მარინა მოლოდინი: „ჟვანიას საქმე რომ გაიხსნას, ოპოზიციის ბევრი ლიდერი დამნაშავის სკამზე აღმოჩნდება!“

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება _ მარინა მოლოდინი „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის ოცეულშია.
საერთოდ, ვინც ქართულ პოლიტიკას კარგად იცნობს, მოეხსენება, რომ ამ ქალბატონს დიდი პოლიტიკური ბეგრაუნდი აქვს და მის კულუარებშიც კარგად ერკვევა. ის კი არადა, ქალბატონი მარინა იმ რამდენიმე ადამიანთაგან ერთ-ერთია, რომელმაც აწ განსვენებულ პრემიერს არ უღალატა და დღემდე ზურაბ ჟვანიას მეგობრად მიიჩნევს თავს.

რატომ გადაწყვიტა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება? რატომ შეაჩერა არჩევანი მაინცდამაინც „პატრიოტთა ალიანსზე“? მოიწონებდა თუ არა ზურაბ ჟვანია მის ნაბიჯს? _ ამ თემების შესახებ მარინა მოლოდინმა ექსკლუზიური ინტერვიუ „ქრონიკა+“-ს მისცა და ისიც აგვიხსნა, თუ რატომ არ იყრის კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად:

_ მარინა, 12-წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდებით _ „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის ოცეულში, თუ არ ვცდები, მეთორმეტე ხართ. პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
_ 12 წლის წინათ, როცა პარლამენტიდან წამოვედი, თითქმის დავიფიცე, რომ პოლიტიკაში აღარ დავბრუნდებოდი, მით უმეტეს, რომ ზურაბ ჟვანია ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება იმ გუნდმა მიმაღებინა, რომელთან ერთადაც ახლა ვარ.
_ ანუ „პატრიოტებს“ გულისხმობთ?
_ დიახ, უფრო კონკრეტულად, დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს.
სხვათა შორის, ოთხი წლის წინათ, როცა ირმა საგარეჯოს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, სერიოზულად არც მიფიქრია, რომ პარტიული მუშაობა გამეგრძელებინა. უბრალოდ, ირმას ოჯახი ჩემი ძალიან ახლობელია და ვეხმარებოდი, მაგრამ ეს ადამიანები და მათი პროგრამა ახლოს გავიცანი და გადაწყვეტილება მივიღე, რომ ქვეყანაში გამეფებული უსამართლობისა და სიბინძურეების წინააღმდეგ მათთან ერთად მებრძოლა!
დღეს ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია! მეტიც: სანამ ისეთი საქართველო არ აშენდება, როგორზედაც ქართველი ერი ოცნებობს, ამ ადამიანების გვერდით ვიქნები!
_ მითხარით, 2016-ში იმაზე მეტი სიბინძურე და უსამართლობა ნახეთ, რაც, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა?
_ მაშინდელი სიბინძურეები და უსამართლობა არ დამთავრდა და დღესაც გრძელდება.
იცით, კოჰაბიტაცია რა იყო?
_ რა?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლება და მისი პოლიტიკაში დაბრუნება, შესაბამისად, ეს პარტია დანაწევრდა და დღეს სხვადასხვა ფრონტიდან იმისთვის იბრძვის, რომ ხელისუფლების სათავეში მობრუნდეს და ისევ ის უბედურება დაატრიალოს, რასაც 9 წელი ატრიალებდა!
_ „ნაციონალების“ 9-წლიან მმართველობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თან იმათი 9 წელი ამათმა, ე. ი., „ოცნების“ 8 წელმა „გადაწონა“. ამიტომაც კითხვას სხვანაირად დაგისვამთ: მგონი, არავინ კამათობს, რომ 2012-ში ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში სწორედ „პატრიოტების“ ლიდერთა დამსახურებით მოვიდა, თუმცა დღეს თარხან-მოურავ-ინაშვილის ტანდემი „ოცნებისთვისაც“ ისევე მიუღებელია, როგორც, ვთქვათ, „ნაციონალებისთვის“. მარინა, ამას რით ხსნით?
