დიმიტრი ბიძინაშვილი: „მაღალი თანამდებობის პირების დაჭერას ველოდები!“
რამდენიმე დღის წინ აშშ-ში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ქარტიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პრემიერი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. სამთავრობო მსტოვრების მიერ გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ეს ბახტაძისთვის უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტი უნდა იყოს, რადგან პრემიერობიდან მისი მოხსნის გადაწყვეტილება „შუშის სასახლეში“ უკვე მიიღეს. „ოცნების“ მოენეები იმასაც ამბობენ, რომ ბახტაძეს მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.
იმას, რომ მმართველ პარტიაში შიდა კლანური ომია, „ქრონიკა+“-ს მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ წარმომადგენელი, დიმიტრი ბიძინაშვილიც უდასტურებს, რომელიც აქვე გვეუბნება, რომ მთავარი კლანი ივანიშვილისაა, რომელიც პატარ-პატარა კლანუკებს საჭიროების მიხედვით ქმნის და ანადგურებს. ამავე კონტექსტში
ჩვენი რესპონდენტი იმის ალბათობასაც უშვებს, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებამდე „ოცნებამ“ დიდი დაჭერები დაიწყოს და გისოსებს მიღმა ის მოქმედი მაღალჩინოსნებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც დღეს გარკვეული გავლენა აქვთ. ყველაფერ ამას კი, როგორც ბიძინაშვილი ამბობს, „ოცნების“ თავმჯდომარე საკუთარი თავის გადასარჩენად გააკეთებს.
ისე, „ოცნება“ რომ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას, ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებიდანაც ნათლად გამოჩნდა. კერძოდ, პომპეომ პოლიტიკოსების მხრიდან დაპირებების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და ანაკლიის პორტზეც გაამახვილა ყურადღება: „ამერიკის შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ გულში“.
კიდევ უფრო მკაცრი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაშინ, როცა ქართულ სასამართლოსა და დემოკრატიაზე ჩამოაგდო სიტყვა. კერძოდ, მან დიპლომატიის ენა, პრაქტიკულად, დაივიწყა და ბახტაძეს ღია ტექსტით უთხრა, რომ საქართველოში დემოკრატიის კუთხით უსერიოზულესი პრობლემებია: „მოვუწოდებ საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დღეს გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან…“
მართალია, „ოცნება“ აშშ-ის მდივნის განცხადებებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, მაგრამ დიმიტრი ბიძინაშვილი ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო სექტორის შეფასებას იზიარებს და გვეუბნება, რომ დასავლეთმა „ოცნებას“ წითელი აუნთო.
_ დიმიტრი, საუბარი, რა თქმა უნდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით უნდა დავიწყოთ. სათქმელი ისე მძაფრად, როგორც პომპეომ თქვა, აქამდე არავის და არც ერთი ხელისუფლების დროს არ უთქვამს. თქვენი, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის, შეფასებით, საქმე რასთან გვაქვს _ თეთრმა სახლმა „ოცნებას“, უბრალოდ, ყური აუწია თუ წითელი აუნთო?
_ ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციები შეფარვით ამბობდნენ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ღიად დაადასტურა. ვისაც დიპლომატია ესმის, იცის, რომ ასეთი დონის შეხვედრაზე ასეთი განცხადების გაკეთება ცოტა უცნაურია. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი სახის განცხადებები არ კეთდება ხოლმე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა _ პომპეომ პირდაპირ გვითხრა, რომ არც დემოკრატია გვაქვს, არც _ სასამართლო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც, რომელიც კანონს უნდა ემორჩილებოდეს, კანონიდან არის გასული. ამასთან, ჩვენ არჩევნებსაც ვერ ვატარებთ.
მოკლედ, ამ ადამიანმა გვითხრა, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და ხელისუფლება შესაცვლელია. შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, ეს განცხადება პირდაპირი მინიშნებაა, რომ დასავლეთმა „ოცნებას“ წითელი აუნთო და უთხრა, რომ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს!
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომლითაც პირდაპირ გვითხრეს, რომ ანაკლიის პორტის აშენება დასავლეთის ინტერესებშია და ამიტომ საქართველო რუსეთსა და ჩინეთისკენ არ უნდა იყურებოდეს. ესეც იმის დასტურია, რომ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, დასავლეთისკენ მივდივარო, მაგრამ სინამდვილეში, რუსეთისკენ მიდის და ამ კუთხით მოლაპარაკებებსაც აწარმოებს. აქედან გამომდინარე, „ოცნება“ იმ რეალობას არის აცდენილი, რომლის წინაშეც საქართველოს მოსახლეობა დგას, ანუ რამდენჯერაც დადგა საჭიროება, _ რუსეთი თუ დასავლეთი, _ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა დასავლეთი აირჩიეს.
