ირაკლი ტორონჯაძე: „საქართველო ომის არენად რუსეთმა აქცია“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ რიჩარდ პენსის ვიზიტს საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თითქმის ყველა აღიარებს, რომ გაკეთდა უმნიშვნელოვანესი განცხადებები, რომლებმაც კრემლს ახალი საფიქრალი გაუჩინა. ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმედოვნებს, რომ ეს არ იყო მხოლოდ განცხადებები და აშშ მზად არის, საქართველოს გვერდით იყოს ყველა სირთულის შემთხვევაში.

ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შედეგებზე „ქრონიკა+“ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს, ირაკლი ტორონჯაძეს ესაუბრა.

_ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ რობერტ პენსის ვიზიტს საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ვიდრე დეტალებზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, როგორ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს ვიზიტი?

_ უმაღლესი პირის ვიზიტი სხვა ქვეყანაში ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა ამ ქვეყნების ურთიერთობებისთვის და ისტორიაში შედის. მეორე მხრივ, ნებისმიერი ახალი ხელისუფლება ყოველთვის ახორციელებს ვიზიტებს, მინიმუმ, მისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებში, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის წარდგენის მიზნით. ის, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ საქართველოში ამგვარი ვიზიტისთვის ვიცე-პრეზიდენტის დონე და, კონკრეტულად, მაიკ რობერტ პენსის ფიგურა აირჩია, თავისთავად, ბევრზე მეტყველებს. ვიზიტმა აჩვენა, რომ პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავება, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება და თვისობრივად უფრო მაღალ საფეხურზე ადის. ეს მით უფრო სასიამოვნოა იმის გათვალისწინებით, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საქართველოსთან ურთიერთობების ერთგვარი გაგრილების შთაბეჭდილება შეიქმნა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების დაპირებით დაიწყო. ეს ბადებდა ერთგვარ პესიმიზმს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, უკეთეს შემთხვევაში, ნელთბილ მდგომარეობაში წარიმართებოდა. ვიზიტმა საბოლოოდ და საფუძველშივე გააქარწყლა ასეთი უიმედობა. მეტიც, მან საქართველოს ხალხს ოპტიმიზმი შემატა, რომ თავისი სანუკვარი მიზნების მიღწევის გზაზე ის არ არის მარტო, მას მხარში უდგას ისეთი გლობალური ძალა, რომელთან დატოლება დღესდღეობით არავის ძალუძს.

_ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ესტონეთში და შეხვედრა ბალტიისპირეთის ლიდერებთან, საქართველოსა და მონტენეგროში, ცალკეული ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც ახალი გეოპოლიტიკური კალენდრის ათვლის დასაწყისი, რამდენად მართებულია ეს შეფასება და რა იძლევა ასეთი დასკვნის საფუძველს?

_ ზემოთ ვიზიტორის დონისა და პიროვნების მნიშვნელობა აღვნიშნე. არანაკლებ მეტყველია ვიზიტის გეოგრაფია. ის ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამს სტუმრობის ქვეყნებს შორის. და ეს არ არის მხოლოდ სიმბოლიზმი. კონკრეტულ შემთხვევაში, პენსის ტურნე მიეძღვნა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ევროპულ პოლიტიკას. მან დააფიქსირა ის ძირითადი აქცენტები, რომელიც აქტუალური იქნება ვოშინგტონისთვის უახლოეს მომავალში. როგორც ცნობილია, ბალტიის ზღვის ქვეყნები განსაკუთრებულ საფრთხეს განიცდიან მოსკოვის აგრესიული საგარეო პოლიტიკური კურსის გამო და ამიტომ, როგორც ალიანსის წევრები, ნატოს განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ. მონტენეგრო ახლახან გაწევრიანდა ნატოში. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები კარგადაა ცნობილი. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში აქ ნატოსთან ერთობლივი წვრთნების პერიოდში განხორციელდა დემონსტრაციულად, დავრწმუნდებით, რომ რუსეთის მზარდი აგრესიული ექსპანსიის შეკავება სწორედ ის კონტექსტია, რომელიც აქტუალური იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. დიახ, ეს დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის რეალობაა. ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა მიიღო რუსეთის ფედერაციის გამოწვევა ცივ ომში და მზად არის, ძალას ძალით უპასუხოს. სახეზეა ყველა ნიშანი იმისა, რომ, ცივი ომის ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, დაშოშმინების პოლიტიკა შეკავების პოლიტიკაში გადადის. რაც შეეხება გეოპოლიტიკას, შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს უარი დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ხელშეწყობაზე იმ ტერიტორიებზე, რომელსაც კრემლი საკუთარი ექსკლუზიური ინტერესების სფეროდ მიიჩნევს. ამდენად, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ტურნე უფრო საგარეო პოლიტიკური მიდგომების დაზუსტება/დახვეწის ნიშანია, ვიდრე გეოპოლიტიკური ცვლილებებისა. თუმცა ახალი მიდგომები, თავისთავად, გეოპოლიტიკური ძვრების მომასწავებელიც არის.

