მეოცნებეების პოლიტიკური განქორწინება
„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი მალა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ რიგებში არსებული ჭირი მაინც ვერ დამალა. ძველი და ახალი მეოცნებეები ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ პარტიაში არსებული ღრმა უფსკრული მთელმა ერმა დაინახა.
„მამათა და შვილთა დაპირისპირება“ ურთიერთშეურაცხყოფითა და დამამცირებელი გამონათქვამებით გამოირჩეოდა. ძველებისა და ახლების კონფლიქტს ბევრი მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ესაა პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნებისა და 2020 წელს კვლავ ბიძინა ივანიშვილის გვერდით ყოფნის დაუოკებელი სურვილი.
ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ვერც ერთმა აქამდე არსებულმა ხელისუფლებამ ორ ვადაზე მეტი ხელისუფლებაში ყოფნა ვერ მოახერხა. მართალია, ყველა იწყებდა იმით, რომ ხელისუფლებაში დარჩენას 30 წლით გვპირდებოდა, მაგრამ ორ ვადას ვერავინ გადასცდა. ფაქტია, რომ ასეთი სტანდარტი მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის დამსახურება არაა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს შრომობენ ჩვენი დასავლელი მეგობრები და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები.
შეგახსენებთ: ჯერ კიდევ 2003 წლის გაზაფხულზე როგორ არწმუნებდა ედუარდ შევარდნაძეს მისი მეგობარი ჯეიმს ბეიკერი, შეეცვალა საარჩევნო კოდექსი და აღარ ეფიქრა მესამე ვადით პრეზიდენტობაზე, მაგრამ რომ არ შეისმინა ამბროსოვიჩმა ეგ ნათქვამი, მაგიტომაც აუნთეს ამერიკელებმა მწვანე შუქი ოპოზიციას.
ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენის მცდელობა სააკაშვილსაც ჰქონდა, ამ საქმისთვის კონსტიტუციაც კი შეცვალა, მაგრამ ბევრს, ალბათ, ახსოვს, როგორ წინააღმდეგობას უწევდა ასეთ პერსპექტივას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი 2012 წლის განმავლობაში. დასავლეთი კატეგორიულად ითხოვდა, რომ მომხდარიყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება და მიაღწია კიდეც ამას.
როგორც ჩანს, ეს „ორი ვადის სტანდარტი“ გათვლილია იმაზე, რომ თუ რაიმეს გაკეთება უნდა ხელისუფლებას, რვა წელი ამისთვის სრულიად საკმარისია. რვა წელიწადში დაპირებების შესრულებაც შეიძლება და რეფორმების განხორციელებაც. თუ რვა წელიწადში ვერაფერი მოასწარი, ე. ი. ვერც ვერასდროს მოასწრებ.
მესამე ვადა კი უკვე ავტოკრატიის მკაფიო ნიშნებს შეიცავს, რომელსაც ძალაუფლების სრული უზურპაცია მოყვება, რაც, თავის მხრივ, ავტორიტარიზმის წინაპირობადაც შეიძლება იქცეს. ამერიკელები ასეთ სტანდარტებს საკუთარი გამოცდილებიდან აწესებენ და ექსპორტზეც საკუთარი მიღწევები გააქვთ. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ თითქმის ყველა პრეზიდენტი ორი ვადით რჩება თანამდებობაზე. ეს ერთგვარი დაუწერელი შეთანხმებაა ამერიკელებს შორის.
დღევანდელი ხელისუფლებაც მოსვლისთანავე დაგვპირდა, რომ 2030 წლამდე აპირებდა ხელისუფლებაში დარჩენას. ეს კი უკვე მთელი ოთხ-ნახევარი ვადაა. ბუნებრივია, რომ ამას დასავლეთი ისევე აღუდგება წინ, როგორც წინა შემთხვევებში. ხელისუფლებაში ყოფნის ორი ვადა კი „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მმართველობაში ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს, _ „ქართული ოცნება“ ისეთი ფორმით, როგორც დღესაა, ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. პარტიის ისეთ დონეზე ტრანსფორმაციაა საჭირო, რომ მისი ახალ პოლიტიკურ ძალად გაყიდვა შესაძლებელი გახდეს.
ბუნებრივია, ამ პერსპექტივას „ქართულ ოცნებაშიც“ იაზრებენ და სწორედ მისი გათვალისწინებით ემზადებიან მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ივანიშვილისთვის მთავარი ის კი არაა, ვინ იქნება მომავალი მთავრობის შემადგენლობაში, არამედ ის, რომ ვინც იქნება, მას უნდა ემორჩილებოდეს უსიტყვოდ. სწორედ ამ პერსპექტივისთვის ბრძოლის დასაწყისს ჰგავს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე კონფრონტაცია.
