საზღვრები და პუტინი
დღეს, პოსტკარანტინულ ეპოქაში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია საზღვრების გახსნა. ამ თემაზე პოლიტიკურ ჭრილში გადასული ცხარე დისკუსიებია, რაც გასაკვირი არაა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საქართველოში ყველაფერი და ყოველთვის პოლიტიზებულია, მეორეც _ მალე საპარლამენტო არჩევნებია.
ამ თემის შესახებ აზრები გაიყო, რაც ასევე გასაგებია _ ერთ მხარეზეა ეპიდემიის განმეორებითი ტალღის რისკი, მეორეზე კი _ კომაში ჩავარდნილი ტურისტული სექტორი. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის გახსნა დაუშვებელია _ ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ ახალი დაინფიცირების შემთხვევების დიდი ნაწილი უცხოელებზე, კერძოდ კი, ტრაილერების მძღოლებზე მოდის.
ამ ვითარებაში საზღვრების გახსნის პირობებში დაავადებულთა რაოდენობის ზრდა თითქმის გარდაუვალია და ეს რეალური საფრთხეა.
თუმცა, მეორე მხრივ, ბოლო წლებში ტურისტულ ინდუსტრიაში კოლოსალური თანხა ჩაიდო და დღეს მთელი ეს ინვესტიციები ზარალზე გადის, ასობით ათასი ადამიანი კი შემოსავლის გარეშე დარჩა.
ეს ასევე დანარჩენ მოქალაქეებზე ირიბად მოქმედებს _ ტურისტულმა ინდუსტრიამ, თავისი მოცულობისა და გავლენის გამო, ბუნებრივად დომინოს პრინციპი აამოქმედა _ ამ დარგში დასაქმებულმა ასობით ათასმა ადამიანმა ხარჯები შეამცირა, სხვადასხვა საქონელს ნაკლებად ყიდულობს, ბინების საყიდლად იპოთეკურ სესხებს აღარ იღებს და ა. შ.
ფაქტია, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება საზღვრების გახსნა.
ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დღევანდელ ჩაკეტილობასაც არჩევნებს აბრალებენ, თუმცა ვერავინ ხსნის _ ხელისუფლებას პრინციპული არჩევნების წინ საკუთარი მოქალაქეების შიმშილით დახოცვა რისთვის უნდა აწყობდეს? ამის სასარგებლოდ მხოლოდ ერთი არგუმენტი არსებობს _ რადიკალური ანტიქოცების ურყევი რწმენა, რომ ბიძინა თავად ბოროტების განსახიერებაა და კრემლის დავალებით ქვეყნის საბოლოო დანგრევას აპირებს.
ამ თემაზე შეიძლებოდა თუნდაც თეორიული დებატები, ეს საერთაშორისო პრობლემა რომ არ იყოს. საყოველთაო დახურვა და თვითიზოლაცია „ქართული ოცნების“ გამოგონილი ფენომენი ნამდვილად არაა, ის მხოლოდ ზედმეტად ბეჯითად აკეთებს იმას, რასაც _ მთელი მსოფლიო.
რა თქმა უნდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ისევე როგორც საქართველოს, მთელ მსოფლიოს ბოროტების სიმბოლოები მართავენ და მათი მიზანიც საკუთარი ქვეყნების დანგრევაა; რომ მთელი მსოფლიო პოლიტიკური ელიტა პუტინზე მუშაობს, მათ შორის, თავად პუტინიც, რომელმაც თავისი ქვეყანა საქართველოზე ყრუდ ჩაკეტა და იქ მოსახლეობის მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა.
მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: საკითხი _ გავხსნათ თუ არა საზღვრები? _ დღეს მთელ მსოფლიოში ისეთივე აქტუალურია როგორც _ საქართველოში. და ეს სულაც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ მმართველობის ლეგიტიმურობის აღიარებას, უბრალოდ, ეს ფაქტია და მეტი არაფერი.
ამ თემაზე მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ზოგიერთი ქვეყანა იხსნება, ზოგიერთი _ არა, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. ეს ინდივიდუალური არჩევანია, რომელსაც ყველა ქვეყანა თავად აკეთებს და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში აქ არაფერ შუაშია.