_ „პატრიოტთა ალიანსი“ „ოცნებისთვის“ მიუღებელი იმიტომაა, რომ „ოცნებაში“ მისი ნამდვილი მომხრეები და ის ადამიანები, რომლებიც 9-წლიანი რეჟიმისა და მაშინდელი უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თითქმის აღარ არიან, ანუ კოჰაბიტაცია მოხდა.
გადავხედოთ.
_ რას გადავხედოთ?
_ თანამდებობებზე ისევ „ნაციონალები“ არიან, ანუ „ოცნებამ“ ყოფილი „ნაციონალები“ შეისისხლხორცა და მათთან მდინარაძეები თუ კობახიძეები მშვენივრად თანამშრომლობენ!
„პატრიოტთა ალიანსი“ კი იმ იდეებისთვის იბრძვის, რომლის რეალიზებაც მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ქართველი ხალხის ოცნებაა!
_ ისე, მარინა, რამდენიმე წლის წინათ „ოცნებას“ რომ შემოეთავაზებინა, მის პარტიულ საქმიანობაში ჩართულიყავით, დასთანხმდებოდით?
_ არა!
_ რატომ?
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, უფრო სწორად, მკვლელობისა და ასევე სხვა ჩემი მეგობრების _ ბატონი გურამ შარაძისა და ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდების შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღე, პოლიტიკიდან წამოვსულიყავი.
სერთოდ, მაშინ ძალიან ბევრი უბედურება ტრიალებდა _ ადამიანებს ქონებებს ართმევდნენ.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მარტო სულხან მოლაშვილის წამება რად ღირს. მოკლედ, როცა რ ამას ვუყურებდი, როგორ შემეძლო, რომ პოლიტიკაში დავრჩენილიყავი?
ისე, 2010 წელს „ნაციონალების“ წინააღმდეგ ბრძოლა ვცადე _ ნოღაიდელის პარტიაში ვიყავი და რაც შემეძლო, გავაკეთე, მაგრამ ამ ძალის დამარცხება მაშინ არავის წარმოედგინა.
_ ეს გავიგე, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ, ანუ „ოცნებას“ მის გვერდით დადგომა რომ შემოეთავაზებინა, დასთანხმდებოდით?
_ არა!
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ ძალიან მალევე, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ყველამ დავინახეთ, რომ „ოცნებამ“ თამაში დაიწყო.
_ „თამაშში“ რას გულისხმობთ, მარინა?
_ კოჰაბიტაციას, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა და ერთმანეთში ისე აითქვიფებოდა, როგორც ახლა ვხედავთ!
სხვისი არ ვიცი, პირადად მე კი მიმმაჩნია, რომ დღეს „ოცნებაში“ ძველი სახეები აღარ არიან. მხოლოდ მდინარაძეს, კობახიძესა და მათ ერთ მუჭა მეგობრებს, ანუ გაცოცხლებულ „ნაციონალებს“ ვხედავთ!
_ მართალია, „ოცნების“ ფანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გეთანხმებით _ ძირძველი ოცნებელები აღარსად ჩანან.
ისე, მარინა, პოლიტიკაში დიდი გამოცდილება გაქვთ და მითხარით, დღეს საზოგადოებაში არის განწყობა, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს?
_ დიახ, ხალხში ეს განწყობა არის, მაგრამ მუშაობა მაინც საჭიროა.
_ ანუ?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლით შექმნილი პარტიები ხელოვნური ოპოზიციაა.
_ ამას რატომ ამბობთ?
_ ეს პარტიები იმისთვის არ მუშაობენ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს!
_ აბა, რისთვის მუშაობენ?
_ ერთადერთი, ვინც დღეს ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვის, „პატრიოტთა ალიანსია“. ამიტომაც „პატრიოტების“ წინააღმდეგ ყველა პარტია გაერთიანებულად იბრძვის.
