მოსადი: ისრაელის მოქალაქეთა მცველი და მრისხანე შურისმაძიებელი
ისრაელის ნებისმიერი მოქალაქე დარწმუნებულია, რომ მთავრობა უკიდურესი ზომების გამოყენებასაც კი არ მოერიდება, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მაგრამ თუ ვინმემ გაბედა და ისრაელის მოქალაქე მაინც მოკლა, საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ და მკვლელზე შურს იძიებენ.
როდესაც საქმე სახელმწიფოს პრესტიჟს ეხება, ისრაელი უკან არაფერზე იხევს და საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეც კი ახორციელებს სპეცოპერაციას.
ისრაელის მთავარი პრინციპი შემდეგია: მათი სახელმწიფოს არც ერთი მტერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. თუ მიზეზთა გამო, ლეგალური გზით დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება, მაშინ მათ ფიზიკურად ადგილზე ანადგურებენ.
სამსახურს, რომელსაც მსგავსი ოპერაციების განხორციელება ეკისრება, მოსადი ეწოდება. მოსადი 1951 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა. მას სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საიდუმლო დავალებების შესრულება ევალება. მოსადი იმდენად ეფექტიანად მოქმედებს, რომ ისრაელთან ღია კონფრონტაციას მსოფლიოს ლიდერი ქვეყნებიც კი ერიდებიან.
შექმნის დღიდანვე ისრაელის სპეცსამსახურების საქმიანობა მთლიანად დახურულია. ქვეყნის პირველმა პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა თავად მოსადის შექმნის ფაქტიც კი გაასაიდუმლოვა. ათწეულების მანძილზე ისრაელის საზოგადოებამ მოსადის ხელმძღვანელთა ვინაობაც კი არ იცოდა. საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები მხოლოდ უცხოური მედიის საშუალებით თუ იგებდნენ.
მოსადი მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირების სანქციით მოქმედებს და დამოუკიდებელ ოპერაციებს არასოდეს ატარებს. ისრაელის სპეცსამსახურში სულ 2 ათასამდე თანამშრომელია, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ მოხალისეთა და ინფორმატორთა უზარმაზარი არმია უმაგრებს ზურგს. ასეთი სისტემა მოსადს საშუალებას აძლევს, ისრაელის მტრად შერაცხული ნებისმიერი პიროვნება აღმოაჩინოს, როგორც არ უნდა იმალებოდეს იგი. თითოეული ოპერაცია საგულდაგულოდ მზადდება და მისი განხორციელება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი ბოლომდეა გათვლილი. სწორედ ეს მეთოდი განაპირობებს ამ სპეცსამსახურის საოცარ ეფექტიანობას.
მოსადმა მრავალი საიდუმლო აქცია ჩაატარა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ჩვენი ყურადღება ორ მათგანზე შევაჩეროთ, რომელიც ნათლად ასახავს ისრაელის ფუნდამენტურ პრინციპებს მტრების მიმართ.
ადოლფ აიჰმანი
ისრაელის სახელმწიფოს შექმნისთანავე ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად იმ ნაცისტების მოძებნა და პასუხისგებაში მიცემის საკითხი დადგა, რომლებიც ებრაელთა გენოციდში აქტიურად მონაწილეობდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ისრაელის მოქალაქეთა უმეტესობამ ან თავად გამოსცადა გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების საშინელება, ან უამრავი ახლობელი დაკარგა. ამიტომ მათი დასჯა ახალგაზრდა ისრაელის სახელმწიფოსთვის პრინციპისა და პრესტიჟის საქმე გახდა. ამ თვალსაზრისით, ნომერ პირველი სამიზნე ადოლფ აიჰმანი იყო.
„ეს-ეს“-ის ობერშტურმანფიურერი ადოლფ აიჰმანი გერმანიის საიმპერიო უსაფრთხოების სამმართველოში IV-B-4 განყოფილებას ხელმძღვანელობდა. სწორედ ეს განყოფილება უზრუნველყოფდა ევროპის მასშტაბით ებრაელთა ტოტალური განადგურების პროცესს. აიჰმანის ორგანიზებით საკონცენტრაციო ბანაკებში 6 მილიონამდე ადამიანი მოკლეს, რომელთა შორის უმეტესობას ებრაელები შეადგენდნენ.
როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, აიჰმანი ამერიკელთა სამხედრო ტყვეთა ბანაკში მოხვდა. ვინაიდან იგი იღლიის ქვეშ „ეს-ეს“-ელისთვის სავალდებულო დამღას ატარებდა, მან არმიის ოფიცრად თავის გასაღება ვერ გაბედა, მაგრამ არც სიმართლე უთქვამს და ამერიკელებს განუცხადა, რომ ომის დროს „ეს-ეს“-ის კავალერისტთა დივიზიაში უბრალო ოფიცრად მსახურობდა.
ნიურნბერგის პროცესის მიმდინარეობისას, სადაც სასამართლოს წინაშე ნაცისტთა უმაღლესი რანგის პირები წარდგნენ, მოწმეებმა გენოციდის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად ადოლფ აიჰმანიც დაასახელეს. აიჰმანს შეეშინდა, რომ ამერიკელები მას, ადრე თუ გვიან, ამოიცნობდნენ და ბანაკიდან გაიქცა. 1950 წელს „ეს-ეს“-ელთა საიდუმლო ორგანიზაცია „ოდესსას“ დახმარებით, ოჯახთან ერთად, არგენტინაში გადავიდა და ბუენოს-აირესში რიკარდო კლემენტეს სახელით დაფუძნდა. იგი სამსახურშიც მოეწყო – ყოფილმა „ეს-ეს“-ელმა „მერსედეს-ბენცის“ არგენტინულ ფილიალში დაიწყო მუშაობა.
აიჰმანის აღმოჩენაში საკვანძო როლი გერმანელმა ებრაელმა, ლოთარ ჰერმანმა შეასრულა, რომელიც ასევე ბუენოს-აირესში ცხოვრობდა. თავის დროზე, ჰერმანს გერმანელი ქალი ჰყავდა ცოლად, მაგრამ ნაცისტების პერიოდში ამან ვერ უშველა და იგი საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა. ბანაკში გადატანილი საშინელებების შემდეგ ჰერმანი თითქმის დაბრმავდა, მაგრამ ადოლფ აიჰმანის ამოცნობა მაინც შეძლო. მან იცოდა, რომ აიჰმანი მართლმსაჯულებას გაექცა და არგენტინაში იმალებოდა. ჰერმანმა შემთხვევით გაიგო, რომ მისი ქალიშვილის მეგობარი ერთი ახალგაზრდა, ვინმე ნიკოლას აიჰმანი იყო. ნიკოლასი მის გოგოსთან ტრაბახობდა, რომ მამამისს ნაცისტების დროს მთავრობაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ჰერმანი მიხვდა, რომ საუბარი, დიდი ალბათობით, ადოლფ აიჰმანს ეხებოდა და ამის შესახებ გერმანიაში თავის ნაცნობს – ჰესენის მიწის გენერალურ პროკურორ ფრიც ბაუერს, შესაბამისი წერილი მისწერა. ბაუერისგან კი ეს ინფორმაცია უკვე ისრაელის მხარემ მიიღო.
მოსადმა აიჰმანის ცოცხლად შეპყრობისა და ნაცისტი დამნაშავის ისრაელში ჩამოყვანის დავალება მიიღო. 1958 წელს არგენტინაში სპეცსამსახურის თანამშრომლები გაემგზავრნენ, რომლებმაც მართლაც მიაგნეს აიჰმანს და მისი საცხოვრებელი მისამართიც დაადგინეს. ყოფილი ნაცისტი ბუენოს-აირესში ოლივოს რაიონში, ჩაკაბუკოს ქუჩაზე ცხოვრობდა. თუმცა, ცოტა ხანში, მოსადის აგენტებმა აიჰმანის კვალი დაკარგეს. სავარაუდოდ, აიჰმანი რაღაცას მიხვდა და მისამართი შეიცვალა. მისი აღმოჩენა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოხერხდა. აიჰმანმა სახლი სან-ფერნანდოს კვარტალში, გარიბალდის ქუჩაზე იყიდა. მოსადის აგენტებმა მას სწორედ ნასყიდობის ცნობის საშუალებით მიაკვლიეს. სახლი ვერონიკა კატარინა ლიბლ დე ფიჰმანის სახელზე იყო შეძენილი. პირველი ასოს გარდა ეს სახელი და გვარი მთლიანად ემთხვეოდა აიჰმანის ცოლის სახელს (Fichmann ნაცვლად Eichmann). „ეს-ეს“-ელის საბოლოო იდენტიფიკაცია 1960 წლის 21 მარტს მოხდა, როდესაც იგი სახლში ყვავილების თაიგულით მივიდა. აიჰმანის დოსიეს მეშვეობით მოსადმა დაადგინა, რომ მას ქორწინების 25 წლის იუბილე ჰქონდა.
