ტენდერში გამარჯვებული შპს „ოლმარკეტ.ჯი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უსამართლო დისკვალიფიკაციაში ადანაშაულებს

„6 საათში მიღებული გადაწყვეტილება, სახელმწიფო შესყიდვების/ State Procurement Agency“, მსგავსი არასდროს მომხდარა. დღეიდან იწყება თქვენი დასამარება! სიმართლით აღარ გინდათ, რომ იცხოვროთ? ბიზნესის განვითარებასა და კონკურენტული გარემოს შექმნას ლობირებთ სულ და ეს არის თქვენი სამართალი? არ ფიქრობთ ჩვენი შვილების მომავალზე, შედარებით პატარა კომპანიებს რომ ხელი შეუწყოთ და ზრდის საშუალება მისცეთ, ეს სულ არ გადარდებთ! იმედია, სამართალი მაინც გაიმარჯვებს, ვიბრძოლებთ ბოლო წუთამდე! ბრძოლა იწყება დღეიდან, კარგად გაითავისეთ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო/ State Procurement Agency“ _ წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე შპს „ოლმარკეტ.ჯი-ს“ კორპორაციული გაყიდვების ბრენდ-მენეჯერი, დიმიტრი დანელია.

მიმდინარე პროცესის მთავარ დეტალებზე „ქრონიკა+“ დიმიტრი დანელიას ესაუბრება:

_ 20 აპრილს ჩვენმა კომპანია შპს „ოლმარკეტ.ჯიმ“, რომელიც საქართველოში რამდენიმე ბრენდის დისტრიბუტორია, მონაწილეობა მიიღო კონსოლიდირებულ ტენდერში, სადაც მეორე პრეცედენტი,შპს „იუჯითი“ იყო. აღვნიშნავ, რომ ეს ყველაფერი 20 აპრილს მოხდა. პროცესმა ჩაიარა, ეს ტენდერი მოვიგეთ. 5-მილიონიანი პროექტი იყო, სადაც „იუჯითის“ ფასით ვაჯობეთ.

იმ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, ყველაფერი რიგზე იყო, ანუ რა საბუთებიც მოითხოვეს, ყველაფერი დაკმაყოფილებული გვქონდა. შესაბამისად, ჩვენს ბრენდთან გადამოწმებულიც, რა ბრენდითაც ამ ტენდერში გავდიოდით.

უკვე 21 აპრილს, 7 საათზე, უფრო სწორად, 7-ის 10 წუთზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან იტვირთება ოქმი, რომ თქვენ აღნიშნული ტენდერიდან დისკვალიფიცირებული ხართო. ასეთი რამე არ ვიცი, 6 წელია ტენდერებზე ვმუშაობ, მსგავსი რამ არ მომხდარა, რომ საკითხი 6 საათში განეხილა მთელ მთავრობას და მინისტრის მოადგილეებს, ხელი მოეწერათ და რეალურად გასცნობოდნენ ჩვენს ტექნიკურ დოკუმენტაციას.

ახლა მიზეზი: თითქოს ტენდერში მოთხოვნილი იყო ერთ-ერთი პირობა, რომ ბრენდს მსოფლიო ბაზარზე 10-წლიანი ისტორია უნდა ჰქონოდა. შეთავაზებული, ანუ „პანტუმის“ სახელით ჩვენი ბრენდი ბაზარზე 2010 წლიდან გამოჩნდა, ხოლო მანამდე ეს ბრენდი ბაზარზე სხვა, ანუ „სეინე ტექნოლოჯის“ სახელით ოპერირებდა.

