რატომ დამღალა სამშობლომ?..
ერთხელ, წლების წინათ, ერთმა ქართველმა არტისტმა ინტერვიუში ერთობ არტისტულად მითხრა, რომ სამშობლომ დაღალა. და იმ არტისტულ ნათქვამში იდო ის დიდი სიმართლე, რომელსაც მაშინ, მინდა გითხრათ, ბოლომდე ვერც ჩავწვდი.
ახლა კი თავად ვამბობ იგივეს, რომ დამღალა სამშობლომ. უფრო სწორად, სამშობლოს ბედუკუღმართობამ და მასში მცხოვრებთა უსულგულობამ თუ კოლაბორაციონიზმა თუ სიბნელემ და ფუქსავატობამ.
ყველა ის ავყია და ენაამოსაგლეჯი ბებერი კაი ხანია, იმქვეყნადააა, რომელიც ჩემს თაობას თავზე ყვავივით დაგვჩხაოდა. რომ ჩვენ ომი არ გვენახა. არადა, თავად არ ენახათ ომი. ომი კავკასიონს გადაღმა, სწორედაც რომ მტრის მიწაზე მიდიოდა, ისინი კი აქ კოლექტივის ბაღ-ბოსტნების კვლებში გორაობასა და ომში გარეკილი მათი თანატოლების _ ძმების, ბიძაშვილების, მეზობლების მოლოდინს ეძახდნენ ომს და ომის „ნახვას“. ჩვენ კი მართლა ომი ვნახეთ, თან აქვე, ცხვირწინ და არაერთხელ. ომებამდე კი 9 აპრილის ტრაგედია იყო, ორლესული ნიჩბებით აჩეხილი ქართველი გოგო-ბიჭები. არადა, სულ 12 წლის ვიყავი, დღესაც მახსოვს, როგორ გავიგეთ თბილისში დატრიალებული ტრაგედია სხვა კონტინენტიდან, „ამერიკის ხმის“ მეშვეობით.
მერე იყო კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში. ეროვნული ხელისუფლების მიერ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და იმ ავტონომიური ოლქის გაუქმება, რომელიც რუსებმა „საჩუქრად“ შეუქმნეს მათ თანამზრახველ ოს კომუნისტებს. სისხლისღვრა, კონფლქიტი და ამ კონფლიქტის ჩაქრობა. სეპარატისტ ტორეზ კულუმბეგოვის ციხეში გამომწყვდევა, იმ ტორეზ კულუმბეგოვის, რომელიც მერე ქართველმა კოლაბორაციონისტებმა ზუსტად ისე გამოუშვეს ციხიდან „პოლიტპატიმრის“ სტატუსით, როგორც ბიძინას მოსვლის მერე ნანა კაკაბაძემ და ეკა ბესელიამ, და რა თქმა უნდა, თავად ბიძინა ივანიშვილმა და მთელმა „ოცნებამ“ _ არაერთი ყაჩაღი, თითლიბაზი, ჯაშუში და პედოფილი. რა იყო ეს, _ ზვიად გამსახურდიას ჯიბრზე საქართველოს მტრის გამოშვება თუ იმთავითვე მიცემული პირობა რუსებისთვის, ისეთივე პირობა, როგორიც იყო ცხინვალის რეგიონის სეპარატისტებისთვის და მაშასადამე, რუსეთისთვის ჩაბარება? ცხადია, ეს იყო ის, რასაც პილპილად ეყარა ზიზღი ზვიად გამსახურდიას მიმართ. ყველა ზნეობრივად და ხორციელად გახრწნილ ქალს თუ კაცს რომ უპირველესად პატიოსანი ადამიანები სძულს და ყველა მტრის ფალოსზე ამხედრებულ კოლაბორაციონისტს რომ პატრიოტები, სწორედ ის ამბავი იყო ქართულ „ინწელიგენციასა“ და ზვიად გამსახურდიას შორის.
