დავით ოთხმეზურის მკვლელობის მოწმე პროკურატურის მაღალჩინოსნისა და ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავის დასახელებით იმუქრება!
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილი და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური, 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს. პროკურატურამ საქმე გახსნილად მხოლოდ 2015 წელს გამოაცხადა, ასლან ბეჟანიძე კი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2016 წლის 26 მარტს განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ ის 2018 წლის 29 მარტს დამნაშავედ ცნო. ბეჟანიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს ვადა მას სალომე ზურაბიშვილმა აპატია.
მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე „ქრონიკა+“-ს სკანდალურ წერილს უგზავნის და პირდაპირ ადებს ხელს პროკურატურის მაღალჩინოსებს, რომელთაგან ერთ-ერთმა მკვლელის დედაზე იქორწინა.
აი, რას გვწერს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოთხმეზურის მკვლელობის მოწმე, პატიმარი შოთა შანიძე:
„მსურს, გამოვეხმაურო დავით ოთხმეზურის მკვლელის შეწყალების ფაქტს და მისი ინტერესების დამცველების განცხადებებს.
თავად ეს ფაქტი არის უზნეობა და სითავხედე, რომელიც ყველა ზღვარს სცილდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია კრიმინალური ელემენტების მიერ.
დავით ოთხმეზური 18 წლის ასაკში მოკლა ასლან ბეჟანიძემ. ეს არ იყო უბედური შემთხვევა ან აფექტის მდგომარეობაში მომხდარი ქმედება. ეს იყო სასტიკი და კარგად გათვითცნობიერებული ჯგუფური განზრახ მკვლელობა. დიახ, ამ საქმეს ჰყავდა თანამონაწილე და ის ძალიან სერიოზულ თანამდებობას იკავებს დღესდღეობით. ასევე ამ თანამონაწილის მამა უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობდა წლების განმავლობაში. ეს გახლავთ ძალოვანი სტრუქტურები და ის იქ უმაღლესი ჩინის მფლობელია. სამწუხაროდ, თავის დროზე, გენერალურმა პროკურატურამ ერთ-ერთი დამნაშავის თანამდებობისა და მისი მამის გავლენების წყალობით იმოქმედა ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო ბიუროს სჩვევია. კერძოდ, მკვლელობის საქმე, რომელსაც 109-ე მუხლი უნდა მისადაგებოდა, გადაკვალიფიცირდა და 108-ე მუხლით წარიმართა. რა თქმა უნდა, ეს იყო გარიგება, რათა დამნაშავე პასუხისმგებლობისგან გაეთავისუფლებინათ.
მე, შოთა შანიძე, ვარ ამ სასტიკი მკვლელობის თვითმხილველი და მოწმე. მე ვარ სწორედ ის ადამიანი, რომელმაც სასამართლოში ამ ადამიანის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და ვინც ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა. არადა, 2004 წელს, მთელი თბილისი შეგვძრა ამ მკვლელობამ. თავშივე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანამდებობზე მყოფი გავლენიანი პირები დამნაშავეებს ხელს დააფარებდნენ. უკვე ძიების პროცესში დადგინდა, რომ მკვლელსა და თანამოაზრეს ხელს აფარებდნენ მირიან კვეზერელი, ბიძინა ივანიშვილის ნათესავის ახლობელი უმაღლესი ჩინის მფლობელი პიროვნება. ის ახლო ურთიერთბაში იყო ბეჟანიძის დედასთან და მოგვიანებით, მასზე იქორწინა.
ის, რაც გააკეთა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, ამის შედეგები შეიძლება იყო ძალიან საშიში. ეს ერთდროულად უსამართლობა და ქვეყნისთვის თავზე ლაფის დასხმაა!
