ქონებრივი დავა, რომელიც 15 წელია, თაობიდან თაობას გადაეცემა
ყველაფერი 2000 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მცხოვრები თამარ გუგეშაშვილი ურეკში ისვენებდა.
გუგეშაშვილმა ურეკში მცხოვრები ნათელა დარბაიძისგან 600 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი 1500 ლარად შეიძინა. ამის შემდეგ ნათელა დარბაიძემ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და გუგეშაშვილი უკანონოდ ქონების მითვისებაში დაადანაშაულა. სასამართლომ გადაწყვეტილება გუგეშაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა და იგი მიწის ნაკვეთის კანონიერ მფლობელად დაასახელა.
„ქრონიკა+“ საქმის დეტალებით დაინტერესდა და ნათელა დარბაიძის ძმისშვილთან, გელა დარბაიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
_ თხუთმეტი წელია, სამართალს ვეძებთ, რომელიც დაკავშირებულია თამარ გუგეშაშვილის მიერ თაღლითობის გზით მამიდაჩემის _ ნათელა დარბაიძის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მითვისების ფაქტზე. აღნიშნულმა საქმემ სამი მთავრობა გამოიცვალა და ამ დრომდე სამართალდამცველების ყურადღება ვერ მივიქციეთ. რატომღაც, ამ ქვეყანაში უბრალო ხალხის გასაჭირი არავის აინტერესებს.
_ ბატონო გელა, უფრო კონკრეტულად რომ გვიამბოთ, რა მოხდა? ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმეზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გუგეშაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება და მან კანონიერად შეისყიდა მიწის ნაკვეთი ნათელა დარბაიძისგან.
_ თბილისში მცხოვრები თამარ გუგეშაშვილი 2000 წლის სექტემბერში ურეკში ისვენებდა. მოეწონა გარემო და დაინტერესდა, ვინმე ხომ არ ჰყიდდა მიწას. მამიდაჩემის მეზობლებმა უთხრეს, რომ ჩვენთან საუწყებო საცხოვრებელ ბინაში ერთი ავადმყოფი, გაჭირვებული ცხოვრობს და შეიძლება, იმან გაყიდოსო. ამის შემდეგ გუგეშაშვილი მამიდაჩემს მიადგა და მისი მიწის ნაკვეთით დაინტერესდა. გუგეშაშვილსა და მამიდაჩემს შორის კომუნიკაცია შედგა, რომელსაც მეზობლებიც ესწრებოდნენ… მამიდაჩემი ამბობდა, რომ მიწას არ ჰყიდდა, მაგრამ თუ ვინმე მას უმძიმეს მდგომარეობას შეუმსუბუქებდა, კატარაქტის ოპერაციის გაკეთებაში დაეხმარებოდა, გერმანული წარმოების პროთეზს შეუძენდა და საცხოვრებელ ოთახს გაურემონტებდა _ ამ პირობით 400 კვ. მ. მიწის ნაკვეთს გადასცემდა საკუთრებაში და თუ ეს პირობები კეთილსინდისიერად შესრულდებოდა, კიდევ დაამატებდა საჩუქარად 200 კვ. მ. მიწის ნაკვეთს.
გუგეშაშვილი, რა თქმა უნდა, დათანხმდა მამიდაჩემის მიერ შეთავაზებულ პირობებს და შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში გუგეშაშვილი, მეგობარ ექიმთან და პოლიციის ორ თანამშრომელთან ერთად, სამარშრუტო ტაქსით თბილისიდან ურეკში ჩავიდა. მეზობლებს საგანგებოდ უთხრა, რომ ნათელა სამკურნალოდ მიჰყავდა თბილისში. გზაში ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში შეიარეს, შემდეგ _ სადაზღვევო კომპანიაში და ბოლოს რაღაც შენობასთან გააჩერეს. გუგეშაშვილი მანქანიდან გადმოვიდა, შენობაში შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ შენობიდან ქერა ქალბატონი გამოვიდა, მამიდაჩემს მანქანაში გაესაუბრა და რაღაც საბუთი უჩვენა. შესთავაზა, ხელი მოეწერა. ამის შემდეგ თითქმის ორი წლის მანძილზე გუგეშაშვილი დარბაიძესთან სიტყვიერ შეთანხმებას არც უარყოფდა და არც ასრულებდა, თუ არ ჩავთვლით პატარა დახმარებას და ოთახის უმნიშვნელო რემონტს. მამიდაჩემი იმედგაცრუებული აღმოჩნდა და გადაწყვიტა, მიწის ნაწილი გაეყიდა. აღმოაჩინა, რომ საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში არსებული მიწის 600 კვ. მ. ნაკვეთი თამარ გუგეშაშვილის საკუთრებაში ირიცხებოდა და უთხრეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მისი ხელმოწერით იყო დადასტურებული.
