მალხაზ პატარაია: როცა სასამართლოში ვასაბუთებდი, რომ კადიევს რუსეთში საფრთხე ემუქრება, ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი იცინოდა…
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი, მიკაილ კადიევი, ქართველი ხალხისგან თანადგომას ითხოვს. როგორც ის აცხადებს, მისი ექსტრადირების შემთხვევაში, რუსეთის ციხეში სიკვდილი ემუქრება. კადიევი ამბობს, რომ მას ყველა მტკიცებულება აქვს, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს, თუმცა ქართულმა სასამართლომ ის არ გაითვალისწინა.
მალხაზ პატარაია, რომელიც კადიევის ადვოკატია, ამას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ მაამებლურ პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, _ თუ საზოგადოებამ თავისი აქტიურობით არ აიძულა ხელისუფლება, რომ უკან დაიხიოს, კიდევ ერთხელ შევრცხვებით ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მალხაზ პატარაია:
_ მიკაილ კადიევი გახლავთ დაღესტნელი აქტივისტი და უფლებადამცველი, რომელიც რუსეთში თავისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობისთვის იდევნებოდა. ამიტომ ის იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა. საქართველოში შემოსვლამდე კადიევი რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა. წინა ხელისუფლების დროს აქ ის ძალიან უსაფრთხოდ და მშვიდად იყო, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როგორც ჩანს, რუსეთის დაკვეთითა და მოთხოვნით, უკვე მისი დევნა დაიწყო.
_ წინა ხელისუფლების პირობებში არ უცდია თავშესაფრის მოთხოვნა?
_ როგორც კადიევისგან ვიცი, მას არც უცდია ამის გაკეთება, იმდენად უსაფრთხოდ გრძნობდა აქ თავს. ლეგალურად და ღიად ცხოვრობდა, პირიქით, მას სხვა ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანში ეუბნებოდნენ, ჩვენ ვერ დაგიცავთ და, ამ მხრივ, ყველაზე უსაფრთხო ადგილი საქართველოაო. ამას ეუბნებოდნენ ოფიციალური პირები.
_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საფრთხე როგორ გამოვლინდა?
_ როგორც ახლა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მუხთარლი გაიტაცეს, ანალოგიურად გაიტაცეს კადიევიც, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადასაცემად. მიკაელმა, უბრალოდ, მოახერხა, რომ გზიდან გაიქცა და ახლობლებს შეაფარა თავი. შემდეგ ამ ბინაში მიაკითხეს, სპეცოპერაცია ჩაატარეს, იარაღი ჩაუდეს, დააპატიმრეს და პირდაპირ უთხრეს, _ ოღონდ თქვი, რომ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა ტერორისტული აქტების ჩასატარებლად შემოგიყვანა და ნებისმიერ ქვეყანაში გაგიშვებთ, თუ არა, აქ ჩაგსვამთ ციხეშიო. ტერორიზმის ბრალდება ვერ გამოუვიდათ იმიტომ, რომ არაფერი იყო და ჩადება კი იცით, ჩვეულებრივი ამბავია სპეცსამსახურებისთვის. 