როგორ ცდილობს „ოცნება“ მედიის ჯიბეში ჩასმას

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში არ ყოფილა ხელისუფლება, რომელსაც მედიაზე ზეწოლის სურვილი არ ჰქონოდა. ეს სურვილი ზოგჯერ მძაფრ სახეს იღებდა, ზოგჯერ კი მმართველები ფარულად მოქმედებდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა ასეთი მცდელობა კრახით, ანუ მთავრობის ფიასკოთი მთავრდებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მართვის სადავეებს იგდებდა ხელთ, წინამორბედის შეცდომებზე არ სწავლობდა და „მეოთხე ხელისუფლების“ „დაჩმორებას“ ცდილობდა.

ახლაც სწორედ ასე ხდება, ანუ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისად 2007 წლის ნოემბერში „ტელეიმედზე“ განხორციელებული შტურმი იქცა, რასაც „ფოტოგრაფების საქმე“ მოყვა. წესით და რიგით, ეს ორი ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და ქრესტომათიულია, რომ „ოცნებას“ მსგავსი გზა აღარ აუნდა აერჩია, მაგრამ, ალბათ, მართალია, რომ ამბობენ ხოლმე, ძალაუფლება, მით უმეტეს, აბსოლუტური, ყველას რყვნისო. ჰოდა, „ოცნებაც“ გაირყვნა და ყველაფერს აკეთებს, რომ ბეჭდური, ინტერნეტ თუ ტელემედია ჯიბეში ჩაისვას. ისე, ზოგიერთი მედიასაშუალება „ოცნებას“ იქით „ეტენება“, ანუ საკუთარ თავს სთავაზობს, გინდა თუ არა, შენი ფეხების ნაბანი წყალი დამალევინე და ბედნიერი ვიქნებიო. ამის ნათელი მაგალითია „იმედი“, რომელიც ივანიშვილის გუნდის ჩვეულებრივი რუპორია, თუმცა ნაცვლიშვილ-ლალიაშვილის „ტელეკანტორა“ ყველაფერ ამას ისე ცუდად და უგემოვნოდ აკეთებს, რომ პირად საუბრებში თავად „ოცნებელებიც“ აღიარებენ, _ ის, რაც „იმედზე“ ხდება, სრული მარაზმიაო.
მოკლედ, „იმედს“ თუ დავუჯერებთ, საქართველოში არც სიღარიბეა, არც ბავშვები შიმშილობენ და ამერიკელი კონგრესმენ-სენატორებიც „ოცნებას“ სულ სამადლობელ წერილებს უგზავნიან. ანალოგიურ ნარატივს ატარებს შალვა რამიშვილის „პოსტ ტვ“-იც, თუმცა ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, ანუ ეს ორი მედიასაშუალება რეალობის გადაფარვას ვერ ახერხებს და, შესაბამისად, საზოგადოებაში არსებული ოპოზიციური განწყობებიც არ იმალება.
ისე, შესაძლოა, ზოგიერთი გამოვიდეს და თქვას, როგორ შეიძლება, „ოცნების“ მედიაპოლიტიკა „ნაციონალებისას“ შეადაროთ, მაშინ ხომ თითქმის ყველა ჟურნალისტი, თითო-ოროლას გამოკლებით, ერთ ხმაში მღეროდა და მიშას ადიდებდაო?! ამ მოსაზრებას არსებობის უფლება, ცხადია, აქვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ტელევიზიაში სპეცრაზმი შევარდება და თავისუფალ სიტყვას ხელისუფლება ასე შეზღუდავს თუ, მაგალითდ, გავლენიანი გამოცემის, ამ შემთხვევაში, „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს ნარკოტიკს ჩაუდებს და იმ მიზნით დაიჭერს, რომ ამით დედაზე ზეგავლენა მოახდინოს და გაზეთი, რომელიც ხელისუფლების ყველა უკეთურობას ამხელს, გააჩუმოს?
საბედნიეროდ, ელისო კილაძეზე შვილით შანტაჟმა არ გაჭრა. მისმა ვაჟმაც, დავით ხარშილაძემ, „ოცნების“ „გულაგს“ ვაჟკაცურად გაუძლო, მაგრამ ვინ, ვინ და ჩვენ, ჟურნალისტებმა მაინც ვიცით, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა სამთავრობო უწყებებიდან, მესიჯბოქსთან ერთად, კონვერტებსაც როგორ იღებს.
