კოტე იოსელიანი: „ქართული ოცნება“ სააკაშვილში რეალურ კონკურენტს ხედავს“

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში მისთვის უჩვეულო სიმშვიდით გამოირჩევა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, წელს არც აგრესიულ კამპანიას ატარებს და არც „სისხლიან 9 წელს“ გვახსენებს მუდმივად. რამდენად აქვს ასეთი თავდაჯერებულობის მიზეზი და მშვიდად ყოფნის ფუფუნება, ეს არჩევნების შედეგებით გამოჩნდება, მანამდე კი ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური კინკლაობა გრძელდება. განსაკუთრებით თვალში საცემია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დაუსრულებელი დაპირისპირება.

რა ტიპის კონფლიქტია ყოფილ თანაგუნდელებს შორის და რამდენად უარყოფითად აისახება იგი ნეიტრალურ ამომრჩეველზე? რას უპირისპირებს ოპოზიცია ივანიშვილის ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსს? აფრთხობს თუ არა ნეიტრალურ ამომრჩეველს სააკაშვილის აქტიურობა?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ კოტე იოსელიანს ესაუბრა:

_ კოტე,რას უპირისპირებთ ოპოზიცია ივანიშვილის მილიარდებსა და ადმინისტრაციულ რესურსს? ოპოზიციური სპექტრი თავდაჯერებული აცხადებთ, რომ ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ რას აკეთებთ ამისთვის, გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან კინკლაობთ?
_ ერთმანეთთან კინკლაობა აბსოლუტურად სხვა ხარისხის ფაქტორია და არ შეიძლება მისი შედარება რეალურ საარჩევნო პროცესთან იმიტომ, რომ ჩვენ ახლა სახელმწიფოში ვცვლით როგორც საგარეო ვექტორს, ასევე ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო. ივანიშვილი მილიარდერია, სუსს აკონტროლებს, მონები ჰყავს პარლამენტში, თუ რაღაც გავლენა აქვს, რაც შემდგომში მას ქმნის ერთპიროვნულ მმართველად, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მეორე მხარეს დგას მთელი ერი, რომელიც გადაღლილი და დასტრესილია. მთელ ერს ყოველდღიური ნერვიულობისგან სახე აქვს დაკარგული გაუთავებლად მშვიდობის შენარჩუნების მცდელობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები ღიად აცხადებენ, რომ „ოცნებას“ უჭერენ მხარს, როგორც კი ღამის 12 საათი დადგება და მათი თინეიჯერი შვილი სახლში არ არის, დამიჯერეთ, ისინიც სერიოზულად იწყებენ ნერვიულობას და ეს ვითარება, რაც ქვეყანაშია, მათაც არ მოსწონთ. არ მოსწონთ ის კორუფცია, რომელმაც გააღარიბა მათი ბიზნესები იმიტომ, რომ კონკურენტებს უფრო მეტი კავშირები ჰქონდათ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და სხვები შეავიწროვეს; მათაც არ მოსწონთ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ბურჯად რჩება ბიძინა ივანიშვილი, თვითონ ივანიშვილი არის ყველანაირად გაკოტრებული. როგორც მოქალაქეს, როგორც პოლიტიკოსს, მას აღარავინ სცემს პატივს. როგორც თავისი პარტიის ლიდერს, მას უკვე სერიოზულად არავინ აღიქვამს. ის დგას კომპრომატებზე, დაშინებაზე, ძალოვანი სტრუქტურების ბოროტად გამოყენების პრაქტიკაზე. ამიტომ „ქართული ოცნება“ ახლა შეიძლება