თეონა ჭალიძე: „ოცნებას“ გაღარიბებული, დაბეჩავებული და დაჩაჩანაკებული ადამიანები აწყობს!“



საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შევდივართ.
ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნავს, თუმცა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, თეონა ჭალიძე, რომელიც წლებია, სოციალურ თემატიკაზე მუშაობს, ამბობს, რომ „ოცნების“ დახმარებები მოჩვენებითია.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს თეონა ჭალიძესთან:

_ თეონა, უკვე ხელისუფლებაც აღიარებს, რომ წინ დიდი ეკონომიკური კრიზისი გველის. ამ ფონზე, კონკრეტული მაგალითებით მომიყევი, უმუშევრობის გარდა ხალხის ძირითადი და მთავარი პრობლემა რა არის?
_ ხალხს, უბრალო მოკვდავებს, პრობლემებს რა დაულევს, მით უმეტეს, საქართველოში. ადამიანები შიმშილობენ. პრობლემაა პროდუქტზე გაზრდილი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთით გაცემული საბანკო სესხები, ბიუროკრატია.
ყველაფერ ამას ხალხი მხოლოდ ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურადაც ვეღარ უძლებს… საშინელი უიმედობა და ნიჰილიზმია.
რამდენიმე დღის წინ, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ერთ ოჯახში ვიყავით, სადაც სამი ბავშვი ობლად დარჩა _ ბავშვების მამას გულმა უმტყუნა, რადგან ვეღარ გაუძლო უმუშევრობას, ბანკის სესხის გადახდაზე ნერვიულობას და იმას, რომ ბავშვისთვის საჭმელს ვერ ყიდულობდა. სხვათა შორის, ეს ადამიანი სამსახურს პოლიტიკური ნიშნით ვერ შოულობდა. რა უნდა ქნას ახლა სამი შვილის მარტოხელა დედამ, რომელსაც 11 თვის ბავშვისთვის რძის („ნუტრილონის“) საყიდელი ფული არ აქვს და ბრინჯის ნახარშს აჭმევს? თქვენი გაზეთის მკითხველი, იქნებ, დაეხმაროს ამ დედას (557 77-94-79, თათა).
დევნილ ოჯახშიც ვიყავი, სადაც ოთხი სული თორმეტ კვადრატულ ავტოფარეხში ცხოვრობს. ეს ავტოფარეხი დევნილთა სამინისტრომ შეუძინა და ასე დააკმაყოფილა, თან ამ ავტოფარეხის თანხა სრულადაც ვერ გადაიხადეს და აი, იქ, გაუსაძლის პირობებში სიმსივნით დაავადებული ქალი ცხოვრობს და წამლის ფული არ გააჩნია. იქნებ, ცოტა ამ ქალსაც დაეხმაროს ვინმე თქვენი გაზეთის მეშვეობით _ GE97BG0000000100564687 (თეა შანიძე, ტელ.: 511 12-71-93).
გული დაგეწვება, ამ ოჯახებს საკუთარი თვალით რომ ნახავთ. წაკითხვა და მოყოლაც კი რთულია. დღე არ გადის, რომ რამდენიმე ადამიანმა არ მომმართოს ხვეწნა-მუდარითა და ტირილით, რომ საჭმელი არ აქვს.
_ გაერო-მ, ჯერ კიდევ, პანდემიის პირველ ეტაპზე განაცხადა, რომ მსოფლიოს ბიბლიური შიმშილი დაემუქრებოდა, ანუ ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი განვითარებად ქვეყნებშიც იგრძნობა და გასაკვირი არაა, რომ ამ მხრივ ჩვენთანაც ცუდი ვითარებაა, მაგრამ შენი დაკვირვებითა და შეფასებით, „ოცნებას“ შეეძლო თუ არა, რომ მოსახლეობისთვის ეს გაჭირვება შეემსუბუქებინა ან საამისოდ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა?
_ დიახ, „ოცნებას“ შეეძლო, რომ ეს გაჭირვება მოსახლეობისთვის შეემსუბუქებინა.
