გიგლა აგულაშვილის კომფორტის ზონა

თებერვლის ბოლო კვირას პროფესიით იურისტისა და ამჟამინდელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი.

ბუნებრივია, მანამდე მისი ქონების დეკლარაციას გადავხედე და აღმოჩნდა, რომ იგი 2015 წელს, პოლიტიკაში გამოჩენამდე, საგამოძიებო სტრუქტურებში მუშაობდა, შესაბამისად, აგულაშვილის ქონებრივი დეკლარაციების შედგენაც ამ პერიოდიდან იწყება.

მინისტრს ჰყავს მეუღლე _ ქეთევან გილაშვილი და სამი ვაჟიშვილი: ლუკა, გიორგი და მათე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია, ჯერ კიდევ, კახეთის საოლქო პროკურორად მუშაობის დროს, 2000 წელს შეავსო. იმ პერიოდში მის საკუთრებაში იყო ბინა თბილისში (ღირებულება 20 000 ლარი), საგარეჯოში მიწის ნაკვეთი, საბაზრო ღირებულება 7000 ლარი და თბილისში მდებარე ავტოფარეხი (7000 ლარად შეფასებული).

2001 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აგულაშვილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორის თანამდებობაზეა. აღნიშნული დოკუმენტის შევსებისას აგულაშვილს ნაღდი ფულის სახით 22 000 ლარი, მეუღლე ქეთევან გილაშვილს 30 000 ლარი, ხოლო შვილებს 7200 ლარი ჰქონდათ. კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე მიღებულმა წლიურმა ანაზღაურებამ 2420 ლარი შეადგინა, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სემინარებზე ლექციების ჩატარების სანაცვლოდ 460 ლარი მიიღო.

2002 წელს მისი ქონებრივი დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის თავმჯდომარის რანგში შეივსო. გიგლა აგულაშვილმა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას წლიური შემოსავლის სახით 1494 ლარი, ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტში ლექტორის თანამდებობაზე 205 ლარი, საია-ს სემინარებიდან 417 ლარი, სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორობისას 105 ლარი, ხოლო იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას 250 ლარი მიიღო.

2003 წლის ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას აგულაშვილის უძრავი ქონება უცვლელია.

2004 წლის დეკლარაციის თანახმად, გიგლა აგულაშვილი იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსია და ანაზღაურების სახით მიიღო 1881,2 ლარი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას 291,67 ლარი, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივ სარგოდ _ 935, 21 ლარი. მისი უძრავ-მოძრავი ქონება უცვლელი დარჩა.

2012 წელს ჩვენი მინისტრი მომდევნო დეკლარაციას ავსებს და ამ დროისთვს მისი უძრავი ქონება იზრდება: 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში, 83.00 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი საბურთალოს ქუჩაზე, 30 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი კეკელიძეზე, 94.30 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე არასაცხოვრებელი ფართები კეკელიძისა და ნუცუბიძის ქუჩებზე. აგულაშვილის მეუღლის, ქეთევან გილაშვილის სახელზეა 100 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი კეკელიძეზე. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, აგულაშვილის საკუთრებაშია თბილისში, ხომლელის ქუჩაზე და საგარეჯოში სოფ. ბადიაურში არსებული მიწის ნაკვეთები. ამ დროისთვის აგულაშვილები ორ ავტომანქანას ფლობენ: 2000 წლის გამოშვების Mitsubishi Pajero Io-ს და 2008 წლის გამოშვების Suzuki Grand Vitara-ს.

2013 წლის ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, აგულაშვილის ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება უცვლელია.

2014 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიგლა აგულაშვილის საბანკო ანგარიშები შემდეგნაირად გამოიყურება: „თიბისი ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე 191.26 ლარი, ვიზა კლასიკზე 1160.67 აშშ დოლარი, ანაბარზე 0.33 დოლარი, ხოლო ბანკ „ქართუში“ ვიზა პლატინიუმზე 7116.46 ლარი აქვს. მის მეუღლეს, ქეთევან გილაშვილს, „თიბისი ბანკის“ ვიზა კლასიკზე 2.51 აშშ დოლარი აქვს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე აგულაშვილის წლიურმა შემოსავალმა 66373.71 ლარი შეადგინა. შვილების სწავლის სანაცვლოდ გადახდილმა თანხამ 22 500 ლარი შეადგინა, ხოლო საკუთარ განათლებაში გიგლა აგულაშვილმა 5113.80 აშშ დოლარი გადაიხადა.

