ნატო ჩხეიძე: „ამ არჩევნებს „ოცნება“ უბედურად აგებს!“

„გუშინ საღამოს ჩემი საარჩევნო პლაკატები გააკრეს. ღამის 3-4 საათზე ის ვიღაცებმა ჩამოხიეს და ნაგვის ურნებთან მიყარ-მოყარეს, ღვთისმშობლობის ღამეს ხევა-ფხრეწისთვის მოიცალეს. კანონით აკრძალულია ვანდალიზმი და ვინ არღვევს კანონს? _ ცხადია, ის, ვისაც კანონის დაცვა ევალება.
წინა დღეს ასეთი ვითარება იყო სოფლის ორღობეებში: ჩემს სამ პლაკატზე ერთი დუგლაძის პლაკატი მოდიოდა და მოსახლეობასთან შეხვედრისას აღვნიშნე კიდეც _ 3:1 ვიგებთ-მეთქი.
დიდი ყურები აქვს „ოცნებას“, დიდი ყურები, მაგრამ პატარა თავი _ მეორე დღიდანვე, სადაც ჩემი პლაკატი ნახეს, 3-3 დუგლაძე მიუსვეს გვერდით. და თავიანთი 4-ათასტირაჟიანი კანდიდატი რომ აღარ ეყოთ, მერე ჩემი პლაკატების ჩამოხევა დაიწყეს.
ვერ დამეწევით, რამდენიც უნდა ხიოთ! არც ტირაჟი გეყოფათ, არც _ ნოვაცია, არც _ ენერგია და არც _ ჭკუა!
„ოცნება“ უბედურად აგებს ამ არჩევნებს! უბედურად!“ _ დაწერა რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, „მოძრაობა ხალხისთვის“ პოლიტიკურმა ლიდერმა ნატო ჩხეიძემ.

ისე, ზოგს გაუკვირდა, ამ არჩევნებზე ნატო ჩხეიძე ხუთიანის, ასე ვთქვათ, ქვეშ რომ გამოდის. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა ქალბატონმა? _ ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“ ნატო ჩხეიძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ნატო, არჩევანი „ძალა ერთობაშიაზე“ რატომ შეაჩერეთ?
_ ის პარტია, ანუ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის პოლიტიკური ლიდერიც წელს გავხდი, „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელია. სხვათა შორის, ამ ბლოკმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლების საკმაოზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა. მოკლედ, თუ ვითარებას რეალურად შევხედავთ, აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და, საერთოდ, „ძალა ერთობაშია“, ძლიერი ოპოზიციური გაერთიანებაა. საქართველოში დღეს არსებული ოლიგარქრიული რეჟიმი ყველა პატიოსანი ადამიანისთვის მიუღებელია და მისი დამარცხება მხოლოდ ძლიერ ოპოზიციას შეუძლია. სხვათა შორის, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ბევრი იმიტომაა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში ყოვლად გაუსაძლისი პირობები შექმნა…
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ხუთიანის, ასე ვთქვათ, ქვეშ თქვენს გამოჩენას გარკვეული კითხვის ნიშნები მოყვა. ჰოდა, ყველაფერი ეს თავიდან რომ აგეცილებინათ, არ შეგეძლოთ, არჩევნებში დამოუკიდებლად ან რომელიმე სხვა ოპოზიციური ფრთის სახელით მიგეღოთ მონაწილეობა? ისე, ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა. ჰოდა, რა აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ საარჩევნო კამპანიაში მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსით ჩართულიყავით?
_ ოპოზიცია, რომლის გაერთიანებული გადაწყვეტილებების მიღებაში მეც ვმონაწილეობდი, დიახ, პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ პროპორციულთან ახლოს მყოფი საარჩევნო სისტემისთვის მიეღწია. პროპორციულ სისტემასთან შედარებით ახლოს მყოფი კი 120.30-ზე სისტემაა.
_ დიახ, ვიცი, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ, ანუ რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარად გეყარათ კენჭი?
