07.08.2008
7 აგვისტო ის თარიღია, რომელიც ბევრს, ნებსით თუ უნებლიეთ, ეშლება. რაც უნდა ვიზუალურად შთამბეჭდავი იყოს 08.08.08. _ გრაფიკულად სხვადასხვაგვარად გამოსახული, მაინც მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია 7 აგვისტოს დაიწყო და არა 8 აგვისტოს!
7 აგვისტოსთან დაკავშირებით რონდელის ფონდის ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი დავით ბატაშვილი, ძალიან ვრცლად აღწერს იმ დეტალებს, რის გამოც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის დაიწყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის:
_ 7 აგვისტო არის დღე, როცა რუსული ჯარი რეალურად შემოიჭრა საქართველოში და ამით დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ. 8 აგვისტო კი არის თარიღი, რომელსაც მოსკოვი იტყუება, _ თითქოს სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ მან სწორედ ამ დღეს დაიწყო და არა _ მანამდე.
ამ ტყუილს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანი აქვს. მისი მეშვეობით რუსეთი აცხადებს, თითქოს მისი თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მხოლოდ მას მერე, რაც თბილისმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში. ქართველთა მხრიდან რუსეთის ამ ტყუილის მხარდაჭერა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ხსენებით არის გაუგონარი სისულელე და დაუდევრობა. ისტორიასთან და ფაქტებთან ზერელე დამოკიდებულება, რომელიც ხშირად გვახასიათებს, ამ შემთხვევაში არის პირდაპირი მავნებლობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერა.
როგორც 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა. საქართველოს მზარდი ურთიერთობა დასავლეთთან ნიშნავდა იმას, რომ ცოტა ხანში მისი დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში უკიდურესად რთული გახდებოდა. მოსკოვისთვის ასეთი პერსპექტივა მიუღებელი იყო. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე რაიმე ფორმით კონტროლის აღდგენა მისი საკვანძო სტრატეგიული მიზანია. საქართველოზე სამხედრო თავდასხმა იყო ის ქმედითი დარტყმა, რომლითაც რუსეთმა შეაყოვნა საქართველოს მისგან სამუდამო „გაქცევა“.
2008 წლის 7 აგვისტოს დილით რუსეთის რეგულარულმა არასამშვიდობო სამხედრო ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ფაქტი დასტურდება მრავალი წყაროთი, რომელთა შორის არის: რუსულ პრესაში გაჟონილი ინფორმაცია მთელი რიგი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროდან; ოფიციალური რუსული სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც ეხება რუსი ჯარისკაცის სიკვდილს საქართველოს ჯავის რაიონში 7 აგვისტოს დილით; სოხუმის რეჟიმის მეთაურის სერგეი ბაღაფშის მიერ გაკეთებული განცხადება; და ქართული მხარის მიერ ჩაწერილი სატელეფონო საუბრები ცხინვალის რეჟიმის „მესაზღვრეებს“ შორის, რომელიც ეხება 7 აგვისტოს ადრე დილით საქართველოში როკის გვირაბით შემოსულ რუსულ სამხედრო კოლონას.
საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ერთი სახელმწიფოს სამხედრო ძალების შეჭრა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, წარმოადგენს აგრესიას. ამავე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება აგრესია, აქვს თავდაცვის უფლება. საქართველომ ამ უფლებით ისარგებლა 7 აგვისტოს, გვიან საღამოს, როდესაც თბილისმა დაიწყო რუსული აგრესიის საპასუხო სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში. რუსული ჯარი საქართველოში უკანონოდ შემოჭრილი იყო ამ ქართული ოპერაციის დაწყებამდე, სულ მცირე, 19-20 საათით ადრე.
ადამიანები, რომლებიც სათანადოდ ვერ აფასებენ 7 აგვისტოს თარიღის მნიშვნელობას, ზოგჯერ ხაზს უსვამენ იმას, რომ რუსი ჯარისკაცები საქართველოში უკანონოდ 7 აგვისტოს წინა დღეებშიც იყვნენ შემოსული. სავარაუდოდ, ეს მართლა ასეა. თუმცა არის ფაქტორები, რის გამოც ეს წინა დღეები არ არის გამორჩეული, ხოლო 7 აგვისტო _ არის.
