ყაზბეგში გამგებლის რწმუნებული მესაკუთრეთა მიწებს უკანონოდ ასხვისებს!
„ახალგაზრდა ადვოკატები“ შს მინისტრ მღებრიშვილს ელბერდი პაპიაშვილის საკითხის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 500-კილოვოტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროცესში მოქალაქეების კუთვნილი მიწების მიტაცების ფაქტებზე სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. ორგანიზაცია მოქალაქეების საკუთრების უფლების ხელყოფაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, ელბერდი პაპიაშვილს ადანაშაულებს. პაპიაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოდან“. სწორედ მისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტებით უცნობ პირებზე მიწის ნაკვეთები გასხვისდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხით დაინტერესებას უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სთხოვს. სამართალწარმოების პროცესი დაწყებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობასთანაც.
რა კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე? ვისი კუთვნილი მიწები გაასხვისეს მესაკუთრეების ნებართვის გარეშე და რატომ მოითხოვს ორგანიზაცია საქმეზე გამჭვირვალე გადაწყვეტილებებს?
„ქრონიკა+“ ორგანიზაციის იურისტს _ ია გოგნაძეს ესაუბრა:
_ ია, რა კანონდარღვევები აღმოაჩინა თქვენმა ორგანიზაციამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობაში? როგორ გახდა ცნობილი მიწების მიტაცების ფაქტი და რა რეაგირება ჰქონდა ორგანიზაციას?
_ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მას შემდეგ, რაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „ენერგოტრანსმა“ და ფინურ-ინდურმა კონსორციუმმა ELEL-EMჩ-მა ცნობილი გახადეს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მთიულეთის გარდა, ხევის ტერიტორიაზე, კერძოდ, სნოს ხეობის სოფლებს: სნოს, ახალციხესა და კარკუჩასაც გაივლის. საბოლოოდ, ეს ხაზი რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება. ამ ფაქტმა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, მოქალაქეები პროექტის შეჩერებას მოითხოვდნენ მისი ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე გავლენის გამო, რასაც გარკვეულად მიაღწიეს კიდეც, თუმცა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ელბერდი პაპიაშვილმა, რომელიც მმართველი პარტიიდან თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატია, მოქალაქეების კუთვნილი მიწის ნაკვეთების გასხვისების პროცესი დაიწყო. აღნიშნული შევიტყვეთ მოქალაქე რობიზონ ხართიშვილის მომართვიდან, რომელმაც დოკუმენტაცია წარმოგვიდგინა და განაცხადა, რომ ელბერდი პაპიაშვილის ბრძანებების საფუძველზე, უცხო მოქალაქეებზე გასხვისდა ამავე ტერიტორიულ ერთეულში მდებარე კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. აღნიშნული რობიზონ ხართიშვილისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და მოითხოვა საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. სწორედ მოქალაქის მიწის ნაკვეთი ექცეოდა ქსანი-სტეფანწმინდის ახალი 500 კვ. ელგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტში. შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანიის მოთხოვნა იყო ფართობის რეალურ მესაკუთრესთან შემდგომი მოლაპარაკებები, თუმცა უძრავი ქონების რეგისტრაციამდე, ელბერდი პაპიაშვილის ბრძანებების საფუძველზე, ხართიშვილის მიწის ნაკვეთები უცხო პირების ხელში აღმოჩნდა.
_ როგორ, რა ფორმით მოხდა ასეთი უკანონობის დაშვება? ვინ არის დამნაშავე, _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თუ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა?
_ რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა ორივე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს. მუნიციპალიტეტს არ უნდა დაეშვა სხვისი ქონების სხვა პირებზე გადაცემა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი ყოვლისმომცველი ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩაეტარებინა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, ვიდრე რობიზონ ხართიშვილის ქონებას სხვა პირებს დაურეგისტრირებდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ხართიშვილების ოჯახი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში ფლობდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და ეს უფლება დადასტურებულია 2001 წლის 3 სექტემბრის საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით. ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 17 ივლისის წერილით, როდესაც რობიზონ ხართიშვილი საგადასახადო სიაში მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელად ირიცხება, ხოლო 2017 წლის 27 ივნისის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, რობიზონ ხართიშვილის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი შეადგენს 2196 კვ.მ.-ს. ამის პარალელურად, ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ წარდგენილ აზომვით ნახაზზე თითქოსდა ფიქსირდება ზედდება. აღმოჩნდა, რომ რობიზონ ხართიშვილის კუთვნილი ფართობის ახალ მფლობელებად რეგისტრირებულნი არიან ადამ ფირანიშვილი, ვაჟა ხართიშვილი, ნანული გელაშვილი, ნონა გელაშვილი, ბექა ფირანიშვილი. რობიზონ ხართიშვილი აღნიშნავს, რომ 74.02.12.263, 74.02.12.252, 74.02.12.377, 74.02.12.244, 74.02.12.368 და 74.02.11.212 საკადასტრო კოდებით უძრავ ქონებაზე განხორციელებული რეგისტრაცია პირდაპირ არღვევს მისი საკუთრების უფლებას და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარიგება განხორციელებულია იმ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომლის ფლობაც და სარგებლობაც ხართიშვილების ოჯახის მიერ უწყვეტად ხორციელდება 2001 წლიდან. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი პირის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, აშკარაა ზედდება, რაც უკვე გამოწვეული გახდა სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მხრიდან ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმებით. სინამდვილეში, მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ადგილზე არც ერთი უფლებამოსილი პირის გასვლა და დათვალიერება არ მომხდარა. ადგილზე გასვლით აზომვითი ნახაზი მოამზადებინა მხოლოდ ხართიშვილების ოჯახმა, რომელმაც სრულად ასახა კუთვნილი მიწის ფართობი. ყურადღება მისაქცევია ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან „შედგენილი“ აქტები „მომზადებულია“ 2017 წლის 22 მარტის, 28 აპრილის, 5 ივნისის, 14 ივნისის, 19 ივნისის, 22 ივნისისა და 27 ივნისის პერიოდში. ყველა მოქმედება შესრულებულია სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ელბერდი პაპიაშვილის მიერ, რომელიც ადგილობრივი მკვიდრია და 263-კაციან სოფელში, კვალიფიციურად მოეხსენება მოსახლეობის სადავო და უდავო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების განლაგება, კუთვნილება და მათთან დაკავშირებული პროცესი. შედეგად, რობიზონ ხართიშვილის კუთვნილი 2196 კვ.მ.-იდან ზედდება (გადაფარვა) მომხდარია 1952.40 კვ.მ.-ზე, ხოლო ამჟამად რობიზონ ხართიშვილის საკუთრებაში რჩება 243,60 კვ.მ., რაც მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოების _ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების შედეგად, აშკარა და ღია დარღვევაა.