_ ვიზიტის დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება. ვიცე-პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა: „დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ“. არის კი ეს განცხადება რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი, რომ შეწყვიტოს თუნდაც მცოცავი ანექსია, თუ აქ საუბარია ცხელი ომის შემთხვევაზე?

_ მცოცავი ოკუპაცია/ანექსია არის ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული გამოუცხადებელი ჰიბრიდული ომისა, რომლის მიზანია ქართული სახელმწიფოებრიობის სამუდამოდ დასამარება, ქართველი ერის დაკნინება იმ მდგომარეობამდე, რომელშიც მისი წარმომადგენლები იმყოფებიან დღეს მოსკოვის მიერ კონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე. ამ ომის სათავეები პეტრე პირველის ეპოქაში შეიძლება ვიპოვოთ, როდესაც მან თავისი მოკავშირე ვახტანგ მეექვსე მარტოკა შეატოვა ოსმალეთსა და ირანს. მას შემდეგ რუსეთი ყოველთვის თანმიმდევრულად ატარებდა ქართველი ერის პოლიტიკური, კულტურული და სულიერი განადგურება-გადაგვარების ხაზს, მიუხედავად იმ იდეოლოგიური მრწამსისა, რომელსაც აღიარებდა კონკრეტულ პერიოდში კრემლში მომჯდარი ხელისუფლება.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის კონტექსტი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ მისი განცხადება ნებისმიერ ვითარებას გულისხმობს. სხვათა შორის, ის სწორედ ასე გაიგეს მოსკოვში, რისი დასტურიცაა ის ისტერიული და არაადეკვატური რეაქცია, რომელიც რუსეთიდან წამოვიდა. შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა. გასაგებია, რომ მხოლოდ მხარდაჭერის დაფიქსირება რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი ვერ გახდება. აქ, პირველ რიგში, საჭიროა ჩვენი მობილიზაცია, ერთ მუშტად შეკვრა მტრის წინააღმდეგ. რუსეთის შეკავება აქ ჩვენი, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური და დიპლომატიური ამოცანაა, რაშიც აშშ ბოლომდე გვერდით ყოფნას გვპირდება.

_ ისე, ომის პირობებშიც კი, რას ნიშნავს ეს განცხადება, _ ხომ ცხადია, რომ აშშ რუსეთთან ღია კონფლიქტში არ ჩაერთვება და ეს კრემლისთვისაც კარგად არის ცნობილი. მაშინ, რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ სიტყვებს?

_ მოსკოვმა თავისი ომი ქართველი ერის წინააღმდეგ განსაკუთრებით გაააქტიურა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. დღესდღეობით საქართველოს დაკარგული აქვს თავისი ტერიტორიის მეხუთედი და ამ ტერიტორიებიდან ქართველების უმრავლესობა გამოყრილია, დარჩენილებს ძალით აიძულებენ შეიცვალონ ეთნიკური კუთვნილება. ამას თუ დაღუპულთა რაოდენობას დავამატებთ, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს ქართველთა გენოციდთან. სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია საკმარისი ძალა, მარტო აღუდგეს წინ ამ პროცესს. ასეთ ვითარებაში მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის მიერ გაცხადებული მხარდაჭერის მნიშვნელობა ძნელია, გადააფასო. ერთი მხრივ, ბირთვულმა პოტენციალმა, მეორე მხრივ, დანარჩენ სფეროებში სისუსტემ უბიძგა მოსკოვს, როგორც ადრე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ახალი ცივი ომი წამოეწყო. ეს, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო წესრიგის უგულებელყოფასა და საკუთარი, ბარბაროსული წესების დამკვიდრების მცდელობაში გამოიხატა. ცივილიზებულმა სამყარომ ეს გამოწვევა მიიღო, რისი დასტურიცაა, თუნდაც, ის, რომ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის ღია მუქარას შეერთებული შტატები ასეთივე დაცვის დაპირებით პასუხობს. დღეს რუსეთს არათუ რომელიმე რეგიონულ ძალასთან, არამედ უკრაინასთან ღია სამხედრო დაპირისპირების ძალა არ აქვს. პენსის სიტყვების პოლიტიკურ დატვირთვას ასე ჩამოვაყალიბებდი: აშშ მზად არის, გაცილებით შორს წავიდეს, ვიდრე ეს მოსკოვს წარმოუდგენია.

