის 9 თებერვალს, ე. წ. სამთავრობო ტრასაზე, სადაც ყოველდღე დადის, პრეზიდენტს ჭურვებს ესვრიან, თუმცა ედუარდ შევარდნაძის „მერსედესს“ ისეთი ტრაექტორიითა და იმ ნაწილში ერთიც არ მოხვდება, რომ მანქანის სალონში შეაღწიოს. შესაბამისად, ავტომობილი სერიოზულად დაზიანდება, მაგრამ შევარდნაძე ისევ გადარჩება.
ორთაჭალის თავდასხმას ედუარდ შევარდნაძის დაცვის ორი წევრი შეეწირება.
მომხდარიდან არ გავა დიდი დრო და ტერაქტზე პასუხისმგებლობას ერთ-ერთი ჩეჩენი მეთაურო, რადუევი აიღებს. ამასთან, ისიც გახდება ცნობილი, რომ ტერაქტის მონაწილეები, ასე ვთქვათ, მომზადებას ჩეჩნეთში გადიოდნენ. მალე დამნაშავეების ვინაობაც დადგინდება _ ისინი „ზვიადისტები“ აღმოჩნდებიან, რომლებიც სასამართლოზე ამაყად იტყვიან, _ დიახ, ტერაქტი ჩვენ განვახორციელეთო, თუმცა ამ აღიარების მიუხედავად, ექსპერტები დღემდე მიიჩნევენ რომ 9 თებერვლის მოვლენები რუსეთის ГРУ-მ დაგეგმა და „ზვიადისტები“, უბრალოდ, გამოიყენა.
გავა დრო და 9 თებერვლის ამბების ერთ-ერთი ფიგურანტი, გოჩა ესებუა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისევ მოექცევა.
„შეიძლება, პირდაპირ ითქვას: ტერორისტული აქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1998 წლის 9 თებერვალს რუსეთისა და იჩქერიის სპეცსამსახურთა ერთობლივი ოპერაცია იყო. „ზვიადისტები“ ჩლუნგ იარაღად გამოიყენეს, ოღონდ ბოლომდე არ ენდნენ და საკუთარი მებრძოლები გამოაყოლეს.
რუსეთის მოტივაცია, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს _ კრემლს ყოველთვის სურდა და სურს საქართველოში სიტუაციის არევა, ქაოსისა და არეულობის პროვოცირება, მაგრამ ჩეჩნეთს რაღა უნდოდა, რატომ უნდა აწყობდეს საქართველოში დესტაბილიზაცია?
ნუ ავჩქარდებით! რაკი ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს გროზნო-თბილისის საავტომობილო ტრასის გახსნას, იჩქერიის ლიდერებს „ერთობლივი ტერაქტით“ სურდათ მოსკოვისთვის დაემტკიცებინათ, რომ თუ რუსეთი ცნობს იჩქერიის სუვერენიტეტს, ჩეჩნეთი, მიუხედავად 400-წლიანი ომისა, მზად არის, იქცეს რუსეთის „სტრატეგიულ მოკავშირედ კავკასიაში“ აშშ-სა და დასავლეთის ინტერესთა საწინააღმდეგოდ.
ეს ფორმულა ღიად ჩამოაყალიბა ასლან მასხადოვმა ერთ-ერთ გამოსვლაში. არავითარი „კავკასიელობა“ ეს არ არის. აქედან ჩანს, რომ „კავკასიური ერთობაც“ ილუზია ყოფილა და სხვა არაფერი, ეს ილუზია გულუბრყვილო ქართველების გასაცურებლად მოიგონეს, რათა მახეში შევეტყუებინეთ.
9 თებერვლის ტერაქტის მთავარი „აღმასრულებელი“ (არა ორგანიზატორი, არამედ „აღმასრულებელი“ ორგანიზატორები გროზნოსა და მოსკოვში არიან), გოჩა ესებუა, რომელიც გაეროს წინააღმდეგ ჯიხაშკარის პროვოკაციის დროს ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა „მოსკოველ ზვიადისტებთან“, ქართულმა უშიშროებამ მოკლა, თუმცა, რასაკვირველია, სჯობდა, დაეპატიმრებინა, მაგრამ აქ არაპროფესიონალიზმი გამომჟღავნდა“, _ ვკითხულობთ 1999 წელს გაზეთ „მერიდიანში“ გამოქვეყნებულ წერილში.