2014-2015 წლებში ე. წ. გენპროკურატურამ დამალა და სასამართლოს არ წარუდგინა ჩემ მიერ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის, აუდიოჩანაწერების სახით. მეტიც, მათ კარგად იზრუნეს ამ მტკიცებულებების გაქრობისთვის. ეს გაკეთდა განზრახ, რათა საერთოდ დამალულიყო თანამოაზრის არსებობა მკვლელობაში და ყველაზე ცუდ შემთხვევაში მინიმალური ვადა მიეცათ ასლან ბეჟანიძისთვის. ჩემი ოჯახი წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა მოწმეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, ვინაიდან ეს ადამიანი ხასიათდება მანიაკალური გადახრებით. კიდევ უფრო საშიშია ის ფაქტი, რომ მას ჰყავს ძლევამოსილი ნათესაობა. სამწუხაროდ, მე უკანონო პატიმრობაში ვყავარ „ქართულ ოცნებას“ და ვერ ვიცავ ჩემს ოჯახს. მკვლელობისა და უკანონობის სახელმწიფო დონეზე წახალისება იქამდე მიგვიყვანს, რომ ყველა დაიწყებს თვითშემოქმედებას.
უთანხმოება ჩემსა და გენპროკურატურას შორის დაიწყო ზუსტად ამ ფაქტით. მე ვამხილე სისტემური დანაშაული და ამიტომ ჩემი ტყვეობა გაახანგრძლივეს. მკველელების განმათავისუფლებელი ადამიანი სახელმწიფო მეთაურად მოიაზრება და პირდაპირ ახალისებს კრიმინალს.
თქვენს გაზეთს ვთხოვ, სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდოს, დაიცვას მოქალაქეების ოჯახები და მათი სიცოცხლე. გთხოვთ, მოუწოდოთ საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ქალბატონის იმპიჩმენტის პროცესი. გთხოვთ, ასევე მოუწოდოთ საქართველოს გენპროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამსახურს, დაიწყოს ძიება დავით ოთხმეზურის მკვლელობის ფაქტზე 109-ე მუხლით და გამოააშკარავოს ასლან ბეჟანიძის თანამოაზრე, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ (თუმცა, დროებით) ჩემი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
დავით ოთხმეზური იყო ჩემი მეგობარი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი. მისი მკვლელი საქართველოს პრეზიდენტმა გაათავისუფლა.
ხალხო, გამოფხიზლდით!“
აღნიშნულ სკანდალურ წერილთან დაკავშირებით, „ქრონიკა+“ შოთა შანიძის უფლებადამცველს, ცნობილ ადვოკატ გიორგი გოგინავას დაუკავშირდა:
_ სანამ ჩემს კომენტარს გავაკეთებდე შოთა შანიძის წერილზე, რომელიც დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეს ეხება, აუცილებლად უნდა განვმარტო და მოკლედ შევეხო გიგა ფარტენაძის სისხლის სამართლის საქმეს, სადაც შოთა შანიძის ინტერესების დაცვის განხორციელების პროცესში ჩავები სააპელაციო სასამართლოში. მე წარვადგინე 54-ზე მეტი ახალი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სისტემური დანაშაულის არსებობაზე.
_ დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?
_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თემურ სვანიძემ არ გაითვალისწინა ის ობიექტური მიზეზები, რომელიც შუამდგომლობებში იყო ასახული. კერძოდ, თუ რატომ ვერ მოახერხა შანიძემ მათი წარდგენა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის ეტაპამდე. არადა, წარდგენილი მტკიცებულებები მნიშვნელოვანი იყო შოთა შანიძის პოზიციის დასასაბუთებლად, მისი დაშვება ხელს უწყობდა შეცდომის საფრთხის თავიდან აცილებას, არსებითად გამორიცხავდა უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, ასევე პირდაპირ გამორიცხავდა ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მსჯავრდებულ შოთა შანიძის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
_ ე. ი. სამართლიანი პროცესის უფლება დაირღვა?
_ დიახ. 2019 წლის 26 ივლისს შოთა შანიძეს უკანონოდ დასდეს მსჯავრი, რითაც ხელი დაეფარა სისტემურ დანაშაულს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მონური მორჩილებით აღასრულა საქართველოს გენერალური პროკურატურის დირექტივები.
