„ისე გაგაქრობ, შენს ამბავს ვერავინ გაიგებს, შვილებსაც კი შეკითხვები არ ექნებათ…“ _ ზუგდიდელ ბიზნესმენს ოლიგარქი სიმამრი ჩეჩენი ქილერებით ემუქრება
რა კავშირი აქვს საქმესთან დიმიტრი ქუმსიშვილს?
ამბავი, რომელიც ქვემოთ უნდა წაიკითხოთ, განგსტერებზე დაწერილი ნოველის, ან მათზე გადაღებული ფილმის სცენარის ნაწილი არ გეგონოთ. მოვლენები არც კალაბრიაში, ან კამორაში ხდება _ ყველა მონაწილე პირი ბედკრული საქართველოს შვილია.
იცით თუ არა, რომ თუ ჩვენი რესპონდენტის ნაამბობის მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოში, უფრო კონკრეტულად, მის დასავლეთ ნაწილში და, კიდევ უფრო კონკრეტულად, ზუგდიდ-ქალაქში არსებობს ერთი ოლიგარქი-ბიზნესმენი, რუსეთში გამდიდრებული და რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირის მქონე, რომელსაც შეუძლია, მოქმედ ბიზნესმენს ბიზნეს-ობიექტები „აახიოს“ და არა მარტო „აახიოს“, ჩეჩენი ქილერებითაც დაემუქროს, ხოლო თითქმის ყველა მედიასაშუალებაში მისი აქტივობის გაშუქება დაბლოკოს?
იცით თუ არა, რომ ამ ოლიგარქ-ბიზნესმენს, 40 მილიონ დოლარზე მეტი ქონებით, დიდი შანსი ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში მოხვედრილიყო, პაატა ბურჭულაძეს რომ ბოლო მომენტში არ გადაეფიქრებინა პოლიტიკაში მოსვლა? იცით თუ არა, რომ ეს ოლიგარქი მე-6 იყო ბურჭულაძის პარტიის სიაში, ხოლო ამ პარტიას რუსი ოლიგარქისგან გამოგზავნილი 150 ათასი აშშ დოლარი ჩამოუტანა?
იცით თუ არა, რომ რესპონდენტის ყოფილი სიძის ბრალდებების თანახმად, ეს ოლიგარქი-ბიზნესმენი ძველი ვალების საქმეს პირდაპირ დიმიტრი ქუმსიშვილის დონეზე აგვარებს და ამაში მას შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარე შუამავლობს?
და იცით თუ არა, რომ ზუგდიდში, პაატა ბურჭულაძის პარტიის შტაბში, არსებობს ოთახი, სადაც „გასაუბრებაზე“ ბიზნესმენს მიიწვევენ და მერე აშინებენ და აშანტაჟებენ?
და, რაც მთავარია, იცით თუ არა, რომ ეს ოლიგარქი-ბიზნესმენი და ვერშემდგარი პარლამენტარი თავისი ხელით წერს ჩვენებაში, რომ 42 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს, ხოლო 43-ე _ ტარების უფლებით?
რა თქმა უნდა, არ იცით. არც მე ვიცოდი, სანამ ბიზნესმენ ლაშა ლაღიძესა და მის ადვოკატ თანდილა ჯოლოგუას შევხვდებოდი.
მართალი გითხრათ, ცოტა უტრირებულად მომეჩვენა, როცა თანდილა ჯოლოგუამ დარეკა და მითხრა (რედაქციაში უკვე ნამყოფი იყო და მასალის გამოქვეყნებაზე ნებართვა უშუალოდ მთავარი რედაქტორისგან ჰქონდა მიღებული), ჩემი კლიენტის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია დამოკიდებული იმაზე, დაიბეჭდება თუ არა ეს წერილი და ბევრს ნიშნავს, რამდენად ზუსტად მოვახერხებთ სიტუაციის ახსნას მკითხველისთვისო. ისიც უტრირებული მომეჩვენა, ყველა მედიასაშუალებაში დაბლოკილი ვართო.
შეხვედრის განმავლობაში ადვოკატი ცალკე და მისი კლიენტი ცალკე მარწმუნებდნენ, რომ ლაშა ლაღიძე, შესაძლოა, უბრალოდ, გააქრონ. იმედია, ეს წერილი მოვლენების ასე არასასურველად განვითარების პრევენციას შეძლებს.
