ირაკლი გოგორიშვილი: „დაჭერას მიპირებენ, რომ ზეწოლით ხათუნას წინააღმდეგ მიმაცემინონ ჩვენება“
ჩვენი საზოგადოება მალე, სავარაუდოდ, ახალი პოლიტიკური სკანდალის მომსწრე გახდება. „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებული შოთა აფხაიძის წყალობით, პროკურატურამ შესაძლოა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. საქმე თუ არ აღიძრება, ოპოზიციონერს შავი პიარის აგორება გარანტირებული აქვს. გოგორიშვილს ტურისტული კომპანია „მედია თრეველის“ გამო მოსდებენ შარს, რომლის დამფუძნებელიც პარლამენტის წევრის ნათესავი ირაკლი გოგორიშვილია. პარლამენტის წევრი საქმეში უკვე ფიგურირებს.
როგორც ირაკლი გოგორიშვილი „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, შოთა აფხაიძემ და მამუკა მერაბიშვილმა მისი კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანეს. უამრავი ადამიანი აღმოჩნდა გადაგდებული, რომლებსაც კომპანია ნაწილ-ნაწილ უნაზღაურებს ზარალს. მართალია, დაზარალებულების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მაგრამ კომპანიას მხოლოდ ორმა ადამიანმა უჩივლა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციელია. იგი ამტკიცებს, რომ ხათუნა გოგორიშვილი ირაკლი გოგორიშვილის დაა და ისინი ერთად „ჩალიჩობდნენ“ ვიზებზე.
რა კავშირი აქვს მოახლოებულ არჩევნებს „მედია თრეველის“ სკანდალთან? რამდენი ათასი მოტეხა პოლიტპატიმრად შერაცხულმა აფხაიძემ? სად იმალება ახლა ის? რა ჩაიფიქრა პროკურატურამ? რატომ სთხოვს დახმარებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ტურისტული კომპანიის დირექტორი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს თავად ირაკლი გოგორიშვილი ესაუბრება:
_ ირაკლი, თქვენ გვითხარით, რომ პოლიპატიმრად შერაცხულმა შოთა აფხაიძემ გადაგაგდოთ და ამის გამო შეიძლება, ციხეში აღმოჩნდეთ. იქნებ, უფრო გასაგებად მოგვიყვეთ, რა ხდება?
_ პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ „ქრონიკა+“ დაინტერესდით იმ მდგომარეობით, რაც ტურისტული კომპანია „მედია თრეველის“ დირექტორ ირაკლი გოგორიშვილის გარშემო შეიქმნა. პროკურორ თეა კუტალაძეს მცდელობა აქვს, რომ ჩვეულებრივი სამოქალაქო დავის საგანი გადაიქცეს სისხლის სამართლის საქმედ. ყველაზე ამაზრზენი და საშინელი ისაა, რომ ჭორის საფუძველზე აძლევენ აღნიშნულ საქმეს პოლიტიკურ ელფერს.
მონაჭორის დონეზე საუბრობენ, რომ, თურმე, მე ვარ ხათუნა გოგორიშვილის ძმა. თურმე, მე ვიყენებ მის სახელს. თურმე, მისი დახმარებით ვჩალიჩობ ვიზებზე და ვმუშაობ ამერიკის მიმართულებით. მონაჭორის დონეზე საუბრობენ, რომ თურმე, ხათუნას ამერიკის საელჩოსთან აქვს კავშირი და ის ჩაბმული იყო სავიზო საქმიანობაში. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე! სიცრუესაც აიტანდა კაცი, მაგრამ ჩვენ, ფაქტობრივად, მივიღეთ გასული საუკუნის 37 წელი, როდესაც ადამიანებს იჭერდნენ ვიღაცის მონაჭორზე. მაშინ მთავარი იყო, ვინმეს რამე ეთქვა და ამის დასაბუთებას არავინ ითხოვდა. ადამიანებს აკავებდნენ და ხვრეტდნენ. ახლაც ასეთი სურათია. ძალიან უნდათ ჩემი დაკავება, რათა შემდეგ ხათუნა გოგორიშვილზე იქონიონ გავლენა.