_ ამის შემდეგ ქალბატონმა ნათელამ რა მოიმოქმედა?
_ ყველა სამართლებრივ ორგანოს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ და როდესაც ნათელა დარბაიძე მიხვდა, რომ თამარ გუგეშაშვილს გავლენები ჰქონდა ოზურგეთის რაიონის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ორგანოებში: ნოტარიუსში, საჯარო რეესტრში, მიწათმოწყობის სამსახურში, პროკურატურასა და სასამართლოში, ქონების დაკარგვის გამო უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ინერვიულა და 2015 წლის მარტში გულის ტამპონადით გარდაიცვალა. მამიდაჩემი ურეკიდან მარნეულში გადმოვასვენეთ, მუხის მოუხერხებელი პროთეზით გავასვენეთ და არა გუგეშაშვილის მიერ შეპირებული გერმანული პროთეზით. მამიდაჩემის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტეთ, ყველა ის საბუთი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ დარჩა, გულდასმით შეგვესწავლა. შესწავლის შემდგომ მართლაც აღმოჩნდა ისეთი უტყუარი საბუთები, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გუგეშაშვილს საჯარო რეესტრში უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვისთვის აუცილებლად უნდა ჰქონოდა დარბაიძის საკუთრების მოწმობა და მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ დარბაიძეს გუგეშაშვილისთვის აღნიშნული მასალები არ გადაუცია, რადგან მათ შორის ქონების ყიდვა-გაყიდვაზე შეთანხმება არ შემდგარა. გუგეშაშვილი ფლობს საკმაოდ დიდ ქონებას და ვფიქრობთ, მამიდაჩემი მისთვის არც პირველი და არც უკანასკნელი თაღლითობის მსხვერპლია. ჩემი ინფორმაციით, ურეკში კიდევ არის ერთი ადამიანი, ზინა ქარცუა, რომლისგანაც გუგეშაშვილმა მიწის ნაკვეთი შეისყიდა და სრულად თანხა არც მას გადაუხადა. ქარცუა იძულებული გახდა, თირკმელი გაეყიდა და ვალები ისე გაესტუმრებინა. ამჟამად ის ემიგრანტია და სამუშაოდ უცხო ქვეყანაშია გადახვეწილი.
„ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა ქალბატონ თამარ გუგეშეშაშვილს, რომელმაც დარბაიძის ბრალდებებს უპასუხა:
_ ვფიქრობ, რომ დარბაიძის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი ვარ და შემიძლია, ყველა ის დოკუმენტი მოგაწოდოთ, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებობს. ყველაფერი 2000 წლიდან დაიწყო: ურეკში ვისვენებდი და გელა დარბაიძის მამიდა იქ გავიცანი. ეს ქალბატონი უმძიმეს პირობებში იყო. მთელი ცხოვრება ურეკში მუშაობდა, დიაბეტის გამო ფეხი მოაჭრეს, მხედველობის პრობლემებიც ჰქონდა… მითხრა, რომ ოპერაციის გაკეთება უნდოდა. რჩევები მივეცი. მერე აღმოჩნდა, რომ პოლისი ჰქონდა. ვუთხარი, რომ ყველაფერს უფასოდ გაუკეთებდნენ… _ არავინ მყავს, მარტო ვარ და მეზობლები მეხმარებიან, რამდენიმე მიწის ნაკვეთი მაქვს, გავყიდი და ყველაფერს გავიკეთებო. ადამიანურად ძალიან შემეცოდა. ვუთხარი, რომ საკუთარი თავისთვის მიეხედა. ამ საუბარს მისი მეზობლებიც ისმენდნენ. შევპირდი, რომ ყველაფერში დავეხმარებოდი. იმ დროს ურეკში მიწის ნაკვეთის შეძენა მსურდა და იმასაც დავპირდი, რომ მისგან ვიყიდდი.