არგენტინის ხელისუფლებასთან აიჰმანის დაკავებისა და მისი გადმოცემის თაობაზე მოლაპარაკება არარეალური იყო. 1945 წლის შემდეგ ეს ქვეყანა ნაცისტების ნამდვილ თავშესაფრად გადაიქცა. პრეზიდენტი ხუან პერონი ჰიტლერის რეჟიმს თანაუგრძნობდა და არა მარტო თვალს ხუჭავდა ქვეყანაში ნაცისტების შემოსვლაზე, არამედ ხელსაც კი უწყობდა ევროპიდან არგენტინაში მათი გადმობარგების პროცესს. ბევრი მათგანი არგენტინის შეიარაღებულ ძალებშიც კი მსახურობდა.
1955 წელს სამხედრო ხუნტის მიერ პერონის ჩამოგდების შემდეგ ვითარება დიდად არ შეცვლილა. არგენტინის მმართველ ელიტაში, განსაკუთრებით კი სამხედრო წრეებში, პრონაცისტური განწყობები კვლავ მაღალი იყო. თუ ოფიციალური მიმართვის შემდეგ არგენტინის ხელისუფლება აიჰმანს მაინც დააკავებდა, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ სამხედრო დამნაშავეს გერმანიას გადასცემდნენ. ომის დასრულებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ კი ევროპის სასამართლოები ყოფილი ნაცისტების მიმართ ისეთი სიმკაცრით აღარ გამოირჩეოდნენ და ისრაელის ნომერ პირველ მტერს, სავარაუდოდ, შედარებით ლმობიერ განაჩენს გამოუტანდნენ.
მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ისრაელმა უკან არ დაიხია და ადოლფ აიჰმანის დაკავებისთვის აქტიური მოქმედება დაიწყო. ოპერაციას მოსადის უფროსი ისერ ხარელი პირადად ხელმძღვანელობდა. ამ საქმეში ჩართული ყველა თანამშრომელი მოხალისე იყო. საგულისხმოა, რომ ოპერაციაში მონაწილეთა უმრავლესობამ თავად გადაიტანა ნაცისტთა რეჟიმის საშინელება და საკონცენტრაციო ბანაკებში უამრავი ნათესავი დაკარგა. თითოეული მათგანი მკაცრად გააფრთხილეს, რომ ადოლფ აიჰმანი არ უნდა მოეკლათ – ყოფილი „ეს-ეს“-ელი ისრაელის სასამართლოს ცოცხალი სჭირდებოდა.
ოპერაციაში მონაწილე ჯგუფის წევრების არგენტინაში გადასროლისთვის მოსადმა სპეციალური გეგმა შეიმუშავა. შეიქმნა ფიქტიური ტურისტული კომპანია, რომლის მეშვეობითაც ოპერატიული თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნიდან სათითაოდ ჩადიოდნენ არგენტინაში. ოპერაცია ბუენოს-აირესში ისრაელის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს დაამთხვიეს. 1960 წელს არგენტინა დამოუკიდებლობის 150 წლისთავს აღნიშნავდა და ამასთან დაკავშირებით ქვეყანა უამრავ უცხოურ დელეგაციას მასპინძლობდა.
ვინაიდან ისრაელსა და არგენტინას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა, მოსადმა დატყვევების შემდეგ აიჰმანის ისრაელში გადაყვანა სამთავრობო თვითმფრინავით გადაწყვიტა. თვითმფრინავი ბუენოს-აირესში 19 მაისს დაეშვებოდა და 20 მაისს ისრაელში უნდა გაბრუნებულიყო. ოპერაციის ჩასატარებლად ჯგუფს სულ ერთი დღე ჰქონდა, ამიტომ მოსადმა გადაწყვიტა, რისკები შეემცირებინა და აიჰმანი რამდენიმე დღით ადრე დაეკავებინა.
„ეს-ეს“-ელის დატყვევებაში მოსადის 30 თანამშრომელი იყო ჩართული, აქედან 12 აგენტი უშუალოდ დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, დანარჩენი კი უზრუნველყოფის სამუშაოს ახორციელებდა. ოპერაცია საგულდაგულოდ დაიგეგმა, სადაც უმნიშვნელო დეტალებიც კი იყო გათვლილი.