ერთი ასეთი ფაქტორი ისაა, რომ კონკრეტულად 7 აგვისტოს საქართველოში რუსული ჯარის ყოფნაზე ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი საჯაროდ ხელმისაწვდომი წყარო მიუთითებს, რის შედეგადაც მაგ დღეს რუსული აგრესიის ფაქტი უტყუარია. წინა დღეების შესახებ კი ამას ვერ ვიტყვით. მეორე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ 7 აგვისტოს მიიღო დადასტურებული ცნობები შემოჭრილი რუსული ჯარის შესახებ, რის პასუხადაც დაიწყო ქართული სამხედრო ოპერაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს საქართველოში შემოჭრილმა რუსულმა ძალებმა წამოიწყეს სწორედ ის სამხედრო შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც უწყვეტად გაგრძელდა ომის მომდევნო დღეების მანძილზეც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ომის დაწყების დღე არის არა 2 ან 5 აგვისტო, არამედ სწორედ 7 აგვისტო.
კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც ზოგჯერ გაისმის: საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში ჰქონდა საკუთარ ტერიტორიაზე წესრიგის დამყარების უფლება. ეს მართლაც ასეა, თუმცა იმას, რისი უფლებაც თეორიულად ჰქონდა საქართველოს, არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ისტორიულ ფაქტებთან, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში. ეს ფაქტები კი ისაა, რომ თბილისმა სამხედრო ოპერაცია მხოლოდ მას მერე დაიწყო, რაც 7 აგვისტოს განმავლობაში არაერთხელ მიიღო ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსული ჯარის შესახებ.
ომიდან მოყოლებული დღემდე რუსეთი 8 აგვისტოს გააზრებულად და თანმიმდევრულად ომის დაწყების დღედ ასაღებს. ის მუდამ ავრცელებს ნარატივს, თითქოს რუსული სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ქართული ოპერაციის დაწყების შემდეგ და არა მანამდე, როგორც სინამდვილეში მოხდა. მთელი რუსული დეზინფორმაცია, პროპაგანდა და დიპლომატიური ძალისხმევა 2008 წლის ომთან დაკავშირებით ამ ტყუილზეა აგებული. ნამდვილი ისტორიული თარიღი _ 7 აგვისტო _ ამსხვრევს მთელ ამ კონსტრუქციას, რომელიც რუსეთმა აგრესიის მსხვერპლ საქართველოს ომში დასადანაშაულებლად ააგო.
დიდი რესურსებით მხარდაჭერილი საინფორმაციო ომის დახმარებით, 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში რუსეთმა შეძლო იმ ტყუილის ფართოდ გავრცელება, თითქოს მისი შეჭრა საქართველოში დაიწყო ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ და არა _ მანამდე. თუმცა ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა. ერთი მხრივ, ცნობილი გახდა ზოგი ახალი ფაქტი რუსული აგრესიის შესახებ. მეორე მხრივ, უკრაინაში აგრესიის, დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებზე თავდასხმისა და მოსკოვის ბევრი სხვა აგრესიული აქტის შედეგად, დღეს დასავლეთში ხდება რუსეთის საგარეო პოლიტიკის უფრო ადეკვატური შეფასება, ვიდრე წინა წლებში.
ასეთ დროს ქართველები ჩვენს სიმართლეს ცხადად და გარკვევით უნდა ვამბობდეთ. ეს, წესით, ადვილი უნდა იყოს, როდესაც ისტორიული ფაქტები ობიექტურად შენკენაა, როგორც ამ შემთხვევაშია. თუმცა იმისთვის, რომ ეს გამოიყენო, ისტორიული ფაქტები ჯერ თავად უნდა გქონდეს გააზრებული. ამ მხრივ კი ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ამის თვალსაჩინო ნიმუშია ის მუდმივი დაბნეულობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანები ასეთ დღედ ხან 7 აგვისტოს ასახელებენ, ხანაც 8 აგვისტოს ისე, რომ არ ესმით პრინციპული პოლიტიკური მნიშვნელობის სხვაობა ამ ორ თარიღს შორის.
საქართველოს ხელისუფლებას და, ზოგადად, პოლიტიკურ ელიტას, უპირველეს ყოვლისა, აკისრია პასუხისმგებლობა, არ უშვებდეს უხეშ შეცდომებს ამგვარ ელემენტარულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს პასუხისმგებლობა დანარჩენ საზოგადოებასაც გვაკისრია.
ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ჩახლართულ და გაუგებარ რამეზე. 7 აგვისტო, როგორც 2008 წლის ომის დაწყების დღე, არის ობიექტური ისტორიული ფაქტი, რომელიც ამსხვრევს ომის დაწყების ყალბ რუსულ ვერსიას.
