ნინო რიჟამაძე: „თუ ჩუმად ხარ, შენი ტკივილი არავის სტკივა. მინდა, სიმართლე გაირკვეს და დამნაშავე დაისაჯოს“
გაზეთის რედაქცია ფოტოს ბეჭდავს მშობლების ნებართვის საფუძველზე
2019 წლის 25 დეკემბერს ასპინძის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. 13 წლის ლუკა მაგრაქველიძე 53 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, მოზარდი 53-ე დღეს, თამაზ ნემსაძე კი მე-4 დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარიდან 6 თვის შემდეგ გამოძიებას კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ არ გაუცია.
როგორც ლუკა მაგრაქველიძის დედა „ქრონიკა+“-სთან აღნიშნავს, ამ ტრაგედიაში ბევრი კითხვის ნიშანია.
„ქრონიკა+“ გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა მაგრაქველიძის დედას _ ნინო რიჟამაძეს ესაუბრა:
_ სამი შვილის დედა ვარ, გიორგი 18 წლისაა, აბელი _ 16 წლის, 13 წლის ლუკა კი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. ეს ტრაგედია 2019 წლის 25 დეკემბერს მოხდა, მაშინ მე იტალიაში ვიყავი. ლუკა და აბელი მშობლებთან მესხეთ-ჯავახეთში, ასპინძის რაიონში წავიყვანე, უფროსი კი მამასთან დარჩა. ეს ტრაგედიაც ასპინძაში მოხდა, ჩემი სახლის ბოლოს, სადაც მე ვცხოვრობ. 25 დეკემბერი იყო, იმ დღეს ბავშვები სკოლიდან ადრე დაბრუნდნენ, ჩემი ლუკა და მისი კლასელი თამაზი ერთად წავიდნენ მოპედით, მოპედის საჭესთან კი ჩემი შვილი იჯდა. ჩემი ქუჩის ბოლო უკავშირდება სოფელ ოთას, სადაც არის მოსახვევი. ლუკას და მის მეგობარს მხედველობის არეალი ჰქონდათ, მაგრამ მანქანის მძღოლს, რომელიც საპირისპირო მიმართულებიდან შემოვიდა, არ ჰქონდა მხედველობის არეალი, შემხვედრი ავტომობილი მოსახვევიდან გამოდიოდა, ლუკა და მისი მეგობარი კი მოსახვევში შედიოდნენ. დიდი ალბათობით, მანქანის მძღოლი ბავშვების სავალ გზაზეა გადმოსული. მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ლოგიკურად ასეა. ეს ტრაგედია დღის 12:00 საათიდან 12:30-მდე პერიოდში მოხდა. საუბედუროდ, იმდენად ძლიერად დაეჯახა მათ შემხვედრი მანქანა, რომ ლუკას ჩაფხუტი მოძვრა და მეორეხარისხოვან გზაზე დაგორდა. კიდევ ერთი ტრაგედია ამ ამბავში ის არის, რომ მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, მხოლოდ ლუკა და მისი მეგობარი, მანქანის მძღოლი და მის გვერდით მჯდომი პირი არიან ამ ამბის მომსწრე. ის ისეთი ადგილია, რომ ერთი საათი რომც იდგეთ, შეიძლება მანქანამ არ გამოიაროს. შემთხვევის ადგილიდან 15 მეტრში არის საცხოვრებელი სახლი, შეჯახების ხმაზე იქ მცხოვრები გოგო გამოვიდა. როგორც თვითონ ჰყვება: ორი ბავშვი ნახა სავალი გზის ნაწილში უგუნო მდგომარეობაში; მძღოლი მანქანიდან გადმოსულია, ხმამაღლა ითხოვს დახმარებას და 112-ში რეკავს. ადგილზე, მალე მოვიდა ასპინძის რაიონის სამედიცინო დახმარება და პოლიცია. ბავშვები ასპინძის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც არ არის საოპერაციო ბლოკი და არანაირი პირობები. ტრაგედიის დროს იქ მყოფი ადამიანები ამბობდნენ, რომ ვენის კათეტერი აფთიაქიდან და ჟანგბადის ბალონები სასწრაფოს მანქანებიდან შემოჰქონდათ.