კულუმბეგოვის გამოშვებამდე კი ის სამარცხვინო სისხლისღვრა ვიხილეთ, რომელსაც დღეს ბევრი სამოქალაქო ომად გვტენის. არადა, არანაირი სამოქალაქო ომი არ ყოფილა, ეს იყო არჩევნების გზით ხელისუფლებიდან მოსრიალებული პარტიული ნომენკლატურის შურისძიება ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და დაბრუნდნენ კიდეც „უმუშევრად დარჩენილი“ შევარდნაძის თამადობით. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით, იარაღითა და რუსული ჯარის დახმარებით დამხობა, თანაც არჩევნებიდან სულ რამდენიმე თვეში, ვერანაირად ჩაითვლება სამოქალაქო ომად მარტო იმიტომ, რომ მტრული სახელმწიფოს მეხუთე კოლონა ყელყელაობდა, დაკარგულ პრივილეგიებს მისტიროდა პარტიული ნომენკლატურა, დემოკრატიას „იცავდნენ“ იმ ტელევიზიის ურცხვად აღვირახსნილი თანამშრომლები, რომლებსაც მთელი თავისი ცხოვრება ლაჯები ჰქონდათ მიშვერილი ცეკა-ტეკისთვის, კრემლისთვის! სამოქალაქო ომად ვერ ჩაითვლება მარტო იმიტომ, რომ რუსეთისგან და მათი აგენტურისგან წაქეზებულმა ერთმა მუჭა ახალგაზრდობამ იარაღი აიღო და კინოებში ნანახი ომი თბილისის ქუჩებში გადმოიტანა.
ამ ყველაფერს მოვესწარით, კიტოვანის „დახატულ“ რუსთაველს ვუყურებდი მთელი ახალგაზრდობა, ვიდრე ეს ფრთამალი კუბო არ დადგეს მხატვრის სახლის ადგილას.
კანონიერი ხელისუფლების დამხობას მოჰყვა სამეგრელოს აოხრება. მონღოლებს არ უკადრებიათ ის, რაც პირსისხლიანმა „მხედრიონმა“ და სხვა ფორმირებებმა იკადრეს საკუთარ მიწაზე. ეს დღეს გამოდის დოდო გუგეშაშვილი პომადაგადადღლეზილი და დიდის ამბით გვიყვება „ჰეროიკულ ამბებს“. ისე, მაშინაც პომადა ესვა, როცა დარჩელის გადაბუგვის ბრძანებას გასცემდა. დარჩელის გადაბუგვა ერთი ეპიზოდი იყო იმ საშინელების, იმ უბედურების, რომელიც სამეგრელოში ტრიალებდა.
აღარაფერს ვამბობთ აფხაზეთის ომზე, სოხუმის დაცემაზე, აფხაზეთის დაკარგვასა თუ მტრისთვის ჩაბარებაზე, რომელიც, ალბათ, გაცვლილი იყო ძალაუფლებაში…
და მერე რა იყო? ყოვლად უმსგავსი პროცესები აქ, თბილისში, როდესაც თავის სახლკარიდან ძალით გამოყრილი ხალხი აქ, თბილისში დღის წესრიგს ურღვევდა ვიღაცას, „უნგრევდა“ იმ თბილისს, რომელიც, თურმე, ნუ იტყვით და იყო „ურთიერთობა“. დღეს ყველამ დაივიწყა, რა სამარცხვინოები იყვნენ მაშინ, როცა ცხვირს უბზუებდნენ სოხუმიდან, მთლიანად აფხაზეთიდან დევნილ თანამემამულეებს. ეს ვითომ სტუმართმოყვარე თბილისი რეალურად რანაირი სტუმართმოყვარეც იყო, გამოჩნდა. ისე, ერთიცაა, თბილისს სტუმრები უყვარს _ გადამთიელი, უცხო ჯიშის და ჯილაგის და სულაც არ უყვარს ისინი, ვინც ისეთივე პატრონია თბილისის, როგორც _ თავად.
