სალომეს ფრთხილი ბედნიერება და ჩვენი უბედურება
ხშირად და ბევრს საუბრობენ იმ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, რომლის დეფიციტიც თვალშისაცემია საქართველოში, ჩვენს საზოგადოებაში. საუკუნეების მანძილზე არ გვქონია სახელმწიფოებრიობა. ორ საუკუნეზე მეტი ჯერ რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში გავატარეთ, მანამდეც მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა ჩვენი დამოუკიდებლობაც და სახელმწიფოებრიობაც. მე-15 საუკუნეში საერთოდ საქართველოს ერთიანობას დაესვა წერტილი და დაიშალა სამეფო-სამთავროებად, რომელთა ბედს უცხო სახელმწიფოები _ ხან ირანი და ხან ოსმალეთი წყვეტდნენ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირიც არაა, რომ სახელმწიფოებრივ აზროვნებაშიც გვიჭირს და სახელმწიფოც თინეიჯერია. შევარდნაძის ხელში აქ სახელმწიფო კი არა, ჯერ სისხლის გუბეები იდგა, შემდეგ კორუფციის დამყაყებული ჭაობი, სადაც კომფორტულად მხოლოდ ნომენკლატურული, მექრთამე, წითელი ფერის ბაყაყები გრძნობდნენ თავს. სახელმწიფოს შენება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო და ნაბიჯები გადაიდგა… და მერე დაიწყო ცოცხობა და დიდქოცობა. სახელმწიფო კი არა, ლამის ქვეყანა გაგვიხდეს სანატრელი და მართლაც ქვე-ყანად ვიქცეთ. ამ ყველაფრის შემხედვარე, მართლაც ხშირად ვფიქრობთ, რომ მთავარი სახელმწიფოს ქონაა, მთავარი სახელმწიფოებრივი აზროვნებაა, მაგრამ ასეა კი?
არის ასეთი სამხრეთ კორეული მრავალსერიანი (134-სერიანი) ისტორიული სერიალი „ტე ჯოიონი“, რომელიც ასახავს ლეგენდარული ჟუმონგის მიერ დაარსებული, ათასწლოვანი კოგურიოს დაცემისა და შემდეგ სახელგანთქმული მხედართმთავრის, ტე ჯოიონის მიერ ახალი სამეფო ბალჰაის დაარსებას. სწორედ კოგურიოს დიდი მხედართმთავრები ჩააგონებდნენ ტე ჯოიონს, რომ უმთავრესი იყო ხალხის შენარჩუნება! სამეფო შეიძლება დაეცეს, განადგურდეს და მის ნაცვლად ახალი აღმოცენდეს, აღორძინდეს, მაგრამ ვერნაირი სახელმწიფო ვერ აღდგება და ვერ აღორძინდება, თუ ხალხი განადგურდა და გადაშენდა!
დიახ, ხალხია მთავარი და არა სახელმწიფო! გვესმის ეს ვინმეს? ბევრს ვლაპარაკობთ სახელმიწფოს ქონაზე, ზოგი ვზრუნავთ, ზოგს ეგეც ჰკიდია, მაგრამ ვფიქრობთ კი იმაზე, ვისთვის ვაშენებთ ამ სახელმწიფოს? იქნებაღა ეს საქართველო? არა, შეიძლება სახელი ერქვას საქართველო, სახელი არავინ გამოუცვალოს, მაგრამ იქნება კი ეს ქართველების ქვეყანა? ასე სახელად ეგვიპტესაც ჰქვია ეგვიპტე, მაგრამ არსებობენღა ეგვიპტელები? ვიღაცას ეგებ ნაცისტიც ვეგონო, ვიღაცამ მარშისტიც მიწოდოს, ვიღაცამ პროვინციული ფაშისტიც, როგორც ერთ დროს სალომე ზურაბიშვილის ქმარმა კაშიამ უწოდა ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს, მაგრამ ამიხსენით, რატომაა ან ნაციზმი ან ფაშიზმი ან მარშიზმი ან ჯანდაბა ის, რომ ეს ქვეყანა ქართველებისთვისაც მინდოდეს, ყველასთვის და მთთან ერთად ჩვენთვისაც და გული მტკიოდეს, როდესაც ვხედავ როგორ იყრება აქედან ამ ქვეყნის ძირძველი მოსახლეობა _ საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, ეთნიკურად სომხები, ქურთები, აზერბაიჯანელები, სხვა ეთნოსები, ვინც აქ ჩვენ გვერდით საუკუნეებია, ცხოვრობენ და როგორ მიდიან უკანმოუხედავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ ნაცვლად კი ვხედავთ რუსეთიდან და სხვადასხვა აღმოსავლური ქვეყნიდან შემოსულ მოსახლეობას, რომელიც აქ ფუძნდება, სახლდება, მკვიდრდება, იდგამს ფესვებს. დიახ, მიდის მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი _ მიდის ამ ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა და აქ მკვიდრდება უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოსახლეობა. ცხადია, არავინ საუბრობს ვინმესთვის აქ დასახლების აკრძალვაზე ან საზღვრების ჩაკეტვაზე და არც იმაზე, რომ ვინმე აქ მივაჯაჭვოთ, რაკი მკვიდრი მოსახლეობაა და შევუზღუდოთ ამ ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ ჯამში ეს ორივე პროცესი _ აქედან მკვიდრი მოსახლეობის გადინება და უცხო ქვეყნებიდან ხალხის შემოდინება და აქ დამკვიდრება, ერთობლიობაში, დრამატულ სურათს ხატავს _ მალე „სხვა ხალხის იქნება ჟრიამული“ _ აქ ამ ქვეყანაში. ჩვენ ვკარგავთ ხალხს, ვკარგავთ იმ სახელმწიფოს პატრონს, რომელსაც ვაშენებთ. არა, ამ მიწას უპატრონოდ არავინ დატოვებს და ვიღაც აუცილებლად დაეპატრონება, მაგრამ იქნება კი ის ჩვენი ქვეყანა?
ლამის ოჯახს ვერ ნახავთ, ერთი, ორი და ხშირად მეტი წევრი რომ არ იყოს უცხოეთში გადახვეწილი. მიდიან სამუშაოდ, ლუკმაპურისთვის და ეს წლობით გრძელდება. ბევრი უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, წასულია, ბევრი 10-15 წელია. ბევრი მხოლოდ საუბრობსღა ოდესღაც აქ დაბრუნებაზე, ბევრი ასე თეორიულადაც აღარ ფიქრობს აქ დაბრუნებას. მხოლოდ მცირე ნაწილი თუ აპირებს რეალურად აქ დაბრუნებას და ისიც საკითხავია, შეძლებენღა აქ, ამ პირობებში, ამ გარემოში ცხოვრებას აქაურობას გადაჩვეულები და დაწყობილ, დავარცხნილ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებას შეჩვეულები? რამდენი მაგალითი ვიცით, რომ გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან ერთი თვით ჩამოსულები აქედან ერთ კვირაში გაბრუნებულან, მოხლოდ იმიტომ, რომ უჭირთ გაძლება, ვეღარ ეგუებიან აქაურ გარემოს და პირობებს!
მიდიან სასწავლებლად და ჩვენ ფუქსავატურად ვიმედოვნებთ, რომ სასწავლებლად წასულები უკლებლივ ყველა აქ დაგვიბრუნდება და თავის ქვეყანას გამოადგება. ფუქსავატურად ვიმედოვნებთ, არადა ჩვენს გვერდითვე, ჩვენს საახლობლოში არაერთი მაგალითი გვაქვს იმის, რომ წავიდნენ და უკან მობრუნებას არც აპირებენ. ხან ისტორიასაც ვიშველიებთ ჩვენი თვითიმედოვნებისთვის, ვიხსნებთ თერგდალეულებს თუ შემდეგ პარიზიდან დაბრუნებულ ელენე ახვლედიანს და სხვა მაგალითებს. ერთეულ მაგალითებს ვიშველიებთ და იმაზე კრინტს არ ვძრავთ, რამდენი იქ დარჩა და აქ აღარ დაბრუნდა. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ძალიან ბევრის ვინაობა არც კი ვიცით. თან მაშინ, საუკუნის უკან, ძალიან იშვიათად თუ ვინმე ახერხებდა საზღვარგარეთ გასვლას და დღეს? მთელი ახალგაზრდობა დაძრულია. იღებენ განათლებას, რაც ძალიან კარგია, მაგრამ რომც დაბრუნდნენ, იმ განათლებას ვინმე დაუფასებს აქ? გავიხედ-გამოვიხედოთ ირგვლივ, რამდენ ცოცხალ მაგალითს ვნახავთ, როგორ დაბრუნდა დასავლეთში განათლების მიღების შემდეგ ვინმე ჩვენი ახლობელი, ახლობლის შვილი, ფეხი ვერ მოიკიდა და ისევ უკან გაბრუნდა?
