ლაშა ჩხარტიშვილი: „ოქტომბერში „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უნდა გავასვენოთ“

როდესაც ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოდნენ, ადამიანის უფლებების დაცვაზე ბევრს საუბრობდნენ. პირობას დებდნენ, რომ არც ახალ დანაშაულებს ჩაიდენდნენ და ძველ საქმეებსაც გამოიძიებდნენ, მაგრამ როგორც სააკაშვილს უყვარს ხოლმე თქმა, ნურას უკაცრავად: არც ძველი საქმეები გამოიძიეს და თავადაც ბევრჯერ დაარღვიეს ადამიანის უფლებები. „ოცნების“ მმართველობის პერიოდში არაერთი გახმაურებული მკვლელობის მომსწრენი გავხდით. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას დამნაშავეები დაესაჯა, ტროლ-ბოტების დახმარებით გარდაცვლილებისა და ჭირისუფლების დისკრედიტება დაიწყო.

უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილისთვის ილუზია იმის შესახებ, რომ სამართალი იზეიმებდა მაშინ მოკვდა, როცა ივანიშვილი მურუსიძეს ჩაეხუტა. მისი აზრით, სამართლიანი სასამართლო მაშინ იქნება ქვეყანაში, როცა მოსამართლეებს ავირჩევთ.
რას ფიქრობს ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე? რატომ შეექმნა ამომრჩეველს არასწორი მოლოდინები? რატომ არის უკეთესი, ოპოზიციას რამდენიმე კანდიდატი რომ ჰყავდეს? რაზე უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია არჩევნების წინ? _ ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ლაშა, 2012 წლამდე „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად თქვენ არაერთი აქცია მოაწყვეთ სამართლიანობის აღდგენისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. არავის ეგონა, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ხელისუფლების პირობებში ადამიანებს ისევ დახოცავდნენ და დამნაშავის დასჯის ნაცვლად ჭირისუფალს დაუწყებდნენ დევნას.
_ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეს ჩაეხუტა, სამართლიანობის აღდგენის იმედი მოკვდა. აქედან გამომდინარე, სავსებით მოსალოდნელი იყო ის რეალობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. სამწუხაროდ, ჩვენთან დაპირებებს არც ერთი ხელისუფლება არ ასრულებს. თავის დროზე სააკაშვილი ხელისუფლებაში ორი მკვლელის _ კახა თარგამაძისა და ვანო ჩხარტიშვილის სამართლიანი კრიტიკით მოვიდა. ჩემი მოგვარე ეკონომიკური მკვლელი იყო, თარგამაძე ადამიანების უფლებებს არღვევდა, მის დროს ბევრი ადამიანი დაიღუპა. სააკაშვილს არც ერთი მათგანი არ დაუსჯია. ეს სინდრომი ივანიშვილსაც გადაედო. ხელისუფლებაში მოსვლამდე მწვავედ აკრიტიკებდა „ნაციონალებს“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი დამნაშავეებს ჩაეხუტა.
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამე: სანამ ერთპარტიული მმართველობა არ შეიცვლება, საქართველოს არაფერი ეშველება. ამ შემოდგომაზე კარგი შანსი გვაქვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებასთან ერთად მთავრობის დაკომპლექტების წესი შევცვალოთ. მრავალპარტიული პარლამენტის შედეგად მივიღებთ კოალიციურ მთავრობას. ოღონდ არა ისეთ კოალიციურს, როგორიც სააკაშვილსა და ივანიშვილს ჰქონდათ. ხელისუფლებაში მოსვლის წინ ორივე მათგანმა ფსევდოკოალიციები შექმნა. იქ რამდენიმე პარტია კი იყო გაწევრიანებული, მაგრამ მთავარი ერთი პარტია იყო და ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტდა. როგორც ვატყობ, ვიღაცებს ისევ აქვთ სურვილი, რომ ქვეყანა ერთპიროვნულად მართონ.
ახლა ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ამომრჩეველი გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ივანიშვილი. მრავალპარტიული პარლამენტი პირდაპირ არის დამოკიდებული არჩევნებზე მისულ ამომრჩეველზე. ქვეყანაში რა უბედურებაც ტრიალებს, ეს პასიური ამომრჩევლის ბრალი უფროა, ვიდრე იმის, ვინც კიტრსა და პომიდორზე იყიდება და სახელისუფლებო პარტიას აძლევს ხმას.
