ავთო ვარსიმაშვილი: ,,მინდა დავცინო ჩვენი ქალაქის მერს – სპექტაკლს ჰქვია „სასირეთი“

ქართული კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზექრონიკა+“- ესაუბრება რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი:

_ ახლა მოდაშია „ეს ბოლო 4 წელი“, მანამდე „9 წელი“, „შევარდნაძის ეპოქა“, მთელი უბედურება კი ის არის, რომ ამ 26 წლის მანძილზე, რაც ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, არ იცვლება სახელმწიფოს მიდგომა, დამოკიდებულება კულტურის მიმართ. საქართველომ, თუკი რამით შეუძლია თავი მოიწონოს, ესაა კულტურა და ამას ყველა აღიარებს _ დაწყებული უცხოელი ექსპერტებიდან, დამთავრებული ყველაზე ცუდი ჩინოვნიკით და პოლიტიკოსით ამ ქვეყანაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი ამ ხნის მანძილზე კულტურა არ იქნა აღიარებული პრიორიტეტად და არ მოხვდა პრიორიტეტთა ნუსხაში.

_ როგორ ფიქრობთ, რა იყო და რა არის ამის მიზეზი?

_ ძალიან მარტივი მიზეზის გამო: პრიორიტეტთა ნუსხაში მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მის დაფინანსებას  და გარდა ამისა, ამ პრიორიტეტების ნუსხის პროცენტულობის შესაბამისად უნდა გადანაწილდეს ის გრანტები, რომელიც ქვეყანაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოდის. შესაბამისად, პრიორიტეტთა ნუსხაში მოხვედრის შემთხვევაში კულტურაც მიიღებს კუთვნილ წილს. იმის გამო, რომ ფულის მოძრაობა კულტურაში ბევრად გამჭვირვალეა, ვიდრე ენერგეტიკაში, ან სხვა დარგში, როგორც ჩანს, ჩინოვნიკებისთვის ბევრად რთულია აქ ფულის კეთება და, შესაბამისად, არც აწყობთ კულტურის დაფინანსება. ვერ ხედავენ თავის სარგებელს, გამორჩენას. ამავე მიზეზით არ ხდება ქველმოქმედების კანონის მიღება და მთელი ამ 26 წლის განმავლობაში არ იცვლება ეს მიდგომა და არ იცვლება ეს მანკიერი სისტემა. მოვესწარი ყველა პრეზიდენტს, ყველა კულტურის მინისტრსა და მთავრობის ხელმძღვანელს, ყველასთან მქონდა ამ თემაზე საუბარი, ყველას ვეუბნებოდი და ახლლაც ვამბობ, _ თუ არ შეიცვალა დაფინანსების ეს სისტემა, ვერც ერთი მინისტრი ვერაფერს გააკეთებს. რეალურად, კულტურის სამინისტრო გადაქცეულია ბუღალტერიად, გაწერილი აქვს კულტურის რომელ ობიექტს რამდენი უნდა ჩაურიცხოს და ურიცხავს. მეტს არაფერს აკეთებს და ვერც ვერაფერს გააკეთებს! მთელი უბედურება ის არის, რომ აქ საქმე არაა არც მიშა გიორგაძეში, არც ოდიშარიაში, არც ნიკა რურუასა და გოკა გაბაშვილში, არც სესილი გოგიბერიძეში, ვალერი ასათიანსა თუ დათო მაღრაძეში, თვითონ ეს სისტემა არ მუშაობს კულტურის საკეთილდღეოდ და მინისტრებად რომ დაგვნიშნონ მე _ ავთო ვარსიმაშვილი, ან თქვენ _ რეზო შატაკიშვილი, მერწმუნეთ, თუ დაფინანსების ამ სისტემას არ დავანგრევთ, ზუსტად ისეთივე მინისტრები ვიქნებით, როგორებსაც ვლანძღავდით და ვლანძღავთ. აქ არაა საქმე პერსონებში, აქ საქმე გვაქვს კულტურისადმი სახელმწიფოს გაუაზრებელ, ინდიფერენტულ დამოკიდებულებასთან. ამიტომაც სამინისტროებს ისღა დარჩენოდათ ყველა დროში, რომ ეხელმძღვანელათ პრინციპით: „მე შენ ფულს გაძლევ და რაც გინდა, აკეთე“, რაც, თავისთავად, უკვე დამღუპველია კულტურისთვის.