უმნიშვნელოვანესი გარემოებაა ისიც, რომ „ქართულ ოცნებაში“, ტრადიციულად, ერთმანეთისგან განსხვავებული ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები არიან გაერთიანებულნი. მანამ, სანამ „ოცნება“ იყო კოალიცია, ეს გახლდათ ყველაზე ეკლექტური კოალიცია, რომელიც კი ოდესმე ხელისუფლებაში მოსულა. ერთად იყვნენ გაერთიანებულნი ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველაზე კონსერვატიული და ყველაზე ლიბერალური ორგანიზაციები. ამიტომაც იყო პირველი ოთხი წელიწადი სრული სტაგნაციისა და უმოქმედობის პერიოდი ქვეყანაში.
2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია კი დაიშალა, მაგრამ ეკლექტურობა „ოცნებამ“ მაინც ვერ მოიშორა. პარტიის ახალ და ძველ წევრებს შორის კვლავ იდეოლოგიური უფსკრული გაჩნდა. კალაძის მიერ პარტიაში მიყვანილი ახალგაზრდები და, თავის დროზე, „ოცნების“ დამფუძნებელი ძველები რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებად ვიხილეთ.
ვითარება განსაკუთრებით იმან დაძაბა, რომ საპარლამენტო მმართველობის ბერკეტები, სწორედ, იმ ახალგაზრდების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც „ოცნებას“ მხოლოდ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე შეუერთდნენ, ზოგიერთი კი საერთოდ ყოფილი ხელისუფლებიდან გადმობარგდა. პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც შედარებით გვიან გახდა „ქართული ოცნების“ სახე და ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მას მიანიჭა უპირატესობა. ეჭვგარეშეა, რომ კობახიძე სწორედ ივანიშვილის მხარდაჭერით აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ. ბუნებრივია, უფრო სტაჟიან მეოცნებეებს ეს არ მოეწონათ. ბევრმა, ალბათ, იეჭვიანა კიდეც, რატომ გაკეთდა არჩევანი ამ პატარა და სრულიად გამოუცდელ ბავშვზე და რატომ არ შეირჩა პარლამენტის თავმჯდომარე იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაზე მეტი იბრძოლეს „ოცნებისთვის“, რომლებმაც ყველაზე მეტი გარისკეს და თავიც გადადეს ამ პარტიისთვის. ძალაუფლება, თანამდებობა და ჭკუის მასწავლებლის როლი კი იმათ ერგოთ, ვისი თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდნილა და მზამზარეულზე მოვიდნენ ხელისუფლებაში.
აღშფოთების ფიალაში ბოლო წვეთი ის იყო, რომ კობახიძემ და მისმა დასაყრდენმა სპიკერატმა, ანუ მდინარაძემ, თალაკვაძემ და ჩუგოშვილმა ძველებს ყველანაირი უფლება ჩამოართვეს და ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ საკუთარი მოსაზრების შეუთანხმებლად გამოთქმისთვის დისციპლინური სასჯელითაც დაემუქრნენ.
ახალ და ძველ მეოცნებეებს შორის პარლამენტში დაწყებულმა დაპირისპირებამ კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო შიდა დაპირისპირება გამოამჟღავნა, რომელიც „ოცნების“ ზედა ეშელონში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, კობახიძე და ძმანი მისნი პარტიაში და საბოლოოდ პარლამენტში კახი კალაძემ მიიყვანა. კალაძე დღემდე ინარჩუნებს მათზე გავლენას და კალაძის გუნდსაც ამ გაერთიანებას ტყუილად არ უწოდებენ. კობახიძე თავად ივანიშვილის ფავორიტი არასდროს ყოფილა, მეტიც: საკონსტიტუციო ცვლილებების წამგებიანი პროცესის დროს მის თავზე შავი ღრუბლებიც არაერთხელ შეკრებილა. პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების პროტესტმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ პროტესტის გამოსახატავად საქართველოში „ვენეცის კომისიის“ ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო ჩამოვიდა. „ოცნება“ იძულებული გახდა, ერთპარტიულად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები თვითონვე გადაეხედა. ბიძინა ივანიშვილმა მაშინ პირველად იკითხა, – კობახიძე იმსახურებს პარლამენტის თავმჯდომარეობას თუ არაო?!
