„არ შეიძლება, მოძალადეს მიულოცო! ეს, მინიმუმ, არასწორი იყო და მაქსიმუმ _ გარიგება!“

არჩევნებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე _ ზაზა ხატიაშვილი:

 

_ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის მიზეზი ის არის, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობაში არაპოპულარობით სარგებლობს. მან „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლა, აქედან გამომდინარე, მხოლოდ კოორდინატორისა და კოორდინატორებისგან მოყვანილი 20-ლარიანი ამომრჩევლით და ადმინისტრაციული რესურსით ხდება არჩევნების მოგება. ხალხი არჩევნებზე არ მოვიდა, იმიტომ რომ ეზიზღება „ქართული ოცნება“, ვინაიდან ვერ დაინახა ძალა, რომელსაც მხარს უჭერს. ყველას კარგად გვახსოვს ეუთოს დასკვნა 2016 წლის საპარლამენტო  არჩევნებზე, ხმის დათვლის პროცესში, სავარაუდოდ, გაყიდული კომისიის წევრები, სხვადასხვა პარტიის დამკვირვებლები, რომლებზეც „სუსი“ მუშაობდა. იგივე დაფინანსების საკითხი, როდესაც 90%-ზე მეტს იღებს სახელისუფლებო პარტია და მთელი ოპოზიციის დაფინანსება 10%-ზე ნაკლებია. როგორც კი ადამიანი რაიმე ნაბიჯს გადადგამს… შეგახსენებთ პაატა ბურჭულაძის შემთხვევას, როდესაც მისი კოორდინატორი იმ ეჭვის საფუძველზე დაიჭირეს, ვითომდა მან სუპერმარკეტი გაქურდა. ყველაფერი ეს სწორედ იმ ფაქტორზე ზემოქმედებს, რომ არჩევნებში ის ხალხი მიიყვანეს, ვინც პოლიციისგან დავალებული იყო, ანდა „შავებისგან“ დაშინებული, სკოლისა და ბაღის მასწავლებლებს დაატარებდნენ იქით-აქეთ. ახლა გეტყვით ერთ მნიშვნელოვან რამეს: მიუხედავად ამ ყველაფრისა, „ქართული ოცნება“წააგებდა არჩევნებს, ხალხი რომ მისულიყო არჩევნებზე, მაგრამ ხალხი არ მივიდა!

_ როგორ წააგებდა, ბატონო ზაზა?

_ ერი დაიღალა ერთი და იგივე სახეებით. ჩემი აზრით, გინდა ოპოზიციური პარტიისთვის მიგიცია ხმა და გინდა _ „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან ყველა ვუყურებთ იმას, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა იმისთვის იბრძვის, რომ ბიძინას თავი მოაწონოს,  ბიძინამ გაუღიმოს და ფინანსური რესურსი წამოვიდეს. დაიღალა ხალხი _ ერთი უბედური წავა, მეორე უბედური მოვა!

_ ასე ქვეყანა დიდხანს ვერ გაძლებს?

_ დიახ, ქვეყანა რომ არ დაინგრეს, საჭიროა, ის 20-ლარიანი ამომრჩეველი მოისპოს. 20 ლარზე ხმას აძლევენ და მერე ეკლესიაში მიდიან და პირჯვარს იწერენ. შეიძლება, „ქართული ოცნება“ მოგწონდეს და ხმა მისცე, მაგრამ 20-30 ან 50 ლარი აიღო იმაში, რომ ხმა მისცე, ეს კონტინგენტი ქვეყნის მტერია.

