გიორგი პოპიაშვილი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის პარტიები არიან“
რა რესურსი აქვს ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? რა ფორმით უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები და როგორია „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი გზავნილი?
ამის შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ გიორგი პოპიაშვილს ესაუბრება:
_ გიორგი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით რა მოცემულობის წინაშე დგას ქვეყანა კრიმინოგენური კუთხით? შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებში იკვეთება თუ არა სისტემური დანაშაულის ნიშნები?
_ საქართველოში კრიმინალი ყოველწლიურად იზრდება. თუ ბოლო წლების ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ, ამაში მარტივად დავრწმუნდებით.
წლები სულ მოხდა გაიხსნა
2013 459 185
2014 591 434
2015 901 810
2016 1416 963
2017 2192 2192
2018 4791 3036
2019 4911 3086
2020 2171 1340
წყარო: ჰტტპს://პოლიცე.გე/გე/ჰომე
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბოლო წლებში დანაშაულმა მკვეთრად იმატა.
ბუნებაში ყველაფერი განიცდის ცვეთას და გადაგვარებას, რაც შემდგომში განახლებას საჭიროებს. დღეს ამ პროცესს გადის პოლიცია, რომლის განახლების პროცესი წინა ხელისუფლებამ დაიწყო, თუმცა მისი ჯეროვანი განხორციელება ვერ მოხერხდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა, ძირეული გარდაქმნა დაეწყო პოლიციაში! თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიცია ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობები, უნიფორმა ან სხვა დამხმარე საშუალება. პოლიცია, უპირველეს ყოვლისა, შედგება ადამიანებისგან, რათა მათ დაიცვან ხალხის უფლებები, ამისთვის კი საჭიროა სისტემაში ისეთი პროფესიონალები მუშაობდნენ, რომლებსაც აქვთ ემპათიის გრძნობა და შეუძლიათ სხვისი ტკივილის მცირედით მაინც განცდა.
თქვენ მიერ დასახელებულ ორივე საქმეზე აშკარად იკვეთება არაპროფესიონალიზმის ნიშნები, რაც შეგვიძლია სისტემურ ხარვეზადაც მივიჩნიოთ. ამ ეტაპზე რთულია ვისაუბროთ სისტემურ დანაშაულზე. ვფიქრობ, უფრო სისტემურ უცოდინარობასა და გულგრილობასთან გვაქვს საქმე, რაც ნამდვილად არ არის ახალი მოვლენა. სისტემური დანაშაული მძიმე ბრალდებაა, რომელიც, როგორც კონკრეტულ პირებს, ისე მთლიან სისტემას მოიცავს, ამისთვის კი აუცილებელია მეტი მტკიცებულება და სიღრმისეული გამოძიება. ვფიქრობ, გამოძიების პროცესში შეფასებების გაკეთება შეცდომის დაშვების მაღალ რისკს შეიცავს.
_ ოპოზიციური ერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: თბილისის ორ ოლქსა და რეგიონებში საერთო კანდიდატებზე თანხმობა, ჯერჯერობით, ვერ შედგა. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია და რა კუთხით აისახება ეს წინასაარჩევნო პროცესზე?
_ ასე არ ვიტყოდი, რადგან საქართველოში არ არსებობს რაიმე ოპოზიციური ერთობა, ეს მხოლოდ „ერთობის“ სახელს ამოფარებული ფასადია. ნებისმიერი გაერთიანება ეფუძნება საერთო ხედვას და ერთიან ღირებულებებს. როგორ ფიქრობთ, რა ფასეულობებსა და ღირებულებებს ეფუძნება ოპოზიციური ერთობა? რა პრინციპით შეირჩევა კანდიდატები? ან ხალხის მონაწილეობა სად არის ამ პროცესში? პოლიტიკური ძალები მოცემულ სიტუაციაში ცდილობენ, შეინარჩუნონ ან მოიპოვონ საკუთარი პოლიტიკური ადგილი.
