,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მძიმე სამშაბათი – რა იქნება მაღლაფერიძე-ანთაძის ახალი შეთავაზება?!

საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმირების ხმაურიანი პროცესი გრძელდება. სამსახურიდან განთავისუფლებას ჟურნალისტი ლაშა მესხი აპროტესტებს და მენეჯმენტის გადაწყვეტილებას თავის პროფკავშირულ მოღვაწეობას უკავშირებს. მას გაერთიანებული პროფკავშირებიდან და ომბუდსმენის აპარატიდან მხარი დაუჭირეს. დღეს, სამშაბათს, ცნობილი გახდება, თუ რა კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს „საზმაუს“ ხელმძღვანელობა გადაცემების ავტორებსა და ჟურნალისტებს.

„ქრონიკა+“-ის პირველი რესპონდენტია ჟურნალისტი ლაშა მესხი:

_ განთავისუფლების შესახებ 28 თებერვალს ჩემმა უშუალო უფროსმა შემატყობინა, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გვიმრაძემ. მოკლედ, ჩემთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძლებდა და მირჩია, რომ ძალები არა ჟურნალისტიკაში, არამედ სხვაგან მომესინჯა, რადგან, როგორც მან თქვა, ჟურნალისტიკა, მაინცდამაინც, კარგად არ გამომდის.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი პირდაპირი დისკრიმინაციაა, რაზეც არა მარტო მე, არამედ სახალხო დამცველი და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი აქცენტს აკეთებს. შრომის კოდექსის აბსოლუტური უგულებელყოფით, ცამეტ ჟურნალისტს, ერთთვიანი კონტრაქტი დაგვიდეს. აქედან, თვის ბოლოს, უფროსობისთვის მიუღებელი მხოლოდ მე გავხდი.

ეს იმ რეალობაში, როდესაც ტელევიზიაში პროფესიული გამოცდა, ტესტი, შეფასება, არანაირი მსგავსი პროცედურა ჩემთან და არც არავისთან მიმართებით არ ჩატარებულა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ეს განსხვავებული აზრის პირდაპირი დისკრედიტაცია, დევნაა და, ყველაფერთან ერთად, პროფკავშირული საქმიანობის შევიწროებაა.

_ პროფკავშირულ საქმიანობას რა ფორმით უკავშირდება?

_ ჩვენ წინა წლის მაისში საზოგადოებრივ მაუწყებელში პროფესიული გაერთიანება შევქმენით, რომელსაც ამ დრომდე მე ვხელმძღვანელობ. სამსახურში ვიქნები თუ არა, მაინც პროფკავშირების თავმჯდომარედ ვრჩები. ეს, ალბათ, ვერ გათვალეს.

ამას პლუს მაისის მოვლენებს თუ გავიხსენებთ, ჩვენ კოლექტიური დავა გამოვიყენეთ, ანუ საპროტესტო აქციაზე დავიმუქრეთ, რომ 21 დღეში გავიფიცებოდით (ეს მოამბის სრულ პარალიზებას ნიშნავდა). მაშინ, კოლექტიული დავის მიხედვით, სახელმწიფოს შუამავლობით მოვრიგდით. საზოგადოებრივ მაუწყებელში 600-ზე მეტ დამიანს 10 და 20%-ით ხელფასი გაეზარდა, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი გაერთიანების წევრები არ იყვნენ.

რასაკვირველია, ეს მენეჯმენტისთვის მიუღებელი იყო. ასევე სხვადასხვა დარღვევაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი და ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ვამბობდი, რომ დასაქმებული მთავარი პრიორიტეტია და არ შეიძლება, ასე ერთი ხელის მოსმით ადამიანები სამსახურიდან დაითხოვო. შესაბამისად, პროფესიული კავშირის ეს და სხვა აქტივობები მათთვის მიუღებელი იყო და ამის გამო მე დღეს სახლში ვარ.

_ რას აპირებთ?

_ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ შევეგუებით, რადგან ეს ჩვენთვის ღირსების საქმეა. ამასთან პირდაპირ გეტყვით, რომ არა მარტო სამართლებრივ, არამედ სხვადასხვა საპროტესტო ფორმასაც გამოვიყენებთ ამ უკანონობის, სრული სიბნელისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

სწორად რომ აგიხსნათ, ეს არის პირდაპირი მესიჯი სხვა თანამშრომლებისთვის, რომლებიც „ბედავენ“ და დღემდე მენეჯმენტს უპირისპირდებიან. აი, თუ თქვენ ასე მესხივით ხმას ამოიღებთ, იგივე ბედი გელითო. ეს არ გაუვათ. დიახ, ჩვენ გამოწვევა მიღებული გვაქვს და აქედან გამარჯვების გარეშე არ გავალთ.

_ რას გეგმავენ სხვა ჟურნალისტებთან, გადაცემებთან მიმართებით?