_ როგორ?
_ ქამრები უნდა შემოეჭირა, ასევე შეზღუდვები დროულად მოეხსნა. ახლაც გაჩერებულია ისეთი ბიზნესი, რამაც დასაქმებული ადამიანები უმუშევრად დატოვა, საზღვრები ისევ ჩაკეტილია, რაც ხალხს ყოველდღე კიდევ უფრო აღარიბებს.
ის დახმარებები თუ კომპენსაციები, რაც პირველ ეტაპზე გამოაცხადეს, იმიტირებული იყო და თვითდასაქმებულების უდიდესმა ნაწილმა ვერ მიიღო. მთავრობამ ძალიან კარგად იცოდა, თვითდასაქმებულების უმრავლესობა ვერ დაადასტურებდა, რომ ნამდვილად მუშაობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ ის ადამიანები არ გაითვალისწინა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის გამო.
რა დააშავეს ძიძებმა, ოჯახში დამხმარეებმა, მიმტანებმა, მზარეულებმა, ხელოსნებმა და სხვა თვითდასაქმებულებმა? ან რომელი ბიზნესი გასცემდა ცნობას არაოფიციალურად დასაქმებულ პირზე, _ ვამუშავებ ადამიანს, ძვირფასო მთავრობავ, არ მყავს გაფორმებული, ამით კანონს ვარღვევ და გადასახადებს გიმალავ, მაგრამ ახლა კარგი ტიპი ვარ, ამას ვაღიარებ და ვადასტურებ, რომ არაკანონიერად ვიქცეოდიო? ეს ხომ ძალიან სასაცილოა, პირიქით რომ არ იყოს!
ზოგმა დამსაქმებელმა, ცნობა რომ მოსთხოვეს, განაცხადა, საერთოდ დაგატოვებინებთ სამსახურს, რა ცნობას მთხოვთო! ასე რომ, ეს მხოლოდ ნაწილია იმ უსამართლობისა, რაც ხდებოდა და ხდება!
_ ოპონენტები აუცილებლად გეტყვიან, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და ამის დასტურად თუნდაც იმას მოგიტანენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური გადასახადები მოქალაქეებს კიდევ სამი თვით დაუფინანსდებათ. ასევე 17 წლამდე ასაკის ბავშვები 200-ლარიან დახმარებასაც მიიღებენ. მოკლედ, ყველაფერი ეს „ოცნების“ პიარკამპანიას ემსახურება თუ ხელისუფლება რეალურად იმას აკეთებს, რაც შეუძლია?
_ რამდენიმე სიტყვა კომუნალური გადასახადების შეღავათზე ვთქვათ.
_ კი ბატონო.
_ ეს შეღავათი უსამართლოდ განაწილდა და, როგორც ჩანს, ახლაც ასე აპირებენ. მაგალითად, ოჯახებს, რომლებსაც ბუნებრივი აირი საერთოდ არ აქვთ, ან თვეებისა თუ წლების განმავლობაში, დავალიანების გამო, ჩაუჭრეს, ცალსახად, ელექტროენერგიას მეტს მოიხმარენ, ვიდრე ის ოჯახები, რომლებსაც ბუნებრივი აირიც აქვთ და ელენერგიაც. ეს გათვალისწინებული არაა და ასეთი ოჯახები უსამართლოდ ვერ იღებენ ამ შეღავათს.
იგივე შეიძლება ითქვას იმ ოჯახებზეც, რომლებსაც ელენერგიის მრიცხველი ცალკე არ აქვთ და ერთი მრიცხველით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს. ასეთი ოჯახებიც არ ჰყავს მთავრობას გათვალისწინებული. ამ ერთი მაგალითიდანაც ჩანს, თუ როგორ ზერელედ უყურებს მთავრობა ადამიანებს.