ბოლოს, მისი ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 22 დეკემბერს შეივსო.  გიგლა აგულაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება კი ასე გამოიყურება: იგი 1000.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს წავკისში; 30.00 კვ.მ.-ის ფართობის ავტოფარეხსა და 49.91 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელ ფართს კეკელიძის ქუჩაზე; არასაცხოვრებელი ფართს ნუცუბიძის ქუჩაზე;

მეუღლის, ქეთევან გილაშვილის სახელზეა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე 100.00 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი;

აგულაშვილი, ასევე, ფლობს 4402.00 კვ.მ.-ისა და 880.26კვ.მ.-ის ფართობების მიწის ნაკვეთს საგარეჯოში, ბადიაურში.

მეუღლის, ქეთევან გილაშვილის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა Suzuki Grand Vitara,, 2008, QFQ 493.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას 66465.00 ლარი მიუღია.

აღნიშნული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ კეკელიძის აღმართს დავადექი. ამინდიც შესანიშნავი იყო და მიმდებარე ტერიტორიების კარგად ცნობის გამო მის საცხოვრებელ კორპუსსაც მარტივად მივაგენი.

ამ აღმართზე არსებული ხიდის ქვეშ ქუჩის გავლის შემდეგ ადიხართ მაღლა, სადაც რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი დგას. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ჩვენი დღევანდელი ინტერესის ობიექტის „კომფორტის ზონას“ წარმოადგენს.

შესვლისთანავე გაურკვევლობაში ჩავვარდი, ვინაიდან ლიფტის გარდა ზემოთ სართულებზე ასასვლელი ვერაფერი ვნახე. ამ ლიფტს უკნიდან შემოვუარე და სადარბაზოს შიგნით თითქმის ნახევარწრის დარტყმის შედეგად კიბეებს კი მივადექი, მაგრამ იმდენად მოუვლელი და დაზიანებული იყო, რომ ვიფიქრე, ეს ის კიბე არ იქნება, რომლითაც მაღლა უნდა ავიდე-მეთქი, ამიტომ უკან, ლიფტთან დავბრუნდი.

როგორც კი ღილაკს მივაჭირე, უამრავპოსტერმიკრული და უკვე პოსტერჩამოხეული ლიფტის კარი გაიღო და იქიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. ადამიანების მიმსგავსება დიდად არ მჩვევია, თუმცა შევატყვე, რომ გარეგნობითაც და საუბრის მანერითაც ელენე ხოშტარიას ჰგავდა, თუმცა მეტად დაბალი იყო და რამდენად „ნაციონალი“, არ ვიცი. ფაქტი კი ერთია. ვკითხე, _ ამ სადარბაზოს კიბეები არ აქვს-მეთქი? _ კი, აქვს, ოღონდ, ძალიან ცუდ დღეშია და გირჩევნიათ, ლიფტით ახვიდეთო. თუ ხურდა ფული არ გაქვს, მე მოგცემო და ჩანთაზე გაივლო ხელი.  გულწრფელად ვიტყვი და ხურდა ფული ნამდვილად არ მიჩხრიალებდა ჯიბეში, ამიტომ მას სიკეთის გამოვლენის საშუალება მივეცი და მოწოდებული ორი 10-თეთრიანი მოკრძალებით, მრავალგზის მადლობის გადახდით გამოვართვი _ ერთი ზემოთ ასასვლელად და მეორეც, იქნებ, კიდევ უფრო მაღლა ასვლა დაგჭირდესო.

როგორც ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იტყოდა, იქვე ჩავეკითხე, _ გიგლა აგულაშვილს თუ იცნობთ-მეთქი? _ პირადად არა, მაგრამ მე-10 თუ მე-11 სართულზე ცხოვრობს, ვიციო, _ მიპასუხა და რადგან ეჩქარებოდა, იმწამსვე ლიფტით ბედნიერი მგზავრობა მისურვა და წავიდა.