_ ბავშვების რეანომობილით თბილისში გადმოყვანა თუ განიხილებოდა?
_ ყველაფერი ერთად მოხდა. ამ დიდ ტრაგედიას ისიც დაემატა, რომ ამხელა რეგიონს რეანომობილი არ ჰყავს. თბილისიდან გამოიძახეს და დილის 12 საათის შემდეგ, მხოლოდ საღამოს მოხერხდა ჩემი შვილის თბილისში გადაყვანა, ღამის 21:25-ზე მიიყვანეს ლუკა იაშვილის კლინიკაში, მანამდე კი, როცა რეანომიბილით ჩამოვიდნენ, მომყოლმა ექიმმა 1 საათი დაგვაკარგვინა, ჩემი შვილი არ მოჰყავდა, გზაში მომიკვდება და პასუხისმგებლობას ვერ ავიღებო. როგორც მითხრეს, ასპინძის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ეჩხუბა და ასე გამოატანეს ბავშვი. მოკვლევას ვიწყებ ამ ექიმის შესახებ. მისი ვინაობა, ჯერჯერობით, არ მაქვს დადგენილი. ლუკას თავის ტრავმა ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში, სანამ თბილისში გადავიყვანდით, გაჟონვა მოხდა. იაშვილის კლინიკაში ჩემი შვილი 53 დღე კომატოზურ მდგომარეობაში, აპარატზე იმყოფებოდა. ბავშვს ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, ყველა ორგანო მწყობრში იყო, თუმცა თავი ჰქონდა დაზიანებული და კომიდან გამოსვლა ვერ შეძლო. ოპერაციაც ვერ ჩატარდა, ფორმა 100 თანახმად, რომელსაც იაშვილის ექიმები აწერენ ხელს, გასულ დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, ოპერაციის ჩატარება მიზანშეუწონელიაო. უკვე დაგვიანებული იყო და, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს ოპერაციის გაკეთება. ჩემს შვილს ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები დააკარგვინეს.
რაც შეეხება ჩემი შვილის მეგობარს, მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ახალციხეში გადაიყვანეს, რადგან თბილისამდე ვერ ჩამოაღწევდა. მას მუცლის ღრუში არც ერთი მთელი ორგანო არ ჰქონდა, ასევე ელენთა გაუსკდა. ასპინძის რაიონულ საავადმყოფოში იმის პირობებიც კი არ იყო, რომ ელენთის ოპერაცია გაეკეთებინათ. ახალციხის საავადმყოფოში გაუკეთეს ოპერაცია, შემდეგ კი იაშვილში გადმოიყვანეს. საუბედუროდ, ლუკას მეგობარი 4 დღეში დაიღუპა.
_ რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რა კითხვები გაქვთ გამოძიებასთან?