ნუთუ, რთული მისახვედრია, რომ ასობით ოჯახი მარტო იმიტომ ვერ იღებს დახმარებას, რომ კიდევ უფრო ცუდ პირობებში ცხოვრობს, ვიდრე _ სხვა? ეს კომუნალური შეღავათი იმ ოჯახებმაც მიიღეს, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა აღნიშნული შეღავათი.
რაც შეეხება 200-ლარიან დახმარებას, აქაც დამატებით რეგისტრაციაა საჭირო, რომ ოჯახმა იგი მიიღოს. რა საჭიროა ეს ზედმეტი პროცედურები, როცა იცი, რომ ბევრ ოჯახს არც ინტერნეტი აქვს, არც _ კომპიუტერი? ეს დახმარება შეიძლება, ბევრმა ისეთმა ვერ მიიღოს, ვისაც ნამდვილად სჭირდება. გაჭირვებულ ხალხს წინასაარჩევნოდ თეთრებს უგდებენ და თვითონ კორუფციაში იხრჩობიან!
საერთაშორისო გამჭვირვალობა IDFI-სა და დამოუკიდებელი საგამოძიებო პლატფორმა bellingcat -ის დასკვნების მიხედვით, მაშინ, როცა ქვეყანა ძალიან მძიმე ვითარებაში იყო, „ქართულმა ოცნებამ“ მილიონობით ლარის კონტრაქტი გაუფორმა კომპანიებს, რომლებიც მისივე შემომწირველია!
_ დიახ, ეს ცნობილია…
შენი აზრით, რატომ არ იყო საქართველო მზად ამ ტიპის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისისთვის?
_ იმიტომ, რომ იმპორტზე ვართ დამოკიდებული, სასურსათო უსაფრთხოების სისტემა, პრაქტიკულად, არ გვაქვს, ანუ გამართულად არ მუშაობს. ეროვნული ვალუტა ძალიან მოწყვლადია, ეროვნული ბანკი კი მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, რაც სამუშაო ადგილებს იწირავს და, შესაბამისად, უმუშევრობის დონე იზრდება.
პანდემიამ ეს პრობლემები უფრო კარგად გამოავლინა. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს დანაზოგი, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ, ხალხს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს და რომელ დანაზოგზეა საუბარი? შესაბამისად, მოქალაქეების მსყვიდველუნარიანობამ დაიკლო, რამაც ერთობლიობაში ეკონომიკის შემცირება გამოიწვია. არანაირი კრიზისული გეგმა არ აქვს ხელისუფლებას, არ იცის, როგორ იმოქმედოს კრიზისის დროს. ბევრ გადაწყვეტილებას იღებს სპონტანურად და გაუაზრებლად! პანდემიის დროსაც, სანამ კორონავირუსი კარს არ მოგვადგა სხვადასხვა გართულებით, მანამდე პრევენციული ნაბიჯები არ გადაიდგა.
_ სხვათა შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება, თუმცა ანალოგიურ დაპირებას შევარდნაძის დროიდან ვისმენთ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ათეულ, ათასეულ სამუშაო ადგილს როგორ შექმნის თუ ესეც, ტრადიციულად, წინასაარჩევნო დაპირებაა?
_ ეს რეალისტური დაპირებაა და არა ის, რასაც აქამდე ვისმენდით ხოლმე. ესაა ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ კარგად დათვლილი, ინვესტიციების მოზიდვისა და დროში გაწერილი კონკრეტული ნაბიჯების განხორციელების სტრატეგია, რომლითაც შედეგებზე გასვლა შეიძლება. წელიწადში 75000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, მოქმედებისა და სწორი მუშაობის შედეგად, რეალური და მიღწევადია.
_ ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სტრატეგიის ღერძი სოციალური საკითხები იქნება?
_ ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის მთავარი ღერძი აღმშენებლობაა, რითაც სიღარიბის დამარცხებას შევძლებთ! ჩვენი გუნდი ერთი წელია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფორმატით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობდა. ექსპერტების მონაწილეობით, პრაქტიკული გამოცდილებების გათვალისწინებით გვაქვს გეგმა, თუ როგორ დავამარცხოთ სიღარიბე აღმშენებლობის გზით!