1960 წლის 11 მაისს აიჰმანის საცხოვრებელ სახლთან ორი მანქანა გაჩერდა, სადაც მოსადის 7 თანამშრომელი იმყოფებოდა. აიჰმანი სამსახურიდან საღამოს 8 საათზე დაბრუნდა. იგი ავტობუსიდან გადმოვიდა და სახლისკენ გაემართა. აიჰმანი მოსადის აგენტმა პიტერ მალკინმა დააკავა. მალკინი მას მიუახლოვდა და ესპანურად მიმართა: „ერთი წუთით, ბატონო“. აიჰმანი გაჩერდა. მალკინმა ამით ისარგებლა, ყოფილ „ეს-ეს“-ელს ყელში ხელი წაუჭირა და მიწაზე დააგდო. დანარჩენმა აგენტებმა აიჰმანი მანქანაში შეათრიეს. ოპერაცია სულ 20 წამი გაგრძელდა. აიჰმანმა წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ მოასწრო.
მანქანაში მას პირში ალიკაპი ჩათხარეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თვალებზე შავი სათვალე გაუკეთეს და თავზე ტომარა ჩამოაცვეს, შემდეგ მანქანა ბუენოს-აირესის გარეუბანში, მოსადის მიერ ნაქირავები კონსპირაციული ბინისკენ გაემართა. აიჰმანი მანქანიდან გადმოიყვანეს, საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და დაკითხეს. პირველივე დაკითხვაზე აიჰმანმა თავისი ვინაობა აღიარა.
კონსპირაციულ სახლში აიჰმანი 9 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. დღის უმეტესი ნაწილი იგი ხელბორკილებით საწოლზე იყო მიჯაჭვული და თვალები ჰქონდა ახვეული, რათა ბადრაგის სახე არ ამოეცნო. აგენტებს კატეგორიულად აეკრძალათ ტყვესთან კონტაქტში შესვლა. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინის პოლიცია აიჰმანს ძებნას დაუწყებდა და კონსპირაციულ სახლს აღმოაჩენდა, ჯგუფს ნაბრძანები ჰქონდა, ნებისმიერ ფასად გაეყვანა ტყვე სხვა ადგილას. თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ერთ-ერთი აგენტი ხელბორკილებით აიჰმანს უნდა დაბმოდა, გასაღები გადაეგდო და პოლიციისთვის ტყვის ნამდვილი ვინაობა ეცნობებინა. აკრძალული იყო მოსადთან კავშირის გამჟღავნება. პოლიციის მიერ დაკავების შემთხვევაში აგენტებს უნდა განეცხადებინათ, რომ ისინი ისრაელის ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ.
დაკითხვის დროს მოსადის თანამშრომლებმა აიჰმანისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვება შეძლეს. ტყვემ წერილობითი თანხმობა განაცხადა, რომ იგი მზად არის წარდგეს ისრაელის სასამართლოს წინაშე: „მე, ადოლფ აიჰმანი, ნებაყოფლობით ვაცხადებ შემდეგს: ახლა, როდესაც ცნობილი გახდა ჩემი ნამდვილი ვინაობა, აზრი აღარ აქვს დავემალო მართლმსაჯულებას. მე თანახმა ვარ, გავემგზავრო ისრაელში და წარვდგე კომპეტენტური სასამართლოს წინაშე. თავისთავად ცხადია, რომ მე მივიღებ იურიდიულ დაცვას და მოვყვები ყველაფერს, რაც უკავშირდება გერმანიაში ჩემს სამსახურს. არაფერს დავმალავ, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს იმ მოვლენების ნამდვილი სურათი. ამ გაცხადებას ხელს ვაწერ ნებაყოფლობით. მე არაფერს შემპირებიან და არც არავინ დამმუქრებია. მე მინდა, ბოლოს და ბოლოს, სულიერი სიმშვიდე ვიპოვო. ვინაიდან არ შემიძლია დაწვრილებით აღვიდგინო წარსულის ყველა დეტალი და ხანდახან მოვლენების თანმიმდევრობაც მერევა, გთხოვთ მომცეთ საშუალება, გავეცნო შესაბამის დოკუმენტებს და მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც დამეხმარება მეხსიერების გაცოცხლებაში. ადოლფ აიჰმანი. ბუენოს-აირესი, 1960 წლის მაისი“.
