პაატა დავითაია: „ყველას ჩავაყენებ საქმის კურსში იმის შესახებ, რა იკადრა საქართველოს მთავრობამ!“

xd3

2017 წლის 12 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი უნდა დამტკიცდეს. პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია საქართველოს მთავრობას სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოდან წარდგენილ კანდიდატს არ დაამტკიცებენ, რითაც ჩვენი ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ შეილახება.

 

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი ევროპის საბჭოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მოხსენებით ბარათს გვიჩვენებს, სადაც აღწერილია, რა მისწერა საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს.

 

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი დაამტკიცა. სამთავრობო კომისიის მიერ საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წარუდგინა. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან სამი პირველი, საუკეთესო ქულის მქონე პირი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, _ უფლებადამცველი და ყოფილი ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; გიორგი ბადაშვილი, _ სტრასბურგის სასამართლოს უფროსი იურისტი 2005 წლიდან; და ნანა მჭედლიძე, _ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის კონსულტანტი. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლე ნონა წოწორიას 2017 წლის იანვარში ეწურება ვადა.

 

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი სამი კანდიდატის შერჩევის კონკრეტულად გაწერილი და გამჭვირვალე პროცედურა ქვეყნის შიგნით არ არსებობდა. 2015 წლის დეკემბერში მთავრობის მიერ პირველად გაიწერა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი, გამოცხადდა საჯარო კონკურსი, რის შედეგადაც მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა. 47 კანდიდატიდან შეირჩა 13 საუკეთესო. მათ ჯერ ტესტირება გაიარეს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაში, შემდეგ კი გასაუბრება სამთავრობო კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ, კანდიდატთა სამპირიან სიაში, ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შეიყვანა. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, ევა გოცირიძე არის იმ ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ადვოკატთა ასოციაციის მაღალი წარმომადგენლების მონაწილეობით, საჯარო კონკურსის გზით შეარჩია და, მოგვიანებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობას წარუდგინა. 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც გასაუბრება შედგა საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან და გიორგი ბადაშვილთან. მოცემულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა არ ჩატარებულა, შესაბამისად, სამ წევრს შორის გამარჯვებული, რომელიც შემდეგ საპარლამენტო ასამბლეამ უნდა აირჩიოს, ჯერ არ გამოვლენილა. სხდომა მომდევნო წლის იანვრისთვის გადაიდო, თუმცა ჯერ უცნობია, კენჭისყრაში იგივე შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას, თუ განახლებული?

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასივრცეში განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭირა. თავად კანდიდატებმა სიის დაწუნების შესახებ ინფორმაცია უარყვეს. ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრა აუცილებლად მოხდება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 22 ივნისის საინფორმაციო დოკუმენტით ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის არჩევის (საპარლამენტო ასამბლეის მიერ) თარიღად 2016 წლის ოქტომბერი იყო განსაზღვრული. ქართულმა მხარემ შერჩეული კანდიდატების სია და მათ შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს 2016 წლის 26 აგვისტოს მიაწოდა. კანდიდატებთან გასაუბრება 29-30 სექტემბერს შედგა, თუმცა 23 სექტემბერს გამოქვეყნებული დღის წესრიგით, რომლითაც აღნიშნული გასაუბრების თარიღი განისაზღვრა, მომდევნო სხდომის თარიღიც დაანონსდა. კომიტეტის სხდომა 2017 წლის 12 იანვრისთვის გადაიდო, რაც კანდიდატებთან გასაუბრებამდე ჰქონდა გადაწყვეტილი. რამ განაპირობა წინასწარ განსაზღვრული ვადის (2016 წლის ოქტომბერი) შეცვლა, უცნობია.