ჩვენ შევიმუშავეთ ხუთი მთავარი დაპირება:

  1. 4 წელიწადში შეიქმნება 300 000-მდე სამუშაო ადგილი, აქედან, ნაწილი 9 ახალ ინდუსტრიულ პარკში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშენდება, ნაწილი კი სამ IT ქალაქსა და საქართველოს აგრარულ სექტორში, ნაწილიც, ანუ 3000-მდე, ახალ, პატარა ზომის სასტუმროსა და დიდი ზომის ბრენდული სასტუმროების ინდუსტრიაში;
  2. 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტი განახევრდება. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იქნება ანტიმონოპოლიური საბანკო კანონმდებლობა, რომელსაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში წარვადგენთ;
  3. ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36-40%-იანი სესხის პროცენტი ჩამოეწერება;
  4. 2021 წლიდან წამლები, მინიმუმ, 30%-ით გაიფდება;
  5. 2021 წლის პირველი იანვრიდან, ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც ერთ მილიონ ლარზე ნაკლებია, განთავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან!
    _ გეგმები კარგია, მთავარია, ყველაფერი ეს რეალობად იქცეს! ისე, თეონა, შენი მონაცემებით, აღრიცხულის გარდა საქართველოში, რეალურად, რამდენი ათასი ადამიანია, რომელსაც სოციალური შემწეობა სჭირდება?
    _ დაახლოებით, 100 000-მდე ადამიანია, რომელსაც საარსებო შემწეობა სჭირდება და პერიოდულად უნიშნავენ, შემდეგ უჩერებენ, მერე კი სხვას უნიშნავენ, ანუ ასე მონაცვლეობით ყოველთვის ვიღაცას უსამართლოდ არ ეძლევა დახმარება.
    სოციალური მომსახურების სააგენტო ორიენტირებული არაა ადამიანების დახმარებაზე, არამედ ყველაფერი კეთდება, რომ ხალხს ცხოვრება უფრო გაურთულდეს! უაზრო მიზეზით უჩერებენ ადამიანებს საარსებო შემწეობას ხან სამი თვით, ხან _ ერთი წლით. ხშირად მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ცუდი მუშაობის გამოც ზარალდებიან. სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი წოწკოლაური, საერთოდ არ ზრუნავს სააგენტოს გამართულად მუშაობაზე ან რამის გაუმჯობესებაზე. პირიქით, თავის თანამშრომლებსაც კი უსამართლოდ ექცევა და მათ სამუშაო პირობებს არ უქმნის. არადა, სოციალურ მუშაობაში ამ ადამიანებზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
    _ ადამიანებისთვის სიღარიბე და შიმშილი უფრო საშიში და მომაკვდინებელია, თუ კორონა?
    _ ბევრ სასოწარკვეთილ ადამიანს უთქვამს, უფრო სწორად, აღმოხდენია, _ რა მნიშვნელობა აქვს, კორონა მომკლავს თუ შიმშილიო? ამ სიტყვების მერე უფრო კარგად გავიაზრე, რომ კორონასთან გამკლავება შეიძლება სწორი ნაბიჯებით, რისკჯგუფში მყოფი ადამიანების დაცვით, ტესტირებებით, სამედიცინო ინვენტარისა და პერსონალის მზაობით, ინფორმაციის გავრცელებით და სხვ. აი, შიმშილი და სიღარიბე კი კრიმინალის ზრდასაც იწვევს და სავალალო შედეგებამდეც მივყავართ.
    _ თეონა, ახლა წმინდა პოლიტიკურ კითხვას დაგისვამ: იქნება თუ არა თეონა ჭალიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიაში ან მაჟორიტარობის კანდიდატი?
    _ კი, საარჩევნო სიაში აუცილებლად ვიქნები. მაჟორიტარობის კანდიდატი არ ვიქნები, რადგან ჩვენ ოლქების დიდ უმრავლესობაში მხარს დავუჭერთ სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და უფრო გამარტივდება „დამსხვრეული ოცნებების პარტიის“ დამარცხება.
