მაკა ნადირაძე: „ანტისაოკუპაციო კანონის პირობებში ხელისუფლების ასეთი მიზანმიმართული ქმედებები მიუღებელია“

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი და რუსები ყველაზე მეტად ფრონტისპირა ქალაქ გორისთვის უნდა ყოფილიყო მიუღებელი. სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთში მტერს ვერ ხედავენ. იმდენად უყვართ რუსეთი, რომ გორის დასვენების პარკში სულ რუსულ სიმღერებს აგუგუნებენ. ამან გორელების პროტესტი გამოიწვია. სამოქალაქო აქტივისტი მაკა ნადირაძე მიიჩნევს, რომ ეს დაუშვებელია.

რატომ ეტრფის გორის ხელისუფლება რუსულ სიმღერებს? რა განცდა რჩებათ გორელებს? როგორ იხსენებენ გორში აგვისტოს ომს? რატომ დგამენ საქართველოში ისევ სტალინის ძეგლებს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მაკა ნადირაძე ესაუბრება:

_ მაკა, რუსული ოკუპაცია გორელებისთვის მტკივნეული თემაა, 2008 წელს მათ ბევრი უბედურება გადაიტანეს. ოკუპაცია ახლაც გრძელდება, _ რუსებს ჩვენი მიწები მიაქვთ. ამ ფონზე გორის დასვენებისა და კულტურის პარკში რუსული სიმღერები ისმის. ეს რისი მანიშნებელია და ვინ აგებს ამაზე პასუხს?
_ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრები გორის კულტურისა და დასვენების პარკიდან, სადაც საზოგადოებას რუსულ უგემოვნო, მდარე მუსიკას ასმენინებდენ. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა არც პირველია და არც _ უკანასკნელი, თუმცა ორმაგად მტკივნეულია, როდესაც მსგავსი ხდება არა კერძო, არამედ საზოგადოებრივ, საჯარო ადგილებში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება უწევს ზედამხედველობას და, შესაბამისად, მიზანმიმართულად მათი ორგანიზებულია. ეს ერთგვარად წამახალისებლი ფაქტორია კერძო სექტორისთვისაც, მაგალითად: ტურისტული ზონებისთვის, რესტორნებისთვის, ტრანსპორტისთვის, სავაჭრო ცენტრებისთვის და სხვა თავშეყრის ადგილებისთვის.
რუსული ოკუპაციისა და ანტისაოკუპაციო კანონის პირობებში, რომელსაც მთავრობა ერთმნიშვნელოვნად არღვევს, ხელისუფლების ასეთი მიზანმიმართული და წამახალისებელი ქმედებები ყოვლად მიუღებელია. ხალხი ამას აპროტესტებს, თუმცა მმართველი გუნდის რეაგირება მსგავსს ფაქტებზე ნულია.
გორისთვის და გორელებისთვის რუსული ოკუპაცია მტკივნეული თემაა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ თვალწინ ოკუპანტები ჯერ კიდევ ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს, გვართმევენ ტერიტორიებს, სადაც ადგილობრივი სოფლების სასაფლაოები და ეკლესიებია მოყოლილი. ამ მიწებს ჯერ არ შეშრობია 90-იანი წლებისა თუ 2008 წლის ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცების სისხლი, რამდენიმე კილომეტრში ისევ გვესმის რუსული ჩექმისა და იარაღის ხმა, თუმცა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემას არაფრად მიიჩნევს, საოკუპაციო ხაზთანაც კი არ ჩადის და ადგილობრივ მოსახლეობას არ ესაუბრება. ამის დასტურად უამრავი მაგალითიდან ერთს გავიხსენებ: შარშან ამ დროს გუგუტიანთკარში, როდესაც რუსი ოკუპანტები ქართულ მიწებს იტაცებდნენ, მოსახლეობას საკუთარი ხელით სახლებს აშლევინებდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ 10 დღის შემდეგ გამოჩნდნენ, ისიც იმიტომ, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა პიკს მიაღწია და გაბრაზებულმა ხალხმა სხვა გზა არ დავუტოვეთ. მეტიც: გორის მერი თავზარაშვილი შვებულებაში ზღვის სანაპიროზე ნებივრობდა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს აუზიდან ფოტოებს დებდა სოციალურ ქსელში. ასევე არაადეკვატურად მოქმედებდა გორის მაშინდელი ბიზნესმენი დეპუტატი მაკრახიძე, რომელმაც თავისი „დიპლომატიური“ რესურსი ორიგინალურად გამოიყენა და რუს სამხედროებთან „მოლაპარაკება“ ერთი წინადადებით გადმოგვცა: „რუსებს ველაპარაკე და წავლენ“(!).
