დემნა გვასალიას გზა სოხუმიდან _ მსოფლიო წარმატებამდე
„ქრონიკა+“-ის დღევანდელ ნომერში მოგიყვებით უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას წარმატებულ ცხოვრებაზე, მიღწევებსა და პოპულარობაზე.
ყველაფერი კი საქართველოს ულამაზესი ქალაქიდან, სოხუმიდან დაიწყო, სადაც მომავალი ვარსკვლავი დაიბადა. ომის შემდეგ დემნამ ცხოვრება თბილისში გააგრძელა. ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით დემნამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.
4 წლის შემდეგ გვასალია ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. დემნა ფიქრობდა, რომ საქართველოში მოდასთან დაკავშირებულ მის ოცნებებს ახდენა არ ეწერა, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა, სწავლა გაეგრძელებინა და ეკონომიკის მაგისტრი გამხდარიყო. სწორედ მაშინ დემნას ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.
გვასალია ახალ ქვეყანაში ახალი რეალობის წინაშე დადგა და გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაებარებინა.
წავიდა ანტვერპენში, რათა ჩარიცხულიყო ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. 800 მსურველიდან დემნა 70 რჩეულში მოხვდა, _ მან აღნიშნულ აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. პირველი კურსის ბოლოს დემნა 70 სტუდენტიან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი გახლდათ, დემნას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა.
გვასალია ბელგიაში ბეირენდოკთან წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად გვასალია პარიზში მიიწვიეს, სადაც „მაისონ მარჯიელაში“ დაიმკვიდრა ადგილი. სწორედ „მარჯიელაში“ დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში.
ზუსტად 5 წლის წინ, 7 ოქტომბერს, „მოდაში თამაში“ 2015 წელს შეიცვალა, როდესაც დემნა „ბალენსიაგას“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა:
„ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან დიდ რისკზე მივდიოდით, მაგრამ გავრისკეთ და მოვიგეთ. მჯეროდა, რომ თუ დემნას ბიზნესის ცენტრში დავაყენებდი, ბრენდი მილიარდი ევროს ნიშნულს მიაღწევდა. მე და დემნას გვაქვს შეხვედრები, სადაც მხოლოდ ბიზნესს განვიხილავთ. ჩვენ ვაკვირდებით გეოგრაფიულ და დემოგრაფიულ მაჩვენებელს. ახლა არ არსებობს ერთი ქვეყანა ან რეგიონი, სადაც გვიჭირს. ყველა ქვეყანაში ონლაინ თუ ოფლაინ, ყველა კატეგორიაში ბრენდი კარგ შედეგს აჩვენებს“, _ აცხადებს „ბალენსიაგას“ გენერალური დირექტორი სედრიქ შარბი.
პარიზში სამი წლის განმავლობაში დემნა „მარჯიელას“ ქალისა და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად მუშაობდა. ის ხელმძღვანელობდა H&M & Margiela -ს გახმაურებულ კოლაბორაციას. 2012 წელს გვასალიამ მიიღო შეთავაზება Louis vuitton -ისგან, მაშინ როდესაც ლუი ვიტონის კრეატიული დირექტორი მარკ ჯეიკობსი იყო. დიზაინერმა დაუყოვნებლივ მიიღო შეთავაზება და მოდის გიგანტის შიგნიდან შესწავლა დაიწყო.
მისი შემდგომი ნაბიჯი მოულოდნელი იყო. მიუხედავად მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობებისა, გვასალიას „ლუი ვიტონში“ მუშაობა არ მოეწონა.
„ძალიან გამიმართლა, მაგრამ სხვისი ხედვის „აღმასრულებელ დიზაინერად“ მუშაობით მოვიწყინე. მჭირდებოდა, რომ საკუთარ ხედვაზე პასუხისმგებლობა თავად ამეღო. მაშინ მოდის ინდუსტრიაზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ვბრაზობდი, როგორ გახდა მოდა საკუთარი კომერციული ეგოცენტრიზმის მსხვერპლი. მოდის დეტოქსიკაცია ნაკლებად მაღელვებდა, მე ჩემი შემოქმედებითი ხედვის კეთილდღეობა მაინტერესებდა. არ მინდოდა გადამეყვარებინა ის, რაზედაც ყოველთვის ვოცნებობდი. მოკლედ, ბრაზისგან და უბრალო სურვილისგან, რომ მეკეთებინა, რაც მე მომწონს, შევქმენი „ვეტმანი“. მართლა არ მაღელვებდა ამისგან „ბიზნესის“ შექმნა, ჩემს შემოქმედებით გონებაში აუთენტური აჯანყება ხდებოდა“, _ ამბობს დემნა.
