ირაკლი კობახიძის კომფორტის ზონა
აწ უკვე პარლამენტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კომფორტის ზონის მისაგნებად იმდენი უნდა იაროთ, სანამ თავად არ შეგექმნებათ დისკომფორტი, მაგრამ ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობსო და სწორედ ის ადგილები ვიპოვე, სადაც ჯერაც ახალგაზრდა, 38 წლის პროფესორ-იურისტ-თავმჯდომარის ბავშვობა და მშობლების ამჟამინდელი საცხოვრებელია ამაყად წამოჭიმული სპორტის სასახლის უკან.
წვიმიანი დღე ისედაც ქუჩაში ნაკლებად მოძრავი პოტენციური რესპონდენტების რიცხვს ამცირებს და ეს იმდენად მაღელვებს, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამინდელი ლარის კურსის გათვალისწინებით, _ სავალალოა და დასაფიქრებელი.
სპორტის სასახლის წინ ის „დავითის“ ქანდაკება ისევ ზემოდან გადმოჰყურებს ქვემოთ გამვლელებს, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი თავმჯდომარის საცხოვრებლის პოვნაა და სპორტის სასახლეს უკანა მხარეს ვუვლი. დანიშნულების ადგილი ალექსიძის ქუჩაა, ზუსტი მისამართი კი უცნობია, ყველაფერი ალღოსა და „ვინც ეძებს, პოულობს“ პრინციპის იმედზეა. თუმცა სათადარიგო გეგმებიც არსებობს და ამაზე ქვევით მოგახსენებთ.
ამ წვიმაში ჯერ ალექსიძის ქუჩის ძიებაში, როგორც იქნა, ვიპოვე ადამიანი, რომელიც მითითებს, რომ ეს ქუჩა, დაახლოებით, ნახევარ კილომეტრშია იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვარ. ჰოდა, მეც იმ მაღალი, მრგვალი ფორმის, შეულესავი კორპუსებისკენ ვინაცვლებ, რომლისკენაც მიმითითეს. წვიმა ძლიერდება, მაგრამ ველზე სამუშაოდ გამოსული ჟურნალისტი ვარ და ადვილად არ დავნებდები.
ირგვლივ ახალაშენებული და ახლამშენებარე კორპუსებია, ნაწილი შელესილი, ნაწილი შეულესავი, ნაწილი შეღებილი და ნაწილიც _ შეუღებავი. რამდენიმე ადგილს ეტყობა, რომ ახალი კორპუსების ასაშენებლად ხეები მოჭრეს და მშენებლობა დაიწყეს. მე კიდევ ერთი პლუსი მაქვს, _ ვიცი, რომ ის ადგილი უნდა ვიპოვო, სადაც ბევრი ხე მოჭრეს კორპუსების ასაშენებლად, რადგან აგვისტოს პერიოდში, როდესაც პარტიზანი მებაღეები მერიის წინ იფიცებოდნენ, კობახიძემ ამ საკითხთან მიმართებით თავისი აზრი დააფიქსირა, ამის საპასუხოდ კი ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში მასზე დაწერა, რომ ხმა მაშინ არ ამოუღია, როცა მისი კორპუსის წინ ჭრიდნენ ხეებს. ანუ სადღაც ახლოს ვარ.
შემდეგ მამაკაცს ვაჩერებ:
_ უკაცრავად, თქვენ აქ ცხოვრობთ?
_ არა, ვმუშაობ აქ, ოფისში.
_ ხომ არ იცით, ირაკლი კობახიძე აქ სად ცხოვრობს კონკრეტულად?
_ არა, ვინაა კობახიძე? _ მეკითხება გაოცებული სახით.
ვუხსნი, რა თანამდებობაც უჭირავს ამჯერად და ის თავის, მე კი ჩემს გზას ვაგრძელებ.
ზოგადად ეს ქუჩა მოუწესრიგებელი და არეულია, _ ვერ გაიგებ, სად იწყება, რომელი ქუჩა რომელ მოსახვევში შედის, სად მთავრდება და საერთოდ, რა პრინციპითაა დანომრილი.