ასეთი და მსგავსი ფაქტები ნათლად მეტყველებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან პუტინის რუსეთთან გარიგებაში შემჩნეული რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციასთან მიმართებით უსუსურად გამოიყურება, ვერ ართმევს თავს ქართველი ხალხისგან დაკისრებულ ვალდებულებებს, მეტიც: თავად არის ხელშემწყობი რუსული დამპყრობლური პროექტისა და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამგვარად, ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე ეჭვი მეპარება, მომავალშიც რამე შეიცვალოს. 2020 წლის არჩევნებზეც ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატი (ამ შემთხვევაში გიგი ხოჯევანიშვილი) რუსული მაამებლური პოლიტიკის ნაწილია. იგი აპრიორი „წარმატებით“ შეასრულებს ივანიშვილისა და ცენტრალური ხელისუფლების პრორუსულ ხაზს და ამ კუთხით საზოგადოება ცვლილებებს არც უნდა ელოდოს.
ვიცი რა გორელი ხალხის შინაგანი განწყობა და პროტესტი, ღრმად მწამს, ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევანი მხოლოდ ორია: 1. დეზინფორმაციით და პროპაგანდით ფსევდოდასავლურად შეფუთული რუსული დიქტატურა, კრიმინალი და კამუფლაჟი; ან 2. ქვეყნის თავისუფლება, განვითარება და ევროპული მომავალი.
_ ამ დღეებში აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავა და ისევ ბევრს ილაპარაკებენ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი? ზოგიერთი კიდევ დაადასტურებს, თუ როგორ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი. სამაგიეროდ, არავის გაახსენდება, როგორ ბომბავდნენ რუსები მძინარე ქართულ სოფლებსა და მძინარე გორს. ამას რატომ არავინ ახსენებს და თქვენ რას ფიქრობთ იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი?
_ სამწუხაროა, რომ დღეს ეს კითხვები „ვინ დაიწყო ომი?“ „ვინ გაისროლა პირველმა?“ საზოგადოებაში, ჯერ კიდევ, არსებობს და ამ თემაზე ისევ გვიწევს განმარტებების კეთება. ეს ნარატივი ერთმნიშვნელოვნად რუსული ჰიბრიდული ომისა და იდეოლოგიის ნაწილია, რასაც „წარმატებით“ თავს გვახვევს ჩვენი ხელისუფლება. ომის დაწყებას ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყენებს არჩევნების წინ ხალხის დასაშინებლად, რაც, მათდა სამარცხვინოდ, უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტის პირიდანაც არაერთხელ გაჟღერებულა.
მოსახლეობას განცდას უტოვებენ, რომ თუ საქართველო პროდასავლურ კურსსა და ნატოსკენ სწრაფვას გააგრძელებს, რუსეთი გაბრაზდება და ომს დაიწყებს. ამ თემით მანიპულირებენ და იგნორირებენ წინა ხელისუფლების დროს მოპოვებულ სახელმწიფოებრიობას და დასავლური კურსისკენ სწრაფვას, რაც მაშინდელი ხელისუფლების 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში დადანაშაულებით გამოიხატება. ამით შეურაცხყოფას აყენებენ წლების მანძილზე რუსეთთან საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს, მათ ოჯახებს, ქართულ ჯარსა და ზოგადად საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მოგეხსენებათ, რომ ეს ომი არც 2008 წელს და არც 90-იან წლებში არ დაწყებულა, რუსეთთან ომი 200 წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ამ ხნის მანძილზე სისხლის, უბედურებისა და ძარცვის მეტი არაფერი უკეთებიათ ქართველი ხალხისთვის, ეს დღესაც გრძელდება რუსული ოკუპაციის სახით.