Vetements -ს მოჰყვა სწრაფი გამოხმაურება, ის იყო დამანგრეველი და მარგინალური. ამ მოდის ხაზმა, მიუხედავად იმისა, რომ დემნას არ გაუკეთებია ასეთი განცხადება, დაანგრია ტრადიციული მოდის კოდები. სინამდვილეში, მისი გუნდი არ ფიქრობდა იმავეს, რასაც სხვა მოდის სახლები. მათი მოტივი იყო ის, რომ ტანსაცმელი, რომელიც მოდის ჩვენებებზე გამოჰქონდათ, მაღაზიებში გაყიდულიყო. დიზაინერის ნამუშევრები არის შეძლებისდაგვარად რეალისტური და სატარებლად კომფორტული.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს „გენდერულად-ფლუიდური“ სტილის იდეაზე, დემნა პასუხობს:
„მძულს ეგ ტერმინი! ძალიან ვულგარულად ჟღერს. თუ ჩვენს ჩვენებაში გოგონასა და ბიჭს ერთნაირი ლუქი აცვიათ, იმიტომ რომ ორივეზე ვცადეთ და ორივეს მოუხდა და არა იმიტომ რომ „გენდერულად-ფლუიდური“ სტილია. 25 წლის წინათ, თუ ბიჭი ჩაიცვამდა კაბას, განაცხადივით იყო, რაც ყურადღების გამახვილებას იმსახურებდა, მაგრამ ახლა… ნორმალურ სოციუმში ეს, უბრალოდ, ჩვეულებრივი მოვლენაა და სრულიად ნორმალურია. ყველას აქვს უფლება, რაც უნდა ის ჩაიცვას, ისე, რომ არ დავახასიათოთ ვულგარული ტერმინებით. არსებობენ ბიჭები, რომლებსაც აცვიათ კაბები და გოგონები, რომლებსაც აცვიათ მამაკაცის პიჯაკები და ეს არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ მათ მოსწონთ, რაც აცვიათ“.
სილ ახლახან დემნამ „ბალენსიაგას“ Pre-Collection 2021 კლიპის სახით გამოუშვა სიმღერაზე „ Sunglasses at night “, რომელსაც დემნას მეორე ნახევარი, ლოიკი ასრულებს. ორიგინალი სიმღერა Corey Hart -ს ეკუთვნის. რაც შეეხება ვიდეოკლიპს, პარიზშია გადაღებული.
„– დემნა გვასალიას შესახებ გსმენია?
– ვშიშობ, რომ არა.
– კარგი, ის Vetemenet -ის მთავარი დიზაინერია და ახლა Balenciaga -სთვის ქმნის სამოსს. ის ქართველია და მას ბავშვობიდან ახსოვს ომი. მან ეს კოლექცია შექმნა Balenciaga -სთვის (ტელეფონში აჩვენებს ფოტოებს). ხვდები? მან ომის მოგონებები ქსოვილად აქცია“, _ ასეთი მონოლოგი მიმდინარეობს ამერიკულ სერიალ „ We Are Who We Are “-ს („ის ვართ, ვინც ვართ“) მეხუთე სერიაში, რომლის პრემიერაც რამდენიმე კვირის წინ შედგა.
მთავარი გმირი, სახელად ფრეიზერი, მეორეხარისხოვან პერსონაჟ ჯონათანთან თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას სწორედ ქართული წარმოშობის ამ ცნობილ დიზაინერს ახსენებს.
ამ ახალ სერიალს მსოფლიოს სხვა მრავალ კუთხესთან ერთად ქართველი მაყურებლებიც ჰყავს, რომელთაც, რა თქმა უნდა, შენიშნეს ეს მომენტი და მოულოდნელად სასიამოვნო სიურპრიზით აღფრთოვანება სოციალურ ქსელებში გააზიარეს.
