ბასიანელი რეზიდენტები, რეზიდენტი სალომე და… ლენინი
ბასიანის ლეგენდარულ ომზე არ თქმულა და არ დაწერილა იმდენი, რაც ამ დღეებში ითქვა და დაიწერა ბასიანელების მოსკოვებში წატანტალება-არწატანტალებაზე და მერე კლუბის კარის ჩარაზვაზე, „წმინდა“ მუზარადზე ხელაღებისადა გამო და ბოლოს რა გაირკვა? რაზედაც მთელი ერი აიჯაგრა და რაზედაც ქართველმა ხელი ლამის ხმალს იკრა, თურმე ამათ უკვე უქნიათ სულ 2 თვის წინ, სულ რუსეთებში დაუკრავთ _ მოკლედ, როგორც „ქეთო და კოტეშია“: „ბიძაჩემო, ეს უკვე მოხდა“, და „ეს იყო პეტერბურგში“.
ვიდრე ამ ყველაფერზედ ჩემს აზრს მოგახსენებდეთ, მინდა გითხრათ, რომ ამ რუსების ასე მთლად გადაგდება იმთავითვე არ მომდიოდა თვალში და ვწერდი კიდეც ამ ბასიანის რეზიდენტების მაგიერ, _ მთლად ბობოლა რეზიდენტი _ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გავუშვათ-მეთქი? რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება არავინ ყურად არ იღო, მაგრამ დღეს მე ბასიანიელი რეზიდენტებისა და რეზიდენტი ზურაბიშვილის საქმენი საგმირონს ამ ერთ ბლოგში ერთად შევეხები. მერწმუნეთ, დიდი კავშირია ამ ორი, რადიკალურად განსხვავებული სახეობის რეზიდენტებს შორის.
გზა მოსკოვისკენ ნამდვილად არ გაუთელავს ბასიანელთა მერანს _ ეს გზა კაი ხნის გათელილია, მე თუ მკითხავთ, დაქნილიც _ ოკუპანტთან მირბიან და უმღერიან სხვადასხვა თაობისა და რანგის მომღერლები, მირბიან საცეკვაოდ, მირბიან საღლიცინოდ. მოკლედ, ეს უკვე ლამის გენში უზის „ღრუზინს“. მართალია, ყოველ ჯერზე სკანდალი ტყდება და ილანძღება, ვინც იქ მიდის საღლიცინოდ, „სატანცაოდ“ თუ საკვნესად, მაგრამ რაც ამ ჯერზე მოხდა, ამან ყველა რეკორდი მოხსნა. სოცქსელები 9-ბალიანმა მიწისძვრამ შეარყია. რატომ მიიღო საზოგადოებამ ასე მტკივნეულად ბასიანელების მოსკოვში წასვლის ამბავი?
მოდი, ალალად ვთქვათ, ვისაც ჩვენ აქამდე ვუკიჟინებდით, თუ რატომ მიდიოდნენ რუსეთში, იმათ სხვაგან არც არსად წაესვლებოდათ და რა გამოდის, იმ ხალხისგან ვითხოვდით, უარი ეთქვათ მათთვის ერთადერთ ბაზარზე, სადაც თავადაც საღდებიან და მათი „პროდუქციაც“. ოკუპანტს მაინც არ უნდა უმღერ-უცეკვო, თუ ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე გაქვს პრეტენზია და თუ არადა, უცეკვე, უმღერე, კისერიც გიტეხია, მაგრამ ნუღა აპროტესტებ იმას, რომ მოღალატედ იხსენიები! იმიტომ რომ კოლაბორაციონისტი ხარ და დედის რძესავით უნდა შეირგო ეს ბირკა!
კიდევ უფრო ამაზრზენია, როცა რუსეთს იქით წასასვლელი გაქვს და მაინც რუსეთისკენ მიგიწევს გული! დიახ, იმ სხვათაგან განსხვავებით ამ „ბასიანზე“ ყურები მქონდა გამოჭედილი, რომ ევროპაში საუკეთესო და სახელგანთქმული კლუბია. ე. ი. გასული ხარ სხვა ბაზარზე და რა გახდა ეს რუსული ბაზარი, რომ ვერ ელევი?
ზღაპრებით „თავისუფლების“ ექსპორტზე ის „მოატყუეთ“, ვინც ერთი ცალყბა „ბოდიშით“ მოგატყუათ და სახსრებში დაგშალათ!