ვხედავ, რომ ახლაგაზრდა ქალმა კორპუსთან მანქანა მოაყენა. როგორც იქნა, აქ მცხოვრები ვიღაც ვნახე და ისევ ვეკითხები:
_ ირაკლი კობახიძე აქ ცხოვრობს, ხომ არ იცით?
_ ვინაა კობახიძე? _ მეკითხება.
ვუხსნი.
_ წარმოდგენა არ მაქვს, _ მპასუხობს და შვილთან ერთად მიდის.
იქვე შევნიშნე, რომ რაღაც შენობაა აღმართული, გარეთ დაცვის ორ თანამშრომელს ვხედავ, მაღალსა და დაბალს, მათთან მივდივარ, იქნებ, სასურველს მივაგნო:
_ გამარჯობა, ირაკლი კობახიძის საცხოვრებელს ხომ ვერ მიმასწავლით? სადღაც აქვე უნდა ცხოვრობდეს.
_ ვინ არის ირაკლი კობახიძე? _ მეკითხება დაცვის დაბალი და მსუქანი თანამშრომელი.
_ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, _ ვუხსნი.
_ პარლამენტის თავმჯდომარე რომაა, ეგ? _ მეკითხება.
_ დიახ, დიახ, _ ვპასუხობ.
_ მერე, დღეს სახლში იქნება ეგ? _ მეკითხებიან.
_ არ იქნება? _ კითხვითვე ვპასუხობ _ კვირაა და იქნებ, ისვენებს.
_ თუ მუშაობა უნდა, სახლში არ უნდა იყოს და თუ არ უნდა მუშაობა, მაშინ იქნება, _ მეუბნება ისევ დაბალი.
_ თვენ რა იცით, რომ ამ ქუჩაზე ცხოვრობს? _ მეკითხება მაღალი (ვუხსნი, რომ ჟურნალისტი ვარ და მისი კომფორტის ზონა უნდა აღვწერო).
_ ამ ბინებში, რასაც ვიცავთ, სულ ლტოლვილები ცხოვრობენ და არ ვიცი.
იქაურობას ვეცლები და გზას ვაგრძელებ ისევ რომელიღაც მოსახვევისკენ, აქ გასტრონომს ვხედავ, მაღაზიაში შევდივარ და იგივეს ვეკითხები, შუახნის მამაკაცს კი წარმოდგენაც არ აქვს, ვინაა ირაკლი კობახიძე, ან რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ვეძებ.
_ აქ ახალგადმოსული ვარ და არაფერი ვიცი, _ მპასუხობს. მეც შემდეგი პუნქტისკენ ვინაცვლებ. სულ რამდენიმე მეტრი არ მაქვს გავლილი და პატარა სამკერვალო დავინახე. ვიფიქრე, აქ ძალიან ახალგაზრდები არ იმუშავებენ და ასაკოვნებს შესაძლოა, ირაკლიზე წარმოდგენა ჰქონდეთ-მეთქი, ჰოდა, შევედი. ისე აგიხდეთ ყველაფერი!
სულ 4 ადამიანი იჯდა ოთახში, აქედან სამი ქალი და ერთი მამაკაცი. ეს უკანასკნელი ფეხსაცმლის შეკეთებას ცდილობდა, დანარჩენი ორი ამ მესამე ქალბატონს არგებდა კაბას.
იმავე კითხვით უკვე ამ ადამიანებს მივმართავ, ისინი კი მპასუხობენ:
_ ირაკლი კობახიძე, ახლა რომ დააყენეს თამჯდომარე, ეგ?
_ დიახ.
_ მისი მამა ცხოვრობს „ვეფხოს“ (სავარაუდოდ, საერთო ნაცნობია) კორპუსში, _ ამბობს ერთი.
_ უკან, მარცხნივ ჩაუყვები გზას და აი, თაღს რომ დაინახავ და შეხვალ, ბოლო სადარბაზოა, ბავშვების სათამაშოებიცაა მანდ, ბაღი აქვთ პატარა.
_ დიდი მადლობა, _ ვეუბნები და გამოვდივარ.
