სალი ბეთლი: „მუსიკა ჩვენი გზაა, თავისუფალი სივრცეა, სადაც თავს ჰარმონიულად ვგრძნობთ“
ჯგუფი „ბაბილონი“ ბათუმში ძალიან პოპულარულია. მის კონცერტებზე დარბაზები გადაჭედილია. დაარსებიდანვე მან საზოგადოებაში მალევე მოიპოვა დიდი სიყვარული.
„ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, ,,ბაბილონის“ სოლისტი სალი ბეთლი (სვეტლანა ბაღათურია) თავის მკითხველს ახლოდან გააცნოს და მასთან ინტერვიუს გთავაზობთ:
_ სალი, რომელ წელს შეიქმნა ჯგუფი „ბაბილონი და რამდენი წევრისგან შედგება იგი?
– ჯგუფი, დაახლოებით, 8 წლის წინ შეიქმნა, იყო კადრების ცვლილებები, დაგვემატნენ, გამოგვაკლდნენ… ამ ეტაპზე ჯუფი 6 წევრისგან შედგება: ზურა გოცირიძე (ანარქია მე-18), გიორგი ბაკურიძე (ბენქსი), თემო ტრაპაიძე (ფრანკო), მე – სვეტლანა ბაღათურია (სალი ბეთლი), მინდია ხალვაში (მიკი მო) და ნიკა პაიჭაძე (დადა). ჯგუფში სიახლეა ლეიბლის სახით, სახელწოდებით „ Notta Bene “, სადაც ბევრი ახალი საინტერესო არტისტია. მათ შემოქმედებას კი Youtube არხზე მოისმენთ Notta Bene -ს ჩენელზე.
_ ვისი იდეა იყო ჯგუფის სახელი? რატომ შეარჩიეთ „ბაბილონი“?
– სახელწოდების იდეა „ანარქიას“ ეკუთვნის. „ბაბილონი“ ჩვენთვის ასოცირდება თავისუფალ სივრცესთან, მუსიკალურ თავისუფლებასთან, მრავალფეროვნებასთან. არანაირი კავშირი არ აქვს ძველ ბაბილონთან. უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ ბაბილონივით არ ვინგრევით, პირიქით _ ვშენდებით, წინ და წინ მივდივართ და ვიზრდებით.
_ სალი, როგორ მოხვდით ჯგუფ „ბაბილონში“?
_ წლების განმავლობაში ვუსმენდი „ანარქია მეთვრამეტეს“, მისი გულშემატკივარი ვიყავი და, რატომღაც მომინდა, რომ მიმეწერა… დავამატე ფეისბუქზე, მივწერე და ახლა ვხვდები, რომ ყველაზე უცნაური საუბარი მქონდა ამ ადამიანთან. პირველი რაც მკითხა, იყო, _ თავისუფლებაზე რას ფიქრობო?.. გაიმართა დიალოგი, ერთმანეთს დროთა განმავლობაში ვწერდით, შემდეგ სამტრედიაშიც ჩამომაკითხა. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშიც ზურას გამო ჩავაბარე და აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები „ბაბილონთან“ ერთად. მე-2 კურსზე ვიყავი, როცა დავქორწინდით. ყველაფერს აკეთებდა, რომ მემღერა და მადლობა მას ამისთვის.
_ რა არის თქვენთვის მუსიკა?
_ მუსიკა ჩვენი გზაა… თავისუფალი სივრცეა, რომელშიც თავს ჰარმონიულად ვგრძნობთ. მუსიკა ის განზომილებაა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი შინაგანი სამყარო ბგერების საშუალებით გადმოგვაქვს. მუსიკა და ხელოვნება ჩვენი პიროვნებების ამღერების საშუალებაა. ჩვენი ტკივილი თუ სიხარული, იმედი თუ იმედგაცრუება, ყველაფერი გადმოგვაქვს ხოლმე, რადგან ადამიანის შემდეგ რაც რჩება, ეს მისი შემოქმედება და სიტყვაა.
მინდა, რომ ჩემი სიმღერებით მომავალ თაობებში და მაშინ, როცა აღარ ვიქნები, ადამიანების ფიქრებსა და გონებაში გავცოცხლდე. მუსიკა სწორედაც რომ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაა ბგერების მოლეკულებში.
_ რა ჟანრის სიმღერებს ასრულებთ?
_ ჩვენი სტილი მრავალფეროვანია, ამიტომ სხვადასხვა ჟანრში ვმუშაობთ: რეპი, ტრეპი, მამბლი, რეგი, სოული… გარდა Old school -ისა ვაკეთებთ პროდუქტს New school -ის სხვადასხვა ჟანრში. სიმღერებს ჩვენებური ინტერპრეტაციით ვმღერით. ვაკეთებთ ქართულის, ევროპულისა და ამერიკული მუსიკის სინთეზს. თავიდან ბიჭები მხოლოდ რეპზე მუშაობდნენ, მაგრამ რეპერტუარში თანდათან მრავალფეროვნება შევიტანეთ და ჩვენი შემოქმედება მსმენელსაც მოვარგეთ ასაკობრივი თუ ჟანრობრივი გემოვნების გათვალისწინებით. ძველი ქართული სიმღერების ქავერებსაც ვაკეთებთ. მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი არის საკუთარი პროდუქტის შექმნა და მსმენელამდე ამ ყველაფრის მიტანა.
_ სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი ნახვა რომელ სიმღერას აქვს?
_ 2 სიმღერას 12-13 მილიონამდე, მათ შორის, ყველაზე ცნობილი სიმღერის ქავერს „ჩიტო გვრიტოს“. საკმაოდ პოპულარულია სიმღერები: „სახლი ლურჯი ფანჯრებით“, „მომეცი ძალა“, „შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან“, „მემენტო მორი“, „შორს, სადღაც შორს“, ასევე გვაქვს სიმღერები, რომლებსაც 6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჩვენს 10 სიმღერას უკვე თითო მილიონი ნახვა აქვს, მინიმუმ. Youtube -ს სივრცე საკმაოდ ხელშემწყობი აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ასევე მსმენელისთვისაც. ჩვენმა გამომწერებმა იციან, რომ ჩვენი ყოველი ახალი სიმღერა მათ ფლეილისთში უფრო ადრე მოხვდება, ვიდრე იმათთან, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩვენი გამომწერი ( Youtube-BABILONI )
_ როგორია სალი ბეთლი სცენის მიღმა?
_ ძალიან უშუალო და კონტაქტური ვარ. შეიძლება, სცენიდან სხვა პიროვნება ვჩანდე, თუმცა არასოდეს ვთამაშობ. ყოველთვის თვალდახუჭული ვმღერი, სულ სხვა სამყაროში ვარ. ამ დროს ვერ აღვიქვამ, როგორ მხედავს მსმენელი. არ ვარ ის ადამიანი, რომ როგორმე ზემოქმედება მოვახდინო მაყურებელზე და ა. შ., მაგრამ ხშირად უთქვამთ, რომ სხვანაირი წარმოვედგინე და სულ სხვა აღმოვჩნდი. მიკვირს ხოლმე, რატომ?..
მარტივია ჩემთან კონტაქტი, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი გაცნობა. როცა ვეცნობი მათი სამყაროს ნაწილს, ბედნიერი ვარ, რადგან საოცარი გრძნობაა, როდესაც ჩემზე ასაკით პატარა ადამიანები მწერენ, რომ უნდათ ჩემგან რჩევა მიიღონ. სცენაზეც და სცენის მიღმაც სალი ბეთლი სიყვარულისთვის არსებობს, რომელიც უნდა, რომ გასცეს..
_ საკმაოდ ბევრი კლიპი გაქვთ გადაღებული… ვინმე გაფინანსებთ?
_ ყოველი კლიპი, ისევ და ისევ, საახლობლო წრისა და მეგობრების ხელშეწყობით შეიქმნა. რაც შეეხება დაფინანსებას, ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვაკეთებთ, დღემდე ასე მოვედით. კლიპებს „ანარქია“ და ჩვენი კლიპმეიკერი ბექა სხირტლაძე ამონტაჟებენ.
_ ცხოვრებაში რა მოგიტანათ „ბაბილონმა“ ისეთი, რაც არასდროს დაგავიწყდებათ?
_ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი. „ბაბილონმა“ ხელი შემიწყო ჩემი იდეების რეალიზებაში. ჯგუფში მოღვაწეობამ მომიტანა ხელოვანი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი _ აღიარება და ხალხის სიყვარული. ეს არის სწორედ ის, რაც ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება.
_ რას ეტყოდით თქვენს მსმენელს?
_ ძალიან დიდი მადლობა, რომ გვაფასებენ. ჩვენ ვგრძნობთ მათ სიყვარულს, მხარდაჭერას. ყველაზე დიდი ძალაა, როცა იცი, რომ შენს შექმნილ მუსიკას აფასებენ და უყვართ, უზიარებენ თავიანთ მეგობრებს, ოჯახს. მინდა, თითოეულს ვუთხრა, რომ არასოდეს დაკარგონ პირადი თავისუფლება, იყონ ყოველთვის ჩარჩოებს მიღმა და აკეთონ ის, რისი სურვილიც აქვთ, იმიტომ, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და აუცილებლად უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ბედნიერები ვიყოთ. მინდა ასევე ვუთხრა მათ, რომ უნიკალურები არიან, პატარა პლანეტები ამხელა კოსმოსში და ნუ მისცემენ ნურავის იმის უფლებას, რომ მათი თავისუფალი ნება ჩაახშოს. მოუსმინეთ საკუთარ თავს, შეიყვარეთ, იფიქრეთ ბევრი და შექმენით და გადმოიტანეთ თქვენი გრძნობები თქვენს სხეულს გარეთ.
ხვიჩა მამულაძე