დავარღვიოთ ტრადიცია და დავიწყოთ შორიდან:
რამდენიმე დღის წინათ ზუგდიდში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ქალაქის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლაშა გოგიამ, ახალი საწარმო გახსნა. ამაში არაფერი იქნებოდა უჩვეულო, რომ არა ერთი გარემოება:
ეს საწარმო, ოფიციალურად, ლაშა ლაღიძეს ეკუთვნოდა, 2016 წელს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა, ხოლო თვენახევრის წინათ, 2017 წლის ივლისში, ზემოხსენებულ „სასაუბრო ოთახში“, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ოფისშია, ლაშა ლაღიძე დაიბარეს და მკაცრი საუბრისა და სიცოცხლის მოსპობაზე, მისი ოჯახის წევრებზე შურისძიების მუქარის ფონზე, მისი ბიზნეს-ობიექტებიდან სამი „ნებაყოფლობით“ დაათმობინეს.
ლაშა ლაღიძემ რკინის ქალამნები ჩაიცვა და, თავდაპირველად, ზუგდიდის მერობის მმართველი პარტიის კანდიდატს, ლაშა გოგიას შეხვდა. მერის მოვალეობის შემსრულებელი ამ ამბავს გულგრილად შეხვდა, _ ოჯახური პრობლემა ყოფილა და თვითონ გაარკვიეთ, მე რა შუაში ვარო.
არც ამაში იქნებოდა რაიმე უჩვეულო, რომ არა გარემოებათა უცნაური დამთხვევა _ ის ოლიგარქ-ბიზნესმენი ამ არჩევნებზე ლაშა გოგიას მხარდამჭერია და თავის აზრს ღიად გამოხატავს კიდეც, ხოლო ამ შეხვედრიდან ერთ თვეში ლაშა გოგიამ სწორედ ის ობიექტი გახსნა, რომელიც ლაშა ლაღიძეს პაატა ბურჭულაძის პარტიის სამეგრელოს ოფისში „მეგობრული საუბრის“ შემდეგ დაათმობინეს…
სანამ მკითხავდეთ, ოჯახური ურთიერთობები ზუგდიდელმა მერობის კანდიდატმა რატომ ახსენაო, მოკლედ გეტყვით, რომ ოლიგარქ-ბიზნესმენი ლაშა ლაღიძის აწ უკვე ყოფილი სიმამრია…
ანუ, რომ დავაკონკრეტოთ, ლაშა ლაღიძის დაშინება-დატერორება მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ცოლს, სწორედ ამ ოლიგარქ-ბიზნესმენის ასულს გასცილდა.
გაცილების დეტალები ჩვენი განსახილველი არ არის, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ მიზეზი ღალატია, რაც, როგორც ლაღიძე ამბობს, დეტალურად, ტელეფონიდან ამონაწერების სახით აქვს დამტკიცებული და, მისი თქმით, ვერც ყოფილი სიმამრი ედავება, რადგან მან ხმამაღლა განუცხადა, რომ მისი შვილისა და სიძის ოჯახურ ურთიერთობაში ჩარევა არ სურს. სამაგიეროდ, ბიზნეს-ობიექტების „ასახევად“ აქტიური მოქმედება სახელოებაკაპიწებულმა დაიწყო…
ყოფილი სიმამრის პრეტენზიები ყოფილი სიძისადმი ყოფითი ხასიათის იქნებოდა, იურიდიული ძალის დოკუმენტები რომ არ არსებობდეს: ზუგდიდში, გრიბოედოვის ქუჩაზე არსებულ რამდენიმე ობიექტზე, რომელიც ლაშა ლაღიძეს იძულებით დაათმობინეს, ყოფილ სიმამრს, ზაურ კვიკვინიას, პრეტენზია იმიტომ გაუჩნდა, რომ, თავის დროზე, რუსეთში ყოფნისას, ეს ობიექტები მას ეკუთვნოდა. ეს მართლაც ასეა, მაგრამ არსებობს მინდობილობა, რომელიც ზაურ კვიკვინიამ უვადოდ მისცა აწ უკვე ყოფილ სიძეს და რომლის ძალითაც მას აქვს უფლება, არა მარტო განკარგოს, არამედ გაასხვისოს კიდეც ზემოხსენებული ობიექტები.
