პუტინი _ კორუფცია
შეაჩერე კორუფცია
დამოუკიდებელი საექსპერტო მოხსენება (ბ. ნემცოვი, ვ. მილოვი, ვ. რიჟკოვი, ო. შორინა)
პუტინის მმართველობის 12-წლეული, მეტწილად, ქვეყნისთვის ორ უკიდურესად ნეგატიურ მოვლენასთან ასოცირდება _ წარმოუდგენლად გაზრდილ თვითნებობასთან და კორუფციასთან.
კორუფციის მასშტაბით რუსეთი 183 სახელმწიფოს შორის 143-ე ადგილზეა. ასეთი მონაცემებია წარმოდგენილი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე. რუსეთის გვერდით გვხვდება აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნები (ტოგო, ნიგერია და უგანდა), ასევე აზერბაიჯანი და ბელარუსი. Transparency International-ი რუსეთს ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის, რომელიც „დიდ ოცეულში“ შედის. რუსეთის კოლეგები BRIC-იდან (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) _ ბევრად უკეთესად გამოიყურებიან. მოსაზრება, რომ რუსეთში კორუფციის აფრიკული დონეა, დიდი ხანია, სრული მნიშვნელობით ჭეშმარიტებას აღარ შეესაბამება. ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში კორუფციის დონე უფრო დაბალია, ვიდრე რუსეთში. ეგვიპტეში მუბარაქის კორუმპირებული ხელისუფლებით აღშფოთებული ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში და მის გადადგომას მიაღწია. ამასთან, ეგვიპტეში კორუფციის დონე ბევრად დაბალია, ხოლო ქვეყანა, ამავე მონაცემებით, 112-ე ადგილზეა. მითი იმის შესახებ, რომ პუტინმა წესრიგი დაამყარა, რეალობას ეწინააღმდეგება.
კორუფციის აღქმის რუსული ინდექსი, დაწყებული 1996 წლიდან, ანუ ელცინის მეორე საპრეზიდენტო ვადიდან, მეტყველებს შემდეგზე: ელცინის მმართველობის ბოლო წლებში ინდექსის საშუალო ნიშნულმა შეადგინა 2,4. ელცინის გადადგომის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში პუტინი მოვიდა, კორუფციასთან მიმართებით ვითარება უმჯობესდებოდა. პუტინის პრეზიდენტობის პირველ წელს ინდექსმა 2,6-ს მიაღწია. ამაზე იმოქმედა სახელმწიფო აპარატის განახლებამ, საგადასახადო სისტემის გამარტივებამ, ადმინისტრაციული რეგულაციების შეკვეცამ, ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობამ.
თუმცა, პუტინის მეორე ვადიდან დაწყებული, დღევანდლამდე, ვითარება სწრაფად უარესდებოდა. კორუფციის აღქმის ინდექსი 2010 წელს 2,6-დან რეკორდულად დაბალ _ 2,1 სიდიდემდე დაეცა. ასეთი მასშტაბის ქურდობა და მექრთამეობა რუსეთმა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში არ იცის. ხშირად პუტინის დამცველები ამტკიცებენ, რომ უმძიმეს 90-იანებში კორუფცია დღევანდელობაზე ნაკლები არ იყო, მაგრამ ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. თუ „როსსტატის“ მონაცემებში კორუფციული მიმართულების დანაშაულთა რაოდენობას ვნახავთ, დინამიკა ცხადია: 1990 წელს დაფიქსირდა 2700 შემთხვევა, ხოლო 2009 წელს _ 13 100 შემთხვევა.
კორუფციის მასშტაბები ელცინისა და პუტინის დროს სრულიად შეუსაბამოა. ეს განსაკუთრებით ცხადად ჩანს ლუჟკოვ-ბატურინას ოჯახის უპრეცედენტო გამდიდრების მაგალითითაც. 90-იანი წლების ყველაზე გახმაურებული კორუფციული სკანდალი, სადაც ეს ოჯახი ფუგურირებდა, დაკავშირებული იყო სტადიონ „ლუჟნიკიზე“ პლასტმასის სკამების დადგმასთან. ტენდერში, რომელიც მოსკოვის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, მერის მეუღლემ გაიმარჯვა, შესყიდვის ფასი _ 700 ათასი დოლარი. ამან საოცარი სკანდალი გამოიწვია. 2008 წელს ჩატარდა ტენდერი ცნობილი სკულპტორის, ვერა მუხინას, ძეგლის, „მუშა და კოლმეურნე“, რეკონსტრუქციისთვის. როგორც ადრე, ამჯერადაც ბატურინამ გაიმარჯვა. ფასმა 100 მილიონი დოლარი შეადგინა. და, რაც მთავარია, ამჯერად ფაქტს არავითარი სკანდალი და გამოძიება არ მოჰყოლია.