_ გასაგებია, „ოცნებისა“ და იგივე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თქვენი პარტია მიუღებელი რატომაცაა, მაგრამ ე. წ. შუაშისტური პარტიები, მაგალითად, კახა კუკავა ან დავით ჭიჭინაძე „პატრიოტების“ გვერდით რატომ არ დგანან?
_ ჩვეულებრივი კონკურენცია მიდის _ გაძლიერებული პოლიტიკური ძალა არავის უნდა. არადა, ნათელია, რომ დღეს საქართველოში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია სწორედ „პატრიოტთა ალიანსია“.
_ მარინა, ამ პარტიის წევრი ხართ და ცხადია, ასე უნდა თქვათ, მაგრამ დამისაბუთეთ, „პატრიოტთა ალიანსი“ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია რატომაა?
_ უამრავი მხარდამჭერი გვყავს _ ქუჩაში ასეულობით ადამიანი არაერთხელ გამოვიყვანეთ, რაც ვერც ერთმა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ ვერასოდეს მოახერხა!
ოპოზიცია იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იდეისთვის იბრძოლოს და ეს ქვეყანა გაჭირვებიდან ამოიყვანოს, არამედ „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ჩირქის მოცხებითაა დაკავებული.
სხვათა შორის, 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ძალიან დიდ აქციას ვაწყობთ. რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ გაბედოს და იმდენი ხალხი გამოიყვანოს, რამდენსაც ჩვენ გამოვიყვანთ!
მოკლედ, ყველაფერი ეს შურია და სანამ საქართველოში შური, ბოღმა, ღვარძლი და ერთმანეთის ლანძღვა-გინება არ დამთავრდება და სანამ ქართველი ხალხი არ მიხვდება, რომ მთავარია იდეისთვის ბრძოლა, ამ ქვეყანას ნამდვილად არაფერი ეშველება!
დღეს მედროვეები ისევ სკამებისთვის იბრძვიან და არა _ იმისთვის, რომ ქვეყანას რამე ეშველოს!
სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს, „ოცნების“ ძველი სახეები ხმას რატომ არ იღებენ და იმაზე რატომ არ წუხან, რომ მათი ადგილები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიკავეს? „ოცნების“ ძველი სახეები გასუსულები და შეშინებულები არიან!
_ მარინა, იმასაც მიზანმიმართულ შავ პიარად მიიჩნევთ, რომ თქვენს პარტიას პრორუსულობაში სდებენ ბრალს თუ საამისოდ „პატრიოტთა ალიანსი“ გარკვეულ საბაბს იძლევა?
_ დიახ, ეს მიზანმიმართული კამპანიაა!
ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ქართველი ხალხი „პატრიოტთა ალიანსს“ აღიარებს. ჩვენი გამოკითხვებით, „პატრიოტთა ალიანსი“ „ოცნებასაც“ უსწრებს და ჩვენ წინააღმდეგ ეს კამპანიაც სწორედ ამიტომ დაიწყო.
გეკითხებით, ბრალი რაში უნდა დაგვდონ? _ ვერ იტყვიან, კორუმპირებულები ხართ და დანაშაული ჩაგიდენიათო. ამიტომ ეს თემა გამოძებნეს, მაგრამ ეს საცოდავები ამასაც ვერ ახერხებენ!
ჩვენი პარტია გამოკითხვას ატარებს და უნდა, რომ საქართველოს მიუმხრობლობა გამოაცხადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არავის, მათ შორის, არც _ რუსეთის, არც _ აშშ-ის და არც თურქეთის ჯარი არ უნდა იდგეს. ჰოდა, თუ რუსეთის ვართ, ამ იდეისთვის ვიბრძოლებდით?
ეს ძლიერი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ჩვეულებრივი ანტიპიარია!
_ სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2012 წელს „ოცნება“ პირობას დებდა, რომ ყველა გახმაურებულ საქმეს, მათ შორის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასაც, გამოძიებდა, მაგრამ ამ კუთხით ახალი არაფერია. მარინა, თქვენი ვერსიით, „ოცნებამ“ ჟვანიას საქმე რატომ არ გამოიძია?
_ არ უნდა, რომ ეს საქმე გაიხსნას!
_ რატომ არ უნდა?
_ ეს საქმე რომ გაიხსნას, ძალიან ბევრი, ვისაც დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერად მოაქვს თავი, დამნაშავის სკამზე უნდა დასხდეს! ჟვანიას საქმე თაროზე შეგნებულადაა შემოდებული!
_ ჰოდა, თუკი ჟვანიას საქმის კვალი დღევანდელი ოპოზიციის ლიდერებამდე მიდის, „ოცნება“ მათ ხელს რატომ აფარებს?
_ გითხარით და კიდევ გეუბნებით: დღეს „ოცნება“ „ოცნება“ აღარ არის! ეს „ნაციონალური ოცნებაა!“
_ ჩვენში დარჩეს და, ამას ბევრი ამბობს…
ისე, მარინა, პარლამენტში რის გაკეთებას აპირებთ, ანუ რა მოტივაცია გქონდათ, როცა „პატრიოტებს“ პროპორციულ სიაში ჩაწერაზე დასთანხმდით?
_ პარლამენტიდან ისე წამოვედი, რომ ის იდეა, რომლისთვისაც თავის დროზე იქ შევედი, ბოლომდე ვერ მივიყვანე.
_ ე. წ. მთის კანონს გულისხმობთ?
_ დიახ. ყველაზე კარგად იცით, რომ მთიანი რეგიონების გაძლიერებისთვის ბრძოლა რამდენიმე წლის წინათ დავიწყე და 1999 წელს „მთის კანონი“ სწორედ ჩემი ძალისხმევით დამუშავდა, თუმცა „ნაციონალების“ დროს ეს კანონი შეჩერდა. „ოცნებამ“ კი აამოქმედა, მაგრამ კანონი ისე გააფუჭა, რომ მთას დიდი შეღავათები მაინც არ აქვს. ამიტომაც პირველი, რისთვისაც პარლამენტში ბრძოლას დავიწყებ, სწორედ მთა იქნება, ანუ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მთა ისე განვითარდეს, როგორც წარმომიდგენია.
ამას გარდა, თანაგუნდელებთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ პროგრამის რეალიზებისთვის ვიბრძოლებ. ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს. სხვათა შორის, თავის დროზე, ფრანკოფონური საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი და პოლიტიკიდან რომ წამოვედი, პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციას ვთხოვე, მუშაობა გაეგრძელებინათ, რათა საქართველო ამ ასამბლეის წევრი გამხდარიყო (ჩემს დროს დამკვირვებლის სტატუსი გვქონდა), მაგრამ ამის გაკეთება დღემდე ვერ მოხერხდა, არადა, ამ ასამბლეის წევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ძლიერი ტრიბუნა იქნება, რადგან ევროპარლამენტარების თითქმის უმრავლესობა ამ ასამბლეის წევრია.
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი მიზანი მაქვს, რომ ხალხი სიდუხჭირიდან როგორმე ამოვიყვანოთ. ისე, იგივე 90-იან წლებში გვეგონა, რომ იმაზე უარესი, რაც მაშინ ხდებოდა, აღარაფერი იქნებოდა, მაგრამ დღეს ხალხს საჭმლის ფული არ აქვს! ადამიანებში საოცარი ნიჰილიზმია და საერთოდ, საკითხავია, არჩევნებზე ხალხი მოვა თუ არა!
_ თუკი ხალხი არჩევნებზე არ მივა, ეს „ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს, არა?
_ რა თქმა უნდა. ამიტომაც ხალხთან ვმუშაობთ და ვარწმუნებთ, რომ არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეს.
