ვლადიმერ მიქავა: „კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და მათი მფარველი პროკურატურა მებრძვის! “

vt3

ქუთაისის მკვიდრი ვლადიმერ მიქავა წლების წინათ მისი ოჯახის წინააღმდეგ ხელისუფლების, კერძოდ კი, პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. მიქავა „ქრონიკა+“-ის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მის მიერ დაპირებულ სამართლიანობის აღდგენას ახსენებს.

 

„ქრონიკა+“-ს ვლადიმერ მიქავა ესაუბრება:

 

_ მინდა, რომ თქვენი გაზეთის მეშვეობით ჩემი პრობლემა გავასაჯაროო, რადგან ხელისუფლების პოლიტიკური დევნილი ვარ. 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სათავეში მოსვლას აპირებდა, ჩემი აქტიურობით, დიდი შრომითა და ჯაფით, იმ შედეგს მივაღწიე, რომ საზოგადოებასთან კონტაქტის მეშვეობით, დიდი წვლილი შევიტანე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გადაყენებაში. ეს რაც იყო, იყო… ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ასე იმიტომ ვაქტიურობდი, რომ სამართლიანობის აღდგენის პირობა მივიღე.

 

_ რა ზეწოლაზე საუბრობთ, თავს რა გადაგხდათ?

 

_ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდოდა, ჩემს სახლში სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ქურდობაზე დააკავეს. არ ვაპატიე და ამ საქმეს ბოლომდე მივყევი. ამის მერე გადამეკიდნენ, რომ გავჩუმებულიყავი და უკვე ჩემ წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და მათი მფარველი პროკურატურა მებრძოდა. არ დავნებდი, რამდენჯერმე ჩემი მკვლელობის მცდელობასაც კი ჰქონდა ადგილი. ვერაფერი რომ ვერ მომიხერხეს, ვისაც ჩემი მკვლელობის მცდელობა ჰქონდა, იმან იმავე დღეს მამაჩემი დაჭრა. შუადღისას მთელი უბანი გარეთ იყო და გამვლელ-გამომვლელებმაც კი დაინახეს ეს ფაქტი. მე რომ ვერ მომიხერხეს ვერაფერი, ბოლოს ჩემი ძმა დაიჭირეს, ჯერ შარვლის ქურდობა დააბრალეს, მერე ახალი წლის დღეს _ ტელეფონის ქურდობა და სამეგრელოდან ჩამოყვანილი „ნასედკის“ მეშვეობით დააკავეს. ბოლოს 3,5 წელი მიუსაჯეს შარვლის ქურდობის ბრალდებით. ეს ამბავი 2006 წელს მოხდა. ამ ხელისუფლებამ, კერძოდ, ეკა ბესელიას კომიტეტმა, ჩემი ძმა უკანონო პატიმრად ცნო. ეს ყველაფერი დოკუმენტურად, მასალებით დავადასტურეთ. თვითონ ისედაც კარგად იცოდნენ ყველაფერი და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ვითხოვდი, რადგან ჩემი მიზეზის გამო ჩემს ძმას აკავებდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთა და რატომ, ყველამ ისედაც კარგად ვიცით, _ რა ფულის კეთებაც მიდიოდა იქ და რაც ხდებოდა. მოკლედ, პოლიტპატიმრის სტატუსები ასე არ რიგდებოდა… ახლა გედევან ფოფხაძის ხელმოწერით გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ჩემი ძმა ცნობილია უკანონო პატიმრად, მხოლოდ ამას მივაღწიე. ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში იმედი მქონდა, რომ გვერდით დამიდგებოდნენ, მაგრამ პირიქით, ზეწოლა დაიწყეს.

 

_ ვისი მხრიდან განიცდიდით კონკრეტულად ზეწოლას?

 

_ ძირითადად, უშიშროების სამსახურის და მათი თანამზრახველია ის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც პოლიციაში მუშაობს, თარგამაძის ეპოქის პოლიციელები და მათი მოყვანილები. პროფესიით დეტექტივი ვარ, ამ სისტემაში ვმუშაობდი და ყველა ზეპირად ვიცი. ზუსტად ის პოლიციელები დავაკავე ჩემს სახლში ქურდობის მცდელობისთვის. მერე მამაც მომიკლეს…

 

_ რა მოხდა?

 