სხვათა შორის, ზუგდიდის სასამართლომ საკმაოდ კურიოზული გადაწყვეტილება მიიღო _ ეს მინდობილობა ბათილად ცნო მას შემდეგ, რაც ამ თხოვნით ზაურ კვიკვინიამ მიმართა. ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ მსგავსი პრეცედენტი ძნელი გასახსენებელია, _ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ბათილად გამოცხადდა მინდობილობა, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით, ძალის მქონეა და უნაკლოდაა შედგენილი. ჯოლოგუამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და სამართლის პოვნის იმედს არ კარგავს.
ახლა კი ცოტა რამ „ყოვლისშემძლე“ ზაურ კვიკვინიაზე: 61 წლის ბიზნესმენი, რომელიც საქართველომდე რუსეთში საქმიანობდა, ხოლო საქართველოში 2004 წლიდანაა, საზოგადოებაში „სიკვდილის მანქანად“ წოდებული „სამი ტუზის“ აპარატების ექსკლუზიური შემომტანი და დამნერგავია. ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ 2004-2009 წლებში ეს აპარატები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე გავრცელებული სათამაშო აპარატები იყო და მას უამრავი ახალგაზრდა ეტანებოდა. არცთუ იშვიათი იყო ერთმანეთთან „ყომარი“, რაც არაერთხელ დასრულებულა დიდი თანხის წაგებითა და წაგებულის თვითმკვლელობით. „სიკვდილის მანქანაც“ სწორედ ამიტომ დაარქვეს.
„ახალ საქართველოში“ ჩამოსვლამდე ზაურ კვიკვინია შევარდნაძის საქართველოსაც სტუმრობდა და პოლიტიკური კარიერაც მოიზომა: 2000-იანი წლების დასაწყისში ის ზუგდიდის საკრებულოს წევრი იყო, ამჟამად კი პაატა ბურჭულაძის პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან დაახლოებული პირია. ლაშა ლაღიძის მტკიცებით, სწორედ ამ პარტიის ოფისში რამდენიმე ადამიანმა მასზე ზეწოლა მოახდინა და ბიზნეს-ობიექტები დაათმობინა.
ზაურ კვიკვინიას ქონება, მისი ყოფილი სიძის განცხადებით, 40 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ამჟამად მას აქვს რესტორნების ქსელი თბილისში, ასევე არის „ლილო სიტის“ მეწილე, სადაც მილიონზე მეტი დოლარი აქვს ჩადებული. ლაშა ლაღიძე ამბობს, რომ ზაურ კვიკვინიას შეწირულობამ პაატა ბურჭულაძის პარტიისადმი შარშან 400 ათას დოლარზე მეტი შეადგინა.
მისივე თქმით, ზაურ კვიკვინია დაახლოებულია რუს ოლიგარქთან, ერთ-ერთი რუსული ბანკის მმართველ ალექსანდრ ბაევთან, რომელიც შარშან საქართველოშიც ჩამოიყვანა და პაატა ბურჭულაძეს შეახვედრა. როცა ბაევი საქართველოდან გაემგზავრა, კვიკვინია თან გაჰყვა, უკან დაბრუნებულმა კი, როგორც მისი ყოფილი სიძე ამბობს, ბაევისგან გამოგზავნილი ქეშად ფული ჩამოიტანა _ 150 ათასი დოლარი ბურჭულაძის პარტიისთვის.
