ფარული და ღია კადრები
მართალი გითხრათ და ტვინი წაიღო ამ ფარულმა კადრებმა _ იმან, რაც იკადრეს (ატვირთეს და გაავრცელეს) და იმანაც, რაც მანამდე იკადრეს (როცა გადაიღეს) და კიდევ იმანაც, რაც ამ ყველაფრამდე, გადაღება-გავრცელებამდე იკადრა, ვინც იკადრა…
იმთავითვე უნდა ითქვას: ამაზრზენია, როცა ვიღაცას ლოგინში უღებენ. ამაზრზენია, როცა ვიღაცას ამ ფარულად გადაღებული კადრებით აშანტაჟებენ. ამაზრზენია, როცა ამ კადრებს ვიღაც ინტერნეტში ტვირთავს! ამაზრზენია, როცა ვიღაც ამას იქით-აქეთ გზავნის და ავრცელებს! ამაზრზენია, როცა ვიღაცა ამას შლეგი ინტერესით, ხარბად უყურებს და სხვასაც უგზავნის, _ შენც ნახეო!
ეს ყველაფერი ამაზრზენია, იმიტომ რომ სხვის ლოგინში ძრომიალი და ქექვაა. იმიტომ, რომ არავის საქმე არ არის, ვინ როგორ იცხოვრებს და ვინ როგორ და ვისთან ისიამოვნებს.
არა, უფრო სწორად, არსებობს გარკვეულ პირთა წრე, ვისი პირადი ცხოვრებაც სწორედაც რომ გამჭვირვალე უნდა იყოს საზოგადოებისთვის და ეს პირები არიან პოლიტიკოსები, რომელთაც უკავიათ სხვადასხვა მაღალი თანამდებობა. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს და მოითხოვოს, რომ მისი რჩეული, პრეზიდენტი იქნება ეს, პრემიერი, მინისტრი თუ პარლამენტარი, არ ღალატობდეს ოჯახს! არ ეწეოდეს, რბილად რომ ვთქვათ, „მრავალფეროვან სექსუალურ ცხოვრებას“. ეს მაღალი სტანდარტი ეხებათ მხოლოდ პოლიტიკოსებს, მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირებს და არავის _ სხვას!
პოლიტიკოსი, მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი არ უნდა იძლეოდეს შანტაჟის მსუყე საფუძველს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის. დიახ, არავინ არავის უღებს ცოლებთან, ქმრებთან, რადგან ამგვარ კადრებს ვერც შანტაჟისთვის გამოიყენებენ და ვერც _ „პოსლეზე“ შურისძიებისთვის…
მოკლედ, პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების სამიზნეზე დევს და ეს ასეა ყველგან, თუ ჩემი არ გჯერათ, „წმინდა“ მონიკა ლევინსკის „მადლი“ გფარავდეთ.
მაგრამ აქვე უნდა ითქვას, ეს გამჭვირვალობა არ ნიშნავს და არანაიარად არ ამართლებს არც ამგვარი კადრების გადაღებას, არც ამგვარი კადრებით შანტაჟს და არც მის ატვირთვა-გავრცელებას. ეს ყველაფერი უმსგავსობაა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად.
მომიტრიალდებით და მეტყვით, _ კი მაგრამ, თუ პოლიტიკოსთა ცხოვრება გამჭვირვალეა და საზოგადოებას უფლება აქვს მისი კონტროლის, ეს რაღატომაა უმსგავსობაო? რატომაა და იმიტომაა, რომ საზოგადოებას მაგ უხამსი, ინტიმური კადრების გადაღება-ატვირთვა-გავრცელების გარეშეც შეუძლია აკონტროლოს, რამდენად ზნეობრივად ცხოვრობს მისი რჩეული პოლიტიკოსი. ამისთვის აუცილებელი არაა საძინებელში შევარდნა.
ესაა, ჩემი აზრით, ამ ყველაფერში არსებითი და გადამწყვეტი და არა იმის მტკიცება, რომ, თურმე, არავის საქმე არაა, როგორ იცხოვრებს ქვეყნის პრეზიდენტი, მინისტრი თუ კანონმდებელი. უკაცრავად, თუ ბორგნეული, ბოჰემური და მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება, პარტნიორების „ნასკებივით“ ცვლა გსიამოვნებთ და გხიბლავთ, ამას არავინ გიშლით, ეგ თქვენი არჩევანია, მაგრამ თუ მაგ არჩევანს აკეთებთ, ჩვენ ნუღა ჩამოგვიდგებით და ნუ შემოგვთავაზებთ თავს ასარჩევად, მიბრძანდით და საასპარეზოდ აირჩიეთ ყველა სხვა სფერო და იცხოვრეთ ისე, როგორც გენებოთ.