2 წელი ჰყავდათ ციხეში, სხვათა შორის, ის რუსეთიდან ლეგალურად შემოვიდა, თუმცა მანამდე თვითონ იყო ორჯერ წამების მსხვერპლი: ერთხელ ადგილობრივი ე. წ. ომონისგან, რომელსაც სიკვდილის ბრიგადებს უწოდებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში და ეს ყველაზე სასტიკი შეიარაღებული რაზმებია, რომლებიც საშინელ დავალებებს ასრულებენ, მეორედ კი რუსმა ჯარისკაცებმა აწამეს. პირველ შემთხვევაში ის თვითონ გახდა სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელ მარატ იმამოვის მიერ ქუჩაში დღისით-მზისით ადამიანის დახვრეტის ფაქტის მოწმე, მანქანაში ერთად ისხდნენ. კადიევის მიმართ რეპრესიები, ამ ფაქტთან დაკავშირებით, სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელობისგან და, ზოგადად, სამართალდამცველი სისტემისგან დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ მან განცხადება შეიტანა და მისი მოწმედ დაკითხვა მოითხოვა. გარდა ამისა, მისი ახლობლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომებით, სახლი დაუცხრილეს და სხვა ძალიან ცუდი ამბებიც მოხდა, _ იძულებული გახადეს, რომ ეს განცხადება გამოეტანა არა მარტო მას, არამედ ყველა მოწმეს და მარატ იმამოვი, რომელიც ოთხ პოლიციელთან ერთად დაპატიმრებული იყო, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მეორე შემთხვევა იყო რუსი ჯარისკაცების მიერ მისი მოტაცებისა და წამების ფაქტი იმისთვის, რომ მას ცრუ ჩვენება მიეცა თავის ბიძაშვილებზე, თითქოს ისინი „ბოევიკები“ იყვნენ, რაზედაც კადიევმა უარი თქვა. ამიტომ ის იძულებული გახდა და ახლობლებმა ურჩიეს კიდეც, რომ რუსეთის ტერიტორია დაეტოვებინა. ამის შემდეგ ის უკვე ლეგალურად საზღვარს გადასული იგებს, რომ მის წინააღმდეგ, თურმე, მოსკოვში სისხლის სამართლის საქმე ყოფილა აღძრული ჰასავიურტის ადმინისტრაციის მიერ. ედავებოდნენ ჰასავიურტის რაიონულ ადმინისტრაციაში მომხდარ მკვლელობას, რომელზედაც აღკვეთის ღონისძიებაც იყო შეფარდებული, მაგრამ იმ პერიოდში ძებნა არ იყო გამოცხადებული და ამიტომ ლეგალურად გადაკვეთა საზღვარი. მერე უკვე საქმის მასალებით გავიგეთ, რომ თურმე ძებნაც ყოფილა გამოცხადებული. თუმცა როცა ძებნაა გამოცხადებული, საზღვარს ასე ადვილად ვერ გადაკვეთ და რომ გადაკვეთა, ეს მის პასპორტშია დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ორი ეპიზოდი არ ყოფილა. კადიევის საქმიანობა უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლებისა და ძალოვნების თვითნებობის მხილებას, შესაბამისი მასალების უფლებადამცველებისთვისა და პრესისთვის გადაცემას, აქციების ორგანიზებას, უშუალოდ ტერორისტული რეჟიმის მსხვერპლებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვას და ა. შ. ყველაფერ იმას, რასაც, ჩვეულებრივ, უფლებადამცველი აკეთებს. აგრეთვე, ძალიან სერიოზული მასალა გავიდა ადგილობრივ გაზეთში, რომელიც შემდეგ თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი, ადგილობრივი ჩინოვნიკების კორუფციაში მხილების შესახებ და ეს მასალებიც მისი მიწოდებული იყო. ერთი სიტყვით, იმ ხუთკაციანი ჯგუფიდან, ვისთანაც ერთად კადიევი უფლებადაცვით საქმიანობას ეწეოდა, დღეის მდგომარეობით, ოთხი ადამიანი დღისით, მზისით ქუჩაშია დახვრეტილი.