რაც შეეხება გოჩა ესებუას და მის მიერ მძევლების აყვანას, ამ ამბავს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ასე იხსენებს:
„1998 წელი საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. ჯერ იყო და, 9 თებერვალს თბილისში, კრწანისთან პრეზიდენტ შევარდნაძის შეჯავშნულ „მერსედესს“ ცხვირში ყუმბარსატყორცნის კუმულაციურქობინიანი რაკეტა მოარტყეს, ათ დღეში სამეგრელოში გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი მძევლად აიყვანეს და სოფელ ჯიხაშკარში ჰყავდათ გამოკეტილი, რამაც მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია. მაისში გალში ნამდვილი ომი დაიწყო ინტენსიური სროლითა და ქართველების სახლების გადაწვით, ხოლო აგვისტოში, ამჯერად, კაკო ელიავამ სენაკის ბრიგადიდან ტანკები „მოიპარა“ და ქუთაისისკენ დაძრა…
როგორც სამხედრო ჟურნალისტს, ყველა ამ მოვლენის ეპიცენტრში მომიწია ყოფნა, შევარდნაძის აფეთქებული „მერსედესის“ იმავე ღამეს დათვალიერებიდან ელიავას „მოპარული“ ტანკების სენაკის ბრიგადაში დაბრუნების ჩათვლით, მაგრამ ყველაზე თავგადასავლიანი მაინც ჯიხაშკარში, ტერორისტებსა და უცხოელ მძევლებთან მალულად შეპარვა აღმოჩნდა.
სოფელთან ძირითადი მისასვლელები შინაგანი ჯარების მებრძოლებსა და პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი და ექსკლუზიური მასალის მოსაპოვებლად ორმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ტყე-ღრე შემოვლითი გზებით ვიარეთ, ჯიხაშკარში, მებონიას სახლისთვის რომ მიგვეგნო, სადაც გაეროს წარმომადგენლები ჰყავდათ მძევლად აყვანილი.
ადგილზე ისეთი სურათი დაგვხვდა, რომ მსოფლიოს ისტორიაში მძევლობაგამოვლილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნიდა – მეგრული სტუმართმასპინძლობით გაშლილ სუფრასთან „სტოკჰოლმის სინდრომი“ ზენიტში იყო ასული: მძევალ-ტერორისტი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებდა და მეგობრობას ეფიცებოდა…
მსოფლიოს ტერორიზმის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ფაქტის ორგანიზატორი კი გოჩა ესებუა გახლდათ, რომელიც 1991 წლიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარეს იბრძოდა, მას გაჰყვა ჩეჩნეთში და იქ მოამზადა ჯგუფი, რომელიც 1998 წლის 9 თებერვალს თბილისში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორტეჟს თავს დაესხა“.
გოჩა ესებუას მიერ გაეროს დამკვირვებლების ერთკვირიან დატყვევებას მაშინდელი ქართული მედია ტრაგიკომედიად მონათლავს, ტრაგიკომდიად, რომლის პირველი ნაწილიც „ჰეფი ენდით“ დასრულდება, ანუ ესებუა მძევლებს გაათავისუფლებს, უშიშროების იმდროინდელი მინისტრი ჯემალ გახოკიძე კი იტყვის, ტერორისტთა ხელმძღვანელი და მისი ორი თანამოაზრე მიიმალნენო.
„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ნება დართო ესებუას, „აორთქლებულიყო“ იმ მოტივით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს რაიმე არ დაშავებოდათ. სარწმუნო წყაროს ცნობით, ამის თაობაზე გახოკიძემ და ესებუამ ჯერ კიდევ ორშაბათს მოილაპარაკეს.
დანარჩენმა ტერორისტებმა კი ხელისუფლების ლმობიერების გარანტია მიიღეს; რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ მათ მართლაც არ აქვთ პირდაპირი კავშირი შევარდნაძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან.