ანუ ლაშა ლაღიძის ნაამბობიდან გამოდის, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიამ, არაპირდაპირ გამოიყენა რა წინასაარჩევნოდ უცხო ქვეყნიდან შემოსული ფული, დაარღვია ქვეყნის კანონმდებლობა. იმედია, ამ საკითხს სამართალდამცველები მიხედავენ და სათანადოდაც გამოიძიებენ…
მოკლედ, ლაშა ლაღიძის დამუშავება ბიზნეს-ობიექტების დათმობის მიზნით სწორედ ზუგდიდში, მეუნარგიას ქუჩაზე მდებარე პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში დაიწყეს მას შემდეგ, რაც ის ცოლს დაშორდა. მისი თქმით, ერთ-ერთმა პირმა საუბრის დროს თავში ჩაარტყა და უთხრა, რომ მისი ყოფილი სიმამრი ჩეჩნებს დაიქირავებდა და ისე გააქრობდა, ვერავინ იპოვიდა: „ჰოდა, შარი რად გინდა, ან თავს რატომ იღუპავ, უარი თქვი და დამთავრდება ამით ყველაფერი“, _ იხსენებს საუბარს ლაშა ლაღიძე და ამატებს, რომ თავად ყოფილ სიმამრს, ზაურ კვიკვინიას მის წინაშე სამჯერ აქვს პირჯვარი გადაწერილი, მეტანიის თანხლებით, _ შენ ისე გაგაქრობ, შენი შვილებიც კი ვერაფერს გაიგებენ _ ან ზღვაში დაიხრჩობი, ან მანქანა დაგეჯახება, ან გულის შეტევით მოკვდებიო…
მოკლედ, ლაშა ლაღიძემ ზეწოლას ვერ გაუძლო, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და სამი ბიზნეს-ობიექტი „საკუთარი სურვილით“ დათმო. მაგრამ ამით ჯოჯოხეთი კი არ დასრულდა, გაგრძელდა, რადგან მისმა ყოფილმა სიმამრმა, მისივე თქმით, სამი ობიექტი არ იკმარა და დანარჩენ ობიექტებსაც მიადგა, დაიწყო რა იქ სიარული და მენეჯერების გაფრთხილება, რომ ეს ობიექტები ლაშა ლაღიძეს კი არა, მას ეკუთვნის და ფული მას უნდა გადაუხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წასვლა მოუწევთ და სხვა მენეჯერებს დაიქირავებს.
ორი ობიექტის მენეჯერის საუბარი, სადაც ისინი ჰყვებიან, როგორ მივიდნენ ობიექტებზე და ეუბნებოდნენ, რომ მოგება ლაღიძისთვის კი არა, კვიკვინიასთვის მიეცათ, ლაშა ლაღიძეს თელეფონზე აქვს ჩაწერილი და „ქრონიკა+“-ს წარუდგინა კიდეც. ჩანაწერის ავთენტურობა შესაბამისი უწყების დასადგენია, მაგრამ რაც ფირზე ისმის, ნამდვილად იძლევა განგაშის საფუძველს.
სწორედ ამ ჩანაწერებისა და მის ხელთ არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ლაშა ლაღიძემ 22 ივლისს განცხადება შეიტანა სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლაზე, იძულებასა და მუქარაზე. ამ განცხადებაში შევიდა, ასევე, პაატა ბურჭულაძის ოფისში მომხდარი ინციდენტიც, მონაწილე პიროვნებების დასახელებითა და დეტალების აღწერით.
სისხლის სამართლის საქმე სსკ 151-ე მუხლით აღიძრა, რაც იძულებას და მუქარას ითვალისწინებს. ამ საქმეს გამომძიებელი გიზო გიგანი იძიებს და ლაშა ლაღიძისა და მისი ადვოკატის თქმით, გამოძიება ძალიან ინერტულად მიმდინარეობს.
ლაშა ლაღიძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი დეტალიცაა: ის წერს, რომ პირადი შეხვედრისა და საუბრის დროს, რომელიც ზაურ კვიკვინიასთან, მანქანაში გაიმართა, ამ უკანასკნელმა ცეცხლსასროლი იარაღი ზურგზე მიაბჯინა და ემუქრებოდა.
ამ გამოძიების ფარგლებში დაკითხეს ზაურ კვიკვინია, რომელმაც ბრალდებები მუქარისა და იძულების შესახებ კატეგორიულად უარყო. უარყო, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღით მუქარა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ 42 ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელია, 43-ე კი ტარების უფლებით აქვს გაფორმებული…
რასაკვირველია, გულხელდაკრეფილი არც ზაურ კვიკვინია და მისი ადვოკატები მჯდარან: მათ განცხადება შეიტანეს და ლაშა ლაღიძეს თაღლითობაში დასდეს ბრალი. ამ განცხადების საფუძველზე ლაშა ლაღიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სსკ 180-ე მუხლის საფუძველზეა აღძრული და, მისი თქმით, გამოძიება ინტენსიურად მუშაობს, რათა ბრალი დაუმტკიცოს და ციხეში ჩასვან, თავად ზაურ კვიკვინია კი არსად მალავს, რომ მას ყოფილი სიძის ციხეში გასტუმრებას შეჰპირდნენ…
ზაურ კვიკვინია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელია. მის აქტივობაზე თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ის „ქართული ოცნების“, შესაბამისად, მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერია. ამასთან, არც მინიშნებებზე ამბობს უარს. მაგალითად, ლაშა ლაღიძეს მიაჩნია, რომ კვიკვინიამ მისი ქალიშვილის ირონიულ სტატუსზე, ოსტაპ ბენდერის ტელევიზორში გამოჩენის შესახებ, ყოფილმა სიმამრმა ასევე ირონიული კომენტარი ლაღიძეზე მინიშნებით გააკეთა: „ოსტაპს არ უმართლებს, ყველგან დაბლოკილია…“ _ დაწერა მან რუსულად.