სანამ ლიფტს ველოდებოდი, თან ამ ახალგაზრდა ქალბატონის კეთილ საქციელზე ვფიქრობდი და კარიც გაიღო. მესამე სართულიდან დავიწყებ მეზობლების გამოკითხვას-მეთქი, გადავწყვიტე და მივაშურე კიდევაც მესამე სართულს. ლიფტიდან მრავალკარიან სამეზობლოში მოვხვდი. ტერიტორია საკმაოდ ფართო იყო, რომელიც საცხოვრებელ ბინებს ერთმანეთისგან ჰყოფდა და მეც პირველსავე კარზე დავრეკე, რომელიც შუა ხნის ჭაღარა, სათვალიანმა ქალმა გამიღო. საკმაოდ გამართულად და თავდაჯერებულად საუბრობდა. არც ისე მაღალი იყო და კარგად მოვლილი ჩანდა.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან, რამდენიმე კითხვა მაქვს გიგლა აგულაშვილთან, თქვენს მეზობელთან დაკავშირებით. მაღლა სართულზე ცხოვრობს, როგორც ვიცი, ხომ?

_ კი, მაღლა ცხოვრობს.

_ მაინტერესებს, როგორია, როგორც მეზობელი, რამდენად სალმიანია? თქვენ რა შეხება გქონიათ და ა. შ.

_ არ ვიცნობ, არანაირი კონტაქტი არ გვაქვს, უბრალოდ, ვიცი, რომ ამ კორპუსში, ამ სადარბაზოში ცხოვრობს. ხომ ამოხვედით და ნახეთ, რა მდგომარეობაა?

_ დიახ.

_ აი, ძალიან გთხოვთ, დააფიქსირეთ ეს, რომ იმ სადარბაზოში, სადაც გარემოს დაცვის მინისტრი ცხოვრობს, ასეთი მდგომარეობაა. სხვაგან, არც ერთ 14-სართულიან კორპუსში, დაიარეთ და თქვენ თვითონ ნახეთ, ასეთი მდგომარეობა არ არის. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ უკვე შეუძლებელია.

_ ანუ კიბეებსა და სადარბაზოში არსებულ მდგომარეობას გულისხმობთ?

_ დიახ, საშინლად გვაწუხებს ეს მდგომარეობა. საერთოდ არ ლაგდება სადარბაზო.

_ გმადლობთ.

_ არაფრის, _ კარი გაიხურა.

ახლა იმავე სართულზე მდებარე კუთხის კარისკენ გავემართე, რომელზეც, რამდენჯერმე კაკუნის მიუხედავად, არავინ გამომხედა და გზა გავაგრძელე, მაგრამ როგორც კი უკან, კიბეებისკენ გავემართე (თან დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ეს კიბეებია, რომლითაც მაღლა უნდა გავაგრძელო სიარული), კარის გაღების ხმა გავიგე და მოვბრუნდი. კართან შუა ხნის მაღალი მამაკაცი იდგა.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, გიგლა აგულაშვილის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ. იცნობთ? როგორი მეზობელია?

_ კონტაქტში შემოდის კი, სალმიანია, როგორც ყველა მეზობელი, მეტი არაფერი მეთქმის.

_ ანუ ხედავთ, ხვდებით ხოლმე?

_ არა, არ ვხვდები, რამდენჯერმე მინახავს მხოლოდ.

_ კარგი, გმადლობთ, _ წამოვედი.

ხსენებული კიბეებით შემდეგ სართულზე ავედი, თუმცა, მეოთხე სართულზე კარი არავინ გამიღო და მომდევნო სართულს მივაშურე. აქ საკმაოდ სწრაფად მოხდა ყველაფერი და პირველსავე ზარის დარეკვაზე შავი რკინის კარი გაიღო, საიდანაც შუა ხნის ქალბატონმა გამომხედა, ღია ფერის თმა ჰქონდა და ასევე ღია ფერის სამოსი ეცვა. მასაც იგივე ვუთხარი:

_ მოგესალმებით, ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე კითხვა მექნება გარემოს დაცვის მინისტრთან, თქვენს მეზობელთან, გიგლა აგულაშვილთან დაკავშირებით, _ ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ მე პირადად ხშირად ვხედავ, თან დილას გავდივარ ხოლმე სახლიდან. ამიტომ სადარბაზოში ვხვდები ხშირად.