საქართველოში რომ არსებობდეს თუნდაც ხუთი მაღალზნეობრივი ლიდერი, ხალხი უპირობოდ გაჰყვებოდა მათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი დაცლილია ასეთისგან.
2020 წლის არჩევნები ისეთივე იქნება, როგორც გასული არჩევნები. ალბათ, იკითხავთ, რატომ? ჩვენი მოტივაცია არჩევნებთან დაკავშირებით არის არა სიყვარული და მომავლის გრძელვადიანი ხედვის რაციონალური გააზრება, არამედ სიძულვილი და მასზე დაფუძნებული ქმედებები, სადაც ერთი მხარე მუდმივად ცდილობს მეორე კინწისკვრით გააგდოს სახლში. სამწუხაროდ, ეს მანკიერი პრაქტიკა იმდენად ღრმად არის დალექილი ჩვენს გონებაში, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მის აღმოსაფხვრელად.
2020 წლის პარლამენტში არსებითად იზრდება ოპოზიციის როლი და მნიშვნელობა, რაც მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს როგორც განცხადებებში, ისე _ პოლიტიკურ მოქმედებებში. სხვა შემთხვევაში შენარჩუნდება არსებული პრაქტიკა, საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფრის კადრების პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ახალი თაობის ინტერესებსა და მიზნებს.
_ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები. რამდენად დიდი შანსი აქვს მმართველ გუნდს დასახელებული კანდიდატებიდან გამომდინარე და კორონა პანდემიასთან წარმატებით გამკლავება იქნება თუ არა ყველაზე სასარგებლო მმართველი გუნდისთვის 2020 წლის არჩევნების კონტექსტში?
_ ადამიანები, პირველ რიგში, უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ სიცოცხლეს და მერე _ ყველა დანარჩენს. ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლას ექიმებთან და საზოგადოებასთან ერთად წარმატებით გაართვა თავი. ამის ნათელი მაგალითია, ერთი მხრივ, მსოფლიოში არსებული სიტუაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი უახლოესი მეზობლები _ სომხეთ-აზერბაიჯანი, სადაც ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა და ათობით მსხვერპლია, რაც ძალიან საწყენი ფაქტია. პანდემიასთან ბრძოლა ყველა ჩვენგანის საეტაპო გამარჯვებაა, ჩვენ შევძელით მისი მომაკვდინებელი შედეგების გააზრება და წესები ზედმიწევნით დავიცავით.
ვფიქრობ, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გამოყენებული ატრიბუტები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების შემადგენლებად ჩამოყალიბდა, როგორიც არის, მაგალითად, პირბადე, ტემპერატურის გაზომვა საჯარო სივრცეებში, გარკვეულ შემბოჭველ გავლენას ახდენს ადამიანთა არაცნობიერ ფსიქიკაზე, რაც დროთა განმავლობაში საზოგადოების ქცევაზე აისახება.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს, ზოგიერთ მათგანს პირადად ვიცნობ, მაგალითად, ირაკლი ქადაგიშვილსა და ირაკლი ჩიქოვანს. მათ პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა დანარჩენი კანდიდატების შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ერთი კი აშკარაა: ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრიორიტეტი არ არის მერიტოკრატიული პრინციპით ადამიანების შერჩევა, რაც ქვეყნის განვითარებაზე აისახება.
_ ამ დრომდე ოპოზიციისგან ვისმენდით სლოგანს: „ერთად ერთის წინააღმდეგ“. რამდენად შეძლებენ ამას, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა?
_ როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევნები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ტარდება ამ პრინციპით, რამაც საზოგადოებაში დაამკვიდრა სიძულვილი, დაქსაქსულობა, გაუცხოება და იმედგაცრუება, რაც ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის სულიერ მდგომარეობაზე.
