გია ნოდია: „კარტოგრაფების საქმე“ თეთრი ძაფებით ნაკერია“
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა. ფაქტია, რომ ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა და მათ ვერც საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე მოახერხეს კოორდინაცია. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ „ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულ ოპოზიციად წარმოადგინოს და ამომრჩეველს ოპოზიციური ერთობის ილუზია გაუჩინოს. რამდენად წამოეგება ამომრჩეველი ამ პიარსვლაზე, ეს რთული სათქმელია.
რა შემთხვევაში შეუძლია ოპოზიციას მმართველი გუნდის დამარცხება? იყენებს თუ არა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კოვიდ-19-ს? რა როლი აქვს სააკაშვილს 2020 წლის არჩევნების კონტექსტში?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:
_ ბატონო გია, დავითგარეჯის თემის წინა პლანზე წამოწევა ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ხედავთ თუ არა იმის ნიშნებს, რომ მმართველ გუნდს „კარტოგრაფების საქმე“ საარჩევნოდ ქულების მისაწერად დასჭირდა?
_ ნიშნებს ვხედავ, _ ეს უფრო შერბილებული გამოთქმაა, ამ საკითხის შესახებ. მე მგონი, ცალსახაა, რომ ხელისუფლებამ ეს თემა, პირველ რიგში, წინასაარჩევნო ინტერესების გამო წამოწია. მას უნდა, ერთი მხრივ, წინა ხელისუფლების _ „ნაციონალური მოძრაობის“ ან, თუნდაც, სხვა პარტიების, ვინც წინა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, დისკრედიტაცია; მეორე მხრივ, ხელისუფლებას უნდა კიდევ ერთი ჟესტის გაკეთება ეკლესიის მისამართით და ეკლესიის მხრიდან კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
_ ამ პროცესებში შეინიშნება თუ არა რუსული მხარის ინტერესები?
_ რუსული მხარის პირდაპირი ჩარევა არ ჩანს, მაგრამ რუსული კვალი ნამდვილად არის. კვალი, პირველ რიგში, იმ თვალსაზრისით, რომ, ზოგადად, როცა საქმე ეხება დავითგარეჯას, ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა, რომელმაც შეიძლება გააფუჭოს საქართველოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან. არადა, ჩვენი ქვეყნისთვის იგი აუცილებელი სტრატეგიული მოკავშირეა. ასეთი ურთიერთობის გაფუჭება კი, ცხადია, რუსეთის ოცნებაა, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც სხვა გზა არ დარჩებათ, თუ არა რუსეთის ყველანაირი მოთხოვნის შესრულება. გარდა ამისა, ამ საქმეში ჩართულია რუსეთში მცხოვრები და მოქმედი ბიზნესმენი, ფიგურირებს რუსეთიდან ჩამოტანილი რუკები, რაც თავისთავად არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომ პროცესში ჩართულია რუსეთის პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული მინიშნება არის.
_ „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულების მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი უდანაშაულოები არიან და ხელისუფლებას ეს აურზაური წინასაარჩევნოდ დასჭირდა. თქვენი შეფასებით, ამ საქმით მიაღწია თუ არა ხელისუფლებამ თავის მიზანს?
_ ვერ ვიტყვი, ამ თემამ როგორი გავლენა იქონია მასობრივ ამომრჩეველზე, მაგალითად, ვინც სოფელში ცხოვრობს. ჩემი წრით და ჩემი ნაცნობებით რომ ვიმსჯელო, არ იქნება სწორი, მაგრამ ზოგადად ვარაუდის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე თეთრი ძაფებით ნაკერია. განსაკუთრებით იმ ადამიანების ციხეში ჩასმა, რომლებიც, ალბათ, საზოგადოების უმრავლესობას უდანაშაულოდ მიაჩნია, ვერ იქნება მომგებიანი ხელისუფლებისთვის.
