სოფლის განვითარების 3-წლიანი გეგმა და დაცლილი სოფლების კატასტროფული მაჩვენებელი

სოფლის მეურნეობა, მრეწველობასთან ერთად, ქვეყნის ხერხემალია. მისი მთავარი ამოცანაა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა და მრეწველობის ნედლეულით მომარაგება. მსოფლიო გამოცდილება მოწმობს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია, ეს, როგორც წესი, ხელისუფლების მოწადინებით და აქტიური მეცადინეობით ხორციელდებოდა. ასეა ახლაც.

განვითარებული სახელმწიფოების მესვეურთ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება, საექსპორტო ბაზარზე პოზიციების განმტკიცება, მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარება, წარმოუდგენილია ამ დარგისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობის მინიჭებისა და მასზე მუდმივი ზრუნვის გარეშე. საქართველო უძველესი აგროკულტურის, ვაზისა და ხორბლის ქვეყანაა, ამიტომ მიწა, სასოფლო-სამეურნეო წარმოება და სოფელი ქართველი კაცისთვის განსაკუთრებული ფასეულობებია. ეს ფასეულობები უდიდეს გავლენას ახდენს მისი ცხოვრების წესზე, მენტალიტეტზე, ქართველთა ეროვნული ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ათასწლეულების მანძილზე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოებას თვითკმარი ხასიათი ჰქონდა.

არსებული მდგომარეობა

ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 47% (ორ მილიონზე მეტი ადამიანი) სოფლად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 3/5-ზე მეტი. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ეს მონაცემები, პრაქტიკულად, უცვლელი რჩება, სამაგიეროდ, კატასტროფულად მცირდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობა და მისი წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში.
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სოფლის განვითარებისთვის 69 პროგრამის განხორციელებას ისახავს მიზნად.
სხდომა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე უძღვებოდა.
ნოდარ კერესელიძის განცხადებით, მიღებული სამწლიანი გეგმა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას ითვალისწინებს და მოიცავს კონკრეტულ ამოცანებს, რომელსაც ყველა ის უწყება განახორციელებს, ვინც სოფლის განვითარებაშია ჩართული:
„ეს არის ის დოკუმენტი, რომლითაც ამ სამი წლის განმავლობაში სტრატეგიით დასახული მიზნები და ამოცანები რეალურ ცხოვრებაში აღსრულდება და განხორციელდება. სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით 69 პროგრამას მოიცავს. აქცენტი ამ პროგრამებში არის, პირველ რიგში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ასევე აქცენტირებულია გარემოს დაცვითი ღონისძიებები, როგორიც არის, მაგალითად, ტყისა და დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვისა და შესაბამისი გეგმების განხორციელება, ასევე სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე საუბარია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობებისა და განათლების ზრდაზე, ასევე ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიმართულებებზე, ფერმერული მეურნეობების მოდერნიზაციაზე. ჯამურად, ამ პროგრამების სამივე წლის ბიუჯეტი არის, დაახლოებით, მილიარდ 700 მილიონი ლარი“, _ განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
დამტკიცებული გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების გუნდის უფროსმა, გიორგი ნანობაშვილმა:
„დამტკიცებულ სამწლიან გეგმაში გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად არის ჩართული ტექნიკური დახმარების განხორციელების კომპონენტში, რომელიც ხელს უწყობს მთავრობის უწყებებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა ჩართულ მხარეს, განახორციელონ ეფექტიანი კოორდინაცია, განავითარონ საკუთარი უნარები და დაიგეგმოს და განხორციელდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც სოფლად მოიტანს ხელშესახებ ეფექტს. სწორედ ამ აქტივობებზე, რომელიც 3 წელიწადში უნდა განხორციელდეს, არის ეს სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტულ ამოცანებზეა ორიენტირებული“.
სამწლიან სამოქმედო გეგმაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სოფლად მეწარმეობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით პროექტებს განახორციელებს. ამის შესახებ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კი აღნიშნა, რომ სამინისტრო სოფლის განვითარების კუთხით რეგიონებში სერვისის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. სხდომაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

დამტკიცებამდე კი რა ხდება სოფლად?

