ალმასხანის ლუკმა
„მწარეა შენი ლუკმა, ალმასხან“, _ ალბათ, გახსოვთ ეს ფრაზა ნახევარი საუკუნის წინ გადაღებული ქართული ფილმიდან, „შეხვედრა წარსულთან“…
დღეს ალმასხანი ბიძინა ივანიშვილია და სწორედ მისი ლუკმაა მწარე. ამოსავალი წერტილი სწორედ ლუკმის სიმწარე გახლავთ და ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ ალმასხანად ბიძინა ივანიშვილს ვიხსენიებ, მაინცდამაინც ფილმის სიუჟეტში ნუ ჩაყვინთავთ და პარალელების ძებნას და დასკვნების გამოტანას ნუ დაიწყებთ, თორემ ვიცი, იმას წააწყდებით, რომ ალმასხანი ბობოლა გლეხია და თემის გაშლას შეეცდებით, მერე ემანდ „ბოლშევიკებად“ მობრუნებული „ნაცები“ არ დასახოთ და შუშის სასახლის მოსალოდნელი გადაბუგვაც არ „დაინახოთ“, ცხადია, ბიძინა/ალმასხანის ხელით.
შუშის სასახლე ალმასხანის სახლ-კარის ბედს გაიზიარებს თუ ზამთრის სასახლისას _ ეს სულ არ გახლავთ ამ ბლოგის თავში სახლელი თემა. როგორც მოგახსენეთ, ამჯერად სხვა რამეზედ ვწერ და თქვენი ყურადღების შეჩერებას ვცდილობ, _ ბიძინა ივანიშვილის ლუკმა მწარეა.
ივანიშვილის ლუკმა მწარე აღმოჩნდა ბევრისთვის, თუნდაც მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე იღებდა ფულს მისგან „სტეპენდიის“ სახით.
ერთად გავიხსენოთ ყველაფერი: იყო დრო, როდესაც ივანიშვილი არავის ჰყავდა ნანახი ფოტოზეც კი. რემონტდებოდა თეატრები და დამფინანსებელი თავად ითხოვდა, არ ეხსენებინათ მისი სახელი. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც იგივე ბადრი პატარკაციშვილი რასაც კი გააკეთებდა, ყველაფერს აპიარებდა. ანუ გვქონდა ქველმოქმედების ორი მოდელი _ ერთი (ბადრი) ხარჯავდა ფულს და აპიარებდა ამას და მეორე (ბიძინა) ხარჯავდა და მალავდა ამას. და რაკი მალავდა, რატომღაც, ყველას ეგონა, რომ იგი უანგარო და ნამდვილ ქველმოქმედებას ეწეოდა. არადა, დაკვირვებული თვალისთვის იმთავითვე საჩინო იყო ივანიშვილის ვირეშმაკობა. საგანგებოდ უკრძალავდა მისი სახელის ხსნებას, რაც ქართული ხასიათის გათვალისწინებით სწორედ პიარის ფორმა იყო _ ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ეს ამბავი! რაშიც ბადრი ფულს ხარჯავდა, იმას ივანიშვილი მუქთად აღწევდა… აბა, სხვა რანაირად ხსნით იმ ფაქტს, რომ წლების მანძილზე ივანიშვილი კრძალავდა მისი სახელის ხსენებას თეატრების რემონტებთან მიმართებით და მაინც უკლებლივ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ ვიცოდით, რომ ის აფინანსებდა?
ან რანაირად დაიმალებოდა ეს ამბავი? იმ წლებში, შევარდნაძის მმართველობის წლებს ვგულისხმობ, როდესაც გაუთავებლად სეკვესტრი სეკვესტრზე იყო და ამხელა თეატრები რემონტდებოდა, რა მიხვედრა უნდოდა, რომ ამ რემონტებს სახელმწიფო ვერ განახორციელებდა, აფინანსებდა კერძო პირი და ყველას დააინტერესებდა, ვინ იყო ეს კერძო პირი და გაიგებდა კიდეც.
სწორედ იმ წლებიდან დაიწყო „სტეპენდიების“ დარიგებაც. საზოგადოების ცნობილ სახეებს უთხრეს, რომ მათი გაწეული ღვაწლი ფასდებოდა ქველმოქმედ ივანიშვილის მიერ. ამ ხალხმა იცოდა „უანგარო“ რემონტები და დაიჯერა, რომ ეს სტიპენდიაც უანგარო იქნებოდა. ან უნდოდათ და დაიჯერეს ასე… ყოველ შემთხვევაში, როცა პოლიტიკაში გამოჩნდა, ამ სტიპენდიანტთა დიდი ნაწილი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე მათ მიერ აღებული ფული გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა _ მაქსიმუმ ღია და აქტიურ მხარდაჭერას, მინიმუმ _ გაჩუმებას, დუმილს.