19 მაისს ისრაელის სამთავრობო თვითმფრინავი ბუენოს-აირესის აეროპორტში დაეშვა. 20 მაისის საღამოს აიჰმანი ნარკოტიკებით გააბრუეს და ისრაელის მფრინავის უნიფორმა ჩააცვეს. შემდეგ იგი აეროპორტში წაიყვანეს. საზღვარზე, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მოსადის აგენტებმა არგენტინელ მესაზღვრეებს მფრინავ რაფაელ არნონის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი წარუდგინეს, სადაც აიჰმანის სურათი იყო ჩაკრული.
მოსადმა აიჰმანის თვითმფრინავში აყვანის ოპერაციაც საგულდაგულოდ მოამზადა. 19 მაისს ისრაელის სპეცსამსახურმა მფრინავ არნონის დახმარებით, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. ავარიის შემდეგ არგენტინის პოლიციამ არნონი საავადმყოფოში გადაიყვანა. ვინაიდან მფრინავს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდა, იგი საავადმყოფოდან მეორე დღესვე – 20 მაისს გაწერეს. თუმცა არნონმა დაიჟინა, რომ მას თავის ტკივილი აწუხებდა და არგენტინელ ექიმებს მისთვის შესაბამისი ცნობის გაცემა მოსთხოვა. საავადმყოფომ შემდეგი ცნობა გამოუწერა: „…პაციენტს შეუძლია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ თვითმფრინავით მგზავრობა…“ სწორედ ეს ცნობა წარუდგინეს ყალბ პასპორტთან ერთად მოსადის აგენტებმა არგენტინელ მესაზღვრეებს აიჰმანის გადაყვანისას. არგენტინელებს ეჭვიც კი არ აუღიათ, რომ ებრაელი მფრინავის ნაცვლად მათ წინაშე ნარკოტიკებით გაბრუებული ადოლფ აიჰმანი იყო.
აიჰმანის გაუჩინარების შემდეგ გერმანული სათვისტომოს 300 წევრი მას ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა. არგენტინაში გადაბარგებულმა ნაცისტური პარტიის ყოფილმა წევრებმა სადღეღამისო მორიგეობა და მეთვალყურეობა დააწესეს საზღვაო ნავსადგურებზე, აეროპორტებზე, რკინიგზის სადგურებზე, მაგრამ აიჰმანის აღმოჩენა ვერ მოახერხეს. საქმეში არგენტინის პოლიციაც ჩაერთო, მაგრამ უშედეგოდ.
21 მაისს ისრაელის სამთავრობო თვითმფრინავი იერუსალიმში დაეშვა და თან აიჰმანი ჩამოიყვანა. 22 მაისს ისრაელის პარლამენტის, იგივე ქნესეთის სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა გამოაცხადა, რომ „ადოლფ აიჰმანი ისრაელში იმყოფება და მალე სასამართლოს წინაშე წარდგება“.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აიჰმანი ისრაელში გაიტაცეს, არგენტინის ხელისუფლებამ ისრაელი უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა. 1960 წლის 8 ივნისს არგენტინამ ოფიციალურად მოითხოვა აიჰმანის დაბრუნება, 15 ივნისს კი არგენტინამ ისრაელს გაეროში უჩივლა. პროტესტში ეწერა, რომ ამ მოქმედებით ისრაელი უხეშად არღვევდა არგენტინის სუვერენიტეტს და ეს შემთხვევა საფრთხეს უქმნის მშვიდობას მთელ მსოფლიოში. ამ საკითხის განსახილველად გაეროში სპეციალური თათბირი გაიმართა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გოლდა მეირმა არგენტინას ოფიციალური ბოდიში მოუხადა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ შექმნილ ვითარებაში ისრაელის ასეთი ქმედება გამართლებული იყო. ოფიციალური ვერსიით, აიჰმანი ებრაელმა მოხალისეებმა ისრაელის მთავრობის უკითხვად გაიტაცეს. მოსადის მონაწილეობა ამ გატაცებაში არგენტინამ ვერ დაამტკიცა.
