ია ქურდაძე: „ჩვენ შევცვლით ხაშურში ადგილობრივ ხელისუფლებას!“

„ქართული ოცნება“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

 

„ქართული ოცნების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის 50 წევრი საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ქალაქის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს ეხმარება. მმართველი პარტიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხაშურის მერობის კანდიდატად გიორგი გურასპაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

 

„ჩვენ 2012 წელს გავწევრიანდით „ქართულ ოცნებაში“, შტაბში ვმუშაობდით და ზონის უფროსებსა და კოორდინატორებს წარმოვადგენდით, ვდგავართ რამაზ ნოზაძის გვერდით. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პარტიაში სულ 500-მდე ადამიანი გაწევრიანდა, მაგრამ ეს მმართველი პარტიის ინტერესი იყო. ვართ 50-60 ადამიანი, რომლებიც წარმოვადგენდით ხაშურის „ქართულ ოცნებას“ და ღიად ვაფიქსირებთ, რომ ვდგავართ რამაზ ნოზაძის გვერდით. ჩვენ შევცვლით ხაშურში ადგილობრივ ხელისუფლებას. ამ ერთმმართველ გიორგი გურასპაშვილს მოვაშორებთ ქალაქს და ხალხს“, _ აღნიშნა მმართველი პარტიის წევრმა, ია ქურდაძემ.

რამაზ ნოზაძეს მხარს უჭერს ასევე „ქართული ოცნების“ ზონის კოორდინატორთა უმრავლესობაც. ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის ლიდერების გაუაზრებელი საქციელით ხსნიან. მურმან ჩაჩანიძე, რომელიც სოფელ გომში „ქართული ოცნების“ ზონის კოორდინატორი იყო, აცხადებს: „2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის გვერდით დავდექი. მეგონა, რამე შეიცვლებოდა, მაგრამ შევცდი. ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის გვერდით ვდგავარ. ეს გადაწყვეტილება მარტო მე არ მიმიღია, ეს გადაწყვეტილება მიიღო მთელმა ხაშურმა. გიორგი გურასპაშვილმა, რომელიც მოქმედი გამგებელია და, ამავდროულად, მერობის კანდიდატი, ვერ გაამართლა და ხალხი მოატყუა“, _ აცხადებს ჩაჩანიძე.

თავად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი გურასპაშვილი, რომელიც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს მოუმართავს ოფისისთვის პარტიიდან წავლის თაობაზე. „ქართული ოცნების“ ის წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ კანდიდატს, ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ლიდერებს რამდენჯერმე მიმართეს, რათა გიორგი გურასპაშვილის კანდიდატურა არ დაესახელებინათ, თუმცა ლიდერებმა მათი აზრი არ გაითვალისწინეს.

მალხაზ მიქელაძე