ქართული ცხვარი

ქართულ ცხვარზე მოთხოვნა არაბეთის ქვეყნებში, მათ შორის, ეგვიპტეში, ასევე ირანსა და ერაყში მაღალია. წელს ქვეყნიდან უკვე გაყვანილია 30 ათასი სული ცხვარი. ცხვარი გაჰყავთ გემებით _ ბათუმიდან და თვითმფრინავებით _ ჩარტერული რეისებით, თბილისის აეროპორტიდან. ფერმერები კი ამბობენ, რომ ბაზრის არსებობის მიუხედავად, მათი ცხვარი ძნელად იყიდება და გარკვეული მაქინაციებით შემოსავალს ერთეულები იღებენ.
ქვეყნისადმი ნდობამ მეცხოველეობის პროდუქტებისადმი ინტერესი არა მარტო არაბეთში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც გაზარდა, რაზეც მეტყველებს ქართული მატყლის (ასევე თაფლის) დაშვება ევროპულ ბაზარზე“.
მიუხედავად ამისა, ქართველი მეცხვარეების პრობლემები მოუგვარებელი რჩება.
ნიკო პაპა ლალისყურში რომ ჩამოვიდა საცხოვრებლად მთიდან, ძალიან პატარა იყო. ამბობს, რომ ის წლები არ ახსოვს, როცა მთაში გაიზარდა, თუმცა მთასთან ურთიერთობა არ დაუკარგავს. ნიკო პაპა ისე, როგორც მისი მამა ადამა, მისი პაპა გაბრო და პაპის პაპა ცხვარს ზრდის და უვლის.
ხუმრობით ყვება:
„მე ვიცოდი, რომ მეცხვარე ვიყავ და, თურმე, ფერმერ ვყოფილვარ და არა გამიგია რა. ვისაც ცხვარი ჰყავს, ჩვენსა ყველას ბანკის ვალი აქვს, ცხვარი კი არ იყიდება. რაც ახმეტაში ცხვარია, დიდიან-პატარიანად რომ წაიღოს ბანკმა, მაინც ვალებს არ ეყოფა. აქამომდე არაბი მოსულ არ მინახავს, რომ ცვხარ მივყიდო. ამბობენ, 700 დოლარ იძლევაო და დოლარ კი არა, ლარად ვერ გამიყიდნია, ფული არაა ხალხში, ფული.
ცხორ ბევრი მყავს, მუხლი აღარ მამდევს, რომ გავყვე. ადრე სულ მე დავყვებოდი, ახლა ჩემი შვილები დასდევენ, მარა ცხორს თავისი მწყემსი უნდა. მგონი, 15 მწყემსი გვყავს და თვიურად ხელფასსაც ვაძლევთ, მარა თუ ფულს არ მივცემ, რას იზამს? წავა და ცხორს გამიფუჭებს (ანუ გამიყიდის ან მოიპარავს). მეცხვარე აგეთ დღეში არ ყოფილა.
კაი იყო ადრე, რაც გქონდა, გყოფნიდა, ახლა დროც მიდის და ცხოვრებაც იცვლება. მოთხოვნები აქვთ ახალგაზრდებს, ცხვარსაც კი გაეზარდა მოთხოვნა, მარა რად გინდა? _ ბერწი ქალივით სახლში გყამს და მაინც არ გეყიდება“.
ქართველი მეცხვარეების ძირითადი მოთხოვნა გადასარეკი ტრასების კეთილმოწყობაა: „ამ ტრასებზე, დაახლოებით, 108 მონაკვეთი არსებობს, სადაც გადაფარვაა, ანუ ის მიწები, რომლებიც ისტორიულად გამოიყენებოდა, როგორც გადასარეკი ტრასა, ასევე საძოვრები, წინა წლებში სახელმწიფომ გაასხვისა _ ან იჯარით გასცა, ან გაყიდა“. მთავარ და მცირე კავკასიონზე არაერთი გადასარეკი ტრასა არსებობს, თუმცა ძირითადი პრობლემებიც ამ მიმართულებაზეა: დედოფლისწყარო-თეთრი წყარო-დმანისი-წალკა; აქედან კი სხვადასხვა მიმართულებაა-ნინოწმინდა, ახალციხე, ბაკურიანის ჩათვლით.
ასევე არიან მოიჯარეები, რომლებიც გაცილებით მეტ ფართობს განკარგავენ, ვიდრე ეკუთვნით. მეცხვარეები სახელმწიფოსგან ამ პრობლემაზე რეაგირებას ითხოვენ: „150 ჰა თუ აქვს, მაგალითად, იჯარით, 500 ჰას ეპატრონება. ხომ შეიძლება, ის 350 ჰა ჩვენ მოგვცეს სახელმწიფომ იჯარით? როცა საკითხი დავსვით, გვითხრეს, რომ ეს სახელმწიფოს მიწაა, გადაეცემა თვითმმართველობას და ისინი გასცემენ შემდეგ იჯარით. ჯერ არაფერი ამგვარი არ ხდება“, _ ასე ჩივიან მეცხვარეები.