    _ არჩევნების წინ ვაშაძე-ჩარკვიანის ტანდემის „ძალა ერთობაშიასგან“ გამოყოფა სწორად მიგაჩნია?
    _ როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ისე აქვს ამ ნაბიჯსაც. ეს გადაწყვეტილება უფრო დადებითია იმიტომ, რომ ამომრჩეველს ახლა მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. არ ვაგდებთ ორ უკიდურესობაში და არ ვუყენებთ ულტიმატუმს: ან ეს, ან ის. „ძალა ერთობაშიას“ შემადგენლობაში თითოეულ ჩვენგანს ბევრი მეგობარი ჰყავს და სამომავლოდ ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის თანამშრომლობა და ერთიანი ძალებით თავდაუზოგავი მუშაობა აუცილებლად დაგვჭირდება.
    _ სხვათა შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ ხაზგასმით გახსენა და ისიც თქვა, რომ პრეზენტაციაზე სოციალურად დაუცველებიც იყვნენ, ანუ ეს პლატფორმა გაჭირვებული ხალხის რეალური დასაყრდენი იქნება?
    _ შენს თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარა, როგორც ვხედავ! არ ვიქნები მოკრძალებული და თამამად ვიტყვი, რომ სადაც მე ვიქნები, იქ აუცილებლად გაისმება გაჭირვებული ადამიანის ხმა და შეუძლებელს შევძლებ, რომ ყველას პრობლემაზე გამახვილდეს ყურადღება და გამოსავალი მოინახოს!
    კანონებმა უნდა გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება და არა _ პირიქით. ჩვენი გუნდი, გიორგი ვაშაძის ლიდერობით, ამაზე აუცილებლად იზრუნებს. არჩევნებამდე კი ყველა ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, რომ არჩევანი გააკეთოს გულით და გონებით, არ დასჯერდეს ხანმოკლე _ რამდენიმედღიან უზრუნველყოფას, იფიქროს ხვალინდელ დღესა და შვილების მომავალზე.
    _ თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც დარჩა, ხალხი მეტად გაღარიბდება?
    _ არ ვუშვებ, რომ „დამსხვრეული ოცნებების პარტია“ დარჩეს ხელისუფლებაში, თუმცა თუ ასე მოხდა, მაშინ ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდება, რადგან „ოცნებას“ აწყობს გაღარიბებული, დაბეჩავებული და დაჩაჩანაკებული ადამიანები!
    წლების განმავლობაში ხელს უწყობდა სწორედ იმას, რომ სიღარიბისგან ვერ გამოსულიყო ადამიანი და სახელმწიფოს შემწეობაზე მიჯაჭვულიყო. ამით კი ხელისუფლება ყველა არჩევნებზე მარტივად მანიპულირებდა!
    _ ასეთი გაჭირვების ფონზე, იქნებ, გამართლებულია, რომ „ოცნება“ ამომრჩეველს უკვე კიტრს, პომიდორსა და ნიახურს ურიგებს?
    _ ეს ადამიანების დაცინვაა! ამ მთავრობას, რატომღაც, ჰგონია, რომ როგორც წინა არჩევნებზე ხახვი და კარტოფილი დაარიგა, ახლაც მსგავსი მაიმუნობით გავა ფონს, მაგრამ ძალიან ცდება! ასეთი საქციელით თავმოყვარეობას ულახავს ადამიანებს და ამ წელს მკაცრ პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან! ხალხს მოთმინების ფიალა აევსო!
    ყველა დაპირება, რითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. ყველა ოცნება დაემსხვრა ხალხს. უსამართლობის ზეიმია ქვეყანაში ყველა მიმართულებით, კრიმინალი და განუკითხაობაა. სასამართლოში კლანური მმართველობაა და ადამიანები სამართალს ვერ აღწევენ. ბევრი ადამიანი გაამწარეს, ისე როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი და ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს!