თუ ოპოზიცია შეძლებს საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გააზრებას და შესაბამისი სამოქმედო ნაბიჯების შემუშავებას, ასეთ შემთხვევაში გამარჯვების შანსი იარსებებს, თუმცა ამ გადასახედიდან ეს ნაკლებად სარწმუნოა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ხალხი გულწრფელ ადამიანებს ენდობა და მიჰყვება. გულწრფელობის მაჩვენებელი დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში ძალიან დაბალია, იგივე ითქმის ხელისუფლებაზეც. პოლიტიკური აქტორები ძალით, მოტყუებითა და სხვა ტიპის ტექნიკებით ცდილობენ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას. სიყალბეზე აგებული პოლიტიკის დრო საქართველოში უნდა დასრულდეს!
ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც ადამიანები პოლიტიკურ თანამდებობებს პირადი გამდიდრების წყაროდ არ წარმოიდგენენ და სახელმწიფოებრივი აზროვნება მოიმატებს.
_ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალა და იგი მეტწილად პროპორციულია, არსებობს გარკვეულწილად პოლარიზების საფრთხე. „ქართული ოცნება“ ეცდება მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გადიოდეს ბრძოლის მთავარი ხაზი. ამის თავიდან ასაცილებლად რა ბერკეტები გაქვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს?
_ სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მესიანისტური ცნობიერების მატარებელია, რაც ჩვენი წარსული გამოცდილებისა და აწმყოში არცხოვრების შედეგია. ზემოაღნიშნულ პარტიებს ყველა ტიპის რესურსი აქვთ იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე და შეცვალონ პოლიტიკური დღის წესრიგი.
მცირე ზომის ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ: საზოგადოებას აჩვენონ გააზრებულ მომავალზე ორიენტირებული ხედვა.
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის პარტიებია, რადგან ორივე მათგანი დროის სხვადასხვა მონაკვეთში ჩარჩა და ვეღარ ახერხებს იქიდან გამოსვლას, თუმცა არც მცირე პარტიებშია მკაფიო ხედვა და სახარბიელო მდგომარეობა, რაც ადამიანებისთვის სარწმუნო და იმედის მომცემი იქნებოდა. ამ ფონზე კი ზემოაღნიშნული პარტიები კარგად ახერხებენ ადამიანის გრძნობებით მანიპულირებას.
_ რა ფორმით უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები 2020 წლის არჩევნებში და ამ მიმართულები რა გეგმები გაქვთ „თავისუფალ დემოკრატებს“?
_ არავისთვის არის ახალი, რომ საზოგადოების მამოძრავებელ ძალას ახალგაზრდობა წარმოადგენს, როგორც საქართველოში, ისე _ საზღვარგარეთის ქვეყნებში. ახალგაზრდებს ცალსახად შეუძლიათ შეცვალონ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი, თუმცა ამისთვის ყველაზე მთავარი რამ არის საჭირო, _ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და ძალისხმევის უნარი როგორც საკუთარ თავზე, ისე საზოგადო-პოლიტიკურ პროცესებზე.
ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობა მხოლოდ არჩევნებში პასიური და აქტიური ხმის უფლებით ან სხვა სახის აქტივობით არ განისაზღვრება. ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს, რადგან ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. სრულებით არ არის საჭირო პარტიის წევრობა. პირველ რიგში, საჭიროა არსებობდეს გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები და ადგილობრივი თვითმმართველობა, სადაც ადამიანი შეძლებდა ქვედა დონეზე საკუთარი და საქვეყნო საქმეების განხილვას, როგორც ეს ხდება ბევრ ევროპულ ქვეყანაში. დღეს კი გვგონია, რომ დემოკრატიას ვაშენებთ, თუმცა ეს არ არის დემოკრატია, ეს ფასადია, ნამდვილი დემოკრატიის გაყალბებაა.
_ რა იქნება თქვენი პარტიის მთავარი გზავნილი 2020 წლის არჩევნების კონტექსტში და როგორია თქვენი საარჩევნო სტრატეგია?
_ ეს არჩევნები ბევრად რთული და კონკურენტული იქნება, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება მოვლენებისა და პროცესების სწორ ანალიზს და დროულ მოქმედებას, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს.
ნენე ინჯგია