დემნა უნიფორმების მნიშვნელობაზე
„უნიფორმების სოციალური მნიშვნელობით ადრეული ასაკიდან დავინტერესდი. განსხვავებული უნიფორმების გარემოცვაში გავიზარდე: სამხედრო, პოლიციის, მართლმადიდებლური სამღვდელო, „ცუდი ბიჭები“ სპორტულებით და ტყავის ჟაკეტით, მსუქანი „წარმატებული“ ბიზნესმენები დიდი მუცლებით, ქალები შავებში, რაც საქართველოში ძალიან გავრცელებულია, ზოგიერთი ცხოვრების ბოლომდე შავს ატარებს, თუ ვინმე ძალიან ახლობელი გარდაეცვლება.
ქუჩის სტილი, როგორც უნიფორმის ერთ-ერთი სახე, ყველაზე მეტად მაინტერესებდა, რადგან მას ძალიან ბევრი განსხვავებული სიმბოლო ჰქონდა. მივხვდი, რომ მოდის უნიფორმები შეიძლება იყოს როგორც თვითგამოხატვის, აგრეთვე თავდაცვის ძლიერი იარაღი. ადრევე მქონდა გააზრებული, რომ ტანსაცმელი უფრო მეტია, ვიდრე _ ქსოვილი, რომლითაც შეიძლება სხეული დაიფარო. ტანსაცმლით წარადგენ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც გინდა გამოჩნდე სხვების თვალში. ის ჩვენი იდენტობის სოციალური მნიშვნელობის მატარებელია.
წლების შემდეგ პარიზის ქუჩაში თავდასხმას გადავურჩი, რადგან უშიშროების მაისური მეცვა. ამ მაისურით, რომელმაც თავდასხმას გადამარჩინა, კლუბებში რიგის გარეშე შევდიოდი. დიზაინში ჩემი იდენტობის მუდმივ ძიებაში ვიყავი. დეკონსტრუქცია და კონსტრუქცია ვისწავლე. სამოსის შექმნის სიყვარულით რამდენიმე ღამე ზედიზედ გამითენებია. ვანადგურებდი ჩემს გამოუსადეგარ საკერავ მანქანას, ვსვამდი იაფფასიან წითელ ღვინოს, ვეწეოდი და მუსიკას ხმამაღლა ვუსმენდი. ეს იყო საკმაოდ უძილო, მშფოთვარე, ჩამოყალიბების 4 წელიწადი, რომლის განმავლობაშიც საკუთარი იდენტობის პოვნა მაინც ვერ შევძელი, მაგრამ ხელოვნების ისტორიაში ბევრ გაკვეთილს ვესწრებოდი, რამაც კონცეპტუალურ და თანამედროვე ხელოვნებაში თვალები ამიხილა“, _ ამბობს დემნა.
შეიძლება ითქვას, რომ დემნა გვასალიამ საქართველო მსოფლიოს გააცნო. დიზაინერმა კოლექციის საშუალებით მთელ მსოფლიოს საქართველოს უახლესი ისტორია მოუყვა. დემნა ახალი კოლექციის საშუალებით ქართულ დამწერლობასაც უწევს პოპულარიზაციას. კოლექციაში ნახავთ სამოსს წარწერებით: „სოხუმი“, „ტანსაცმელი“, „უფალო შეგვიწყალენ“, ერთ-ერთ სამოსზე გალაკტიონ ტაბიძის „მე და ღამეც“ კი არის დატანილი.
დიზაინერმა კოლექციის ჩვენებისთვის 40-მდე მოდელი საქართველოში შეარჩია და ახალი კოლექციის წარდგენის საშუალება სწორედ მათ მისცა.
„ეს არის ტანსაცმელი, რომელშიც დოკუმენტირებულია ჩემი ბავშვობა. კოლექცია მივუძღვენი საქართველოს. ქვეყანას, სადაც მე და ჩემი ძმა გურამი 90-იან წლებში ვიზრდებოდით და ომი იყო იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით“, _ ციტირებს „ვოგი“ დემნა გვასალიას სიტყვებს.
„დღეს ყველა ომსა და ლტოლვილებზე საუბრობს და დიახ, მე კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს. უცნაურია, ეს ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის ის, რის შესახებაც CNN -ზე დღესაც ვუყურებთ“, _ ამბობს დემნა.
გიორგი საკარული