კიდევ ერთი მაგალითი: „მწერლების საქმე“. 1997 წელს გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ჰონორარმა წიგნის პრივატიზაციის შესახებ. ჰონორარმა 90 ათასი დოლარი შეადგინა. სკანდალმა რუსეთი სახელისუფლებო კრიზისამდე მიიყვანა და 1998 წლის გაზაფხულზე ხელისუფლება დაითხოვეს. ცნობები პუტინის ჩინოვნიკების ვილების შესახებ, რომელიც ათობით მილიონი დოლარი ღირს, არავის აინტერესებს. ეს ხალხი ისევ მუშაობს. მოსკოვის ყოფილი ვიცემერის, ვ. რესინის (რომელსაც არასდროს უმუშავია ბიზნესის სფეროში) 1 მილიონ დოლარად შეფასებული საათი ასევე არ წარმოადგენს დღევანდელი რეჟიმისთვის საფუძველს მისი თანამდებობიდან ჩამოშორებისა და გამოძიების დაწყებისთვის.
დღეს კორუფციასთან მიმართებით ვითარება ბევრად მძიმეა, ვიდრე 90-იანებში.
კორუფცია რუსეთში პრობლემას აღარ წარმოადგენს. ეს სისტემაა, რომელმაც მეტასტაზებით გადააჯაჭვა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება.
ყოველწლიურმა კორუფციულმა ბრუნვამ ქვეყანაში 300 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რუსეთის წლიურ ბიუჯეტს უტოლდება და მშპ-ს 25%-ს შეადგენს.
ტარიფებისა და ფასების ზრდა დიდწილად სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკებისა და პუტინის მონოპოლიების კორუფციული საქმიანობის შედეგია.
კიკბექი და უკონტროლო ფლანგვა სამუშაოს ღირებულების 50%-ზე მეტს აღწევს. ამიტომ ღირს „გაზპრომის“ სისტემაში გაზსადენების მშენებლობა სამჯერ ძვირი, ვიდრე _ ევროპაში.
გაზსადენების გაყვანასაც ახლავს ქურდობა და ათობით მილიარდი რუბლის კიკბექი. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თვითღირებულებაში ქრთამი 30%-ს შეადგენს. აშკარაა, რომ მონოპოლიების სისტემატურად მზარდი ხარჯების დასაფარად მუდმივად ზრდიან ტარიფებს გაზზე, სითბოზე, ელექტროენერგიაზე. იზრდება ფასებიც. პუტინის „სახელისუფლებო ვერტიკალის“ კორუფციისა და ქურდობისთვის რუსეთის ყველა მოქალაქეს უწევს გადახდა.
პუტინის სიტემისთვის დამახასიათებელია ჩინოვნიკებისა და ბიზნესის დაუფარავი და ყოვლისმომცველი ურთიერთშეზრდა; ნათესავების, მეგობრების, ნაცნობების მონაწილეობა საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფოს საკუთრების ათვისებაში; ხელისუფლების უცვლელობა და მისი ფუნქციონირების დახშულობა.
უკიდურესად ცუდ როლს ასრულებს ცენზურა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, პარლამენტარიზმის ფაქტობრივი განადგურება. პარლამენტის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის არარსებობა გამრავლებული კორუფციული საქმიანობის ჟურნალისტური გამოძიების არარსებობაზე, კორუფციული განუკითხაობისთვის შესანიშნავ ნიადგს ქმნის.
კორუფციამ შეჭამა და გაანადგურა სამართალდამცველი სისტემა. მილიციის ბევრი ხელმძღვანელისთვის უმთავრესი პრიორიტეტი პირადი გამდიდრებაა. ტერორთან და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან ბრძოლა მათ პრიორიტეტებში არ შედის.