მოკლედ, ერთია, როცა ჟურნალისტი კონფორმისტი საკუთარი სურვილით ხდება, მაგრამ მეორეა, როცა ხელისუფლება ცდილობს მედიაორგანიზაციაზე ზეწოლას! დღეს სწორედ ამ ზეწოლაზე გავამახვილებთ ყურადღებას და სხვადასხვა წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გასაჯაროებულ არცთუ გახმაურებულ ფაქტებს გაგახსენებთ („რუსთავი 2-ისა“ და იგივე ტვ „პირველის“ საქმეზე უკვე იმდენჯერ ითქვა და დაიწერა, რომ ყველამ ყველაფერი გადასარევად იცის, შესაბამისად, ამაზე მსჯელობით აღარ მოგაცდენთ).
სხვათა შორის, ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის მარტში, საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ანგარიში „ოცნებას“, წესით, გაფრთხილებად უნდა მიეღო, რადგან 2012 წლის შემდეგ ეს, პრაქტიკულად, პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩვენმა ოკეანისგაღმელმა მეგობრებმა ივანიშვილის გუნდი უმწვავესად გააკრიტიკეს. ასევე ყურადსაღები იყო, რომ ეს ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა, თუმცა „ოცნებამ“ მაშინ ამ კრიტიკას ყურადღება არ მიაქცია და ჩათვალა, რომ ამერიკელების „დაბოლებას“ უწინდებურად გააგრძელებდა, მაგრამ, საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ანგარიშიდან ერთი წლის შემდეგ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოფიციალურ თბილისს წერილს წერილზე უგზავნიან და ღიად ეუბნებიან, რომ გონს მოეგოს, თორემ ცუდად დაამთავრებს.
„ეუთოს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტულად და პროფესიონალურ დონეზე ორგანიზებულად შეაფასეს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს არათანაბარი გარემოს, ამომრჩევლის დაშინებისა და შურისძიების შიშის არსებობის გამო. დამკვირვებლებმა გაიმეორეს თავიანთი შეშფოთება მეორე ტურის შემდეგაც. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს თავისუფალ გარემოში შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, ერთი მხარე სარგებლობდა გაუმართლებელი უპირატესობით და კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ორივე მხარეს ძირი გამოუთხარა. პოლიტიკურ ძალადობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება პრობლემად რჩება. მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმების ჩათვლით. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს სცემეს, მიყენებული დაზიანებები საკმარისად სერიოზული იყო და რამდენიმედღიან ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ოცნების“ 5 აქტივისტს ბრალი წაუყენა. პროკურატურამ გამოძიება ივნისში დაიწყო მარნეულის მერის მიერ მოქალაქეზე თავდასხმის გამო, რომელსაც აიძულა, ბოდიში მოეხადა და საკუთარი შარდი წაესვა სახეზე“, _ ნათქვამია იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შარშან გამოქვეყნებულ ანგარიშში.
რაც შეეხება უშუალოდ მედიაზეწოლას, ამ თემაზე არაერთი დასკვნა აქვს მომზადებული ისეთ გავლენიან ქართულ არასამთავრობო როგანიზაციას, როგორიც “საერთაშორისო გამჭვირვალობაა“. ამ ნგო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევა: „რეგიონულ მედიაზე ზეწოლის გახშირებული ფაქტები“, 2015 წლის 13 ოქტომბრით თარიღდება და მასში ვკითხულობთ:
„ბოლო წლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონულ მედიაზე ზეწოლის 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მუდმივად გამოხატავდა პოზიციას იმ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც შესაძლებელი იყო ინფორმაციის გადამოწმება. მიგვაჩნია, რომ რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები საფრთხის შემცველ ტენდენციად ყალიბდება. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, რეგიონულ მედიას მნიშვნელოვნად შეეშლება ხელი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჯეროვნად გაშუქებაში.
რეგიონულ მედიაზე და რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ინფორმაცია მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით შეაგროვა. ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები გაესაუბრნენ რეგიონული მედიის რამდენიმე წარმომადგენელს. ბუნებრივია, ამ მასშტაბის მოკვლევა არ გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ ჟურნალისტებზე ზეწოლისა ან მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ყველა ფაქტი. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს კარგად არ აქვთ გააზრებული დამოუკიდებელი მედიის როლი და კრიტიკულ ჟურნალისტურ მასალებზე ხშირად არაადეკვატურად რეაგირებენ.
მოკვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად ზეწოლის ადრესატები კახეთისა და აჭარის რეგიონის ჟურნალისტები ხდებოდნენ. ზეწოლის ფაქტები ასევე დაფიქსირდა გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
კახეთში 2014-2015 წლებში ადგილობრივ მედიაზე ზეწოლის 5 ფაქტი გამოვლინდა. ზეწოლის ადრესატი ყველაზე ხშირად ადგილობრივი ონლაინ მედიის „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი და რედაქტორი გელა მთივლიშვილი იყო.