_ ამის პარალელურად, კოვიდ-19-ის რეკორდულად გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, ხელისუფლება შეზღუდვებისგან მაქსიმალურად თავს იკავებს, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
_ მგონია, რომ ხელისუფლებას ამ ვითარებაში ძალიან უნდა არჩევნების ჩატარება. ამ ფონზე ის უფრო კარგად შეძლებს თავისი მომხრეების მობილიზებას, ვიდრე _ ოპოზიცია. ზოგადად, კორონა ვირუსის საკითხებზე თუ იქნება საზოგადოების ყურადღება გადართული, პოლიტიკაზე ნაკლებად იფიქრებს ხალხი და ეს კარგია ხელისუფლებისთვის. როგორც ჩანს, ეს ანგარიშია და ამის გამო ყველამ მოვისმინეთ, რომ გახარიამ, პრაქტიკულად, გამორიცხა არჩევნების გადადება. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რიცხვით დიდი ხანია, გადავაჭარბეთ იტალიის მაჩვენებლებს _ გვახსოვს, ყველანი ვუყურებდით იტალიას და ვამბობდით: ვაიმე, იტალიაში რა ხდებაო. ობიექტურად, იმაზე გაცილებით უარესი მდგომარეობაა ახლა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მაინცდამაინც მკაცრი ზომები მიღებული არ არის. შეიძლება, ეს სწორიც არის, მაგრამ მაშინ აპრილსა და მაისში რატომ ჩაკეტეს ქვეყანა და რატომ მიაყენეს ამხელა ფსიქოლოგიური და მატერიალური ზარალი ამდენ ადამიანს? მგონი, ეს ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნაა, რომ დღეს როდესაც 30-40-ჯერ მეტი ადამიანი ინფიცირდება ყოველდღე და 11 ადამიანი გარდაიცვალა 15 ოქტომბერს, მაისიდან სექტემბრამდე კი _ 19, მაშინ ყველაფრის ჩაკეტვა რატომ იყო გამართლებული და ახლა რატომ არ იღებენ შესაბამის ზომებს? როგორც მინიმუმ, ის უნდა ვთქვათ, რომ ტყუილად ჩაგვკეტეს გაზაფხულზე, _ ამის საწინააღმდეგო არგუმენტი კი საერთოდ არ არსებობს. იმ ჩაკეტვის გამო ჩაიწერა ხელისუფლებამ ქულები, ამბობდნენ კიდეც, „რა კარგად გავუმკლავდით პანდემიასო“, დღეს კი გაცილებით უარესი სიტუაცია.
_ ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ხელისუფლების ყველაზე კარგი მოკავშირე კოვიდ-19 იყო. თუ ასე გაგრძელდა სტატისტიკა, არჩევნებისთვის შესაძლოა თუ არა, რომ ხელისუფლებას მისთვის საზიანოდ შემოუბრუნდეს პროცესები?
_ რაღაც ზომით, ალბათ, შემოუბრუნდება, თუმცა გააჩნია, რა ზომით. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ხალხის უკმაყოფილების გარკვეულ გაზრდას ის გაუძლებს. ერთია, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა, მაგრამ მეორეა, წავა თუ არა ხალხი არჩევნებზე? შეიძლება, უკმაყოფილება გაიზარდოს, მაგრამ ნაკლები ხალხი წავიდეს არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, პირიქით, ხელისუფლება მოგებული დარჩება.
_ ოპოზიცია აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
_ ვიღაცის თვალში ყოველთვის დგებოდა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ. შეიძლება, ახლაც დადგეს, მაგრამ მერე რა?! ფორმალურად, ეს არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. თუ ამის მეშვეობით „ქართული ოცნება“ გამარჯვებას მოიპოვებს და იზეიმებს, მის მიმართ იურიდიული საბუთები არ იარსებს, რომ მას უნდა გადაედო არჩევნები კორონა ვირუსის გამო და არ გადადო ან თუნდაც გამოიყენა კორონა ვირუსის სიტუაცია სათავისოდ.
_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ საარჩევნო სიას გამარჯვების სია უწოდა, თუმცა ამავე სიას მათივე მხარდამჭერებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. რა გათვლა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, როცა სიაში სანიკიძის, ჩოჩელისა და სხვების გვარებს ვკითხულობთ?
_ თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ცალსახად გამარჯვების შანსი, მაშინ ამის შანსი მას არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც „ევროპული საქართველო“, ანგარიშობს, რა სჯობს მისთვის. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ძირითადი სტრატეგოსი მიხეილ სააკაშვილია. მისი აზრია გადამწყვეტი. ეტყობა, მან მიიჩნია, რომ ის ხალხი, ვინც მისი მომხრეა, პირადად მისი ერთგულია და, ალბათ, ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა უმრავლესობა. ეს ადამიანები მას ნებისმიერ შემთხვევაში მისცემენ ხმას, რადგან სხვა წასასვლელი არსად აქვთ და გარკვეულად მათ სჯერათ, რომ თუკი მიშა ამას აკეთებს, საქმისთვის ასეა საჭირო. მეორე მხრივ, სრულიად განსხვავებული ხალხის ჩართვა, როგორიც არის ჩოჩელი და ოქრიაშვილი, ასევე გუბაზ სანიკიზე, რესპუბლიკელები, სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის ჩასმა, ეს ხალხი ცოტ-ცოტა რაღაც ამომრჩეველს მოიყვანს, _ როგორცა ჩანს, გათვლა ეს არის და მე ნამდვილად არ მაქვს იმის ინსტრუმენტები, რომ შევაფასო, გაამართლებს თუ არა ეს გათვლა. მაინცდამაინც სიძლიერის ნიშანი ეს არ არის, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 1-2 ან ნახევარ პროცენტს მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებას კი არ ფიქრობს, არამედ სურს, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით უფრო მკაფიო და გადამწყვეტი უპირატესობა ჰქონდეს.
_ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით „ევროპულმა საქართველომ“ პირობითი პარტიული სია წარადგინა ნუმერაციის გარეშე. მათი თქმით, ისინი ახალი კულტურის დამკვიდრებას ცდილობენ. რა გავლენა ექნება ამას ამომრჩეველზე?
_ არ მგონია, ამან დიდი გავლენა მოახდინოს რიგით ამომრჩეველზე. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველთა უმრავლესობა ამას ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევს. ეს უფრო მნიშვნელოვანია პარტიის მშენებლობისთვის, შიდა პარტიული სამართლიანობისა და პრინციპების დასამყარებლად. ზოგადად, პარტიის შიგნით სიის შედგენა მტკივნეული პროცესია. ვინ არის წინ და ვინ _ უკან, როგორც ჩანს, ამ ნაბიჯით „ევროპულ საქართველოს“ უნდა, რომ შიდა პარტიული დემოკრატია განავითაროს და ამით პარტია, როგორც ორგანიზაცია, შიგნიდან გააძლიეროს.
_ „ევროპული საქართველო“ მაქსიმალურად ცდილობს, ტოლობის ნიშანი დასვას ბიძინასა და მიშას შორის. რამდენად გასაგებია და სწორი მათი სტრატეგია?
_ გასაგებია იმ თვალსაზრისით, რომ მას სურს, უფრო მეტად გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიიზიდოს ისეთი ამომრჩევლების ხმები, ვისთვისაც მიუღებელია პირადად სააკაშვილი. თუმცა ამ მოედანზე მათ ბევრი კონკურენტი ჰყავთ, უფრო მკაფიოდ შუაშისტური პარტია გახდა „ევროპული საქართველო“, მაგრამ ეს დაკავებული ნიშაა და ამ მიმართულებით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ჩემთვის ძნელია იმის თქმა, ამით ისინი მოიგებენ თუ წააგებენ. არ მგონია, რომ ამის გამო ბევრი მოიგონ ან ბევრი წააგონ, მაგრამ ეს არის მათი ანგარიში. ეს ტაქტიკა მათ ძალიან დიდ ცვლილებას არ მისცემს, არც ნეგატიურსა და არც პოზიტიურს.
_ რამდენიმე კვირის წინ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნეთ: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაფრის გარანტიები არ არსებობსო“. მას შემდეგ არაერთი კვლევა ვნახეთ, უპირატესობა მაინც „ქართულ ოცნებას“ აქვს. დღეს უკვე შეგვიძლია რამე კონკრეტულის თქმა?
_ პირველ რიგში, ამ კვლევებში ხალხი უნდა უყურებდეს, თუ როგორია, ერთი მხრივ, „ქართული ოცნებისა“ და, მეორე მხრივ, ყველა ოპოზიციური პარტიის, რომელიც რეალურად ოპოზიციურად შეიძლება ჩავთვალოთ, თანაფარდობა. ზოგ კვლევაში „ქართული ოცნება“ სჯობს, ზოგში თანაბარი არიან, ზოგში ოპოზიციის ჯამი სჯობს. მგონია, რაც წინა ინტერვიუში გითხარით, სწორი იყო და მას შემდეგ მეტი კვლევა ვნახეთ, თუმცა იგივე შემიძლია გავიმეორო დღესაც, _ არაფრის გარანტია არ არსებობს.
_ მესმის, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ რამდენად რეალისტურია ის, რომ მმართველი გუნდი შეძლებს უმრავლესობით დარჩენას?