იცით, საზოგადოებაში როგორი განწყობაა?
_ როგორი?
_ ძალიან მცირე ნაწილი „ოცნებასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს, უმეტესობა კი _ „პატრიოტთა ალიანსს“. მართალია, რაღაც სისულელეებს აქვეყნებენ, მაგრამ რეალობა სხვანაირია.
ქუჩაში გავიდნენ და ნახავენ, რაც ხდება _ ძალიან ბევრს გადაწყვეტილიც არ აქვს, არჩევნებზე წავა თუ არა!
_ მარინა, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა, პარლამენტში შესვლის მერე ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და სხვა საქმეების გამოძების საკითხს თუ დააყენებთ?
_ აუცილებლად და ვიბრძოლებ, რომ ეს საქმეები გაიხსნას!
_ ისე, დღეს რომ ჟვანია ცოცხალი იყოს, „პატრიოტებთან“ თქვენს წასვლას მოიწონებდა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ აწ განსვენებული პრემიერი მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკის მიმდევარი იყო და საქართველოს ნეიტრალიტეტს მხარს არ უჭერდა…
_ ვინ გითხრათ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დასავლეთთან ურთიერთობას უარყოფს? ჩვენ ევროპასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, აშშ-სთანაც და რუსეთთანაც!
საერთოდ, თუ პარტია ხარ, დიპლომატიური ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან უნდა გქონდეს, თუმცა ყველასთან საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა უნდა გაატარო. ამიტომ ისე ნუ ჩათვლით, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ რუსეთთან აქვს და ბრიუსელთან თუ ვაშინგტონთან _ არა!
მოკლედ, დარწმუნებული ვარ, რომ ზურა ჩემს ნაბიჯს ძალიან მოიწონებდა. ეს პარტიაც ზუსტად იმისთვის იბრძვის, რისთვისაც ჟვანია იბრძოდა!
„პატრიოტთა ალიანსის“ პრორუსულობაზე საუბარი სასაცილო იცით, კიდევ რატომაა?
_ რატომ?
_ 12 წელს, როგორც გითხარით, ფრანკოფონური საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი და სწორედ ამ ასამბლეაზე გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ურთიერთობა ყველასთან უნდა ჰქონდეს.
სხვათა შორის, ის კიდევ სხვა თემაა, ევროპულ ქვეყნებში ამერიკანიზაციის წინააღმდეგ როგორ იბრძვიან!
_ მარინა, ერთსაც გკითხავთ: თავის დროზე დუშეთის მაჟორიტარი იყავით. წელს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარად კენჭს რატომ არ იყრით?
_ პარტიაში ეს საკითხი არ დასმულა, თუმცა რომ დასმულიყო, ვიყრიდი.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უფრო საინტერესოა, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები მოვიდნენ. წლების განმავლობაში მხოლოდ დუშეთის მაჟორიტარი კი არა, დეპუტატი პარტიული სიითაც ვიყავი. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე.
_ ისე, მარინა, ივანიშვილსა და სააკაშვილს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავთ?
_ ივანიშვილს ვკითხავ: რად უღირდა, რომ კოჰაბიტაციას შეუწყო ხელი და ისევ ის ძალა მოიყვანა, რომლის წინააღმდეგაც ამდენი ენერგია დახარჯა და ყველაფერი გააკეთა, რომ ამ მკვლელებისა და ნაძირალებისგან პოლიტიკური ველი გაეთავისუფლებინა?
რაც შეეხება სააკაშვილს, ყველაფერი ის, რაც ბოლო შეხვედრისას ვუთხარი, აუსრულდა და სწორედ ამას გავახსენებდი.
_ და ბოლო შეხვედრაზე მიშას რა უთხარით?
_ შენი გუნდი დაგღუპავს-მეთქი.
_ ანუ ფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთრამა გუნდამ დაღუპა?
_ დიახ, დაღუპა!

გიორგი აბაშიძე