რატომ ვიტყუებთ თავს, რომ საზღვარგარეთ წასული ახალგაზრდობის დიდი ნაწილი იქ არ დარჩება საცხოვრებლად და სამუშაოდ? რა იქნება მათთვის ეს ქვეყანა? საზაფხულო ან საშობაო აგარაკი… აი, წინა საუკუნეში, როდესაც სოფელი თბილისში დაიძრა და სოფელი აგარაკად დაიტოვეს, ზუსტად ეგ პროცესი წავა აქ _ იცხოვრებენ საზღვარგარეთ, იმუშავებენ იქ, აქ ეყოლებათ დატოვებული მოხუცები, რომლებსაც ხშირად თანაც წაიყვანენ თვეობით, როგორც სოფელში ჰყავდათ მათ მშობლებს და ბებია-ბაბუებს ოდესღაც დატოვებული თავისი მშობლები და ხან აქ ჩამოჰყავდათ. მერე, როდესაც თვითონაც დაბერდებიან და ნოსტალგია მოეძალებათ, ნაწილი, ეგებ, დაბრუნდეს კიდეც აქ, რომ შემდეგ აქ დაიმარხოს, მშობლიურ მიწაში, ნაწილს, ალბათ, ამის სურვილიც არ გაუჩნდება… მიდის მთელი ახალგაზრდობა, მიდიან როგორც ინტელექტუალური უნარებით გამორჩეულები, ასევე ჯანღონით სავსე გოგო-ბიჭები, მიდიან სამუშაოდ, დასამკვიდრებლად, უბრალოდ ნორმალურ, ცივილიზებულ გარემოში საცხოვრებლად, სადაც ცოცხლად არ ჭამენ ერთმანეთს და გესლს არ ანთხევენ ყოველდღიურად. მიდიან ახალგაზრდები და როდესაც რჩევას გეკითხებიან, რა გინდა, რომ უთხრა? აქ დარჩი და ერთი სიცოცხლე, რომელიც გეძლევა, აქ, ამ პირობებში, ამ უპერსპექტივობაში გაატარეო? როგორ გინდა, რომ გადააფიქრებინო, რა ნამუსით? რა სინდისით?
ჰოდა, მიდიან ახალგაზრდებიც და მეტიც, ვისაც კი ფეხის გადგმა შეუძლია! მიდიან უმუშევრობის გამო და ეს პროცესი ისეთი შეუქცევადი ხდება, მალე პირიქით _ მუშახელის დეფიციტი იქნება და აქეტ გახდება შემოსაყვანი მუშახელი. შემოიყვანენ კიდეც მუშახელს, ცხადია, აქ ინგლისიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ნორვეგიიდან არავინ ჩამოვა. რა კონტინგენტიც მოაწყდება, თავად განსაჯეთ და წარმოიდგინეთ. საქართველო დადგება იმ პრობლემის წინაშე, რომლის წინაც ახლა დგას ევროპის მოწინავე ქვეყნები და ვერც გადაუჭრიათ, რადგან ჩიხია. ისინი, წარმატებული და თან დიდი, მრავალრიცხოვანი ერები ვერ უმკლავდებიან და ჩვენ გავუმკლავდებით ისედაც მცირერიცხოვანი ერი და თან სუსტი, ახლახან ფეხადგმული სახელმწიფოებრიობით?
ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, თვალი მიმოვავლოთ ჩვენს საახლობვლოს, დავითვალოთ, რამდენი ახლობელი დაგვრჩა საქართველოში და რამდენია წასული საზღვარგარეთ. თბილისი კი ისევ ისე გაპიპინებულია, გადავსებული და საცობებით დაცობილი და გაჭედილი. ხალხი მიდის ამ ქვეყნიდან და თბილისი ისევ სავსე და გალიპლიპებულია, ნეტავ, რატომ?
ვიღაც წაიკითხავს და ამ გულის ტკივილში „ქართველობას გვართმევენ“ მოტივებს ამოიკითხავს. არა, ბატონებო, ქართველობას ვერავინ ვერავის წაართმევს, ქართველობას კი არ გვართმევს ვინმე, ქართველებს გვართმევს ეს ცხოვრება, ხალხს გვიკარგავს და გაუგებარია, ვის ვუშენებთ (ან არ ვუშენებთ) ამ სახელმწიფოს? თუ ასე შეუქცევადად გაგრძელდა ეს ყველაფერი _ მკვიდრი მოსახლეობის (ქართველისაც და არაქართველისაც) აქედან გადინება და სხვათა შემოდინება, რას მივიღებთ 10-15 წლის შემდეგ? სანატრელი ხომ არ გაგვიხდება ქართული სიტყვის გაგონება ამ მიწაზე? თქვენ თუ ახლა იმის იმედი გაქვთ, რომ ვინც აქ შემოდის, ქართული ენის სწავლით თავს მოიკლავს, ძალიან ცდებით. ან კიდევ თუ იმის იმედი გაქვთ, რომ ვინც ახლა საზღვარგარეთ მიდის და იქ ზრდის შვილებს, რომ ფერეიდნელი ქართველებივით თაობებს გადასცემენ ქართულ ენას, მაგაზეც ცდებით. კარგად დააკვირდით, თქვენი ახლობლები რომ აქ შვილებს ჩამოიყვანენ უცხოეთიდან, როგორ იციან ქართული ან თუ შეატყობთ ენთუზიაზმს, მონდომებას.
ვიღაც თავისი ქართული წარმოშობით დაკომპლექსებული გამოტყვრება და იტყვის, რომ ეს საერთოდ არაა მნიშვნელოვანი, არც ქვეყნის ეთნიკურ შემადგენლობას აქვს მნიშვნელობა, არც ქართულ ენას, რომ მთავარი სახელმწიფო და მოქალაქეობაა. თუ არც ენა იქნება, არც ეთნოსი, არც მისი წარსული და მომავალი, ეგ ფარატინა მოქალაქეობა სულ ჭადრის კენწეროზე არ მკდია? ან ტურისტების დასათვალიერებლად დაკონსერვებული კოლორიტი, პილპილ-ხინკალ-ხაჭაპური და ცარიელი ტლინკაობა ვის რა ოხრად უნდა, რეზერვაცია ვართ?
თუ ამ ქვეყნის მკვიდრი ქართველი ხალხი აქ არ იქნება და ამ მიწა-წყალს სხვა უნდა დაეპატრონოს, ბარემ სახელმწიფოც იმ ვიღაცამ ააშენოს აქ და ქოცებისგან ვერაშენებული 40 ტუალეტიც.
სახელმწიფო გვჭირდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ხალხი. ძალით და იძულებით კი არა, აქ სათანადო პრობების, პერსპექტივის შექმნით. სწორედ ამ პერსპექტივას სპობს დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც სულ ახლახან მოხვდა საზოგადოებისგან შიგ სიფათში სილა, ახლა მეორე ტურში მეორე ყბაში მოხვდება და სულ მალე პანღურსაც მიიღებს პრემიად. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ დავკარგავთ ხალხსაც და სახელმწიფოსაც. დავკარგავთ ხალხს და შემდეგ ვერც ვეღარასოდეს შევქმნით სახელმწიფოს.
სულ არ მაღელვებს სალომეს არც ფრთხილი და არც თამამი ბედნიერება, მე ჩვენი უბედურება მიკლავს გულს…
რეზო შატაკიშვილი