შევეშვათ ღალატს, კოლაბორაციონიზმს, ყველაფერს შევეშვათ, სალომე ბარკერის თქმის არ იყოს, უბრალოდ გოიმობაა, ევროპაში საუკეთესო კლუბი გქონდეს და მაინც მოსკოვში გჭირდებოდეს ჩასვლა ამაში დასარწმუნებლად.
დიახ, გოიმობაცაა და მეტიცაა, როცა დაიბადები თავისუფალ ქვეყანაში, ჰონორით ელაპარაკები ყველა შენზე ოდნავ უფროსსაც კი, ვინც სსრკ-ში დაიბადა, აგდებით იხსენიებ სსრკ გამოვლილად და ამ დროს შენ თვითონ სული გძვრება, როდის ამოყოფ თავს იმ საბჭოთა კავშირში.
არადა, ამ მოსკოვ-პეტერბურგობამდე რა იყო? ახალგაზრდობა ერთობოდა კლუბში _ ცეკვავდნენ ერთად, მერე ითქვა, რომ იქ ნარკოტიკები ტრიალებდა და შეუცვივდნენ, ახალგაზრდობა აჯანყდა _ ქუჩაში გამოვიდა და რა ქნა საზოგადოებამ? „დანს თუგეზა, ფაიტ თუგეზა“ _ თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლად შერაცხა, თეთრი ხმაურელები თუ ბასიანელები თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებად დასახა, არადა, იყო კი ეს ასე?
ეს ახალგაზრდობა რეალურად ითხოვდა: „ნუ გვივარდებით, გვაცალეთ ცეკვა, გვაცალეთ დროსტარება, გვაცალეთ მოწევა“… კი, ესეც თავისუფლებაა, მაგრამ ზოგ-ზოგიერთმა რომ გავბედეთ და გითხარით, რომ ამ თავისუფლებისთვის ბრძოლა სხვაა და ერის თავისუფლებისთვის ბრძოლა _ სხვა, მოგვაკეტინეთ, თავისუფლება თავისუფლებაა, რა მნიშვნელობა აქვს, რა თავისუფლებისთვის იბრძვიო! 9 აპრილის მემორიალს შეახტნენ, ზედ იკუნტრუშეს და ესეც თავისუფლების აპოგეად გამოაცხადეს _ სუბელიანი ლამის ჰეროდეს წინაშე მროკავ სალომეად გამოაცხადეს!
მერე, ეს თავისუფლებისთვის მებრძოლთა აზვირთებული ტალღა თუ შტორმი ერთი ბოდიშით ჩაცხრა და დაიშალა. რა ვქენით? ყველაფერი მათ გამოუცდელობას და გახარიას ვერაგობას მივაწერეთ და ისინი კვლავაც თავისუფლებისთვის მებრძოლების კვარცხლბეკზე დავტოვეთ. იდგნენ, იდგნენ იქ და დაიჯერეს თვითონაც, რომ ეს ასე იყო და მერმე როცა მოსკოვებში წასვლა და მაყუთის გაჭრა მოუნდათ, მოგვიტრიალდნენ და გვითხრეს, თავისუფლების ექსპორტს ვეწეოდითო და აიჯაგრა ერი!
მოკლედ, საზოგადოებამ მათი ნაბიჯი უმწვავესად მიიღო და ამაში თავად საზოგადოებაცაა დამნაშავე! დიახ, საზოგადოება! სწორედ საზოგადოებამ შეიქმნა მათზე სხვაგვარი, გაზვიადებული წარმოდგენა, დასახა ისინი იმ რაღაცად, რანიც არ იყვნენ, მიაწერა მათ ის თვისებები, რაც არ ებადათ და ახლა, როცა საქმე საქმეზე მიდგა და მათ იმ მიწერილი თვისებების ნასახიც არ აღმოაჩნდათ, ასმაგად განრისხებულები ეცნენ მათ.
ისინი კი დარჩნენ გაკვირვებულნი. მათთვის თავისუფლება ეგაა _ მოწიოს რაც უნდა, დაუკრას რაც უნდა, იცეკვოს როგორც უნდა, როცა უნდა, ატაროს დრო. და ჩვენში დარჩეს, რა მათი ბრალია, თუ თავისუფლების ეს არცთუ ისე მკაფიო გამოვლინებანი შენ მერაბ კოსტავას თავისუფლებისთვის ბრძოლას გაუთანაბრე და ზოგადსაკაცობრიო იდეალებამდე აწიე და აჭიმე?