_ ყურადღებას იმსახურებს ვიცე-პრეზიდენტის პასუხის ერთი ასპექტი „ვოშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის კითხვაზე: „მე და ტრამპს გვჯერა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია, მაგრამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის იწყება თითოეული პარტნიორის პოზიციების აღიარებით“. რა გამოდის? _ თუ ჩვენ გვექნება რუსეთთან დიალოგი თუნდაც დეოკუპაციაზე, ჯერ რუსეთის პოზიცია უნდა ვაღიაროთ?

_ პარტნიორობა და, შესაბამისად, კონტრაპარტის პოზიციების აღიარება მხოლოდ მიღებული საერთაშორისო თამაშის წესების ფარგლებში შეიძლება არსებობდეს. ამ წესებს მიღმა იწყება ვოლუნტარიზმის სფერო, სადაც ყოველ დათმობილ პოზიციას ახალი მოთხოვნების კასკადი მოსდევს. შესაბამისად, დღეს და თვალმისაწვდომ მომავალში არ არსებობს დათმობა თბილისის მხრიდან, რომელიც მოსკოვის მადას დააცხრობს. მოსკოვი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს რუსეთის, როგორც იმპერიის, ანუ მისი დღევანდელი სახელმწიფოებრიობის ფორმის არსებობისათვის საფრთხედ მიიჩნევს. ეს ჩვენ შორის არსებული გადაულახავი წინააღმდეგობაა. ვიდრე რუსეთი იმპერიის სახით აგრძელებს არსებობას, დამეთანხმებით, ალბათ, რომ ის დღესაც სხვადასხვა ცივილიზაციურ-კულტურული კუთვნილების ხალხების ძალადობრივად შეკრულ კონგლომერატს წარმოადგენს, მასთან მოლაპარაკების შანსი არ გაგვაჩნია. მხოლოდ ძალის, საკუთარი ძალისა და მოკავშირეების მხარდაჭერის იმედზე შეიძლება ვიყოთ.

_ საშინაო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, ანუ დაუტოვა თუ არა თეთრმა სახლმა თბილისს საშინაო დავალება და რამდენად ჩანდა ეს დიპლომატიურ ნიუანსებში?

_ ვფიქრობ, ჩემ მიერ ზემოთქმულის კონტექსტში რაიმე საშინაო დავალებაზე საუბარი ზედმეტია. თეთრმა სახლმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა ჩვენი მხარდაჭერა. გაცხარებული ჰიბრიდული ომის პირობებში ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და პასუხისმგებლობას ზრდის საკუთარ მომავალზე. ცხადია, რომ მეტი აქტიურობა გვმართებს, რაც ჩვენთვის, თავისთავად, მეტ სიფრთხილეს გულისხმობს. ვითარება ძალზე რთულია და აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე რეცეპტები.

_ ერთ კითხვა აუცილებლად უნდა დაგისვათ: ქართველი სამხედრო მაღალჩინოსანი ჯარისკაცებს ბრძანებებს ინგლისურ ენაზე რატომ აძლევს? ეს რაიმე სახის ნორმაა, თუ „ქართველობას გვართმევენ“, როგორც ამის შესახებ არაერთი ადამიანი წერდა სოციალურ ქსელში?

_ საქართველოს კანონმდებლობა რაიმე მსგავს ნორმას ჯარიკაცების მიმართ ბრძანებების გაცემას ინგლისურ ენაზე არ იცნობს, არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გაგვაჩნია. მიჭირს ავხსნა ხსენებული გადაცდომის მოტივაცია. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჰქონდა რამდენადმე გადამეტებულ, სალდაფონურ მონდომებას.

_ გაკეთდა განცხადება, რომ შესაძლოა, აგვისტოში სოხუმში ვლადიმირ პუტინი ჩავიდეს, ეს პენსის ვიზიტის საპასუხო სვლაა? ანუ რას ეუბნება ამით პუტინი, თუნდაც, აშშ-ს, რომლის ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იქნება ერთიანი, თან მალე?..