 

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, წარდგენილ სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. სიასთან და, ზოგადად, მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები მას ადრეც ჰქონდა. უჩა ნანუაშვილი, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის #623-ე დადგენილების თანახმად შექმნილი, იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელსაც, ეროვნულ დონეზე, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა დაევალა. კომისიის წევრები პროცესის გაუმჭვირვალობასა და ხარვეზებზე უშუალოდ შერჩევის პერიოდშიც ამახვილებდნენ ყურადღებას. სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ სამკაციან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩანაცვლდა.

 

მოსამართლე ნონა წოწორიამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარადგენდა მოსამართლე მინდია უგრეხელიძე (1999-2008). აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მიერ შეთავაზებული კანდიდატების „დაწუნება“ საქართველოსთან მიმართებით ჯერ არ მომხდარა.

 

 

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი _ პაატა დავითაია:

 

_ იცით, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს კვოტით ქართველი მოსამართლე უნდა დაინიშნოს, რადგან მოქმედ მოსამართლეს ვადა ეწურება. დადგა ამ მოსამართლის ჩანაცვლების საკითხი და რადგან 17 იავრიდან უკვე ახალი მოსამართლე უნდა იყოს წარმოდგენილი, კონკურსი დაიწყო. ყველასთვის ცნობილია, რომ სამი მოსამართლის კანდიდატი იყო შერჩეული. გახსოვთ, მაშინ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ამ საკითხს და რამდენი კითხვის ნიშანი დაისვა. თავის დროზე, სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის წევრი ვიყავი და კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა. ა. წ. თებერვალში, როდესაც კომიტეტში განხილვა მიმდინარეობდა, განცხადება გავაკეთე, რომ კანდიდატები უკან დაბრუნდებოდნენ. ასეც მოხდა! კომიტეტმა ისინი უკან დააბრუნა, რადგან კონკურსი გამჭვირვალედ არ ჩატარდა. მედიის წარმომადგენლებიდან დაწყებული და არასამთავრობო ორგანიზაციებით გაგრძელებული, ინფორმაციას ითხოვდნენ, _ რატომ შეირჩნენ ეს კანდიდატურები, რამდენი ქულა მიიღეს და ა. შ. შემდეგ ერთ-ერთი კანდიდატი ევა გოცირიძით ჩაანაცვლეს და ახლა ამას მოჰყვა დიდი ამბები. თავის დროზე, კომიტეტის წევრთა სახელზე მოხსენებითი ბარათი გავაკეთე, თუ რა დარღვევებით ჩატარდა ეს პროცესი და რომ არ იყო გამჭვირვალე. „ახალგზარდა იურისტთა ასოციაციამაც“ გააკეთა ასეთი სახის მიმართვა.

 

_ ახლა რა პრობლემის წინაშე ვდგავართ?

 

_ 12 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება, ამიტომ ევროპის საბჭომ რამდენიმე დღის წინ მოხსენებითი ბარათი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია, თუ რა მისწერა საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს. საქართველოს მთავრობას ეგონა, რომ ეს წერილი გასაიდუმლოებული იქნებოდა და ვერავინ გაიგებდა. სინამდვილეში, ევროპის საბჭომ იგი საკუთარ გვერდზე გამოფინა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს საქმის კურსში აყენებს, თითქოს როდესაც ამ მოსამართლეების შერჩევა ხდებოდა, პროცესი საჯარო იყო და ყველა ჟურნალისტს ჰქონდა უფლება, მას დასწრებოდა, მაგრამ ჟურნალისტები არ მივიდნენ. წარმოგიდგენიათ? მთელი საქართველო ეხვეწებოდა, ეცნობებინათ, ვინ, როგორ შეაფასა ეს ყველაფერი, მედია ითხოვდა და არ დაასწრეს, ევროპის საბჭოს წერილში კი სწერენ, რომ ჟურნალისტები არ მოვიდნენ, თორემ დასწრება საჯარო იყოო. ეს ერთი ტყუილი! მეორე ტყუილი ის გახლავთ, რომ ევროპის საბჭოს წერილში საქართველო სწერს, თითქოს ჟურნალისტებს ყველა მოსამართლესთან გასაუბრების ჩანაწერი გადასცეს. პირველი „ქრონიკა+“ იყო, რომელმაც წერილი გაუგზავნა, ოფიციალურად მოითხოვა ეს ჩანაწერები და პასუხის ღირსადაც არ მიიჩნიეს. მახსოვს, როდესაც ამის შესახებ თქვენმა გაზეთმა დაწერა. ესენი ევროპის საბჭოს უმტკიცებენ, რომ ყველა ჩანაწერი ჟურნალისტებს გადასცეს. ამათ ეგონათ, ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა, მათ კი ეს ყველაფერი გამოაქვეყნეს. ეს კიდევ ერთი სირცხვილია ჩვენი, რომ ხელისუფლება ევროპის სტრუქტურებს ატყუებს! რა თქმა უნდა, ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ კანდიდატები ისევ უკან დაბრუნდებიან, რადგან პროცესი გამჭვირვალე არ არის და ხელისუფლებამ რეკომენდაციები არ შეცვალა.