ნეტა, ახლა მაინც თუ მიხვდით, რა ყოფილა მათთვის თავისუფლება? არ დავუკრა მტერს, თუ სადაც მინდა და ვისაც მინდა იმას დავუკრავ? იქნებ, მათთვის თავისუფლება სწორედ ესაა, სადაც უნდათ და ვისაც უნდათ, რომ დაუკრან და ამიტომაც გვეძახდნენ ფაშისტებს? აქეთ გვადანაშაულებდნენ, რომ მათ თავისუფლებას ვუზღუდავდით?
მერე რა მოხდა? ვითომ ბოდიშიც მოგვიხადეს, მაგრამ იქვეც დაგვემუქრნენ, ჩვენი მუზარადის შეურაცხყოფა თუ გაპატიოთო, ყველას გიმახსოვრებთ, ვინც ჩვენი წმინდა მუზარადი პუტინს ჩამოაცვითო. მართალი გითხრათ, ბევრს ეს გაბრაზებული ადამიანის ემოციურ რეპლიკად, ნათქვამად ეჩვენა, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა მუქარასთან, მაგრამ მეორე დღესვე მოვიდა ეს მუქარა სისრულეში და დაიწყო ახალი სეზონი _ კლუბში არ შეუშვეს აბზიანიძე. ამ მიეთმოეთში ნახსნები იყო რამდენიმე საბედისწერო ფრაზა: „წმინდა მუზარადი“, „მრევლი“… აი, ჩემთვის ეს იყო შოკი, თუ იყო. ვიღაცა მათ რაღაც ისეთს მიაწერდა, რაც არ იყვნენ, მაგრამ მე მიმაჩნდა, რომ ეს ამ ახალგაზრდების ბრალი სულ არ იყო. და ვფიქრობდი, რომ იყო ლაღი, კაი დროის მატარებელი, რელიგიური ფანატიზმისგან დაცლილი, თავისუფალი ახალგაზრდების კრებული და რა წმინდა მუზარადზე მელაპარაკებით, რა ბრენდისა და ლოგოს სიწმინდეზე და რა მრევლზე? მე მეგონა ცეკვა, კაი მოწევა, კაი სექსი გინდოდათ და რა მრევლი?
9 აპრილის მემორიალზე ცეკვა არ მოგიწონეთ და თავი გადაგვაჭამეთ, _ რა არის, სიწმინდე წაგიბილწეთო, მემორიალი სიწმინდე როგორააო და 10 წლის წინათ ვიღაცის დახატული მუზარადია სიწმინდე? ახალ „რელიგიას“ მიქსავთ?
გაგრძელდა გნიასი და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 26 მაისს _ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, მათ პეტერბურგში დაუკრავთ. ანუ ახლა უკანა რიცხვით გადაახვიეთ და მიხვდებით მთელი ამ ამბის კომიკურობას. კიდევ უფრო კომიკური აღმოჩნდება საზოგადოების აღშფოთება _ რაზეც ვთუხთუხებდით, უკვე უქნიათ და კიდევ უფრო ცინიკურია _ მოსკოვში წასვლის გადაფიქრება და მობოდიშება.
მთელი ამბის დრამა ის არის, რომ ვერც წამსვლელებმა, ვერც ამ წასვლის უტიფრად „გამპრავებლებმა“ და ვერც ყასიდად მომბოდიშებლებმა ბოლომდე მაინც ვერ გაიგეს, რას ვუპროტესტებდით.
არ ესმით არც მათ და არც ბევრ სხვას, რა ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის ამ ყველაფერს. პარადოქსულ პოზაში აყენებ ქვეყანას _ თან ეხუტები ოკუპანტს და თან ცივილიზებულ სამყაროს დახმარებას სთხოვ, რომ დაგვიცვას მისგან! იმდენსაც ვერ ხვდები, ის ოკუპანტი, მაინცდამაინც, 26 მაისს, 9 აპრილს, 25 თებერვალს და ასეთ თარიღებში რატომ გეპატიჟება?.. ვერ ხვდები, რომ შენს ერთან ერთად თვითონ შენც გიგდებს მასხრად პიროვნულად?..
ეს იყო დრამა, ტრაგედია კი ისაა, რომ ადამიანი მტერს მტრად ვერ აღიქვამს.
და რა საერთო აქვს ამ ყველასთან რეზიდენტ სალომეს? ბასიანელი ბავშვების მოსკოვში წასვლის მუღამი და კოლაბორაციონისტული აცმუკება მართლაც და რა მოსატანია ამ ქალბატონის კოლაბორაციონისტულ გაქანებასთან!
ესაა დედაკაცი, რომელიც ყოვლად უსირცხვილოდ დღემდე საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში!