მხოლოდ მცირე ნაწილმა გაითავისუფლა თავი ამ ვალდებულებისგან და უარი თქვა მის სტიპენდიაზე. ბევრი ვერ შეელია მსუყე ლუკმას… ბევრისთვის კი, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე წლებია, იღებდნენ მისგან დაფინანსებას, ადამიანურად უკვე მიუღებელი იყო ხმის ამოღება, იცოდნენ, აღებულის გამო მაინც ვეღარ ამოიღებდნენ ხმას და გაუგებარი იყო, რაღაზე დაეკარგათ და რაღატომ არ აეღოთ ისევ? რაღაც ნაწილისთვის კი ბიძინას პოლიტიკაში გამოჩენა სარფიანიც იყო, ეს მათ შანსს აძლევდა, გაეზარდათ თავისი სტიპენდიები _ ეაქტიურათ და „დაემსახურებინათ“. მანამდე მათ ეს საშუალება არ ეძლეოდათ, არავინ ითხოვდა მათგან „ქტიურობას“, მაგალითად, სოფელ-სოფელ სიარულს…
მოკლედ, ასეა თუ ისე, ბევრისთვის მწარე აღმოჩნდა ის ლუკმა, რომელსაც მათ ივანიშვილი აჭმევდა. მათ უნდათ თუ არ უნდათ, ამ ლუკმების სანაცვლოდ დაკარგეს ხმის ამოიღების უფლება. საკმარისია, მათ კრინტი დაძრან და მომენტალურად ხდებიან უმადურები. აგერ, სულ ცოტა ხნის წინ, გიორგი შენგელაიამ გააკრიტიკა ივანიშვილი და რა მიიღო პასუხად? მთელი საზოგადოებისგან აგრესია. აგრესია როგორც ივანიშვილის მხარდამჭერებისგან, ისე მისი მოწინააღმდეგეებისგან! მოკლედ, ივანიშვილმა სახელოვნებო ინტელიგენციას მოცემულობა შეუქმნა, როდესაც მათ ხმის ამოღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, როდესაც ისინი აქებენ და ადიდებენ მამა-მარჩენალს, სხვა შემთხვევაში კი საკმარისია, მათ კრიტიკული აზრი დასცდეთ და ლანძღვის ნაიღვარს იღებენ საზოგადოებისგან, როგორც უმადურები.
მოკლედ, მწარეა ბიძინას ლუკმა… ბიძინას ლუკმა არანაკლებ მწარეა მისი მარიონეტებისთვისაც. მათთვისაც კი, ვისაც თავისი კუთვნილი პრემიერ-მინისტრობა გადაულოცა, იქნებოდა ეს ღარიბაშვილი თუ იმაზე უკეთესი _ კვირიკაშვილი, რომელიც სულ ახლახან მოასრიალა ივანიშვილმა თავის მოყინულ კარზე. ასევე მწარე იქნება დღევანდელი პრემიერისთვისაც. უბრალოდ, მის მარიფათზეა, ახლავე მიხვდება სიმწარეს ამ ლუკმისას, თუ შემდეგ, როდესაც მასაც წინამორბედების მსგავსად მოისვრის, როცა აღარ დასჭირდება ან, უბრალოდ, სხვა დასჭირდება, უკვე იმ ეტაპისთვის შესაბამისი.
სულ მცირე პერიოდია გასული მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი ამაყად აცხადებდა, რომ მისი გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავდა. ეს აუცილებლობა მას მალევე დაანახვა მისმა პატრონმა და საპროტესტო ტალღის ფონზე მოიქნია. ცხადია, ეს არავინ აღიარა. კულუარულად გავრცელდა მისი მოქნევის სხვა მიზეზებიც: ითქვა, რომ იგი მსუყე მადისა და დამოუკიდებელი თამაშისთვის დაისაჯა. ოფიციალურად კი სულ სხვა რამ მოგვახსენეს, თითქოსდა იგი ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობასა და ჩავარდნილ ეკონომიკას გადააყოლეს. ეს რომ ყასიდად „მიზეზი“ იყო, მალევე გამოჩნდა, როცა ეს დაავიწყდათ და ერთი ზარზეიმი ატეხეს, ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს 7,5%-იანიო.