რაც შეეხება ყბადაღებულ „მძინარე ცხინვალის“ დაბომბვას, ეს სრული დეზინფორმაციაა და ივანიშვილის ხელისუფლების ოკუპანტთან შეთანხმებული ნარატივია. სოფელი მაქვს ცხინვალამდე ორ კილომეტრში და ზუსტად მახსოვს, 2008 წლის აგვისტომდე როგორ ესხმოდნენ თავს ოსი სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას და პოლიციას. ჯერ კიდევ აგვისტომდე 23 ადგილობრივი იყო დაღუპული, მათ შორის, 3 პოლიციელი და მოსახლეობა ხელისუფლებისგან დაცვას ითხოვდა. ასე რომ, საომარი მოქმედებები, ადრე თუ გვიან, გარდაუვალი იყო. ქართული საჯარისო ნაწილები საქართველოს ტერიტორიას და მოსახლეობას იცავდნენ, რაც კონსტიტუციური უფლებაა და ეს მოქმედებები მაშინ სავსებით დროული და გამართლებული იყო. სხვა შემთხვევაა, დღევანდელი ხელისუფლება ამას როგორ ატრიალებს და როგორ აღიქვამს, მით უფრო, როდესაც ვიცით მათი ლოიალური განწყობა ოკუპანტის მიმართ.
გორში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ჩემი უბანი 8 აგვისტოს დაიბომბა, უამრავი ახლობელი და ნაცნობი შეეწირა ამ მოვლენებს და გული მტკივა, როდესაც ჩემი ქვეყნისა თუ ქალაქის ხელისუფალნი მსგავსს არასერიოზულ განცხადებებს აკეთებენ! ცდილობენ, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, რაც მათი მავნებლური პოლიტიკის ნაწილია ხალისუფლებაში დასარჩენად. მაგრამ ვფიქრობ, ეს მცდელობა, ამ ეტაპზე, უშედეგოდ დასრულდება და ღირსეული ქართველი ხალხი მათ ოქტომბერში საკადრისს პასუხს გასცემს.
_ აგვისტოს ომის შემდეგ სტალინის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ამ დროს ზესტაფონში მის ძეგლს დგამენ. გორში რომ გაეკეთებინათ ეს, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ზესტაფონი რამ გადარია?
_ ზოგადად, სტალინის კულტი, კომუნიზმი, საბჭოთა კავშირი და მსგავსი თემები ჩვენი ქვეყნის სამწუხარო ისტორიის კუთვნილებაა და ამას სერიოზულად საზოგადოება აღარ აღიქვამს. მეორეა, რომ ასეთ მოვლენებს ისტორიიდან ვერ ამოვშლით და მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატების დატვირთვით თუ გამოვიყენებთ. ეს უნდა ხდებოდეს კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით და ხელისუფლება ამ რეგულაციებს უნდა იცავდეს. როგორც თბილისის ანტისაოკუპაციო მუზეუმი, ვფიქრობ, სტალინის თემაც ამ რეგულაციებში უნდა მოექცეს და დაინტერესებული ადამიანები უპრობლემოდ გაეცნობიან და ეცნობიან კიდეც მას. გორში არსებობს სტალინის სახლ-მუზეუმი, რომელსაც მნახველები სტუმრობენ და ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. ცუდი ისაა, რომ დღემდე მენტალობიდან და ცნობიერებიდან ვერ ამოუშლია მოსახლეობის ნაწილს საბჭოთა მიდგომები, რასაც დღევანდელი ხელისუფლებაც უწყობს ხელს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში კანონით იკრძალება საბჭოთა და რუსული სიმბოლიკა, ჩვენ გვერდით მრავლად ვხედავთ სასტუმროებსა თუ რიგ შენობებზე გადმოფენილ ოკუპანტის დროშებს. ამას წინათ ბათუმის ქუჩებში ბავშვებთან ერთად რუსული დროშებით აღლუმის მომწყობი მასწავლებელი დააწინაურეს. თუ არ ვცდები, იგი აჭარის განათლების სისტების მაღალჩინოსანი გახდა. საჯარო სექტორსა და სკოლებში შეფარვით, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება რუსული ხაზის პროპაგანდა, აწინაურებენ რუსული იდეოლოგიის მეხოტბე მოხელეებს და პედაგოგებს, ცდილობენ, რომ სკოლის დირექტორებად ანტიდასავლური იდეოლოგიის ადამიანები გაამწესონ, რათა არჩევნებშიც და რუსული პოლიტიკისთვის პროპაგანდისტულ საქმიანობაშიც სრული მხარდაჭერა ჰქონდეთ. ია კერზაიას საქმე ყოველივე ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა.
ასე რომ, არც ზესტაფონში, კერძო საკუთრებაში დადგმული სტალინის ძეგლი გამკვირვებია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამას სახელმწიფო არ უნდა ახალისებდეს, პირიქით, უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ როდესაც თვითონაა კანონის დამრღვევიც და წამხალისებელიც, თავს ზემოთ ძალა არ არის. გამოსავალი კი შემოდგომაზე ხელისუფლების შეცვლაა.

შორენა მარსაგიშვილი