ხორბალი

შალვა წიკლაურის პაპა XX საუკუნის 20-იანი წლებში ფშავიდან არხილოსკალოში ჩასახლდა. თუ მისი წინაპრები, ძირითადად, მთის მეურნეობას მისდევდნენ, შთამომავლებმა ბარში მეურნეობის დარგები შეცვალეს და დღეს ჰექტრობით მოჰყავს მარცვლეული, ხორბალი ქერი და მზესუმზირა. ამობობს, რომ მოსავალს არ უჩივის, მაგრამ მოსავლის ფასი კი დაბალია, რადგან ხარისხს უწუნებენ და პურის გამოსაცხობად ხორბალი არ ვარგა, ამიტომ მარცვლეულს მხოლოდ საქონლის საკვებად ყიდის. თუმცა ყველაზე მეტად გაყიდვის პროცესი უჭირს.
საქართველოში მოყვანილი ხორბლის მხოლოდ 12% გამოიყენება ფქვილის საწარმოებლად, დანარჩენი საჭმელად გამოუსადეგარია. ფაქტობრივად, ქვეყანას არ შესწევს ძალა, კრიზისის შემთხვევაში (რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მსოფლიოში ხორბლის მოსავლის შემცირებას, ან თუნდაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას), მოკლე პერიოდში მაინც პურის ფასი ადგილობრივი ხორბლით დაარეგულიროს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობის ხორბლის მოსავალი მივიღეთ, დაახლოებით, 170 ათასი ტონა. ამ რაოდენობის მოსავალს პურის ფასის შენარჩუნებაზე მაინც უნდა მოეხდინა გავლენა. არადა, პირიქით _ მოულოდნელად პურის მწარმოებლებმა გაძვირებაზე დაიწყეს საუბარი და აღნიშნეს, რომ ეს პროცესი ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. მათი მტკიცებით, ადგილობრივი ხორბლის დიდი ნაწილი საფურაჟეა და ფქვილის საწარმოებლად არ გამოიყენება.
ამ შემთხვევაში პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობის ე. წ. ელიტური თესლი არ არის, შესაბამისად, ფერმერებს დიდი არჩევანის შესაძლებლობა მაინც არ გააჩნიათ. პრობლემაა არაინფორმირებულობაც.
მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების ორი მთავარი მაჩვენებელია და ორივე დაკავშირებულია მარცვალთან. ერთია ქვეყანაში მოწეული მარცვლის საერთო რაოდენობა, მეორე _ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მარცვლეული.
დღესდღეობით სახელმწიფოების მთავარი ამოცანაა, რომ ხორბლის 55-დღიანი მარაგი ჰქონდეთ. თუ მარაგი ამ მაჩვენებელს ჩამოსცდება, ავტომატურად იწყება კრიზისი და ფასების ზრდა.
ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 800 ათასი ტონა ხორბალსა და ხორბლის ფქვილს მოიხმარენ. იმისთვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მოხმარების 35% უზრუნველყოს, მინიმუმ, 280 ათასი ტონა სასურსათო ხორბლის მოსავალი უნდა მოვიდეს. დღეის მდგომარეობით კი მოწეული 170 ათასი ტონა ხორბლიდან, დაახლოებით, 20 ათასი ტონაა სასურსათო ხორბალი. ე. ი. ადგილობრივი ხარისხიანი მოსავალი საერთო მოთხოვნილების მხოლოდ 2,5%-ს აკმაყოფილებს.