_ გარანტია არ არსებობს. არ შემიძლია ცალსახა პროგნოზის გაკეთება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეძლოს, მაგრამ თუ ის ამას შეძლებს, ეს არ იქნება ხალხის რეალური განწყობის ასახვა, ეს იქნება იმ არცთუ კანონიერი მეთოდების გამოყენების შედეგი, რომელიც წინა არჩევნებში ვნახეთ.
_ მიუხედავად მრავალფეროვანი პარტიებისა, მაინც დგას შავ-თეთრი არჩევანი _ ბიძინა თუ მიშა? რეალურად, ორივე მათგანი ყველაზე მეტს, სწორედ, ერთმანეთზე საუბრობს. ქმნიან თუ არა ისინი ხელოვნურად ორპოლუსიანობას, რათა ამით გარკვეული სარგებელი მიიღონ?
_ ცხადია, რომ ამ პარტიას სარგებელი აქვს იმ შთაბეჭდილების შექმნით, რომ ერთ მხარეს „ქართული ოცნებაა“, მეორე მხარეს კი _ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს მომგებიანია „ქართული ოცნებისთვის“ და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, მაგრამ მგონია, თანდათანობით სულ უფრო მეტი ამომრჩეველი ხვდება, რომ ეს სურათი ხელოვნურადაა შექმნილი და სხვა მოთამაშეებიც არიან, რომლებიც შეიძლება, ცალ-ცალკე, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჩამორჩებიან, მაგრამ მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან _ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მათ გარეშე მთავრობა ვერ შეიქმნება. უბრალოდ, ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვქონია. 2012 წლის მთავრობას ერქვა კოალიციური, მაგრამ მხოლოდ სიტყვით იყო კოალიციური. ამიტომ, ბუნებრივია, ამომრჩევლისთვის ასეთი ვითარება უჩვეულოა, ის შეჩვეულია ასეთ ორპოლუსიანობას. ეს არჩევნები გარკვეულად გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ პირველად აუცილებელი გახდეს რეალურად კოალიციური მთავრობის შექმნა.
_ მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით შეძლებს მოსვლას, თან ცდილობს, რომ „ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულ ოპოზიციად წარმოგვიდგინოს. აღიქვამს თუ არა ამომრჩეველი „ძალა ერთობაშიას“ ოპოზიციურ გაერთიანებად?
_ ჩემი აზრით, ეს არის სააკაშვილის ერთგვარი პიართამაში, როდესაც მან ასეთი კოალიცია შექმნა და დაარქვა „ძალა ერთობაშია“, ანუ რაკი არის ერთგვარი მოთხოვნა საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ ოპოზიცია ერთად იყოს, რაც ხალხს უნდა იმას ვაკეთებთო, _ ეს უფრო თამაშია, რა თქმა უნდა. გათვითცნობიერებული ადამიანები ხვდებიან, რომ „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციის მხოლოდ ერთი ნაწილია, თუმცა ყველაზე ძლიერი. სხვა ოპოზიციურ ძალებთან კავშირის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პიართამაში ამომრჩევლის ნაკლებად გათვითცნობიერებულ ნაწილზეა გათვლილი. შეიძლება, როგორც თქვენ თქვით, ვიღაც ბრაზდება იმაზე, რომ ოქრიაშვილსა და ჩოჩელს რა უნდა აქო?! ან ვიღაცას შეიძლება არც რესპუბლიკელების იქ ყოფნა სიამოვნებდეს, მაგრამ ამომრჩევლის რაღაც ნაწილზე მოქმედებს იმ თვალსაზრისით, რომ როგორი მოქნილია სააკაშვილი და როგორ განსხვავებულ ხალხთან შეძლო თანამშრომლობაო.
_ აღნიშნეთ, რომ „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. რატომ ვერ შედგა უფრო დიდი ოპოზიციური ერთობა?
_ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად საქმე გაართულა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა ორი თვალსაზრისით: ერთი ის, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალებისთვის და მათი ამომრჩევლებისთვის მიუღებელია სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა; მეორე მხრივ, ბოლო თვეებში პირადად სააკაშვილის გააქტიურებამ გაამძაფრა სიტუაცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თქვა, რომ უნდა მოიგოს „ძალა ერთობაშიამ“, თვითონ უნდა გახდეს პრემიერი და ა. შ. ამან, ერთგვარად, დაასუსტა ერთად მოქმედების ნება, როგორც სააკაშვილის, ისევე სხვა პარტიების მხრიდან.
_ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი წინასაარჩევნო პროცესებში ასე აქტიურად არ უნდა ყოფილიყო ჩართული?
_ მხოლოდ ამ პროცესებს არ ვგულისხმობ, მან რაღაც არჩევანი უნდა გააკეთოს, _ თუ ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი, უნდა იყოს უკრაინელი პოლიტიკოსი და ასე აქტიურად არ უნდა ერეოდეს ქართულ პოლიტიკაში ან უნდა იყოს მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში.
_ რას ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება?
_ სააკაშვილმა იეჭვიანა გიორგი ვაშაძეზე. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: ვაშაძემ რომ დაასახელა თავისი კანდიდატურა, ის ამაზე გაბრაზდა და შემდეგ დაასახელა საკუთარი თავი. ეს არ იყო კარგად გააზრებული ნაბიჯი, უფრო ემოციური გახლდათ. მისთვის მომგებიანი ნაბიჯი არ არის. ჯერ ერთი, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ იურიდიულად შეუძლებელია, ის არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდეს, რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება, მაგრამ გასაგები სამართლებრივი მიზეზების გამო, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თან ძებნილია, ვერ იქნება პრემიერი, მაგრამ მაინც დაასახელა თავი. თითქოს კოალიციური თანამშრომლობის ჯიბრზე გააკეთა, წინასწარ თქვა, რომ მე უნდა ვიყოო, თუმცა მისთვის გასაგები იყო, რომ შეუძლებელია, კოალიცია მის გარშემო შეიკრას. პრაქტიკულად, მან პროვოცირება გააკეთა იმისა, რაც „ევროპულმა საქართველომ“ მერე განაცხადა, რომ სააკაშვილის პრემიერობას არ უჭერდა მხარს. სხვა შემთხვევაში ეს საკითხი არ დადგებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა პრემიერობის კანდიდატად დააყენა თავი, უკვე ამომრჩევლის მხრიდან წამოვიდა ზეწოლა, იმავე „ევროპულ საქართველოზე“, რომ „აბა, თქვენ დაუჭერთ მხარს სააკაშვილსო“? ამიტომ იძულებული გახდა „ევროპული საქართველო“, მკაფიო პოზიცია დაეკავებინა და ამით უფრო დაიძაბა ურთიერთობა ორ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას შორის. ამან კიდევ უფრო გაართულა ოპოზიციის თუნდაც კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედება.
_ არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ 2012 წელს რა როლიც „ციხის კადრებმა“ შეასრულა არჩევნების წინა დღეებში, თუ მსგავსი მასშტაბური რამ არ მოხდა, „ქართული ოცნება“ მოიგებს.
_ დღევანდელი რეიტინგისა და ადმინისტრაციული რესურსის შერწყმით, „ქართული ოცნება“ ფავორიტი ჩანს და მოსახლეობაც ასე ფიქრობს. გამოკითხვებშიც შეიძლება უმრავლესობამ თქვას, რომ სურს მთავრობის ცვლილება ან კოალიციური მთავრობა, მაგრამ პროგნოზს როცა ეკითხებიან, მათი უმრავლესობის აზრით „ქართული ოცნება“ დარჩება. ასე რომ, მესმის, ეს შესაძლებელია, მაგრამ ოპოზიციის გამარჯვებაც შესაძლებელია. გარკვეულ გამოკითხვებში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის კლების ტენდენციაა, მკვეთრი არა, მაგრამ შესაძლოა, ეს გაგრძელდეს. ასე რომ, ვერ გამოვრიცხავთ ოპოზიციის გამარჯვებას (იგულისხმება ოპოზიციური პარტიების ჯამის გამარჯვება). თუკი ეს მოხდა, შემდეგ რთული ამოცანა დადგება, რომ ისინი შეთანხმდნენ ერთიან კოალიციურ სქემაზე, მთავრობაში ვინ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცამ ბოლო მომენტში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არჩიოს. ძალიან რთული ორი ნაბიჯი სჭირდება ოპოზიციას, რომ მიზანს მიაღწიოს: პირველი ის, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამმა აჯობოს „ქართულ ოცნებას“, შემდეგ კი შეთანხმდნენ კოალიციური მთავრობის შექმნაზე არა „ქართულ ოცნებასთან“.
ნენე ინჯგია