_ აქამდე ამომრჩეველს კარტოფილსა და ხახვს ურიგებდნენ, გასულ კვირას კი კიტრი და პომიდორი გამოიყენეს, რატომ შეიცვალა რაციონი?
_ ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა ისევ მრავალპარტიულ პარლამენტზე გავამახვილებ ყურადღებას. რეალურ მრავალპარტიულ პარლამენტს თუ მივიღებთ, მაშინ ნამდვილად შევძლებთ იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ოპოზიციამ მისცა ხალხს.
_ ოპოზიცია ბევრ რამეს დაჰპირდით ხალხს და რომელი დაპირების შესრულებას გულისხმობთ?
_ იმას, რომ მოსამართლეები მაინც იყოს არჩევითი. მე თუ მკითხავთ, მოსამართლეები კი არა, პროკურორები და პოლიციის უფროსებიც უნდა ავირჩიოთ. პოლიციის უფროსების არჩევას ლეიბორისტები ღიად ვუჭერთ მხარს. ჩვენს მოსაზრებას სხვა პარტიებიც იზიარებენ. იმედი მაქვს, რომ ამას მთელი ოპოზიცია დაუჭერს მხარს და არჩევნების შემდეგ კანონში სათანადო ცვლილებასაც შევიტანთ.
_ საქართველოში პოლიციის უფროსის არჩევა როგორ წარმოგიდგენიათ?
_ მშვენივრად. ეს იქნება ძალიან პოზიტიური ცვლილება.
_ ვითომ?
_ რა თქმა უნდა, პოზიტიური ცვლილება იქნება. არჩეული პოლიციის უფროსი რომ ჰყოლოდა მცხეთის რაიონს, როგორ გგონიათ, ის იმას გაბედავდა, რაც ახლანდელმა პოლიციის უფროსმა გაბედა „შაქარაშვილის საქმეში“? გამორიცხულია! არჩეული პოლიციის უფროსი არავის დააფარებდა ხელს და არც სამხილების განადგურებას შეძლებდა ვინმე.
_ რატომ გგონიათ, რომ არჩეული პოლიციის უფროსები საქმეებს არ ჩაფარცხავენ?
_ იმიტომ, რომ ის ამომრჩეველზეა დამოკიდებული და ამას ვერ გაბედავს. პოლიციის უფროსების არჩევის სისტემა ამერიკაშია და ის ძალიან ამართლებს.
_ ის ამერიკაა და მაგიტომაც ამართლებს.
_ ჩვენმთანაც გაამართლებს. არჩევითობის შემთხვევაში პოლიციის უფროსიც, მოსამართლეც და პროკურორიც საკუთარი კარიერით აგებენ პასუხს ამომრჩევლის წინაშე. ახლა ისინი მხოლოდ ზემდგომის ანდა ერთპიროვნული მმართველის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. მოსამართლეების არჩევის წესზე ოპოზიცია უკვე შეთანხმებული ვართ. ამასთან დაკავშირებით დოკუმენტებიც გაფორმებული გვაქვს.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავიდა ხელისუფლება კარტოფილიდან და ხახვიდან კიტრსა და პომიდორზე: ასეთი რამე, პირველ რიგში, თავად ხელისუფლებისთვის არის სამარცხვინო. მილიარდერი ივანიშვილის „ქართული ოცნება“ იმ დონის სიღატაკეში აგდებს ადამიანებს, რომ შემდეგ ხალხის ნაწილი კიტრსა და პომიდორზე იყიდება.
ძალიან დააგვიანა ხელისუფლებამ დახმარებების გაცემა. ახლა ერთი ამბავი აქვთ ატეხილი, ბავშვებს 200-ლარიანი დახმარება რომ უნდა მისცენ. ამით იკეთებენ საარჩევნოდ პიარს ხელისუფლების წარმომადგენლები.
_ რა არის იმაში ცუდი, თუ 17 წლამდე ასაკის ბავშვები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ?
_ ცუდია არაა, მაგრამ მეტი თანხა უნდა გაცემულიყო. თან ამ თანხის გაცემა დაგვიანებულია.
_ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
_ გასაგებია, მაგრამ ხომ გააჩნია, რა დროს დააგვიანებ. მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, რომელიც კორონა ეპიდემიის გავლის შემდეგ დაარიგებს დახმარებას, თანაც არასაკმარისს. მათ მიერ გამოყოფილი დახმარება არავისთვის არ იქნება საკმარისი. ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, რომ ყველა ოჯახზე გაეცათ 1.000-ლარიანი დახმარება. ამის გამეორებაც არ იქნებოდა ურიგო. საბერძნეთში 900-ევროიანი დახმარება ორჯერადად გაიცა მოქალაქეებზე. საბერძნეთი არაა მდიდარი ქვეყანა, ამ კომპენსაციის გაცემა მათთვის მძიმე ტვირთი იყო, მაგრამ იქაურმა ხელისუფლებამ საკუთარ თავს მოაკლო ეს ფული და ხალხს დაურიგა. ჩვენთან 5 მილიარდი ვალი აიღეს და კაცმა არ იცის, რაში ხარჯავენ ამ ფულს.
_ როგორ თუ რაში, ახალი ავეჯი აქვთ მთელ რიგ სამინისტროებს შესაძენი. საავტომობილო პარკიც გასაახლებელი იქნება.
_ ჩვენ გვძარცვავენ და ამ ნაძარცვის 1%-ს გვიბრუნებენ საარჩევნოდ კომპენსაციის სახით. ამაზე მადლობა არ უნდა ვთქვათ. ეს დახმარება ყველამ უნდა ავიღოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის მოპარული ფულია. ეს დახმარება უნდა ავიღოთ, მაგრამ ოქტომბერში „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უნდა გავასვენოთ. იმას უნდა მივაღწიოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ხალხის მიერ იყოს კონტროლირებადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ისევ ჩინოსნების ჯიბის ფულად გადაიქცევა.
თვე-ნახევრის წინ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა ევროპის მიერ ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების მხრივ. წარმოგიდგენიათ, რამხელა თანხაა გამოყოფილი ჩვენთვის და ადამიანებს არ მოხმარდათ? სულ ჩინოსნების ჯიბეებში წავიდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
_ სამაგიეროდ, მთავრობაში გვყავს მილიონერები.
_ 500 მილიონერი მაინც გვყავს ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წელიწადში მილიონერთა რაოდენობა 1/3-ით გაიზარდა. ასეთი რამე ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში წარმოუდგენელია.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ მომავალი პარლამენტი გაამკაცრებს კანონმდებლობას, რომელიც დაუსაბუთებელ ქონებას ეხება. ჩინოსნებმა ყველა თანხის წარმომავლობა უნდა დაასაბუთონ. ეს ადეკვატური პროცედურებია და არავის გაკულაკებას არ ვითხოვ. მილიონების შოვნა ჩინოსნებისთვის ჩვეულ ამბად გადაიქცა. იშენებენ ვილებს, წყლიან თუ უწყლო აუზებს. არავინ სთხოვს დასაბუთებას, საიდან მოაქვთ უცბად ამხელა ქონება? სერიოზულად არის შესაცვლელი ქონებრივი დეკლარაციების შევსების წესი. ჩინოსნების დიდი ნაწილი ქონებრივ დეკლარაციაში თავის ქონებას სრულად არ მიუთითებს. მერე როცა ამოუქექავენ, რომ ქონება დამალა, თავს იმართლებენ _ რა მოხდ,ა შემეშალაო.
_ ამ შეცდომების გამო ჩინოსნებს კანონი ფულადი ჯარიმის გადახდას აკისრებს.
_ რამდენია ეს ჯარიმა _ 1.000 ლარი? 1.000 ლარი მათთვის არაფერია. მილიონებს მალავენ და სიამოვნებით გადაიხდიან რამდენიმეათასიან ჯარიმას. ეს ჯარიმები უნდა გაუქმდეს და ქონების დამალვაზე უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საპატიმრო სასჯელიც არ იქნებოდა ასეთი ადამიანებისთვის ბევრი.
ამის გარდა ბიზნესმენებს უნდა აეკრაძალოთ პარლამენტში შესვლა. იმით იმართლებენ თავს, რომ დირექტორებად არ მუშაობენ საკუთარ კომპანიებში. ეს სატირალი რომ არ ყოფილყო, სასაცილო იქნებოდა. ოქრიაშვილს დირექტორი ერქმევა თუ დარაჯი, რა მნიშვნელობა აქვს, ისაა მთავარი თავის ბიზნესში. პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენებს ტენდერებში უნდა აეკრძალოთ მონაწილეობის მიღება. ბიზნესმენები რაც ნაკლებად ჩაერევიან პოლიტიკაში, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. მათი საზრუნავია საკუთარი კეთილდღეობა და არა სახელმწიფო. მათთვის რაღაც შემაფერხებელი მექანიზმები უნდა დაწესდეს. სასურველი იქნებოდა, რომ მათთვის საერთოდ აგვეკრძალა პარლამენტში შესვლა.
_ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და რანაირად უნდა ავუკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა? ამის უფლებას მათ ქართული კანონმდებლობა აძლევს.
_ არჩევნებში მონაწილეობას ვერ დავუშლით, მაგრამ, სულ მცირე, ტენდერებში მონაწილეობა მაინც უნდა ავუკრძალოთ. მაკრახიძის, ჩოჩელისა და ოქრიაშვილის მსგავს ფეოდალებს არ უნდა შევაჭმევინოთ ქვეყანა და მისი ბიუჯეტი. ისინი ხალხის გაღატაკების ხარჯზე გახდნენ მილიონერები.
ჩვენი სახელმწიფოსთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. მათთვის საგადასახადო შეღავათები უნდა დაწესდეს. შესაძლებელია გადასახადებისგან სრულად განთავისუფლებაც. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა მოგვარდეს.
_ მცირე და საშუალო ბიზნესი მოაგვარებს უმუშევრობის პრობლემას?
_ რა თქმა უნდა. იმის ნაცვლად, რომ საშუალო და მცირე ბიზნესს შეუწყონ ხელი, მათ ებრძვიან. ვიღებთ სულ უფრო გამსხვილებულ ბიზნესებს და მონოპოლიებს. ერთადერთი შემორჩენილი იყო ტრანსპორტი და ვაჭრობა, მაგრამ ამასაც ამსხვილებენ და კიდევ უამრავი ადამიანი დარჩება სამსახურისა და, შესაბამისად, სარჩო-საბადებლის გარეშე.
_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ისევ აქვს ცდუნება, ქვეყანას ერთპიროვნულად მართავდესო. მიხეილ სააკაშვილს გულისხმობთ? მან გასულ კვირას გააკეთა განცხადებები და ამას დიდი ამბები მოჰყვა. ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის კვლავ ერთპიროვნულად აპირებს ქვეყნის მართვას, თუ ამის შანსი მიეცემა.
_ მარტო სააკაშვილს არა, ასეთი სურვილი სხვებსაც აქვთ. ძალიან დიდი ცდუნების წინაშე დგებიან ხოლმე პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ეს ან წამოცდენა იყო, ან სარეკლამო ფრაზა და ის, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზე გახლდათ გათვლილი.
_ მესამე პრეზიდენტის ამ განცხადებებს ოპოზიციაში უკმაყოფილება მოჰყვა. ამის გამო განხეთქილებას ხომ არ უნდა ველოდოთ?
_ განხეთქილებაზე საუბარი არაა და ოპოზიციაში ისეთი არაფერი ხდება, რომ საქმე აქამდე მივიდეს. ერთი რამე აუცილებლად უნდა აღინიშნოს: ჩვენი ერთობიდან რაღაც არასასურველი მოლოდინები შეიქმნა.
_ რა არასასურველი მოლოდინები?
_ არასწორი მოლოდინი გაუჩნდა ხალხს.
_ არასწორ მოლოდინში რას გულისხმობთ?
_ ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ერთიანი საარჩევნო სიით ვმონაწილეობთ არჩევნებში. რეალობა ცოტა სხვაა. არჩევნებში მრავალი ოპოზიციური პარტია მონაწილეობს. ჩვენ ერთიანი ვიყავით იმ ბრძოლაში, რომელიც ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივას უქადის. დიდი და ერთობლივი ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ არჩევნები სრულად პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნოშნავს, რომ პარლამენტში ბევრი პარტია მოხვდება. მრავალპარტიული პარლამენტი კი საქართველოს წინსვლასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
ერთიან სიაზე და ერთ საარჩევნო ბლოკზე ჩვენ არასდროს გვისაუბრია და მიკვირს, თუ რატომ გაჩნდა ასეთი მოლოდინები? არც ის მესმის, თუ რატომ უკვირს ხალხს ის, რომ ჩვენ რიგ საკითხებს სხვადასხვანაირად ვუყურებთ?
_ ისეთი განსხვავებულები ხართ, არავინ ელოდებოდა, რომ ყველა საკითხზე ერთი პოზიცია გექნებოდათ. თუმცა იმას კი ვფიქრობდით, რომ 30 მაჟორიტარზე მაინც შეთანხმდებოდით.