_ მივდივართ იქამდე, რომ კულტურა ქვეყნისთვის არა მხოლოდ დაფინანსების თვალსაზრისით, ისედაც ვერ გახდა პრიორიტეტული, სხვა დარგებისგან განსხვავებით არ გატარებულა არც ერთი ძირეული რეფორმა, იცვლეობდა კანონები, მაგრამ არსებითად არ იცვლებოდა არაფერიყველა ხელისუფლება იმიტომ ხომ არ გაურბოდა ამ სფეროში მტკივნეული რეფორმების გატარებას, რომ არ გამოეწვიათ სახელოვნებო ინტელიგენციის გაღიზიანებაარ აწყობდათ, არ უღირდათ, როგორც შექსპირისჰამლეტშია“,  არტისტების გადაკიდება

_ „არტისტების გადაკიდება“ არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ ეპოქაში არ აწყობდა არავის, მაგრამ აქ მარტო ეგ არ არის მთავარი,  სამწუხაროდ, არც ერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც საამისო პოლიტიკური ნება და არც პროფესიონალური მიდგომა, რეალურად, არც ერთი მათგანი არ იყო ღრმად ჩახედული კულტურის პრობლემებში. მე ხელს ვიშვერ პრეზიდენტებისკენ და პრემიერ-მინისტრებისკენ, პარლამენტის კულტურის კომიტეტისკენ, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე მინისტრები ცალკე ვერაფერს იზამდნენ, ამიტომაც ისინი იძულებულები ხდებოდნენ და ხდებიან, რომ მხოლოდ მუშაობის ილუზია შეექმნათ.  ვალერი ასათიანის დროს შეიქმნა კულტურის პირველი კონცეფცია, მაგრამ რა? ეს ყველაფერი ფარატინა ქაღალდად დარჩა, მის შემდეგ მოსული ყველა მინისტრი თავიდან იწყებს კულტურის პოლიტიკაზე ლაპარაკს. ამ სამი წლის წინათ სამინისტროში ვთქვი, _ არ შეიძლება ჩაიხედოთ თქვენი მაგიდის უჯრებში, წინამორბედებმა რა დაგიტოვეს-მეთქი? მაგრამ მათიც მესმის, აბა, სხვა რა ქნან? ყოველი ახალი მინისტრი ეჯახება არსებულ სისტემას და ხვდება, რომ ის ვერაფერს ცვლის, რეალურად, ვერ ეხმარება  კულტურას, რადგან ზევით არაა ამის ნება, რადგან ყოველ მის ინიციატივაზე ზევით პრემიერიც, პრეზიდენტიც და პარლამენტიც ეუბნება: გეხვეწები, მოიცა, ახლა მაგის არც დრო გვაქვს და არც თავიო. რა უნდა აკეთოს ასეთ დროს მინისტრმა? რა დარჩენია?  ჩვენ გვჭირდება რეალური რეფორმა. ჩვენ გვჭირდება რეალური კანონები, რომელიც დაეხმარება კულტურას ალტერნატიულ დაფინანსებაში, ჩვენ გვჭირდება კონტროლის, პრიორიტეტებისა და პასუხისმგებლობის სისტემა კულტურის დაფინანსებაში.  საბჭოთა პერიოდში მოსკოვის მიერ გაწერილი ინსტრუქციების შესაბამისად მუშაობდნენ როგორც თბილისის, ისე მოსკოვის, ვლადივოსტოკის, მთელი საბჭოთა კავშირის თეატრები. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც, უბრალოდ, არ იცოდნენ საქმე და მიმართეს პრინციპს _ მივცეთ ამ არტისტებს ფული და შევეშვათ. რეალურად, ქვეყანაში დარჩა საბჭოთა მოდელი, ოღონდ, თუ იმ საბჭოთა პერიოდში იყო კონტროლის მექანიზმები, თუნდაც ცენზურიდან გამომდინარე უწევდათ კულტურის პრობლემებში ჩახედვა, კარგად თუ ცუდად, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ უწევდათ, ერკვეოდნენ და აკონტროლებდნენ, შემდეგ ეს მოიხსნა და თეატრები დარჩა სრულიად უკონტროლოდ _ ვისაც რას უნდა, იმას აკეთებს და სუფევს სრული ქაოსი. გამკითხავი არავინაა. როდესაც რომელიმე  თეატრს აძლევ  გარკვეულ თანხას, შემდეგ არც კითხულობ შენივე უწყების, ან მერიის გამოცემულ სტატისტიკას, საიდანაც ირკვევა, რომ  იმ თეატრს, რომელსაც შენ მიეცი ამხელა თანხა და მას კი, თურმე, მთელი სეზონის მანძილზე უთამაშია სულ 20-ჯერ ან 50-ჯერ და მხოლოდ ერთი სპექტაკლი დაუდგამს, რაზე უნდა გელაპარაკო? ანუ მაყურებელი არ დადიოდა, სპექტაკლებს არ დგამდნენ, არ თამაშობდნენ და როცა ამაზე თვალებს ხუჭავ და რეაგირებას არ ახდენ, მართლა რაზე უნდა გელაპარაკო?