2014 წლის 4 ივნისს პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ რედაქტორს სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ პიროვნებად მოიხსენა.
„გელა მთივლიშვილმა გაავრცელა ტყული, რომ თითქოს ჩემი ოჯახის წევრი ახმეტაში იყო ჩასული და ბიუჯეტის ხარჯზე რაღაც სუფრა გაუმზადეს. ეს არის ტყუილი, მეგობრებო, როდემდე უნდა გაგრძელდეს ტყუილის ტირაჟირება და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთების შესრულება. მე ვიცი, რომ მეგობრობთ ღვინიაშვილთან )მიმართავს გელა მთივლიშვილს), მაგრამ არ შეიძლება ყოველთვის შეასრულოთ მათი დავალებები“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
აღნიშნული ინციდენტის შემდგომ რამდენიმე სახელწიფო მოხელემ ფეისბუქ გვერდის საშუალებით მთივლიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსები გაავრცელა. სტატუსის ავტორები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ჯღარკავა და კახეთის საოლქო პროკურორი, ტატო მარგებაძე იყვნენ. საჯარო მოხელეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ჟურნალისტის ღირსებას ლახავდა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო აღნიშნული საჯარო მოხელეების მხირდან ჟურნალისტის შესახებ საჯაროდ აზრის გამოხატვის პირველი შემთხვევა. მათ გელა მთივლიშვილის მიმართ ღირსების შემლახავი კომენტარები 3 ივნისსაც გამოთქვეს, როცა ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა.
სოციალური ქსელით 2015 წლის 28 ივლისს გელა მთივლიშვილს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი მედიის დარგში იმედა დარსალიაც ემუქრებოდა.
„მთივლიშვილო, შე უზრდელო, დიდი ხანია, ატეხილი ხარ შენ ყველაზე და მიიღებ ყბებში მაგ უზრდელობისთვის. ჯერ ზრდილობა ისწავლე და მკითხველს მერე ელაპარაკე“, _ ეს საჯარო სტატუსი სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, იმედა დარსალიას პირად ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
დარსალიას გაღიზიანება გელა მთივლიშვილის იმ პოსტებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე ეს უკანასკნელი „დაბლოკეს“ და მის კომენტარებს შლიდნენ. საჯარო მოხელე ასევე აღნიშნავდა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს თმენის ვალდებულება.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ რედაქტორმა არაერთხელ ისაუბრა კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილის მხრიდან ზეწოლაზე. 2015 წლის აპრილში ჟურნალ „ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მთივლიშვილი სარეკლამო დაკვეთების შემცირებაზე საუბრობდა, რასაც პირდაპირ უკავშირებდა შიოლაშვილის მხრიდან ბიზნესმენებისთვის „კახეთის საინფორმაციო ცენტრში“ რეკლამის მიტანის აკრძალვას.
2015 წლის აგვისტოში მთივლიშვილმა მის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გამო კახეთის გუბერნატორს სასამართლოში უჩივლა. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტი შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა.
შიოლაშვილის განცხადებას წინ უძღოდა მთივლიშვილის მომზადებული სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო გუბერნატორის მამის მხრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციის სახსრების გამოყენებაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“ გამოეხმაურა 2 ოქტომბერს ლაგოდეხში „ჰერეთის“ ჟუნრალისტთან დაკავშირებულ ინციდენტს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს თავმჯდომარემ, გოდერძი ბარბაქაძემ, რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტ სოფო სარალიძეს ხმამაღლა მიუთითა გაეშუქებინა ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვის საკითხი. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას ბარბაქაძემ ჟურნალისტის მისამართით საყვედური უხეში ფორმით (ყვირილით) რამდენჯერმე გამოთქვა.

აჭარა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ აჭარაში ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა.
2015 წლის პირველ სექტემბერს ქედაში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჟურნალისტი ამ დროს სამინისტროს წარმომადგენელთან ინტერვიუს ათანხმებდა. მირზა სუქნიშვილის განმარტებით, ჟურნალისტი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი ნასვამი იყო, უარყო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, შორენა ღლონტმა. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს, რეპორტიორსა და ოპერატორს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმავე დღესვე ჩაუტარეს ექსპერტიზა ალკოჰოლზე, რომლის თანახმად, არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. აჭარის ტელევიზიამ ინციდენტის გამოძიების თხოვნით მიმართა პროკურატურას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, დისციპლინური კომისიის მოკვლევის დასრულებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა.