_ დავუბრუნდეთ საქართველოში ცხოვრების პერიოდს…
_ ციხეში ყოფნის დროს მან განცხადება შეიტანა თავშესაფრის მოთხოვნით, ვინაიდან ექსტრადიციის შესახებ ცნობილი გახდა და ამ პერიოდიდან დღემდე, უკვე ოთხი წელია, ეს ბრძოლა მიდის. ჯერ ადმინისტრაციული წარმოება იყო, მერე სასამართლო პროცესები და ახლა მეორე წრეზე ვართ. პირველად სოზარ სუბარმა უარი თქვა. მაშინაც და ახლაც მოტივი ერთი და იგივეა. პირველი ინსტანციის სასამართლო წავაგეთ, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და არსებითი მითითებები მისცა დევნილთა სამინისტროს, _ რა და როგორ უნდა გამოეკვლია. კადიევი სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა. სამინისტრომ თავის დროზე არ ჩაუტარა და არც შემდეგ. ის ამბობდა, რომ წამების მსხვერპლია და ამის კვალი სხეულზე აქვს. გარდა ამისა, მათ არ განიხილეს არც ერთი წერილობითი მტკიცებულება. სამინისტრო ამბობდა, _ ჩვენ მხოლოდ გასაუბრებით ვაძლევთ თავშესაფარსო. ეს წერილობითი მტკიცებულებები კი მრავალრიცხოვანი იყო. ეს არის თვითმხილველების, მოწმეების ახსნა-განმარტებები, დაღესტნის არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი მიმართვები, მისი დახასიათებები. ის იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ასევე პოლიტიკური პარტიის. არაფერი მათ არ განიხილეს არც მაშინ და არც შემდეგ. ის კი არა, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში პროცესზეც კი დავკითხეთ. მან ილაპარაკა, თუ რა საქმიანობას ეწეოდა მიკაილ კადიევი და უშუალოდ მას რა დახმარება გაუწია, რადგან მისი ოჯახიც რეპრესიების მსხვერპლი იყო. სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გარდა ამისა, სასამართლომ თქვა, რომ ექსტრადიციის საქმის მასალები, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, უკანონო მტკიცებულებებია, რამდენადაც კანონი ყველა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას ითვალისწინებს თავშესაფრის მიცემის პროცესში, მაგრამ პროკურატურიდან რომ რაღაც გამოითხოვო, ასეთ უფლებამოსილებას ლტოლვილთა შესახებ კანონი არ ითვალისწინებს, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ უკანონო მტკიცებულებად ცნო მთელი ეს საქმე. განა ჩვენ გავურბოდით ამ საქმეზე მსჯელობას, მაგრამ ეს სულ სხვა პროცედურის სამსჯელო იყო, კერძოდ, ექსტრადიციის. და თუ ლტოლვილთა სამინისტროს რამე ინფორმაციის შეგროვება უნდოდა კადიევზე, პირდაპირ კანონში წერია, რომ მას უნდა მიემართა სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის, კერძოდ, შს სამინისტროსთვის, უშიშროების სამსახურისთვის და აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს ძალიან მკაფიოდ წერია კანონში, ასეთი რამ სამინისტროს არც პირველ შემთხვევაში გაუკეთებია და არც მეორეში. მეორე შემთხვევაში კი ზუსტად ის გააკეთა, რაც პირველ შემთხვევაში. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ, ფაქტობრივად, ლტოლვილთა სამინისტრომ სასამართლოს სავალდებულო მითითებები არ შეასრულა. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებლად აღსრულების კონსტიტუციური მოთხოვნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება აუცილებელია ყველა ორგანოსთვის, დაწესებულებისთვის თუ პირისთვის. აშკარა იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე მეორე ჯერზე კადიევის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ეს საქმე ხელახლა დაუბრუნა ლტოლვილთა სამინისტროს განხილვისთვის ისევ იმ მითითებებით, რომ შენ არ შეასრულე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არსებითი ხასიათის მითითებები და გარდა ამისა, ყურადღება მიაქციე ცალკე რელიგიური დევნის ფაქტებს, ცალკე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ფაქტებს და ამის გამო დევნასო. ეს ყველაფერი პირველი ინსტანციის სასამართლომ გაწერა და სააპელაციო სასამართლოში გაგვისაჩივრეს. ამჯერად უკვე კანონში ცვლილება შევიდა და მხოლოდ ორი ინსტანციით იხილავენ თავშესაფრის მინიჭების საკითხს. ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ მათი სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და, ფაქტობრივად, კადიევს უარი უთხრა თავშესაფრის მიცემაზე.
_ რას აპირებთ? რა მექანიზმი არსებობს, რომ კადიევი რუსეთს არ გადაეცეს?