_ რამდენად სალმიანია?

_ ყოველთვის სალმიანია. ვერ დაასწრებთ გამარჯობის თქმას. ძალიან მშვიდია და გაწონასწორებული. სულ მოწესრიგებული და ფორმაშია. სხვას ვერაფერს გეტყვით, ძალიან ახლო შეხებაც არ მაქვს. ანალოგიურადაა მეუღლეც.

_ მასაც იცნობთ?

_ კი, მინახავს და ვიცნობ კიდეც, ძალიან კონტაქტურია და რაღაც თემებზე გვისაუბრია კიდეც, როცა შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ, ზოგადად, ისე, რომ მოსაბეზრებელი იყოს, ან ხმაურიანი, რაიმე რეპლიკებს გამოთქვამდეს და ა. შ. მსგავსი არაფერი. ძალიან მშვიდია, წყნარი და გაწონასწორებული ბატონი გიგლა. სალმიანი ნამდვილადაა და სხვა რაიმე სახის დახმარება ან მიმართვა მისთვის არ დამჭირვებია. მე პირადად არ შემიწუხებია.

_ დიდი მადლობა. უფრო კონკრეტულად რომელ სართულზე ცხოვრობს, ხომ არ იცით? მეათეზე თუ მეთერთმეტეზე?

_ ვერ გეტყვით. არ ვიცი.

_ აი, წეღან ქვემოთ თქვენმა ერთ-ერთმა მეზობელმა მითხრა, რომ სისუფთავის მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სადარბაზო არ ლაგდება, როცა ამავე კორპუსსა და სადარბაზოში გარემოს დაცვის მინისტრი ცხოვრობსო. თქვენ რას იტყვით ამაზე?

_ სადარბაზოსთან დაკავშირებით, დალაგება კი არა, ლიფტი გაგვიტეხეს მერამდენედ და, ზოგადად, ძალიან ბევრს ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ახლა ეს გიგლასთან რა კავშირშია, ვერ გეტყვით, თუმცა, ზოგადად, პიროვნულად რაც შეეხება, საურთიერთოდ და სამეზობლოდ ნორმალური ადამიანია.

აი, სადარბაზოში კი ნამდვილად ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მაინცდამაინც ჩვენი ლიფტი უნდა გაფუჭდეს, გატყდეს, მაგრამ ეს გიგლას ნაკლებად ეხება, ჩემი აზრით, ეს არის სულ.

_ დიდი მადლობა.

_ არაფრის.

შემდეგ ორ სართულზე კარი არავინ გამიღო. არც ვინმე შემხმიანებია კითხვით, რომელი ხარ, რა გინდაო და გამიკვირდა კიდეც, თითქმის ყველამ გამიღო ზარის დარეკვისას, მაგრამ ჩემი გაკვირვება მაშინვე „ჩაცხრა“, როცა კართან მოსულმა ერთმა ქალბატონმა მკითხა?

_ ვინ ხარ?

_ ჟურნალისტი ვარ, კითხვა მაქვს, თუ შეიძლება.

_ არ არიან სახლში.

_ არა უშავს, თქვენ გკითხავთ.

_ პასუხი აღარ იყო („ტომ! პასუხი არ არის“…).

გზა განვაგრძე და შემდეგ სართულებს მივაშურე, სავარაუდო ორიენტირად, სადაც მინისტრი ცხოვრობდა, მე-10 ან მე-11 სართული მქონდა აღებული. მე-10 სართულზე დიდი, ლაკწასმული ხის კარი ვნახე, რომლის თავზეც კამერა იყო დამაგრებული, სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ შესაძლოა, ეს ის კარი იყო, რომლის უკანაც ჩვენი დღევანდელი გარემოს დაცვის მინისტრი ცხოვრობდა. ფოტო გადავუღე და ზემოთ ავედი. შესაძლოა, ჩემი ლოგიკა შეცდა, მაგრამ მთავარი მისი „კომფორტის ზონის“ დადგენა და შესწავლა იყო.