_ ახლა მთავარია, რომ ივანიშვილმა პარლამენტში რაც შეიძლება, ნაკლები მანდატი მიიღოს.
_ ამის მიღწევა პროპორციული სისტემითაც შეიძლება…
_ გასაგებია, მაგრამ „ოცნების“ წევრები საკუთარ თავს ამხნევებენ, დიდი პროცენტები გვაქვსო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის და როგორც აქამდე, ამ ხელისუფლებასაც მაჟორიტარების იმედი აქვს, ანუ უნდა, რომ ოცდაათივე მაჟორიტარული მანდატი მისი იყოს. ამიტომ ოპოზიციამ გადაწყვიტა, მაჟორიტარობის კანდიდატებად ის ადამიანები დაესახელებინა, რომლებიც ყველაზე კონკურენტუნარიანები არიან. ასეთ შანსზე კი, ცხადია, უარს არ და ვერ ვიტყოდი.
_ ე. ი., ფიქრობთ, მე-16 საარჩევნო ოლქში კონკურენტუნარიანი ხართ?
_ კონკურენტუნარიანი კი არა, ძალიან უნარიანი კანდიდატი ვარ და ამ ოლქში ძალიან ბევრი მხარდამჭერიც მყავს!
_ შეიძლება, მაგრამ ის უსიამოვნება, რომელიც, თავის დროზე, „ნაციონალებთან“ გქონდათ, დაივიწყეთ?
_ საერთოდ, ადამიანები არაფერს ივიწყებენ, მაგრამ მახსოვრობა არასწორი გზით არ უნდა მიმართო.
_ ანუ?
_ აქამდეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: როცა პოლიტიკაში ხარ, შენი აზრი და ფიქრი მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოებრივი, ანუ საზოგადოებრივი ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული. შესაბამისად, ყველაფერი, მათ შორის, პირადი განწყობებიც უნდა გადადო და იმის მიხედვით უნდა იმოქმედო, რაც ქვეყნისა და მამულისთვის უკეთეს გზად მიგაჩნია!
_ პასუხი მისაღებია, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ „ქოცები“ არ მოგასვენებენ. პროვოკაციებს ელოდებით?
_ პროვოკაციები ყოველთვის ხდება და, მით უმეტეს, მაშინ, როცა მაჟორიტარობის კანდიდატი ხარ და ამბობ, არჩევნებს მოვიგებო. ასეთ დროს მხოლოდ პროვოკაციები კი არ იქნება, არამედ, „ბოტები“ და „ტროლებიც“ გააქტიურდებიან.
_ მოკლედ, დასაშვებია, რომ „ოცნებამ“ „იბერიის“ 2004 წლის საქმეზე სასამართლო პროცესები განაახლოს და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ თქვენს დღევანდელ პოლიტიკურ პარტნიორებს, განაჩენი გამოუტანოს. ამის გამო გარკვეულ უხერხულობას არ იგრძნობთ?
_ ჯერ ერთი, „იბერიის“ საქმეზე პირველი პროცესი უკვე დამთავრდა. მეორეც, მე უხერხულობა რატომ უნდა შემექმნას?
_ იმიტომ, რომ ისინი, რომლებიც მაშინ „იბერიის“ დახურვაში ფიგურირებდნენ, ახლა თქვენი პოლიტიკური თანამოაზრეები არიან.
_ საერთოდ, ნებისმიერ პარტიაში უამრავი ადამიანია. აქედან ზოგიერთს გადაცდომა მოსდის, ზოგიერთი დანაშაულს სჩადის, ზოგიერთი კი არაფერს აშავებს. ეს პოლიტიკური ცხოვრებაა. იმ პიროვნებებს, პირადი თუ სხვა ინტერესის გამო, თანამდებობრივი გადაცდომა მოუვიდათ, რაზედაც პასუხი სასამართლოთი უნდა მოეკითხოთ!
სხვათა შორის, როცა „იბერიის“ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, მაშინვე ვთქვი, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა-მეთქი.