_ სანამ ხათუნა გოგორიშვილზე ვისაუბრებდეთ, გვითხარით, თუ რატომ დაიწყო გამოძიება ?
_ ტურისტული კომპანია „მედია თრეველი“ 2010 წლის ოქტომბერში დავაფუძნე. 2018 წლამდე ძალიან კარგად ვმუშაობდი. კლიენტები კმაყოფილები იყვნენ ჩვენი მომსახურებით. 2018 წელს დაიწყო კომპანიის განზრახ გაკოტრება. 2018 წლამდე არანაირი სერიოზული პრობლემა არ შემქმნია. იყო საქმეები, რომლებიც არ გამოსულა. იმ ადამიანებს, ვისი საქმეც არ გამოგვივიდა, ყოველთვის უკან ვუბრუნებდი თავის ფულს.
2017 წელს შუამავლების მეშვეობით დამიკავშირდნენ მამუკა მერაბიშვილი და შოთა აფხაიძე. ისინი ესტონეთისა და ლიეტუვის მიმართულებით მუშაობდნენ. მე როგორც მითხრეს, იქ საქართველოდან ჩასულ ადამიანებს დასაქმებაში ეხმარებოდნენ. თქვენს მკითხველს შოთა აფხაიძის შესახებ ეცოდინება: ის რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ის პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა. ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობდი, არც მისი საქმიანობის შესახებ ვიცოდი რამე. შუამავლებმა მითხრეს, რომ მას რაღაც ურთიერთობები ჰქონდა ამერიკულ კომპანია „ცეპასთან“. განმიმარტეს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფარგლებში შეიძლება გაკეთდეს ჯგუფები და პიროვნებები გაიგზავნონ ტრენინგზე ამერიკაში.
როგორც მოგვიანებით გავიგე, აფხაიძეს თაღლითური სქემა ჰქონდა ჩაფიქრებული. მისი წყალობით ჩემმა კომპანიამ, სულ მცირე, 90.000 დოლარი იზარალა. ის კომპანიისგანაც იღებდა თანხებს და _ ტურისტებისგანაც. ამ საქმეში არაერთი გადარიცხვა ფიგურირებს. ეს დოკუმენტები მე მაქვს და პროკურატურასაც წარვუდგინე, როგორც მტკიცებულება.
_ რისთვის უხდიდით აფხაიძეს ფულს ან თქვენ, ან _ ტურისტები?
_ მას უნდა გაეწია მომსახურება და ამისთვის წინასწარ ითხოვდა გასამრჯელოს. შუამავლებმა კარგად დამიხასიათეს და ჩვენც მივენდეთ ამ ადამიანს. ის წარმოგვიდგინეს, როგორც ამერიკულ კომპანია „ცეპასთან“ დაახლოებული პირი.
_ ამ კომპანიასთან არ გადაამოწმეთ ინფორმაცია აფხაიძეზე?
_ აღარ გადამიმოწმებია, შუამავლებმა წარმომიდგინეს „ცეპადან“ გამოგზავნილი კონკრეტული საბუთები.
_ როდის დაიწყო პრობლემები?
_ აფხაიძესთან თანამშრომლობის დაწყებიდან ძალიან მალე დაიწყო პრობლემები. ჩვენგან გაგზავნილი მოქალაქეები ამერიკაში მთელი ორი თვე იმყოფებოდნენ, თითქოს, ტრენინგზე. აფხაიძეს, სინამდვილში, სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა. მას სურდა, როგორც კომპანიისგან, ასევე კონკრეტული პიროვნებებისგან, ფინანსური სარგებელი მიეღო. ტიპური თაღლითი და გამომძალველია.
რაღაც პერიოდის შემდეგ სერიოზული ეჭვები გამიჩნდა და „ცეპას“ ხელმძღვანელ ედუარდ ლუკასს დავუკავშირდი. მათი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. ამ ადამიანმა აფხაიძესთან ყოველგვარი კავშირი უარყო. ამის შემდეგ მივხვდით, რომ საქმე გვქონდა თაღლითურ სქემასთან, მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანებული იყო.