მაგალითად, საბერძნეთი მთლიანად გაიხსნა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ბერძნული კურორტები ტურისტებით გაივსო მაშინ, როდესაც ვენეცია, რომი, ნიცა და ბარსელონა ჯერაც ცარიელია. ალბათ, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მთავრობები საკუთარი ქვეყნების დაქცევაზე ოცნებობენ.
ამ კამათში ყველას ავიწყდება ერთი, ყველაზე მთავარი საკითხი: ძირითადად საუბარია ევროპის ქვეყნებთან საზღვრების გახსნაზე, მაგრამ, რატომღაც, ყველას ავიწყდება, რომ ევროპა საქართველოსთვის მთავარი ტურისტული მიმართულება არასდროს ყოფილა.
ის ყოველთვის იყო სასურველი და პერსპექტიული, ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად მზარდი, თუმცა, მაინც მეორეხარისხოვანი პარტნიორი. ჩვენთან ბევრი ევროპელი ტურისტი არასდროს ჩამოდიოდა და ამას საქართველოს, როგორც კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნის, იმიჯი ვერ შეცვლის _ ადამიანები უცხო ქვეყნებში მხოლოდ მათი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გამო არ ჩადიან.
საბერძნეთშიც კი, რომელიც ევროპული ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, საზღვრების გახსნის მიუხედავად, ვიზიტორების სიმცირეს უჩივიან. ხვალ თბილისმა რომც გახსნაც საზღვარი ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და ავიაფრენების ძველი ინტენსიურობა აღადგინოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ქართული ტურისტული ინდუსტრია გადაარჩინოს.
აი, ჩვენს ძირითად ტურისტულ პარტნიორებზე კი საზოგადოებაში არავითარი დისკუსია არ მიმდინარეობს _ ამ საკითხში სრული კონსენსუსი სუფევს და მათთან საზღვრის გახსნას არავინ მოითხოვს.
აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ირანი _ სწორედ ესაა საქართველოში უცხოელი ტურისტების მთავარი წყარო და არა ესპანეთი ან საფრანგეთი.
სამწუხაროდ, ყველა ამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია ჩვეული ძალით ბობოქრობს და იქ ეპიდემიას ბოლო არ უჩანს. შესაბამისად, არც ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას ეშველება რამე მანამ, სანამ სიტუაცია ამ ქვეყნებში არ დასტაბილურდება.
საქართველო, როგორც ყოველთვის, გამრუდებულ სამყაროში ცხოვრობს _ მთელი ქვეყანა ევროპის გახსნას ითხოვს მაშინ, როდესაც ამას თითქმის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია.
პარალელურად, აღშფოთებას ისიც იწვევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება თითქმის აკრძალული აქვთ. ამას არჩევნებს უკავშირებენ და ისევ გაუგებარია, რატომ? და რა შუაშია ქვეყნის მოქალაქეების ჩაკეტვა არჩევნებთან?
რა თქმა უნდა, ხელისუფლების არც ერთი მაღალჩინოსანი ამას ღიად არასდროს აღიარებს, მაგრამ ამ მიდგომის საიდუმლოს ამოცნობაც ძნელი საქმე არაა _ ქართველები უცხოურ კურორტებზე ყოველწლიურად 300 მლნ. დოლარს ხარჯავენ.
დღეს დოლარები დეფიციტურია _ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ლარის კურსი კბილებით უჭირავს. და ამას ისინი გაცილებით უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევენ, ვიდრე ქართული ბურჟუაზიის დასვენებას გაიაფებულ ბერძნულ კურორტებზე.
თანაც შიდა ტურიზმსაც დახმარება სჭირდება _ ვინც უცხოეთში ვერ წავა, იძულებული იქნება, საქართველოში დაისვენოს.
ამას შეიძლება დავეთანხმოთ, შეიძლება _ არა, მაგრამ თავისი კრიზისული ლოგიკა ამ ქმედებებში ცალსახად არსებობს.
და პუტინი აქ ნამდვილად არაფერ შუაშია.
თენგიზ აბლოთია