ეს ასეა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ: ეს არანაიარად არ ამართლებს იმ სიბინძურეს, რასაც ლოგინში კამერით შევარდნა-გადაღება და შემდეგ ამ გადაღებულის გავრცელება ჰქვია. ამის კადრება ამაზრზენია. მაგრამ რაც ამას მოჰყვა, არც ის გამოიყურება, მაინცდამაინც, სიმპათიურად: დააპატიმრეს პირები, რომელთაც ეს კადრები მესინჯერში მიუვიდა, ვინც სხვასთან გადააგზავნა ან, უბრალოდ, პოლიციას არ შეატყობინა.
მათი ქმედება კანონსაწინააღდეგოა და, ალბათ, იცოდნენ კიდეც ეს, მაგრამ ეგონათ კი, რომ მათ ამისთვის ვინმე დაიჭერდა? სწორედ ასე გავრცელდა, თავის დროზე, ერთ-ერთი მინისტრის კადრები, ლამის ნახევარმა საქართველომ ნახა _ მიიღო და სხვებს გადაუგზავნა, მაგრამ, რატომღაც, მაშინ ისინი არავის დაუჭერია _ არც ნახვისთვის და არც სხვისთვის გადაგზავნისთვის! და რას იფიქრებდნენ, რომ ახლა მათ დაიჭერდა ვინმე? მით უმეტეს, როცა სწორედ ამ პარლამენტარის აღნიშნული კადრების გამავრცელებლები დაჭერილები იყვნენ და საპროცესო გარიგებით გამოუშვეს? აი, ეს ცხრამაგი სტანდარტები ან რამდენად მორალურია, ან რამდენად _ სამართლიანი? ეს ყველაფერი მართლა ამაზრზენია და რითაც დავიწყე, _ ტვინი წაიღო ამ ყველაფერმა…
არადა, თბილისი იქცა ქალაქად, სადაც მოსახლეობას სტიქიურ უბედურებად ევლინება ყველაფერი, რაც კი, წესით, მის კომფორტს უნდა უზრუნველყოფდეს!
სულ ერთ კვირაში სკდება ცენტრალური წყალსადენი მილი და იტბორება თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა! ამ მილის გახეთქვამდე და წარღვნამდე ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში, გაზის ნამწვი დაგროვდა და 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა! ამ ტრაგედიას პეკინზე გაზის აფეთქება მოჰყვა, თემქაზე კი ისევ ნამწვის დაგროვება და კინაღამ ისევ ხალხის ამოხოცვა _ 6 ადამიანი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და ეს ყველაფერი მოხდა ორ დღეში! და ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის საშინელი აფეთქება დიდ დიღომში, რომელმაც 4 ადამიანი შეიწირა! რასაც მოჰყვა 2 მოხუცის გაზით გაგუდვა ვარკეთილში…
და რაც კიდევ უფრო დრამატულს, მეტიც, ტრაგიკულს ხდის სიტუაციას, ეს უმძიმესი ისტორიები ვითარდება სხვა, არანაკლებ მძიმე მოვლენებთან და ისტორიებთან ერთად. მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს წინ უძღოდა არაერთი ადამიანის სიკვდილი ე. წ. ღორის გრიპით… ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გავხდით მოწმე, როგორ ჩავიდა თხრილში 12 წლის ბავშვი ჟანგიანი რკინისთვის და როგორ ჩაიმარხა იქ… ჩვენ გავხდით მოწმე, როგორ დაიღუპა ლიბიაში ლუკმა-პურისთვის წასული გორელი ბიჭი და როგორ იპოვეს იგი ნავსადგურთან მკვდარი… ჩვენ გავხდით მოწმე, როგორ იპოვეს სიცოცხლით სავსე ბიჭი ტყეში გაყინული… ამ ყველაფერს ემატება გახშირებული ავტოკატასტროფები და მკვლელობები. გორში, სოფელ ქიწნისთან, სამი ტყვიაველი ბიჭი ავარიაში დაიღუპა…
ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა. ყარაჯალაში მეჩეთთან 19 წლის ბიჭი მოკლეს. ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში 28 წლის ბიჭი მეჯვარემ მოკლა. აბაშაში ბირჟაზე ორ პოლიციელს ჭრიან… 4 წლის გოგონას ცემაში კლავენ… აკავებენ და აკავებენ ხალხს ქურდობისთვის, მარტო ბოლო დღეებში 6 პირი დააკავეს ქურდობის ბრალდებით… კახეთში საფლავებს ძარცვავენ, ქუთაისში ერთ დღეს ერთ მაღაზიას აყაჩაღებენ, მეორეს _ ქურდავენ… მაღაზიას აყაჩაღებენ რუსთავშიც. მაგრამ ეს ყაჩაღები აშკარად „მელოჩნიკები“ არიან იმ ყაჩაღებთან შედარებით, რომლებიც მთავრობაში გვყავს წამოსმული! დიახ, ბატონებო, მარტო 2018 წელს, მარტო პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე დაიხარჯა… 16 მილიონი ლარი!!! ქალბატონი ჩუგოშვილი ბიუჯეტის ხარჯზე დადის და დაჭენაობს აღმა-დაღმა _ 86 ათას 702 ლარის იარა სხვადასხვა ქვეყანაში.
„ენდიაის“ კვლევებმა ცხადყო _ ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში! გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ სამინისტროებში კორუფციაა გავრცელებული! გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ სასამართლოში კორუფციაა გავრცელებული! გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ პოლიციაში კორუფციაა გავრცელებული! გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ პარლამენტში კორუფციაა გავრცელებული! გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ პროკურატურაში კორუფციაა გავრცელებული!
ამ დროს ქვეყნის რეგიონებში კომერციულ აბონენტებს 11 თეთრით უძვირებენ გაზს, ვითომ მოსახლეობას არ უძვირებენ, მაგრამ იმ კომერციულ აბონენტებს რომ გაზი გაუძვირდებათ, უკაცრავად და, პროდუქციას, ვთქვათ, პურს, ვის გაუძვირებენ?
ამ დროს რას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი? სულ კარტოფილზე ვკიდივართ! წინა პრეზიდენტს თავის მოყვანილ კარტოფილზე ვეკიდეთ, ამას თავის მომყვან კარტოფილზე ვკიდივართ, დგას და თავის „კონკია“ გერს ასაქმებს, აქაოდა, ბოროტ დედინაცვლობაში არ ჩამეთვალოსო.
ამ დროს რას აკეთებს თბილისის ვარდისფერფაფახა მერი? რას და იმას, რომ სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ ფულს „ოცნების“ აქტივისტებს ურიცხავს, ფარცხალაძეს მიწებს აძლევს ვაკეში, ჩვენ კი უსაფრთხო ხიდებს გვინგრევს. გზებზე გადასასვლელი ლითონის ხიდების აღებას გეგმავს და მის ნაცვლად იმ ზებრა გადასასვლელების მოწყობას, სადაც ამიერიდან აგვაკაპოტებენ დეგენერატი მძღოლები. დიახ, ბატონებო, ბატონი კალაძე რაკიღა თვითონ არ დაიარება იმ მაღლა გადებულ მართლაც ულამაზო, მაგრამ რეალურად უსაფრთხო ხიდებზე, იმ ხიდებს უფუნქციოდ მიიჩნევს და მოჭრას უპირებს. გვინგრევს უსაფრთხო გადასასვლელს და გვიკეთებს სახიფათო გადასასვლელს. არადა, ვისაც უსაფრთხოდ გადასვლა გვინდოდა, ავდიოდით იმ გამოკიდებულ ხიდებზე და გადავდიოდით. მისთვისაა ეს ხიდები უფუქნციო და ვიღაცებისთვისაა „საფეხმავლო“. აი, ჯერ ამ ტერმინის მომგონის უტვინო თავში ჩამახედა და მერე კიდევ იმათ თავში, ვინც ამ უტვინო ტერმინს წამდაუწუმ ხმარობს, მით უფრო, ამ ჰაერში გამოკიდებულ ხიდებთან მიმართებით. თქვე პინგვინძაღლებო, „საფეხმავლო“ _ მაგ თითიდან ნაწუწნი ტერმინით რომ არ დააკონკრეტოთ, ვინმე მანქანით აასკდება მაგ ხიდზე? თავი გადგათ ტვინით თუ ლიტრიანი ბანკა ჭანჭურის პავიდლოთი?
