ქეთევან უჩაიძე: „საქართველოს ბანკმა“ ქონება წამართვა და უსახლკაროდ დავრჩი“
ქეთევან უჩაიძე „საქართველოს ბანკს“ ორ მილიონ-ნახევარ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მათ ხელმოწერა გააყალბეს და საცხოვრებელი სახლი და კომერციული ფართი მოტყუებით წაართვეს.
როგორც „ქრონიკა+“-სთან უჩაიძე აცხადებს, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ხელმოწერა არაავთენტიკურია.
რა ეტაპზეა საქმის გამოძიება? რატომ არ ცნო პროკურატურამ დღემდე დაზარალებულად ქეთევან უჩაიძე და რას გეგმავს ის?
„ქრონიკა+“ ქეთევან უჩაიძეს ესაუბრა:
_ ჩემი ოჯახი „საქართველოს ბანკის“ კლიენტი იყო, სესხი ჩემი მეუღლის სახელზე ავიღეთ. ქონება, რომელიც ბანკში ჩავდეთ, ჩემს სახელზე იყო რეგისტრირებული. კონკრეტულად კი რუსთაველის გამზირზე 130 კვ.მ. კომერციული ფართი და საბურთალოზე, ვაზისუბნის ქუჩაზე, 801 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებას ვასრულებდით, დროულად შეგვქონდა ბანკში თანხა. 2008 წლის ომის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა და 5 თვის მანძილზე გრაფიკის მიხედვით სესხი ვერ დავფარე. ბანკმა შემოგვთავაზა ერთი წლით ქონების გადაფორმება შესყიდვა-გამოსყიდვის უფლებით, რაზედაც დავთანხმდი და 2009 წლის 30 მარტს გავაფორმეთ ხელშეკრულება „საქართველოს ბანკში“ ნოტარიუსის თანდასწრებით. როდესაც დავასრულე ხელის მოწერა დოკუმენტებზე, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გოჩა ცინცაძემ მითხრა: ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს „საქართველოს ბანკის“ დირექტორის ერთ-ერთმა მოადგილე ავთანდილ ნანუჩეიშვილმა, რომელიც ადგილზე არ არის და როცა მზად იქნება, ხელშეკრულება გადმოგეცემათო. 2 კვირის შემდეგ ცინცაძემ ხელშეკრულება გადმომცა, თუმცა მას არ ეწერა შესყიდვა-გამოსყიდვა, რაც მაშინვე გამიკვირდა და ვკითხე, რაზედაც მიპასუხა, რომ ბანკში ცვლილებები მოხდა, თუმცა მოლაპარაკება ძალაში დარჩაო. მან მაჩვენა შიდა კომიტეტის გადაწყვეტილების წერილი, სადაც ეწერა, რომ 3 თვე მქონდა დრო. ცინცაძემ მითხრა, რომ ეს დრო პირობითად ეწერა და ჩემს განკარგულებაში 1 წელი იყო. ამ ფაქტების გამო ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩნდა, თუმცა მაინც ვენდე, რადგან ჩვენ შეთანხმება გვქონდა და ვერ წარმომედგინა, თუ ასე მოიქცეოდნენ.
_ რამდენი დოლარი გქონდათ ბანკის ვალი და როგორ იყო ეს გადანაწილებული თქვენს ქონებაზე?