_ ასე რატომ იფიქრეთ?
_ 2018 წლის მოვლენები რომ არ ყოფილიყო, სასამართლო არათუ განაჩენს გამოიტანდა, არამედ არც ჩაინიშნებოდა.
_ ანუ 2018-ში ამ კუთხით სასამართლო ცნობილი „ოთხი თითის“ ეპიზოდის გამო გააქტიურდა?
_ დიახ, ხელისუფლებას იმის ჩვენება უნდოდა, რომ მედიის მიმართ თითქოს ობიექტურია. არადა, „ომეგას“ ძველი საქმე სასამართლოსთვის არც გადაუციათ.
სართოდ, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ივანიშვილის სურვილებზეა დამოკიდებული. მას კი სწორად არ მიაჩნია, რომ „ომეგა“ რამეში მართალი გამოდგეს.
მოკლედ, იგივე „იბერიის“ საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლომ როგორი გადაწყვეტილებაც უნდა გამოიტანოს, ეს სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ, ჩემთვის სულ ერთია, ჩვენსა თუ სხვის საქმეზე სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ გადაწყვეტილებებს ივანიშვილის მთავრობის გარდა, არავინ აღიარებს _ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში სასამართლოც პოლიტიზებულია და _ პროკურატურაც.
_ ისე, სიტყვამ მოიტანა და ივანიშვილმა თვალი რატომ დაადგა და მისთვის „ომეგა“ მიუღებელი რატომ გახდა?
_ „ომეგა“, ანუ ზაზა ოქუაშვილი, ივანიშვილთან კორუფციაში არ შევიდა და „ოცნების“ საქმიანობა, რომელიც საზოგადოებას, რატომღაც, უნიათოდ მიაჩნდა, ამხილა. სინამდვილეში კი ეს მთავრობა უნიათო კი არა, გამომძალველი და რეკეტიორია, რომელიც მხოლოდ მომხვეჭელობითაა დაინტერესებული და ადამიანი, რომელსაც მილიარდერი ჰქვია, სიგარეტის თითო ყუთიდან ორ-ნახევარ თეთრს დასდევს! აი, ამის მხილება და წარმოჩენა „ოცნებისთვის“ ცეცხლის დანთების ტოლფასი იყო!
_ თქვენი აზრით, „ოცნება“ ამ მხილებას არ ელოდა?
_ ალბათ, არ ელოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბიზნესი მისი მორჩილი ისევე უნდა ყოფილიყო, როგორც სხვა ყველაფერი დაიმორჩილა ან დამორჩილების სურვილი ჰქონდა.
_ ქალბატონო ნატო, რა ამის პასუხია და, გულახდილად მითხარით _ „პატრიოტთა ალიანსში“ უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს თუ „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებაში უფრო კომფორტულად ხართ?
_ პარტიაში ყოფნა და, საერთოდ, არანაირი საქმიანობა კომფორტს არ უკავშირდება. კომფორტულად შეიძლება, მაშინ იგრძნო თავი, როცა თეატრში ან კინოში მიდიხარ და ისვენებ.
_ შეიძლება, მაგრამ „პატრიოტებისა“ და „ძალა ერთობაშიას“ საგარეო ხედვები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ანუ „ალიანსი“, მინიმუმ, საქართველოს ნეიტრალიტეტს ითხოვს, თქვენი ამჟამინდელი ბლოკი კი დასავლეთზეა ორიენტირებული…
_ გასაგებია, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსმა“ ნეიტრალიტეტის, უფრო სწორად, მიუმხრობლობის თემის აქტიური აფიშირება 2019 წლიდან დაიწყო, მე კი ამ პარტიიდან 2018 წელს წამოვედი. ასე რომ, „პარტიული ალიანსის“ პარტიული მიმართულებები ჩემი, ასე ვთქვათ, საქმე აღარ იყო.
_ ანუ თქვენთვის უფრო ახლოს დასავლური ღირებულებებია, არა?