ძალიან მარტივიც არ იყო იმ თაღის პოვნა, წრე უნდა დაარტყა ისედაც ნახევრად მრგვალ შენობას, მაგრამ ბოლოს იმედგადაწურულმა მაინც მივაგენი.
მაღალი საცხოვრებელი კორპუსები მიჯრით დგას ერთმანეთის გვერდით, ზოგიერთის აივნიდან გადმოკიდებული თეთრეული შეინიშნება და აქ უკვე ბავშვების ხმა ისმის, კობახიძის მშობლების საცხოვრებელი კორპუსი ფეხბურთის მოედანს უყურებს, სადაც ახლა ბავშვები თამაშობენ. გეზი კორპუსების ქვეშ მდებარე მაღაზიისკენ ავიღე, იქიდან კი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა. ვკითხე, რასაც ვეძებდი, თვითონ არ იცოდა მის შესახებ, მაგრამ:
_ დედას ეცოდინება, _ მითხრა და დედამისთან დარეკა, რომელიც, სამწუხაროდ, ინფორმაციას არ ფლობდა პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ.
ისევ მაღაზიისკენ გავეშურე, მე უკვე ირაკლისა და „ვეფხოს“ კორპუსს ვეძებდი, იქნებ, ეს უკანასკნელი მაინც იცოდნენ-მეთქი.
მაღაზიაში სამი ადამიანია, ორი ქალბატონი დახლთან ზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, მესამე _ მამაკაცი, რაღაცას ირჩევს მაღაზიის სიღრმიდან.
_ გამარჯობა, ირაკლი კობახიძე აქ ცხოვრობს? ხომ არ იცით?
_ კი, აქ ცხოვრობს, _ მოპირდაპირე კორპუსისკენ მითითებს.
_ როგორი პიროვნებაა, იცნობდით?
_ მთელი ბავშვობა აქ არ გაუტარებია, რადგან 10 წელია, რაც ეს კორპუსები საერთოდ აშენდა, ისე ძალიან ზრდილობიანი, კეთილი და განათლებული ბიჭია. დედ-მამა აქ ჰყავს, მე-6 კორპუსში, მე-8 სართულზე, ძალიან კარგი ადამიანები არიან მშობლები და თვითონ ირაკლიც ასეთია, ძალიან კარგი. 36 წლის ასაკში უკვე პროფესორი იყო.
_ და რაც აქტიურ პოლიტიკაში წავიდა, მას შემდეგ რამდენად ხშირად მოდის ხოლმე?
_ რაც მეორე შვილი შეეძინათ, სხვაგან გადავიდნენ, ოღონდ არ ვიცი, სად, მაგრამ ფაქტია, რომ სადაც გადავიდნენ, ის კარგი ადგილი უნდა იყოს. აქ, დედ-მამას კი იშვიათად აკითხავს უკვე. დაკავებულია, როგორც ჩანს.
_ კარგი, გმადლობთ, _ ვეუბნები და გამოვდივარ, კართან მივედი და მეორე ქალბატონი იწყებს საუბარს:
_ ისეთი ზრდილი და პატიოსანი ბიჭია, რომ დადებითის გარდა ვერაფერს ვიტყვი მასზე. ყოველთვის უბრალო და უშუალო იყო. ძალიან წარმატებულია და პროფესიონალი თავის საქმეში. ოჯახიდან, წინაპრებიდან მოყოლებული ასე იყო, პატარაობისას ამ მოედანზე თამაშობდა ხოლმე ბურთს. მერე უკვე საქმეს მიხედა.
_ გმადლობთ, _ ვამბობ და ვემშვიდობები.
ისევ წვიმს და ახლა იმ ადგილს ვათვალიერებ, სადაც, სავარაუდოდ, ხეები უნდა მოეჭრათ, როგორც ელისაშვილმა დაწერა. აქ მხოლოდ ნაძვებია, რამდენიმე ცალი, ოდესღაც არსებული ხეების კვალი გაქრა.
ახლა უკვე ფოტოებს ვიღებ რეპორტაჟისთვის, ჯერ კიდევ ამ ქუჩაზე ვარ. უცებ ვდგები და უკვე სხვა მისამართზე მოვდივარ, სადაც ბატონი დავმჯდომარეა ჩაწერილი.
ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალი, მეოთხე სადარბაზო, მეხუთე სართული, _ ამას რამდენჯერმე ვიმეორებ, ვიმეორებ და ვიმეორებ _ არა უშავს. საოცარი ისაა, რომ ამ ადგილის ძებნაში უკვე ნუცუბიძის პლატოზე მოვხვდი და ეს არც ისე მომეწონა, რადგან ამინდიც ჩემ წინააღმდეგ აღმოჩნდა, გაციებაც და კობახიძეც. მაგრამ თავიდან რომ აღვნიშნე, რაც გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ, თუ გულით გინდა-მეთქი, მეც ვიბრძვი.
ვებრძვი ამინდს, ყინვას და მთელ ნუცუბიძის პლატოს. რატომღაც, მგონია, რომ ახლა აქ არ იცხოვრებს კობახიძე, მაგრამ მაინც მივდივარ. ისე წვიმს, რომ აღმართზე მიმავალს სახეში მეცემა წვეთები, მაგრამ წვეთები რა მოსატანია, როცა თქვენთვის აჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარის უწინდელი კომფორტის ზონა მაქვს წარსადგენი. თითქმის მივედი და ვიგრძენი, რომ აღსრულდა.
სადარბაზოს გვერდით მეორადი საქონლის მაღაზიაში შევდივარ, რადგან ქუჩაში (წვიმის გამო) თითქმის არავინ მოძრაობს (ჩემ გარდა). იქნებ, აქ იცოდნენ ახალარჩეული თავმჯდომარის კომფორტის ზონაზე, მაგრამ ღუმელზე შემომსხდარ სამ ქალბატონთაგან ყველაზე ახალგაზრდა, თეთრად თმაშეღებილ და რუსულაქცენტიან ქალს მისჩერებიან: „ეტყობა, ეს უფროსია“, _ გავიფიქრე. ეს ქერა ქალი კი ფიქრის საშუალებას არ მაძლევს და სწრაფადვე მპასუხობს, _ ქვევით გასტრონომია და მანდ ჰკითხეთ მაყვალა(ს), მას ეცოდინება.
_ ეს მაყვალა მაგარი ტიპი იქნება (ვიფიქრე), მის გარეშე ხომ არაფერი ხდება, საერთოდ.
შევდივარ მაღაზიაში და ერთ-ერთ გამყიდველს მასთან მივყავარ. ეს უკანასკნელი კი ზუსტ მისამართს მიხსნის და ამბობს:
_ კარგა ხანია, მე ისინი არ მინახავს, არც სარეცხია გაფენილი და ვერც ვერავის ვხედავ მათი სახლიდან გამოსულს. ცოლ-შვილით ირაკლი დედ-მამასთან ცხოვრობდა, მშობლები რომ სპორტის სასახლისკენ გადავიდნენ, მერე ეს აქ იყო ცოლ-შვილით.
_ იცნობთ?
_ მე მშობლებს ვიცნობ, კარგი ბებია, ბაბუა და მშობლები ჰყავს, ძალიან კარგი. მამა უწესიერესი, განათლებული კაცი, დედაც პატიოსანი, დიდად ნაკითხი ქალბატონია. შთამომავლობა კიდევ მიჰყვება იმ ფესვების წარმატებას, რაც ბაბუიდან მოსდევთ.
_ ურთიერთობაში როგორები იყვნენ?
_ ძალიან კარგები, თბილი, უბრალო, ინტელიგენტი ხალხი და ძალიან განათლებული.
_ თქვენი აზრით, ირაკლი რამეს შეცვლის პოლიტიკაში სასიკეთოდ?
_ ზუსტად არ ვიცი, დიდად ვერ ვერკვევი მაგაში, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან.
_ დიდი მადლობა.
მეოთხე სადარბაზოში შევდივარ, ჩაბნელებულია. ლიფტი მუშაობს. კორპუსის გარეთ რამდენიმე ნაძვი დგას, აქაც.
მობილურის Flishlight -ს ვრთვ და პირველ სართულზე ვჩერდები, კარზე ვრეკავ, ბავშვების ხმა ისმის:
_ ვინ არის?