_ ხელშეკრულების თანახმად, სახლზე 200 ათასი, კომერციულ ფართზე კი 300 ათასი იყო განაწილებული, ჯამურად 500 ათასი დოლარი მქონდა ბანკის ვალი დასაფარი. ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში სახლის მყიდველი გამოჩნდა. მე გოჩა ცინცაძეს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ სახლს ვყიდიდი და 200 ათას დოლარს სახლის გაყიდვის შემდეგ, დანარჩენ თანხას კი კომერციული ფართის გაყიდვისთანავე შევიტანდი. ცინცაძემ მიპასუხა, რომ ბანკში შეათანხმებდა და სამ დღეში დამირეკავდა. ამ კომუნიკაციიდან მეორე დღეს ჩემმა ახლობელმა დამირეკა, რომელიც ჩემს სახლში ცხოვრობდა და მითხრა, რომ სახლში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ეს სახლი ჩემს საკუთრებაში აღარ იყო. ამ მომენტში დავრწმუნდი, რომ მწარედ მომატყუეს. ბენზინით მივედი სახლში და ბანკის თანამშრომლებს ვუთხარი, თავს დავიწვავდი, თუ ასე მოტყუებით წამართმევდნენ ქონებას. ჩემს სახლში 5 დღე ვიშიმშილე, შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ გავაგრძელე შიმშილობა. ბანკმა დაცვა დააყენა ჩემს სახლთან და აღარ მიშვებდა. ამ ფაქტის შემდეგ პროკურატურაში შემქონდა სარჩელი და ვცდილობდი, საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო, თუმცა არ დაიწყო. 2011 წლის 11 ივნისს მიღებაზე ვიყავი ჩაწერილი იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. სანამ საშვთა ბიუროში შევიდოდი, თქვეს, რომ კოტესთან არის მიღებაზეო, რაც გამიკვირდა და ვკითხე, _ ხომ არ მატყუებთ, მე ვანო მერაბიშვილთან ვარ ჩაწერილი-მეთქი, რაზედაც იქ მყოფმა პოლიციელმა, გვარად სადღობელაშვილმა, ცოლ-შვილი დაიფიცა, _ არ გატყუებთ, მერაბიშვილი შეგხვდებათო… თუმცა მერაბიშვილის ნაცვლად საპატრულოს უფროსი კოტე დიღმელაშვილი დამხვდა. მასთან კომუნიკაცია არ მსურდა, რადგან მერაბიშვილთან შეხვედრაზე ვიყავი ჩაწერილი. ოთახიდან რომ გამოვედი, დერეფანში პოლიციელები ისხდნენ, იმდენად ვიყავი გაბრაზებული, ამათმა რომ მომატყუეს, ხმამაღლა მივმართე მათ: „ბატონებო, თქვენ სადღობელაშვილის მსგავსად ტყუილზე იფიცებთ ცოლ-შვილს-მეთქი?!“ როგორც კი შენობიდან გამოვედი, პატრულმა მანქანა გააჩერა და სახლში წაყვანა შემომთავაზა, რაზედაც უარი ვუთხარი. მათ თავში ჩამარტყეს და ძალით ჩამსვეს მანქანაში. მაშინ გირგვლიანის მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და ვიფიქრე, რომ ჩემი მოკვლა სურდათ. ტირილი დავიწყე, ერთ-ერთმა მითხრა, დავმშვიდებულიყავი, სუფთა ჰაერზე მივყავდით. კოჯორში ამიყვანეს, 4 საათი და 40 წუთი მამყოფეს იქ მანქანაში, არანაირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური(?!!) ძალადობა არ ყოფილა. შემდეგ კი თბილისში ჩამომიყვანეს და ქაშუეთის ეკლესიასთან დამტოვეს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მათი ეს საქციელი რას ემსახურებოდა. როგორც ჩანს, შემაშინეს, ეს იყო მათი მიზანი. ამ ფაქტიდან რამდენიმე თვეში, როგორც იქნა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებით. ჩემი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ „საქართველოს ბანკმა“ გაყალბებული ხელწერით მიითვისა ჩემი ქონება.
_ თქვენ რით ამტკიცებთ, რომ „საქართველოს ბანკმა“ ხელმოწერა გააყალბა?
_ 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა, რომ ჩემი ხელმოწერა გაყალბებულია.
_ როგორ მიმდინარეობს გამოძიება და რა ეტაპზეა იგი ახლა?
_ 2016 წელს პროკურორმა მუხიაშვილმა მითხრა: შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია, მით უმეტეს, თქვენ ექსპერტიზის დასკვნა გაქვთ და დაზარალებულის სტატუსი მოგენიჭებათო. ამის შემდეგ ის მთავარ პროკურატურაში გადავიდა სამუშაოდ და ეს საქმე ნუგზარ ჭიტაძეს დაეწერა, რომელმაც მითხრა, რომ თქვენი საბუთები ქვას გახეთქავსო, მაგრამ დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი. რაც შეეხება ჩემს სახლს, როგორც გავარკვიე, „საქართველოს ბანკს“ ჩემი სახლი 11 ოჯახზე გადაუყიდია. კომერციული ფართი კი 530 ათას დოლარად გაყიდეს, ანუ ჩემი ვალი ამოიღეს. ვითხოვ, სამართლიანობა აღდგეს და ჩემი სახლი დამიბრუნონ.
_ რას გეგმავთ?
_ ისე დამღალა უსამართლობამ, რომ აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ გახარიას, მთავარი პროკურორისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დავწერე განცხადება, რომ არჩევნების დღეს თავს დავიწვავ. უკვე ყელში ამომივიდა ამდენი უსამართლობა. წლებია, ვითხოვ ჩემი ქონების დაბრუნებას, რომელიც „საქართველოს ბანკმა“ მოტყუებით მიითვისა და უსახლკაროდ დამტოვა. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს: გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ ჩემთვის იზეიმოს სამართალმა, მე არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა.
ნენე ინჯგია