ქართული თხილი

თხილის ფასი ბოლო წლების განმავლობაში გურიაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ჩოხატაურში 1 კილოგრამი თხილის ფასი 1.50 ლარამდეა შემცირებული, შარშან ამ დროს კი თხილი, საშუალოდ, 4 ლარი ღირდა. ფასის ცვლილება გვალვამ და,
შედეგად, უხარისხო მოსავალმა გამოიწვია. გარდა ამისა, ადგილობრივი თხილის მწარმოებლები კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ: ბიზნესმენებს, უხარისხო მოსავლის გამო,
თხილის ექსპორტი გაუჭირდებათ.
გურიაში თხილს ფასის საკითხი კვლავ პრობლემურია, ფასი ყოველდღე ეცემა, რასაც გლეხებში პანიკა მოჰყვა. მწარმოებლები თხილზე ფასის ვარდნის მიზეზებს ვერ ხსნიან, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს უხარისხო თხილს უკავშირდებოდეს.
„ყველა ელოდა, რომ ფასი გაიზრდებოდა, 3 ლარი იყო და ახლა 1.50 გახდა. ცოდოა ხალხი, 1.50 ლარად თხილი როგორ უნდა ჩააბარო. ბიზნესი ვისაც გვაქვს, ვალები გვედება. ყველა ბანკის სესხით ვმუშაობთ,
ფასი კი ყოველდღე ეცემა. თხილის უხარისხობაზეც საუბრობენ. არ ვიცით, ვერაფერს გეტყვით“.
„3 წელიწადზე მეტია, რაც თხილის ფასი ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა. შარშან ამ დროს 1 კგ თხილი 3.50 ლარიც კი ღირდა, წელს კი 1 კგ გულშიშველა 1.50 ლარი ღირს. ბერძნულას ფასი ამ წუთებში 2 ლარი და 40 თეთრია. ისევ მივდივართ იმ პრობლემასთან, რაზედაც მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ქართული თხილის პრობლემა არის ფასი. ყოველ წელს რატომ ვდგავართ ერთი და იგივე პრობლემის
წინაშე?!“
მეწარმეები თხილის ნაყოფის უხარისხობას გავრცელებულ დაავადებებსა და აგროპრეპარატებსაც უკავშირებენ.
„თხილი დაავადებულია, განსაკუთრებით გურიაში _ ნაცარი, სოკო, ამასთან, შხამქიმიკატები, რითაც წამლავენ, ალბათ, უვარგისია და შეიძლება, მავნებელიც კი არის მცენარისთვის. ათასი პრეპარატი შემოაქვთ და რომელია ადაპტირებული და კარგი ჩვენს შემთხვევაში, არავინ იცის“.