_ 2015 წელი დგებოდა, 3 კვირით ადრე მამა მომიკლეს. პროფილაქტიკაში აქციებს ფლობდა და 2 ბოქსი ჰქონდა. მამაჩემი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ოჯახში თანხა შემოჰქონდა. ბოლოს გადაწყვიტა, სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად და სამსახურისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ როგორც მე დავადგინე, სამსახურში გაიტყუეს. გადაღლილი იყო ამდენი ნერვიულობით, მაგრამ ამათ ეს ამბავი გამიზნული ჰქონდათ. მეოთხე პროფილაქტიკასთან თუ ვინმეს შეხება ჰქონია, ყველამ იცის, რომ მამაჩემი მოკლეს, მაგრამ ზოგი დაშინებულია და ხმას არ იღებს. მამაჩემის მკვლელობის გამო პროკურატურამ საქმეც კი არ აღძრა, რადგან არ აწყობდა! ძლივს მივაღწიე და პოლიციას მოკვლევა დავაწყებინე. მერე შინაურულად მითხრეს, _ რა ვქნათ, პროკურატურა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ საქმე აღიძრასო. ვუთხარი, _ თქვენ მოიკვლიეთ მასალები და დანარჩენს მე მივხედავ-მეთქი, მაგრამ იმის მერე ვიბრძვი. გაიტყუეს სამსახურში და ჩხუბი მოუწყვეს. დანამდვილებით ვიცი, იქ რა მოხდა. რამდენიმე ადამიანი მიდასტურებს ერთსა და იმავე ამბავს. ნერვიულობისგან გული გაუხეთქეს, ბოლო დროს ამდენი ნერვიულობისგან გული აწუხებდა, მათ ეს იცოდნენ, ჩხუბი აუტეხეს და სწორედ ამის ნიადაგზე მოხდა ეს ამბავი. მამაჩემი სამეგრელოს სოფელში უნდა დაგვეკრძალა და ამ საკითხს მე ვაგვარებდი. სამეგრელოში გამაჩერეს და მანქანა დააკავეს. მეორე დღეს სოციალური ქსელით მივმართე შს მინისტრს და როგორც იყო, მანქანა დამიბრუნეს. მამაჩემი დავკრძალეთ და 3-4 დღის შემდეგ უსაფუძვლოდ ჯარიმა დამაკისრეს ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე. გასავაჩივრე, პარალელურად დოკუმენტებს პირდაპირ ღარიბაშვილს ვუგზავნიდი. ჭიკაიძის მინისტრობის დროს კი, 2015 წლის ახალი წლის საღამოს, მისი ბრძანებით და მითითებით, ქუთაისის საპატრულოს უფროსმა ბრძანება გასცა ნარკოტიკული ნივთიერების გამო დაკავება-შემოწმებაზე, რამდენი მთავრობა მაქვს გავლილი, რა სისტემები და ეს ჩემს ცხოვრებაში არასოდეს უკადრებიათ. როცა მაკავებდნენ, მაშინვე ვუთხარი, _ სისულელეს აკეთებთ-მეთქი, მაგრამ მაინც გასცეს ბრძანება, შემოწმებაზე გადაიყვანეთო. ადგნენ და ახლა მანქანის მართვის უფლება ჩამომართვეს. ეს ყველაფერი გავასაჩივრე, მაგრამ თვითონ ღარიბაშვილის კანცელარია რეაგირებას აჭიანურებდა და ჭიკაიძესთან დოკუმენტებსაც არ აგზავნიდა სათანადოდ. დროის გაწელვის გამო საურავებიც დაარიცხეს და გადაუხედლობის გამო მანქანის მართვის უფლება ამიკრძალეს. რა თქმა უნდა, მანქანა გაჩერებული მქონდა და არაფრის საფუძველს ვაძლევდი. მანქანა პოლიციასთან გავაჩერე, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო. განზრახ დამიზიანეს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. შემდეგ, როდესაც გავასაჩივრე, ღარიბაშვილს მოვთხოვე, ამ პერიოდში ჭიკაიძეც შეცვალეს და, ბოლო-ბოლო, მანქანა ძებნიდან მომიხსნეს. სამეგრელოში სოფელში წავედი. როგორც კი იქ დამიგულეს, ფარულად იგივე ბრალდება წამიყენეს და მეორედ დასვეს მანქანა ძებნაზე. მის მერე წელიწადი და სამი თვეა ვიბრძვი და დღესაც მანქანა ავტოსადგომზე დგას. არც პასუხს მაძლევენ. ახლა იმას ცდილობენ, რომ იქნებ, ფული გადამახდევინონ. ფულს რომ არ ვუხდი, ახლა საჯარიმო სანქციას დაუკლეს, 780 ლარს მედავებოდნენ, სააღდგომოდ მოვიდნენ და მითხრეს, 530 ლარიაო. იცოდნენ, რომ ზუსტად 530 ლარის დაფნა მქონდა ჩაბარებული, მეზობლებშიც არიან ინფორმატორები, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდიან. ვუთხარი, _ არ მეკუთვნის და არ გადავიხდი-მეთქი. მე მთავარი კოზირი მიკავია ხელში, ეს საქმე სასამართლოში გავასაჩივრე და პატრულს ვაღიარებინე, რომ სამკერდე და ბორტის კამერების ჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულებებს წარმოადგენს, გაანადგურეს. ახლა ჩემს დარღვევას სიტყვის გარდა ვერაფრით მიმტკიცებს. ეს ყველაფერი სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულია.

 

_ ახლა რა არის თქვენი მოთხოვნა?

 

_ დღეს უკვე კონკრეტულად მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: მე მხარდაჭერა მას გამოვუცხადე და მისგან წამოვიდა იმის დაპირება, რომ ჩემს სამართალს აღადგენდა. სხვა არავისთან არ მაქვს საქმე! ჩემი მოთხოვნაა, შეწყვიტონ ჩემს ოჯახზე შანტაჟი და დევნა; სასწრაფოდ დამიბრუნონ უკანონოდ დაკავებული მანქანა და დასაჯონ ყველა! სასწრაფოდ აღძრან საქმე მამაჩემის მკვლელობაზე და მისი ბიზნესი, რომელიც მიითვისეს, დამიბრუნონ!

 

 

 

თამარ ბატიაშვილი