ტკივილისა და ნარატივების 10 წელიწადი
10 წელი _ მძიმე და ტკივილიანი! 10 წელი _ ინტერპრეტაციების, ნარატივებისა და პოლიტიკური ანგაჟირებისთვის! 10 წელი _ გმირობის, ვაჟკაცობის _ გმირთა დაუფასებლობისა და ვაჟკაცთა ნიველირების! 10 წელი აგვისტოს ომიდან!
ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ შემცვლია აზრი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და არ გამჩენია კითხვა: უი, მართლა ჩვენ დავიწყეთ ომი? იქნებ, იმიტომ, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე 8 აგვისტომდეც არათუ ყოველდღე, არამედ ყოველ საათში, წუთში ვიღებდი ინფორმაციას „იქიდან“, სადაც ბომბავდნენ საქართველოს დასახლებულ პუნქტებს, კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, პოლიციელებს. ის ადამიანები, რომლებიც დღეს იმაზე საუბრობენ, რომ პროვოკაციას წამოვეგეთ, მიშა ავანტიურისტია და ა. შ., მოვლენების სხვაგვარად განვითარების შემდეგ, რომლის შედეგი კვლავ და კვლავ ის მოცემულობა იქნებოდა, რომელშიც ვიმყოფებით, იტყოდნენ, რომ მხდალმა სააკაშვილმა და „ნაციონალურმა ხელისუფლებამ“ საკუთარი მოსახლეობა და ტერიტორიები ვერ დაიცვეს. ამიტომ ამ „სასტავთან“ დისკუსიას აზრი არ აქვს, მათთვის მთავარია, ნარატივი და პოლიტიკური კონიუნქტურა ისეთი იყოს, რომლიდანაც სარგებელს ნახავენ.
და მაინც, თვალი გადავავლოთ იმ უმძიმეს დღეებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. რატომ მსოფლიოსთვის? თუნდაც იმიტომ, რომ ამ ომით რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობას თავზე გადაახია ყველა საერთაშორისო ვალდებულება და ეს თავხედური ნაბიჯი შემდგომ უკრაინაშიც გააგრძელა.
2008 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს დაღუპულია: შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე.
ახლა კი სხვადასხვა გამოცემიდან შეგროვებული მშრალი ფაქტები:
2008 წლის პირველი აგვისტო _ გამთენიისას ცხინვალის რეგიონში, ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა.
მეორე დღეს, 2008 წლის 2 აგვისტოს, სეპარატისტები ქართულ სოფლებს მთელი ღამე ცხრილავენ. ისევ მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლებამ ოს სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ცხინვალიდან ვლადიკავკასში ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო.
2008 წლის 3 აგვისტო _ რეგიონს ვლადიკავკასის მიმართულებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს.
საქართველო მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზად არის. ვლადიკავკაზში ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა. აფხაზი სეპარატისტები იღებენ გადაწყვეტილებას, სექტემბრიდან გალში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. სერგეი ბაღაფში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს.
2008 წლისი, 4 აგვისტო _ რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი „ჩრდილოეთ ოსეთის“ მხარეს როკის გვირაბის სიახლოვეს განლაგდა. აფხაზები გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ. ოს სეპარატისტთა ლიდერი კოკოითი აცხადებს, რომ რუსეთის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს. ოსების ე. წ. შს მინისტრი მიხეილ მინძაევი აცხადებს, რომ ცხინვალი ცეცხლის გახსნისთვის მზადაა. რუსული ბატალიონი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. კოკოითი ცხინვალიდან აცხადებს, რომ საქართველოს გასანადგურებლად მზადაა.
2008 წლის 5 აგვისტო _ სეპარატისტებმა ქართული სოფლების დაცხრილვა განაახლეს. აფხაზი სეპარატისტები მეორე ფრონტის გახსნაზე იწყებენ საუბარს. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მოუწოდებს. ეუთოც ვითარების დაძაბვაში სეპარატისტებს ადანაშაულებს.
2008 წლის 6 აგვისტო _ ქართული სოფლები კვლავ იცხრილება. ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა. ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დენის კიფი. ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა. სოფლები ნული და ავნევი ოსი სეპარატისტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაბომბეს. არის მსხვერპლი. რუსეთი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში მოვლენათა ძალისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში რუსეთი განზე ვერ დარჩება.
2008 წლის 7 აგვისტო _ სეპარატისტები განუწყვეტლად ბომვავენ ქართულ სოფლებს: ერედვს, ფრისს, ავნევს, დვანსა და ნულს, ფრონეს ხეობას. ღამით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ქართულ მხარეს ცეცხლი არ გაუხსნია. მოგვიანებით, სეპარატისტებმა მსხვილკალიბრიანი _ 12-მილიმეტრიანი ქვემეხიდან გახსნეს ცეცხლი, ცეცხლი გახსნა ქართულმა მხარემაც. ქართული მხარე აცხადებს, რომ არ აქვს დაგეგმილი კონფლიქტის ზონაში საგანგებო ზომების მიღება და დიალოგისთვის მზად არის.
საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოდის: „ქართული მხარე მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისთვის მზადაა“. საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა აღკვეთოს. ბაღაფში ე. წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ოსი სეპარატისტების მიერ ქართული საგუშაგოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცხრილვა გრძელდება. გამუდმებით იცხრილება პატარა ლიახვის ხეობა. სეპარატისტებმა სარაბუკის სიმაღლის დაკავება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ათი ჯარისკაცი დაიღუპა. პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა.
„კონფლიქტის ზონაში ამჟამად სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ და ამ მომენტში ინტენსიური სროლები მოდის არტილერიიდან, ტანკებიდან და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემებიდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურადა შემოტანილი“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობირივ, 19:10 საათზე პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში. სააკაშვილმა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა „ნებისმიერ ფორმატში“ და პირობა „სამხრეთ ოსეთის“ სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისტებისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია. პრეზიდენტი სააკაშვილი ცხინვალში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო დიალოგს იწყებს. საღამოს ოსურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. შეტევა დაიწყო სოფელ თამარაშენზე. არის მსხვერპლი. 23:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო. ქართული მხარის საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბით „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე შემოვიდა.
2008 წლის 8 აგვისტო _ ოსური მხრიდან ცეცხლი არ წყდება. ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. არის მსხვერპლი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები“ და თქვა, რომ რუსეთი ამ ფაქტს უპასუხოდ არ დატოვებს. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად. როკის გვირაბის გავლით შემოსული ასობით შეიარაღებული პირი და სამხედრო ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. საქართველოს მთავრობა სეპარატისტებს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული მოქმედებები. 11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით ქართული სარეზერვო ჯარების მობილიზაცია გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობა: „შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავდასხმის აღსაკვეთად, საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, ადეკვატური ზომები მიიღოს“. ქართულმა ქვედანაყოფებმა დაიკავეს სოფლები მუგუთი, დიდმუხა, დმენისი და ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებიან. ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს, „გავლენა მოახდინოს სეპარატისტებზე, რათა სროლები შეწყდეს“.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს, უკან დაეწიათ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები, რომელიც როკის გვირაბიდან ჯავის რაიონისკენ გადაადგილდებოდა. ქართული მხარე კონფლიქტის რეგიონის 70%-ს აკონტროლებს. საქართველოს ხელისუფლება 15:00-დან 18:00 საათამდე სროლაზე მორატორიუმს აცხადებს და ერგნეთში გაკეთებული დერეფნით მშვიდობიან და არა მარტო მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიებს, გორში გადმოსვლასა და დაბინავებას სთავაზობს. რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორი ბომბი ჩამოაგდო. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მარნეულის სამხედრო აეროდრომი და ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 58-ე არმიის დანაყოფები ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებიან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ე. წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას მსოფლიო ლიდერებს აცნობს.
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სამჯერ დაბომბეს მარნეულის საავიაციო ბაზა. არის მსხვერპლი. საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტი, საერთაშოროსო ორგანიზაცია და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რუსეთის სამხედრო ტექნიკა ჯავაში განლაგდა. ისინი ქართული არმიის ალყის გარღვევას ცდილობენ. შექმნილ მდგომარეობაზე ევროკავშირის სამეულიც მსჯელობს.
2008 წლის 9 აგვისტო _ რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის პორტი დაბომბა. არის მსხვერპლი. დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა. ორმა რუსულმა მოიერიშემ გორთან ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა. ხუთი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ გორში ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა. ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. 11:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით 0-ის წინააღმდეგ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. 12:30 საათზე „სამხრეთ ოსეთში“ რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 13:41 საათზე რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კოდორის ხეობა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტეკუნასი გორის რეგიონში ჩადის. ვაიტეკუნასის განცხადებით, ნგრევისა და მსხვერპლის რაოდენობა შოკის მომგვრელია. გაეროს უშიშროების საბჭომ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. კვლავ დაიბომბა ფოთი. რუსეთის სამხედრო ავიაცია ლიახვის ხეობის ცხრავე სოფელს ბომბავს. არის მსხვერპლი. ხეობაში დარჩენილი მოსახლეობა შველას ითხოვს.