ომის 8 აგვისტოს დაწყება კი არის მოსკოვის გავრცელებული ტყუილი, რომელსაც მისი პროპაგანდისტული და დიპლომატიური მანქანა იარაღად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. წესით, არჩევანის გაკეთება ძნელი არ უნდა იყოს.
7 აგვისტომდე კი იყო 6 აგვისტო და აი, რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ, სადაც ყველა ქმედება რუსეთს უკავშირდებოდა:
00:00 სთ. თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ერზინჯანთან, აფეთქებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სატუმბო სადგურს. მილსადენი პარალიზებულია.
09:00 სთ. ჩრდილოეთ კავკასიიდან ცხინვალში 150 „მოხალისე“ ჩადის.
10:50 სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი თანხმდება ქართული მხარის წინადადებას _ 7 ივლისს ცხინვალში თემურ იაკობაშვილის და ჩოჩიევის შეხვედრას შერეული სამშვიდობო კომისიის რუსეთის თანათავმჯდომარის ი. პოპოვის მონაწილეობით.
11:00 სთ. სტავროპოლსა და როსტოვში იწყება „კაზაკების“ მობილიზაცია.
11:40 სთ. ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი.
11:50 სთ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ნულის, მუგუთისა და დიდმუხას მიდამოებში ინტენსიურ სროლაა. საქართველოს შსს ამ განცხადებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ზონაში სიწყნარეა, რაც საქართველოში აკრედიტრებულ დიპლომატებსაც შეუძლიათ დაადასტურონ. მათ კონფლიქტის ზონა 5 აგვისტოს მოინახულეს.
13:00 სთ. ლენინგრადის სამხედრო ოლქის სარდლობა კოდორის ხეობაში ჩადის.
16:30 სთ. სეპარატისტები ინტენსიურ ცეცხლს ხსნიან ფრანევის, უბიათის, ხეთაგუროვოს, ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანისა და ნულის მიდამოებში.
17:48 სთ. „Осрадио“ აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში“ დაიწყო საბძოლო მოქმედებები და რომ „ქართველებმა დაკარგეს 36 ჯარისკაცი“.
18:00 სთ. „Независимая газета“ იტყობინება, რომ „ტრანსკამი სავსეა რუსეთის სამხედრო შენაერთებით“.
18:17 სთ. საოკუპაციო რეჟიმი უარს აცხადებს 7 აგვისტოს ცხინვალში იაკობაშვილის, პოპოვისა და ჩოჩიევის შეხვედრაზე.
18:23 სთ. სოფელ ნულთან ქართველი სამშვიდობოების პატრულს აფეთქებენ.
19:30 სთ. თ. იაკობაშვილი ტელეფონით ესაუბრა ი. პოპოვს და შესთავაზა 7 აგვისტოს ცხინვალში ერთად გამგზავრება _ შერეული სამშვიდობო ჯარების შტაბში მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. ი. პოპოვი ამ წინადადებას დასთანხმდა.
20:00 სთ. სეპარატისტები ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლს უხსნიან ერედვს, ფრისს, ავნევს, დვანს, ნულს. დაჭრილია ორი ქართველი სამშვიდობო.
21:00 სთ. პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს მედვედევთან ან პუტინთან დაკავშირებას. რუსეთის საგარეო გვპასუხობს, რომ „პრეზიდენტების საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა“.
21:04 სთ. „Осрадио“ იტყობინება, რომ „ცხინვალში ზეიმია ნულთან და ავნევთან ქართული ჯარების განადგურებასთან დაკავშირებით“.
23:40 სთ. განახლდა საბრძოლო მოქმედებები სარაბუკთან, ვანათთან და დმენისთან.
7 აგვისტოს კი საქართველომ, როგორც საერთაშორისო ნორმებითაა მიზანშეწონილი, თავდაცვის აუცილებელ ზომებს მიმართა და ცეცხლი გახსნა. ამ ნაბიჯის გამო რუსეთის მხრიდან გაღიზიანებულმა რეაქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა კრემლის მიზანი, რაც საქართველოში ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.
10 აგვისტოს თბილისმა დაზვერვის ცნობა მიიღო, რომ მოსკოვი მეორე ფრონტის გახსნასაც აპირებდა აფხაზეთში, სადაც დიდი სამხედრო ძალა იყო თავმოყრილი.