ფაფხურობს და წინასაარჩევნო კამპანიაში მათი კონსულტანტების მიერ მიცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რომ რაღაც კონკრეტული ტექსტი უნდა თქვან, შესაბამისი სახეებით გამოვიდნენ, ვითომ უნდა ასხივებდნენ იმას, რომ ისინი მართლა ღირსნი არიან, რომ მოსახლეობა მათ კიდევ ერთხელ მისცემს რამის კეთების მანდატს. თუმცა ყველა შინაგანად ვგრძნობთ და ჰაერში ტრიალებს ის რეალური სიტუაცია, თუ რა იქნება მომავალში. ეს არის წარმავალი, მომაკვდავი, აგონიაში მყოფი რეჟიმი, რომლის გადარჩენაც აღარავის უნდა. სახელმწიფო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს იმისთვის, რომ ყველასთვის თანაბრად შევძლოთ კონკრეტული სიკეთეების გადანაწილება, რისი გენერირებაც ხორციელდება კონკრეტულ ტერიტორიაზე. ეს ძირითადი ღერძი საქართველოში მორღვეულია. აქედან გამომდინარე, პარტია, რომელიც ტენდერებში გამარჯვებას ებღაუჭება, ასევე იმას, რომ მხოლოდ ერთ ოჯახს არ დაუბეროს ცივმა ნიავმა, დასრულებულია, რადგან მხოლოდ ამაზე არიან გადართულები და სახელმწიფოებრივი თვალსაწიერი შეზღუდული აქვთ. მეორე მხარეს კი მთელი ერი დგას, რომელსაც ამ სახელმწიფოს წარმატებაც ნანახი აქვს, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ისტორიული ფაქტები გაუგია და, რეალურად, კომუნიკაცია აქვს დანარჩენ სამყაროსთან. „ქართული ოცნების“ თავგაცხელებული ლიდერშიპი ქაღალდის ჯარისკაცებად მეჩვენება, რომლებიც ცეცხლის ომში შევარდებიან და დაიწვებიან, მაგრამ ისინი ამას ვერ ათვითცნობიერებენ. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს და მის საქმეს დასჭირდება, ნებისმიერ მოქმედ მინისტრს, თავის ოჯახის წევრებთან, ერთად „ეფესბეს“ გადასცემს და მას ვერაფერი გააჩერებს. ამიტომ ამ მინისტრებზე პაიკების წოდება აღმატებულიც კი შეიძლება იყოს, რადგან პაიკებზე უფრო მცირეა მათი რეალური ღირებულება და ისინიც გრძნობენ ამას. სახელმწიფოში ურთულესი სიტუაციაა და ამას მოშეს დაგეგმილი პიარსვლებით ან კონსულტანტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებით ვერაფერს უშველიან და ძალიან მძიმე შედეგი დაუდგებათ არჩევნებზე. თუმცა მათ მოუწევთ ამასთან შეგუება. მათ დიდი მანდატი ჰქონდათ ხალხისგან მიღებული, თუმცა იმედები გაუცრუეს. „ქართულ ოცნებას“ ყველაფრის გაკეთება შეეძლო და, რეალურად, არაფერი გააკეთა სასიკეთო, პირიქით, ბევრი ბოროტება და კანონდარღვევა ჩაიდინა. ბევრი ცუდი რამ ხდება ჩვენს სახელმწიფოში და ბიძინა ივანიშვილის მილიარდები თუ ვინმეს აინტერესებს, ეს იქნება რუსეთის „ეფესბე“, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
_ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ახლა ძალიან მუქ ფერებში აღწერთ რეალობას, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ძალიან მშვიდად გამოიყურება, მათ შორის, არც აგრესიული კამპანია აქვთ. ამ ყველაფრის პარალელურად კი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კინკლაობენ. რა ტიპის კონფლიქტია ეს და არ ფიქრობთ, რომ იგი უარყოფითად აისახება ნეიტრალურ ამომრჩეველზე?