ედუარდ ლუკასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, დავკავშირებოდი შოთა აფხაიძეს, მაგრამ ის გაუჩინარდა. გაუჩინარდნენ, აგრეთვე, შუამავლები. 2018 წელს მის წინააღმდეგ უკვე საჩივარი შევიტანე. ასევე საჩივარი შევიტანე მამუკა მერაბიშვილის წინააღმდეგაც. მანაც დიდი ზიანი მოგვაყენა. ჯამურად, 150.000 დოლარის ზარალი მივიღეთ. ჩვენი საქმიანობა შეფერხდა. მე ბენზინი გადამასხეს და მწვავდნენ. თავს ესხმოდნენ ჩემს არასრულწლოვან შვილებს. ძალიან ბევრი ცუდი რამე გადავიტანე. მართალია, ორი სარჩელი მქონდა, მაგრამ არც ერთხელ არ მისარგებლია ადვოკატის მომსახურებით.
_ რატომ არ ისარგებლეთ?
_ მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს არის სამოქალაქო დავის საგანი. თითოეულ მოქალაქესთან, ვინც ჩვენი მომსახურებით ისარგებლა, გაფორმებული გვქონდა ხელშეკრულება. გამოწერილი იყო ინვოისები, თანხის გასავლისა და შემოსავლის ორდერები. ასევე აღრიცხულია ავიაბილეთებისა და სასტუმროს ხარჯებიც. საქმეში დევს გადარიცხვები. ამის მიუხედავად, პროკურორმა საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მისცა. ზემოთ როგორც აღვნიშნე, ახლა ცდილობენ, პოლიტიკური ელფერი მისცენ, რაც ჩემთვის მიუღებელია, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მონაჭორზეა დაფუძნებული და რეალობასთან შორს არის.
_ მითხარით, რომ ორი საჩივარი შეიტანეთ. ფაქტია, აქეთ შეგექმნათ პრობლემები. საჩივარი უკან შემოგიბრუნეს?
_ არა. ჩემი შეტანილი საჩივარი არც კი იხილება. არსებობს ერთი პოლიციელი, რომელსაც ჩვენი კომპანია ემსახურებოდა. ახლა მან სამი წლის შემდეგ მისცა ჩვენება, რომ თითქოს ხათუნა გოგორიშვილი არის ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი. მთელი უბედურება ისაა, რომ პროკურორი რაღაც საოცრებებს აკეთებს. საქმის არც ერთი რეალური ფიგურანტი დაკითხული არ არის. ამის გარდა, საქმეში ჩართული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. ისინი უფრო მამუკა მერაბიშვილის საქმეში მონაწილეობენ. მამუკა მერაბიშვილზე სხვა დროს ვისაუბრებ დეტალურად.
სამი წელია, საჩივარი მაქვს შეტანილი და იგი დღემდე არც დაუკითხავთ. არც შოთა აფხაიძე დაუკითხავს ვინმეს. ეს პიროვნება გრუ-სთან თანამშრომლობაშია შემჩნეული. ამის შესახებ ძალიან ბევრი რამე ვიცი. კარგი იქნება, გამოძიება ამითაც თუ დაინტერესდება.
_ აფხაიძე რომ გრუ-სთან თანამშრომლობაშია შემჩნეული, ამის დამამტკიცებელი საბუთი გაქვთ?
_ კონკრეტული საბუთი არ მაქვს, რითაც აფხაიძის გრუ-სთან თანამშრომლობა დასტურდება, მაგრამ მაქვს სერიოზული ინფორმაცია. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აფხაიძე ახლა მოსკოვს აფარებს თავს. მას სპეციფიკურ დავალებებს აძლევდნენ და უცხოელი დიპლომატების მიმართულებით უნდა ემუშავა. პოლიტპატიმრად წოდებულმა გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი, რათა ეს თანხები მიეთვისებინა. ახლა მას ვერანაირად ვუკავშირდები.
_ ზემოთ მითხარით, შუამავლებიც გაქრნენო და ასე ერთად როგორ გაქრა ყველა?