მე-12 სართულზე კარი საშუალო სიმაღლის, ვარდისფერ სვიტერსა და კაბაში გამოწყობილმა ქალბატონმა გამიღო, შავგვრემანი იყო და ამავე ფერის თმა ჰქონდა. გავეცანი:

_ ჟურნალისტი ვარ, გიგლა აგულაშვილის „კმფორტის ზონაზე“ ვწერ, მაინტერესებს, თუ ხედავთ ხოლმე თქვენს მეზობელს?

_ ვხედავდი ხოლმე ადრე, მაგრამ ახლა ძალიან დიდი ხანია, არ შემხვედრია, ლიფტთან შევხვედრივარ მასაც და მის მეუღლესაც, ძირითადად, პირველ სართულზე.

_ როგორია ურთიერთობაში?

_ ძალიან კარგი, სალმიანი. თუმცა არ მინახავს, როგორც გითხარით, კარგა ხანია.

სულ სალმიანი იყო ხოლმე.

_ გმადლობთ-მეთქი და წამოვედი.

კიდევ უფრო მაღლა ავედი, სადაც უკვე აღარავინ ცხოვრობდა, როგორც მივხვდი, ან რაღაც მშენებლობა მიმდინარეობდა, რადგან კიბეებზე ცემენტის შეკვრისა და ქვიშის გარდა არაფერი ეყარა. უკანა კიბეებიდან (სადაც მე ვიდექი) ამ სართულზე შესასვლელი კარი არ იღებოდა, დაბლა სართულებზე კი უპრობლემოდ გავაღე.

კიბიდან, სანამ ხსენებულ კარს გააღებდი (რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უშუშო, ხის, თეთრ კარს წარმოადგენდა), ჩანდა აღმართის ხედი, ქუჩა, რომელზეც უამრავი მანქანა მოძრაობდა და იგი მით უფრო პატარავდებოდა, რაც უფრო მაღლა ავდიოდი რესპონდენტებთან სასაუბროდ.

ბოლოს დაბლა სართულზე ჩამოვედი. გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ დამევლო ის კარები, რომელსაც ადრე მივუკაკუნე და მეგონა, ახლა მაინც გამიღებდა ვინმე. ცდას უშედეგოდ არ ჩაუვლია, მაგრამ მთლად დიდი ნაყოფიც ვერ გამოიღო.

მე-7 სართულზე კარები თბილ კაშნეშემოხვეულმა ბებომ გამიღო, რომელმაც მითხრა, რომ ახალი გადმოსულები იყვნენ და ხვალაც ტოვებდნენ ამ ბინას…

მეც მადლობა გადავუხადე და წამოვედი.

შეიძლება, ყველამ იცით, მაგრამ მაინც, ვაკესა და ვერის გასაყარზე რომ კეკელიძის ქუჩაა, აღმართს უამრავი დაბალ და მრავალსართულიანი შენობა „ამშვენებს“. გაივლით იაპონური სამზარეულოს პატარა რესტორანსაც და ალკოჰოლური სასმელების მოკრძალებულ მაღაზიასაც, რამდენიმე უფოთლო ხეს და მანქანების გროვას, რომლებიც დღე და ღამ „თავიანთ ადგილზე“ დგანან. თუმცა ჩვენი მინისტრის მანქანა იმ „გარაჟში“ აყენია, რომელიც ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ამავე ქუჩაზე, თავისი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს აქვს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა მინისტრის „კომფორტის ზონა“ სწორედ აქ, ხსენებულ და აღწერილ ქუჩაზე მდებარეობს. ის ერთადერთი არაა მინისტრთა კაბინეტიდან, რომლის საცხოვრებელი „კომფორის ზონაც“ ამ მიდამოებშია განთავსებული.

დანარჩენი იხილეთ მომდევნო კვირას, შემდეგ ნომერში.

 

ნინო ტაბაღუა