და რა დაუჯდა ეს ყველაფერი ჩემს თაობას? სრულ სიბნელედ, ანარქიად, სისხლისღვრად, მძვინვარე ნარკომანიად, ურთიერთცხრილვად, უშუქობად, უგაზობად, შიმშილად, პურის რიგებად, გაყინულ აუდიტორიებად და საკლასო ოთახებად, უხელფასობად, კორუფციის ჭაობად, ყველა ფეხის ნაბიჯზე ქრთამად, უპერსპექტივობად.
და რას აკეთებდა ჩემი სამშობლოს ხალხი? ხან იმას ელოდა, რომ ედუარდ შევარდნაძე საქართველოს ააყვავებდა, რაკიღა სახელი ჰქონდა დიდი. დაიმახსოვრეთ, იგივე ხალხი წლების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისგან დაელოდება იგივეს, რაკიღა ივანიშვილს ფული აქვს დიდი. ამ შემთხვევაშიც „დიდი“ ფიგურირებს. როგორც ჩანს, ამ ხალხის ეროტიკულ ფანტაზიებში „დიდია“ მთავარი და მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება დიდი _ სახელი, ფული თუ სხვა რამ.
ელოდნენ შევარდნაძისგან აყვავებას, გზადაგზა უჩოქებდნენ, დარჩენას ევედრებოდნენ, გზადაგზა ირჩევდნენ, ზუსტად 13 წელი ელოდნენ მისგან აყვავებას და მხოლოდ შემდეგღა ჩაიქნიეს ხელი მასზე. უფრო სწორად, მათ კი არა, დასავლეთმა ჩაიქნია ხელი მასზე. უფრო სწორად, დასავლეთმა მას შემდეგ, რაც პოზიციები განიმტკიცა, აღარ მოისურვა მუდმივად დასავლეთსა და რუსეთს შორის მოთამაშ-მობალანსე შევარდნაძე საქართველოს ხელისუფლების სათავეში. დასავლეთის ამ განწყობასა და ადგილზე შევარდნაძის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს აჰყვა მაშინ ბევრი, გაერივნენ მარაქაში და ამ გზით აღმოჩნდნენ ისტორიის სწორ მხარეს, თორემ რომ არა ის პროცესები, ისევ იქ დარჩებოდნენ, სადაცა იდგნენ და ერთი-ორჯერ კიდევაც მოასწრებდნენ ჩაჩოქებას მის წინაშე. კუბოს კარამდე მისი იმედი ექნებოდათ, სიკვდილამდე პროგრესულ ძალებს რომ არ წაერთმიათ მისი თავი.
ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორებით დასრულდა დასავლეთსა და რუსეთს შორის „ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეს“ ცეკვა. ქვეყანამ ერთმნიშვნელოვნად დასავლეთისკენ იბრუნა პირი და ეს დაგვიჯდა სწორედ ძვირად 2008 წელს.
დაგვიჯდა გმირების სიცოცხლედ, წართმეულ სოფლებად, დაბომბილ ქალაქებად, დევნილების ახალ ნაკადად. თუ აქამდე რუსეთი კულისებიდან იბრძოდა და სცენაზე მხოლოდ აფსუა და ოსი სეპარატისტები იდგნენ, ახლა ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი, იძულებული გახდნენ, თავად გამოვარდნილიყვნენ სცენაზე ავიაციით. ეს ყველაფერი გადავიტანეთ ყველამ. გადავიტანე მეც, როცა ვრეკავდი სახლში გორში, ვერ გადიოდა ზარი გადატვირთული ხაზების გამო და არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ არა გორში ჩარჩენილი დედა და იდგა თუ არა ჩემი სახლი; როცა თბილისში ვცხოვრობდი კორპუსში, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, ანუ მტრისთვის საინტერესო ერთ-ერთი ობიექტის გვერდით იდგა; სახლი, საიდანაც „სუმკებით“ ჩუმად გაიპარა თითქმის მთელი სამეზობლო; როცა თბილისისკენ იწევდა მტერი და დღეს, აი, იმ ომიდან ზუსტად 12 წლის თავზე, ზუსტად, აი, ის, თავად „სუმკებით“ გაპარული ხალხი, დგას და აშეარებს სიას, თუ როგორ გარბოდა მაშინ მთავრობა თბილისიდან. მარტო ბოტები, ტროლები ან ხელქავია „ქოცები“ რომ ამას აშეარებდნენ და ამას იმეორებდნენ, რა უჭირდა, მაგრამ ამას გაიძახის ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქვეყნისთავლაფდასხმის მინისტრი უფროა.