_ აბა, რა გითხრათ?! _ ფაქტია, გაქრნენ! არადა, პრობლემები რომ შეიქმნა, შუამავლები ვალდებულებას იღებდნენ, რომ აფხაიძეს თანხას დააბრუნებინებდნენ. ახლა ისინი მიმალულები არიან. ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან გაიქცა.. მე არაერთხელ მქონდა შანსი, რომ საქართველოდან გავქცეულიყავი. არაერთხელ მაქვს ამ წლების განმავლობაში ქვეყნის საზღვარი გადალახული, მაგრამ ყოველთვის უკან ვბრუნდებოდი. გაქცევას არც მომავალში ვაპირებ, მაგრამ დიპლომატიურ კორპუსს შეიძლება, დახმარება ვთხოვო.
_ მათ რატომ უნდა სთხოვოთ დახმარება?
_ აშკარად ვხედავ, რომ ჩემი მეშვეობით უნდათ ხათუნა გოგორიშვილზე ზეწოლა ან გარკვეული ზეგავლენის მოხდენა. არც ისაა შემთხვევითი, რომ არჩევნების წინ განიხილავენ ამ საქმეს დაჩქარებულად. ეტყობა, ხათუნას განეიტრალება გადაწყვიტეს.
_ მითხარით, რომ პოლიციელი ჩვენებაში ამბობს, თითქოს ხათუნა თქვენი დაა. რამდენადაც ვიცი, არ ხართ ახლო ბიძაშვილები. როცა ჟურნალისტი იყავით, თქვენ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გქონდათ მასთან.
_ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ხათუნა გოგორიშვილი ჩემი ნათესავია. ისევე როგორც ჩემი ნათესავები არიან დავით საგანელიძე, სანდრო ბრეგაძე, ზურაბ ცქიტიშვილი, ზაზა სიორიძე.
_ რანაირად გენათესავებიან ეს ადამიანები?
_ ისინი, ხათუნას მსგავსად, ჩემი შვილების ნათლიები არიან. არაერთ ცნობად სახესთან მაკავშირებს ნათელ-მირონობა. მე ვარ ჟურნალისტი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი დევნიდა, ხათუნა კი იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა. ისე მოხდა, რომ ჩემი საქმიანობის გამო ჩემი მეუღლე პარლამენტიდან დაითხოვეს. ჩემი მეუღლე წლებია, აღარ მუშაობს პარლამენტში. ვიღაცები კი ამტკიცებენ, რომ თითქოს პარლამენტის ანგარიშებსაც კი ვიყენებდით.
_ რა გამოდის _ ერთია, რომ თქვენ ფინანსურად დაზარალდით და მეორეა, რომ ამ საქმეს ხათუნა გოგორიშვილის წინააღმდეგ იყნებენ?
_ ასეა. უკვე კარგა ხანია, რაც დავინახე, რომ ამ საქმის ხათუნას წინააღმდეგ გამოყენება უნდათ. ძალიან უნდათ ჩემი დაკავება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ საქმეში პოლიციის მაღალჩინოსნებიც არიან ჩართულები. თქვენი გაზეთის მეშვეობით საქმის პროკურორს ვუთვლი: ან სიკვდილი, ან გამარჯვება. ჩემი დაკავება სიკვდილის ტოლფასია. გამარჯვება იქნება იმის დამტკიცება, რომ მე მართლა მომადგა ზიანი.
_ დაკავება ძალიან ცუდია, მაგრამ სიკვდილზე რატომ საუბრობთ?
_ ჯანმრთელობა შერყეული მაქვს და შეიძლება, ციხეში რაღაც მომივიდეს. ან მე რატომ უნდა წავიდე ციხეში, როცა თაღლითებმა რეალურად აქეთ დამაზარალეს?! მე ვცხოვრობ სახლში, რომელიც იმ პერიოდში წამართვეს.
_ თუ წაგართვეს, რანაირად ცხოვრობთ იქ?