30 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის მანქანა უცნობმა პირმა გაიტაცა. გატაცების შესახებ შესაბამის ორგანოებს ტელევიზიის ჟურნალისტმა ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტს ეზოში ქობულეთის პოლიციის უფროსი, ზაქარია გურჩიანი დახვდა, რომელმაც მისგან ჩვენების შეცვლა მოითხოვა. გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის ეზოში იმყოფებოდნენ სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი და მისივე ადვოკატი. „ბათუმელების“ ინფორმაციითვე, დაკითხვიდან გამოსულ ჟურნალისტზე მთელი ღამის მანძილზე სხვადასხვა პირი ზეწოლას ახორციელებდა და ჟურნალისტისგან ჩვენების შეცვლას ითხოვდა.
2015 წლის 25 აგვისტოს ქობულეთის საკრებულოს წევრმა ივერი გუგუნავამ გაზეთი „ბათუმელები“ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მიზეზად საკრებულოს წევრმა „ბათუმელების“ მიერ კომერციული დაკვეთის ფარგლებში „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული გაზეთის გავრცელება დაასახელა.
2014 წელს, აჭარის რეგიონში ჟურნალისტზე ზეწოლის ყველაზე გახმაურებული საქმე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მედეა ვასაძეს უკავშირდება. „ტელეარხი 25-ის“ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს დეპუტატი მედეა ვასაძე მას შედეგ დაემუქრა, რაც 8 ივნისს ანანიძის საავტორო ფილმი, „უმაღლესი კომფორტით“, ეთერში გავიდა. ფილმი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გაწეულ ხარჯებს ეხებოდა.
მასალის ეთერში გასვლის შედგომ დეპუტატმა ჟურნალისტს დაურეკა და დაემუქრა. „ტელეარხი 25-მა“ აუდიოჩანაწერში, სადაც დეპუტატ მედეა ვასაძის მუქარა გარკვევით და მკაფიოდ ისმის, საკუთარ ვებგვერდზე გაასაჯაროვა.
მომხდარიდან მალევე სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეიქმნა გვერდი, სადაც ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის პირადი ცხოვრების ამსახველი და ღირსების შემლახველი ფოტო-ვიდეო მასალა იტვირთებოდა. „ტელეარხ 25-ის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი სურმანიძემ აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით პოლიციას 12 ივნისს მიმართა და სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდის ავტორების დადგენა სთხოვა. ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის შემდგომ მედეა ვასაძის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებას არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების ნაწილი ითხოვდა.

გურია
ჟურნალისტებზე ზეწოლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში. 2014 წლის ივლისში გამოცემა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს ტელეფონით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
2014 წლის თებერვალში ამავე ჟურნალისტსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ კონსტანტინე შარაშენიძეს შორისაც მოხდა დაპირისპირება. ჟურნალისტმა გამგებელს მისთვის არასასურველი შეკითხვა დაუსვა, რასაც გამგებლის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა. შარაშენიძემ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.
2015 წლის სექტემბერში ზეწოლის ფაქტზე მიუთითა ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ. მისი თქმით, ოზურგეთში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მისამართით დასმული შეკითხვის შემდეგ, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ ჟურნალისტი „გვერდზე გაიყვანა“ და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.

იმერეთი
თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს ხარაგაულის გამოცემა „ჩემი ხარაგაულიც“. 2014 წლის დეკემბერში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა მუნიციპალური გაზეთის „ახალი ხარაგაულის“ მეშვეობით გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ტენდენციურ გამოცემად მოიხსენია, რომელიც „ემსახურება ვიწრო პარტიულ ჯგუფს, კერძოდ ნოდარ ებანოიძესა და მის რესპუბლიკურ პარტიას“, რასაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გაზეთის რედაქტორ ლაურა გოგოლაძეს, ხარაზაშვილსა და ხარაგაულის გამგებელ კობა ლურსმანაშვილს შორის დაპირისპირება მოყვა.

ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი
2015 წლის 27 მარტს ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტებმა ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. წერილში ტელეკომპანია რეგიონის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა. ჟურნალისტები ირაკლი ღარიბაშვილს საკითხის შესწავლასა და ტელეკომპანიაზე ზეწოლის ფაქტზე რეაგირებას სთხოვდნენ.