ამჟამად განვითარებული პროცესების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ივანიშვილის პოზიციამ ე. წ. ძველების გუნდი, ერთგვარად, წაახალისა.
სწორედ მაშინ დაიწყო აქტიური საუბარი „ოცნების“ შესაძლო გაყოფაზე, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ დაუბრუნდებოდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია და როგორც ჩანს, პოლიტიკური ტემპერატურაც ადუღდა და საკითხსაც დაუბრუნდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი დასაყრდენი დეპუტატების შესახებ ყველაფერი გარკვეულია, _ ყველამ იცის, რომ ეს კალაძის მართული დაჯგუფებაა. ძველი მეოცნებეების დასაყრდენი აქამდე ბურუსით იყო მოცული. არ იკვეთებოდა, თუ ვინ დგას მათ უკან და დგას თუ არა საერთოდ ვინმე. დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ამ მიმართულებით ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი.
მან პირველმა გააჟღერა, რომ ბოლო პერიოდში კობახიძე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებთან, რაზედაც, მისივე თქმით, უმრავლესობა თვალს ვერ დახუჭავს და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს.
„პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი უფროსი არ არის, ის არის ჩვენ მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი, რომლის ბოლოდროინდელი განცხადებები ძალიან მიუღებელი გახდა“, _ ამბობს ჭიჭინაძე.
აქ ყველაზე საინტერესო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხსენება იყო. ე. ი. კალაძის გუნდით უკმაყოფილო უმრავლესობის წევრები მზად არიან, კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი იმის გამო დააყენონ, რომ მისი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებებთან. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ „ოცნების“ ე. წ. ძველების ფრთას პრემიერ-მინისტრი მართავს.
თუმცა კვირიკაშვილი ყველაფრის უარყოფას შეეცადა და მოუწოდა კიდევაც ყველას, თავი შეიკავონ მისი სახელის გამოყენებისგან, მაგრამ „პანდორას ყუთი“ გახსნილია და მისი დახურვა უკვე შეუძლებელია. ის, რომ დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა (ანუ კალაძეს) და კვირიკაშვილს შორის მიმდინარეობს, იმ სატელეფონო გზავნილებშიც გამოჩნდა, რომელიც რუსთავი2-მა მოიპოვა და გამოაქვეყნა.
პრემიერი მესიჯში კობახიძეს სწერს, რომ მისი არც ერთი მოსაზრება არ იყო გაზიარებული, რაც მისთვის სამწუხაროა.
„ირაკლი, გადავწყვიტე, მოკლედ განვმარტო ჩემი პოზიცია. ჩემს ბოლო მონაწერში ვიგულისხმე ყველა, ვინც ჩემს სახელს უხვად ახსენებს, რა თქმა უნდა, ის დეპუტატები, რომლებიც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და საკუთარი პოზიციების არგუმენტაციას ახდენენ ჩემ მიერ გაკეთებულ კომენტარებზე აპელირებით და, რა თქმა უნდა, მამუკაც, რომელმაც ჩემი ნათქვამის ცალმხრივი გასაჯაროება გააკეთა, ჩემთვის მიუღებელია. საკითხების მომზადებაში, პროცესის შიდა გამჭვირვალეობასა და დეპუტატებთან კომუნიკაციაშიც დაშვებული იქნა არაერთი შეცდომა, რაშიც არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენ მიერ, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა“.
პრემიერის გზავნილის შემდეგ ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს, თუმცა ის მაკოს მიმართავს. აქ, სავარაუდოდ, საუბარია პრემიერის პრესსამსახურის უფროს მაკო ბიგვავაზე.
„მაკო, ძალიან ცუდია, როცა პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურ მესიჯს სწერს არა პირადად, არამედ საერთო ჩათში. კარგი იქნებოდა, ჩათში ჩაგდებამდე საქმის კურსში ჩაგეყენებინე. ასეთ შემთხვევაში, ამ უხერხულობას, დარწმუნებული ვარ, ავიცილებდით თავიდან“, _ წერს კობახიძე.
ამ მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ ძირძველი ოცნებელები ტყუილად არ ეფარებიან კვირიკაშვილის ზურგს და როგორაც არ უნდა ეცადოს პრემიერი, დამალოს რეალობა, დაპირისპირების ეპიცენტრში ის უკვე მოხვდა.