_ ამას თუ ცხოვრება ჰქვია! ნებისმიერ წუთს ველოდები გამოსახლებას. სად არის ლოგიკა, რომ ათეულობით ათასი დოლარი შემომსვლოდა და შვილები და მოხუცი დედა დამეტოვებინა ქუჩაში? 12.000 დოლარს ვერ გადავიხდიდი? აბსურდია.
_ გამოსახლებას რატომ ელოდებით?
_ იმიტომ, რომ ჩემი ბინა აუქციონზე გაიტანეს.
_ როდის?
_ 2018 წლის ივლისში ბინა წაგვართვეს. სასამართლოში სარჩელი შევიტანე, მაგრამ ყველა ინსტანცია წავაგე. მე რომ ამ საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა არ მინდოდეს და მართლა თაღლითი ვიყო, გავიქცეოდი. ბოლო სამ წელიწადში საქართველოდან, სულ მცირე, ათჯერ გავედი. თანხა მართლა მე რომ მიმეთვისებინა, წავიღებდი იმ ფულსაც და საზღვარგარეთ მოვიწყობდი ცხოვრებას. მგონი, ისიც ბევრ რამეზე მეტყველებს, რომ არც ერთ ეტაპზე არ მყოლია ადვოკატი.
_ ეს ცოტა უცნაური და გაუგონარი ამბავია.
_ მიმაჩნია, რომ ეს საქმე სამოქალაქოა და იგი ადვოკატს არ საჭიროებს. ადვოკატი არა, მაგრამ აშშ-ის საელჩოს დახმარება კი მჭირდება. „ქრონიკა+“-ის მეშვეობით მივმართავ აშშ-ის საელჩოს და კონკრეტულად, ქალბატონ ელჩს. აშკარაა, რომ ეს ქალბატონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს დიდი გულისყურით ადევნებს თვალს. ამ საქმესაც უნდა მიაქციოს ყურადღება.
_ ამ საქმეს რატომ უნდა მიაქციოს ყურადღება?
_ იმიტომ, რომ უნდათ, ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი მისცენ, რაც დაუშვებელია. ჩვენ აღიარებული გვაქვს ვალდებულება და მზად ვართ, შეძლებისდაგვარად, დავუბრუნოთ დაზარალებულებს თანხები. მაგრამ პოლიციელი, რომლის ჩვენებაზეც გესაუბრეთ, ბევრად მეტ თანხას ითხოვს _ იმაზე მეტს, ვიდრე შემოიტანა. საფუძვლიანად ვეჭვობ, რომ ჩვენგან ფულის გამოძალვა უნდათ. სამწუხაროდ, ამას ხელს აფარებს პროკურორი თეა კუტალაძე. რომელიც არც ერთ საბუთს არ გასცნობია. არადა, უამრავი საბუთი წარვადგინე. ეს საბუთები ერთად რომ ნახოთ, შეიძლება, გაოგნდეთ. საბუთებიდან კარგად ჩანს, რომ საქმეში შოთა აფხაიძე და მამუკა მერაბიშვილი ფიგურირებენ.
_ მამუკა მერაბიშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს? მასზე არაფერი გითქვამთ.
_ მამუკა მერაბიშვილი გახლავთ ე. წ. ბიზნესმენი. ის ესტონეთში მოღვაწეობს, რომელსაც ამ ქვეყანაში ოცამდე საქართველოს მოქალაქე უნდა დაესაქმებინა. მის სახელზე რამდენიმე ათეული ათასი ევროა გადარიცხული, მაგრამ მან არავინ დაასაქმა. ამან ძალიან დაგვაზარალა. ადამიანები ორჯერ და სამჯერ ჩადიოდნენ ესტონეთში. მათ ხარჯებს ჩვენ ვანაზღაურებდით. საბოლოოდ, გაკოტრების პირას მიგვიყვანეს. აღარაფერს ვამბობ იმ თავდასხმებზე, რაც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა. საკუთარ თავს არ ვჩივი, ჩემს შვილებს ემუქრებოდნენ.
_ ვინ ემუქრებოდა?
_ უამრავი ვინმე. ძალიან ბევრი მუქარის შემცველი წერილი მივიღეთ.