_ დასავლეთი ჩემთან უფრო კი არა, ძალიან ახლოსაა. სხვათა შორის, 2017 წელს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის წევრი ვიყავი, პრეამბულას, სადაც წერია, საქართველო დასავლეთის გზით მავალი ქვეყანააო, მხარი დავუჭირე.
მოკლედ, დასავლეთი ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს მდგარა!
_ კეთილი, მაგრამ რაკი გულწრფელად ვსაუბრობთ, ბარემ, მითხარით: „პატრიოტ“ დეპუტატებთან ერთად მოსკოვში წასვლას შეცდომად მიიჩნევთ თუ არა?
_ არ ვიცი, ვინ როგორ გამიგებს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით: საჭირო რომ გახდეს და იმ ბლოკის გეზმა, რომელსაც ახლა მიაჩნია, რომ რუსეთთან საუბარი არ შეიძლება, სხვა მიმართულება მიიღოს, მოსკოვში კიდევ წავალ!
სხვათა შორის, როცა ოპოზიციური ფრაქცია მოსკოვში არასაპარლამენტო მივლინებით მიდის და დუმის წევრებს ესაუბრება, ცხადია, რამის მოლოდინი არ უნდა იყოს, ანუ პირადად მე იმის ინტერესი მქონდა, ის ადამიანები მენახა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ის ტერიტორიები, რომლებიც ჩემთვის მშობლურია, მათია. დიახ, ამ ადამიანებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო!
_ საერთოდ, ცხოვრება და, მით უმეტეს, პოლიტიკა მოულოდნელობებითაა სავსე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მაშინ, როცა მოსკოვში მიდიოდით, ალბათ, ვერც წარმოიდგენდით, გამოხდებოდა ხანი და, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს პირისპირ შეხვდებოდით. ამ ხალხისთვის სათქმელი რა გაქვთ, ქალბატონო ნატო?
_ სათქმელი ის მაქვს, რომ რამდენიმე დღის წინ ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტების უკანონო პატმრობისგან განთავისუფლდა და თუნდაც ის 8-დღიანი კარანტინი, რომელშიც საქართველოში იქნება, მისთვის დიდი შვებაა! მოკლედ, ხვიჩასა და მის ოჯახს ამ ტყვეობიდან განთავისუფლებას ვულოცავ და ვისურვებ, ჩვენი იმ ორი თანამოქალაქისთვისაც, ვინც ასევე ტყვეობაშია, ოკუპანტთა ციხის კარი მალე გაიღოს. დიახ, ჩვენ ყველას გვსურს, რომ რაც ხდება, აღარ მოხდეს, მაგრამ მაინც ხდება და იმ სოფლებში, სადაც დავდივარ, საოკუპაციო ხაზი პირდაპირ ადამიანების სახლებსა თუ ბაღებზე გადის. იქ ხალხი ყოველდღიურ შიშში ცხოვრობს.
მოსახლეობას უგზოობასთან, უწყლოობასა თუ უწამლობასთან ერთად, დაუცველობის განცდაც აქვს.
_ ანუ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ხალხი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მას არ იცავს?
_ ის ადგილობრივი თუ საერთაშორისო პატრულირება აღარ მიმდინარეობს, რაც 2012 წლამდე იყო და რაც ქმნიდა განცდას, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფო იცავდა. „უპატრონოდ ვართ“, _ ამბობენ იქაურები და სწორედ ამ პატრონს ელიან.
_ თქვენი აზრით, სახელმწიფომ ეს ადამიანები რატომ მიატოვა?
_ სახელმწიფომ მხოლოდ ესენი კი არა, ყველანი მიატოვა, იმ მცირე ჯგუფის გარდა, რომელთანაც დანაშაულებრივი გარიგებები აქვს.
_ კონკრეტულად რომელ ჯგუფებს გულისხმობთ, ქალბატონო ნატო?