საქართველოში იწყებენ ჩამოსვლას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელთა ჯგუფები. რუსეთის სამხედრო ავიაციამ ონის რაიონის სოფლები წედისი და ბარი დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. ჯორჯ ბუშმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს პირველი პირი აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 55 ადამიანი, მათ შორის, 15 მშვიდობიანი მოქალაქე, 40 კი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის ბომბდამშენებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საერთაშორისო ნავთობსადენზე იერიში მიიტანეს. წითელი ჯვრის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში დაჭრილების დასახმარებლად ვერ შედიან. რუსულმა ავიაციამ ზემო აფხაზეთის სოფლები ომარიშარა, საკენი, ქვაბჩარა და ჩხალთა დაბომბა. ქართულმა მხარემ როკის გვირაბზე იერიში მიიტანა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სამთავრობო ძალები ცხინვალსა და მის შემოგარენს აკონტროლებენ.
2008 წლის 10 აგვისტო _ 6:20 საათზე საქართველომ ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ე. წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების დასარეგულირებლად გეგმა შეიმუშავა. ვლადიმირ პუტინმა პეკინის ოლიმპიადაზე ვიზიტი შეწყვიტა და „ჩრდილო ოსეთში“ ჩავიდა. მან საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანა მოსთხოვა. პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს ქმედებები დანაშაულებრივია, რუსეთის ქმედებები კი _ სრულიად ლეგიტიმური. საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად აკონტროლებენ ცხინვალს, მის ირგვლივ ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს. რუსული ავიაცია და არტილერია ცხივნალის დაბომბვას იწყებს. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა, რომ რუსული არმიის უპრეცედენტო შეტევის შედეგად საქართველოს ჯარის ნაწილებმა ქალაქ ცხინვალის მისადგომებთან გადაინაცვლეს. საქართველოს მთავრობამ აფხაზ ხალხს მიმართა, ნუ აჰყვებიან რუსეთის პროვოკაციებს.
სერგეი ბაღაფში საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტი იმყოფება. იმავე დღესვე რუსებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ განცხადებას საქართველოს „კიდევ ერთი დეზინფორმაცია“ უწოდა. 22:00 საათზე საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობოების შესვლას ზუგდიდში. მსოფლიოს ლიდერები რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. ევროპის ქვეყნებში, რუსეთის საელჩოების წინ, საპროტესტო აქციები იმართება. რუსეთის ავიაცია გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ბომბავს. რუსული ავიაცია საავიაციო ქარხანა „თბილავიამშენის“ ტერიტორიას ბომბავს. ოფიციალური მონაცემებით, 94 ადამიანია დაღუპული, მათ შორის, 47 სამხედრო და 47 სამოქალაქო პირია. ევროპის სხვადასხვა ლიდერი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოდის.
2008 წლის 11 აგვისტო _ სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „უნდა წავიდეს“. თბილისში ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები ჩამოდიან. ზემო აფხაზეთს კვლავ რუსეთის სამხედრო ავიაცია ბომბავს. რუსულმა ავიაციამ თბილისსა და მის შემოგარენზე საჰაერო შეტევა განახორციელა. სენაკის სამხედრო ბაზა რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. გენერალი სერგეი ჩაბანი ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს და იარაღის დაყრას მოითხოვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონებ „ვოსტოკისა“ და „ზაპადის“ გადმოყვანის შესახებ. საქართველოსა და რუსეთს შორის საფოსტო კავშირი შეწყდა. ქართული მხარე ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებასთან დაკავშირებით რუსეთის თანხმობას უშედეგოდ ელის. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოდის. ორი დღის განმავლობაში მოსკოვში ეთნიკური ნიშნით მოკლულია 7 ქართველი, 20 უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. საქართველოს პრეზიდენტი და უცხოელი დიპლომატები გორიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს. ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. რუსულმა ავიაციამ სოფელ ტყვიავზე მორიგი იერიში მიიტანა. სოფელი ხურჩა აფხაზებისა და რუსების შეიარაღებულმა ნაწილებმა დაიკავეს. საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას „ხვალ, 15:00 საათზე პარლამენტთან“ შეკრებისკენ მოუწოდა.