_ პროკურატურას არ ჰქონია მცდელობა, აფხაიძესა და მერაბიშვილს დაკავშირებოდნენ? რომ არ დაუკითხავთ, ეს უკვე გვითხარით.
_ ამის სურვილიც კი არ გამოუხატავს პროკურატურას. არც შუამავლების დაკითხვა მოუნდათ. დარწმუნებული ვარ, პროკურორს ამ ადამიანების საქმეები კარგად აქვს შესწავლილი და ამიტომაც არ უნდა მათი დაკითხვა.
მათი მიზანია, ეს საქმე, რაც შეიძლება, მალე გადასცენ სასამართლოს. პოლიციელს, რომლის ჩვენებაზეც გესაუბრეთ, განცხადება 2018 წელსაც ჰქონდა შეტანილი ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ ის არ დაუკითხავთ. იმ ადამიანს არც ხათუნა გოგორიშვილი უხსენებია აქამდე სადმე. მხოლოდ ახლა დაკითხეს და, რატომღაც, ხათუნა ახსენა.
_ როდის დაკითხეს ეს ადამიანი?
_ სადღაც, მარტში. რამდენიმე თვის წინ ამ საქმეს პოლიტიკური შეფერილობა მისცეს. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, რომ საქმეში ხათუნა გოგორიშვილია ჩართული, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ის ჩემი დაა და ჩაბმული იყო სავიზო საქმიანობაში. ახლა შეეცდებიან, გაავრცელონ ხმა, რომ ხათუნა ვიზების ბიზნესით საქმიანობდა, მე „მკრიშავდა“ და ფულებს „აპრავებდა“. მაპატიეთ, ჟარგონით ვსაუბრობ, მაგრამ პოლიტიკოსებმა ეს სტილი დაამკვიდრეს. თურმე ხათუნა ჩემს ზურგს უკან ამოფარებული მუშაობდა. 2018 წლამდე ისე ვიმუშავე, ერთი პრობლემაც არ შეგვქმნია. მთელ რიგ უცხოურ კომპანიებთან ვთანამშრომლობდი. რაში მჭირდებოდა ვინმეს სახელის გამოყენება? ან ხათუნას სახელი რატომ უნდა გამომეყენებინა? ავდგებოდი და ისეთი ადამიანის სახელს ამოვეფარებოდი, ვინც ამ ხელისუფლებასთან არის დაახლოებული.
უახლოეს დღეებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივმართავ. მათგან იურიდიული კონსულტაცია მჭირდება. ჩემი დაკითხვები გრძელდება. ახლა იგეგმება დაზარალებულების დაკითხვაც. უნდა ვთხოვო მათ, რომ სიმართლე ილაპარაკონ და თქვან ის, თუ რამდენჯერ ჩავიდნენ ვილნიუსსა და ვარშავაში, სადაც შეხვდნენ შოთა აფხაიძეს, რომელიც მათ საქმის გაკეთებას დაჰპირდა. ისიც უნდა ვთხოვო, რომ არ დაჰყვნენ პროკურატურის ზეწოლას და მათთვის სასურველი ჩვენება არ მისცენ. საინტერესოა ისიც, რომ დაზარალებულია ასამდე ადამიანი. ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ ორმა შეიტანა საჩივარი.
_ თქვენმა კომპანიამ მუშაობა შეაჩერა, თუ ისევ საქმიანობთ?
_ ჩათვალეთ, რომ ოფისი აღარ გვაქვს. დაზარალებულების ნაწილი მოვიდა და პროტესტის ნიშნად იქ დაიწყო ცხოვრება. მუშაობის საშუალება არ მქონდა. დაცვის სამსახური რომ არა, ახლა შეიძლება, ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სახლიდან ვმუშაობ.
ვიმეორებ: ვეჭვობ, რომ ჩემ დაჭერას გეგმავენ. დაკავების შემდეგ, დიდი ალბათობით, ჩემზე ზეწოლა განხორციელდება. ახლავე ვაცხადებ, რომ თუ ხათუნა გოგორიშვილის წინააღმდეგ რამე ჩვენებას მივცემ, ეს იქნება ზეწოლის შედეგი.
შორენა მარსაგიშვილი