_ დიახ, ეს საპასუხო სვლაა, მაგრამ არა უბრალოდ პენსის საქართველოში ვიზიტისა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ბალტიურ-შავი ზღვა-ბალკანური ტურნეს მთელი კონტექსტის პასუხი. 2008 წლის ომის წლისთავზე აფხაზეთში ჩასვლით პუტინი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ უკან დახევას არ აპირებს. თუმცა რომ არ ჩასულიყო, მაინც არავინ იფიქრებდა მასზე, შეეშინდაო. სწორედ ამიტომაცაა ეს პასუხი ნერვული და შეუფერებელი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრემლმა დაიჯერა პენსის განცხადება შეერთებული შტატების მხრიდან მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერისთვის მზაობის თაობაზე. რომ არ დაეჯერებინა პუტინს, სოხუმში ჩასვლა არ დასჭირდებოდა. იმედია, ზედმეტია ახსნა იმისა, რომ თუკი ასე სერიოზულად აღიქვამს მოსკოვი პენსის სიტყვებს, რამდენად სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ჩვენ თვითონ მათ.

_ და რადგან პუტინი ვახსენეთ, აუცილებლად უნდა დავსვა კითხვა მის გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნა, რომ „ამერიკასთან რუსეთის ვაჭრობა მინიმალურია ევროპისგან განსხვავებით… ჩვენ, ჯერჯერობით(!), არ ვაპირებთ, საპასუხო ზომის სახით, ამერიკასთან იმ სფეროებში თანამშრომლობის შეწყვეტას, რომელიც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის… ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში!“ ანუ პუტინმა, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ ის გამოვა ამ ისტორიული შეთანხმებიდან და შესაძლოა, ირანს ბირთვული იარაღი მიაწოდოს?

_ რუსეთის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენ მიერ მოყვანილი პუტინის სიტყვები მუქარად, ანუ ირანისთვის ბირთვული იარაღის მიწოდების განზრახვად ვერ ჩაითვლება. არც თეირანია ისე სუსტი, რომ ირანის ბედ-იღბლით მოსკოვმა საკუთარი სურვილისამებრ ითამაშოს. 5 აგვისტოს ირანის კვლავ არჩეულმა პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ, თავის საინაუგუარაციო გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი არ დაარღვევს ირანის ატომის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. ვფიქრობ, პუტინმა თავისი განცხადებით აშშ-ს შეახსენა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების დარად გლობალური ბირთვული პარიტეტის მხარეა. თუმცა, მეორე მხრივ თუ შევხედავთ, რუსეთსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა სხვა სფერო ერთობ პრობლემურია.

_ დაბოლოს, ამ დიპლომატიურ ომში, რომლის არენა ესტონეთი, საქართველო და მონტენეგრო იყო, ვინ ჩანს უფრო სოლიდურად _ აშშ თუ რუსეთი და რა რისკები ან პოზიტივი შეიძლება მივიღოთ პერსპექტივაში?

_ ეს არ არის დიპლომატიური ომი, ეს არის ცივი ომი, მეორე ცივი ომი. ის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით მიმდინარეობს, რის გამოც მას ხშირად ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ამ ომის ერთ-ერთი ფრონტი საქართველოზეც გადის. მოსკოვმა დიდი ხანია გადაგვიწყვიტა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოსპობა, რასაც თანმიმდევრულად ახორციელებს, ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსიისა და ამ ტერიტორიებზე ქართველთა გენოციდის მეშვეობით. რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს, თვალი უნდა გავუსწოროთ რელობას, რომ რუსეთთან ზავის მიღწევის არავითარი შანსი არ არსებობს, ქართველი ერი ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას. ეს არის ომი საქართველოს, ქართველი ხალხის გადარჩენისთვის. ის საქართველოს არ დაუწყია. ეს ომი არ დაუწყია არც შეერთებულ შტატებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო ომის არენად რუსეთმა აქცია, რომლის მიზნები ზემოთ აღვნიშნე. დღეს პოზიტივია ის, რომ გვყავს მოკავშირე, რომლის ძალასაც ჩვენი მტერი ანგარიშს უწევს. ეს კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს იმედს, რომ მტერს დავამარცხებთ და აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას. მით უმეტეს, ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო მარტო რჩება თავის პოლიტიკურ თამაშებში, ხოლო მისი ჩამორჩენა მოწინავე მსოფლიოსგან _ სულ უფრო იზრდება.

 

არმაზ მეტრეველი