ჩინოვნიკური ვერტიკალის რეჟიმმა გაანადგურა დამოუკიდებელი სასამართლოც. ადმინისტრაციულმა ზეწოლამ სასამართლოს სისტემა უუნარო და კორუმპირებულ ხელისუფლებაზე აბსოლუტურად დამოკიდებული გახადა. კორუფციას ამძაფრებს მმართველობის მთავარი პუტინისეული პრინციპი: „მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენს _ განუკითხაობა“. კანონის დაცვა, სამართლიანობა პუტინის ჩინოვნიკების ვალდებულებას არ წარმოადგენს. მთავარია პირადი ლოიალობა. „ლოიალური ხარ _ იქურდე, არ ხარ ლოიალური _ ჩაჯდები“, _ ეს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების კიდევ ერთი პრინციპია.
დ. მედვედევმა თავისი მოღვაწეობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის შექმნით დაიწყო, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. თუმცა გამოცხადებული ანტიკორუფციული ბრძოლის შედეგი ნულია, უარყოფითი თუ არა. რეჟიმი მკაცრად დგას კორუმპირებულების ინტერესების სადარაჯოზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვ. ლებედევის, მონაცემებით, კორუფციული საქმეების (ქვეყნის მასშტაბით, 10 ათასი საქმე) განხილვების შედეგად, ბრალდებულთა 65%-მა მხოლოდ პირობითი სასჯელი მიიღო. ამგვარად, მაფიოზურ სისტემაში კორუმპირებულ ჩინოვნიკებს სერიოზული სასჯელისგან იმუნიტეტი იცავს.
მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, სადაც კორუფციას წარმატებით ამარცხებენ. წარმატებული ბრძოლის ნათელი მაგალითები გვაქვს ნორვეგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, აშშ-სა და სინგაპურში. უკანასკნელი წარმატებული მაგალითია საქართველო. სინგაპურში საოცრების შემოქმედმა, ლი კუან იუმ, რომელმაც შეძლო კორუფციის აღმოფხვრა და ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია ეკონომიკაში, კორუფციის პრობლემის გადაწყვეტის სამი მთავარი პრინციპი გამოყო:
1. სუფთა ცენტრალური ხელისუფლება;
2. უპირობო სასჯელი;
3. კარგი ანაზღაურება გაწეული სამსახურისთვის და სახელმწიფოს მოხელეების პატიოსანი შრომის სტიმულირება.
ამ პრინციპებიდან თანამედროვე რუსეთში არც ერთი არ მოქმედებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პატიოსანი ცენტრალური ხელისუფლების გარეშე კორუფციის პრობლემა არ მოგვარდება. თევზი თავიდან ყარს. და სანამ ქვეყნის სათავეში პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული კლეპტოკრატია დგას, პრობლემის გადაჭრა არ მოხერხდება. სწორედ ამიტომ მოცემულ მოხსენებაში ჩვენ არ შევეხებით კორუფციის ყველა ასპექტს და ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ვითარებაზე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.
ჩვენ მოვიყვანთ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების უპრეცედენტო კორუცფიის მაგალითებს.
გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცნენ პუტინის მეგობრები, სააგარაკო კოოპერატივ „ტბის“ არაფრით გამორჩეული მეწარმეები მილიარდერებად; გიამბობთ, როგორ დაიკავეს პუტინის მეგობრებმა სსრკ-ს სუკ-იდან მნიშვნელოვანი პოსტები ხელისუფლებაში ბიზნესში და ზღაპრულად გამდიდრდნენ;
გიამბობთ, როგორ აღმოჩნდნენ სახელმწიფო აპარატში, „გაზპრომსა“ და სახელმწიფო კომპანიებში პუტინის თანამშრომლები სანკტ-პეტერბურგის მერიიდან;
გიამბობთ, როგორ აღმოჩნდნენ „ჩეკისტების“ შვილები და პუტინის კოლეგები, ასევე მისი ნათესავები თბილ ადგილებზე;
გიამბობთ მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე წარმოუდგნელი ფუფუნების პირობებში და იმაზე, თუ როგორ არის ეს პირობები შექმნილი რუსი მოქალაქეების ხარჯზე.
დაბოლოს, დასკვნით თავში, შემოგთავაზებთ ანტიკორუფციული მოქმედების კონკრეტულ გეგმას.
ვაცნობიერებთ, რომ კორუფციის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ მისი მასშტაბების შემცირება გვინეა-ბისაუს დონიდან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს დონემდე, სრულიად რეალისტური და აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის.
ამ პრობლემის მოგვარების გარეშე რუსეთი განწირულია მარადიული ჩამორჩენილობისთვის, მარადიული სიღარიბისთვის და თავისი მოქალქეების მარადიული უუფლებობისთვის.
გაგრძელება იქნება
ქეთევან ენუქიძე