_ იმ ჯგუფებს, რომლებიც „ოცნებასთან“ არიან დაახლოებულნი…
_ თუნდაც ამ მოტივების გამო საზოგადოება ხელისუფლების შეცვლაში დარწმუნებულია?
_ დიახ, საზოგადოებას აქვს განწყობა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. რაც მთავარია, ცვლილებები ახალგაზრდებს უნდათ და მათ 31 ოქტომბრამდე დარჩენილი დროის გასვლა ძალიან ეჩქარებათ!
_ 31 ოქტომბერი, ცხადია, მოვა, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა გადაწყვიტა, ანუ არჩევნები გააყალბა, ამის საწინააღმდეგოდ ოპოზიციას რა გეგმა აქვს?
_ „ოცნება“ კარგად დაფიქრდება, არჩევნები უნდა გააყალბოს თუ არა.
_ ასე რატომ გგონიათ?
_ ვერ ვიტყვით, რომ კითხვა არ იციან, ანუ იმ მესიჯებს, რომელსაც მთელი წელია, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იღებენ, მშვენივრად კითხულობენ, რომ არჩევნებზე ძალადობა, ზემოქმედება და გაყალბება აღარ უნდა მოხდეს.
ერთი სიტყვით, თუ „ოცნების“ ხელისუფლება ძალადობას დაგეგმავს და გაბედავს, ამაზე აღარავინ დახუჭავს თვალს!
_ ვიცით, რომ ბევრი სოციალურად დაუცველია, ზოგი კი საჯარო სექტორშია დასაქმებული. ჰოდა, „ოცნებას“ სწორედ მათი იმედი აქვს, ანუ ადამიანებს სოციალურის მოხსნისა თუ სამსახურიდან განთავისუფლების შიშით თავის სასარგებლოდ მიაცემინებს ხმას.
_ დიახ, ეს მომენტიც არსებობს, ანუ ხალხთან მიდიან და ეუბნებიან, რომ ოპოზიციას მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ იცით, ადამიანები რას ამბობენ?
_ რას?
_ სოციალურს ამ წუთას ვერ მოგვიხსნიან, მერე კი „ოცნება“ აღარ იქნებაო. მოკლედ, ხალხს ასეთი რაღაცების აღარ ეშინია, თუმცა კონფლიქტი არ უნდა.
_ ანუ?
_ საზოგადოება „ოცნებას“, უბრალოდ, უღიმის და „ოცნების“ წარგზავნილები ამ ღიმილს თავიანთ მხარდაჭერად მიიჩნევენ, მაგრამ საარჩევნო ყუთთან მისული ადამიანები ისე მოიქცევიან, რომ ეს მთავრობა შეიცვალოს!
_ მთავრობა კი შეიცვლება, მაგრამ ხალხის ცხოვრებაც თუ შეიცვლება და გამოსწორდება?
_ დიახ, ხალხი ცვლილებებს დაინახავს. მთელი ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ ადამიანებს კანონიერების, სამართლისა და სასამართლოსი სჯეროდეთ, ანუ ყველაზე მთავარი სასამართლო რეფორმა და ასევე კორუფციის აღმოფხვრაა! ჩვენი საზოგადოება უკან სწორედ კორუფციამ დაწია, ანუ კორუფციამ სიღარიბე, დაუსაქმებლობა და ინფლაცია მოიტანა _ რასაც უნდა დააბრალონ, აი, კორონაა და სხვაგანაც ასე ხდებაო, მაგრამ პირველი მიზეზი, რის გამოც ეროვნული ვალუტა უკან-უკან მიდის, გარღვეული ბიუჯეტია. ამ ბიუჯეტს მთავრობა მახრასავითაა შესეული, თავშივე იწრიტება და ხალხამდე აღარაფერი მიდის!
_ სიტყვამ მოიტანა და მოსახლეობას კორონის უფრო ეშინია თუ _ სიღარიბის?