_ ჩემი აზრით, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა პოზიცია ჰქონდა სამინისტროს, რადგან, სავარაუდოდ, სასამართლომ მათი პოზიცია გაიზიარა, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. სამინისტროს პოზიცია პროცესზე ასეთი იყო, რომ კადიევი უფლებადამცველი არ არის, მისთვის აუცილებელი არ იყო სასამართლოს სავალდებულო მითითებების შესრულება, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა, რომ რუსეთში არაჩვეულებრივი პროკურატურა და პენიტენციური სისტემაა, რომ რუსეთში უფლებადამცველები არ იდევნებიან, ასევე რელიგიური ნიშნით არც რუსეთსა და არც ჩრდილოეთ კავკასიაში არ იდევნებიან და საერთოდ, რუსეთის ჯარისკაცი მსოფლიოში საუკეთესო ჯარისკაცია და არასოდეს აშავებს არც გარეთ და არც ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩემს საპაექრო სიტყვაში გახმაურებული შემთხვევები ჩამოვთვალე: პოლიტკოვსკაიას, ასტემიროვას, ჩემი კოლეგა, ადვოკატ მაგნიტსკის საქმე, რომელიც რუსეთის ციხეში მოკლეს და ამაზე დასავლეთს საგანგებო სანქციები აქვს დაწესებული, პოლიტიკოსების მკვლელობაზე ვისაუბრე. ამაზე სამინისტროს წარმომადგენელი იცინოდა! ჩემ წინ ოკუპირებული ტერიტორების მქონე ქვეყნის სამინისტროს წარმომადგენელი კი არ იჯდა, არამედ, ფაქტობრივად, იჯდა რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი! ისიც კი თქვა, _ აგერ გვაქვს რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის დიპლომატიური გარანტია, რომ მას არაფერი ემუქრება და მისი საქმე კანონიერად წარიმართებაო. არადა, ჩვენ მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებები, რომ რაზედაც კადიევს ედავებიან, იმ დღეს ის თავის სახლში იმყოფებოდა და არა მოსკოვში და საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. ეს მასალებიც იდო საქმეში, თუმცა ჩვენ მთლიანად უარვყოფდით ამ საქმეებს, რადგან წინა სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომ ეს მასალები საქმეში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ მასალებშიც კი ძალიან ნიშანდობლივი საბუთია, რომ, მაგალითად, აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად რომ შეუფარდეს რუსეთში, ოქმში ასეთი რამ წერია: „პროკურორმა მოითხოვა მისი დაპატიმრება და ადვოკატი ამას დაეთანხმა“. წარმოიდგინეთ, ადვოკატი ეთანხმება თავისი კლიენტის დაპატიმრებას! გაოცდებით, ეს დოკუმენტი საქმეში დევს. როდესაც სამინისტროს წარმომადგენელი, მისი ჭკუით, მოსამართლეს ჰიპნოზს უკეთებდა (ან რაში სჭირდებოდა ჰიპნოზი, მოსამართლე ისედაც დაჰიპნოზებული იყო ხელისუფლების გავლენებით), ასეთი რამეც თქვა, _ მკვლელობის მუხლებიც კი უფრო ლმობიერია რუსეთში, ვიდრე საქართველოშიო. რომელი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებია ლმობიერი, რომელიც მკვლელობას ეხება?! ვუთხარი, _ რუსეთში უმაღლეს ზომასაც კი ითვალისწინებს რუსული კანონმდებლობა, სიკვდილით დასჯასაც კი-მეთქი! ამ დროს მოსამართლე შოთა გეწაძემ, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა, ევროპის სასამართლოს მოსამართლე ყოფილიყო და იქ დაიწუნეს, ასეთი რამე მითხრა, _ როგორ, თქვენ არ იცით, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველგან სიკვდილით დასჯა გაუქმებულიაო?! ვუპასუხე, რომ მხოლოდ მორატორიუმია გამოცხადებული და არ არის გაუქმებული სიკვდილით დასჯა-მეთქი. ერთი სიტყვით, ეს მოსამართლეს არ სცოდნია!
_ ზემოთ ნაწილობრივ ახსენით მიზეზი, მაგრამ კიდევ გკითხავთ: ამ ყველაფერს რას უკავშირებთ?