_ შოთა შანიძის კორესპონდენციაზე გადავიდეთ…
_ დავით ოთხმეზურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შემდგეს ვიტყვი: ვინაიდან არ ვიცნობ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თავს შევიკავებ სამართლებრივი მსჯელობისგან, მაგრამ თუ როგორ ითანამშრომლა შოთა შანიძემ ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე, გარკვეული დეტალები თავად შანიძისგან არის ჩემთვის ცნობილი: კერძოდ, იგი უშუალოდ შეესწრო მისი ბავშვობის მეგობრების, დავით ოთხმეზურისა და ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის ფაქტს. მისი განმარტებით, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მონაწილეს მაგ დროისთვის საკმაოდ გავლენიანი მფარველები ჰყოლია როგორც გენერალურ პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში და გამოძიებაც შეგნებულად ჭინაურდებოდა, თითქმის არ მიმდინარეობდა. მაგრამ შოთა შანიძის გადმოცემით, მფარველებისთვის კარგად იყო მისი სახელი და გვარი ცნობილი და რომ ის პირდაპირი მოწმე გახლდათ. სწორედ ამ მოტივით მოუხდენიათ მისი იზოლირება და განეიტრალება. კერძოდ, 2006 წელს იგი, მისი გადმოცემით, აბსურდული ბრალდებით დააკავეს. შანიძის გადმოცემით, ხელისუფლების შეცვლამდე, სასჯელის მოხდის პერიოდში, ყოვლად შეუძლებელი იყო, რაიმე ფორმით ეთქვა სიმართლე გამოძიებისთვის, რადგან არსებობდა მისი სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე და არა მარტო მისი. სწორედ ამ მოტივით ინარჩუნებდა იგი დუმილს, მაგრამ პირველი შესაძლებლობისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან და ოქროს მოწმის სტატუსითაც კი სარგებლობდა. რეალური გამოძიების პროცესშიც არსებობდა საფრთხეები და სწორედ ამ მოტივით მისი ოჯახი წელიწადზე მეტი ხნის ვადით სარგებლობდა სახელმწიფო დაცვის პროგრამით.
_ როგორც ვიცი, მოწმის ოჯახის წევრების დაცვის პროგრამა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატმა დაარღვია?
_ ამის შესახებ მე ოჯახის წევრებისგან გავიგე! რაც შეეხება იმით აპელირებას, რომ შოთა შანიძე ნასამართლევია და დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის გამოძიების, ასვე სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას იხდიდა საჯელს და რომ იგი სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც იყო ოქროს მოწმე და ამ საქმეებზე ცრუ ჩვენებების მიცემის სანაცვლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურა ჰპირდებოდა საპროცესო შეთანხმებას, არ შეესაბამება სინამდვილეს.
_ რას ჰპირდებოდა მაშინ?
_ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შოთა შანიძემ ნამდვილად ითანამშრომლა გამოძიებასთან დავით ოთხმეზურისა და ირაკლი გურაბანიძის (ორივე მისი ბავშვობის მეგობარი იყო) მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეებზე, მაგრამ მას არც ერთ ამ ორ ზემოთ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა არ დაჰპირებია საპროცესო შეთანხმებას. რაც შეეხება მის ნასამართლეობას მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით, შოთა შანიძე მაშინაც იხდიდა და დღესაც იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშო, რომ ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, ნასამართლევი თუ ნასამართლეობის არმქონე პირი მიაწვდის გამოძიებას ინფორმაციას და მოწმე იქნება თუ არა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. მთავარია, მისი მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სინამდვილეს და გამყარებულია თუ არა სხვა მტკიცებულებებით.
_ მაშინ საიდან წამოვიდა საპროცესო შეთანხმების თემით აპელირება?
_ სინამდვილე ასეთია: 2014 წლის 4 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ სამმართველოს საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #073040314001 საქმეზე #14 პენიტენციური დაწესებულების #322-ე საკანში მყოფ პატიმარ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე, ხოლო 2014 წლის 05 მაისს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ალექსანდრე ჭაბუკიანის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის #073040314001 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე #14 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის მიმართ ალკოჰოლური სასმელის მოხმარების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლით, ხოლო სისხლის სამართლის #073040314001 საქმე შოთა შანიძისა და სხვა პირთა მიმართ, არსებითად განსახილველად გადაიგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო გამოყოფილი სისხლის სამართლის #088090514801 საქმე გამოყოფიდან მალევე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილით, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3782-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. სწორედ ამ გამოყოფილ საქმეში მიმართა შოთა შანიძემ განცხადებით გენერალურ პროკურატურას და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რადგან სასამართლოში გაგზავნილი საქმე სრულიად გაყალბებული იყო _ გიგა ფარტენაძე სულ სხვა ვითარებაში გარდაიცვალა. შანიძემ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა არაერთ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა რეალობა, თუ როგორ, რა ვითარებაში გარდაიცვალა გიგა ფარტენაძე.
