როგორ ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი წელიწადნახევარი უშუქოდ და უგაზოდ?
აფხაზეთიდან დევნილი ელიკო გიორგაძის ოჯახი თითქმის წელიწადნახევარია, უშუქოდ და უგაზოდ ცხოვრობს. მდგომარეობას კიდევ უფრო ის ამძიმებს, რომ ქალბატონ ელიკოს ქალიშვილი ავად ჰყავს. დევნილმა ოჯახმა არაერთხელ მიმართა სახელისუფლებო ორგანოებს აუცილებელი დახმარების მისაღებად, თუმცა საკმარისი შედეგის გარეშე. „ქრონიკა+“ იმედოვნებს, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები ყურად იღებენ ამ მტკივნეულ პრობლემას და მის სასწრაფოდ გადაწყვეტაზე იზრუნებენ.
„ქრონიკა+“ ელიკო გიორგაძეს ესაუბრება:
_ გლდანის პირველ მიკრორაიონში, 16-ე კორპუსში, მეათე სადარბაზო, 187-ე ბინაში ვცხოვრობთ.
_ საიდან მოხვდით აღნიშნულ ბინაში?
_ ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ეს ბინა 1994 წლის დეკემბერში შეიძინა. ჯერ კიდევ სოხუმიდან მასთან დაცილებულები მოვდივართ და რაც ეს ბინა შეიძინა, ჩვენ აქ დავრჩით და მან ქალაქ რუსთავში მეორე, ერთოთახიანი ბინა იყიდა. ყოფილი მეუღლე დღემდე იქ ცხოვრობს. შემდეგ, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს გადაწყვიტა, რომ ეს ბინა იპოთეკით დაეტვირთა. 2015 წლის ექვს მაისს ბინა უკვე გაიყიდა. ამავე დროიდან ბინის მეპატრონე ჩემი შვილის ბინის ქირას იხდიდა, თვეში 300 ლარის ოდენობით. 2015 წლის მარტიდან კომუნალური გადასახადები ვეღარ გადავიხადეთ, ამიტომ წელიწადი და 5 თვეა, შუქისა და გაზის გარეშე ვართ დარჩენილები. რამდენჯერმე მივმართეთ დევნილთა სამინისტროს, სოზარ სუბარს, დევნილების საქმეების შემსწავლელი დეპარტამენტის უფროს მურად აბლოთიას, რეზო ქობალიას, ლევან სიგუას, დღემდე უშედეგოდ. ავდექი და ხელისუფლების პირველ პირებს მივადექი. პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტს… ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილსაც მივმართე თხოვნით. არავითარი ყურადღება არ მომაქციეს, ივანიშვილმა პასუხიც კი არ გამომიგზავნა. სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მივმართე. მან ძალიან ბევრი დაბეჭდილი საბუთი გამომიგზავნა, იქიდან დევნილთა სამინისტროში გადაგზავნილი. სახალხო დამცველმა მითხრა, _ ქალბატონო ელიკო, თქვენი უფლებები დარღვეულია და გასაუბრებაზე მოდითო. რა თქმა უნდა, მასთან ვიყავი. მიწერილი საბუთები კიდევ ერთხელ გამომიგზავნა, მაგრამ დღემდე ამას შედეგი არ მოჰყოლია.
2016 წლის 15 ივლისს პირველ არხზე ჩვენთან დაკავშირებული გადაცემა გავიდა. ჩემთან ორი ჟურნალისტი მოვიდა, მათ არ მითხრეს, რომ პირდაპირი ჩართვა იქნებოდა დევნილთა სამინისტროსთან. მე სასწრაფოდ ბინას ვითხოვდი, რადგან დღესდღეობით ქუჩაში ვარ დატოვებული. თურმე, მეორე მხრიდან მურად აბლოთია ყოფილა ჩართული, რომელსაც უთქვამს, რომ ქალბატონ ელიკოს რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ შეხვედრაზე არ მოვიდაო (დღესაც მურად აბლოთიას ტელეფონის ნომერი დაწერილი მაქვს, ვურეკავ და არ მპასუხობს). მაშინ კი შევხვდი და ვეუბნები, _ ბატონო მურად, ეს როგორ გეკადრებათ, როდის დამიკავშირდით-მეთქი? _ თქვენ ცხინვალელი ელიკო გიორგაძე მეგონეთ, ახლა ამაზე საუბარი მივატოვოთ, რა ვთქვი და რა არ ვთქვი და საქმეზე გადავიდეთ, მე თქვენთან აპლიკაციას შევავსებო. ხაზს ვუსვამ, რომ ფსიქიკურად დაავადებული შვილი მყავს, 2006 წლიდან დღემდე სოციალურად დაუცველები ვართ, რეალურად, ბინა გაყიდული გვაქვს და ჩათვალეთ, რომ ქუჩაში ვცხოვრობთ, თან არანაირი შემოსავალი არ გაგვაჩნია, ამიტომ აბლოთიამ მითხრა, რომ თქვენთან აპლიკაციის შემავსებლებს გამოვუშვებო.