_ კულტურა არაა პრიორიტეტთა ნუსხაში და რა თანხითაც ფინანსდება კულტურა, გაურკვეველია თვითონ ამ თანხის სფეროს შიგნით განაწილების პრიორიტეტებიც, სრულიად გაუგებარია, რა პრინციპით და რის მიხედვით ფინანსდება ესა თუ ის თეატრი?

_ დიახ, ეს არის ჩვენი პრობლემების აქილევსის ქუსლი, არ არსებობს არანაირი პრინციპი. გაურკვეველია, რა პრინციპით, რატომ აძლევენ ამ თეატრს ამდენს და მეორე თეატრს იმდენს. რატომ არ ხდება ფინანსირების დროს იმის გათვალისწინება, თუ მომსახურე პერსონალის რა რაოდენობაა თეატრში? რამხელაა ფართი?  შენობებს მოვლა უნდა და ამ მოვლას კი _ ფული. რატომ არ ვკითხულობთ, რა პოლიტიკური ან სოციალური მნიშვნელობისაა ესა თუ ის თეატრი რეგიონში, ქალაქში, რაიონში, რა სეგმენტი დადის თეატრში? „თავისუფალი თეატრი“ არასახელმწიფო თეატრია და ეს ფაქტი ძალიან უხარიათ, _ უი, რა კარგია, რომ თქვენ არ ხართ სახელმწიფო თეატრი და ჩვენ არ უნდა დაგაფინანსოთო. მე ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას, _ და რატომ არ უნდა დაგვაფინანსოთ? მე ხშირად ვამბობ, რომ მთელ მსოფლიოში, დიახ, მთელ მსოფლიოში სახელმწიფო აფინანსებს თეატრებს, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ ყველა თეატრი, რომელსაც ის აფინანსებს ეკუთვნის სახელმწიფოს. დასავლეთში სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, კერძო თეატრებს უფრო დიდი სიხარულით აფინანსებს, ვიდრე სახელმწიფო თეატრებს. თავისუფალი თეატრის მაგალითზე აგიხსნით ჩვენში არსებული დაფინანსების სისტემის აბსურდულობას: თუ ჩვენს ქვეყანაში რომელიმე თეატრი (არ მინდა დასახელება), რომელიც სახელმწიფოსგან იღებს თუნდაც ნახევარმილიონიან დაფინანსებას (თუ მეტს არა) და წლის მანძილზე 5 ათასიდან 20 ათას კაცამდე მაყურებელს უჩვენებს სპექტაკლს, ხოლო   თავისუფალი თეატრი კი წელიწადში 35 ათასიდან 55 ათას მაყურებელს უჩვენებს სპექტაკლს, მართლა მაინტერესებს,  ერთი თეთრიც არ გვეკუთვნის? ჩვენც ხომ იმავე ამოცანას ვასრულებთ, თან ბევრად უკეთ, რა ამოცანასაც ასრულებს თეატრი, რომელიც ბიუჯეტიდან წლიურად ნახევარ და მეტ მილიონს იღებს?  