_ რა რეაგირება მოახდინეს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით? რა ეტაპზეა თქვენი მხრიდან იურიდიული მოქმედებები და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ჩადენილი უკანონობის გასწორება?
_ ამჟამად ადმინისტრაციული წარმოება გვაქვს დაწყებული, როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან. ორგანიზაციამ 2017 წლის 12 სექტემბერს წერილით მიმართა შს მინისტრს და მოითხოვა დამნაშავე პირების გამოკვეთა და სამართლებრივი რეაგირება. როგორც ვიცით, ამჟამად საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში. დაკითხულია არაერთი ადამიანი, თუმცა მინისტრის მხრიდან ჩვენს მიმართვაზე გამოხმაურება არ მომზადებულა. ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ მიმართა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძეს და მოითხოვა, ვიდრე არ დაიდებოდა სამართლებრივი დასკვნები და კანონიერ ძალაში არ შევიდოდა, არ მომხდარიყო სადავო მიწის ნაკვეთების არაკეთილსინდისიერ შემძენებთან რაიმე სახის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან უკვე სახეზეა 2017 წლის 6 ივლისს ნანული და ნონა გელაშვილებსა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის 18 002,63 ლარზე გაფორმებული ხელშეკრულება 1000.00 კვ.მ.-ის გამოყენების შესახებ და 2017 წლის 4 ივლისს ადამ ფირანიშვილსა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის 13 923 ლარზე გაფორმებული ხელშეკრულება 800.00 კვ.მ.-ის გამოყენების თაობაზე. მოსალოდნელია, რომ პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ შსს-საც ვთხოვეთ ყურადღების გამახვილება აღნიშნულ ფაქტზე, რათა უზრუნველეყოთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართ შესაძლო ფინანსური ზარალის თავიდან აცილების თაობაზე, ვინაიდან კომპანიასა და სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შორის დადებული „მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ“ ყველა მომავალი ხელშეკრულება, შესაძლებელია აღმოჩნდეს ბათილი. ორგანიზაციას კომპანიიდან ეცნობა, რომ იმოქმედებდნენ საჯარო რეესტრის მონაცემებით მესაკუთრეების უტყუარობის პრეზუმპციით, თუმცა კომპანიას, ალბათ, მოუწევს, სინამდვილეს გაუსწოროს თვალი და არავითარი ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმოს. ბოლოს ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელ გივი ქირიკაშვილს და მოვითხოვეთ, პირად კონტროლზე აეყვანა ფაქტი, არ მიეღოთ მორიგი უკანონო გადაწყვეტილებები. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საჭიროდ მიიჩნევს, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, თუკი არ იქნება ადმინისტრაციული საჩივრით დასმული საკითხები, გადაუგზავნოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. საბოლოოდ, სასამართლოს მას შემდეგ მივმართავთ, რაც ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება და არ იქნება დაკმაყოფილებული რობიზონ ხართიშვილის მოთხოვნები.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, ელბერდი პაპიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ბრალდებები თავიდან აიცილა და საჯარო რეესტრში გადაგვამისამართა:
_ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია: თვითონ მიწა, რომელიც რეგისტრირდება, რეგისტრაციის პერიოდში მე ვაკეთებ ადგილზე დათვალიერების ოქმს, სადაც მივუთითებ, რომ ვერ ვადასტურებ აზომვითი ნახაზის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის იდენტურობას. ჩემი ჩართულობა ამ საქმეში სხვაგვარად არ გამოიხატება. რეგისტრატორი მე არ ვარ და დანარჩენი უკვე საჯარო რეესტრს ეხება.
„ქრონიკა+“-მა კომენტარისთვის საჯარო რეესტრსაც მიმართა, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
თამარ ბატიაშვილი