მებაღეობა

კახელი მებაღეები, რომლებიც ხილს სოფელ ჩუმლაყში არსებული ატმის საბითუმო ბაზარზე ყიდიან, სეზონის ჩავარდნაზე საუბრობენ.
ისინი მოსავლის დიდ რაოდენობასა და მყიდველის სიმცირეზე ჩივიან. ამბობენ, რომ მთელი სეზონის მანძილზე დაკრეფილი ხილი ულპებათ. ფერმებისვე განცხადებით, მოვაჭრეები მათგან მხოლოდ ნარჩევ პროდუქციას ყიდულობენ:
„რაც შხამქიმიკატებში დავხარჯეთ, იმასაც ვერ ვანაზღაურებთ, საკონსერვო ქარხანაც არ არის, რომ ხილი ჩავაბაროთ. იძულებულები ვართ, ხევში გადავყაროთ. გარეთ ვართ მთელი დღე და მყიდველიც არ მოდის“, _ განაცხადა ქუჩო ჭიღლაშვილმა.
კილოგრამი ატმის ფასი 20-დან 35 თეთრამდე მერყეობს. მათივე მტკიცებით, სოფელში ახლად გახსნილ საწარმოში ხილს გადარჩევის გარეშე არ იბარებენ.
„ატმის ერთი ყუთი 5 ლარად გავყიდე, ან რა აზრი აქვს მის გაყიდვას? ვაშლატამა კი არ იყიდებოდა, _ ლპებოდა. ხილის გადამამუშავებელ პუნქტში პროდუქციას ახარისხებენ და ნახევარზე მეტს უკან გვატანენ“, _ ამბობს გიული მანიაშვილი.
მოსახლეობის ბრალდებებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარე ხილის ჩამბარებელ პუნქტში უარყოფენ. „ქართული ხილის კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ყველა ხარისხის ხილს შესაბამის ფასად უპრობლემოდ იბარებდნენ.
ფერმერები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოყვანილი ხილის რეალიზებაში დაეხმარებას სთხოვენ:
„ადრე აზერბაიჯანიდან მოდიოდნენ მყიდველები და ატამი საზღვარზე გაჰქონდათ, ბევრნიც იყვნენ. ახლა ვერ გააქვთ საზღვარზე, სწორედ ამიტომ არის, რომ აუარებელი ხილია გასაყიდი და ლპება“.
ასევე, ქართლში ადგილობრივ ფერმერებს ვაშლის მოსავალი სარდაფებში აქვთ შენახული, ძლიერი ყინვის გამო მათ ყუთების შეფუთვა დაიწყეს. ხილის მოყინვის შემთხვევაში მოწეული მოსავალი გადასაყრელი ხდება. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვაშლი ისედაც ფუჭდება, გლეხები კი ვერც ადგილობრივ და ვერც რუსეთის ბაზარზე ხილის რეალიზაციას ვერ ახდენენ. რუსეთის ბაზარზე ქართული ვაშლის გატანას მხოლოდ მსხვილი ფერმერები ახერხებენ, მცირე მეწარმეები კი შიდა ბაზარზე ფასის მატებას ელოდებიან.
ქართლელ გლეხებს ხშირად იმაზეც მოსდით გული, რომ კახეთში ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო ახდენს, ვაშლს კი უყურადღებოდ ტოვებს.

ფაროსანა!!!

ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, იგი აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი შემოსევის დროს ზარალმა, შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
საქართველოში სოფელი ყოველთვის იყო თვითკმარი, რაც იმის ნიშნავდა, რომ სოფელს საკუთარი თავის რჩენა მუდამ შეეძლო, მაშინაც კი, როცა სახელმწიფო ჩამოშლილი იყო და მძიმე 90-იან წლებს ებრძოდა. ახლა სოფელი თვითკმარი აღარ არის, რაც საქართველოს ემუქრება, რომ აგრარული ქვენის არსებობა ისტორიას რჩება.
ამ ყველაფრის ფონზე არც ის 1 მილიარდი ჩანს, რომელსაც ბატონი ბიძინა 2012 წელს გლეხებს დაჰპირდა. გამოსავლის ნაცვლად გლეხის ყოფა-ცხოვრება ყოველ წელს უარესდება.

P. შ. საქართველოს ხელისუფლებამ სოფლების სოციალური სივრცის მართვა რეალურად თვით ამ სოფლების მოსახლეობას გადააბარა ისე, რომ ამისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური პირობები არ შექმნა.
თუ სოფლის მეურნეობის სფეროში ვერ აღდგება კვლევითი სტრუქტურები, ვერ შეიქმნება საინფორმაციო უზრუნველყოფისა და კონსულტაციური მომსახურების დაფინანსების სისტემა, ვერ შემუშავდება კერძო სექტორში სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის სფეროს კვლევის სტიმულირების ღონისძიებათა გეგმა, გლეხის საშველი არ იქნება. სწორედ ეს მძიმე მდგომარეობა განაპირობებს სოფლების დაცლას! არადა,
სოფლისა და აგრომრეწველობის გადარჩენა-განვითარებას საგანგებო როლი აქვს ქვეყნის განვითარებისა და თავისთავადობის შენარჩუნების საქმეში.

მაკა მოსიაშვილი