_ ჟურნალისტი ვარ, უფროსებს დაუძახებ? _ ვთხოვ.
მესმის, როგორ გადასცა ეს სიტყვები ბებოს პატარამ და ამასობაში კარს აღებს შუა ხანს გადაცილებული, სათვალიანი ქალბატონი.
_ ირაკლი კობახიძეს იცნობთ?
_ კი, მაღლა ცხოვრობდა, მეხუთე სართულზე, ძალიან კარგი ადამიანია, უშუალო და უბრალო. ძალიან თავისუფალი, ყველა ასეთი იყოს, ნეტავ.
_ რაც პოლიტიკაში წავიდა, მას მერე თუ გინახავთ?
_ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ შეიცვლებოდა. სულ ჩვენთანაა გაზრდილი ეზოში.
ვემშვიდობები ამ სათნო ადამიანს და ერთით მაღლა, შემდეგ სართულზე ავდივარ. აქ რუსი ქალბატონი მიღებს სახლის კარს, რომელიც ქართულად არ საუბრობს, ცოტა ხანია, რაც ამ კორპუსში გადმოვიდა და თან წარმოდგენაც არ აქვს, ვინ არის კობახიძე.
თითქმის იგივე ხდება მესამე შემთხვევაზე, რაც პირველზე იყო, ოღონდ ახლა კარის მეორე მხრიდან ხმა მესმის:
_ მოდის ბებია…
_ მადლობა (ვეუბნები და მოთმინებით ველოდები).
_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ. აქ ცხოვრობდა ირაკლი კობახიძე, არა?
_ კი, ერთით მაღლა სართულზე და ვიცნობდი, ოღონდ ძალიან ახლოს არა. გადასარევი ადამიანია, ჩემთან გაიზარდა, ჩემ თვალწინ. დადებითად ვაფასებ მის ხასიათს, მის ყველა ქცევას. ახლა ვიღაცებმა იყიდეს მისი სახლი, მაგრამ არ ვიცი, ვინ.
კიდევ ერთი სართულით მაღლა ვარ. უკვე მეხუთე სართულია. სავარაუდოდ, კობახიძის ყოფილი ბინის კარის წინ ვდგავარ. ზარს ვრეკავ, ფეხის ხმა მესმის, რომელიც კარს უახლოვდება და მე ისევ ვრეკავ ზარს, მაგრამ უშედეგოდ.
_ ვინ ხართ? _ მეკითხება.
_ ჟურნალისტი.
_ არ მცალია (უკან მიდის).
ამასობაში ამ ბინის მოპირდაპირედ წითლად შეღებილი წარწერა შევნიშნე და ფოტო გადავუღე. (ქვემოთ ნახავთ).
ამინდი ისევ უჟმური იყო, კობახიძე ისევ პარლამენტის თავმჯდომარე. არ შეცვლილა მისი კომფორტის ზონა, რომელიც ძალიან საინტერესოა იმ ფენომენით, რომ, ცოტა არ იყოს, შემაღლებულ და პრესტიჟულ ადგილებზე „უწევს“ ცხოვრება.
პარლამენტის თავმჯდომარის კომფორტის ზონა არის საბურთალო, მშობლების სახლი.
P. S. მთელი დღე წვიმდა. მესამე მისამართი ,,წყნეთის გზატკეცილი #56”, რედაქტორმა გზაში დამაწია, უკვე გათოშილს და ტემპერატურამომატებულს… ერთი კი გავიფიქრე – ცოტა სახლი ჰქონია პარლამენტის თავმჯდომარეს, ზრდილობისთვის ერთი-ორი კი უნდა დაემატებინა თავმოყვარე ჩინოსანს-მეთქი და თავიც დავკარგე… კობახიძის წყნეთის აპარტამენტებს ვინ დაეძებდა, საკუთარ სახლამდე ძლივს მივაღწიე. იმ ვირუსს, რაც მე ,,დავიჭირე”, აშკარად არ ერქვა ,,იკა” (`ზიკაც” რომ არ იყო, მადლობა), მაგრამ მუშაობის გაგრძელება მაინც შეუძლებელი იყო. თუმცა…
to be continued…
ნინო ტაბაღუა