„მიუხედავად ხელისუფლების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ მედია განთავისუფლდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ტელევიზიის მაგალითზე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ტელეკომპანია „თრიალეთი“ რეგიონის ხელისუფლებისგან განიცდის ზეწოლას! შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, დანიშვნის დღიდან, გვებრძვის ზუსტად იმავე მეთოდებით, როგორც წინა ხელისუფლების გუბერნატორი გვებრძოდა!“ _ ნათქვამი იყო განცხადებაში.
ღია წერილი ტელეკომპანია „თრიალეთმა“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თრიალეთის“ ჟურნალისტის დასმულ კითხვას ცილისმწამებლური უწოდა. პრემიერ-მინისტრს გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვა ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტმა 2015 წლის 26 მარტის პრესკონფერენციაზე დაუსვა. პრემიერმა გუბერნატორის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა და გუბერნატორს ურჩია, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტისთვის სასამართლოში ეჩივლა და მისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა. 26 მარტს გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთისგან“ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
2014 წლის დეკემბერში ყურადღების ცენტრში იყო რეგიონული გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“, რომლის რედაქციის თანამშრომლების განცხადებით გაზეთში 8 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ჟურნალისტებზე ზეწოლა დაიწყო.
გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი სამხარეო პოლიციის უფროსს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. გაზეთის რედაქტორ, ნინო ნარიმანიშვილის ინფორმაციით, მასალის გამოქვეყნებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა სტატიის სათაურის შეცვლა მოითხოვა, რაზედაც რედაქციისგან უარი მიიღო.
11 დეკემბერს გაზეთის რედაქციასთან სოფელ გოგაშენში მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის დაზარალებულის ახლობლები იყვნენ, გაზეთს ფაქტების არაზუსტად წარმოდგენაში ადანაშაულებდნენ. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გაზეთი მკვლელობის ფაქტს 2014 წლის ივლისიდან აშუქებდა და დეკემბრის ნომრამდე, სადაც პოლიციელების მხრიდან ზეწოლაზე იყო საუბარი, ოჯახს ჟურნალისტებისა და გაზეთის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.
რედაქციის განცხადებით, აქციის შემდეგ ჟურნალისტებზე ზეწოლა სხვადასხვა მეთოდით გრძელდებოდა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“ აგრძელებს ქვეყანაში მედია გარემოზე დაკვირვებას და აქტიურ თანამშრომლობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ მედიასაშუალებებთან. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებზე ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება. მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სხვადასხვა სახის პოლიტიკურ აქტივობაში ჩართული პირების მხრიდან ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან მედიასთან აგრესიული დამოკიდებულება ცუდ მაგალითს აძლევს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მთავრობების წარმომადგენლებს. მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და მკაცრი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობის ყველა ფაქტზე, რათა რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევები ტენდენციად არ ჩამოყალიბდეს“.


მართალია, 2015 წლის შემდეგ 5 წელი გავიდა, მაგრამ მედიაზე ზეწოლის კუთხით ვითარება კი არ გაუმჯობესდა, პირიქით, გაუარესდა, რასაც ბოლო ფაქტებიც მოწმობს: ტვ „პირველის“ დამფუძნებლის მამის წინააღმდეგ გამოძიება ისეთ საქმეზე მიმდინარეობს, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც _ დაზარალებული. ამას გარდა, სასამართლოში „მთვარის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასაც დაატარებენ. ამავე არხის ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა, კი ჩადებული იარაღისთვის ზის ციხეში.
ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვინმე ანრი ოხანაშვილმა, ტვ „პირველის“ ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს პირდაპირ ეთერში სულ უსინდისო მხოლოდ იმის გამო ეძახა, რომ ჩიხლაძემ „გაბედა“ და თავის საავტორო გადაცემაში სტუმრად ის ადამიანი მოიყვანა, რომელიც ოხანაშვილს თავს დაესხა და რომელიც აცხადებს, რომ პოლიციამ მასზე იძალადა.
მედიაზე ზეწოლის სულ ბოლო შემთხვევა კი აჭარის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ქეისია. კერძოდ, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატის გაუქმება გადაწყვიტა.
ერთი სიტყვით, ყველაფერი ზემოთქმული თვალნათლივ მოწმობს, რომ „ოცნებას“ მედიის სრული გაკონტროლების სურვილი აქვს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასეთი სურვილები არათუ კრახით მთავრდება, არამედ ხელისუფლება, რომელსაც ცენზურისკენ აქვს ხოლმე მიდრეკილება, პოლიტიკური ავანსცენიდან საერთოდ ქრება ხოლმე!
ასე რომ, ძვირფასო „ოცნებავ“, გახსოვდეს: მედიასთან ბრძოლა კარგს არაფერს მოგიტანთ

გიორგი აბაშიძე