მოკლედ, ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესს არ გამოხატავს და ეს პომპეოს განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა!
_ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან განსხვავებით, პომპეოს განცხადებაში „ოცნება“ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. აი, მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, პომპეოს სიტყვები ოპოზიციამ სუბიექტურად გაიგო, თორემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თითი არ დაგვიქნიაო, ანუ ნათელია, რომ მმართველი გუნდი პომპეოს შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს.
_ პირდაპირ ვთქვათ, რომ ასეთი დონის შეხვედრაზე გაკეთებული ასეთი მწვავე განცხადების გაუთვალისწინებლობა, უბრალოდ, ზღაპარია! თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა, პომპეოს განცხადება რეალობას აცდენილია და საქართველოში არჩევნები გაუყალბებლად ტარდება, პრობლემები არც დემოკრატიაში გვაქვს და არც სახელმწიფო ინსტიტუტებია ჩამოშლილი, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სადღაც არიან წასულები, ხელისუფლებით ტკბებიან.
სხვათა შორის, იმ პრობლემებზე, რომლებზედაც პომპეომ აქცენტი გააკეთა, წლებია, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საუბრობს. მოკლედ, ის, რომ წულუკიანი რამეს არ გაითვალისწინებს, როგორც წეღან გითხარით, ზღაპარია. ახლა მთავარია, დასავლეთმა სწორად იმუშაოს.
_ „სწორად მუშაობაში“ რას გულისხმობთ?
_ ხელისუფლება უნდა აიძულოს, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთ ადამიანს კი არა, კანონს ექვემდებარებოდეს! იგივეს გაკეთება „ოცნებას“ ადილობრივმა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმაც უნდა აიძულოს!
_ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს, ოპოზიცია ძლიერი უნდა იყოს. დღეს ოპოზიცია ძლიერია?
_ დიახ, დღეს ოპოზიცია ძლიერია.
_ უკაცრავად, მაგრამ ოპოზიციის სიძლიერე რაში გამოიხატება?
_ ოპოზიციის სიძლიერე არჩევნებმა აჩვენა, ანუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტო რომ ყოფილიყო, დღეს „ოცნებას“ უმრავლესობა აღარ ექნებოდა.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ, დიმიტრი?
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციას იმაზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე საპარლამენტო არჩევნებში აიღო.
სხვათა შორის, იგივე 2019 წლის შუალედურ არჩევნებში, უამრავი დაშინების, შანტაჟის, ზეოწლისა და მოსყიდვის მიუხედავად, ოპოზიციამ იმაზე მეტი ხმა აიღო, ვიდრე ვინმე ელოდა.
_ შეიძლება, მაგრამ ამან პოლიტიკური რეალობა მაინც ვერ შეცვალა _ „ოცნება“ ყველა სახელისუფლებო შტოს უწინდებურად აკონტროლებს!
_ კი ბატონო, მაგრამ მთავარია, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება. ის, ვინც ფიქრობს, რომ წლევანდელ შუალედურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 60% აიღო და ყველაფერი კარგადაა, 2010 წელს ჩატარებულ არჩევნებს გავახსენებ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია ლამის 80%-იანი უპირატესობით დაამარცხა, მაგრამ წელიწად-ნახევრის შემდეგ რეალობა შეიცვალა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
მოკლედ, დღეს აღებული „ქართული ოცნების“ პროცენტები არაფერს ნიშნავს და ვერც იმას ვიტყვით, აი, ოპოზიციის რეიტინგი მზარდი არ არის და 2020 წელს ხელისუფლება არ შეიცვლებაო. თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ეს, უბრალოდ, ხელისუფლებით ტკობაა და მეტი არაფერი!
_ კი ბატონო, ნათლად ჩანს, რომ „ოცნება“ ხელისუფლებთ ტკბება, მაგრამ ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ ხალხისთვის არჩევნების გაყალბებაზე მნიშვნელოვანი სოციალური სიდუხჭირეა, თუმცა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სტაგნაციაზე დასავლეთი მაინცდამაინც არ ამახვილებს ყურადღებას. რატომ?
_ პირდაპირ გვითხრეს, რომ ანაკლიის პორტის აშენება ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც გვითხრეს, რომ ამ მშენებლობის შეჩერება უხერხულობას მარტო ჩვენი პარტნიორებისთვის კი არა, ჩვენი დემოკრატიისთვისაც შექმნის და დასავლეთმა ამაზე მეტი განცხადება რაღა უნდა გააკეთოს?