_ არა მხოლოდ კადიევის საქმეში, ზოგადად, ჩვენ გვყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას ნაბიჯ-ნაბიჯ უთხრის ძირს. ეს არის ძალიან თავხედური და სერიოზული სვლა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ქვეყნის ღირსების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც აგრესიისთვის, ოკუპაციისთვის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებისთვის მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს, როდესაც ყველა ერთხმად მიუთითებს რუსეთის სახელმწიფოს ავტორიტარულ, ტოტალიტარულ და ტერორისტულ ბუნებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებთ, _ უფლებადამცველს რუსეთს გადავცემთ ჩვენი თავის მოსაჭრელად და მთელი ცივილიზებული მსოფლოს წინაშე?! თან იმას ვიშველიებთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის დიპლომატიურ გარანტიას იზიარებს ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლება?! ერთი ცნობილი გამონათქვამია, ბისმარკის: რუსეთთან ხელმოწერილი არცერთი დოკუმენტი იმაზე მეტი არ ღირს, ვიდრე ის ქაღალდი, რომელზედაც ეს ხელმოწერაა შესრულებულიო – რა თქმა უნდა, ეს ასეა! კადიევს წამება და სიკვდილი ელის, ისევე როგორც სხვა ბევრ უფლებადამცველს, საზოგადო მოღვაწესა თუ პოლიტკოსს, რუსეთსა და განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიაში იმიტომ, რომ იქ წინააღმდეგობის მოძრაობა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმს ებრძვის. იქ ძალიან ადვილია, ყველას მიაკერო ე. წ. ბოევიკობა, ან რადიკალური ისლამის მიმდევრობა. აქ ეს ვერ გაბედეს, იმდენად აშკარა იყო დოკუმენტაცია. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს კადიევს ვერ მიაკერა. რუსეთის ხელისუფლებისთვის ძალიან ადვილია, ისლამური სახელმწიფოს აგენტურად ჩათვალოს ყველა წვერიანი, ვინც მეჩეთში დადის, ყველა მიიჩნიოს ტერორისტად, „ბოევიკად“, ამიტომ გაუსწორდეს და თავი იმართლოს, რომ ესენი რადიკალური დაჯგუფების წევრები არიან. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს მშვიდობიან უფლებადამცველთან, რომელიც ცივილიზებული მეთოდებით ებრძოდა დაღესტანში რუსულ რეჟიმს. გარდა ამისა, მეორე საკითხია, რომ კავკასიის ხალხებისთვის საქართველო თავისი მომავლის ნიშანსვეტია იმიტომ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, საქართველო არის ქვეყანა, საქართველო მიდის დასავლეთისკენ და ის ამ ბრძოლაში ერთგვარი იმედია, ეს ხალხები თავიანთი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, რუსეთი ისეთივე ოკუპანტი და აგრესორია ამ ქვეყანაში, როგორც ჩვენთან იყო და ახლა არის მისი ტერიტორიის ნაწილზე. ეს ხომ საშვილიშვილო შერცხვენა და თავს ლაფის დასხმაა ჩვენს საზოგადოებასა და ერზე, მით უფრო, ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ხალხები, რომლის წარმომადგენლებიც არ ყოფილან აფხაზეთსა და ცხინვალში. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ისინი ამ ხალხებს არ წარმოადგენენ, ისინიც რუსული აგენტურაა, მაგრამ დაღესტნიდან არც ერთი კაცი არ ყოფილა, არც ერთი კაცი არ ყოფილა ინგუშეთიდან! რას ვაკეთებთ ასეთ ვითარებაში?! ეს ხომ რეზონანსული საქმეა ამ რეგიონისთვისაც?! თავს ვიჭრით?! როგორ წარვდგებით ამ ხალხების წინაშე, რომელთანაც ისტორიული კავშირი გვაქვს და ეს ხალხი ჩვენკენ იყურება?! რა სიგნალს ვაძლევთ, რომ რუსებს, ჩვენსა და მათ მტრებს, დავემონეთ?! რას ვეუბნებით ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რომ ჩვენს მტერს გადავეცით მათ წინააღმდეგ მებრძოლი უფლებადამცველი?! 15 წლის წინათ, ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში, იდენტური, ცნობილი პროცესი იყო ჩეჩნების. იგი ახლა უკვე სახელმძღვანელოებშია შესული. ჩემს კოლეგებთან ერთად ვიცავდი მათ ექსტრადიციისგან. მათ დევნილის სტატუსი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაუუქმეს. მაშინ სასამართლო დარბაზში თავმოყრილი იყო მთელი ქართული საზოგადოება, გარეთ ურთიერთდაპირისპირებული, მაგრამ შიგნით ერთსულოვანი და ამ ქართულმა ერსულოვნებამ და ღირსებამ მოიტანა ის ყველაფერი. დღესაც ამაყი ვარ ამით, მაშინ იქ მხოლოდ ჩემს პროფესიულ მოვალეობას არ ვასრულებდი, ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავდი. მაშინ შევარდნაძემ ვერ გაბედა ქართული საზოგადოების ამ განწყობის აბუჩად აგდება, ეს პროცესი მოვიგეთ და დღესაც მეამაყება, ჩემი შვილი რომ სწავლობს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ამას იქ ასწავლიან. ახლა რა დღეში ჩაგვაყენა ჩვენმა ხელისუფლებამ?! _ დამცირებული, თავს ლაფდასხმული, გაპამპულავებული ერისა და ხალხის მდგომარეობაში.