ლაშა ლაღიძე ამბობს, რომ ყოფილი სიმამრის საცეცები თითქმის ყველგან წვდება _ მედიაშიც კი. ამის დასტურად ლაღიძეს ის მოჰყავს, რომ არც თბილისში, ადვოკატთა ასოციაციაში მისი ადვოკატის მიერ გამართული ბრიფინგი, არც ზუგდიდში მისთვის „ახეული“ ბიზნეს-ობიექტის ხელხლა გახსნის შემდეგ ზუგდიდშივე გამართული ბრიფინგი არ მოხვდა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ნიუსებში.
დაბოლოს, ორი სიტყვით იმაზე, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერთან დიმიტრი ქუმსიშვილს: როგორც ლაშა ლაღიძე ამბობს, მის ყოფილ სიმამრს სახელმწიფოს მიმართ დავალიანება აქვს (ჯერ კიდევ „სამი ტუზის“ აპარატების დროიდან მოყოლებული) 17 მილიონის ოდენობით.
ამ დავალიანებას, მისივე თქმით, ჩამოსაწერად ამზადებდნენ, მაგრამ კვიკვინიას ფირმის ერთ-ერთმა ადვოკატმა შეცდომა დაუშვა, ანგარიშზე მცირე თანხა გადარიცხა და დავალიანება „გაცოცხლდა“, რის შემდეგაც კვიკვინიამ კავშირების ძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც: შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ბუბუტეიშვილის სახით, რომელმაც ის დიმიტრი ქუმსიშვილს შეახვედრა. ლაღიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ცოლთან გაშორებამდე ზაურ კვიკვინიას მისთვის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მისი დავალიანების პრობლემებს „თავად ქუმსიშვილი აგვარებს“.
მოკლედ, რეზიუმეს სახით შეგვიძლია დავწეროთ: ლაშა ლაღიძე მიიჩნევს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. მისი თქმით, ყოფილი სიმამრის გავლენა, ქონება და კავშირები იმდენად დიდი ფაქტორია, რომ მისი მხრიდან სიცოცხლის მოსპობაზე მუქარას რეალურად აღიქვამს და დახმარებას ითხოვს.
ლაშა ლაღიძისა და მისი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერები და სხვადასხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, სასამართლოს სხდომების ოქმები (ზაურ კვიკვინიას გამოკითხვა), რედაქციაში ინახება.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ლაშა ლაღიძის ბრალდებების მთავარ ადრესატს, ბიზნესმენ ზაურ კვიკვინიას დაუკავშირდა. ის ყოფილი სიძის ბრალდებებს ბოდვებს უწოდებს:
ზაურ კვიკვინია:
_ საბუთები მოსთხოვეთ, რა გააკეთა და რა არა? ქონების წართმევა რომ მოუნდა, მე რომ შემიტანა ვითომ პოლიციაში საბუთები, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ზუგდიდის სასამართლოშიც, ხობის პოლიციაშიც. იქვე მიხვდებით, რა არის და რას ამბობს. ჩემი ქონების მითვისება რომ მოინდომა და არაფერი გამოუვიდა, წერს ახლა რაღაცებს, რომ ვითომ მე ვაშინებდი… თავი რომ გაიმართლოს. მაგან იცის, რა დღე მოელის, იმიტომ რომ საქმე აღძრულია და მაგის სქემები მალე დასრულდება.