დასავლელმა პარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ ისიც პირდაპირ უთხრეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ე. წ. ვალების განულებით 600 ათასი ადამიანი მოისყიდა. იცით, ყველაფერი რას ნიშნავს?
_ რას?
_ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს რომ არ უჭირდეს, ასეთი მარტივი მოსასყიდი იქნებოდა?
ერთი სიტყვით, დასავლეთი საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ღიად საუბრობს. სწორედ ეს იგულისხმება, როცა გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები კანონთან ახლოს არ არიან, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტებში კორუფციაც არის და ნეპოტიზმიც!
დღეს ქვეყანა სწორი მიმართულებით არ მიდის: არც დემოკრატიაა და არც სამუშაო ადგილები იქმნება!
_ ის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თქვენი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია თუ კორუფციის?
_ ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკის ნაწილია, ანუ ჩვენს მეზობელ ოკუპანტს უნდა, რომ საქართველოში არც მეტი დემოკრატია იყოს, არც _ მეტი ნატო და არც _ დასავლური ინტერესები. ამიტომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესები შეაჩეროს და, სხვათა შორის, ძალიან კარგად გამოსდის.
_ კარგად რატომ გამოსდის?
_ იმდენჯერ, რამდენჯერაც ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, რაღაც პრობლემა გამოჩნდა: ჯერ იყო და აჟიოტაჟი ატყდა „თიბისი ბანკის“ გარშემო, რომელიც ვნახეთ, რომ ბანკს კი არა, პირდაპირ მამუკა ხაზარაძეს, ანუ მისი იმიჯის შელახვას ეხებოდა, რადგან ანაკლიის პორტისთვის ინვესტიციები ამ ადამიანს უნდა მოეძიებინა.
შეიძლება, ვინმეს მოსწონს ან არა, შეიძლება, ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ ფაქტია: ხაზარაძის იმიჯის შელახვით ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი გაჩერდა.
ამის მერე აღმოჩნდა, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში, თურმე, იმ ადამიანებმა უნდა ააშენონ, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და რომლებზედაც დიდი ეჭვია, რომ რუსულ ინტერესებს ემსახურებიან.
მოკლედ, „ოცნება“ ამბობს, ანაკლიის პორტი გვინდა და მის მშენებლობას ხელსაც შევუწყობო, მაგრამ, სინამდვილეში, სხვანაირად მოქმედებს და ყველაფერი ეს პოლიტიკის ნაწილია, ანუ ანაკლიის პორტი, უბრალოდ, პორტი კი არა, თავდაცვისა და დასავლეთთან ეკონომიკური ბმის გარანტიაა. დიახ, ანაკლიის პორტი იმის გარანტიაა, რომ როგორც კი საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ამაღღლდება, ამ ქვეყნის მოქალაქეები ეკონომიკურადაც გაიშლებიან წელში, მაგრამ ეს არც ოლიგარქს აწყობს და არც _ რუსეთს.
სხვათა შორის, კარასინის ბოლოდროინდელი განცხადებები სწორედ ამაზე მეტყველებს. ეკონომიკურად წელში გამართული საქართველოს მოქალაქეები თავიან გადაწყვეტილებებში უფრო მეტად დამოუკიდებლები იქნებიან.
_ დიმიტრი, ყურადღება თუ მიაქციეთ, ე. წ. სახელისუფლებო მედიამ ფოთის პორტზე საინტერესო ინფრომაცია გაავრცელა, ანუ ისე გამოვიდა, რომ კომპანიას, რომელსაც ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვა მისცეს, ეკონომიკის ექსმინისტრი, გიორგი ქობულია ლობირებდა. ე. ი., ხელისუფლება შეეცადა, რომ ყველაფერი ქობულიასთვის დაებრალებინა და მისი პირადი ინტერესებით აეხსნა. რატომ უნდა გამორიცხოთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, მაგრამ სამთავრობო კორუფციას ვერ უმკლავდება?
_ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ეკონომიკის მინისტრი დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. ეკონომიკის მინისტრი კი არა, ამ ქვეყანაში პრემიერები ისე გადამდგარან, რომ დაუძინიათ და დილით გაუგიათ, რომ მოხსნილები არიან!
დიახ, დღეს ქვეყანაში ასეთი რეალობაა და როგორ წარმოგიდგენიათ, ამ რეალობაში ქობულიას ისეთი რამ გაეკეთებინა, რომლის შესახებაც არც ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, არც _ ფორმალურმა პრემიერ-მინისტრმა და არც _ გუნდის სხვა წევრებმა?