2016 წლის 10 აგვისტოს ჩვენთან აპლიკაციის შესავსებად 2 ადამიანი მოვიდა. შეავსეს და წავიდნენ, დღევანდლამდე არ ვიცით, რა ხდება, _ ბინა როდის უნდა მივიღოთ, როგორი პირობებით და ა. შ. თურმე, უნდა შეგვატყობინონ, რომ ეს აპლიკაცია განვიხილეთო, მაგრამ ამას არავინ გვატყობინებს. კიდევ ბინის ქირასთან დაკავშირებით მოვიდნენ, თვეში სამას ლარს გადაგიხდითო. მცირე თანხები მხოლოდ სამჯერ ჩაგვირიცხეს. ლამის წელიწადნახევარი გაზისა და შუქის გარეშე ვართ, ორწელიწადნახევარი სხვის გაყიდულ ბინაში ვცხოვრობ ავადმყოფი შვილით. 2016 წლის აგვისტო-სექტემბერსა და ოქტომბერში მხოლოდ 150-150 ლარი ჩამირიცხეს თვეში. ჯერ ერთი, ვინ აქირავებს ბინას 150 ლარად, სად უნდა წავიდე, რომ ამ ფასად ბინა ვნახო?
მთელმა კორპუსმა იცის, რომ ჩემი შვილი ძალიან განიცდის. ამის გამო რამდენჯერმე ფანჯრიდან ჩამოიყვანეს, რომ აქ უბედურება არ დატრიალებულიყო. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს უმსგავსობა და არაადამიანობა, რატომ, ასეთი რა დავაშავეთ? როდის გვექნება საშველი, როდესაც აფხაზეთიდან დევნილებს ბინას მოგვცემენ? 1993 წლიდან მოყოლებული დღემდე სამინისტრო ათი თეთრისთვისაც არ შეგვიწუხებია. არც კომპენსაცია, არც ბინა და არც არაფერი. ნუთუ, დევნილები არ ვართ? იძულებით გადმოყრილები ვართ და ჩვენც ხომ უნდა მოგვაქციონ ყურადღება? სოხუმი ჩვენი ნებით ხომ არ დაგვიტოვებია, ხომ გამოგვყარეს და ამ დროს ვერ წარმომიდგენიამ ეს მთავრობა ყურადღებას ვის აქცევს. მე ნამდვილად არ მოველოდი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თანაც ამ წინასაარჩევნოდ, ყურადღებას არ მომაქცევდა. ჩემი ყოფილი მეუღლე ინვალიდია, რკინის ხელჯოხებით დადის. ალბათ, მივიდოდა საარჩევნო უბანზე და ივანიშვილის პარტიას მისცემდა ხმას. ჩვენ, რასაკვირველია, სამივემ, დედამ და შვილებმა „ოცნებას“მივეცით ხმა. ახლა მაინტერესებს, სამმა ადამიანმა, ქალებმა, გაზისა და შუქის გარეშე როგორ უნდა გავძლოთ? გარეცხვა, დაუთოება არ გვინდა? რა უნდა გავაკეთოთ ამ პირობებში, ხალხო, ეს ხელისუფლება ვის აქცევს ყურადღებას?
_ ფაქტია, რომ უკვე სხვის ბინაში გიწევთ ცხოვრება, მაგრამ გაზი და შუქი რა პირობებში გამოგითიშეს?
_ 2015 წლის 17 სექტემბერს ერთ-ერთმა ქალბატონმა (ვინაობის დასახელება არ მსურს) შუქი და გაზი გაგვითიშა. მივმართეთ სასამართლოს, კარგი ადვოკატიც გვიცავდა, რომ ბინიდან პირდაპირ ქუჩაში არ გამოვეყარეთ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველები ვართ, ინვალიდი შვილი მყავს, იმ ქალბატონმა მაინც განაცხადა, რომ შუქს არავითარ შემთხვევაში არ ჩავურთავო. დღემდე ასეთ მდგომარეობაში ვართ.
ნუთუ, საქართველოში ჩვენზე მძიმე პირობებში მყოფი ადამიანები კიდევ არიან? გამოსავალი ისაა, რომ სახელმწიფომ, როგორც აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს, ბინა უნდა მოგვცეს. მეტი რა დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმი უნდა გვქონდეს, როდესაც უსინათლობასა და სიცივეში ვიყინებით. ასეთ პირობებში რაღა უნდა დაგვემართოს, რომ მერე აღმოგვიჩინონ „დახმარება?“ ამიტომ ყველა კომპეტენტურ ორგანოს ვთხოვთ დაგვეხმარონ და საკუთარი ჭერი გვაღირსონ. ნუთუ, ჩემს 24 საათით მწოლიარე შვილს ეს არ ეკუთვნის?
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, დალი გოგოლაძეს დაუკავშირდა, რომლის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ: „კომისიის სხდომა ჯერ არ ყოფილა. კომისია გადაწყვეტილებას წერილობით შეატყობინებს“.
გელა მამულაშვილი