_ ამ კონტინგენტს ძალიან უჭირს, ბევრს პურის ფულიც არ გააჩნია…

_ ასე უფრო მეტად ექნებათ. საარჩევნო გარემო და ადმინისტრაციაც სახელისუფლებო შტოს მიერ არის დაკომპლექტებული. ყველაფერი ეს იმ აზრს ბადებს, რომ აქ უნდა გამოჩნდეს ძლიერი ძალა, თუნდაც ფინანსურად არანაირი რესურსი არ ჰქონდეს, უბრალოდ, გამოჩნდეს ძალა, რომელიც ხალხს დაანახვებს, რომ ის არ იქნება სააკაშვილი, ანდა „სააკაშვილი 2“, ანუ ივანიშვილი. ეს არჩევნები იყო ძალადობა და არ შეიძლება ძალადობით მიაღწიო შედეგს. უფრო სწორად, რაღაც მომენტში შეიძლება შედეგი დადო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყოველთვის წაგებული რჩები. სააკაშვილის რეჟიმი ყველაზე მოძალადე იყო და ეს მოძალადე ხელისუფლება ჩამოიშალა. ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლებაც მოძალადეა და ესენი უფრო მეტად ჩამოიშლებიან, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის გვერდით გაერთიანდა ეს ხალხი. ჩემი შეფასებით, ამ ადამიანთა უმრავლესობა ფულის სიყვარულმა გააერთიანა. იმას ვგულისხმობ, რომ არ არის იდეა და იდეის გარშემო ერთობა. ამიტომ თუ საქართველოში წესიერი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც იტყვის, რომ ეს არის ძალადობა და არ შეიძლება, ძალადობას ტაში დავუკრათ, მაშინ ამ ქვეყანას ეშველება. მაგრამ დიდი ნიჰილიზმია საზოგადოებაში გამეფებული არჩევნებთან მიმართებით. საჭიროა საკმაოდ ნათელი სახეები, რომლებიც პოლიტიკაში უნდა შემოვიდნენ.

_ არადა, თითქოს შემოვიდნენ. ბევრს ასეთად ალეკო ელისაშვილი წარმოედგინა და აიღო კიდეც ხმათა გარკვეული პროცენტი…

_ რა აჩვენა მერე ელისაშვილმა?! ადამიანს არ ჰქონდა პარტია, არ ჰქონდა ფული და 17% აიღო. ეს ხომ იმას  ნიშნავს, რომ ხალხი ახალ სახეს ელოდება. „ქართულ ოცნებას“ კიდევ ის პროცენტი არ ექნება, რაც ახლა დასვა. თქვენ რომ წაიკითხოთ ეუთოს დასკვნა, მიხვდებით, „ოცნება“ პროცენტს როგორ იღებდა. მაღალი ალბათობით, ახლაც ხდებოდა კომისიის წევრების გადაბირება, დაშინება, ხალხს ურეკავდნენ, რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე. ვინც არ მოდიოდა არჩევნებზე, აკრძალულ ინფორმაციას, ანუ პერსონალურ მონაცემებს იწერდნენ. ანუ ჩემი შეფასებით, ამ არჩევნებზე მთლიანად დომინირებდა სუსი.

_ ბატონო ზაზა, სუსი წინა არჩევნებზეც დომინირებდა და, საერთოდ, ეს გახლავთ ქვეყნის მთავარი სტრუქტურა ამ ეტაპზე?

_ ჰოდა, ეს სასწრაფო წესით უნდა შეიცვალოს.  ხალხი როგორც სააკაშვილის რეჟიმს აღუდგა წინ, ისე უნდა აღუდგეს ივანიშვილის ფეოდალურ ხელისუფლებას და უნდა უთხრას, რომ  თუ წინა მოძალადე იყო, შენ მოძალადეც ხარ და თან უტვინო ხელისუფლებაც ხარ. ამისთვის კი ხალხი ერთად უნდა დადგეს. ნარკოტიკების ჩადებები, ანდა ბავშვთა სამყარო რომ გადაწვეს… მაშინ გამოვაცხადე, რომ თუ ხელისუფლება ამაში არ მონაწილეობს, მაშინ სავალდებულო დაზღვევა მიიღეთ-მეთქი და იმის შემდეგ სამი შენობა გადაიწვა. არ არის ხელისუფლება დამნაშავე?! ამის შემდეგ ხალხი წავიდა და 20 ლარად „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, რითაც ქვეყანა ჭაობში დატოვეს. მათ არც ერთს ღირსება არ გააჩნია. ეს ხომ წარმოუდგენელია, რომ კახი კალაძეს აეღო 50%, რისთვის უნდა აეღო?! გააყალბეს და პროცენტი დაუსვეს. მაგრამ ხალხი რომ გამოსულიყო, ვერაფერს დასვამდნენ. აგერ, მეჭიაურზე ოქმებია, რომ გაიმარჯვა ამ კაცმა არჩევნებში, ასევე ნინო ბურჯანაძის პარტიამ გაიმარჯვა კასპში ერთ-ერთ სოფელში, მაგრამ არ უღიარეს, ყველა მეთოდი გამოიყენეს. თუ აკლდებათ ხმა, სიას გადაწერენ და ა. შ. ძალიან მაგრად გაყალბდა ეს არჩევნები და ხალხი თუ არ მივიდა, ეს გაგრძელდება. საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ ისეთია, რომ არჩევნების გაყალბებას არაფერი უდგას წინ.