ამ ყველაფრის შედეგს ახლავე ვხედავთ, ხოლო იმ უმსგავსობისა და იმ მავნებლობის შედეგს, რასაც განათლების მინისტრი ბატიაშვილი ეწევა, მოგვიანებით ვნახავთ და როცა ვნახავთ, უკვე გვიანი იქნება და მაგ ბატიაშვილის ბატივით კისრით ჩამოკიდება აღარაფერს უშველის.
აქაოდა, ვითომ ბავშვებისთვის სტრესიაო, მისდგა და ჯერ მე-11-კლასელებს გაუუქმა გამოცდები და შემდეგ _ მე-12-კლასელებსაც. თავისი რუპორი მედიასაშუალებები კი დგანან და ურცხვად „აპრავებენ“, თურმე, როგორი ზედმეტი ყოფილა ეს გამოცდები და როგორ უშლის ხელს მოსწავლეებს განათლების მიღებაში. ეს გამოცდებიც გააუქმა და ზოგადი უნარებიც ზედ მიაყოლა… ცოტაც და საერთოდ გააუქმებს ეროვნულ გამოცდებს და ისევ უნივერსიტეტებს მიუგდებს მსუყე ლუკმას კორუფციისთვის და მუცლების ხეთქვისთვის.
ერჩის ზოგად უნარებს, ეტყობა, თავადაც ვერ ავსებს ზოგადი უნარების ტესტებს და ერჩის იმას, რაც თვითონ არ შეუძლია. დიახ, სწორედ ზოგადი უნარები ადგენს, რისი მსწავლელია ბავშვი და არა ის, რასაც აზუთხინებენ! ქვეყანამ იცის, როგორ დაიარებოდა უიმედოდ ეს ბატონი ბატიაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილის კარზე, ისიც, თუ როგორ არ გაიკარა სააკაშვილმა და ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ, როგორ მიმართავს ის ყოვლად გაუგონარ შურისძიებას იმის გამო, რომ სააკაშვილმა არ გაიკარა! მიზანმიმართულად ანადგურებს იმას, რაც სააკაშვილმა მართლა ღირებული დაუტოვა ამ ქვეყანას! ჯერ საქართველოს არ ჰყოლია ასეთი შურისმაძიებელი კაცი განათლების მინისტრად.
გააუქმა გამოცდები, აფარჩაკებს ზოგად უნარებს. და რას აკეთებს? რას და სკოლებში, ყველა სართულზე დგამს ანონიმურ ყუთებს, სადაც „ანონიმკებს“ ჩაყრიან მოსწავლეებიც, კანონიერი წარმომადგენლებიც და სკოლაში დასაქმებული პირებიც…
თავის დროზე, სააკაშვილი რომ პოლიციასთან თანამშრომლობისკენ და ჩვენების მიცემისკენ მოუწოდებდა დანაშაულის თვითმხილველებს, მაშინდელმა ოპოზიციამ და წითელმა ინტელიგენციამ ლაჯებში ტარხუნა აიღაღანეს, _ ჩაშვება და ბოზობაა ესო. ის ჩაშვება და ბოზობა იყო და ბავშვებს და პედაგოგებს რომ „ანონიმშიკობისკენ“ აქეზებენ, ეს ბერმონაზვნობაა? რას ვასწავლით მომავალ თაობებს, ღიად, პასუხისმგებლობით სავსე მხილებას, თუ, უკაცრავად და, ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოკლებულ დაბეზღება-დასმენას და სხვისთვის იმის დაბრალებას, რაც თვითონ მოეპრიანებათ?
აი, ეს ყველაფერი ჩანდა ღია კადრებში და დამეთანხმეთ, რომ რაც ღია კადრებში ჩანდა, იმაზე არანაკლებ უხამსია, რაც ფარულ კადრებშია ხოლმე… იმაზე უხამსია და ასჯერ საშიში და სავალალო ქვეყნისთვის, ვიდრე ვიღაცის კოტრიალია ვიღაცასთან…
რეზო შატაკიშვილი