ზარზეიმში დაავიწყდათ, რომ პრემიერ კვირიკაშვილის გაშვების ერთადერთ მიზეზად სწორედ ეკონომიკა ჰქონდათ დასახელებული და ახლა რა გამოდის, _ მზარდი ეკონომიკის გამო გაუშვეს? ეკონომიკური ზრდა ვიცე-პრემიერმა ქუმსიშვილმაც იზეიმა აჟიტირებული პოსტით: „კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ, მაისის თვის რეალური ეკონომიკური ზრდა 7,5%-ია. ჩემს CV-შიც შეიცვლება რიცხვები: დავიწყეთ 2,6%-დან, მივაღწიეთ 7,5% :))) სულ მალე ორ ნიშნა ზრდა გვენახოს!“ _ თქვა ვიცე-პრემიერმა, რომელმაც ისე მოიხადა ჯარივით მთავრობა, ისიც ვერ გაიგო და ისწავლა, რომ ორნიშნა ერთად იწერება და არა ცალ-ცალკე _ „ორ ნიშნა“…
რეალურად კი ქუმსიშვილმა ამ პოსტით წაიყელყელავა _ სულაც არ გვქონდა ჩავარდნა ეკონომიკაში, ისე მოგვხსენით და გაგვიშვითო… იგრძნო ბიჭმა ალმასხანის ლუკმის სიტკობოება… ალბათ მაშინ უფრო იგრძნობდა, როდესაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მრავალსაათიანი დაკითხვა გაუსვლელობის ხელწერილით დატოვა. უფრო მეტად ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ალავიძე იგრძნობდა ბიძინას ლუკმის სიტკბოებას, როცა საზღვარი არ გადააკვეთინეს აეროპორტში. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი არათუ ალავიძე და ქუმსიშვილი, გაწითლებულია თვით ექსპრემიერი კვირიკაშვილი, იცის კიდეც ეს და ამიტომაც აღარც უფიქრია სადმე გაფრენა…
ამ ყველაფერს წინ უძღოდა სწორედ კვირიკაშვილის გარიცხვა პარტიიდან. არადა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ სწორედ ივანიშვილი გვარწმუნებდა, თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობითო. ახლა კი გენიალურად აფარჩაკებს ამ გენიალური გუნდის მეთაურს… ასეთია არაფორმალური მმართველობის სტილიც და ყაიდაც:
როდესაც ბატონი გითმობს თავის კუთვნილ ადგილს, აჰყავხარ იქ, სადაც პირადად შენ არ გეკუთვნის, არ იმსახურებ ჯდომას და გსვამს, სანამ აწყობს და სანამ მოსწონხარ, იქ ხარ და გგონია, რომ სულ იქ იქნები, მალე იმასაც იჯერებ, რომ დაიმსახურე, ალბათ იმასაც, რომ მართლა პრემიერი ხარ და აი, სწორედ იქ გენძვრის… და გერხევის _ მიტინგზე ბოთლი გხვდება თავში, ბატონისგან კი მთლად უარესი _ წიხლი. გხვდება წიხლი, ვარდები ღრუბლებიდან და ეზღნერთები მიწაზე. მერეღა ხვდები, რისთვისაც სჭირდებოდი ბატონს _ რომ საჭირო დროს შეეწმინდა ხელი შენზე. ხვდები, მაგრამ უკვე გვიანია, უკვე შეწმენდილი აქვს ხელი და თუ დასჭირდა, ციხეშიც გამოგამწყვდევს. არადა, ოდნავ ჭკვიანი კაცი ამას იმთავითვე უნდა ხვდებოდეს. დიახ, როდესაც პრემიერობას არანაირი ნიშნით არ იმსახურებ და არაფორმალური მმართველი მხოლოდ პირადი ერთგულების ნიშნით გნიშნავს, უნდა მიხვდე, რომ შენი ფუნქცია სწორედ მხოლოდ პირად, რეალურად მონურ ერგულებაშია. შენი ვალია, იყო მასზე აფარებული ნიღაბი, რომელსაც საჭირო დროს მოისვრის და ხელსაც შეაწმენს ზედ. უნდა იცოდე ეს და არც დამოუკიდებელი თამაში უნდა მოიწადინო და არც პრემიერობა დაიჯერო, თორემ იმწუთასვე მოგისვრის, ხელსაც შეგაწმენდს და თუ არ დაოკდები _ ფეხსაც.
ასეთია ბიძინას ლუკმა _ ხელად ამოგაშხამებს, რაც შენთვის უჭმევია. გონიერმა ადამიანმა, წესით, ამაზე მაშინ უნდა იფიქროს, როდესაც ჭამს. არანაირი დიდი სიბრძნე ამის მიხევდრას არ სჭირდება, როდესაც იმას ჭამ, რისი ჭამაც არ დაგიმსახურებია, ის აუცილებლად, ადრე თუ მალე, ამოგშხამდება, არ შეგერგება.
აბა, რა ეგონა, ბატონ კვირიკაშვილს, მართლა რომ დაიჯერა, პრემიერი იყო ამ ქვეყნის. ისიც ხომ დააჯერეს, რომ წინაზე უკეთესი იყო? და დაიჯერა კიდეც? ისიც ხომ დაიჯერა, რომ მართლა მისი გადასაწყვეტი იყო უზარმაზარი პროექტების ბედი.
ღარიბაშვილსაც ეგონა თავი პრემიერი და მერე უთხრეს, _ გეგონაო და გაისტუმრეს.
მარგველაშვილსაც თავი პრეზიდენტი ჰგონია, ეუბნებიან, _ ეგ შენ გგონიაო, მაინც არ სჯერა. უბრალოდ, მისი პოსტი არჩევითია, გაუვა საცაა ვადა და დარჩება კარტოფილის ტომრისა და მასავით მოქნეული უსუფაშვილის შეთავაზების ამარა _ სამარემდე ერთმანეთი მივიტანოთო.
ღარიბაშვილს ეგონა, კვირიკაშვილს ეგონა, ახლა ამას ჰგონია…
და საერთოდ ან სხვებს რატომ ჰგონიათ, რომ ბოლოს მარწყვს ჩაუდებს პირში და ისე გაისტუმრებს? რა ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ მწარეა ალმასხანის ლუკმა?
რეზო შატაკიშვილი