ძალიან გახარებული იყო, იმედი გაუჩნდა, რომ ვიღაცამ დაარიგა და სწორი რჩევები მისცა… მერე გავიგე, რომ ქალბატონ ნათელას მარნეულში ჰყავდა ძმა, ძმისშვილები და ა. შ.
გამიკვირდა, ვკითხე, რატომ არ აქცევდნენ ყურადღებას. აღმოჩნდა, რომ დიდი ხნის მანძილზე ურთიერთობა არ ჰქონდათ. მოკლედ, ეს ქალბატონი თბილისში ჩავიყვანე, მისი მეზობლებიც წამოვიდნენ… მივიყვანე ჩემს კლინიკაში, სადაც უკვე 35 წელია, ვმუშაობ და ყველაფერი გავუკეთე, მთელი საავადმყოფო ფეხზე დავაყენე, თვალის ექიმ ჩიჩუასთან წავიყვანე, ოპერაცია გავუკეთე და ხელოვნური ბროლი ჩავუსვი _ აბსოლუტურად უფასოდ ეკუთვნოდა…
ამ ყველაფერს რომ მოვრჩით, მარნეულში ძმასთან შესახვედრად ჩავიყვანეთ, ფაქტობრივად, ჩვენ შევარიგეთ… მთელი ამბავი ატყდა, ძალიან გახარებული ვიყავი, ერთმანეთს მოეფერნენ, ვიქეიფეთ, ქალბატონი ნათელა ძმასთან მარნეულში დავტოვეთ და თბილისში წამოვედით. გარკვეეული დროის შემდეგ ისევ ჩავედი ურეკში, საჩუქრებიც ჩავუტანე, ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ბოლოს რომ ჩავედი, ეს ქალბატონი ჩემ მიმართ აგრესიული მომეჩვენა. გამიკვირდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია… ცოტა ხნის შემდეგ თბილისში უშველებელი კონვერტი მომდის, სადაც წერია, რომ სასამართლოში ვარ გამოძახებული. ცხოვრებაში არ მქონია საქმე სასამართლოში… აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნათელა ვიღაც მეზობელმა კაცმა გაახელა, _ გადამთიელს მიწა როგორ მიჰყიდეო. იმ დროს ძალიან პოპულარული არ იყო ურეკში მიწები და საკმაოდ დაბალ ფასად იყიდებოდა. ნათელამ ჩემ მერე კიდევ გაყიდა რაღაც მიწები და ფული რომ გაუჩნდა, ორი ადვოკატი დააქირავებინეს და საშინელი ისტორია შეთხზეს. განცხადებაში ძალიან სასაცილო რამე ეწერა: „მე ვარ უპატრონო, ინვალიდი, 2000 წელს გავყიდე მიწა იაფად და ახლა მინდა, ის თანხა უკან დავუბრუნო, რომ ჩემი მიწა დამიბრუნდესო. თავიდან უნდა გავყიდო, ახლა უფრო ძვირი ღირსო.
_ ქალბატონო თამარ, 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი როგორ აღმოჩნდა თქვენს საკუთრებაში?