_ თავიდან გვინდოდა, რომ 30 საარჩევნო ოლქში ერთიანი კანდიდატი გვყოლოდა. ეს არ გამოვიდა. მაჟორიტარებთან დაკავშირებით რომ ვერ შევთანხმდით, არც ეს არის ტრაგედია.
_ ტრაგედია არაა, მაგრამ ხალხს გაურკვევლობაში აგდებს.
_ რატომ აგდებს ხალხს გაურკვევლობაში? ეს ერთგვარი კონკურენციის ნაწილია. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ყველა ოპოზიციურ პარტიას ეყოლება საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი. პირველ ტურში ეს ნორმალური იქნება. მეორე ტურში მთელი ოპოზიცია ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი არაა, რომ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები ჰყავდეს. ყველაფერი მეორე ტურში გადაწყდება.
_ ხელისუფლება პირველივე ტურში აპირებს გამარჯვებას.
_ ისინი ძველი საარჩევნო სისტემის დატოვებასაც აპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. არც პირველ ტურში გამოუვათ სასურველი შედეგის გაფორმება. იქნება მეორე ტური, სადაც ოპოზიცია გაიმარჯვებს. როცა ერთიან კანდიდატებზე დავიწყეთ საუბარი, ამომრჩეველს არასწორი მოლოდინები გავუჩინეთ. ეტყობა, სათანადოდ ვერ ავხსენით, რა იყო ჩვენი ჩანაფიქრი.
ვისაც ჩვენ გამო იმედები გაუცრუვდა, ვეტყვი, რომ აზრთა სხვადასხვაობა განხეთქილებას არ ნიშნავს. არც ისაა ტრაგედია, რომ ერთიანი კანდიდატები არ გვყავს. მთავარია, რომ ურთიერთთავდაუსხმელობის შეთანხმება გვქონდეს. წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთს არ უნდა დავესხათ თავს. სხვა შემთხვევაში ყველამ უნდა იბრძოლოს საკუთარი ხმებისთვის. ხელისუფლების დამარცხება არანაირი პრობლემა არაა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, მაჟორიტარობის კანდიდატების წარსულსა და აწმყოზეც.
_ ამ ურთიერთთავდაუსხმელობასაც რომ ვერ იცავთ?
_ მე ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს ვესხმით თავს.
_ აბა, ეს რა არის?
_ კრიტიკა ნორმალური მოვლენაა. მიხარია, რომ ყველას სხვადასხვა აზრი აქვს და ისიც კარგია, როცა ოპოზიციას ერთიანი ბლოკი არ შეუქმნია. წითელ ხაზებს არ ვკვეთთ. ოპოზიცია ერთმანეთის მიმართ ასეთი კორექტული არასდროს ყოფილა და ამაზე მეტს ვერაფერს ვიზამთ.
_ წინ სამი თვეა, მოახლოვდეს არჩევნები და ვნახავთ, როგორი ურთიერთკორექტულები იქნებით.
_ გამორიცხული არაფერია. შეიძლება, ძალიან მწვავედ გავაკრიტიკოთ ერთმანეთი. პირადად მე ვერც ამაში ვხედავ ტრაგედიას. მთავარია, იმაზე მეტად არ დავუპირისპრდეთ ერთმანეთს, ვიდრე ხელისუფლებას დავუპირისპირდებით. სხვა მხრივ, თუ კრიტიკა ჯანსაღია, ის არათუ მისაღები, აუცილებელიც კი არის. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია.
_ კონკურენცია კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ ერთიან კანდიდატებზე ვერ შეთანხმდით.
_ მერე რა? ჩემი აზრით, არასწორი იყო ერთიან კანდიდატებზე საუბარი. კონკურენცია სჯობს. რაც მეტი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას, მით მეტ ხმებს დავაკარგვინებთ ხელისუფლებას. ერთ ბლოკად გადაქცევა გეგმაშიც არ გვქონია, ამიტომ ნურავის გაუცრუვდება იმედი.
_ როგორც ვატყობ, ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი.
_ უფრო რეალისტურად. ყველაფერი ახლა ამომრჩევლის ხელშია. ასარჩევი კანდიდატები და პარტიები არის. ჩვენი ძალა მრავალფეროვნებაშია და გვაქვს შანსი, რომ მართლაც მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ.

შორენა მარსაგიშვილი