დღემდე მე რომ ვიხდი მაგის გამოტანილ სესხებს, ეგ გითხრათ? უკვე ოთხი თვეა, მე ვიხდი, იმიტომ რომ თუ არ გადავიხდი, ჩემს ქონებას ბანკი წაიღებს. მე გეუბნებით, რასაც ვამბობ, ყველაფერი პოლიციაშია დაწერილი, 180-ე მუხლით არის აღძრული საქმე მის წინააღმდეგ…
_ მაგრამ საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა, ამასთან, ამ კუთხით თუ მივუდგებით, თქვენ წინააღმდეგაც არის სისხლის სამართლის საქმე მუქარისა და იძულების მუხლით აღძრული, ლაშა ლაღიძე ამბობს, იარაღით მაშინებდაო…
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემს ქონებას რომ ითვისებს, მადლობას ვეტყოდი? ახლაც ვაშინებ მე მაგას, მაგრამ იარაღს რაც შეეხება, კარგი, რა, რა იარაღით მუქარა, მაგან იცის, რომ მე იარაღის ტარების უფლება მაქვს და ამიტომ ამბობს, მაგრამ ამას რომ ამბობს, ხომ უნდა თქვას, სად მოხდა, ვინ ესწრებოდა… ვინ იყვნენ მოწმეები…
_ კი მაგრამ, ბატონო ზაურ, როცა ადამიანს იარაღით ემუქრებიან, იქ მოწმეებს არ ისწრებენ… 30 ივლისის თქვენი გამოკითხვის ოქმიც გვაქვს, თქვენ აქ ამბობთ, წაგიკითხავთ ციტატას: „რაც შეეხება იარაღით მუქარას, ეს გამორიცხულია, თუმცა მე მაქვს 42 ცალი იარაღი, მათ შორის, ერთი _ ტარების უფლებით, მაგრამ არ ვსარგებლობ, არ მაქვს ამის საჭიროება…“. ბატონო ზაურ, რა 42 ცალი იარაღი გაქვთ? საიდან? ან ტარების უფლება რის საფუძველზე გაქვთ?
_ ნუ, მე მაქვს უფლება… ის ამ რაღაცებს ბოდავს, რომ ვითომ მე ვემუქრებოდი და ესემესებს ვწერდი და ვაშინებდი… ჩემი ქონება თავის დას გადაუფორმა…
_ საქმეში თქვენი მინდობილობაცაა, უვადოდ გაცემული, მათ შორის, გასხვისების უფლებითაც…
_ ეგ მინდობილობა სასამართლომ ბათილად ცნო, სხვათა შორის…
_ დიახ და ადვოკატმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, ასე რომ, დავა ჯერაც გრძელდება…
_ ახლა მე გეტყვით მაგ მინდობილობაზე: 2008 წელს იყო მაგაზე მინდობილობა გაცემული, მართვაზე. მერე, 2012 წელს მითხრა, რომ მინდობილობა სჭირდებოდა და ამ ჩემს შვილს ქართულად წერა უჭირს, მაგას დააწერინა _ ორი მინდობილობა არის ერთ დღეს გაცემული, მაგრამ როცა ოფიციალურად მოვატანინე მინდობილობები, თითო ეგზემპლარი დაიტოვა და იმასაც ვერ მიხვდა, რომ კანონით გათვალისწინებულია, თუ მე ხალხის თანდასწრებით ვუთხარი, რომ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი არ ხარ-მეთქი, ეგ იგივეა, რომ მინდობილობა ნოტარიუსით გაუუქმო, ამის ტოლფასი მოქმედებაა კანონით… თქვენ არაფერს გასწავლით, მაგრამ მე საქართველოში უკანასკნელი კაცი არ ვარ, მეც მაქვს კავშირები ჟურნალისტებთან, უძლიერესი იურისტები მყავს და რად გინდათ, ამას რომ უსმენთ და აქვეყნებთ? მერე იძულებული გავხდები, მსვლელობა მივცე, თუ ჩემი პატივი და ღირსება შეილახება, კი არ გემუქრებით, გიხსნით ამას… ზუგდიდელი კაცი ყოფილხართ, გაიკითხეთ ქალაქში, ვინ არის ლაშა ლაღიძე და ვინ ვარ მე, საერთო ნაცნობებიც გვეყოლება…
_ კი ბატონო, ჩვენ თქვენს პოზიციასაც დავწერთ, ამიტომ გირეკავთ.
_ საინტერესოა, რამდენი გადაიხადა?