ეს გამორიცხულია, რადგან მსგავსი სახის გადაწყვეტილებებს ქობულია კი არა, ვერავინ იღებს, თუ ბიძინა ივანიშვილთან არ არის შეთანხმებული! ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც იციან და წერენ კიდეც, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცება ხდება!
მოკლედ, იმის თქმა, რომ ქობულიამ რაღაც შიდაპარტიული კორუფციული სქემა შექმნა, უბრალოდ, საზოგადოების დაცინვა და თვალში ნაცრის შეყრაა! ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ივანიშვილი იღებს და ეს ბევრჯერ ვნახეთ. ჰოდა, რას ნიშნავს, ქობულიას ნებართვა პორტის მშენებლობაზე გაეცა და იმ საბუთისთვის მოეწერა ხელი, რომელიც ივანიშვილთან შეთანხმებული არ იყო? ამის დაჯერება, უბრალოდ, წარმოუდგენელია და არც იმის დაჯერება შეიძლება, რომ „ოცნებაში“ ყველას თითქოს შიდაპარტიული კორუფცია აქვს. ყველა კორუფციული სქემა ხელის გულზეა და არც თავად მალავენ, რადგან ივანიშვილმა ყველას დაუნაწილა, ფული ვინ სად უნდა იშოვოს!
_ პოლიტიკას საკუთარი თამაშის წესები აქვს. ამიტომ, დიმიტრი, გამორიცხავთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა „ოცნებამ“ ფართომასშტაბიანი დაჭერებით სცადოს, ანუ საკუთარი გუნდის გავლენიანი წევრები დაიჭიროს და ამის შემდეგ იგივე ივანიშვილმა თავი იმართლოს, მატყუებდნენო? აქვე არც ის დაგავიწყდეთ, რომ „ოცნებაში“ არაერთი კლანია და ეს ანაკლიის პორტის სკანდალითაც გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ითქვა, რომ ყველა ეს ინტრიგა ვანო ჩხარტიშვილმა დაგეგმა.
_ მსგავს სცენარს არ გამოვრიცხავ.
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს პრინციპით _ „გამოიყენე და მოისროლე!“ დიახ, ის ყველას, ვისაც გამოიყენებს და დამღუპველ საქმეს გააკეთებინებს, მერე სანაგვეზე მოისვრის ხოლმე, თუმცა თუ დასჭირდება, ისევ გააცოცხლებს.
ზუსტად ეს მოხდა ღარიბაშვილის შემთხვევაში: გამოიყენა და მოსიროლა, მაგრამ დასჭირდა და გააცოცხლა. აქედან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ 2020 წლამდე ვიღაცები დაიჭიროს, აი, ქვეყანაში კორუფცია ყოფილა და ივანიშვილმა ახლა გაიგოო.
_ ვის დაჭერას ელოდებით?
_ ყველასი, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების.
ქვეყანაში კორუფცია 84%-ით არის გაზრდილი და ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი თუ თანამშრომელი კორუფციულ გარიგება-სქემაშია ჩართული. შესაბამისად, ივანიშვილს, თუ დასჭირდა, ყველას დაჭერა შეუძლია. ოღონდ სკამი შეინარჩუნოს და ის აბსოლუტურად ყველას გაწირავს!
ივანიშვილი ის ადამიანი არ არის, რომელიც პასუხისმგებლობას თავისით იღებს. პასუხისმგებლობას საზოგადოება აკისრებს, თორემ გინახავთ, ოდესმე პაასუხისმგებლობა აეღოს და ეთქვას, ჩემი ბრალიაო? ან ის გინახავთ, რომ კორუფციული ბრალდებების გამო დაჭერილ ადამიანებზე პასუხისმგებლობა აეღოს და ეთქვას, ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა ჩემი ბრალიაო?
გამოვიდა და გვითხრა, ყველაფერი კვირიკაშვილის ბრალიაო და სანაგვეზე მოისროლა. ეს ამ ადამიანის მუშაობის სტილია და ხვალ ან ზეგ რომ დასჭირდეს, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, მას, ვინც დღეს მაღალ თანამდებობაზეა და ივანიშვილის ფავორიტად მიაჩნია თავი, სანაგვეზე მოისვრის!
საზოგადოება ბრძენია და ამიტომ იმ ნაბიჯებზე, რომელსაც დგამს, პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს! ივანიშვილი რომ არა, ეს ადამიანები თანამდებობების პირები ვერ გახდებოდნენ.
მოკლედ, სახელმწიფო ინსტიტუტებში თუ რამე კორუფცია, ნეპოტიზმი და უკანონობაა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ბრალია, რადგან წეღანდელი თქმისა არ იყოს, ეს გუნდი მისი დაკომპლექტებულია.