თურმე, მთავრობა გარბოდა მაშინ. უკაცრავად და აბა, მე რომელ მთავრობის სხდომებს ვუყურებდი იმ ომის დღეებში? კარგი, ისინი გარბოდნენ და ირაკლი ღარიბაშვილი საიდან უტევდა ცხინვალს? რომელი მხრიდან? ან ყველა ის დიდი „ქოცი“, რომელიც ლუბიანკაზე შემუშავებულ ამ ნარატივს იმეორებს წლებია, იმეორებენ ისე, რომ ხრტილიც არ უცვდებათ ყბებში.
იმეორებენ ისე, რომ ამ სიბინძურის გავრცელებისას არც განსვენებულს ინდობენ და ახსენებენ ნიკა რურუას. თითქოსდა მას რუსების შეშინებოდეს და გაქცეულიყოს საქართველოდან.
გაქცევის ბრალდება არაფერია იმ უსირცხვილო, აღვირახსნილ ბრალდებასთან, რასაც საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულება წარმოადგენს. საქართველოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში ივანიშვილი და ადანაშაულებდა ქალბატონი, რომელსაც პრეზიდენტობა ლობიოს შუა ღამით ჭამა ჰგონია. ადანაშაულებდა რა? _ დღესაც ადანაშაულებს. სხვა რას იზამს პუტინის დაქალოჩკა დანკოსის მიერ პრეზიდენტის სკამზე დაკოსებული პოლიტიკური ტიკინა?
ყველაფერი მარტივზე მარტივია და ცხადზე ცხადია, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაიწყებს საკუთარ მიწაზე ომს. მან შეიძლება დაიწყოს წესრიგის აღდგენა. თუ ამბობ, რომ ომი დაიწყო, უკვე ღიად აცხადებ, რომ ის მიწა, სადაც ეს მოქმედებები დაიწყო, უკვე სხვა სახელმწიფოსია! და თუ ის მიწა სხვა სახელმწიფოა, მისი მცხოვრებნი რანაირადღა არიან შენი მოქალაქეები, თუ შენ ლუბიანკიდან არ გაქვს მიღებული დავალება, რომ თავგზა აურიო ხალხსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც? აღარაფერს ვამბობთ იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ რუსეთმა დაიწყო ომი და საქართველომ დაიცვა თავი.
მაგრამ ერთია: ქვეყანა, რომელიც მთავარსარდლად გაიხდის იმას, ვინც მას საკუთარ მიწაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, მოკლებულია ღირსების გრძნობას და ყველაფრის ღირსია, შესაბამისად.
სწორედ ღირსების არქონა აქცევს ყველა ტრაგედიას დროში გაწელილ ფარსად.
