31 ოქტომბერი _ აგრესიული ნაციონალიზმის კრახი

მოტივაციის სპეციალისტები გვასწავლიან, რომ ყველაფერში, ყველაზე ცუდშიც კი, რაღაცა კარგი უნდა ვეძებოთ.
თუ შევეცდებით, გასულ არჩევნებშიც ბევრი რამ კარგი შეიძლება აღმოვაჩინოთ, მათ შორის, ისეთი, რასაც საარჩევნო ციებ-ცხელებაში ვერავინ ამჩნევს.

დადებით მხარეებად უდავოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ ქართული აგრესიული, პრორუსული ნაციონალიზმის სრული კრახი.
რას შეიძლება მიგვანიშნებდეს „პატრიოტთა ალიანსის“ 5-დან 3%-მდე ჩამოქვეითება? და ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე წარმატებული მიტინგის წყალობით ინაშვილ-მოურავების თვითშეფასების დონემ აშკარად იმატა.
პირველ რიგში, ჩვენ ვნახეთ, რას წარმოადგენს ეს დაჯგუფება ხელისუფლების დახმარების გარეშე.
ადრე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ საქმეები კარგად მისდიოდა, მას ჰქონდა სატელიტი პარტიისთვის პარლამენტში რამდენიმე ადგილის ჩუქების ფუფუნება. როდესაც 120 ადგილი გაქვს _ მოკავშირეს 5-6 სავარძელს უპრობლემოდ გაუზიარებ.
სულ სხვაა, როდესაც გიჭირს და ყოველ პროცენტს ოქროს ფასი აქვს. მაშინ ჩუქებისა და ქველმოქმედების დრო აღარაა. „ ალიანსმა“ იმდენი მიიღო, რამდენიც თავისით ეკუთვნოდა.
არის კიდევ უფრო კონკრეტული მიზეზები _ „ალიანსმა“ ძალიან გამოააშკარავა საკუთარი თავი, როგორც რუსეთის აგენტურამ, ხოლო მათმა სამარცხვინო ვოიაჟმა აფხაზეთში რეიტინგის ზრდის ნაცვლად, რაც იყო, ისიც ჩამოშალა.
თუმცა არის უფრო ღრმა და ფუნდამენტური მიზეზი _ ქსენოფობიისა და უცხოელებისადმი ზიზღის გაღვივებით ვერ აიწყობ პოლიტიკურ კარიერას ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის თითქმის 20% უცხოელებზეა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, პრორუსულ, პრიმიტიულ ეთნონაციონალიზმს საქართველოში თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ის, ძირითადად, პოპულარულია გაუნათლებელ ლუმპენპროლეტარებს შორის. მაგრამ საქართველოში ლუმპენები ამინდს არასდროს ქმნიან და სხვა თუ არაფერი, არჩევნებზეც თითქმის არ დადიან.
შთამბეჭდავი იყო ასევე ქართული ველური ეთნონაციონალიზმის ბურჯის _ „ქართული მარშის“ ჩავარდნა, რომელიც აუთსაიდერებშიც კი არ ფიქსირდება.
ესეც ბევრ რაღაცაზე მეტყველებს _ საქართველო, რა თქმა უნდა, ჰომოფობიური ქვეყანაა, თუმცა გეებზე დაუსრულებელი საუბრებით აქ პოლიტიკური კარიერას ვერ გააკეთებ _ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, რომელიც საოცრად აქტუალურია სოციალურ ქსელებში, რეალურ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს შორის 1524-ე ადგილზეა.
ყველაფერი, რითიც მამაპაპური ქართველები იწონებენ თავს, ეს ზედაპირულია და საარჩევნოდ საერთოდ არ გამოდგება: „თურქული მუქარა“, „ირანელებმა იყიდეს მთელი საქართველო“, „დასავლეთს ქართველების ჰომოსექსუალისტებად გადაქცევა სურს“, აღტყინებული საუბრები ქართველობასა და მართლმადიდებლობაზე _ დროის უსარგებლო ფლანგვაა.
ასევე აშკარად გამოჩნდა „ინტელიგენტური“ პრორუსულობის მარცხი _ ამ მიმართულებას დახვეწილი და ჭკვიანი ნინო ბურჯანაძე წარმოადგენს. ის ძალიან კარგად და დამაჯერებლად ლაპარაკობს, თავის აზრს სწორად და გასაგებად აყალიბებს, თუმცა მისმა პარტიამ 1%-ზე ნაკლები მიიღო…
ეს არის ბოლო არჩევნების დადებით მხარეები, რომლებიც არ დასრულდება ამ 2020 წლის ოქტომბერში და შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში პოლიტიკოსები მიხვდნენ _ ქსენოფობიური რიტორიკით ისინი უსარგებლო დაბალი ფენის სიმპათიების სანაცვლოდ, საშუალო ფენას კარგავენ. სწორედ იმ საშუალო ფენას, რომელიც რეალურად განსაზღვრავს სიტუაციას ქვეყანაში.
დადებითია ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ასეა თუ ისე, პროპორციული არჩევნები წააგო. ქოცმეთაურები კი ტრაბახობენ „დამაჯერებელი გამარჯვებით“, თუმცა ცესკოს მონაცემებითაც კი მათ ეს არჩევნები წააგეს _ 48% წაგებაა.
მათ არჩევნებში არ გაუმარჯვიათ, რადგანაც საქართველოში მაჟორიტარული სისტემა _ ეს საერთოდ არჩევნები არაა, ეს რაღაც სხვა ტიპის მოვლენაა.
შესაძლოა, პანდემიისა და ხალხის ნაკლები აქტიურობის გამო ხმების დაცვა ვერ შევძლოთ და „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ ძალაუფლება შეინარჩუნოს _ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ.
მაგრამ „ქართული ოცნების“ უძლეველობის შესახებ მითი პირწმინდად დაინგრა _ აღმოჩნდა, რომ არც მილიარდები და არც ქურდები არაა საკმარისი გამარჯვებისთვის.
„ქართული ოცნებისთვის“ ეს მძიმე დარტყმა იქნება, ხოლო ოპოზიციისთვის _ მომავალი გამარჯვების გარანტი 2024 წელს, როდესაც მაჟორიტარული მაშველი რგოლი წარსულს ჩაბარდება.
ძნელია დღეს წარმოდგენა, რომ ეს ბანდა ხელისუფლებაში 2024 წლამდე დარჩება, თუმცა ამის ალბათობაც არსებობს.
და ეს ამ არჩევნების ყველაზე ცუდი მხარეა.

თენგიზ აბლოთია