მრავალი წლის წინათ ზაარბრიუკენის გუბერნატორ ოსკარ ლაფონტენს ვკითხე, რატომ აფინანსებთ ამ კერძო თეატრს-მეთქი და მიპასუხა, _ რას ამბობ, მეტიც უნდა გადავუხადოთ, რადგან ვიცი, რომ იქ ახალგაზრდები სპექტაკლს უყურებენ და იმ დროს ნარკოტიკებს არ ღებულობენო. აი, ესაა სახელმწიფოებრივი აზროვნება! გარწმუნებთ, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ქალაქის მერი ბედნიერი იქნებოდა და იამაყებდა, რომ ქალაქში ჰქონოდა ასეთი კერძო თეატრი, რომელიც, ყოველწლიურად, 16 წლის მანძილზე წელიწადში 340 წარმოდგენას გამართავდა ახალგაზრდებით გადაჭედილ დარბაზში. ხაზს ვუსვამ, ახალგაზრდებით გადაჭედილ დარბაზში, ასეთ თეატრს არც დაფინანსებას მოაკლებდა ნორმალური მერი და არც იმის შანსს გაუშვებდა ხელიდან, იქ ხშირად გამოჩენილიყო. მაგრამ ჩვენთან არც უგულავა და არც ნარმანია არც ერთხელ არ ყოფილა სპექტაკლზე, ამიტომაც ორივე ერთნაირია ჩემთვის. მე ვერ მივიღებ მერად იმ კაცს, რომელსაც არ აინტერესებს, რაზე იკრიბება მისი ქალაქის ცენტრში ყოველ საღამოს 120 ახალგაზრდა.

_ მაგ შემთხვევაში, ამბობენ, არასახელმწიფო თეატრები, თეატრალური კომპანიები და დამოუკიდებელი ჯგუფები ფინანსდება სხვა მეთოდით, კერძოდ, მერია აფინანსებს თავისუფალ თეატრალურ პროექტებს _ ცალკეული სპექტაკლების დადგმას. ფართო საზოგადოება რომ არ დაიბნეს და არ ეგონოს, რომ სახელმწიფო თეატრები ფინანსდება ბიუჯეტიდან წლიურად და არასახელმწიფო თეატრებს უფინანსდებათ ცალკეული სპექტაკლები, აქვე უნდა განვმარტოთ ისიც, რომ  ამ თავისუფალ თეატრალურ პროექტებს უფინანსებენ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო თეატრებსაც, რომლებიც ისედაც ფინანსდებიან ბიუჯეტიდან.