_ არაფერი გადაუხდია, ბატონო ზაურ, ჩვენთან ასეთი სტატიები ფასიანი არ არის, მხოლოდ რეკლამაა ფასიანი…
_ და რატომ უნდა გამოვიდეს ხვალ ეს გაზეთში? რა აუცილებლობაა? მასალების მეტი რა გაქვთ ისედაც, ეს არის ოჯახური კონფლიქტი. შვილივით ვთვლიდი მაგას და აი, რა გამიკეთა… ყველაფერი ჩემია დოკუმენტურად,
მათ შორის, ის შპს-ც, რომელიც 2016 წელს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა, მერე კი ლაშა ლაღიძეს ჩამოერთვა და ახლახან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა უკვე გახსნილი და არსებული საწარმო ხელახლა გახსნა.
_ ეს ობიექტიც თქვენია?
_ იცით, რა არის? გახსნილი იყო მანამდე შპს, მაგრამ არ უმუშავია…
_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ყოველგვარი ბაზის გარეშე ამ შპს-მ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო?
_ დიახ, ჯერ უნდა დაგაფინანსონ და მერე იწყებ კეთებას, ასე არაა მაგ პროექტში?
_ და მაშინ სად წაიღო ლაშა ლაღიძემ ამ პროექტით მიღებული დაფინანსება, გაფლანგა და სახელმწიფომ შეარჩინა? ეგ ხომ მთავრობის მხარდაჭერილი პროექტია, მკაცრი კონტროლით?
_ ჯერ პროექტი წარვადგინეთ და ეს საწარმო გაიხსნა, საცდელი იყო, მაგრამ არ უმუშავია, იმ სესხიდან 35 ათასი გაფლანგა ამან… ოჯახის დეკლარაციები უნდა ჩაებარებინა და მერე ბიუჯეტთან ურთიერთთანასწორობა უნდა გაეკეთებინა. სამი წელი ამ ფულს იპარავდა და ჩემი მეუღლე 14 ათასით დააჯარიმეს. რომ ვკითხე, _ სად მიგქონდა ეს ფული-მეთქი? აღმოვაჩინეთ, რომ მთელი ქონება ჩადო და 119 ათასი გაფლანგა, მერე 25 ათასი კიდევ აღმოვაჩინეთ, რომ გაფლანგა… პრესკონფერენცია უნდოდა მაგას, მაგრამ არ გამოუვიდა, ეს ოჯახური ამბავია, არ გააპიაროთ, არ გაუშვია არავის… თუ არადა, შეგხვდებით და აგიხსნით, საბუთები კი გქონიათ ეგერ, ჩემი გამოკითხვა და მანდ ყველაფერია დეტალურად…
_ ბატონო ზაურ, თქვენ პაატა ბურჭულაძის პარტიის სიის მეექვსე ნომერი იყავით შარშან? რუს ბიზნესმენ ალექსანდრე ბაევს იცნობთ? თქვენი ყოფილი სიძე ამბობს, ბაევი ფულს აძლევდა და ამ ფულს თვითონ პაატა ბურჭულაძის პარტიას აძლევდაო…
_ პარტია რა შუაშია? ალექსანდრე ბაევი არის ჩემი პარტნიორი… ბურჭულაძეს კი არა, ვის მივცემ ამ ფულს, ვისი საქმეა. ვინმეს მოვპარე? ვისი საქმეა, სად რას დავხარჯავ? თვითონ თუ ჰქონდა მაგის ტრ**ი, საარჩევნოდ ერთი 20 ათასი ეჩუქებინა ჩემთვის… მაგან, ის სჯობია, იმაზე ილაპარაკოს, ალექსანდრე ბაევის ფულიც რო აქვს გაფლანგული…
რა ჩინებს ჩამომართმევენ ახლა მე, ეს თუ გავა თქვენს გაზეთში? დამიჭერენ? მაგას ასე ჰგონია, რომ დამიჭერენ, მაგიტომ ცდილობს ამდენს… ფეხებსაც ვერ მომჭამენ, ამან კიდევ იაროს და წეროს, სადაც უნდა და მერე ის სტატიები… ერთ ადგილას… ხომ მიმიხვდით?
„ქრონიკა+“ დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებასაც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე მითითებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი (+995 32 2 261 407), თუმცა ამ ნომერს არავინ უპასუხა.
თუ სამინისტრო სტატიაში მოყვანილ ინფორმაციაზე პასუხის გაცემას ისურვებს, მზად ვართ, მომავალ ნომერში გამოვაქვეყნოთ.
ლაშა ბერულავა