ონკოლოგიურის სკანდალი გრძელდება _ რით ჰგავს საკუთარი ქმრის პანაშვიდი დასვენებას?
„სამი თვის წინ მოხდა ეს ამბავი და მე ყოველდღიურად საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ სტრესი გავინელო“, _ ასე იწყებს „ქრონიკა+“-სთან საუბარს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი „ონკოლოგიური“) ექიმი-ლაბორანტი, ელისო ალანია:
_ ყველაფერი დაიწყო ჩემი მეუღლის ავადმყოფობით, რომელსაც ონკოლოგიური დიაგნოზი სამი წლით ადრე დაესვა. ამ სამი წლის განმავლობაში ისე ვუვლიდი, რომ გარდაცვალებამდე თავისი დიაგნოზი არ გაუგია. 2020 წლის თებერვლიდან დაეწყო საშინელი ტკივილები სახსრებში, ძვლებში… ამას იმიტომ გეუბნებით, რომ 10 აპრილს, როდესაც ონკოლოგიურ კლინიკაში მორიგე ვიყავი და დამირეკეს, სისხლს აღებინებსო, მივხვდი, რასთანაც მქონდა საქმე. ეს არ იყო ის შემთხვევა, ერთჯერადად რომ დაგირეკოს ოჯახის წევრმა, _ წნევა მაქვს, შეუძლოდ ვარ და ა. შ. ჩემს მეუღლეს უკვე სისხლდენები ჰქონდა დაწყებული, მაგრამ იმ დილით მე მაინც სამსახურში წავედი, მორიგეობა რომ არ გამეცდინა. თან იმ პერიოდში განმეორებითი ანალიზები ავუღე და მივიღე საშინელი პასუხები, რომელიც კრიტიკული იყო. ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ ჩემი ქმრის სიცოცხლის პერიოდში ხელთ მაქვს. ამ გამოკვლევების პასუხები რომ მივიღე, თვითონ ექიმი-ლაბორანტი გახლავართ, გადავრეკე მის მკურნალ ექიმთან, ვუთხარი, რომ სისხლს აღებინებდა და მითხრა, სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია გაუკეთეო. დავურეკე ჩემი ლაბორატორიის ხელმძღვანელს… არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს არის კომენდანტის საათი და 9 საათისთვის ქალაქში მოძრაობა წყდება. ჩემი ლაბორატორიის ხელმძღვანელი დალი ფირცხალაიშვილი ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ქმარი მიკვდება და საავადმყოფოში უნდა გადავიყვანო-მეთქი, მას კი ჩემი შემცვლელი გამოეძახა. დალი ფირცხალაიშვილმა ძალიან გულგრილად მიიღო ეს ყველაფერი. მეც ვყოფილვარ ლაბორატორიის ხელმძღვანელი და როდესაც საჭიროებას ვხედავდი, სამსახურში გავსულვარ ღამის 2 საათზე და შემიცვლია მორიგე. ყველა სატელეფონო ამონაწერი მაქვს იმისა, თუ როგორ ჩავაყენე ყველა ინსტანცია საქმის კურსში _ დავიწყე ლაბორატორიის ხელმძღვანელით, შემდეგ დავურეკე მთავარ ექიმს, რეანიმაციის განყოფილების გამგეს და ბოლოს კლინიკის დირექტორ გიორგი ენუქიძეს. არ წამოვედი, სანამ შემცვლელი არ მოვიდა და ამის გამო აფთიაქს ძლივს მივუსწარი, რომ ჩემი ქმრისთვის წამალი მეყიდა. აქვე გეტყვით, რომ ჩემი შემცვლელი მხოლოდ რეანიმაციის განყოფილების გამგემ მოიყვანა, ისიც მთავარი ექიმის ჩარევით. როდესაც გიორგი ენუქიძეს დავურეკე, რომ ჩემი მეუღლე საავადმყოფოში გადამყავს-მეთქი, ენუქიძის პასუხი ასეთი იყო, რა დროს დასვენებაა ამ პანდემიის დროსო. „მე დასასვენებლად მივდივარ-მეთქი?“ _ აი, ეს ვკითხე. 11 აპრილს (ოღონდ ამას ვგებულობ 3 ივლისს) ახსნაგანმარტებით ბარათს წერს ლაბორატორიის ხელმძღვანელი დალი ფირცხალაიშვილი, რომ მე დავტოვე მორიგეობა თვითნებურად… ანუ თვითნებურად თურმე ჰქვია იმას, როდესაც ყველას საქმის კურსში ჩააყენებ ქმრის ავადმყოფობის გამო. თითქოს ჩემი ქმარი იმ დღეს გახდა ავად. ახსნაგანმარტებით ბარათში არ ჩაწერა არც ჩემი ქმრის მდგომარეობა, არც დიაგნოზი, თუ რატომ გავხდი იძულებული, რომ შემცვლელი მომეთხოვა. მოკლედ, ამ ახსნა-განმარტებითი ბარათის საფუძველზე გამომიცხადეს სასტიკი საყვედური. ამ დროს მე და ჩემი მეუღლე ვწევართ გერმანულ ჰოსპიტალში, საიდანაც ერთი თვე არ გამოვსულვართ.