_ ეს პარტიები „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულები არიან იმ თვალსაზრისით, რომ ერთი აზრის ვერტიკალი არ არსებობს. „ქართულ ოცნებაში“, რასაც ბიძინა იტყვის, ღარიბაშვილის დამლაგებელიც იგივეს იმეორებს. ამ პარტიებში კი ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. შესაბამისად, რომელიმე პარტიის წევრი საკუთარ თავს ვინმეს გამოლანძღვის უფლებას თუ მისცემს, ეს მისი პირადი პრობლემა და თავისი თვისებების წინა პლანზე გამოწევაა. რაც შეეხება, „ნაციონალურ მოძრაობას“, „გირჩსა“ და „ევროპულ საქართველოს“, ის ინციდენტი, რაც მოხდა „გირჩთან“ დაკავშირებით, ეს არ ყოფილა ექსცესი პარტიებს შორის, ეს მოხდა ორ ადამიანს შორის, რომლებიც თავიანთ პარტიებს წარმოადგენდნენ. ამ ორ ადამიანს შორის პრობლემა მოგვარდება. არ მგონია, რომ საარჩევნო ომია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „გირჩს“ შორის, რასაც ვერ ვიტყვი „ევროპულ საქართველოზე“, რომელიც აბსოლუტურად სხვა მასშტაბის საკუთარ პიარკამპანიას ახორციელებს წინასაარჩევნოდ. მათ ქმედებებშიც სიახლე არაფერია. როდესაც მოუწიათ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა და ცალკე პარტიად დარეგისტრირება, იმის მერე მათი ქმედებები არ შეცვლილა: ლანძღავენ ჩვენს ლიდერებს, გვეძახიან ბელადომანებს, უამრავ საზიზღრობას კადრულობენ. არანაირი ეთიკა არ არსებობს იმისა, თუ როგორ უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია ადამიანმა დებატებსა თუ ფეისბუქპოსტებში. უკვე მე-4 წელია, ეს პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, „ევროპულ საქართველოში“ არ ესმით, რომ ეს არ არის გზა, რითაც ისინი შეძლებენ საკუთარი იდენტობის, კონტურების გამოკვეთას, რადგან ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რა პარტიაა „ევროპული საქართველო“. მე ვურჩევდი მათ, რომ შეცვალონ თავისი იდენტობის გამოჭედვის მექანიზმები და სხვანაირად სცადონ. ერთადერთი, რაც შეიძლება იფიქროს ადამიანმა, არის ის, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მიმართულია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ორკესტრირებულია არასწორი მოტივაციებიდან გამომდინარე. თუ შენ ებრძვი ბიძინა ივანიშვილს, მაშინ გჭირდება პარტნიორები მასთან საბრძოლველად. პარტნიორებს ლანძღავდე, ასევე წყვეტდე ყველა კავშირს მათთან, რამაც შეიძლება საერთო ინტერესებამდე მიგიყვანოს და თან ბიძინა ივანიშვილს ებრძოდე და ვერ ამბობდე, რა გინდა სინამდვილეში ამ პოლიტიკურ სივრცეში, _ ეს ხომ წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან გვინდა პარლამენტში მოხვედრა და ამისთვის ყველაფერს ვიკადრებთ, _ ასეთი შთაბეჭდილება შეიძლება გამოიტანო „ევროპული საქართველოს“ საქციელიდან. ყველაზე ამას ვერ იტყვი, მაგრამ მათაც რომ ჰყავთ ძირითადი ქაღალდის ჯარისკაცები, ისინი ამაზე წამსვლელები არიან, უარესს მოცემულობაშიც ისეთივე მხნეობით ჩაერთვებიან, თუმცა იმედი მაქვს, რომ მეტად აღარ გაუარესდება სიტუაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ მაგ ხარისხის კომუნიკაციაში არ ვაპირებთ არავისთან შესვლას. კონკრეტული მიზანი გვაქვს: დამთავრდეს რუსული გავლენები