აიჰმანის სასამართლო წელიწადნახევარი გაგრძელდა. პროცესზე ჰოლოკოსტის უამრავი მოწმე დაიკითხა. ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისა და სამხედრო დანაშაულის გამო 1961 წლის 15 დეკემბერს აიჰმანი დამნაშავედ ცნეს და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ბენ-ცვიმ შეწყალების თხოვნა არ დააკმაყოფილა. ყოფილი „ეს-ეს“-ელი მაღალჩინოსანი 1962 წლის 1 ივნისს ქალაქ რამლას ციხეში ჩამოახრჩვეს. სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანა ციხის ზედამხედველმა შალომ ნაგარმა.
სიკვდილის წინ აიჰმანმა უარი განაცხადა თვალების ახვევაზე და ბოლოს სიტყვა წარმოთქვა: „გაუმარჯოს გერმანიას! გაუმარჯოს არგენტინას! გაუმარჯოს ავსტრიას! ამ სამ ქვეყანას უკავშირდება ჩემი სიცოცხლე და მე მათ არასოდეს დავივიწყებ. მე მივესალმები ჩემს მეუღლეს, ოჯახს და მეგობრებს. მე ვალდებული ვიყავი, დამეცვა ომის წესები და ვემსახურებოდი ჩემს დროშას. მე მზად ვარ…“ სიკვდილის შემდეგ აიჰმანის ცხედარი დაწვეს, ხოლო მისი ფერფლი ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის ტერიტორიული წყლების მიღმა გაფანტეს.
აღსანიშნავია, რომ 1954 წელს ქნესეთმა ისრაელში სიკვდილის სასჯელი გააუქმა და იგი მხოლოდ გენოციდისა და ომის პერიოდში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის დროს დატოვა მოქმედი. აიჰმანის სიკვდილით დასჯა ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ისრაელის სასამართლომ ამ ნორმის გამოყენებაზე თანხმობა განაცხადა.
აიჰმანის ოპერაცია თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ უდიდესი სირთულისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ებრაული სახელმწიფო შეურაცხყოფას არავის პატიობს.
ოპერაცია „ღვთის რისხვა“
სამშობლოს ღირსების დასაცავად ისრაელის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ მეორე თვალსაჩინო ოპერაციას კოდური სახელი „ღვთის რისხვა“ ჰქვია. ოპერაცია 1972 წელს დაიწყო და 1992 წლამდე მიმდინარეობდა.
1972 წელს მიუნხენის რიგით მეოცე ზაფხულის ოლიმპიადაზე, პალესტინის ტერორისტულმა ორგანიზაცია „შავმა სექტემბერმა“ მძევლად ისრაელის ოლიმპიური ნაკრების წევრები აიყვანა. გერმანელი სამართალდამცველების მიერ მძევლების განთავისუფლების ოპერაცია კრახით დასრულდა და ყველა ებრაელი სპორტსმენი დაიღუპა.
ტერორისტული აქტის მიზეზი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც უარი განაცხადა ოლიმპიურ თამაშებზე პალესტინის დელეგაციის დაშვებაზე.
ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე „შავი სექტემბრის“ წევრებმა ყალბი დოკუმენტებით მიუნხენში თავმოყრა დაიწყეს.
5 სექტემბერს, გამთენიისას, პალესტინელმა ტერორისტებმა ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე შეაღწიეს და ისრაელის ნაკრების საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრნენ. თავდასხმისას ტერორისტებს წინააღმდეგობა ორმა ებრაელმა სპორტსმენმა გაუწია, მაგრამ ისინი ადგილზევე ჩაცხრილეს. ისრაელის დელეგაციის 9 წევრი პალესტინელთა ტყვეობაში აღმოჩნდა.
ტერორისტებმა მიუნხენის პოლიციას აცნობეს, რომ მძევალთა განთავისუფლების სანაცვლოდ ისინი თვითმფრინავს და ციხიდან 100-ზე მეტი მათი თანამოაზრის გაშვებას ითხოვენ. მიუნხენში სასწრაფოდ ჩაფრინდა გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი. სპეციალურ სხდომაზე, რომელსაც ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი და მიუნხენის პოლიციის შეფიც ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ გერმანია არ აყვებოდა ტერორისტთა შანტაჟს და მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა.
ებრაელი სპორტსმენების განთავისუფლების მიზნით, მოსადი მზად იყო, მიუნხენში სპეციალური ჯგუფი გაეგზავნა, მაგრამ გერმანიის ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა. ტერორისტებთან მოლაპარაკების მძიმე პროცესი დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ კანცლერის ვაჟმა – პეტერ ბრანდტმა, მძევლების სანაცვლოდ პალესტინელებს საკუთრი თავი შესთავაზა, მაგრამ ისინი მოთხოვნებს არ ცვლიდნენ.