_ ცალკეული სპექტაკლების დაფინანსება და თეატრების დაფინანსება ორი სხვადასხვა რამეა და ვინც ერთმანეთში ურევს, ელემენტარულად, ვერ ერკვევა თეატრის საკითხებში. რად მინდა მე დეკორაციის ფული, თუ მსახიობებისთვის მისაცემი ფული არ მექნა? როდესაც ეს თავისუფალი თეატრალური პროექტების დაფინანსება მოიგონეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იდეა იყო, მაგრამ იქვე დაუშვეს ორი ძირეული, არსებითი შეცდომა: როდესაც ერთ კონკურსში მონაწილეობს სახელმწიფო თეატრი, რომელიც ისედაც იღებს მილიონიან დაფინანსებას და ასევე მონაწილეობს თუნდაც თქვენი მინის თეატრი (საუბარია ჩემს თეატრალურ კომპანიაზე, _ რ. შ.), რომელსაც ერთი თეთრიც არ აქვს სახელმწიფოსგან და ამ პროექტის ფარგლებშიც აძლევენ მიზერულ 5 თუ 7 ათას ლარს, რომელ სამართლიანობაზეა ლაპარაკი? როდესაც თქვენ გვერდით მონაწილეობს რუსთაველის, ან მარჯანიშვილის თეატრი, რომელ სამართლიანობაზეა ლაპარაკი? ან რატომ აძლევ მათ მონაწილეობის უფლებას, როდესაც ისინი ისედაც იღებენ მილიონნახევრიან დაფინანსებას? თუ შენ აფინანსებ დამოუკიდებელ პროექტებს, მაშინ უნდა მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი თეატრები, კომპანიები, ჯგუფები, რომლებმაც ეს სპექტაკლები შეიძლება მერე ითამაშონ კიდეც რუსთაველის თეატრში, ოპერაში, ანდა სულაც ქუჩაში, ან სხვა სივრცეში. ეს სხვა საკითხია, სად ითამაშებენ, მაგრამ ვისაც ისედაც აფინანსებ, იმას რატომღა აღებინებ მონაწილეობას? საზღვარგარეთ ვერც ერთ ასეთ კონკურსში ვერ ღებულობენ მონაწილეობას სახელმწიფო თეატრები. გარდა ამისა,  დასავლეთში, სადაც იყენებენ დაფინანსების ამ მოდელს, აფინანსებენ  ექსპერიმენტებს, ძიებებს და არა იმას, რომ ვინმემ უბრალოდ რაღაც სპექტაკლი დადგას. არ შეიძლება, „ბატ ტასიკოს“ და ექსპერიმენტულ სპექტაკლს ერთნაირი საკონკურსო პირობები ჰქონდეს. ასეთი კონკურსები და პროექტები არის იმისთვის, რომ წაახალისოს ძიება, ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც შეიცავს რაღაც სიახლეს, განსხვავდება ტრადიციული სპექტაკლისგან. თუ არაფრით განსხვავდება, დასავლეთში გისვამენ კითხვას, _ კი მაგრამ რატომ არ დგამთ იმ თეატრში? იმიტომ, რომ თვითონ თეატრებსაც აქვთ ფული, რომ დადგან და შეინარჩუნონ ტრადიციები. ეს პრინციპი დარღვეულია და როდესაც ორ ასეთ შეცდომას უშვებ, რა თქმა უნდა, ზიხარ იმ კომისიაში გაბღენძილი და წყვეტ _ ვის მისცე, ვის არ მისცე, ვის რატომ მისცე და ვის რატომ არ მისცე…

_ წეღან ცენზურა ახსენეთ, ვგონებ, ეგეც ბრუნდება, მერიის კულტურის სამსახურის კომისიამთავისუფალ თეატრსუარი უთხრა კონკრეტული სპექტაკლის დაფინანსებაზე. მსმენია რა ამ სპექტაკლის ჩანაფიქრის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, უფრო პოლიტიკურია

_ რა თქმა უნდა, მე არ მომცემდნენ ამ სპექტაკლის დასადგმელად თანხას… სპექტაკლს ჰქვია „სასირეთი“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ სახელოწდების არაჩვეულებრივი სოფლები გვაქვს, ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ მოქმედება ხდება არა რომელიმე ამ სოფელში, არამედ გამოგონილ ქვეყანაში და როდესაც „თავისუფალი თეატრი“ დგამს სპექტაკლს, უნდა იფიქრო საქართველოზე და არა რაღაც აბსტრაქტულ ქვეყანაზე… მინდა გითხრათ, ვიცოდი, რომ არ დააფინანსებდნენ და პირიქით, მინდოდა კიდეც უარი…

_ რატომ?