ეს ფირმა 2006 წლიდან დაარსდა და სახარჯ მასალებსა და პრინტერებს უშვებდა. შესაბამისად, მწარმოებლისგან წერილი გვქონდა, რომ „სეინე ტექნოლოჯიმ“ პრინტერებისა და სახარჯი მასალების წარმოება 2006 წლიდან დაიწყო. ამდენად, ამ ბრენდს ათწლიანი გამოცდილება აქვს. „სეინე“ იყო 2006 წლიდან, მერე სახელი გადაერქვა, რებრენდინგის სახით უკვე „პანტუმი“ გახდა და ბაზარზე ამ სახელით 2010 წლიდან გამოდიოდა.

მაგრამ შესყიდვების სააგენტომ აბსურდულად  მიიჩნია, რომ შეთავაზებულ ბრენდს ბაზარზე 10-წლიანი გამოცდილება არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ეს სრული დისკრიმინაციაა როგორც ჩვენი ბრენდის, ასევე ჩვენი კომპანიის მიმართ.

შედარებით პატარა კომპანიას საშუალებას არ გვაძლევენ, ზრდას მივაღწიოთ, განვვითარდეთ და მთავრობას ბიუჯეტი უფრო დავუზოგოთ. მთავრობას, თითქმის, 5-მილიონიან ტენდერში 600-ათასით ნაკლები ფასი შევთავაზეთ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.

ჩვენ არ დავნებდებით, ორშაბათს სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. ამაში ჩართულია ჩვენი ევროპული ბრენდის ოფისიც. თვითონ ბრენდი ჩინური კომპანიაა (საკმაოდ დიდია), რომლის მფლობელობაშიც არის ცნობილი ბრენდი „ლენოვო“, იგივე „ლექსმარკი“ უკვე შარშანდლიდან.

მოკლედ, არ ვაპირებთ დავნებდეთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. ვფიქრობთ, ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ორშაბათიდან ვაპირებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობოებსა და ტელევიზიებს გავაგებინოთ, რაც მოხდა, რადგან სრული დისკრიმინაციაა ჩვენი კომპანიის მიმართ. ამას ვერ ავიტანთ და ვერ შევეპუებით, რადგან ტენდერში რაც იყო მოთხოვნილი, ყველაფერს ვაკმაყოფილებდით და მართლები ვართ.

_ დავაზუსტოთ: აღნიშნული ტენდერი კონკრეტულად რას შეეხება?

_ ეს არის კონსოლიდირებული ტენდერი, ერთწლიანი მომსახურება ლაზერულ პრინტერებზე, ანუ ჯამში სულ ორი ტენდერი იყო: ერთი მრავალფუნქციურ პრინტერებზე, მეორე მონოფუნქციურ ლაზერულ პრინტერებზე, თავის კერტრიჯებთან ერთად. ორივე ტენდერი ჩვენმა კომპანიამ მოიგო, მაგრამ ორივეში ერთი და იგივე მიზეზი გამონახეს, რომ ვითომ ჩვენს ბრენდს საერთაშორისო ბაზარზე არ აქვს 10-წლიანი გამოცდილება, ეს არის და ეს.

_ ამ უარყოფის წერილში მარტო ეს მიზეზი იყო დასახელებული, თუ სხვაც?

_ მარტო ეს მიზეზი აქვთ დასახელებული, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით. თან ეს ყველაფერი 6 საათში მოხდა. არც ერთი კონსოლიდირებული ტენდერის, თუნდაც არც ერთი სხვა ტენდერის განხილვა 6 საათში არ მომხდარა.

_ მაშინ ასეთი სისწრაფით განხილვას და ასეთ პასუხს რას უკავშირებთ, რამე მოტივაციაზე საუბრობთ?

_ რას ვუკავშირებთ და სადღაც რაღაც ხდება, შესყიდვების სააგენტოსა და „იუიჯითის“ შორის, ან გარიგებაა, ან მსგავსი რაღაც. ასეთ კვალიფიკაციას მივცემთ, უფრო გარიგებას ჰგავს ეს ყველაფერი.

_ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ხომ არ გაქვთ დასახელებულ კავშირზე?