საქართველოსა და ცენტრალურ ხელისუფლებაში! შემდეგ კი ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ, სამართლებრივ სივრცეში მოქცეულ პროცესებს. ამისთვის სპეციალური გეგმაც გვაქვს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად აქვს იმის ინტელექტუალური რესურსი, რომ სახელმწიფო მართოს, გამოიყვანოს იმ კრიზისიდან, სადაც შევედით ამ ისტორიული შეცდომის გამო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, თავისი ყველაფრით, მათ შორის, სატელიტი და რაღაცნაირი პარტიებით. სინამდვილეში, ყველამ ყველაფერი იცის. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ოცნებად მექცა, რომ ამ ქვეყანაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ვიყოო. შეიძლება, ვიღაც არ აფიქსირებს ღიად საკუთარ აზრს, ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ მოსწონს, მაგრამ სინამდვილეში ყველამ ვიცით, რას ვიზამთ არჩევნების დღეს. ამაზე ცუდი, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, რა შეიძლება იყოს?! ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები ფუჭად გავიდა. შეიძლება, ისტორიისთვის 30 წელი არაფერია, მაგრამ ჩვენთვის მთელი ცხოვრებაა, ჩვენი ბიოგრაფიის საუკეთესო პერიოდი, როცა ვფიქრობთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია და ვიცით. ამ დროს ენერგია იკარგება და სინერგია იფანტება. შესაძლებლობებს ხელიდან ვუშვებთ, ეს კი აწყობს იმას, ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ჩამორჩენილი სახელმწიფო. ჩვენ დღეს ვართ ფუნქციებისგან დაცლილი ქვეყანა. თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ რეგიონში ამა თუ იმ საკითხში, კვლევების მიხედვით, ვლიდერობთ. პირადად ვერ ვგრძნობ, რომ ჩემი სახელმწიფო რაღაც მოცემულობაში, ინდექსებით არის ლიდერი. ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდის „ეფექტი“ ვნახეთ, _ რაც მოგვცა, იმაზე მეტს ვეღარ მოგვცემს, ამიტომ ამ 7-მა მილიარდმა ფასი დაკარგა. ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ერთსულოვნებაა იმაზე, რომ ამის ასე დატოვება, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, არ შეიძლება. ამას ამბობენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც.
_ თქვენ კი აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც ამბობენ, ასე გაგრძელება შეუძლებელიაო, მაგრამ ყველა კვლევაში ცალსახად ლიდერობს მმართველი გუნდი. კონკრეტულად მიპასუხეთ, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლება იცვლება, მაშინ როცა ერთ მხარეს დგას ივანიშვილი თავისი მილიარდებითა და ადმინისტრაციული რესურსით, მეორე მხარეს კი დაქსაქსული ოპოზიცია, რომელიც წინასაარჩევნოდ მუდმივად ერთმანეთთან კამათობს და რომელიც ახალს ვერაფერს სთავაზობს ამომრჩეველს?
_ ვერ დაგეთანხმებით, ნენე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციურ პარტიებს შორის მუდმივად კამათს ვუსმენთ. ოპოზიციურ პარტიებს შორის არის კამათიც და კონსენსუსიც კონკრეტულ საკითხებზე, ასევე არის თანამშრომლობა და კონკურენცია.
_ როგორ დასრულდა ოპოზიციური ერთობის მცდელობა, თუნდაც მაჟორიტარების ნაწილში, ეს ხომ ვნახეთ.