_ „ქრონიკა+“ უკვე წერდა ამის შესახებ.
_ სწორედ ამ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ გენერალურ პროკურატურასთან: კერძოდ, თუ შოთა შანიძის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის შედეგად გამოიკვეთებოდნენ დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირები, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნებოდა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს გენერალური პროკურორი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავდა შოთა შანიძის ძველი (სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რისთვისაც იხდიდა სასჯელს და დარჩენილი ჰქონდა 5 წელი და 8 თვე) სასჯელისგან სრულად განთავისუფლების თაობაზე და არა დავით ოთხმეზურისა და ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის საქმეებზე. ეს ლოგიკურად ვერ მოხდებოდა, რადგან ჯერ გიგა ფარტენაძის სისხლის სამართლის საქმეზე შედგა თანამშრომლობა და შემდგომში _ ხსენებულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე. ვერც გიგა ფარტენაძის საქმეზე დაჰპირდებოდა პროკურატურა სასჯელისგან განთავისუფლებას, რადგან გაყალბებული საქმე სასამართლოში იხილებოდა და განაჩენი არ იყო დამდგარი, ხოლო გამოყოფილ საქმეში სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას შოთა შანიძე მონაწილეობდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. თუ რატომ არ გაუფორმა შემდგომში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით გენერალურმა პროკურატურამ შოთა შანიძეს საპროცესო შეთანხმება, მან ამის შესახებ საგამოძიებო უწყებას 40-გვერდიანი ჩვენება მისცა მისი თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც 2019 წლის 9 თებერვლიდან იძიებს საქართველოს გენერალური ინსპექცია და შოთა შანიძე დღემდე არ არის ცნობილი აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად. შანიძემ პირდაპირ დაადანაშაულა უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე და მომავალი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (შესაძლოა, მომავალში თავმჯდომარის მოადგილეც კი) მამუკა ვასაძე, რომელსაც პირდაპირ დასდო ბრალი გიგა ფარტენაძის საქმეზე სისტემური დანაშაულის დაფარვაში და მის თვითმკვლელობამდე მიყვანაში. სწორედ ეს პიროვნებაა დღეს ამ ყველაფრის შემომქმედი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ასარჩევ კანდიდატთა სიაში შეიყვანეს.
_ შანიძის მონაწილეობით ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და გიგა ფარტენაძის რეალური მკვლელები დადგინდა? ჩამოგვითვალეთ კიდევ ერთხელ.
_ რატომ არ აძლევენ პასუხისგებაში გიგა ფარტენაძის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ როინ კაპანაძეს და მალხაზ ბალანჩივაძეს, რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს გამოძიებას?! ჩვენება ასახა ქუთაისის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენში. რატომ არ აძლევს პროკურატურა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მის მიერ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერებს, ე. წ. კრებსებს, რომელიც მისი პირდაპირი გამამართლებელი განაჩენის საფუძველია?! რატომ არ გადასცემენ როინ კაპანაძისა და მალხაზ ბალანჩივაძის სისხლის სამართლის #088090514801 საქმეზე არსებულ გამოკითხვის ოქმებს, სადაც ისინი რადიკალურად განსხვავებულად ასახავენ 2014 წლის 04 მარტს გეგუთის #14 პენიტენციური დაწესებულების #322-ე საკანში მომხდარ ფაქტს?! რატომ არ იწყებენ გამოძიებით უკვე დადგენილ დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება არსებობს გამოყოფილ საქმეში?! პირადად ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელია. ამის შესახებ არაერთხელ აცნობა შოთა შანიძიემ კორესპონდენციით პარლამენტის თითოეულ წევრს, საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველსა და, მათ შორის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადვოკატ გიორგი გოგინავას გასაჩივრებული აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში, მას არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი სახეებით, მათ შორის, მამუკა ვასაძით და შალვა თადუმაძით, დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს გიგა ფარტენაძის სისხლის სამართლის საქმეზე. რაც შეეხება დავით ოთხმეზურის საქმეს, ადვოკატის განცხადებით, შოთა შანიძე ამ სისხლის სამართლის საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს და ითხოვს, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.
თამარ როსტიაშვილი