_ პირდაპირ კავშირზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით. ერთადერთი ის შემიძლია მოვიყვანო, რომ როდესაც ამ კონკრეტული ტენდერის გამოცხადებას აპირებდნენ, რეალურად ჩართული ვიყავით და ჩვენთვისაც უნდა მოემართათ. ეს, ჯერ კიდევ, მაშინ, როცა ბაზრის კვლევას ატარებდნენ, მათთვის ჩვენი ფასიც რომ მიგვეწოდებინა.

ეს არა მარტო ჩვენთვის, სხვადასხვა დისტრიბუტორისთვისაც უნდა გაკეთებულიყო, ვინც საქართველოში პრინტერების ჩამომტანები არიან. რეალურად, ყველასთან უნდა შეევლოთ ფასის მოთხოვნაზე, რა ბიუჯეტითაც ეს ტენდერი გამოცხადდებოდა.

როგორც ჩანს, მარტო „იუჯითისგან“ აქვთ ფასი გაგებული, ე. ი. ეს ტენდერი თავიდან ბოლომდე მორგებული იყო. ისინი არ ელოდნენ, რომ ჩვენც მივიღებდით მონაწილეობას. აი, ამ ყველაფრის მერე დაიწყო ის, რაც მოხდა და რაზეც გიამბეთ.

_ თვითონ „იუჯითის“ შეთავაზება როგორი იყო, საქმის კურსში ხართ?

_ რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ. „იუჯითის“ სისტემაში ძალიან ბევრი საბუთი, დოკუმენტი ატვირთული არ აქვს. იყო თარგმანი, კერტრიჯის აისოს სერტიფიკატები, მაგრამ „იუჯითის“ სატენდერო დოკუმენტაცია არც განუხილავთ, პრინტერისა და კერტრიჯის ნიმუში ისე მოსთხოვეს.

ჯერ დოკუმენტაციას არც გაცნობილან (ჩანაწერში ეს აკლიათ თუ არა), პირდაპირ ნიმუშს სთხოვენ, რაც იმას მიანიშნებს, რომ ეს პირდაპირი ხელშეკრულების წინაპირობაა.

_ ანუ თქვენთვის უარის თქმის შემდეგ მხოლოდ მათთან თანამშრომლობენ?

_ კი ბატონო, როდესაც 5 სამუშაო დღეში პრინტერისა და კერტრიჯის ნიმუშს სთხოვ, უკვე შემდეგი ეტაპი ხელშეკრულებაა.

_ ამ შემთხვევაში კანონმდებლობა რას ითვალისწინებს, თავიდან უნდა გამოცხადდებულიყო ეს ტენდერი?

_ კანონმდებლობა ამას არ გულისხმობს, მაგრამ, რეალურად, ჩვენ მოვიგეთ ტენდერი, რადგან ყველაფერი მწყობრში გვქონდა (დოკუმენტაცია, ყველაფერი, რაც კი ტენდერით იყო მოთხოვნილი).

საბუთები ისეთ დროს გვქონდა ატვირთული, რომ აღდგომის დღეებს დაემთხვა. ტენდერი ხუთშაბათს გამოცხადდა, პარასკევი ისედაც არასამუშაო დღე იყო, შაბათი, კვირა და ორშაბათიც ხომ დასვენების დღეებია? ისე მოგვიწია, რომ ტენდერი უკვე ხუთშაბათს იყო, 24 აპრილს, იმდენი საბუთი მოითხოვეს, რომ ძალიან რთული იყო ამის მოსწრება.