_ როდის გარდაიცვალა თქვენი მეუღლე?
_ 6 მაისს დავკრძალეთ. თან არ დაგავიწყდეთ, რომ კარანტინია. ქმრის გარდაცვალების მიუხედავად, გიორგი ენუქიძემ არ მომცა შვებულება, არც უხელფასო. სამაგიეროდ, 29 მაისს მათავისუფლებს სამსახურიდან. არ დაგავიწყდეთ, რომ არც სასტიკი საყვედურის და არც სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ჩემთვის არავის შეუტყობინებია. მე ის ვიცი მხოლოდ, რომ იმ პერიოდში ონკოლოგიურ ცენტრში მიდის რეორგანიზაცია და უნდა შეწყდეს სამედიცინო საქმიანობა.
_ პრინციპში, ასეც მოხდა?
_ 35 წელი ისე ვიმუშავე ონკოლოგიურ ცენტრში, რომ საყვედური არ მიმიღია. ასეთი უბედურება დამატყდა თავს _ ქმარი დავკარგე და დირექტორს ასეთი რამე გაეკეთებინოს თანამშრომლისთვის, არ გამიგია. რას წარმოვიდგენდი, რომ ასე გამიმეტებდა…
_ თქვენ არ ჰკითხეთ თქვენს ხელმძღვანელობას, რის გამო გაგათავისუფლეს, მომაკვდავი მეუღლე რომ არ მიატოვეთ?
_ ჯერ ერთი, არც ვიცოდი, რომ გამათავისუფლეს. შემთხვევით გაიგო ჩემმა თანამშრომელმა… კანცელარიაში უთხრეს, რომ ელისო განთავისუფლებული არისო. მერე დავურეკე და მეილზე ჩემი მოთხოვნის საფუძველზე გამომიგზავნეს განთავსუფლების ბრძანება, რომელზეც წარმოდგენა არ მქონდა. უკვე ავიყვანე ადვოკატი და დავას სასამართლოში გავაგრძელებთ. ასევე მივმართე სახალხო დამცველის აპარატს.
„ქრონიკა+“ მეორე მხარესაც დაუკავშირდა, კერძოდ, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელ დალი ფირცხალაიშვილს:
_ ელისო ალანია თავისი განთავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ თქვენ ახსნაგანმარტებით ბარათში არ ჩაწერეთ სწორად მიზეზი.
_ ჩემს ახსნა-განმარტებაში წერია, მეუღლის ავადმყოფობის გამო. წერია, რომ გამოცხადდა სამსახურში, მაგრამ დატოვა სამსახური მეუღლის ავადმყოფობის გამო
_ მეუღლე ავად ჰყავდა სამი წელი და იმ მომენტში დაუმძიმდა, მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
_ იცით, ზუსტად იმ დროს მოიყვანეს პაციენტი სისხლისდენით. სასწრაფოდ მისაღები იყო ზომები, ჩვენ ჩანაცვლება ვერ მოვახერხეთ და ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი.
_ თქვენ ვერა, მაგრამ რეანიმაციის გამგემ ხომ მოიყვანა შემცვლელი?
_ მე ელისო ალანიას ახსნა-განმარტებაში ჩავუწერე მეუღლის ავადმყოფობა, მაგრამ მაშინ ხომ არ გარდაიცვალა, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. თანაც, იმ წუთას ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ის, ვისაც შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა, ისიც ცუდად იყო.
_ წლებია, ერთად მუშაობთ. თქვენს თანამშრომელს ქმარი უკვდებოდა, გარდაეცვალა კიდეც მალევე და, ალბათ, სამსახურიდან ამის გამო გაშვებას არ იმსახურებდა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ ხო, მაგრამ მე რა შუაში ვარ?
„ქრონიკა+“ თვალს გაადევნებს ელისო ალანიას ქეისს, ასევე კიდევ სამი ექიმის სასამართლო პროცესებს (რომელსაც აქტიურად ვაშუქებდით) „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრთან“.
თამარ როსტიაშვილი