ისიც ვთქვათ, რამაც ყველა დაგვღალა და ხმას ვერ ვიღებთ. მთელი ცხოვრება გახმაურებული მკვლელობების ქრონიკაში ვცხოვრობთ. ქრონიკაში, საიდანაც ბევრი გვარი, რატომღაც, უცებ ორთქლდება და რჩება რამდენიმე, რომელიც გვესმის ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი, ოთხი წელი, გვესმის ისტერიულად, ეკრანებიდან, მიტინგებიდან, ბარიკადებიდან, ყველა მხრიდან. რატომ? ხშირად მარტო იმიტომ, რომ ასე სურთ იქ, ლუბიანკაზე და ასე სურთ აქ ვიღაცებს ვიღაცის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასე გვესმის წლებია, რამდენიმე გვარი, არ ვასახელებ შეგნებულად, იმიტომ რომ განსვენებულთა ბრალი არაა, მათ მკვლელობას რომ მავანი იყენებს თავისი პოლიტიკური თუ მერკანტილური მიზნებისთვის. მაგრამ დამიჯერეთ, რაღაც ნამდვილად დამპალია იმ სახელმწიფოში, სადაც წლების წინათ სპეცოპერაციისას მოკლულ პირზე ასჯერ მეტს და დიდხანს ლაპარაკობენ, ვიდრე ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზე. რაღაც ნამდვილად დამპალია იმ საზოგადოების ცნობიერებაში, რომელსაც 15 წლის წინათ მოკლული ახალგაზრდის ბედი დღესაც „აღელვებს“ და ამ წუთას მოკლულ „შაქარას“ საქმეზე მორჩილად შესციცინებს გამოძიებას და ელოდება, რას ვერ გაიგებ, როგორ გამოიძიებენ რამეს თუ როგორ „გააპრავებენ“ ჩარბენისას ფეხის დაცურებით არაგვში ვარდნას.
დიახ, დამღალა სამშობლომ, სადაც ნამუსს იმით აძინებენ, რომ გარდაცვლილი გოგოს მშობლებს აშავებენ! დამღალა სამშობლომ, სადაც მკვდრებშიც ფავორიტები ჰყავთ! სადაც არასოდეს არაა აქცენტი იმაზე, რაზედაც უნდა იყოს! ასე, მაგალითად, ერთი პოლიტიკოსის ვაჟი მეორე პოლიტიკოსის შვილიშვილს დაჭრის და ტელევიზიები ისეთი აპლომბით აცხადებენ, გეგონება, ერთი ოსმანთა ძლევამოსილი დინასტიის დიდებული წარმომადგენელ სულეიმანის ვაჟი _ შეხზადე მუსტაფა იყოს და მის მიერ დაჭრილი კი ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი. ისე მისდევენ თანატოლის დაჭრაში ბრალდებულს, გეგონება, დარუბანდის კარი ჩამოეხსნას, ჩამოეტანოს, ეს-ესაა დაედოს და მიდიოდეს!
დამღალა სამშობლომ, უფრო სწორად, მისმა ხალხმა, რომელსაც შურისძიება ამოქმედებს! უფრო სწორად, შურისძიება ერთ მუჭა ხალხს ამოქმედებს, დანარჩენი ასდევენ _ თუ გამორჩენით, თუ მუქთად, ვითარცა იდიოტნი სასარგებლონი. 1991-92 წლებში პარტიულმა ნომენკლატურამ განახორციელა შურისძიება და დაამხო ხელისუფლება. „ვარდების რევოლუციით“ ისტორიის სანაგვეზე მოსროლილებმა კი მხოლოდ 9 წლის თავზე მოახერხეს რევანში და ამ რევანშის შედეგებს ვიმკით დღესაც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში სულ რაღაც ჰგონიათ, უშვებენ შეცდომას, აკეთებენ მუდამ არასწორ არჩევანს, მერე ვითომ ხვდებიან, მაგრამ უარესს სჩადიან და ამასობაში გადის ცხოვრება… გადის უსიხარულოდ. ამერიკელებს კონსტიტუციაში უწერიათ, რომ მათ უფლება აქვთ ბედნიერების. ჩვენ რომც ჩავწეროთ, მაინც არ მივცემთ თავს ამის უფლებას.
რეზო შატაკიშვილი