_ ოპოზიციური ერთობა არის იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ოპოზიციაში გადავიდეს. ეს არის ხელშეუხებელი შეთანხმება. ამის ირგვლივ ზოგი პარტია კონკრეტულ საარჩევნო ოლქში თანამშრომლობს, ზოგიც კონკურენციაშია ერთმანეთთან; ზოგიც, შესაძლოა, ერთმანეთს ლანძღავს კიდევაც, მაგრამ ეს ხომ ეპიზოდური საკითხებია და არ არის საყოველთაო პროცესი. ჩვენ თუ ამ პროცესს არაეთიკურობის შემადგენელს ჩამოვაცილებთ, ჯანსაღი პროცესია, როცა პარტიები ერთმანეთთან კამათობენ და ცდილობენ, ერთმანეთის ამომრჩეველზე მოახდინონ კაპიტალზაცია, ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია. რატომ უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მთელი ცხოვრება ერთ პარტიას ხმა?! ეს ჩვენს ქვეყანაშია ასე დამკვიდრებული, რომ მთელი ცხოვრება ერთ პარტიას აძლევენ ხმას, მიუხედავად იმისა, თუ რა არის რეალობა. ეს ნელ-ნელა იცვლება და ძალიან კარგია, ვიღაც შეიძლება აქამდე ერთ პარტიას აძლევდა ხმას, ახლა შეიძლება ამ მოცემულობაში სხვა პარტია მოეწონოს და მას დაუჭიროს მხარი. ჯანსაღი პროცესია, როცა პარტიები ცდილობენ, ერთმანეთის ამომრჩეველზე მოახდინონ საკუთარი ხმების კაპიტალიზაცია. უკეთესი იქნება, თუკი ამ პროცესს არაეთიკურობის კომპონენტი ჩამოსცილდება და ამას ვიმედოვნებ. დანარჩენი ჩვეულებრივი პროცესია, „ქართული ოცნების“ საქმე გადაწყვეტილია, უმრავლესობაში ვეღარ მოვა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მრავალპარტიულ შემადგენლობაში ვინ რა მხარდაჭერით ისარგებლებს. საზოგადოება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის დაუჭიროს მხარი არჩევნებზე, მაგრამ ცალსახად ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი შესათავაზებელი არ აქვს, თუნდაც იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, სინამდვილეში ვის დაუჭერს მხარს. დიდი სურათი ყველას კარგად აქვს დანახული, მიუხედავად იმისა, ის კვლევებში ფიგურირებს თუ არა, როგორც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. რაც შეეხება კვლევებს, გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ამ კვლევებში ცალკეა გამოტანილი, მაგრამ კვლევებში დანარჩენილი შემადგენელიც არსებობს და ცალსახად ყველა გამოკითხული ამბობს, რომ არ მოსწონთ ლარის კურსი. გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, შიმშილია, უმუშევრობაა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა და ა. შ. სინამდვილეში ამ პრობლემების ერთობლიობა შემდგომში როგორ კორელაციაში მოვა იმ რეალურ რეიტინგთან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს არჩევნებზე გამოჩნდება. ვხედავდით, წინა კვლევები რამდენად შეესაბამებოდა საარჩევნო შედეგებს. ეს არჩევნებიც არ იქნება გამონაკლისი. ორგანიზაციები, რომლებიც კვლევებს ატარებენ, მათ ინტერესშია, რომ ზედაპირზე ამოსწიონ პრობლემები, პოლიტიკურ პარტიებს აჩვენონ მათი რეიტინგები, თუ რა ნაწილში აქვთ ჩავარდნა და რა აინტერესებს ხალხს. ხალხს კი აინტერესებს: უმუშევრობა, ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, უსაფრთხოება, შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური კამპანია ამ საკითხებზე უნდა ააგონ.
_ რამდენიმე თვის წინ მიხეილ სააკაშვილისგან მოვისმინეთ, რომ ქართული პოლიტიკისთვის დრო არ ჰქონდა, დღეს კი ის „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა და პროცესებში დისტანციურად აქტიურად ერთვება. მისი ფაქტორი უწყობს თუ არა ხელს პოლარიზებას, რაც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად აწყობს და ასევე კამპანია „დაავალე მიშას“ ხომ არ დააფრთხობს ნეიტრალურ ამომრჩეველს?
_ თუ ვინმეს აფრთხობს მიშა სააკაშვილის გააქტიურება, ეს არის „ქართული ოცნება“, ნეიტრალური ამომრჩეველი ცალსახად ჩამოყალიბებულია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების შენარჩუნება აღარ შეიძლება. არა მხოლოდ ნეიტრალური ამომრჩეველი, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც ასე ფიქრობს.