_ ხალხი ღიმილით ამბობს, ეს კოვიდ-19 კი არა, კოვიდ-41-იაო. სხვათა შორის, სოფლებში ამ კორონასი დიდად არც სჯერათ. მითხრეს, _ დაგვპირდნენ, დახმარება უნდა მოგცეთო და ყველანი გავიქეცით, ჰოდა, ზეთისა ბრინჯის ნაცვლად ორი ცალი პირბადე მოგვცესო. ხალხი იცინოდა, მინდვრის გარდა არსად დავდივართ და ეს პირბადე სად უნდა გავიკეთოო?
ინფიცირებულთა მატება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო მოსასმენია და გარკვეულ დაძაბულობასაც ქმნის, მაგრამ სოფელში ყველაფერი ეს არადამაჯერებელია. საერთოდ, ხალხს ამ მთავრობის აღარაფერი სჯერა და ამბობს, მთავრობის წარმომადგენელმა რომ გვითხრას, აი, წვიმსო, ლამის, ამასაც აღარ დავიჯერებო.
_ ქალბატონო ნატო, მესმის, რომ მაჟორიტარის ფუნქცია გზის გაყვანა ან წყლის პრობლემის მოგვარება კი არა, კანონშემოქმედებითი საქმიანობაა, მაგრამ იმისთვის მზად ხართ, რომ ხალხსა და აღამასრულებელ ხელისუფლებას შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოთ?
_ სხვათა შორის, მაჟორიტარს გზის გაყვანაც შეუძლია.
_ როგორ?
_ კონტროლი უნდა გავუწიო, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში დაგეგმილი ყველა პროექტი ბოლომდე მივიდეს. აი, მაგალითად, წყალი არსადაა. არადა, თითქმის ყველა სოფელში წყლის სათავო ნაგებობა გაკეთებულია, მაგრამ წყალი იმიტომ არაა, რომ, ვთქვათ, მილებისთვის თანხა დააკლდათ.
_ ანუ ისევ კორუფციასთან მივდივართ, არა?
_ რა თქმა უნდა.
ერთი სიტყვით, როცა მაჟორიტარი დეპუტატი ყველაფერ ამას გააკონტროლებს და კორუფციას არ დაუშვებს, მოსახლეობაც ამოისუნთქავს.
_ ბოლოს, ქალბატონო ნატო, ჩვენი საუბარი შევაჯამოთ, ანუ 31 ოქტომბრისგან რას ელოდებით?
_ 31 ოქტომბერს მოსახლეობა საარჩევნო ყუთებთან მივა.
_ და თუ ნიჰილიზმია, ხალხი არჩევნებზე მივა?
_ დიახ, მივა, რადგან ნიჰილიზმი აღარაა, რადგან თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ ის ცვლილება, რომელიც ძალიან უნდა, მის ხელთაა!
_ ისე, რა ამის პასუხია და, „ძალა ერთობაშიას“ პროპორციულ სიაშიც იქნებით?
_ სია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და ყველანი ვნახავთ…
_ თქვენი მეუღლე, ზაზა ოქუაშვილი, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს?
_ ზაზა ოქუაშვილი ინვესტორია, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ახლა იგი ლონდონში ცხოვრობს და საქმიანობს…
_ და მაინც, იმ სკანდალური „ოთხი თითის“ კადრებს ოდესმე ვნახავთ?
_ საზოგადოება ყველაფერს ნახავს, რაც სანახავია!
_ ანუ ეს კადრები რეალურად არსებობს?
_ ისევ ისე გიპასუხებთ: საზოგადოება ყველაფერს ნახავს, რაც სანახავია!
_ კეთილი. ბოლო სიტყვა მითხარით და დაგემშვიდობებით…
_ ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო. ამ ცვლილებების შემოქმედი კი თავად ხალხია. საზოგადოებას იმის რწმენა უნდა ჰქონდეს, რომ 31 ოქტომბერს ეს ცვლილებები მართლა მოხდება და თითოეულმა ჩვენგანმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვალთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანებს რწმენა კიდევ უფრო გაუძლიერდეთ!

გიორგი აბაშიძე