 

_ ამის შესახებ აპირებთ, კვლავ გააკეთოთ მოხსენება?

 

_ აუცილებლად! ევროპის საბჭოს საპარალმენტო ასამბლეასთან ღიად ლაპარაკს ვაპირებ და სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის აპარატსაც ოფიციალურად მივწერ ამ ყველაფერს, საქმის კურსში ჩავაყენებ, რა ტყუილიც მთავრობამ იკადრა!

 

გახსოვთ, მედიის წარმომადგენლები იმასაც კი ითხოვდნენ ეცნობებინათ, ვინ რამდენი ქულა მიიღო, ესეც კი პარტიზანული გზებით გამოქვეყნდა და არა ოფიციალურად. ამით ქვეყნის იმიჯს ვლახავთ _ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! ძალიან მაინტერესებს, როდესაც ეს კანდიდატურები უკან დაბრუნდებიან და ეს იქნება ქვეყნის სირცხვილი, მაშინ ამაზე პასუხს ვინ აგებს?!

 

_ მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს საპარალმენტო ასამბლეისთვის ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი, რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

 

_ პირველ შემთხვევაშიც შედეგები ძალიან მარტივი იყო, თუმცა უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც მოსამართლე კანდიდატები უკან დააბრუნეს, ასეთი შემთხვევა ევროპის საბჭოს ისტორიაში სულ ორჯერ მოხდა, ერთ-ერთი ქვეყანა პორტუგალია იყო, რადგან პროცესი გაუმჭვირვალედ ჩატარდა. იმის მაგივრად, რომ შეცდომები გამოესწორებინათ, მათ არ აღიარეს და თქვეს, _ ყველაფერი გავაკეთეთო. ახლა ის მოხდება, რომ ეს კანდიდატურა ისევ უკან დაბრუნდება და ახალი კონკურსი უნდა ჩატარდეს, რაც ქვეყნის იმიჯს ლახავს. რეალურად წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, რომ ვერ ხერხდება მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევა?! მაშინაც გავაკეთე პროგნოზი, რომ უკან დაბრუნდებოდნენ და არავის სჯეროდა. ხაზს ვუსვამ, რომ მე ამ კომიტეტში ვიყავი და ვიცი, ეს სისტემა როგორ მუშაობს. ახლაც წინასწარ ვამბობ, რაც იქნება _ ჩვენ ღიად ვაპირებთ ამაზე საუბარს და ამ საკითხის დაყენებას, რადგან ის მოსამართლე, რომლის კანდიდატურაც იქნება წარდგენილი, იქ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს და ამიტომაც არის მისი შერჩევა საჯარო. ამათ კიდევ უნდათ პრივატულად გაიყვანონ ვიღაც. ასე არ გამოვა და ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს! ქვეყნის იმიჯი უკვე შელახულია და ამაზე ღიად ვაპირებ ლაპარაკს!

 

 

 

თამარ ბატიაშვილი