ამავდროულად, რუსული საზღვაო დესანტი ოჩამჩირეში გადმოსხეს. ახლაგარემონტებული რკინიგზით ვოლგოგრადიდან სოხუმში 22-ე მოტომსროლელი დივიზიაც შევიდა, ხოლო მე-7 საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილები კი სოხუმის აეროპორტში გადმოსხეს. რუსეთმა, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 20 ათას ჯარისკაცს მოუყარა თავი აფხაზეთში.
10 აგვისტოს რუსულმა ჯავშანკოლონამ ენგურის ხიდი გადმოიარა და დასავლეთ საქართველოში შემოვიდა. ქართველებმა უბრძოლველად დაიხიეს უკან. რუსებმა ზუგდიდი, ფოთის პორტი და სენაკის ბაზა დაიკავეს.
9 აგვისტოს საღამოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პენტაგონიდან ტელეფონით აცნობეს, რომ მოსკოვიდან 6 რუსული ბომბდამშენი აფრინდა და საქართველოს მიმართულებით აიღო გეზი.
ასევე გააფრთხილეს, რომ ეს ბომბდამშენები, დაახლოებით, 22 წუთში უნდა გამოჩენილიყვნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში. როცა ქართველებმა მონაცემები გადაამოწმეს, მიხვდნენ, რომ სამიზნე – თბილისი იყო…
ამასობაში დენის ფრიდმა მიმდინარე მოვლენების ბოლო შეფასებებიც მიიღო საქართველოში ამერიკის ელჩ ტეფტისგან. უკვე შაბათ დილით ტეფტი მიხვდა, რომ რუსეთის მიზანი სამხრეთ ოსეთის წაგლეჯა და დაღუპული რუსი სამშვიდობოების გამო შურისძიება არ იყო.
როცა რუსეთმა ქართული პორტებისა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა სამიზნის დაბომბვა დაიწყო, ტეფტმა იაზრა, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად კეთდებოდა. როკის გვირაბიდან შემოსული და აფხაზეთში თავმოყრილი რუსული ძალები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ამ ვარაუდის მართებულობას.
როცა ელჩი თავის თანამშრომლებთან ერთად ამ ინფორმაციის დამუშავებას შეუდგა, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს სრულფასოვანი ომი იყო: მოსკოვს საერთოდ საქართველოს წაშლა სურდა რუკიდან…
დაბოლოს, ის, რაც მოხდა და რის გამოც რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხდელმძღვანელობა მუდამ ბოღმიანი იქნება, ერთი კონკრეტული შეტაკების აღწერაა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი:
…ეს მოხდა „შანხაის“ დასახლებაში, რუსული სამშვიდობო ბაზიდან ჩრდილოეთით, 300-500 მეტრის დაშორებით. ქართულმა სადაზვერვო ასეულმა ყუმბარმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა რუსულ სამხედრო კოლონას, რომელიც ორი ასეულისგან შედგებოდა. როგორც ტელეარხ „როსიას“ კორესპონდენტი აღწერს:
„ეს იყო კონტაქტი 5, შესაძლოა 10 ან 20 მეტრის სიახლოვეში. მიდიოდა ხელჩართული ბრძოლა, რომელიც, სავარაუდოდ, საათ-ნახევარი გაგრძელდა. მანქანაშივე დაიჭრა თავად 58-ე არმიის სარდალი გენერალი ხრულოვი. ამ ბრძოლაში 22 რუსული სამხედრო მანქანიდან 5 დაიწვა (3 ბე-ტე-ერი და 2 ტანკი), დაიღუპა 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე, დიდი რაოდენობით იყვნენ დაჭრილებიც.
მოულოდნელობისგან რუსი ჯარისკაცები გაქცევით ცდილობდნენ თავის დაღწევას. დანაკარგების გამო კოლონა იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო ზემო ქალაქისკენ.
დანაკარგი იყო ქართულ მხარესაც“.
9 აგვისტოს, ხრულოვის მეორე კოლონიდანაც, რომელიც ძარის გზით მიემართებოდა ცხინვალისკენ, ქართველთა საარტილერიო ცეცხლით განადგურდა 135-ე პოლკის 4 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და ნაღმმტყორცნთა ბატარეის 2 „გაზ-66“.
რუსმა ჟურნალისტმა ისიც კი აღწერა, გვამებით გარშემორტყმული გენერალი როგორ ფხოჭნის თითებით მიწას და ღრიალებს, – ამათი დედაც, თითქმის მთელი ბატალიონი გამიწყვიტესო!..
და მაინც, ეს ომი არც 10 წლის წინათ დაწყებულა და არც რამდენიმე დღეში დამთავრებულა: ომი გრძელდება!
ლაშა ბერულავა