მოკლედ, ჯიხაშკარში სისხლი არ დაიღვარა და მძევლები გადარჩნენ, თუმცა საყურადღებოა გახოკიძის სიტყვები: „ძალის გამოყენებას შეიძლება ჯაჭვური რეაქცია მოჰყოლოდაო. მაშასადამე, მაინც იყო საშიშროება, რომ სისხლისღვრას გარკვეული ექსცესები გამოეწვია სამეგრელოს სხვა რეგიონებშიც“.
…ტერორისტები ფიქრობენ, რომ თავიანთი მისია შეასრულეს _ თბილისში დაიწყო მოლაპარაკება ექსპრეზიდენტის მომხრეებსა და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის, ოღონდ უმალვე გაირკვა, რომ ნემო ბურჭულაძე და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სინამდვილეში არავის წარმოადგენენ. ისინი ერთდროულად მოღალატეებად გამოაცხადა „ზვიადისტური“ მოძრაობის ორივე ფრთამ _ როგორც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ასევე პროფესორმა კიკაჩეიშვილმა. საყურადღებოა, რომ ორივენი უზენაესი საბჭოს ნამდვილ თავმჯდომარედ ამჟამად პარიზში მცხოვრებ ბიძინა ჩოლოყაშვილს ასახელებენ.
აქ ორი სიმბოლური მოტივია: ნემო ბურჭულაძე არ მოსწონთ და მოღალატედ აცხადებენ, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოსკოვში ცხოვრობს. პარიზი კი სხვა შინაარსისა და დატვირთვის შემცველია. პარიზი ყოველთვის ქართული (და არა მხოლოდ ქართული) ემიგრაციის „ნავსაყუდელი“ იყო. გარდა ამისა, „ბიძინა ჩოლოყაშვილიც“ კარგად ჟღერს; ამიტომ „ზვიადისტებმა“ რუსი ბიზნესმენ ნემო ბურჭულაძის ნაცვლად, რომელსაც საქართველოსთან 1992 წლის შემდეგ მოგონებების გარდა, ალბათ, აღარაფერი აკავშირებს, ბიძინა ჩოლოყაშვილი აირჩიეს, ვისაც დიდებული გვარ-სახელი მაინც აკავშირებს სამშობლოსთან.
მთელი ამ ისტორიიდან გამარჯვებული უდავოდ ხელისუფლება გამოვიდა, ვინაიდან მძევლებს არაფერი დაუშავდათ და სამეგრელოში არეულობა არ დაიწყო (ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო). მოსკოვიც კი, რომელსაც სამეგრელოდან ახალი მართვადი ქაოსის აგორების იმედი ჰქონდა, იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, _ ესაა ამონარიდი 1998 წელს გამომავალი ერთ-ერთი ქართული გაზეთიდან.
რატომ იყო გოჩა ესებუას ქეისი ტრაგიკომედია? _ იმიტომ, რომ „მეორე სერიაში“ ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდა, ანუ გოჩა ესებუა მოკლეს, თან სიმბოლურია, რომ ის საიქიოს 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს გაისტუმრეს.