_ მათი ქმედებები აბსოლუტურად გაუგებარია და ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის. პრობლემა აქვს გადაცემა „რეალურ სივრცეს“, რომელსაც რაღაც გაუგებარი კონტრაქტები დაუდეს. ნინო ზაუტაშვილი, თითქოს, მოამბის თანამშრომლად უნდა გადაეყვანათ, რაზეც მისგან, რასაკვირველია, უარი მიიღეს. ასევე პრინციპულ უარს მიიღებენ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დასაქმებულთან შეთანხმებული (მისთვის მისაღები) არ იქნება.

დროა, წინა მენეჯმენტის გამოცდილება კარგად გაიზიაროს ახალმა მენეჯმენტმა, რომელშიც, პრინციპში, ერთი კაცი, ვასილ მაღლაფერიძეა ახალი. დანარჩენი ყველა კოჰაბიტირებული ძველი მენეჯერია, რომელთაც ეს მაუწყებელი დააქციეს.

შესაბამისად, მათ წინ კარგი გაკვეთილი აქვთ. ჩვენ რეალური ცვლილებები გვინდა და ეს იმით არ უნდა იწყებოდეს, რომ განსხვავებულ აზრს თავიდან იშორებდნენ. თუ ჩვენ სწორება ევროკავშირზე, „ბიბისისა“ და „სიენენის“ სტანდარტებზე გვაქვს, თანამშრომლებს საბჭოთა მეთოდებით არ უნდა ვებრძოდეთ.

 

საპასუხო კომენტარისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მრჩეველს _ ია ანთაძეს დავუკავშირდით:

_ იცით, ალბათ, რომ ლაშა მესხს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა და მისმა უშუალო უფროსებმა გადაწყვიტეს, აღარ გაუგრძელონ. ხელშეკრულება იმიტომ არსებობს, რომ როდესაც მისი ვადა ამოიწურება, გაგრძელდეს, ან არ გაგრძელდეს. ამას ის ადამიანები წყვეტენ, ვისთანაც უშუალოდ მუშაობს პირი, ვისაც ხელშეკრულების ვადა უმთავრდება.

შეხვედრისას ვასილ მაღლაფერიძემ მას უთხრა, რომ რამდენადაც იურიდიული სამსახური ამბობს, ამ გადაწყვეტილებაში რაიმე დარღვევა არ არის, _ ერთადერთი სასამართლოს გზა რჩება და თუ სასამართლო გადაწყვეტს, დარღვევით განთავისუფლდა, მე ვიქნები პირველი, ვინც მის უკან დაბრუნებას მოგილოცავთ და სიამოვნებით ვითანამშრომლებთო; ჩვენს იურიდიულ სამსახურსაც ეცოდინება, რომ შეცდომა დაუშვაო.

_ ლაშა მესხი მასთან გაფორმებულ ერთთვიან ხელშეკრულებაზე საუბრობს. ეს რამდენად მართებული დამოკიდებულებაა თანამშრომლის მიმართ?

_ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი ჩვენი ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის კომენტარი მაქვს, რომელიც ამბობს, რომ არავითარი კანონდარღვევა, არც ერთ ეტაპზე, ლაშასთან ურთიერთობაში არ ყოფილა. სწორედ ამიტომ საჭიროა სასამართლო, რომ მან იურიდიული პროცედურების კუთხით გაარკვიოს, ლაშა არის მართალი (როცა ამბობს, რომ იქ შეცდომა დაუშვეს), თუ ჩვენი იურიდიული სამსახური (რომელიც ამბობს, რომ შეცდომა არ დაუშვიათ)?

იურისტი არ ვარ და მხოლოდ იმას ვიმეორებ, რაც ორივე მხრიდან მესმის. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი, უბრალოდ, არ შეიძლება მქონდეს, რადგან უფრო კომპეტენტური ვერ იქნება, ვიდრე ჩვენი იურიდიული სამსახურის პოზიციაა.

_ როგორ გაგრძელდება რეფორმის პროცესი სატელევიზიო გადაცემებთან, მათ შორის, ნინო ზაუტაშვილის „რეალურ სივრცესთან“ მიმართებით?

_ ეს საინტერესო თემაა, რადგან სამშაბათს სამეურვეო საბჭოს სხდომა არის დანიშნული. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი სამშაბათს დამთავრდება, როდესაც ჩვენ და სამეურვეო საბჭო რეფორმის გასატარებლად ისეთ გზას ვეძებდით, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის.

ის, რომ რეფორმა და ცვლილებები აუცილებელია, ამაზე არ ვდაობდით და პირველივე შეხვედრისას შევთანხმდით. ოღონდ სადავო იყო გზა, ეს რეფორმა როგორ უნდა გატარებულიყო. ჩვენ უფრო გრძელ ნაბიჯს ვთავაზობდით რეფორმისკენ, ანუ მის უფრო სწრაფად ჩატარებას და დასრულებას. თუმცა საბჭოს მიაჩნია, რომ სჯობს რეფორმა დროში გახანგრძლივდეს, შედეგი უფრო გვიან გვქონდეს და, ამ ეტაპზე, ეს ძალიან მტკივნეული არ იყოს. მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მაყურებლისთვისაც.

