ვახუშტი მენაბდე: „პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება!“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგს ოპოზიცია არ აღიარებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. პოლიტიკურმა პროცესებმა არჩევნებიდან მეორე დღეს ქუჩაში გადაინაცვლა, ოპოზიციამ პერმანენტული აქციები დააანონსა და იგი რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.
ახლა მთავარი კითხვაა, რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის? ამით დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხი და რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები?

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოსტს აქვეყნებს: „ბევრმა იკითხა: რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს განაცხადებს? წინასწარ ვიტყვი, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძღვნება ეს პოსტი, სამართლებრივ ნაწილზე ვამახვილებ ყურადღებას.
კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელიც უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:
ა) გასაჩივრებულია სასამართლოში;
ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ამზადებს შესაბამისს დასკვნას და განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს, საბოლოოდ დაიჭიროს ან არა დეპუტატის ადგილი.
ამდენად, თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნველობა ექნება და არა _ სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება, თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს“, _ წერს ვახუშტი მენაბდე.

უფრო კონკრეტულად, იყო თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი დარღვევები, რაც არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხს დღის წესრიგში დააყენებს და შესაძლოა თუ არა, პარლამენტის უფლებამოსილება ვერ ცნონ?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ კონსტიტუციონალისტსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა:

_ ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს, აქვთ თუ არა მათ ამის თქმის სამართლებრივი საფუძველი?
_ ოპოზიციას საკუთარი დამკვირვებლები და კომისიის წევრები ჰყავდა, შესაბამისად, თავად განმარტავს, რის საფუძველზე ამბობს ამას. ჩვენი პოზიციები არჩევნების დღეს მთელი დღის განმავლობაში და ასევე მეორე დღეს დილით გავაცანით საზოგადოებას, სადაც ვისაუბრეთ იმ პრობლემებსა და დარღვევებზე, რომელიც არსებობდა _ იქნებოდა ეს პროცედურული თუ შინაარსობრივი. საკმაოდ მკაცრი შეფასებები გვაქვს ჩვენი გადმოსახედიდან ორგანიზებულობის თვალსაზრისით. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ჩატარებულა.
_ ის დარღვევები და პრობლემები, რაზედაც თქვენ საუბრობდით არჩევნების დღეს, არჩევნების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ?
_ მხოლოდ ეს მონაცემები არ არის ამისთვის საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არასასიამოვნო დარღვევები იყო. ახლა ჩვენ უნდა შევაფასოთ შევსებული ოქმების ხარისხი, უნდა შევადაროთ საიტზე ატვირთული და ჩვენ მიერ უბნებიდან წამოღებული ოქმები ერთმანეთს, ამის შემდეგ უფრო მეტის თქმის შესაძლებლობა გვექნება. ამ ეტაპზე ამ კითხვაზე საბოლოო პასუხისთვის სათანადო ინფორმაციას ვერ ვფლობთ.
_ ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მანდატებზე უარს ამბობენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ და უარს იტყვიან მანდატებზე, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თუ არა?
_ არა, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება იმიტომ, რომ ის 2/3, რაზედაც იყო საუბარი, ეხება უბრალოდ სტატუსთან შეუთავსებლობებს და არა იმას, უნდა თუ არა კონკრეტულ პირს პარლამენტში ყოფნა. მის უფლებამოსილებას ცნობენ და შემდეგ თუ უნდა გადადგეს, მაგრამ ამასობაში პარლამენტი უკვე ლეგიტიმური ორგანო იქნება. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტი უფლებამოსილია, ნდობა მიიღოს მაშინ, როცა მას 76 კაცი ესწრება. გადაწყვეტილება მიიღება უბრალო უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს დამსწრეთა უმრავლესობა, თუმცა არანაკლებ _ 1/3-ისა. ასევე პარლამენტის რეგლამენტში ვკითხულობთ იმას, რომ თუ 2/3-ის უფლებამოსილება არ დასტურდება, პარლამენტი ვერ იმუშავებს, თუმცა უფლებამოსილების დადასტურება უკავშირდება სამანდატო კომისიის მიერ იმის გარკვევას, კონკრეტული დეპუტატის არჩევის წინააღმდეგ არსებობს თუ არა სამართლებრივი დავა, როგორ არის ეს დავა გადაწყვეტილი და სხვადასხვა შეუთავსებლობა ხომ არ აქვს, რომელიც გათვალისწინებულია ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და კონსტიტუციით.
_ იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ შევა პარლამენტში, როგორ აისახება ეს საპარლამენტო საქმიანობაზე?
_ ამით საპარლამენტო ცხოვრება გაღარიბდება, რადგან ოპოზიციის გარეშე ერთპარტიული პარლამენტი საკმაოდ მოსაწყენი იქნება, თუმცა ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
_ ოპოზიციამ არჩევნების მეორე დღესვე საპროტესტო აქციაზე რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა გააჟღერა. რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს უახლოეს მომავალში რიგგარეშე არჩევნები?
_ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი არჩეული პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს მთავრობას. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი ვალდებული იქნება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. თუ პარლამენტის გადაწყვეტილება უნარიანია, მაშინ რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. თუ ოპოზიცია დაითანხმებს ხელისუფლებას ამაზე, ხელოვნურად ჩააგდებენ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და არ დანიშნავენ მას, გაიმართება რიგგარეშე არჩევნები.
_ საუბრის დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ: „ეს იყო „ქართული ოცნების“ პირობებში ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები“. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რატომ?
_ პრობლემა იყო დაძაბული ატმოსფერო, რომელიც გავლენას ახდენდა ამომრჩევლის ქცევაზე და ჩვენც გვიშლიდა ხელს მონიტორინგში. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფლების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები კი არჩევნების დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო. ამას ემატებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით. იყო ნეგატიური ტენდენციები, რომელიც უკავშირდებოდა ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს, ფარულობის პრინციპის დარღვევას, მარკირებისა და ხმის მიცემის წესების დარღვევას, ასევე გადასატან ყუთს და არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე. ეს იყო ძირითადი ტენდენციები, ასევე ძალიან ცუდი პრეცედენტები მოხდა ცალკეულ უბნებზე _ ჩვენს დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების შესაძლებლობა, უბნებსა და გარე პერიმეტრზე შეიმჩნეოდა არსებული დაძაბული გარემო, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ ძალადობაშიც გადაიზარდა. დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები ქარელსა და ხაშურში. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დარღვევის ციკლი გაგრძელდა უბნების დახურვის შემდეგაც, ხმების დათვლის დროს კომისიები ბალანსს დროულად ვერ სვამდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში იმაზე მეტი ბიულეტენი იყო გაცემული, ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდებოდა. ჩვენ საჩივრებით მივმართეთ ცესკოს. პასუხები, ჯერჯერობით, ცხადია, არ იქნება. ცუდი იყო ის, რომ ცესკო-მ ძალიან ნელა დაიწყო შედეგების გამოქვეყნება, რამაც ამომრჩეველში მენიპულაციის განცდა გააჩინა.

ნენე ინჯგია