მუხრან მაჭუტაძე: „ვეცდები, ჩემი დაუზოგავი შრომით საქართველოს კიდევ მოვუტანო გამარჯვება“
„ქრონიკა+“ გაგაცნობთ ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელმაც საზღვრებს გარეთ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და საქართველოს სახელი არაერთხელ ასახელა. მუხრან მაჭუტაძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აგარაში დაიბადა და 1987-1997 წლებში სოფელ ორთაბათუმის სკოლაში სწავლობდა, 1997-1999 წლებში კი _ თბილისის ოლიმპიური რეზერვების სკოლა-ინტერნატში, სადაც, როგორც აღნიშნავს, დიდი გამოცდილება მიიღო და იქ გატარებული პერიოდი მისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო, თუმცა მხოლოდ სპორტულ ცოდნას არ დასჯერდა და 2002-2007 წლებში მუხრანი კვლავ ბათუმს დაუბრუნდა, ამჯერად, უმაღლესი განათლების მისაღებად და ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი იურისტ-ეკონომისტის კვალიფიკაციით დაამთავრა.
„ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ ამ პროფესიით არასდროს უმუშავია, მისი მთავარი საქმიანობის სფერო ყოველთვის სპორტი იყო და ასეც გრძელდება, თუმცა უმაღლესმა სასწავლებელმა მას, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შესძინა, რაც სპორტსა და ცხოვრებაში ერთნაირად გამოადგა.
თავდაპირველად ვარჯიში ბათუმის ერთ-ერთ სპორტდარბაზში დაიწყო და მონდომებისა და კარგი ფიზიკური მომზადების წყალობით, არაერთი შეჯიბრება მოიგო როგორც საქართველოში, ასევე _ საზღვარგარეთ.
ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა კარგი მწვრთნელობითა და მსაჯობითაც დაგვამახსოვრა თავი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, როგორც უძველესი, მსოფლიოში ცნობილი სპორტის სახეობა, უამრავ ილეთს მოიცავს და მუხრან მაჭუტაძემ ამ დიდ საქმეში თავისი წვლილიც შეიტანა _ მან, წლების წინათ, ახალი ილეთი მოიფიქრა, რომლის წყალობითაც თვითონაც არაერთი შეჯიბრება მოიგო და მისმა მოსწავლეებმაც. ეს არის „მოგვერდი“, რომელსაც ის მაჯებით ასრულებს.
მუხრან მაჭუტაძე:
_ სპორტით ჩემი დაინტერესება და ამ სფეროში პირველი ნაბიჯები იყო 1996 წელს ბათუმში. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობამ სერიოზულად გამიტაცა და ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი ჩემმა პირველმა მწვრთნელმა _ ილო ტუღუშმა შეიტანა, მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემი, როგორც პიროვნებისა და სპორტსმენის ჩამოყალიბებაზე და მეც ვცდილობ, ასევე მივუდგე ჩემს მოსწავლეებს და პროფესიონალების გარდა, კარგი ვაჟკაცები აღვზარდო. ფიზიკურად კარგად მომზადებული ვიყავი და ჩემი მომავალი სწორედ ჭიდაობაში დავინახე. აქტიურად დავიწყე შეჯიბრებებში მონაწილეობა, რომელიც თავიდან სკოლებს შორის იყო. არაერთი ჩემპიონატი მოვიგე. იმ დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, შვიდგზის საქართველოს ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გავხდი, ბევრი ჯილდო და სიგელი მაქვს და ეს მეამაყება.
1999 წელს დანიაში კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გავხდი; 2000 წელს, ახალგაზრდულ ნაკრებში, ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, შემდგომ წელს კი უკვე ვერცხლის მედალოსანი; 2007 წელს ეროვნულ ნაკრებში ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დავიკავე; ბაქოში, 2008 წელს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ოქროს გრანპრი და მესამე ადგილი მხვდა წილად; 2011 წელს ნიცაში საერთაშორისო ტურნირზე კი მეორე ადგილი დავიკავე. მოკლედ, ჩემი სპორტული საქმიანობა ყოველთვის საკმაოდ დატვირთული იყო.
_ სპორტის ამ სახეობას, ალბათ, განსაკუთრებული ტრავმები ახლავს თან. ასეა?