გოჩა ესებუას ამბოხებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ შევარდნაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი „ზვიადისტი“ აჯანყდება _ პოლკოვნიკ აკაკი ელიავას, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ოფიცერი გახლდათ და დევნილ პრეზიდენტს ბოლომდე უერთგულა, შევარდნაძის ხელისუფლება 1995 წელს შემოირიგებს, თუმცა ეს შემორიგება მყიფე აღმოჩნდება, ანუ 1998 წლის ოქტომბერში ელიავა და მისმა მომხრე ოფიცრები სენაკში განლაგებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბრიგადას მიიმხრობენ, კანონიერ ხელისუფლებას აღდგენილად გამოაცხადებენ, მძევლად უშიშროების მინისტრსა და პრეზიდენტის რწმუნებულს აიყვანენ და ქუთაისისკენ დაიძრებიან, თუმცა ამბოხება რამდენიმე საათში ჩაიფუშება და აკაკი ელიავა, თანამებრძოლებთან ერთად, სამეგრელოს ტყეებს შეაფარებს თავს, საიდანაც ორი წლის განმავლობაში მედიას უპრობლემოდ ეკონტაქტება…
2000 წლის 10 აგვისტოს ელიავა და მისი რაზმი მოულოდენლად ზესტაფონში გამოჩნდება… სპეცსამსახურები ელიავას მოკლავენ. არსებობს ვერსია, რომ უშიშროებამ ის მიზანმიმართულად მოკლა, რადგან… ძალიან ბევრი რამ იცოდა…
სხვათა შორის, გოჩა ესებუაც შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოკლეს. ისე, ლოგიკურ ჯაჭვს იქითკენ მივყავართ, რომ ბადრი ესებუასაც ბევრი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, თუმცა ამ კუთხით მსჯელობის გაგრძელება, ჯობია, ამ ეტაპზე „დავაპაუზოთ“…


„ვარდების რევოლუცია“ რომ მოხდა, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიჯერა, რომ შავ-ბნელი 90-იანების განუკითხაობა წარსულს ჩაბარდა, თუმცა… ნურას უკაცრავად: 2005 წელს გორის სამხარეო პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდება, რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლება. ამ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცემა.
„ამ ტერაქტის უკან რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები იდგნენ“, _ იტყვის შს მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
2005 წელსვე საქართველოში ისეთი ამბავი მოხდება, რომელიც მხოლოდ ჩვენს კი არა, თვით აშშ-ის ინსტებლიშმენტსაც შეაზანზარებს, ანუ 10 მაისს თბილისში აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩამოვა და… ცოტა ხანში ცნობილი გახდება, რომ ვინმე ვოვა არუთინოვი ბუშის მოკვლას ცდილობდა… არუთინოვის დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გასტანს _ ბრალდებული სამართალდამცველებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, ზურაბ ქვლივიძე დაიღუპება.
რა მოტივით აპირებდა ვოვა არუთინოვი ბუშის მოკვლას? _ ეს დღემდე არავინ იცის, სამაგიეროდ, ვიცით, რომ არუთინოვს სამუდამო პატიმრობა აქვს შეფარდებული.


მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვა, საზოგადოებაში გაჩნდება განცდა, რომ კრიმინალი „თავს კარგად გრძნობს“, რასაც ისიც შეუწყობს ხელს, რომ „ოცნება“ ფართომასშტაბიან ამნისტიას გამოაცხადებს და ციხის კარი ყველა ძაღლისა და მამაძაღლისთვის გაიღება. ჰოდა, შედეგიც არ დააყოვნებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის ცენტრში, კერძოდ, კოლმეურნეობის მოედანზე, იმჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს ტერაქტს მოუწყობენ, ანუ დეპუტატის მანქანა აფთქდება, თუმცა პოლიტიკოსი უვნებელი გადარჩება.
ამას მოჰყვება რამდენიმე წლის წინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება, რომელსაც ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიეცემა, მაგრამ ფაქტია: ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დასაკავებელი ოპერაცია 20 საათი მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში ისმოდა ორმხრივი სროლა… ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ ჩატაევს მოკლავენ… ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კი არა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ის ხმაც დადის, რომ ჩატაევი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტი გახლდათ და რომელიც „ოცნებამ“ გაათავისუფლა, საქართველოში „ოცნების“ მაღაჩინოსანთა დახმარებით შემოვიდა. ამ კონტექსტში სახელდება სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ (სოსო) გოგაშვილი.
გაბრიელ სალოსის ქუჩის სპეცოპერაცია პანკისში გაგრძელდება, რა დროსაც სამართალდამცველები უდანაშაულო ბიჭს _ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს მოკლავენ…


მოკლედ, ასეთია ქართული ტერაქტების მოკლე ანატომია, რომლის კვანძიც ჯერ არ გახსნილა, ანუ წინ, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი ტრაგიკომედია გველის _ ბადრი ესებუას ოდესმე, ალბათ, დაიჭერენ და… 500 ათასი დოლარის საიდუმლოსაც ფარდა აეხდება.

გიორგი აბაშიძე