ისრაელმა ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიური თამაშების შეჩერების თხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. უარი შემდეგნაირად ახსნეს: „ტელევიზიებს ოლიმპიური თამაშების სხვა პროგრამებით ჩანაცვლების საშუალება არ გააჩნიათ“.
ბოლოს ტერორისტებს ორი ვერტმფრენი გამოუყვეს, რომლის საშუალებითაც მძევლები და პალესტინელები სამხედრო აეროპორტში გადაფრინდნენ. მაგრამ მათ თვითმფრინავში ასვლა ვერ მოასწრეს. გერმანულმა პოლიციამ ტერორისტთა მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა ისრაელის სპორტული დელეგაციის ყველა წევრი და 5 ტერორისტი. გერმანელებმა სამი პალესტინელის დაკავება მოახერხეს.
ოპერაციის დასრულების შემდეგ ისრაელმა კვლავ მიმართა გერმანიის მთავრობას და დაკავებული ტერორისტების გადმოცემა ითხოვა, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო. ვილი ბრანდტმა განაცხადა, რომ მათ გერმანია გაასამართლებდა. პალესტინელები რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. საქმე ის არის, რომ ძიების პროცესში ორგანიზაცია „შავი სექტემბრის“ წევრებმა „ლუფტჰანზის“ სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელიც დამასკო-ფრანკფურტის რეისს ასრულებდა. თუ გერმანიის მთავრობა ტერორისტებს არ გაათვისუფლებდა, პალესტინელები თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრის დახოცვით იმუქრებოდნენ. გერმანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, მათი პირობები მიეღო. ტერაქტიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ სამ ტერორისტს სამშობლოში გმირების მსგავსი დახვედრა მოუწყვეს. საერთაშორისო საზოგადოებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ღრმა მწუხარება გამოთქვა და ტერორიზმთან გადამჭრელი ბრძოლის შესახებ ისრაელის მოწოდება უყურადღებოდ დატოვა.
ისრაელის საზოგადოება შურისძიებას ითხოვდა. შურისძიებაზე ლაპარაკობდნენ ქუჩაში, უნივერსიტეტებში, კაფეებში. ხალხი აღშფოთებული იყო და ისრაელის ღირსების აღსადგენად მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ელოდა. თუმცა ისრაელის ხელისუფლებას ამ საკითხში საზოგადოების მხრიდან იძულება არ სჭირდებოდა. მთავრობა საზოგადოების მსგავსად ფიქრობდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ქნესეთში გამოსვლისას გოლდა მეირმა განაცხადა, რომ ისრაელი მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს და ტერაქტის ორგანიზატორები სადაც არ უნდა იმალებოდნენ, ისინი მაინც ვერ გაექცევიან სამართლიან შურისძიებას.
პრემიერის დავალებით მოსადმა სპეციალური ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის წევრებსაც ორგანიზაცია „შავი სექტემბრისა“ და მათი მოკავშირეების ლიდერთა ფიზიკური განადგურება დაევალა.
მოსადმა მოქმედება დაიწყო: 1972 წლის 16 ოქტომბერს რომში საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ დახვრიტეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი აბდელ ვაილ ზუაიტერი; 8 დეკემბერს სახლის ტელეფონში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით პარიზში მოკლეს „შავი სექტემბრის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიუნხენის ტერაქტის კოორდინატორი მაჰმუდ ალ-ჰამშარი; 1973 წლის 24 იანვარს ნიქოზიაში სასტუმროს ნომერში ააფეთქეს ჰუსეინ აბდ ალ-შირი; იმავე წლის 6 აპრილს პარიზში, დღისით, ქუჩაში მოკლეს ბაზილ ალ კუბაიში და ა. შ. 20 წლის განმავლობაში მოსადმა მიუნხენის ტერაქტის ორგანიზატორი 13 პალესტინელი აქტივისტი გაანადგურა. საგულისხმოა, რომ ამ ოპერაციაში მონაწილე მოსადის თანამშრომლები დავალების შესრულების დროს საერთოდ მოწყდნენ სამშობლოს და ოჯახს, მაგრამ ისინი მაშინ მხოლოდ ისრაელის ღირსებასა და სამშობლოს პრესტიჟზე ფიქრობდნენ.
მიხეილ ბასილაძე