    მალხაზ მაჩალიკაშვილი ვახსენე და, თქვენი გაზეთის ფურცლებიდანაც მინდა, გავამხნევო და მხარდაჭერა დავაფიქსირო მისი ოჯახის მიმართ. ვახა სიმართლისთვის ბრძოლის სიმბოლოა, ის ბევრ ადამიანს აძლევს იმედს და სტიმულს, რომ არ დანებდეს და ბოლომდე იბრძოლოს სიმართლისთვის! მჯერა, რომ მისი ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს!
    _ თეონა, წეღან საბანკო სესხები ახსენე და ქვეყნის უმთავრესი პრობლემა არის თუ არა ე. წ. ბანკების დიქტატურა?
    _ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ბანკების დიქტატურაა! ლამის პირდაპირი მნიშვნელობით ახრჩობს ხალხს მაღალი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე. წლებია, სოციალურ დახმარებას, შშმ პირისა თუ ასაკობრივ პენსიას ან დევნილის შემწეობას ადამიანები სრულად ვერ იღებენ იმიტომ, რომ 35 პროცენტში აქვთ სესხი აღებული. ეს არის დიდი უნამუსობა და, პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაული!
    „ლიბერთი ბანკი“ დაუცველ ჯგუფებს, მოწყვლად ფენას ყველაზე მაღალ პროცენტში აძლევს სესხს, თან ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რომ ეს ადამიანები ყოველთვიურად გარანტირებულად იღებენ სახელმწიფოსგან ამ სოციალურ დახმარებებს, ანუ ბიუჯეტის ფული მიაქვს ბანკს და ისედაც გაჭირვებულ ადამიანს კიდევ უფრო ყვლეფს.
    9 წლის სალომესთან ვიყავით, რომელიც შშმ პირია და მისი პენსიით დედამ სამი წლის წინ სესხი გამოიტანა, რომ ბავშვისთვის წამალი ეყიდა. დღემდე იხდის ამ სესხის პროცენტს და წლების განმავლობაში სალომეს პენსია სრულად აღარ აუღია. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა! გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ჯიბეებს ისქელებენ.
    _ დაბოლოს, როგორ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, ოღონდ სადღეგრძელოსავით კი არ მიპასუხო, შენეული ხედვები გამაცანი.
    _ სიღარიბე დამარცხდება აღმშენებლობით!
    უსამართლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით სესხები აღარ უნდა გაიცემოდეს, მით უმეტეს, პენსიონერებზე, შშმ პირებზე, დევნილებსა და სოციალურად დაუცველებზე. მნიშვნელოვანია სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“ არ უნდა იყოს! სახელმწიფოსთან ერთად, ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ.
    ძალიან მახარებს, რომ ხშირად ბევრი ადამიანი, როგორც ამ პანდემიის დროს, სხვების მხარდაჭერით გადარჩა, მაგრამ მეტი სისტემურობაა საჭირო. ყველა ორგანიზაციას, ზომისა თუ პროფილის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობა. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მნიშვნელოვანი დრო უნდა ეთმობოდეს სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას და გასიგრძეგანებას. ასეთ შემთხვევაში ღრმად მჯერა, რომ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას სიღატაკეში მყოფი ყველა ოჯახისთვის შევძლებთ. ყველა ბავშვს ექნება სათამაშო, ყველა ბავშვს ექნება წიგნი, ყველა ბავშვს ექნება ტანისამოსი, ყველა ოჯახში იქნება ელემენტარული საცხოვრებელი პირობა და ჰიგიენის დაცვის საშუალება.
    აუცილებლად უნდა გამოიძებნოს გზა, რომ ბიზნესს შეეძლოს საკვები პროდუქტისა თუ მზა საკვების გაჩუქება განადგურების ნაცვლად. ეს დაგვეხმარება, რომ ადამიანებმა აღარ იშიმშილონ და საჭმელი ნაგვის ურნაში აღარ ეძებონ!

გიორგი აბაშიძე