_ თუმცა ნეიტრალური ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი მიშას ალტერნატივად არ განიხილავს…
_ ამას არც ერთ კვლევაში არავინ ამბობს, მაგრამ ეს მესიჯი „ქართული ოცნების“ წიაღიდან არის წამოსული, რომ თითქოს ნეიტრალური ამომრჩეველი მიშას არ განიხილავს, როგორც ალტერნატივას. არ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, რომელიც ნეიტრალურია იმ გაგებით, რომ ამ ქვეყანაში სურს ცვლილებები, აღარ მოსწონს ბიძინა ივანიშვილი და ამავდროულად ცალსახა პოზიცია ჰქონდეს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მიშა სააკაშვილის გარეშე. ყველას გააზრებული აქვს, რომ მიშა სააკაშვილი ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ ანტიპოდი და რასაც „ქართული ოცნება“ აფუჭებს, იმის უკეთესობისკენ შემობრუნება მიშა სააკაშვილს შეუძლია _ მას აქვს ამის სრული უფლება, ასევე დიდი მხარდაჭერა. თქვენ რომ თქვით, თავიდან არ სურდა ქართულ პოლიტიკაში აქტიურობა და შემდეგ გააქტიურდაო, ეს ბუნებრივი მომენტია. შეიძლება, თავიდან რაღაც არ გვინდოდეს და შემდეგ შევიცვალოთ აზრი. როგორც ჩერჩილი ამბობდა, „ვინც აზრს არ იცვლის, ის ვერასდროს ვერაფერს ცვლის“, ამიტომ მე პრობლემას ვერ ვხედავ. ვიცი ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ პოლიტიკით არ იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ ახლა აქტიურად არიან ჩართულნი, პოლიტიკური პარტიაც შექმნეს და საკმაოდ დინამიკურ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთნენ, თუნდაც „ლელო“. რაც მეტი აქტორი და აქტიური რესურსი იქნება იმ პროცესებში ჩასხმული, რომელიც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას შეუწყობს ხელს, მით უკეთესი. ბიძინა ივანიშვილი პანაცეა კი არ არის, მისი მმართველობაა პანაცეა. წავიდეს, იცხოვროს, როგორც შევარდნაძემ იცხოვრა, რაც უნდა ის აკეთოს, იყოს ისევ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მაგრამ არ შეიძლება, ამ ქვეყანაში მაღალ ეშელონებში მოღვაწეობდეს ადამიანი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური და იურიდიული უფლებამოსილება არ გააჩნია და ის ნიშნავდეს პირად ექიმს ჯანდაცვის მინისტრად, პირად დაცვას ძალოვანი უწყების ხელმძღვანელად, პირად კლერკს კი ხან პრემიერ-მინისტრად და ხან თავდაცვის მინისტრად. არ შეიძლება, ოჯახური ბიზნესის მსგავსად გარდაქმნას ქვეყანა. ალბათ, ვიღაცას, თავის დროზე, ეგონა, რომ ამ მეთოდებით მართვა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ყველანი ვხედავთ, სადამდეც მივედით. ყველა ჩამოყალიბებულია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამიტომ არც ბიძინა ივანიშვილის პირად ფაქტორს, არც მის 7 მილიარდს ფასი აღარ აქვს, ხალხმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება _ მას სურს, შვილებმა უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ, განათლებაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და ეკონომიკური პროცესები უკეთესობისკენ შემოტრიალდეს. ხალხს სურს, რომ სიღარიბესა და შიმშილში არ ამოხდეს ბოლო დღეები და ამას ვერაფერი შეეწინააღმდეგება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილამდე იმგვარად მივიტანოთ, რომ მას ხელი არ წაუცდეს და წასვლის წინ ცუდად არ მოიქნიოს კუდი, რამე სისულელე არ ჩაიდინოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო, ცივილიზებული სამყაროს წესების მიხედვით. ამით ყველა კმაყოფილი იქნება, მათ შორის, თვითონაც.

ნენე ინჯგია