ჩვენი გენერალური ოფისი უშუალოდ მოსკოვშია, შესაბამისად, იქაც მართლმადიდებლები არიან, დასვენების დღეები იყო და საბუთების კეთება ძალიან გაგვიჭირდა. ბოლოს, 19 აპრილს, ძლივს მოვასწარით, რომ ყველაფერი შეგვეკრა, გვეთარგმნა, ხარჯები გავწიეთ, თითო ტენდერში 5000 ლარი გადავიხადეთ, რომელიც წაგებისა და გინდაც, მოგების შემთხვევაში უკან არ ბრუნდება. ესეც ჩვენი ხარჯი იყო, რა თქმა უნდა… ამიტომ არ ვაპირებთ დავნებდეთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

_ 10-წლიანი ვადის (საქმიანობის) პრობლემა ახსენეთ, ამ შემთხვევაში პრაქტიკა როგორია, შეიძლება მაგალითი მოიყვანოთ, სხვა დროს როგორ წყდებოდა ეს საკითხი?

_ აგიხსნით: ჩვენი ბრენდია ჩინური საერთაშორისო ბრენდი „პანტუმი“, რომელიც სხვადასხვა ბრენდის პრინტერებს აწარმოებს, მაგალითად „ლენოვოს“ პრინტერებსაც ეს „სეინე ტექნოლოჯი“ უშვებს. ანუ იურიდიულად სხვა შპს-ა, ოღონდ ერთი მმართველის ქვეშაა.

მაგალითად, „ტოშიბა“ ავიღოთ: „ტოშიბა“ ბაზარზე ამ სახელწოდებით 2009 წელს გამოჩნდა, მანამდე აღნიშნულ პროდუქტს სხვა სახელით უშვებდა. ანუ რა გამოდის, „ტოშიბას“ არ აქვს ბაზარზე 10-წლიანი გამოცდილება?

ჩვენ აქაც პირდაპირ ანალოგს ვხედავთ, მწარმოებელი და ბრენდი იყო „სეინე ტექნოლოჯი“, რომელიც 2006 წლიდან 2010 წლამდე მოწყობილობას „სეინეს“ სახელით უშვებდა. შემდეგ წამოვიდა, როგორც „პანტუმი“. ანუ ჩვენ ბაზარზე 10-წლიან პრაქტიკას სრულად ვაკმაყოფილებთ, რაზედაც უსამართლო დისკვალიფიკაცია მოგვცეს და სასამართლოში უნდა ვიდაოთ.

_ სასამართლოში რის მიღწევას შეეცდებით?

_ ტენდერი საწყის პოზიციას უნდა დაუბრუნდეს, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ან თავიდან გამოცხადდეს ტენდერი. მეორე მხრივ, ტენდერის თავიდან გამოცხადების არანაირი წინაპირობა არ არის, რადგან ძირითად დროში ჩვენ მოვიგეთ.

როგორც აღვნიშნე, სარჩელს ორშაბათს შევიტანთ, რადგან ოქმი სამუშაო დღის დასრულებისას აიტვირთა და ვეღარაფერს მოვასწრებდით.

_ რა მოლოდინი გაქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით?

_ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო მაინც ობიექტური იქნება.  ყველაფერი ისე გაკეთდება და გადაწყდება, როგორც ამას ელემენტარული სამართალი მოითხოვს, რასაც ჩვენი ბრენდი დაადასტურებს და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

იმედი გვაქვს, წარმატებას მივაღწევთ! ბოლოს და ბოლოს, სიმართლე გაიმარჯვებს. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ დისტრიბუციაში ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს. რომ არ გვქონოდა ეს გამოცდილება, კონსოლიდირებულ ტენდერში ვერ მივიღებდით მონაწილეობას. მინიმუმ, 2-მილიონიანი ბრუნვა უნდა ჰქონდეს კომპანიას (ასევე სხვადასხვა პუნქტი), რომ  ე. წ. კონსოლიდირებულ ტენდერში შევიდეს და მონაწილეობა მიიღოს.

შარშან, მაგალითად, ჩვენ სახელმწიფო შესყიდვებით სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, დაახლოებით, 600 ათასი პრინტერი და სახარჯი მასალა გავყიდეთ, ანუ გამოცდილების პრობლემა არ გვაქვს და, რა თქმა უნდა, ყველანაირ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ.

 

გელა მამულაშვილი