ახლაც იმეორებს, რომ „საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების“. გველაპარაკება იმაზე, რომ სააკაშვილმა ომი თავიდან არ აიცილა, წამოეგო პროვოკაციას, დაგვპირდა, რომ როგორც პრეზიდენტი, „პროვოკაციებს არ აჰყვება“.
პირდაპირ, უბრძოლველად ჩაგვაბარებს რუსეთს! რაც შეეხება ომის თავიდან აცილებას, მართლია ზურაბიშვილი, ომის თავიდან აცილებაც ყოველთვის შეიძლება და გაუპატიურებისაც! დანებდი მტერს, დანებდი მოძალადეს და აღარც ომი იქნება და აღარც გაუპატიურება!
რა ჰქვია არსებას, რომელიც მტერთან ომში ადანაშაულებს საკუთარ სამშობლოს, სულაც რომ მის სამშობლოს ჰქონდეს ეს ომი დაწყებული?!! ჯერ ერთი, სულაც რომ სააკაშვილს დაეწყო ყველაფერი, საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყება რანაირად ხდება? კავკასიის მთებს იქით გადაუვარდა ოსებს ან რუსებს ეცა ტუნდრა-ტაიგების დასაპყრობად თუ ძირძველი ქართული მიწის, ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად იბრძოდა?
მაგრამ რა უნდა მოსთხოვო ქალბატონს, რომელიც 1992 წლის 7 იანვარს ზარზეიმით იუწყებოდა, რომ „ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი, დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა“. და არ გაინტერესებთ, ვის მიიჩნევდა ამ „დემოკრატიულ ძალებად“ და ვის უცხადებდა მადლობას? _ თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუას, ჯაბა იოსელიანს და მთელ ოპოზიციას.
ეჰ, მართლა მიხეილ სააკაშვილს რა ვუთხარი, ზვიადის აქაური მტრები და მოღალატეები რომ არ იმყოფინა და პარიზიდან გამოგვიწერა და ბაჯაღლო ოქროდ შემოგვასაღა ეს იაფფასიანი „ბიჟუტერია“…
დიახ, „ბიჟუტერია“, რომლის უტიფრობას სამანი არ გააჩნია. შეუძლია, ადგეს, გამოვიდეს და გითხრას, მე გაგაგებინეთ, ვინ იყვნენ იუნკრებიო. ყველა პატივს ვცემთ იმ ემიგრაციას, იმათ სევდასა და ნოსტალგიით დაღდასმულ ცხოვრებას, მაგრამ… ყველაფერს აქვს მართლა საზღვარი! მას თავი მოაქვს თავისი წინაპრებით, რომლებმაც 1921 წელს მიატოვეს ეს ქვეყანა, ჩვენც და ეს ქვეყანაც რუსებს შეატოვეს ხელში, წავიდნენ, თავისუფლად ცხოვრობდნენ, ჩვენ აქ ჯოჯოხეთი, წითელი ტერორი გამოვიარეთ! ესეც ქართული ნოუ ჰაუა, აქედან გაქცეული ჭკუას და გმირობას ასწავლიდეს აქ დარჩენილებს და ჯოჯოხეთ გამოვლილებს და ისევ ჯოჯოხეთში მყოფებს. რატომღაც, სხვების დიდი ბებიები და პაპებიც ავიდოდნენ გემზე, რწყევით კი არ მოკვდებოდნენ!
მაგრამ რა გინდა, არც უტიფრობის დეფიციტს უჩივის და კვირაში ცხრა პარასკევიც აქვს, ჯერ იყო და გაჰკიოდა, სულ მდაბიო რევანშიზმს ეძახდა ნახევარმილიარდიანი სასახლის ისე მიგდებას და საპრეზიდენტო სასახლედ არგამოყენებას, კანდიდატად რომ წამოაყენა თავი, მაშინ გამოგვიცხადა, _ როცა ამირჩევთ, მერე გეტყვით, ავლაბრის რეზიდენციაში შევალ თუ არაო და ახლა, ჯერაც არავის რომ არ აურჩევია, ხელად გამოგვიცხადა, პრეზიდენტის სასახლეში მე არ შევალ, სახლიდან ფეხით ვივლი ბაზარშიც და სამსახურშიცო, არაა საჭირო ამხელა შენობაო, პრეზიდენტს, ქალს ორბელიანის სასახლე უფრო უხდებაო.
არადა, მე მგონია, რომ კოლაბორაციონისტ ქალებს მავზოლეუმი უფრო შეშვენით _ საუკუნეა, მარტო წევს ბიჭი…
რეზო შატაკიშვილი