_ რა გამოსავალი არსებობს? არის თუ არა შესაძლებელი, რომ კადიევი რუსეთს არ გადავცეთ?
_ ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების იმედი არ მაქვს. არ მოველოდი, რომ ქართულ საზოგადოებას ამდენს გაუბედავდნენ, რადგან ამ განწყობების თვალსაზრისით ის არ შეცვლილა. გამოსავალს მხოლოდ ქართული საზოგადოების აქტიურობაში ვხედავ. ასეთი შეურაცხყოფა მან საკუთარ ხელისუფლებას არ უნდა აპატიოს და ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ საკუთარი ღირსება და ჩვენი კავკასიელი სტუმარი. პროცედურა ასეთია: უნდა დაიწყოს საექსტრადიციო საქმე, მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და იქიდან გამომდინარე დანარჩენ ნაბიჯებზე ვიფიქრებთ. გარკვეული მონახაზიც გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: ამ საკითხისადმი საზოგადოებრივი ყურადღებისა და კონტროლის გარეშე არაფერი გამოვა. ისე წაგვართმევენ კადიევს, როგორც ამას წინათ მუხთარლი წაგვართვეს და გამორიცხული არ არის, იმავე მეთოდებით. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს თქვენი კოლეგებისადმი, რომ ეს თემა მუდმივად იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, პარლამენტშიც გაახმოვანეს დეპუტატებმა, უკვე პოლიტიკური პარტიების გარკვეული წარმომადგენლები გამოთქვამენ აღშფოთებას ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაძლიერდება და ამჯერად მათ უკან დახევა მოუწევთ. აქ აუცილებელია ჩვენი საზოგადოების ყურადღების სერიოზული მობილიზაცია. ევროპის სასამართლოშიც წავალთ, გაეროშიც წავალთ, სადაც კი შესაძლებელია, ყველგან მივალთ და ყველგან დავსვამთ ამ საკითხს, ყველა კარზე დავაკაკუნებთ იმისთვის, რომ ასეთი სირცხვილი ჩამოვირეცხოთ. ამას წინათ ჩემი მეგობარი „ფეისბუქზე“ წერდა: იმედია, გაგვიგებენ ჩრდილოეთ კავკასიელები და გვაპატიებენ ჩვენი ხელისუფლების ამ დანაშაულს, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ მივატოვებთო. ასეთი განწყობა გვაქვს და კადიევის გადასარჩენად ბოლომდე ვიბრძოლებთ. არის კიდევ ზომები, რომელიც შიგნით შეიძლება მივიღოთ, მაგრამ თუ ამანაც არ გაჭრა, სტრასბურგის სასამართლოში აუცილებლად შევა საქმე „კადიევი საქართველოს წინააღმდეგ“ და კიდევ ერთხელ მოიჭრიან თავს ევროპასა და მსოფლიოში. თუმცა ახლა უპირველესია თვითონ მიკაილის სიცოცხლე და უსაფრთხოება!
თამარ ბატიაშვილი