_ მათ ძალიან დიდი სიურპრიზი ელით სწორედ მათი ამ ბრძანებით, რომ სპექტაკლს არ აფინანსებენ, ვიწყებ სპექტაკლს. მე ეს ქაღალდი მჭირდებოდა მათი ხელის მოწერებით, რომ არ აფინანსებენ ამ სპექტაკლს…

_ როდესაც ქვეყანას  „სასირეთიჰქვია, გასაგებია, რომ სპექტაკლი იქნება მწვავედ მამხილებელი, ალბათ, ფრჩხილებს ბოლომდე არ გახსნით, მაგრამ მოკლედ მაინც გვიამბებთ, რას ეხება სპექტაკლი

_ არაფერი დასამალი არ მაქვს, მე მინდა დავცინო ჩვენი ქალაქის მერს, მის მოადგილეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს იმიტომ, რომ ქალაქის მერისგან მხოლოდ ტყუილები მესმის. პირადად მე, ბოლო სამი წელიწადია, ნარმანია მატყუებდა, რომ „თავისუფალ თეატრს“ მუნიციპალურ დაფინანსებაზე გადაიყვანდა. ყოველ წელს გვეუბნებოდა, რომ წელს ვერა და შემდეგ წელს აუცილებლადო… ამოვიდა ყელში და გადავწყვიტე, დავდგა სპექტაკლი მერზე, რომელიც სულ იტყუება. რა თქმა უნდა, ბატონი ნარმანია იქ თავის თავს დაინახავდა და რა თქმა უნდა, კომისიის წევრებმა, რომლებიც  მერიაში ისხდნენ, დაინახეს, რომ მერიაზე ვდგამ სპექტაკლს, ამიტომაც მიიღეს ეგ გადაწყვეტილება, რომ არ დაეფინანსებინათ, თუმცა ის კი არ იცოდნენ, რომ რეალურად ისინი ჩემს პროვოკაციას წამოეგნენ. მე მშვენივრად ვიცოდი, რომ ისინი არ დააფინანსებდნენ.  თან როგორ ეტყობათ, რომ მათ არ იციან მთავარი რამ: ამით ვერ შეებრძოლები, როცა რამის დადგმა გინდა, ყოველგვარი ფინანსების გარეშე დადგამ, გახვალ ქუჩაში, გაშლი ხალიჩას და ითამაშებ. მაგრამ მათ ახომ ეს არ იციან.

_ იმ ფაქტს, რომთავისუფალი თეატრი“ 16 წელია, სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ფუნქციონირებს, პირიქით იყენებენ, დანარჩენ თეატრებს უთითებენ, რომ . . შესაძლებელია სახელმწიფო დაფინანსების გარეშე არსებობა, წადით და თქვენც მიხედეთ თავს. სხვა თეატრების ჩახსნაც უნდათთავისუფალი თეატრისმაგალითის მოშველიებით.