გარდა ამისა, კარგად ჩანს, რომ პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარეს საპარლამენტო უმრავლესობაში დაწყებული კონფლიქტი საერთოდ არ აღელვებს, პირიქით, იგი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში ვითარების დარეგულირებას არ შეუწყობს ხელს. როცა გინდა, რომ კონფლიქტი განიმუხტოს და დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ, არ უნდა თქვა, რომ მეორე მხარე არასწორად იქცევა. კიდევ უარესი, კონკრეტული თემებით სპეკულირებს. თუ დეპუტატის შემორიგება გინდა, არ უნდა თქვა, რომ ის იტყუება და თავის კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს. და რაც მთავარია, ხელში მათრახი არ უნდა გეჭიროს და დეპუტატებს დისციპლინური სასჯელებით გამათრახებას არ უნდა ჰპირდებოდე. ასეთი განცხადებები ვითარებას მხოლოდ დაძაბავს და რახან კობახიძე მსგავს ფრაზებს ყოველდღე იმეორებს, ე. ი. მას უმრავლესობის რიგებში არსებული განხეთქილების მოგვარება კი არა, პირიქით, მისი გამწვავება უნდა. ასეთი საქციელით კობახიძე ძალით მიერეკება დეპუტატებს უმრავლესობიდან. თუ პირველი კოფლიქტი გედი ფოფხაძის განცხადებით დაიწყო, დღეს უკვე განაწყენებულთა სია გაცილებით დიდია. პრაქტიკულად, ყველა ის დეპუტატი, რომელმაც, თავის დროზე, პარტია „ქართული ოცნება“ დააფუძნა, დღეს „დასახვრეტთა“ სიაშია.
როგორც აღმოჩნდა, გედი ფოფხაძე და დავით ჭიჭინაძე არ არიან ერთადერთნი, რომელებსაც მდინარაძე-კობახიძის გადაწყვეტილებები არ მოსწონთ. პარლამენტის ხელმძღვანელობის ღია კრიტიკა დაიწყო უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმაც, რომელიც სულაც არ განეკუთვნება ძველ მეოცნებეებს. მისი თქმით, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები არასწორია. ნაცვლიშვილი ფრაქციის ლიდერსა და პარლამენტი თავმჯდომარეს ღიად ადანაშაულებს დაპირისპირების გაღრმავებაში. მან დავით ჭიჭინაძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და უმრავლესობის დატოვებაც არ გამორიცხა.
ყველაზე სასაცილო კი არსებულ ვითარებაში ისაა, რომ ქვეყანაში, სადაც უმძიმესი პრობლემებია პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი კუთხით, უმრავლესობის რღვევა დაიწყო იმის გამო, უნდა იყოს თუ არა ნინია კაკაბაძე მაუწყებლის ბორდში. არა იმის გამო, რომ უმრავლესობამ ვერც ერთი თავისი დაპირება ვერ შეასრულა; არა იმიტომ, რომ ქვეყანაში ერთპარტიული რეჟიმი ჩამოაყალიბეს და სასამართლო სისტემა ფეხქვეშ გაიგეს; არა იმიტომ, რომ ღატაკთა რაოდენობა გაიზარდა და ცხოვრების პირობები აუტანელი გახდა… არა!!! უმრავლესობაში ერთმანეთს კაკაბაძის გამო დასცხეს.
რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა გამოიყურებოდეს დაპირისპირების საბაბები, მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს, არის ის თუ რა ბედი ელის „ქართულ ოცნებას“ ზოგადად? ანალიტიკოსები და ექსპერტები, მათ შორის, „ოცნების“ მხარდამჭერი ექსპერტები, უკვე ღიად ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ დაშლას დაიწყებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია. დაშლის პროცესი, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაჩქარდება.
თუმცა სეფესიტყვა ჯერ მაინც არ თქმულა. კულუარული მმართველი ჯერ შორიდან აკვირდება სიტუაციას და დუმს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც მისი სურვილისამებრ წარიმართება. ორივე დაპირისპირებულ მხარეს იმის იმედი აქვს, რომ არქიფო სწორედ მის მხარეს დაიჭერს და მას გაამართლებს.
უმრავლესობის დატოვება ასე იოლი საქმე როდია. მმართველი ფრაქციიდან გასვლა ნიშნავს იმ უამრავი პრივილეგიის დაკარგვას, რომელსაც 116 დეპუტატი დღეს ფლობს. უპირველეს ყოვლისა, ესაა სტაბილურად კომფორტული ცხოვრება და სხვადასხვა დონეზე საკუთარი გავლენების გამოყენების შესაძლებლობა. ამასთანავე, ყველა მეოცნებე ოცნებობს იმაზე, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისევ იმ გუნდში იყოს, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი იდგება.