2008 წლის 12 აგვისტო _ რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერული ზონის შესაქმნელად. აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოითხოვს, რუსეთმა ნაბიჯები გადადგას კრიზისის დასასრულებლად. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისგან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. რუსეთის საოკუპაციო ნაწილებმა ზემო აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. რუსეთის საოკუპაციო სამხედრო საჰარეო ძალებმა გორის რაიონის სოფელი თორტიზა დაბომბეს. კოდორის ხეობიდან მოსახლეობა მთლიანად გამოყვანილია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ზღვაზე იერიში მიიტანა. სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შესახებ ღიად განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში „ძალით მშვიდობის დამყარების“ ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა. გორის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საოკუპაციო ჯარები სენაკში თავდაცვის სამინისტროს მე-2 ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. ილია მეორემ დიმიტრი მედვედევს მიმართვა გაუგზავნა და ცეცხლის უსწრაფესად შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის საჰაერო დაბომბვებს. პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჩიხიდან გამოსვლის 6-პუნქტიანი განცხადება შეიმუშავეს. საქართველომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საქართველო რუსეთს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს. რუსული ავიაცია ქართული სოფლების დაბომბვას განაგრძობს. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა. თბილისში იმყოფებიან ესტონეთის, პოლონეთის, ლიტვისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი. დაღუპულია 175 ადამიანი. ნატოს გენმდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი აცხადებს, რომ საქართველო რჩება ნატოს კანდიდატ ქვეყნად.
2008 წლის 13 აგვისტო _ საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მათ გორში მაროდიორობა დაიწყეს. რუსმა ოკუპანტებმა ფოთი დატოვეს. რუსმა ოკუპანტებმა გორთან დასავლეთისკენ მიმავალი საავტომობილი გზა გადაკეტეს. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაარღვია და გორი კვლავ დაბომბა. გორიდან თბილისისკენ მომავალმა რუსულმა ტანკებმა უფლისციხის მიმართულებით გადაუხვია. რუსი ოკუპანტები მესტიის რაიონში შევიდნენ. რუსი სამხედროები გორში მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდებიან.
2008 წლის 14 აგვისტო _ რუსი ოკუპანტები მესტიის რაიონს ტოვებენ. ცხინვალის რეგიონიდან 28 ათასი დევნილი თბილისის 268 ობიექტში გადანაწილდა.
2008 წლის 15 აგვისტო _ რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ცხენისწყლის საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას. რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა ბორჯომისა და ცემის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.
2008 წლის 16 აგვისტო _ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციები იმართება. რუსმა ოკუპანტებმა გალიდან ზუგდიდში დამატებით 50 ერთეული ტანკი შეიყვანეს. რუსი სამხედროები კვლავ გორში რჩებიან. რუსეთის საოკუპაციო ჯარების ნაწილებმა დანაღმეს და ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი კასპის რაიონში მეტეხი-გრაკალის გადასარბენზე. დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმას ხელი მოაწერა.
2008 წლის 19 აგვისტო _ სენატორი ჯოზეფ ბაიდენი კონგრესს საქართველოსთვის ერთი მლრდ. დოლარის გამოყოფას სთხოვს. დაღუპულია 215 ადამიანი, 1469 დაჭრილია, დაკარგულია 70 სამხედრო პირი. დიმიტრი მედვედევი ჯარების გაყვანას სარკოზის 22 აგვისტოსთვის დაჰპირდა. რუსმა ოკუპანტებმა ოსიაურის სამხედრო ბაზა ააფეთქეს.
2008 წლის 20 აგვისტო _ რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავეს. კიკეთის მიმდებარე ტყეში ორმა რუსულმა ვერტმფრენმა ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოყარა.
2008 წლის 21 აგვისტო _ რუსეთს აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
2008 წლის 22 აგვისტო _ ხაშურიდან და გორიდან რუსი ოკუპანტების გასვლა შეინიშნება. წინასწარი მონაცემებით განადგურებულია 500 ჰა უნიკალური ტყის მასივი. რუსეთი ენგურზე 18 საგუშაგოს განალაგებს. ოფიციალურად აფხაზეთში რუსული საოკუპაციო არმიის 2142 სამხედრო რჩება.
2008 წლის 23 აგვისტო _ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა სენაკის ბაზა დატოვეს.
2008 წლის 25 აგვისტო _ რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების რეკომენდაცია მისცა. რუსეთის დუმამ აღიარებას მხარი დაუჭირა. გორში ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი იწყება.
2008 წლის 26 აგვისტო _ დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების _ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის _ დამოუკიდებლობას აღიარებს.
და ამ ყველაფრის შემდეგ, იმის შემდეგ, რომ მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განაცხადებს, ჩვენ ომისთვის 2006 წლიდან ვემზადებოდითო; იმის შემდეგ, რომ დიმიტრი მედვედევი გაიმეორებს იგივეს, ქართველს, საქართველოს მოქალაქეს პირში ენა მოუბრუნდება და იტყვის, _ პროვოკაციას წარმოვეგეთო, სხვა არაფერი დაგრჩება ადამიანს, ეს „პერსონა“ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატში დაადანაშაულო.
დაბოლოს, 10 წელი გავიდა იმ ტკივილიანი დღეების შემდეგ და ახლაც იგივე შემიძლია გავიმეორო _ დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!
საქართველო აუცილებლად გაერთიანდება!
კოკა წერეთელი