რაღაც კომპრომისული გზა მოვძებნეთ და სამშაბათს ეს ვერსია უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება, ანუ ვერსია, რომელზეც მმართველი გუნდი და სამეურვეო საბჭო შევჯერდით.

 

ნინო ზაუტაშვილი _ სატელევიზიო გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი:

_ მე მხოლოდ ის ვიცი, რაც თქვენ. ისინი გეგმას სამშაბათს წარმოადგენენ და შესაბამისად, ჩვენც ყველაფერს მაშინ გავიგებთ. სიმართლე გითხრათ, ამ წუთში არანაირი წარმოდგენა არ მაქვს, რა გეგმაზეა საუბარი, რადგან ფართო აუდიტორიას პირველად წარუდგენენ. გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებთ.

 

ლაშა მესხის სამსახურიდან გაშვებას საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, თამაზ დალაბერიძე აფასებს:

_ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის ლიდერის, ლაშა მესხის სამსახურიდან განთავისუფლებას და ამ ფაქტს აფასებს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის პირდაპირ შეტევას დასაქმებულთა იმ ფუნდამენტურ და განუხრელ უფლებებზე, რომელიც მათ ენიჭებათ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო კონვენციებით და საქართველოს კანონმდებლობით.

ცივილიზებული თანამედროვე მსოფლიო შეთანხმებულია, რომ პროფესიული კავშირი არის დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს წევრთა ინტერესებს და უფლება აქვს, დამსაქმებელთან აწარმოოს კოლექტიური მოლაპარაკებები, მონაწილეობა მიიღოს კოლექტიური შრომითი დავების მოგვარების პროცესში, კანონით დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებით გამოვიდეს დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უმთავრესი სტანდარტი, „სამმხრივი სოციალური დიალოგი“, სწორედ იმას გულისხმობს, რომ პროფესიული კავშირი არის სოციალური პარტნიორის სტატუსის მატარებელი ინსტიტუცია და სოციალურ პარტნიორებს შორის თანაბარუფლებიანობისა და თანასწორობის პრინციპების დასაცავად, პროფკავშირის ლიდერთა დაცვის გარანტიები კანონმდებლობებით არის გამყარებული, მაგალითად:

საქართველოს კონსტიტუცია _ მუხლი 26:

  1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.

საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ _ მუხლი 23:

  1. დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა, ან დისციპლინური წესით დასჯა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ _ მუხლი 24:

  1. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული მუშაკის დამსაქმებლის ინიციატივით დათხოვნა მისი არჩევითი უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ არ შეიძლება ერთი წლის განმავლობაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გახლავთ კერძო კომპანია და მისი მართვა ხორციელდება სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის არჩეული ლიდერის, ლაშა მესხის სამსახურიდან განთავისუფლებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფოს მიერ ჩადენილ უკანონო, დანაშაულებრივ და დისკრიმინაციულ ქმედებას, რაც საქართველოსთვის რეპუტაციას აუცილებლად დააზიანებს.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო თავად უნდა იყოს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების, ასოციაციის თავისუფლებისა და, ზოგადად, კანონმდებლობის დაცვის გარანტი, შესაბამისად, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას, _ სასწრაფოდ შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტის განთავისუფლებას სახალხო დამცველი ეხმიანება:

_ საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „მოამბის“ ჟურნალისტის, ლაშა მესხის განთავისუფლების ფაქტს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა, წარმოადგენდეს განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციას.

როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, ლაში მესხის განთავისუფლების საფუძველი მასთან დადებული ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთადერთი განთავისუფლებული პირია იმ 13 დასაქმებულიდან, რომელთა ერთთვიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კანონის ფარგლებში სამსახურიდან განთავისუფლება არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. ხშირ შემთხვევაში, სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით განთავისუფლებისთვის სწორედ მოკლევადიანი ხელშეკრულებები გამოიყენება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, უცნობია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მხოლოდ ლაშა მესხის სამსახურიდან განთავისუფლება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტი მენეჯმენტის მიმართ მის განსხვავებულ და კრიტიკულ მოსაზრებებსა და პროფესიულ კავშირში აქტიურ საქმიანობაზე მიუთითებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს პასუხისმგებლობა ეკისრება, განსაკუთრებით წონადი არგუმენტები წარმოადგინოს და დაასაბუთოს, რომ ჟურნალისტი სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით არ განთავისუფლებულა.

სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად დააკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს.

გელა მამულაშვილი