_ ეგ მესმოდა და მესმის 16 წელიწადია ყველა პრეზიდენტისგან, მინისტრისგან და მერისგან, _ თქვენ ხომ ისედაც კარგად მუშაობთ… მე მათ ვეკითხები, _ თქვენ რატომ ამაყობთ, რომ ჩვენ კარგად ვმუშაობთ? თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენ კარგად გვემუშავა? გეკითხებით, შეიძლება, 120-კაციანი დარბაზით წელიწადში უფრო მეტ მაყურებელს უჩვენო სპექტაკლები, ვიდრე უჩვენებენ მათ მიერ მილიონებით დაფინანსებული 700 და 800-კაციანი დარბაზების მქონე თაეტრები? ამ სტატისტიკას ხომ მე არ ვაქვეყნებ, თვითონ მერია აქვეყნებს და ტრაბახობს, რომ დედაქალაქში არის ასეთი თეატრი. მერი რომ ხარ და ვიცე-მერი რომ ხარ, შენ რატომ ამაყობ,  რა გატრაბახებს? რას იღებ ხმას საერთოდ? ეს მესმოდა და მესმის ყველასგან, _ თქვენ რად გინდათ დაფინანსება, თქვენ ხომ ისედაც კარგად მუშაობთ. რა გამოდის? ე. ი. ცუდად უნდა იმუშაო, რომ დაგეხმარონ და დაგაფინანსონ? რა მაგალითს უჩვენებს სახელმწიფო? აი, რა მაგალითს უჩვენებენ თქვენს „მინის თეატრს“, რომელსაც არც შენობა აქვს, არც სარეპეტიციო და მაინც მუშაობთ. იმის მაგიერ, რომ მოტივაცია გქონდეთ, რომ აი, „თავისუფალმა თეატრმა“კარგად იმუშავა და სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღო, ჩვენც ვიმუშაოთ, გავუმკლავდეთ სიძნელეებს და ჩვენც მივიღებთ მომავალში დაფინანსებას, ამის ნაცვლად თქვენ ხედავთ, რომ 16 წელია, „თავისუფალი თეატრი“ მუშაობს და მაინც არ აფინანსებენ. მითხარით, არ გიჩდებათ განცდა, რომ თქვენც არავინ დაგაფინანსებთ? თქვენც და სხვა თეატრალურ ჯგუფებსაც ამ მიდგომით ხელს აქნევინებენ, ესაა კრეტინული მიდგომა, სხვას ვერაფერს დავარქმევ.

_ მას შემდეგ, რაც მსახიობების ნაწილმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ანაზღაურების გამომათი პროტესტით გაღიზიანებული საზოგადოებისგან ამას მოჰყვა სრულიად გაუგონარი ტალღა, რომ  საერთოდ რატომ უნდა აფინანსებდეს თეატრებს სახელმწიფო, როდესაც მაყურებელი ყიდულობს ბილეთებს? მაგალითად მოჰყავთ ის, რომ არ ფინანსდება ბროდვეის თეატრები, მაგრამ არავინ ახსენებს, რა ღირს ბილეთები ბროდვეიზე

_ სახელმწიფო ერთნაირად უნდა მიუდგეს ნებისმიერ მოქალაქეს, სანტექნიკოსი იქნება ის თუ მსახიობი, ქვეყანაში ერთნაირად უნდა იყოს დაცული ყველა და არავის არ უნდა შიოდეს. დიახ, მსახიობს არ უნდა შიოდეს, მაგრამ რა, სხვას უნდა შიოდეს? სულაც არ მიმაჩნია, რომ მსახიობები პრივილეგირებული კლასია და ჩემში ეს ცალსახად გაღიზიანებას იწვევს. რაც შეეხება თეატრების დაფინანსება-არდაფინანსებას, ჩვენ ბროდვეის მაგალითების მოყვანა არ წაგვიყვანს სწორი გზით… ბროდვეის თეატრებს მართლაც არ აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ სწორს ბრძანებთ, ბილეთის ფასი იკითხონ, ახლა, ამ 2 კვირის წინ ვიყავი ნიუ-იორკში, სპექტაკლი გადიოდა კეიტ ბლანშეტის მონაწილეობით, ყველაზე იაფი ბილეთი 150 დოლარი ღირდა, ვერ მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ მეყიდა და დავსწრებოდი, უკან გამოვტრიალდი. სახელმწიფო ყველგან აფინანსებს თეატრებს, დაწყებული ამერიკიდან, დამთავრებული აფრიკის ქვეყნებით. და მთავარი: როდესაც სახელმწიფო აფინანსებს თეატრს, ეს კეთდება, ისევ და ისევ, მაყურებლისთვის, რომ ბილეთი არ ღირდეს ძვირი, არ დაედოს რეალური ფასი, რაც რეალურად ჯდება სპექტაკლის დადგმა და მორიგი წარმოდგენის გამართვა. ეს ვერ გაიგო და გაითავისა ამ ხალხმა. თეატრი სახელმწიფომ რომ არ დააფინანსოს, მაშინ ძალიან ძვირი უნდა ღირდეს ბილეთი, რომელსაც ვერავინ შესწვდება და დაიხურება თეატრები. კოლექტიური ხელოვნებები ყველგან ფინანსდება, რომ უფრო ადვილად მივიდნენ მაყურებლამდე. ამიტომ თანხებს, რომელსაც სახელმწიფოები აძლევენ თეატრებს, რეალურად აძლევენ მაყურებელს.