უმრავლესობიდან დეპუტატი ან დეპუტატთა გუნდი რომ წამოვიდეს, ამისთვის სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს. უმრავლესობა რომ დაიშალოს, ამისთვის რაიმე ახალი პოლიტიკური ცენტრის წინაპირობა მაინც უნდა არსებობდეს პარლამენტში. ასეთ ცენტრს კი ცენტრალური პოლიტიკური ფიგურა სჭირდება მაღალი ავტორიტეტითა და ივანიშვილის ალტერნატივის იმიჯით. ასეთი ჩვენს დღევანდელ საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ ჩანს.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, ქართველები რომ ვართ, მაქსიმალისტები და ზედმეტად ემოციურები. ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას ბევრი ისეთი დეპუტატი ახსოვს, რომელმაც უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება ემოციურ ნიადაგზე მიიღო და ცხელ გულზე გადაწყვეტილებაც გააჟღერა, შემდეგ კი ინანა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა ასეთ დროს აღარ არსებობს.
ემოციური გადაწყვეტილებები ერთია და მეორეა, როცა პარლამენტში ხმები ვრცელდება, რომ უმრავლესობიდან რამდენიმე ადამიანის გარიცხვას გეგმავენ. სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრვლესობიდან გასარიცხთა სიაში მოიაზრებიან ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი.
ნელ-ნელა „ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების სხვადასხვა დეტალები ხდება ცნობილი. მაგალითად ის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა, ორჯერ ზედიზედ დემონსტრაციულად დატოვეს და, პრაქტიკულად, ჩაშალეს ბესელიასთან დაპირისპირებულმა უმრავლესობის წევრებმა, კონკრეტულად კი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის დაჯგუფების (ასეთიც ყოფილა) დეპუტატებმა ვანო ზარდიაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, გიორგი ხატიძემ, ანრი ოხანაშვილმა და რატი იონათამიშვილმა.
მოკლედ, სადაც არ გაიხედავ „ქართულ ოცნებაში“, ყველგან დაპირისპირებაა. არადა, ამ პარტიის ლიდერებს რომ ჰკითხო, ყველაფერი კარგადაა და პარტიაში იდეალური სიმშვიდე გვაქვსო, გეტყვიან… რომელ სიმშვიდეზეა საუბარი, როცა უმრავლესობაში გეგმავენ სხდომას, რომელზედაც ურჩი დეპუტატებისთვის სადამსჯელო წესები უნდა შეიმუშაონ და უმრავლესობის დებულებაში ცვლილებები შეიტანონ. ასეთი სანქციები დაპირისპირებას მხოლოდ გააღრმავებს და ამის შესახებ „უდისციპლინოებმა“ უკვე განაცხადეს, რომ თუ უმრავლესობის ქცევა ეწინააღმდეგება ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს, ვერანაირი საბუთი ვერ დაგვავალდებულებს, ამ წესებს დავემორჩილოთო. ასეთი განცხადებები ნათლად მიანიშნებს, რომ „უდისციპლინო“ ოცნებელები დისციპლინურ ახალ ნორმებს არ დაემორჩილებიან.
ერთ-ერთმა ყველაზე „უდისციპლინო“ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, პარლამენტის თავმჯდომარეს ის სამარცხვინო შეხვედრაც გაახსენა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ფილარმონიაში გაიმართა და საიდანაც ირაკლი კობახიძემ მხოლოდ გაქცევით უშველა თავს.
ერთი სიტყვით, სეირი „ქართულ ოცნებაში“ კიდევ წინაა. როგორც აღვნიშნეთ, პარლამენტის ხელმძღვანელობას დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარება არ სურს, ე. ი. დისციპლინური სანქციები იქნება მკაცრი და შეურაცხმყოფელი. ისეთი, რომ გასაყრელებს სხვა გზა არ დარჩეთ გარდა იმისა, რომ თავად წავიდნენ.
თუ გავიხსენებთ „ქართულ ოცნებაში“ გასული წლის ბოლოს მომხდარ გახმაურებულ დაპირისპირებას, როდესაც ფრაქციას რამდენიმე დეპუტატი გამოეყო და ცალკე ფრაქცია შექმნა, არაა გამორიცხული, რომ განქორწინების პროცესმა გაცილებით მასშტაბური ხასიათი მიიღოს. და რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს სიჩუმეს ივანიშვილი, მით მეტი შანსია, რომ ბოლოს მას საკუთარი პარტიის პოლიტიკური ნეკროლოგის წაკითხვა მოუწიოს.
დემნა ვეშაპიძე