_ კარგი ისაა, რომ სპორტის ამ სახეობას განსაკუთრებით სერიოზული ტრავმები, ძირითადად, არ ახლავს. ცხადია, ტრავმები მეც მიმიღია, თუმცა როცა რაღაცის მიღწევა გინდა, ტკივილი ძალიან თუ არ გაწუხებს, ხელს მაინც ვერ შეგიშლის, უნდა, მოინდომო, მთავარი ის მიზანი და შედეგია, რომლისთვისაც ასე თავდაუზოგავად იბრძვი. ამისათვის კი ყოველდღიურად ბევრს ვვარჯიშობთ, დილის გამამხნევებელი ვარჯიში 7 საათზე იწყება და ერთ საათს გრძელდება. შემდეგ ოფიციალური ვარჯიშია, ორსაათიანი და როცა შეჯიბრებებსა და შეკრებებზე გავდივართ, საღამოს 2-2,5 საათს კიდევ სრული დატვირთვით ვემზადებით. ჩემპიონატებზე, ცხადია, საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს გულშემატკივარს იმედი არ გავუცრუოთ და ქვეყანა ვასახელოთ!
_ მუხრან, 2013 წლიდან თქვენ უკვე მთავარი მწვრთნელი იყავით ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში. რთულია მომავალი თაობის აღზრდა? ნიჭიერი თაობაა? რამდენად დიდი ინტერესია სპორტის ამ სახეობის მიმართ? თქვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, რადგან _ მათი შემდგომი წარმატებული ნაბიჯები სწორედ თქვენზეა დამოკიდებული.
_ გეთანხმებით, მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი მადლობა ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომ ასეთი ნდობა დავიმსახურე. ამავე დროს, დიდი სიხარულია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებში ჩადებული შრომის შედეგებს არა მხოლოდ შენ, არამედ, მთელი ქვეყანა ხედავს და ამაყობს. ჩემი მუშაობის პერიოდში ახალგაზრდულ ნაკრებს ვაკომპლექტებდი, კარგად მომზადებულ სპორტსმენებს ვარჩევდი და საერთაშორისო ტურნირებზე უმეტესწილად უმაღლესი შედეგი გვქონდა გუნდურ პირველობაში, ხოლო 2015-2016 წლებში ორგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე უმაღლესი შედეგი, რაც ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა იყო. არაერთი მედალი მოვიპოვეთ _ თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქრო და ორი ბრინჯაო; ბრაზილიაში, სალვადორში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქრო და ოთხი ბრინჯაო; რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ყველგან გუნდური პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჩემი პირადი მოსწავლე _ დავით ჩხარტიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ხოლო ორი თვის თავზე, მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალოსანი გახდა, ცოტა ხნის წინ კი _ ევროპის თამაშებზე ევროპის პრიზიორი.
_ მუხრან, აშშ-შიც სპორტით საქმიანობთ?
_ დიახ. აქ, ძირითადად, სამწვრთნელო საქმიანობით ვარ დაკავებული, ბავშვებსა და მოზარდებს ვავარჯიშებ, მათ ვასწავლი ჭიდაობას. ჩემმა მოსწავლემ _ გიორგი ცირეკიძემ, შულცის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ჭიდაობის ნაკრების წევრებსაც კარგი შედეგები აქვთ, ვისაც მანდ ყოფნის პერიოდში ვავარჯიშებდი.
_ როგორც მახსოვს, ადრე მწვრთნელად თურქეთშიც იყავით მიწვეული, ხომ?
_ დიახ, 2015-2016 წლებში, სექტემბრიდან ნოემბრამდე, ქალაქ რიზეში ჭიდაობის კლუბ „ჩაკურში“ მწვრთნელად გამოცდილების გაზიარების მიზნით მიმიწვიეს. მათთან მუშაობა ძალიან მიმზიდველი იყო და ერთმანეთისგან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლეთ. 2013 წლიდან, პარალელურად, მსაჯის რანგშიც ვმონაწილეობდი როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ტურნირებზე და მიღებული მაქვს მრავალი მადლობის სიგელი საუკეთესო მსაჯობისთვის. ჩემთვის საამაყო, სასიხარულო და საპასუხისმგებლოა ისიც, რომ 2015-16 წლებში საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს. მე ჩემს გულშემატკივარს არ დავაღალატებ და ვეცდები, ჩემი დაუზოგავი შრომით საქართველოს კიდევ მოვუტანო გამარჯვება.
გიორგი საკარული