_ ანუ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილია?
_ რა თქმა უნდა! ამ ადამიანმა სახელმწიფო მიიტაცა.
_ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, სახელმწიფოს მიტაცება რას ნიშნავს?
_ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც თუნდაც ჩამოშლილია, ივანიშვილს ექვემდებარება, ანუ სამინისტროები მისი გადაწყვეტილებებით იმართება და თანამდებობის პირის დანიშვნა თუ გაშვებაც მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ისიც ივანიშვილის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიღაც კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელიც ხალხის ფულს ჭამს, უნდა დაიჭირონ თუ არა.
შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველაფერი ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია! „ოცნება“ საერთოდ უმოქმედოა, ყველა პრობლემაზე თვალს ხუჭავს და მარტო იმას ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოაქციოს და ამ ქვეყანას ყველანაირი პერსპექტივა მოუსპოს! ამდენი პრობლემის არგადაჭრა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. უნიათოები რომ არ იყვნენ, ამდენი პრობლემიდან ერთს მაინც გადაჭრიდნენ.
ამიტომაც ეს ადამიანები მავნებლები არიან, რომლებიც ქვეყანას ღუპავენ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები მეტად გაღარიბდნენ, უფრო მოშივდეთ და უფრო ადვილად მართონ!
ეს არის ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა, რომელსაც შვიდი წლის განმავლობაში ძალიან კარგად ართმევს თავს!
_ წეღან „ოცნების“ კლანები ვახსენეთ და საუბრის დასასრულ თქვენი შეფასება გაგვიზიარეთ _ სამთავრობო გუნდში სულ რამდენი კლანია და აქედან ყველაზე ძლიერი ან გავლენიანი რომელია?
_ ყველაზე გავლენიანი ივანიშვილების კლანია! სხვა კლანები კი ივანიშვილის სურვილისამებრ ძლიერდება. მაგალითად, თუ დღეს კალაძის კლანია წამოწეულია, ეს ივანიშვილს აწყობს და წამოწეული ამიტომაც არის. ადრე გავლენიანი და წამოწეული ღარიბაშვილის კლანი იყო, მაგრამ, ალბათ, გახსოვთ, ღარიბაშვილმა როგორც დაამთავრა: პრემიერ-მინისტრად დაიძინა და რომ გაიღვიძა, უთხრეს, პრემიერი აღარ ხარო.
ამის შემდეგ კვირიკაშვილის კლანი მოძლიერდა, რომელსაც ამ ქვეყანაში არსებული გაჭირვება დაბრალდა და ამიტომაც კვირიკაშვილი თავის კლანიანად მოისროლეს, მაგრამ კვირიკაშვილი გაჭირვების გამო რომ მოისროლეს, რა, გაჭირვება აღარ არის?
გაიძახიან, სიღარიბიდან 400 ათასი ადამიანი ამოვიდაო, მაგრამ, სინამდვილეში, ქვეყნიდან 800 ათასი ადამიანი გაიქცა და ასეთი სტატისტიკაც ამიტომ აქვთ. თუ ქვეყანას ერთი მილიონი ადამიანი დატოვებს, „ოცნებას“ უფრო მეტი დასაქმებული ეყოლება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთაც უფრო ნაკლები იქნება.
მაია ცქიტიშვილიც ივანიშვილის ფავორიტია და ახლა ნათია თურნავაც გამოჩნდა, რომელსაც ვანო ჩხარტიშვილი და უჩა მამაცაშვილი ლობირებენ.
„ოცნების“ შიგნით კლანები ივანიშვილის მონდომებითა და სურვილებით იქმნებიან და იშლებიან! ხვალ ივანიშვილმა ცუდ განწყობაზე რომ გაიღვიძოს და რომელიმე კლანი არ მოეწონოს, ის იმავე დღეს ჩამოიშლება და მის ადგილზე ახალი კლანი გამოჩნდება!
მოკლედ, ერთადერთი კლანი ივანიშვილის კლანია, რომელიც პატარა კლანუკებს ქმნის.
_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, ელოდებით, რომ „ოცნებაში“ შიდა ომი გამძაფრდება?
_ რა თქმა უნდა. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები მოსახლეობას კი არა, ივანიშვილს აწონებენ თავს. დიახ, ეს ადამიანები საზოგადოების კი არა, ივანიშვილის ნდობის მოპოვებას ცდილობენ, რადგან შიდა გადანაწილებების დროს მეტი გავლენა ჰქონდეთ.
გიორგი აბაშიძე