_ ორი მცირეწლოვანი ბავშვი აღარ არის და მათი ოჯახები დაზარალებულადაც კი არ გვცნეს. დამნაშავე დაკავებული არ არის. გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით. ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს ბადებს ის, რომ გამოძიება მძღოლის ჩვენებას ეყრდნობა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მძღოლმა ავარიის შემდეგ მანქანა გადააყენა არხის ნაპირას. გამოძიებამ ნახაზები ამ გადაყენებული მანქანის მიხედვით აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ აზომვა შეცდომით გაკეთდა და ასე გადაეგზავნა სამხარაულის ექსპერტიზას. ის, რომ მძღოლმა მანქანა გადააყენა, იმით დასტურდება, რომ ამ ფაქტს პატრულის თანამშრომელი შეესწრო, რომელმაც, ჩემი ინფორმაციით, ადგილზევე აღნიშნა, რომ მანქანა გადაყენებული იყო და ეს გამოძიებას შეცდომაში შეიყვანდა. მან მაშინვე გამოთქვა ეჭვი, რომ რაღაც არასწორად კეთდებოდა. ციტირებას ვახდენ: „ილოცეთ, რომ ბავშვები გადარჩნენ, ყველაფერი სწორად გააკეთეთ“, _ თქვა მან. ამას დაადასტურებს ბიძაჩემი და თუ გამოძიებას დასჭირდება, თავად პატრულის თანამშრომელს შეუძლიათ ჰკითხონ. პირველადი ტექნიკური დასკვნის მიხედვით ბავშვების ბრალეულობა იკვეთება. გამომძიებელს რომ ვკითხე, რას ეყრდნობით-მეთქი? მიპასუხა: _ მძღოლის ჩვენებას და ტექნიკურ ნახაზებსო. მანქანის მძღოლი ჩვენებაში იმას არასდროს იტყოდა, რომ ბავშვების მხარეს თავად გადავიდა ან დაპარკინგებული მანქანის ნახაზი რეალურ სურათს ვერანაიად აჩვენებს! 6 თვე გავიდა და ჯერ მთავარ კითხვებზე პასუხი კვლავ არ არის. საქმის პროკურორი სტანდარტულად მპასუხობს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, ამ საქმეში მრავალმხრივი ექსპერტიზა კეთდება, მათ შორის, ექიმების გადაცდომებზე. მე ხომ უნდა ვიცოდე ეს პასუხები, როდის მოვა ან რამდენი ხანი უნდა ველოდო? ვერაფერს მეუბნებიან. ამ ეტაპზე სამხარაულის დასკვნას ველოდებით. თავიდან მანქანის მძღოლი ყურადღებას იჩენდა ჩვენი ოჯახის მიმართ, მერე არ ვიცი, რა მოხდა, როგორც ჩანს, დარწმუნდა, რომ თავი ქუდში ჰქონდა და არანაირი ყურადღება არ გამოუჩენია. ლუკას საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში თურქეთიდან ნეიროქირურგის ჩამოყვანა მინდოდა და მანქანის მძღოლის მამას დავურეკე, დახმარება ვთხოვე, რისი საშუალებაც ჰქონდათ, რაზედაც მითხრეს: რა დახმარებას მთხოვ, ჯერ გავარკვიო, შენ ხარ დამნაშავე თუ მეო. წარმოგიდგენიათ, ვისთან მაქვს საქმე?! თუ ეს ადამიანი მართალია, დაე, იყოს ღმერთთან მართალი, ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია, სიმართლე გავარკვიო. აუცილებლად მინდა, „ქრონიკა+“-ის საშუალებით მადლობა გადავუხადო ნეიროქირურგ ზურაბ გურულს, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩემი შვილისა და მისი მეგობრის მიმართ. იმ პერიოდში ბატონი ზურაბი საქართველოში იყო, მე სოციალურ ქსელში მივწერე ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ, მან მაშინვე მიპასუხა და მეორე დღესვე მოვიდა იაშვილის კლინიკაში. სანამ ამერიკაში გაფრინდებოდა, რამდენჯერმე მოვიდა, საოცარი ყურადღება მოგვაქცია და გვპატრონობდა, მინდა, ყველამ იცოდეს ასეთი კეთილი ადამიანების შესახებ. ჩვენ მისთვის ახლობლები არ ვყოფილვართ, თუმცა ძალიან დიდი გულისხმიერება გამოავლინა.
თუ ჩუმად ხარ, შენი ტკივილი არავის სტკივა, ამიტომ მსურს, „ქრონიკა+“-ის საშუალებით ვთქვა ჩემი სათქმელი. მინდა, სიმართლე გაირკვეს და დამნაშავე სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
ნენე ინჯგია