_ სოციალურ ქსელში ამომწურავი პოსტიც გამოაქვეყნეთ, მსოფლიოს რომელ ქვეყნებში აფინანსებს თეატრებს სახელმწიფო და სადაც არ აფინანსებს.

_ დიახ, დავწერე და ახლაც გავიმეორებ, თეატრებს სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით ყველა ევროპულ ქვეყანაში აფინანსებს. ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში (დაწყებული ალბანეთით, დამთავრებული ყაზახეთით) თეატრებს აფინანსებს სახელმწიფო. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს თეატრებს იაპონიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, მონღოლეთში, ბანგლადეშში, პაკისტანში, ვიეტნამში, ფილიპინებზე, ტაილანდში, ირანში, ისრაელში, თურქეთში, ავსტრალიაში, ალჟირში, ეგვიპტეში, ტუნისში, მაროკოში, კოდ-დ’ივუარში, განაში, სენეგალში, სამხრეთ აფრიკასა და კენიაში. იგივე ხდება მთელ ლათინურ ამერიკაში, იგივე კანადაში და მექსიკაში. ხშირად მუსირებს აზრი, რომ აშშ-ში სახელმწიფო არ აფინანსებს თეატრებს. განვმარტავ: ბროდვეის მუსიკალურ თეატრებს მართლაც არ აფინანსებენ, რადგან ისინი არც საჭიროებენ დაფინანსებას, მაგრამ „მეტროპოლიტენ ოპერის“ ტიპის კლასიკურ საოპერო და საბალეტო თეატრებს აფინანსებენ. ცნობისათვის: „კენედი ცენტრს“ პირდაპირ აშშ-ს კონგრესი აფინანსებს, ხოლო მრავალ ათას დრამატულ თეატრს რეიგანის რეფორმის შემდეგ აფინანსებენ ქალაქის მერიები და ხუთი ათასამდე(!!!) სპეციალურად შექმნილი კულტურისა და განათლების ფონდები, უნივერსიტეტები და უმსხვილესი კორპორაციები. სკოლებსა და კოლეჯებში სავალდებულო საგანია „თეატრი“ და მარტო შექსპირის სახელობის ასზე მეტი თეატრია მთელ ქვეყანაში. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მუშაობს საქველმოქმედო კანონი, რომელიც ბიზნესს აინტერესებს, დაეხმაროს თეატრს. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეროვნული ლატარიით ივსება კულტურის ფონდი, ესტონეთში კი კაზინოებიდან, ალკოჰოლისა და სიგარეტის გაყიდვისაგან შემოსული მთელი თანხა კულტურის ფონდს ავსებს, რომელიც კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის პარალელურად დამატებით აფინანსებს თეატრებს. ზემოთ ჩამოთვლილ ბევრ ქვეყანაში კერძო თეატრებიც ისევე ფინანსდებიან სახელმწიფოსგან, როგორც სახელმწიფო თეატრები, ზოგჯერ უფრო მეტადაც. არ გაინტერესებთ, სად არ ფინანსდება თეატრები სახელმწიფოსგან? დრამატული თეატრები არც აქვთ და არც ფინანსდება ჩრდილოეთ კორეაში, ავღანეთში, ასევე ჩამორჩენილ აფრიკულ და ზოგიერთ მდიდარ არაბულ ქვეყანაში. კვლავ ვსვამ კითხვას, რომელიც დავსვი სოციალურ ქსელშიც, _ რომელ ქვეყანას გვინდა. ვგავდეთ?..

 

რევაზ შატაკიშვილი