_ თქვენი პროგნოზი როგორი იქნება არჩევნების შემდგომ?

_ როდესაც ადამიანი ასე მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით, როდესაც ცდილობს იყიდოს ან დააშინოს, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მისი პირადი მცველია, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი კი არის მისი ყოფილი პირადი მცველი, ეს ადამიანი ძალიან ცუდად დაამთავრებს. მე მეცოდება ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ის ძალიან ცუდად დაამთავრებს. ხალხს ყელში ამოუვა მალე. ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა და არჩევნებზე არ მივიდა. ის 20-ლარიანი ხალხიც ხვდება, იმიტომ რომ 20 ლარი ერთ საათში გაუთავდებათ და ეს ფული რაც დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“, ხომ ამათი ზურგიდან ამოიღებს. ასეთი იყო სადამ ჰუსეინი, ასეთი იყო ჩაუშესკუ… უბრალოდ, ივანიშვილს ახლა მლიქვნელურად უღიმიან მასზე დამოკიდებული ადამიანები, მაგრამ როდესაც საზოგადოების განწყობა შეიცვლება… ეს ადამიანი ხომ მხოლოდ იმიტომ „უყვართ“, რომ მას ბევრი ფული აქვს და ასეთები ბოლოს მარტო რჩებიან. ეს არის ისტორია. მე ძალიან ჩვეულებრივად შევხვდი ამ არჩევნებს, წინასწარ ვთქვი, რომ 20-30-ლარიან ამომრჩევლებს მიიყვანდნენ და ბიძინას რაც უნდოდა, იმ პროცენტს დასვამდნენ. აბსოლუტური უმრავლესობა არ მივიდა არჩევნებზე, მაგრამ მაინც აირჩიეს მერი, რომელიც არ აურჩევია აბსოლუტურ უმრავლესობას. სადაც ფინანსებია, კალაძეც ყოველთვის იქ ჩნდება. როგორი იქნება ეს ფეხბურთელი ხალხისთვის, როდესაც ადმინისტრაციული რესურსით და ფულით გახდა მერი და არა ხალხის არჩევანით? ხალხზე მუშაობას ვინ უშლიდა კალაძეს, როცა ამბობდა, რომ უნდა გავანახევრო გადასახადებიო და, საბოლოოდ, გააძვირა. ანუ წინა არჩევნებზე ხალხი წავიდა, ხმა მისცა ადამიანს, რომელმაც სოციალურად გაჭირვებულებს პირობა დაუდო, გადასახადებს შეგიმცირებთო და პირიქით, გაუძვირა. გამოდის, რომ ჩვენ თბილისში ისეთი ადამიანები ვცხოვრობთ, რომ კანდიდატი, რომელიც იმისთვის მოდის, რომ  ცხოვრება კიდევ გააძვიროს, მისი წინა თანამდებობიდან გამომდინარე, ისევ მას ვაძლევთ ხმას. რა დონეზე გააყალბეს არჩევნები. მაგრამ მე ვამბობ, რომ გააყალბეს, ჟურნალისტები ამბობენ, რომ გააყალბეს, ხალხი ამბობს, რომ გააყალბეს და ალეკო ელისაშვილი გამოვიდა და მიულოცა. ეს იყო ჩემთვის შოკი _ როგორ შეიძლება, კალაძეს მიულოცო არჩევნები, როდესაც გაგიყალბა?

_ ანუ გარიგდნენ?

_ ეს არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ელისაშვილმა თავისი ამ გამოსვლით და კალაძისთვის მილოცვით საერთოდ დაკარგა პოლიტიკური დივიდენდები, ეს შემიძლია გითხრათ. მეორე ადგილზე   გასული ზაალ უდუმაშვილი არ მივიდა და არ მიულოცა და ამან მიულოცა. არ შეიძლება, მოძალადეს მიულოცო! ეს, მინიმუმ, არასწორი იყო და მაქსიმუმ _ შეიძლება იყო გარიგება. საცოდავი ხალხი  ნიჰილიზმიდან გამოვიდა და ელისაშვილს მისცა ხმა, ამან კიდევ უკან შეაბრუნა. მე მას მივეცი ხმა და ახლა ვნანობ. ჩემნაირი რამდენია!

თამარ როსტიაშვილი