_ კანონიერად შევიძინე და 2000 წელს 1500 ლარი გადავიხადე. რა თქმა უნდა, ოფიციალური დოკუმენტებიც არსებობს. როდესაც საქმის მასალებს გავეცანი, გამეცინა, ისიც კი ვიფიქრე, რატომ უნდა მიიღოს სასამართლომ წარმოებაში ასეთი უაზრო საჩივარი-მეთქი. როდესაც ეს კონვერტი მივიღე, მეორე დღესვე არ დავიზარეთ, მე და ჩემი მეუღლე მარნეულში წავედით. იმედი მქონდა, რომ გელას ოჯახი ჩემი მოწმე იქნებოდა, რადგან ვიფიქრე, რომ ნათელა ვიღაცამ გაასულელა და წარმოგიდგენიათ, მე მიჩივის-მეთქი?! იმდენად ცამდე მართალი ვიყავი, ადვოკატიც კი არ ამიყვანია. არ მეგონა, თუ ამდენი წელი მომიწევდა ასეთ სტრესში ცხოვრება. დავა ორივე ინსტანციის სასამართლოში მოვიგე, რადგან არ არსებობს პატარა საფუძველიც კი, რომ მე რაიმე უკანონო ქმედება ჩამედინოს. ნათელას გარდაცვალების შემდეგ მეზობლებმა მითხრეს, რომ ძალიან ნანობდა და ამბობდა: ფულიც დამაკარგინეს და ის კარგი ქალიც, რომელიც მეხმარებოდაო (ჩემზე ამბობდა). საერთოდ აღარ მინდოდა ურეკისკენ გახედვა, არც იმ მიწის ნაკვეთზე გამიკეთებია არაფერი, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ყველაფერზე გული ამიცრუვდა. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა: გარკვეული პერიოდის შემდეგ სამსახურში ჩემთან მოვიდა უცხო კაცი და მითხრა, _ მე დარბაიძის წარმომადგენელი ვარ და საქმე მაქვსო. გაირკვა, რომ გარდაცვლილის ძმა ბრალს მდებდა, თითქოს ის მიწა უკანონოდ მივითვისე და დაბრუნებას ითხოვდა. სასაცილოდ არ მეყო… ამ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეტყობინება მომივიდა, სადაც ეწერა, რომ გელა დარბაიძის მამამ სარჩელი უკან გაიხმო. მალევე ნათელას ძმაც გარდაიცვალა. უკვე 15 წელი გავიდა და ახლა ქალბტონი ნათელას ძმისშვილი, გელა დარბაიძე მიჩივის… აღარ შემიძლია! ბოლოს მოსამართლეს შევღაღადე: ნუთუ, არ არსებობს ამ შანტაჟის გამო კანონი, რომელიც ამ ხალხისგან დამიცავს-მეთქი? თბილისის უზენაესმა სასამართლომ აღარ მიიღო ამ კაცის სარჩელი და ახლა ოზურგეთის პოლიციაში შეიტანა განცხადება. იქიდანაც დამირეკეს _ გავგიჟდი!
_ კიდევ ერთი ფაქტის შესახებ მინდა გკითხოთ, _ ქალბატონ ზინა ქარცუასთან რატომ მოგივიდათ უთანხმოება?
_ ეს ქალბატონი ცალკე მოვლენაა, გაქანებული აფერისტი აღმოჩნდა. გაზეთში ვნახე მისი განცხადება: ვყიდი მიწის ნაკვეთსო. დავრეკე და მისგან ვიყიდე 600 კვ. მ მიწის ნაკვეთი. ამის მერე დამირეკა, მთხოვა, _ მიშველე, ვალი მაქვს და დარჩენილი მიწის ნაკვეთიც, თუ სურვილი გაქვს, იყიდეო. მე აღარ მინდოდა და ჩემს მეგობარს შევთავაზე. წავიყვანე და როცა ნახა, გასაყიდ ნაკვეთში პატარა სახლი იდგა, უარი თქვა. შევთავაზე, რომ ჩემსაში გავუცვლიდი და გავუცვალე. მოკლედ, ეს სახლიანი ნაკვეთი ჩემს საკუთრებაში მოხვდა. კანონიერად შევიძინეთ _ ფული გადავიხადეთ! რამდენიმე თვის შემდეგ ეს ქალბატონი მირეკავს და მეუბნება, ჩემი სახლი გავყიდეო. გაოცებულმა ვკითხე: როგორ გაყიდე, როცა ჩემს საკუთრებაშია-მეთქი?.. მოკლედ, რაღაცები ჩახლართა. ყველამ იცის ეს ისტორიები, ურეკში რომ ჩახვიდეთ, ყველა მოგიყვებათ, რა დღეში ჩამაგდეს. არ გაჩერდა ქალბატონი ზინა. რადგან იცოდა, ექიმი ვიყავი, მირეკავდა და მთავაზობდა, თირკმელი და საშვილოსნო გამაყიდინეო. ვუთხარი: შენ ნორმალური ხარ-მეთქი? საოცრებები აკეთეს, არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. მაბრალებდა, რომ მისგან მიწა ვიყიდე და ფული ბოლომდე არ მივეცი… იქ უნდა ჩახვიდეთ, იქაური ადვოკატების ნომრებს მოგცემთ და დარწმუნდებით, რომ გიჟები არიან. ყველა დოკუმენტი და მტკიცებულება არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ მე ცამდე მართალი ვარ. სად არის ჩემი დანაშაული?! _ არ ვიცი…
ლევან ქემოკლიძე